• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე versus ოჯახის სიწმინდის დღე: ორი მოკრივის ამბავი

×
ავტორის გვერდი ზაქარია თავბერიძე, გიორგი ნამგალაძე 17 მაისი, 2018 3393

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე versus ოჯახის სიწმინდის დღე: ორი მოკრივის ამბავი

 

1956 წლის 17 მაისს დაიბადა მსოფლიო კრივის ლეგენდა რეი ჩარლზ ლეონარდი, მეტსახელად „შუგა’რ რეი“.

1849 წელს სოციოლოგიის დამფუძნებელი მამა ოგუსტ კონტი იწყებს პოზიტივიზმის კალენდარის განვითარებას, იგივე მზის სიტემის კალენდარის, სადაც წმინდანთა დღესასწაულები მეცნიერთა დღესასწაულებით ნაცვლდებოდა, ათვლის წერტილი ქრისტეს შობის ნაცვლად, „დიდი კრიზისი“ ანუ იგივე საფრანგეთის რევოლუცია უნდა ყოფილიყო, ხოლო ნაპოლეონს თავად ქრისტე უნდა ჩაენაცვლებინა. მიუხედავად ადაპტაციისა და მოდიფიკაციის ცალკეული მცდელობებისა, მეცნიერის მხრიდან მსგავსი განზრახვა საფუძველშივე დაიცინა და დღესაც ამ ფაქტს კოლეგების უმეტესობა ასაკოვანი კონტის სენტიმენტალობას მიაწერს. თუმცა, შესაძლოა საქმე სულ სხვაგვარად იყო და კონტი ხვდებოდა, რომ თუ კალენდარი ახალ რელსებზე არ გადავიდოდა, შიდა სტრუქტურული ცვლილებები მხოლოდ სისტემის კორექცია იქნებოდა და მხოლოდ მეთოდოლოგია პოზიტივიზმის პროექტს ვერ განახორციელებდა.  

ის, რომ რუკა და კალენდარი ნებისმიერი ჯგუფისთვის აუცილებელი ატრიბუტია, იმისათვის, რომ ჯგუფმა და ჯგუფურმა იდენტობამ იფუნქციონიროს, ეს წინა წერილშიც ვახსენეთ. ეს ჯერ კიდევ ემილ დიურკემმა გამოკვეთა რელიგიის ელემენტარულ ფორმებში, როდესაც ჯგუფის ერთიანობა სარიტუალო შეკრების ადგილს (რუკა) და დროს (კალენდარი) დაუკავშირა[1].

დრო კოლექტიური რითმის განმსაზღვრელია, რაც თავის მხრივ კოლექტიურ მოქმედებებსა და რიტუალებში გამოიხატება. დიურქემისთვის დრო ინდივიდუალური ცნობიერების მიღმიერია, თუმცა არა ტრანსცენდენტალური გაგებით, არამედ როგორც მოგვიანებით შულცი უჩვენებს, ინტერსუბიექტურობის გაგებით. აქ ერთი რამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, დრო უნდა იყოს დაფუძნებული რაიმე სოციალურ ფაქტთან ახლოს, რომელიც კოლექტიურადაა გაზიარებული. მაგალითად, რიტუალის დრო, რომელიც ქმნის განმეორებადობის შესაძლებლობას, რასთან ერთადაც სოციალური დროის მომენტიც შემოდის.

რუკის მსგავსად, კალენდარიც არაა ნეიტრალური ცხრილი და ის ცხადად პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტია. საქართველოში, ამის გამოძახილი ყოველი შობის მოახლოებისას შეიძლება შევამჩნიოთ, როდესაც საზოგადოების ნაწილი შობის 7 იანვარს აღნიშვნას ეწინააღმდეგება, მას ოკუპანტი რუსეთის ჩვენს ქვეყანაზე დომინაციის გაგრძელებად მიიჩნევს და 25 დეკემბერს შობის აღნიშვნას, ახალი სტილის კალენდრულ აღრიცხვაზე გადასვლით ითხოვს.[2]

თუმცა, ჩვენი თანამედროვე კალენდრის ერთ-ერთი  ბოლო პოლიტიკური თარიღი ყველაზე აშკარად ალბათ მაინც 17 მაისს მჟღავნდება, როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე versus ოჯახის სიწმინდის დღეს ვიღებთ. მართლმადიდებლური ეკლესია კონტრ-რიტუალს ქმნის - საყოველთაო ქორწინების დღეს. ამ წერილში გვინდა შერკინების რამდენიმე ასპექტი გავშალოთ და ტექსტის ბოლოს კი ჩვენს წინასწარ პროგნოზსაც შემოგთავაზებთ.

გიგანტების შერკინება

რინგის ორივე კუთხეში მძიმე წონოსანი მებძოლია, რომელთაც საკუთარი უპირატესობები გააჩნიათ. LGBTQ ჯგუფებსა და მათ მხარდამჭერებს გლობალური კალენდარი უმაგრებთ ზურგს, რადგან როგორც ვიცით, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღინიშნება, შესაბამისად, მათ საერთაშორისო მხარდაჭერა უფრო მეტი აქვთ ვიდრე - მეორე ჯგუფს. მართალია აქ საქმე ახალგაზრდა მოკრივესთან გვაქვს, თუმცა ისიც ნათელია, რომ მის მთავარ უპირატესობად სწორედ საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა რჩება. ის სწრაფი და მოქნილი მოკრივეა, რომლისგანაც უფრო მეტოქის დაღლაზე და სწრაფ, მოკლე დარტყმებზე გათვლილ ბრძოლის ტაქტიკას უნდა ველოდოთ, ვიდრე ერთი მოქნევით მეტოქის ნოკაუტში გაგზავნაა.

რინგის მეორე მხარეს დგას ვეტერანი მოკრივე, რომელიც მართალია წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო მოუხეშავი გვეჩვენება, მაგრამ არ უნდა დავივიწოთ, რომ მას „მკვლელი მარჯვენა“ არ დაუკარგავს. მისთვის არც რიტუალის მოწყობაა ახალი და არც დიდი კალენდარისთვის ბრძოლა. კლასი უკვდავია... ამიტომაც, ვეტერანის ტაქტიკა მატჩის პირველივე რაუნდში დასრულება იქნება, რომლისგანაც გამჭოლ ჰუკებს უნდა ველოდოთ.

ეკლესია [მოხუცი მოკრივე] მშვენივრად აცნობიერებს კალენდრის ქამრის მნიშვნელობას და პრინციპში ის მისი ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტიცაა. მაგალითად, საბჭოთა კავშირში, მაშინ როდესაც მართლმადიდებლურ ეკლესიას პუბლიკაციების გამოშვება აეკრძალა, ერთადერთი წიგნი, რომლის გამოცემის უფლებაც შეინარჩუნეს სწორედ საეკლესიო კალენდარი გახლდათ. ეს ეკლესიას საშუალებას აძლევდა, რომ საჯარო სივრციდან განდევნილი რელიგიურობა შიდასაოჯახო განაწესში შეეტანა და ოჯახების სოციალურ დროში მყუდროდ მოკალათებულიყო. თუმცა, მას ამისთვის დათმობებზე წასვლაც მოუწია, რაც ალბათ სწორედ ზემოთ ნახსენები ძველი სტილის კალენდარზე დაბრუნება იყო[3] - როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირმა ეკლესია „კაპიტალისტური“ დასავლეთის კალენდრულ რელსებს მოსწყვიტა, რითიც ის საკუთარ „დროში“ მოაქცია, ის რუსეთის ეკლესიის კალენდარს დაუქვემდებარა და ამ უპირატესობას რუსეთი დღესაც აქტიურად იყენებს, რათა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენა შეინარჩუნოს. ამიტომაც აღნიშნავს საქართველო შობას ახალი წლის შემდეგ.

ზვიად გამსახურდიამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პრიველი რაც გააკეთა, სწორედ საბჭოთა კალენდრისგან ქვეყნის გამოთავისუფლება იყო. გასაკვირი ალბათ არაა, რომ ამაში მან რელიგიური კალენდარი დაიხმარა, რადგან საბჭოთა სამოქალაქო დღესასწაულები მართლამადიდებლურმა დღესასწაულებმა ჩაანაცვლეს. მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს ერთიანი კალენდარი, სადაც ეკლესია თავის დომინაციას ინარჩუნებს, და თანაც კვლავ ძველ სტილზე. პრინციპში ალბათ ეს საბოლოო გამარჯვებაც იქნებოდა, რომ არა გლობალიზაციის ტალღა, რის შემდეგაც ლოკალური კალენდრები მნიშვნელოვნად შეირყა. სწორედ ამ დროც ჩნდება დედამიწის, აივ ინფექსიის წინააღმდეგ ბრძოლისა და გლობალური დათბობის დღეები, რომლებიც ტრანსნაციონალური, საერთაშორისო დღესასწაულების აღმნიშვნელები გახდნენ; აქვე გამოჩნდა 17 მაისიც. ეს გლობალური მედიუმების დამსახურებაა - რადიო/ტელევიზიიდან ფეისბუქამდე.

გლობალიზაციის გავრცელება ინფორმაციის დაუძველებლობამ უნდა უზრუნველყოს, შესაბამისად ცხადია მას დაჩქარებული მედიუმი ესაჭიროება, სადაც ორიგინალი და მისი კლონი ინფორმაციული თვალსაზრისით ერთი სიჩქარითა და ინტენსივობით ვრცელდებიან. მედიამეხსიერება  კი ის ხელსაწყოა, რომელიც ამ ივენთებს ინახავს და მის კვლავწარმოებაზე ზრუნავს. მაგრამ ცხადია, ყველა ახალი მოვლენა სულ უფრო და უფრო ვიწრო და მიკრო ჯგუფებში ტექნოლოგიურდება როგორც ტრადიცია, იდენტობა და ღირებულება. ისინი აღარ არიან საყოველთაონი. შესაბამისად დანაწევრებულ ურბანულ სივრცეებს, ნეო და ურბანულ ტომებს საკუთარი ისტორიული მეხსიერებები უვითარდებათ. მათი კალენდრების მედიუმები კი ყველაზე სწრაფი და განვითარებული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ხდებიან. სხვა თუ არაფერი, ფეისბუქი მაინც შეახსენებს სხვადასხვა სუბკულტურებს თუ რა დროს რა ქნეს და რა აღინიშნა როგორც მიკრო დღესასწაული. რეალურად საქმე გლობალურ მიკროგლობალიზაციებთან გვაქვს და გლობალიზაცია არა ერთიან, არამედ მიკრო იდეებსა და ივენთებს დაატარებს, უბრალოდ გლობალურად. მაგალითად კახელი სქრინ რიდერი[4] შესაძლოა ლედი გაგას დაემსგავსოს, ხოლო ტოკიოელი მოქალაქე ბასიანის ოკუპაციაზე აღშფოთდეს. ეს ტრანსნაციონალური იდენტობები, ტრანსნაციონალურ კალენდრებზე და რუკებზეა მიბმული, თუმცა ისინი არ არიან „ანარქისტული“ ჯგუფები. ნაციონალური ნარატივი ძველებურად ერთი კალმით აღარ იწერება. მიკრო დაჯგუფებებში მის სხვადასხვა ვერსიებს და გამარჯვებებს იმახსოვრებენ, რაც შეიძლება საერთოდაც არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. მაგრამ ეს ჯგუფები ძალიან კარგად აცნობიერებენ დიდი ნაციონალური ნარატივის მნიშვნელობას. თუმცა, არა ისე, როგორც საკრალური სამშობლო, არამედ, როგორც მოწესრიგებული ურთიერთობის რაციონალური ფორმა - ჰობსისეული ლევიათანი, დიდი შპს-ს ან კოოპერატივის მსგავსი ერთობა.[5]

როგორც ჩანს, ეკლესია მსგავსი სწრაფი, მიკრო და ლოკალური დარტყმებისისთვის მზად არ აღმოჩნდა. ის საერთაშორისო ტურნირებზე საბრძოლველად კარგად არ მომზადებულა, უკონკურენტო ჩემპიონად ყოფნამ თავისი კვალი დაამჩნია და მოადუნა, რაც მოუქნელობასა და რიტუალური ცეცხლის სისუსტეში გამოიხატება. მართალია ეკლესია კვლავაც დომინერებს დამოუკიდებელი საქართველოს კალენდარში, თუმცა, რიტუალი რომლითაც ის მასების ცნობიერებებს იკავებს მინავლებული და სუსტია. ის საერთაშორისო ასპარეზზე უშანსოდ რჩება. ალბათ ესაა იმის მიზეზიც, რომ იგივე აღდგომის დღესასწაულებზე ტაძრების პარალელურად კლუბებიც გაივსო, სადაც ქრისტეზე მითოლოგიურ რიტუალს DJ დაუპირისპირდა და ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილში - წარმატებითაც.

პროგნოზი, ანუ ვისზე დავდოთ ფსონი

როგორც ვნახეთ საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა გველოდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთი შეხვედრით გადაწყდეს. „მოკრივეებს“ კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდებათ, რათა სიტუაციაში გაერკვნენ. თუმცა, ჩვენი პროგნოზის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ვფიქრობთ, საბოლოო ჯამში ორივე მოკრივე ხელს აწევს - ორივე მოკრივე გამარჯვებული გამოვა. ეს არ იქნება ამხანაგური მატჩი შერიგებისთვის, ასეთები კრივს არ უყვარს. ეს იქნება სრულფასოვანი გამარჯვება, სადაც მაყურებლების ერთი ნაწილი ერთ მოკრივეს აიტაცებს ხელში და მეორე ნაწილი - მეორეს.

საქმე იმაშია, რომ კალენდარმა, როგორც დროის დამდგენმა დოკუმენტმა ფრაგმენტაცია განიცადა. ელექტრონული სამყაროს პირობებში ის აღარაა ერთიანი დოკუმენტი, რომელზეც ყველა ვთანხმდებით. ჩვენს დღის წესრიგს დამოუკიდებელი საქართველოს კალენდარზე მეტად, ჩვენი პატარა, პირადი ფეისბუქის (ან უბის წიგნაკი) კალენდრები განსაზღვრავენ. ახალი კალენდრები ურბანულ ტომებსა და პატარა ჯგუფებზე მიბმულ დროის ამთვლელებად იქცნენ, რომლებიც ცალცალკე დისკურსებად გაიშალნენ.

დღეს, როდესაც ყველა ელ-კალენდრებს მივჩერებივართ, სადაც ფეისბუქ-ივენთები ერთმანეთს ეჯიბრებიან, კალენდარის გამარჯვება მხოლოდ მის Wall-ზე დაგროვილი Going-ებით შემოიფარგლება. ყველა ტომს თავისი დღის წესრიგი აქვს და თუ რომელ ივენთს შეუერთდება მოქალაქე, ეს მის ჯგუფთან კუთვნილებასა და პირად პრეფერენციებზეა დამოკიდებული. ამიტომაც, გონიერი ტომი არა სხვათა „წვეულებების“ ჩაშლაზე, არამედ საკუთარ ღონისძიებაზე მეტი ვიზიტორის მიზიდვაზე უნდა მუშაობდეს.

ამ საკითხში კარგად რომ გავერკვეთ, გიგი თევზაძის თავისუფლების თეორია დაგვეხმარება. თევზაძის მიხედვით „თავისუფლების პირველი იდეა გეოგრაფიულ-ლანდშაფტურია: ყოველი მდიდარი და დიდგვაროვანი ადამიანის თავისუფლება მთავრდებოდა იქ, სადაც იწყებოდა სხვა, ასეთივე მდიდარი ადამიანის სამფლობელო“. შემდგომ ჩნდება “ახალი დროება“ და საჯარო სივრცე, რომელიც თავისუფლების იდეის ახლებურად არტიკულირების შესაძლებლობას აჩენს, თუმცა, რადგან თავდაპირველი საჯარო სივრცეებიც გეოგრაფიულ-ლანდშაფტური იყო, მასში განხორციელებული აქტივობები მაინც დარეგულირებული და შეზღუდული უნდა ყოფილიყო. თევზაძის განმარტებით, ეს იმიტომ იყო საჭირო, რომ ერთ გამოხატვას არ მოეხდინა საჯარო სივრცის უზურპირება და ის თავისუფლების ერთი კონკრეტული გამოხატვის მანიფესტაციად არ ქცეულიყო. თევზაძის აზრით ამ დროს თავისუფლების გაგება შემდეგ მაქსიმას ეფუძნებოდა:  „მე არ დავცინებ შენს სარწმუნოებას, შენ არ დასცინო ჩემსას, ხოლო ათეისტებმა არც ერთს არ დაგვცინონ – რამდენიც უნდათ, ოღონდ, კორექტულად, გინების და კარიკატურების გარეშე, იმსჯელონ ღმერთის არარსებობის შესახებ“. 

თუმცა, დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა: საჯარო სივრცე გეოგრაფიულ-ლანდშაფტურ შეზღუდულობას მოწყდა და სოციალური მედიის წყალობით სინგულარულ ფორმებს იღებს. თევზაძის მსჯელობას მივყვართ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები თავისუფლების უსასრულო გაგებას გვთავაზობს, რაც ძველი პარადიგმით მოვლენების ანალიზის საშუალებას აზრს უკარგავს. „ყველამ ვიცით, ჩვენი დღევანდელი სამყარო უფრო ელექტრონულია, ვიდრე გეოგრაფიული. შესაბამისად, არც ჩვენი თავისუფლებების საზღვრები ემიჯნება და კვეთს ერთმანეთს, თუკი მე ამის გაკეთებას და პრეზენტირებას ძალით არ მოვინდომებ.“

შესაბამისად, რადგან ივენთები ელექტრონულ სივრცეში ფეთქდებიან, არც იმას აქვს აზრი, რომ გეოგრაფიულ ლანდშაფტურ სივრცეში მათი გამოძახილი ძალით აღვკვეთოთ. „რეალურ სივრცეში“ შეზღუდვები მხოლოდ დახურულ ჯგუფებამდე და დახურულ ივენთებამდე მიგვიყვანს, რომელიც საკრალურობის მაღალი მანით შეიფუთება და აკრძალული რელიგიურობის მომნუსხველობით თავის მომხმარებლებს უკონკურენციოდ მაღალი ხარისხის რიტუალს შესთავაზებს. ამიტომაც, ეკლესიას ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნისთვის ხელის შეშლა მხოლოდ დააკნინებს. ის ამ შეცდომის გამეორებით, ერთადერთი ეკლესიის შიგნით მიმდინარე რიტუალების სისუსტეზე მიანიშნებს, რომელიც სხვა ტომების რიტუალებთან კონკურენციაში შესვლას დამარცხების შიშით მოერიდება. ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ეკლესიამ თავისუფლების ახალი პარადიგმა ვერ გააცნობიერა და ძველი პარადიგმით ცდილობს საჯარო სივრცის უზურპაციას. ეს რკინის მაიკის „ყურზე კბენას“ გავს, ხოლო მსგავსი არასპორტული საქციელით ჩემპიონის ქამარი არავის დაუმსახურებია.

იმისთვის, რომ ეკლესიამ გრძელვადიან პერსპექტივაში მოქალაქეების კალენდარზე საკუთარი თავი კვლავ ამოიკითხოს, საჭიროა კონკურენციაში შევიდეს სხვა ურბანულ და ნეო-ტომელების რიტუალებთან არა ძველი მეთოდებითა და კალენდრული დღეების მისაკუთრებით, არამედ, რიტუალის ხარისხის გაუმჯობესებით, სადაც სეფისკვერი ხორცის სტრუქტურას უნდა იღებდეს, ხოლო ღვინო - სისხლის.[6] ამ მიმართულებით რამდენიმე მცდელობა უკვე ვიხილეთ, მაგალითად წმინდა გაბრიელის ნეშტის სამებაში გადასვენება, ნეო-მართლმადიდებლური ტომის რიტუალის შესანიშნავ მაგალითს გვთავაზობდა. ეს აშკარად მიუთითებს, რომ ეკლესია რიტუალურობის გამრავალფეროვნებას ცდილობს, რაც როგორც ინიციატივა მისასალმებელია (ფორმებზე შესაძლოა ვიდავოთ). ­­­­­

ვფიქრობთ, ეკლესიაც სწორედ ამ მიმართულებით დაიხვეწება და რიტუალებს უფრო დიდი მგზნებარებით განავითარებს. ხოლო მისი დღესასწაულების პარალელურად ჩვენს ფეისბუქებზე კვლავაც გამოჩნდება დედამიწის, აივ ინფექსიის წინააღმდეგ ბრძოლის, გლობალური დათბობისა, ჰელოვინისა და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეები. ახლა მთავარია, რომელი „მებრძოლი“ მოახერხებს, რომ მის ივენთზე მეტი Going „დაიკლიკოს“.

ბოლოსკენ კი ვიტყვით, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს: „კრივში ყველაზე დიდი ცოდვა ინერტულობაა“. 



[1] ჯგუფურ იდენტობასთან მიმართებაში კალენდრის მნიშვნელობაზე თუ დავფიქრდებით, ვნახავთ, რომ ის კულტურები, რომლებიც ჩვენი კულტურისგან ყველაზე განსხვავებულად და უცხოდ გვეჩვენება, კალენდარსაც უცხოს და განსხვავებულს იყენებენ. მაგალითად, ჩინეთი, აფრიკული ტომები და სხვა.

[2] მაგალითისთვის შეგიძლიათ ნახოთ, რომან გოცირიძის ან გიგი თევზაძის ინიციატივები ან გადაცემა საუბარი რელიგიაზე: კალენდარულ რიცხვებში დაკარგული ქრისტეშობა.

[3] საქართველოს პირველი კათოლიკოს პატრიარქის სიკვდილით დასჯის შემდეგ, კალენდარი საბჭოთა ავნგარდმა ძველ სტილზე დააბრუნა. იქამდე ქართული კალენდარი ახალი, ევროპული სტილით ხელმძღვანელობდა.

[4] 2000 წლის შემდეგ დაბადებულები, მათ ვინც კითხვა ეკრანებზე ისწავლეს

[5] „ერთიანი კალენდრის“ [და ის ამიერიდან ბრჭყალებში უნდა ვწეროთ] ასეთი დიფუზია, პირდაპირ ემთხვევა ერთიანი რუკის დიფუზიას და ზოგადად, პლურალიზმის აფეთქების კიდევ ერთი თვალსაჩინო ლუსტრაციაა.

[6] მეორე ვარიანტი თავისუფლების ძველ პარადიგმაში დარჩენაა და ძალადობის გზით ერთიანი კალენდრის დიქტატურა (მაგ. ირანის შემთხვევა), თუმცა ეკლესია ამ პარადიგმაში წარმატებული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ თეოკრატიას შექმნის, რაც ნაკლებ რეალისტურია, რომ თანამედროვე საქართველოში განხორციელდეს.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული