• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

პაემნები, რომელიც ლევან კოღუაშვილმა დაგეგმა, შემთხვევითობის გამოცდილებას იკვლევს

×
შემთხვევითი პაემნები
ავტორის გვერდი ლევან ცხოვრებაძე 00 , 0000 3091
აპათიური გარემო, სადაც სანდრო (ანდრო საყვარელიძე) იმყოფება, შემთხვევითობის იმედით საზრდოობს „შემთხვევით პაემნებში“ (2013). ლევან კოღუაშვილი უტრირებული რეალობის სიღრმეში შედის და თავისი თაობის პერიფერიულ გამოცდილებებს იკვლევს, ჯერ კიდევ ნიუ იორკში სტუდენტობის პერიოდიდან. თავადვე ამბობს, საქართველოს ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებს აღვბეჭდავო. ამერიკაში თუ ქართველ ემიგრანტებზე აქცენტირებს, სამშობლოში ჩამოსვლისთანავე ქართული კინოსთვის ყბადაღებული ნარკომანიის საკითხით ინტერესდება და შეიძლება ითქვას, ოთხმოცდაათიანების კულტურულ ჭრილში წაკითხული ნარკომანიის კინემატოგრაფიულ გადაფასებას ახერხებს. ნიუ იორკული კინო განათლება საშუალებას აძლევს მოაქციოს ქართული რეალობა ამერიკული საავტორო კინოს პარადიგმებში. იგივე, ამერიკული საავტორო კინოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ალექსანდრ პეინიც „ზედმეტი ადამიანებისა“ თუ ყველასთვის ნაცნობი რეალობის სიღრმეში გამორკვევას ცდილობს ოსკარის ნომინანტ „ნებრასკაში“ (2013), რომელთანაც საერთო იმდენი ჰქონდა „შემთხვევით პაემნებს,“ რომ კოღუაშვილმა შემდგომ ფილმში „ნებრასკას“ ოპერატორი, ფიდონ პაპამიქაელი დაიქირავა. მოკლედ და პირდაპირ რომ ვთქვათ, „შემთხვევითი პაემნები“ არ არის ლოკალური მოვლენა, თუმცა ეს ეკრანული გამოცდილება საქართველოს გარეშე ვერ შედგებოდა.
 
სანდროს სახეზე 40 წლიანი რუტინა იკითხება, რომელიც მშობლებთან ცხოვრებაში და უახლოეს მეგობარ ივასთან (არჩილ ქიქოძე) ხეტიალში გაატარა. ერთხელ კოღუაშვილმა ისიც თქვა, ეს ერთგვარი გაგრძელებაა „ქუჩის დღეების“ თემის, ზედმეტი ადამიანების, ვისთვისაც ცხოვრების დინება სტრესული და შემაცბუნებელი აღმოჩნდაო. სანდროს არსებობას, პირველ რიგში მისი მშობლები, კახი კავსაძისა და მარინა ქარცივაძის პერსონაჟები აყენებენ ეჭვქვეშ, გაუაზრებელი პატერნალიზმით. მათი მთავარი საწუხარი 40 წლის უცოლო შვილია, რომელსაც გარკვეულწილად უკვე დაუწესეს მომავალი მეუღლის ვიზუალური თუ სოციალური პარადიგმა: „ფეხბურთელი, ქალი, კუნთებიანი, არ მომწონს ხალხნო.“ - ამბობს კავსაძის გმირი ერთ-ერთი ჰიპოთეტური სარძლოს შერჩევისას. პროტაგონისტის ემოციური გამოღვიძება, მანანას (ია სუხიტაშვილი) გამოჩენის შემდეგ იწყება, თუმცა რუტინული აპათიის ისტორიზმი მძლავრობს - სანდრო შემთხვევითობის ხარჯზე, მანანას ციხიდან ახლადგამოსული ქმრის, თენგოს (ვახო ჩაჩანიძე) მძღოლი ხდება ერთი დღით, სადაც პროტაგონისტის რეალური სახე აშკარავდება, მანამდე თუ მისი ემოციური სიმწირე ყოველდღიურობის გამოძახილი გვეგონა, თენგოსთან ერთად გატარებულ “თრიფში“ ვხედავთ რომ ინერტულობა ხასიათის ნაწილი გამხდარა.
 
მარსელ პრუსტი, კარგ სტილს ხავერდს ადარებს (ქსოვილს, რომელიც შესახებად სასიამოვნოა, და, იმავდროულად მოუხელთებელი სიღრმის შეგრძნებას ტოვებს). ტატო კოტეტიშვილის (ოპერატორი) ხავერდოვანი ფაქტურაც შესახედად უაღრესად სასიამოვნოა, თავისი შორი და საშუალო ხედების დიალექტიკური დინებით და ამასთანავე მოუხელთებელი სიღრმე იკითხება მასში. „შემთხვევითი პაემნების“ რეჟისორი ამბობდა, სუბიექტური კამერის გამოყენებას ვაპირებდი, სანამ პერსონაჟებს საბოლოოდ შევარჩევდი, თუმცა მათმა ეკრანულმა თანაცხოვრებამ სტატიურობა მოითხოვაო. ფორმისა და შინაარსის ასეთ სტატიურ ურთიერთკავშირს, ტრანსცენდენტალური კინოს ტრადიციებთან, იასუჯირო ოძუსთან მივყავართ, სადაც პირობით დროში არსებული გმირები, ოჯახური გაუცხოების საყოველთაო ტრავმით იტანჯებიან - კოღუაშვილისთვის იაპონიაში ისიც უთქვამთ, ეს სუფთად იაპონური ამბავიაო.
 
ფერთა პალიტრა კოტეტიშვილის ჩარჩოში შემოდგომის, სიცივეში გარდამავალი სეზონის განწყობილების შექმნას ემსახურება, რაც პერსონაჟების შინაგანი მდგომარეობის სურათსაც აწარმოებს და მთელი ამ შემთხვევითობების ხასიათს განსაზღვრავს: წარსულის გმირები ოცდამეერთე საუკუნეში, ვინც დროის მიღმა, მისგან დამოუკიდებლად არსებობენ. გახუნებული მწვანე, ყვითელი და ლურჯი (ხანდახან ცისფერი) ფერების ქორეოგრაფიული განლაგება იმ ვერხვის ფოთლებს ემსგავსება, ფილმის ლაიტმოტივად რომ ქცეულა და „უშორეს ზღაპრად შრიალებს.“ ლურჯი და მწვანე დომიმანტური ესთეტიკური ნაწილია, რომელთა ფონზეც ყვითელი ეტაპობრივად იკვეთება, რაც ხშირად ახალ რიტუალურ გამოცდილებაში ჩაბმის მზაობას მოასწავებს. დასაწყისიდანვე ელავს ყვითელი მიმართულების ნიშნები და ციფრები სადგურში, ვინაიდან „შემთხვევითი პაემნები“ ერთი დიდი კოლექტიური რიტუალია. ივას და სანდროს, „დაგეგმილი პაემნების“ სასტუმროს მწვანე ოთახში, სამი ყვითელი იმიჯია ჩასვენებული: ვაშლი, ტელეფონი და ლამპა - პირველ ნაწილში, სანდრო არც ერთს იყენებს, ხოლო ოთახის მეორედ გამოჩენისას, ქიქოძის პერსონაჟს ეს იმიჯები ექსპლუატაციაში შეჰყავს, რაც მათი ხასიათების აბსოლუტურ სხვაობაზეც მიუთითებს და დასასრულისთვის მზადებაზეც. სანდრო მანანას პერსონით, პლაჟზე ფეხბურთის თამაშის შემდეგ ინტერესდება, რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის რომ ბურთი ყვითელია. ეს ფერი ამ საერთო აპათიის ფონზე, სურათს ფერადოვნებას მატებს: დრამატურგიულად ყველაზე შემზარავი სცენის ვიზუალურ სიმსუბუქეს, პანაშვიდზე დაგროვებული ყვითელი ყვავილები ქმნიან. 
 
რიტუალი ადამიანის ცნობიერების შინაარსის, სამყაროს აღქმის წესია, რასაც თანამედროვე ადამიანი ისეთ ადგილას ატარებს, სადაც სიმბოლო ეგულება. „შემთხვევითი პაემნების“ რიტუალურობა ჭამის, მგზავრობის, ფეხბურთის თამაშისა თუ ცეკვის დროს გამოიხატება. ამ ერთი შეხედვით უშინაარსო ქმედებების წყალობით, პერსონაჟთა ცნობიერების შინაარსი, მაშასადამე მათი მენტალური მდგომარეობა ვლინდება. „შემთხვევითი პაემნები“ რიტუალების თანმიმდევრული კრებულია, რომელთა შინაარსიც ეტაპობრივად იზრდება და კულმინაციას აღწევს. პროტაგონისტი თავიდანვე ცდილობს საქმიანობაში ჩაბმას, სთავაზობს გოგონას ხილს, ცდილობს მასთან ერთად ტელევიზორის ყურებას და სხვა, თუმცა უშედეგოდ. სადგურზე სიმინდის ჭამაც, სადა სიმბოლიკით დატვირთული იმიჯია. სანდრო და ივა ქობულეთში მიდიან. ქალაქში, რომელიც ზაფხულის გარდა დაუსახლებელი, ხალხისგან დაცლილია. ქობულეთი, ზაფხულობით დამსვენებლებისთვის რიტუალური ადგილია, სწორედ იქ მიდიან გმირები, რაც მათი ფაქტურული გამომზეურებაა. კინოს სისადავე კი პლაჟზე, ფეხბურთის თამაშის დროს მიიღწევა, სადაც ეს შემთხვევით ჩატარებული რიტუალი, სანდროსთვის გადამწყვეტი ხდება, მოიხიბლოს მანანათი. რიტუალის კულმინაცია კი პანაშვიდის სცენაა,  სადაც აბსურდულობა, ტრადიციულისა და თანამედროვე იმიჯების სინკრეტიზმით იქმნება.
 
პრუსტი იმასაც ამბობდა, ტექსტი გამოცდილებაში გარკვევის საშუალებააო, „შემთხვევითი პაემნები“ კი ოთარ იოსელიანისეულ ქართულ აბსურდულობას, ამერიკული საავტორო კინოს ყალიბში ასხამს და რიტუალურ თუ ტრაგიკომიკურ გამოცდილებებს არკვევს. ერთი შეხედვით ბრიუს დერნისა („ნებრასკას“ პროტაგონისტი) და კახი კავსაძის პერსონაჟთა მსგავსებაზეც შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა მე დერნისა და საყვარელიძის ემოციაგამქრალ პერსონაჟებს შევადარებდი ერთმანეთს, რომელთა ხასიათებიც სწორედ თანამედროვე დროის მიღმა არსებული გამოცდილებებია. გამოცდილებაში გამოსარკვევად კი ინსტრუმენტი გვესაჭიროება, სწორედ ეს ინსტრუმენტია ლევან კოღუაშვილის რიტუალური მოულოდნელობების წყება, სოციალური ზღაპარი, „შემთხვევითი პაემნები.“
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული