• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

მთარგმნელთა დღესთან დაკავშირებით

×
ავტორის გვერდი ბაჩანა ჩაბრაძე 30 სექტემბერი, 2019 3865
დღეს უმადური და უსარფო საქმისთვის გარჯილთა - მთარგმნელთა საერთაშორისო დღეა.
 
განსაკუთრებით ვულოცავ ქართველ მთარგმნელებს ამ დღეს, რადგან მათ განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში უწევთ თარგმნა და ხშირად - იმაზე მეტის კეთებაც, ვიდრე თარგმნაა, ზოგჯერ - უჰონორაროდაც! აქ იგულისხმება მოსამზადებელი პერიოდი, დემარშები რეპროდუქციის უფლებისთვის, სათარგმნი ტექსტის საფუძვლიანად შესწავლა, ავტორის სხვა ტექსტების გაცნობა, სხვა ენებზე არსებულ თარგმანებთან შედარება... მსგავს მომენტებს, ხშირად, მეტი დრო მიაქვს, ვიდრე წმინდად თარგმნას. შეიძლება, ვთქვათ, რომ მთარგმნელები ამ საქმეს ეწირებიან, თავს იმეტებენ. სიმბოლურია: თარგმნა ხომ, ზოგადად, გაწირვაა, გამეტება. მთარგმნელის ოსტატობა ხომ იმაში ვლინდება, თუ რას გაიმეტებს დედნიდან გადასაგდებად?!
 
და ეს ხდება მთავარი გამოწვევის, ზოგადად თავად თარგმნის ბუნდოვანი და მოუხელთებელი სპეციფიკის  ფონზე:
 
თითოეული საქმიანობის მოტივაცია კარგად შესრულებული საქმით მიღებული კმაყოფილებიდან მოდის. მხატვრულ თარგმანში კი არაფერია უფრო ბუნდოვანი, ვიდრე "სიკარგის" ცნება. რას ნიშნავს "კარგი თარგმანი"? - ზუსტად რომ მიჰყვება დედანს? ვინ ადგენს, რა არის "სიზუსტე"? - ან კიდეც რომ ადგენდნენ, თუნდაც ყველაზე "უზუსტესი" კრიტერიუმებით, განა თარგმანი "კარგი" იმიტომ იქნება, რომ "ზუსტია"?! იქნებ ის არის კარგი თარგმანი, რომელიც "კარგად იკითხება"? მაშინ რა ვუქნათ ქართული თარგმანის არაერთ უპოპულარულეს ნიმუშს, რომელთა კარგადწაკითხვადობა, ძირითადად, სიზუსტის არც ისე დაცვით მიიღწა? ან იქნებ ის მოსაზრებაა სწორი, რომელიც ერთი კულტურის მეორე კულტურაში რეკონსტრუირებას მკითხველში გამოწვეულ ემოციაზე აფუძნებს, როცა იგი დედნის წაკითხვით გამოწვეულის მსგავსია? - თუმცა აქაცაა საშიშროება, რომ ეს ტექსტის "გაქართულების" ხარჯზე მოხდეს. მეტიც, მთარგმნელს, ამ ისედაც იგნორში მყოფ ელემენტს, თარგმანში თითქოს მთლიანად გაქრობა ევალება. თუმცა თუ მთარგმნელი "გაქრა", გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ემოციის რეკონსტრუირება? ეს უკანასკნელი ხომ სწორედ მთარგმნელის, როგორც ინდივიდის, პირად მეტაბოლიზმზეა დამოკიდებული?! - ხშირად, უფრო მეტადაც კი, ვიდრე თავად ენის შესაძლებლობებზე.
 
ცხადია, "არ არსებობს ღმერთი, გარდა ტექსტისა" (ირმა ტაველიძე: "გაწირვა და თავგანწირვა: თანამედროვე ქართული თარგმანები", არილი, ივლისი 2014). ეს "ღმერთი" კი, სხვა ენაზე, თავისით ვერ გაკეთდება, იგი კონკრეტულმა მთარგმნელმა უნდა გააკეთოს. ისიც ცხადია, რომ მთარგმნელმა, ტექსტში, რაც შეიძლება, მცირე კვალი უნდა დატოვოს. თუმცა ხშირად, მთარგმნელს უბრალოდ გამოსდის ის, რაც გამოსდის. დაგეგმვა შეუძლებელია, ვინაიდან ყოველი აქტი უნიკალურია. თუ მთარგმნელმა კონკრეტულ შემთხვევასა და მოცემულ მომენტში გამოსავალი თავად ვერ იპოვა, თარგმანის სახელოსნოები მას ვერანაირად დაეხმარება. იგი აქ საკუთარი ინტუიციისა და ნიჭის ამარა რჩება. ამავე დროს, "თანდაყოლილ ნიჭზე" ბუნდოვანი და არასანდო ცოტა რამ თუ მეგულება. ვფიქრობ, ეს "ნიჭი" სხვა არაფერია, თუ არა ვარჯიშით გაზრდილი ინტერესი.
 
თარგმნის ხელოვნებაში ძალიან ცოტა რამ არის ცხადი. აქ უფრო ეჭვებია, გაურკვევლობები. იმის მტკიცებაც კი საეჭვოა, რომ დედანზე უკეთესი თარგმანი ავტომატურად გულისხმობს ცუდ თარგმანს. მგონია, რომ რიგ შემთხვევებში, შეიძლება, უკეთ ითქვას მეორე ენაზე ის, რაც ითქვა პირველზე. "უკეთ თქმა" არ ნიშნავს აბსოლუტურად სხვანაირად თქმას: თუ თარგმანის ენის სინტაქსი დედნისაზე დიდი ხარისხის თავისუფლებას გვანიჭებს, თარგმანში დედნის ტექსტის ფორმულირების შესაძლო ვარიანტების რაოდენობაც იზრდება. ამ ვარიანტთაგან ერთ-ერთი თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს უფრო მოქნილი, დახვეწილი, ნიუანსური, რელევანტური თუ მოსახერხებელი დედნისეული შინაარსისა თუ ფორმის გამოსახატავად, ვიდრე დედნის ენაზე ფორმულირებული. ამასთან, ვინ იცის, სად გადის ზღვარი "სხვანაირად" თქმასა და "იგივენაირად" თქმას შორის?! ორ სხვადასხვა ენაზე ხომ ისედაც არასდროს ვამბობთ ერთსა და იმავეს. თარგმნა ხომ თეორიულად შეუძლებელია, რადგან უკეთეს შემთხვევაში, დედანს ვღალატობთ: მთარგმნელი ჩადის იმ "მშვენიერ და გარდაუვალ ღალატს, რომელიც პოეტის ენას მისივე ეროვნების სიმძიმისგან და თარგმანის ენაში მისი გალღობისგან იცავს" (მაჰმუდ დარვიში "უნივერსალურის ადგილობრიობა", გალიმარი 2000). არ არსებობს არანაირი წესი. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, "მოივაჭროს" ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებლობების მიხედვით და იმის მიხედვითაც კი, თუ რა ინტერპრეტაციას უკეთებს პასაჟს მთარგმნელი. მთარგმნელები ყოველ ნაბიჯზე "ვაჭრობენ" (უმბერტო ეკო: "თითქმის იგივეს თქმა", გრასე, 2007). ვაჭრობა აქ ნიშნავს მომგებიანი არჩევნის გაკეთებას - დანაკარგების და კომპენსაციების ევალუაციას. მთარგმნელი არ არის სიტყვების მომწოდებელი, არამედ - სულებისა, რომლებიც მას ერთი სამყაროდან მეორეში გადაჰყავს. სწორედ ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლაა "ვაჭრობის" ხელოვნება.
 
მთარგმნელი არ ითვალისწინებს  მხოლოდ ლინგვისტურ წესებს, არამედ კულტურულ ელემენტებს, ტერმინის ფართო გაგებით. ყველა ენა თავისებურად ანაწევრებს, აღიქვამს და გამოხატავს სამყაროს. ზოგჯერ, გამოხატვის ფორმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსის  სუბსტანცია. ამიტომ მთარგმნელს შეუძლია, განსაკუთრებით პოეზიაში, უარი თქვას სიტყვასიტყვით თარგმნაზე და გადაარჩინოს ბგერითი ეფექტი, ტემპი თუ რითმა. ეს არის არათუ დედნის ღალატი, არამედ ერთგულება. სიტყვები ქმნიან სამყაროებს. მთარგმნელმაც უნდა შექმნას იგივე სამყარო, რაც დედნის ავტორმა, თუნდაც სხვა სიტყვებით. თითქმის არასდროს ითარგმნება სიტყვის ყველა კონოტაცია, არც - ფრაზის ექსპრესიის რიტმი და ჟღერადობა, არც - სიტყვებით თამაში.
 
თარგმანზე მხოლოდ კამათი თუ შეიძლება. ვინ იტყვის, რომ საუკეთესოდ ერთგული მთარგმნელიც კი ახალ ნაწარმოებს არ ქმნის  და არის "სკანერი"?! ვინ მოიხელთებს იმ კოგნიტურ პროცესებს, რაც ერთი ენიდან მეორეზე ნებისმიერ რეპროდუქციას ახლავს და რომლებიც ლინგვისტიკას, ლიტერატურას, ფილოსოფიასა და კიდევ ვინ იცის, რას შორის ბარბაცებს?!
 
მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენი მთარგმნელები აგრძელებენ თავგანწირვას და ქმნიან ნამდვილ მთარგმნელობით ბუმს, ქრონოლოგიური თუ სტილისტური მრავალფეროვნებით. ერთდროულად ითარგმნება როგორც კლასიკოსთა, ასევე თანამედროვეთა ნაწარმოებები; როგორც ტრადიციული, ასევე ნოვატორული ფორმები. თანაც ეს ხდება მოუმზადებელ ველზე, სადაც ხშირად, ლექსიკური უდაბნოა და მთარგმნელებს მთელი რიგი ტერმინოლოგიური ოაზისების აღმოჩენა უწევთ. ამ მხრივ, მთარგმნელები ხშირად განსაზღვრავენ თავად ქართულ ლიტერატურულ ენასა თუ ტენდენციებს და დიდ როლს თამაშობენ მათ განვითარებაში.
 
ამ გარემოებების გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, გამომცემლები მეტი გულუხვობით მიუდგნენ მთარგმნელთა ანაზღაურებისა და შრომითი უფლებების საკითხს. შეიძლება, საკამათო იყოს თარგმანის "სიკარგე", მაგრამ წყალი არ გაუვა იმას, რომ ტექსტი ჩვენამდე მთარგმნელს მოაქვს. სწორედ მისი დიდი შრომის წყალობით ხდება შესაძლებელი ჩვენს ენაზე ამ ტექსტის ნებისმიერი აღქმა თუ განხილვა. ამიტომ სამართლიანი იქნება, თუ მთარგმნელი, ღირსეული ჰონორარის გარდა (სულ მცირე 0,10 €/სიტყვა), გაყიდულ ეგზემპლარებზე (პირველივე გაყიდვიდან) სულ მცირე 2%-ს მიიღებს, ექნება ანაზღაურებული შვებულება და სამკურნალო შესვენების უფლება (მიუხედავად იმისა, რომ მთარგმნელები "არასდროს ისვენებენ და არც ავად ხდებიან") და თარგმნილი ტექსტის თითოეულ აღწერაში, წარდგენაზე, სანომინაციო ჩამონათვალში, რეცენზიაში, რევიუსა თუ გადაცემაში მთარგმენლის სახელს სისტემატიურად მიუთითებენ!
 
მთარგმნელები ამას სავსებით იმსახურებენ! - გაერო-მ ხომ 30 სექტემბერი მთარგმნელთა დღედ იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის გამოაცხადა, რომელიც მთარგმნელებს შეაქვთ "ერთა დაახლოებასა და მათ შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების დამკვიდრებაში".
 
30 სექტემბერი 2019
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული