• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ფრანც კაფკა და იმედი, როგორც ბოროტი ხუმრობა

×
ავტორის გვერდი იოანე ჯიბლაძე 24 მარტი, 2020 3787

 

“სამყაროში უსასრულო რაოდენობის იმედი არებობს... მაგრამ ჩვენთვის — არა.“[1]

— ფრანც კაფკა

  

"იმედი. — პანდორამ მოიტანა უბედურების ყუთი და გახსნა. ეს იყო ღმერთების საჩუქარი ადამიანებისთვის. გარეგნულად, ულამაზესი და მაცდური საჩუქარი, რომელსაც ბედნიერების ყუთი უწოდეს. მისგან ამოფრინდა ყველა სახის ბოროტება, ფრთიანი არსებები; მას შემდეგ, ახლა ისინი თავს დასტრიალებენ ადამიანებს და დღე და ღამ ზიანს აყენებენ მათ. მხოლოდ ერთადერთ ბოროტებას, ჯერაც არ დაუტოვებია ყუთი; ზევსის სურვილით პანდორამ დაკეტა თავსახური და ის მასში დარჩა. ამიერიდან, სამუდამოდ, ადამიანს სახლში აქვს ბედნიერების ყუთი და ფიქრობს, რომ დიდებულ საგანძურს ფლობს; რომ ის მის სამსახურშია, მისკენ მაშინ გაიწვდის ხელს, როცა მოესურვება; რადგან მან არ იცის, რომ ყუთი, რომელიც პანდორამ მოიტანა, არის ბოროტების ყუთი და სჯერა, რომ უბედურება, რომელიც მასშია დარჩენილი, უდიდესი წყალობაა, — ეს არის იმედი. ზევსს არ სურდა, რაოდენ მტანჯველიც არ უნდა ყოფილიყო სხვა ბოროტებათა მიერ მიყენებული სატანჯველიც, რომ ადამიანი ცხოვრებისაგან გაქცეულიყო, არამედ მას ნება უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის, ისევ და ისევ დატანჯულიყო. ამიტომაც, ზევსმა ადამიანებს იმედი მისცა, — სინამდვილეში ის უსაშინლესია ყოველ ბოროტებას შორის, ვინაიდან ის ადამიანთა ტანჯვას ახანგრძლივებს.“[2] ბერძნული მითის ეს ნიცშეანური ინტერპრეტაცია, ალბათ საუკეთესო მიახლოებაა საკითხთან, რამდენადაც, კაფკას ნაწარმოებები, შეიძლება ითქვას (რასაც მოგვიანებით უფრო მკაფიოდ წარმოვაჩენთ), გაჟღენთილია იმედით, „იმედთა უსასრულო რაოდენობით“, მაგრამ ყოველი ეს იმედი, უკლებლივ ყველა, ყოველთვის კასტრატია, იმპოტენტია. მოურიდებლად შეიძლება იმის თქმაც, რომ ეს „იმედით გაჟღენთილობა“ კიდევ უფრო საზარლად, კიდევ უფრო საცოდავად წარმოაჩენს კაფკას ნაწარმოების გმირთა ბედს.  თუმცა, ასეთი „უსაგნო“ საუბარი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, ამდენად, საჭიროა უშუალოდ კაფკას ტექსტებს მივმართოთ და მათგან მოვისმინოთ „აღსარება“.

 

იმედი, როგორც მამოძრავებელი ძალა

როცა იმედის საკითხზე მიდგება საქმე, ამ მხრივ, ყველაზე მკაფიო მაგალითი „ამერიკაა“, — ნაწარმოები, რომელშიც ყოველ „კუთხეში“, დასაწყისიდან დასასრულამდე, იმედის, მართლაც რომ, უსასრულო გამონათებებს ვხედავთ, რომლებიც ყველაზე სასოწარმკვეთ მომენტებში, როცა, თითქოს, ყველაფერი დამთავრებულია, მაშინ გამოანათებენ ხოლმე და თავისი თავბრუდამხვევი სიკაშკაშით ახალ გზებს უნათებენ მთავარ გმირს — კარლ როსმანს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს სიკაშკაშე ფარავს „ახალი გზებს“ „სიძველეს“, მეტიც, ის ფარავს მათ კიდევ უფრო მეტად შემზარავ ბოლოებს. სწორედ ამ იმედით განათებულ გზებს, კიდევ უფრო საშინელ დასასრულამდე მიჰყავთ კარლი და კვლავ სასოწარმკვეთი დასასრულის სასოწარკვეთილი ლოდინის მოლოდინი ჩნდება, მაგრამ ამ ჩიხებს ყოველთვის ახალი სინათლე მოსდევს, რომელიც ხელახლა „გამოაცოცხლებენ“ ხოლმე მთავარი გმირის „სიცოცხლისუნარიანობას“.

მივყვეთ ამ „ჩაქრობა-გამონათებების“ ზედაპირულ მიმოხილვას (რომელიც, ამ ზედაპირულობის მიუხედავად, ნათლად დაგვარწმუნებენ ზემოთქმულის სისწორეში (ყოველ შემთხვევაში „არ-მცდარობაში“ მაინც)): ნაწარმოების დასაწყისში ვიგებთ, რომ სრულიად ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ბავშვი, კარლ როსმანი მოახლემ შეაცდინა, რის გამოც მშობლებმა, სირცხვილის თავიდან ასაცილებლად, იგი ამერიკაში გაგზავნეს; ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც ჯერაც არ შეუბიჯებია ცხოვრებისეული სიძნელეების ხრიოკზე, მოულოდნელად სრულიად „გადაგდებული“ (ერთ დროულად ჰაიდეგერიანული და არა-ჰაიდეგერიანული აზრითაც) აღმოჩნდება; მოცილებული მშობლებს, მოცილებული სამშობლოს (თვით კონტინენტსაც კი), მოცილებული ყველაფერს, რასთანაც შეიძლება სიახლოვე ჰქონოდა; იგი სრულიად უსაყრდენოდ, „უგარანტიოდ“, დაუცველად არის დარჩენილი და ყველაფერი, რასთანაც მანამ თავისითავის იდენტიფიკაცია შეეძლო, ახლა მის უკანაა და მისგან მთელი ოკეანე ჰყოფს. რა შეიძლება იყოს უფრო სასოწარმკვეთი, არათუ ბავშვისათვის, არამედ, ნებისმიერი ადამიანისთვის?! „[ადამიანს], ყველაზე მეტად გაურკვევლობის ეშინია...“[3] მაგრამ სწორედ ამ სასოწარკვეთილების უმაღლეს წერტილში, როცა იმედის ნაპერწკალიც არ არსებობს (თუმცა, იმლპიციტურად, თავად ამერიკაც, _ ეს „დიდი მოლოდინების“ სამშობლო _ ცხადია თავად არის შორს (მაგრამ მკვეთრად) მოკაშკაშე იმედი; და, ცხადია, კაფკას მხრიდან ამერიკის ამორჩევა, მასზე წერაც, სრულიად არაშემთხვევითია.) მოულოდნელად, შემთხვევითობათა „სასწაულებრივი“ გადაკვეთით, კარლი გემზე ხვდება თავის უცნობ ბიძას, რომელიც ძალზედ მდიდარია და რომელიც სიხარულით სთავაზობს თავის სახლში დარჩენას.[4] ასე მოულოდნელად, კარლი  უფსკრულიდან მწვერვალზე აღმოჩნდება და ნაწარმოებიც დასაწყისიდანვე გვატყუებს, „გვაიმედიანებს“. ამ მოულოდნელ ნახტომს, კიდევ უფრო მოულოდნელი და ლამის აუხსნელი ვარდნა მოჰყვება, როდესაც ბიძა, სრულიად უმნიშვნელო შემთხვევის გამო, წერილს მისწერს, რომ იგი სახლში აღარ უნდა დაბრუნდეს.[5] ამდენად, იღბლის მწვერვალზე მყოფი კარლი, კვლავ უსასოობისა და უთვისტომობის ჯურღმულში აღმოჩნდება. მაგრამ იმედის ახალ ნაპერწკალს კვლავაც არ დაუგვიანია; ახლახან სრულიად მარტო აღმოჩენილი კარლი ორ მეგობარს გაიჩენს, რომლებიც სამსახურის შოვნასა და გვერდში დგომას ჰპირდებიან, რაც, თუ ბიძის მდიდრული სახლი არაა, ყოველ შემთხვევაში არც უსასოობის მდგომარეობაა, რამდენადაც, ბოლოს და ბოლოს მარტო მაინც აღარ არის.[6] თუმცა ეს გამონათებაც, ქარში ანთებული ასანთის ღერივით, ისე მალე ქრება, რომ გვარიანად დაწვასაც ვერ ასწრებს: ახლახან შეძენილი მეგობრები მალევე გაქურდვასა და  ჩაგვრას უწყებენ და რომ არა კიდევ ერთი სასწაულებრივი შემთხვევა, იმედის სასწაულებრივი გამონათება (სასტუმროში სამსახურის მიღება), კვლავ სასოწარკვეთილების მორევი არ ასცდებოდა.[7] მაგრამ არც ამ ახალი „გამონათების“ ხანგრძლივობაა დიდი, რადგან საბოლოოდ, „ბოროტ“ შემთხვევათა გამოისობით, კარლი არათუ მხოლოდ სამსახურს კარგავს, არამედ  ყოფილი „მეგობრების“ ტყვეობაშიც აღმოჩნდება.[8] მაგრამ სწორედ იმედი, — ეს კერკეტი კაკალი, — იყო ის, რაც ამ უნუგეშო ტყვობაშიც არ ტოვებდა კარლს: „თვალები დახუჭა და თავში დამამშვიდებელმა აზრმა გაუელვა, რომ ჯერ ახალგაზრდაა და დელამარში როდესღაც გაუშვებს; მართლაცდა, რამდენ ხანს გასტანს ეს სამთა ერთობა? თუ რომელიმე კანტორაში მოახერხებს ადგილის შოვნას, მხოლოდ სამუშაოზე იფიქრებს [...]. თუ საჭირო გახდება, ღამითაც იმუშავებს კანტორაში [...]. არანაირი სამუშაოს შესრულებაზე არ იტყვის უარს, არც ისეთზე, რასაც სხვა მოხელეები ღირსების შელახვად მიიჩნევენ.“[9] ნაწარმოების დასასრულიც იგივე „პათოსითაა“ გამსჭვალული (მის სრულ მობილიზებას წარმოადგენს): კვლავ ბედისანაბარა, მარტო დარჩენილი კარლ როსმანი, ახალი შესაძლებლობის, ახალი იმედის წინაშე აღმოჩნდება, — „ოკლაჰომას საზაფხულო თეატრი“ და მისი „ყველას დასაქმების“ პროგრამა ახალი დასაწყისია, ახალი გაბრწყინებული გზა...[10] რომელიც ისევ სიბნელის უფსკრულს უქადის მასზე შემდგარს.

ასევე, ამ მხრივ ყურადღების ღირსია „მეტამორფოზა“, სადაც გრეგორ ზამზას უფერული, სამუშაოში და სამუშაოთი გაუცხოებული სიცოცხლის მთავარი მამოძრავებელი ძალა იმედია, რომ ფულის დაზოგვას მოახერხებს და შეძლებს თავის დას კონსერვატორიაში სწავლა დაუფინანსოს და ეს იმედი არ ტოვებს მაშინაც კი, როცა თავად ადამიანურ სახეს სრულიად ჩამოშორებულია და მწერად არის გარდასახული.[11]

თუმცა იმედი კაფკასთან არა მხოლოდ მამოძრავებელი ძალაა, იგი გარკვეული თავისუფლების შესაძლებლობის შეპირებაა; შეპირება, რომ შეგიძლია თავი დააღწიო ჩაკეტილ წრეებს. „რევოლუციის სულში“ პიოტრ კროპოტკინი (ვისი ტექსტებიც უცხო არ ყოფილა კაფკასათვის[12]) წერს: „სწორედ ყოველთვის იმედია, იმედი გამარჯვებისა, რაც ქმნის რევოლუციას“[13], სწორედ კაფკაზე საუბრისას კი, მსგავსსვე უსვამს ხაზს ბენიამინიც: „ეს სიტყვები [იგულისხმება: “სამყაროში უსასრულო რაოდენობის იმედი არსებობს... მაგრამ ჩვენთვის — არა.“], გვთავაზობენ ხიდს კაფკას უკიდურესად უცნაურ ფიგურებამდე, იმ ერთადერთებამდე, რომელთაც თავი დააღწიეს ოჯახის წრეს და ვისთვისაც შესაძლოა იყოს იმედი.“[14] თუმცა კროპოტკინის ოპტიმიზმის საპირისპიროდ, კაფკასთვის იმედის ამგვარი „რევოლუციურობა“ ყოველთვის დამცინავია, მატყუარა და დამღუპველი. ეს სრულიად არ ეპარება თვალთახედვიდან ბენიამინს, რომელიც სხვაგან წერს: „მხოლოდ უიმედნი არიან ისინი, ვისაც იმედი ეძლევათ.“[15]

ეს ყოველივე, მართლაც პირდაპირ კვეთაში მოჩანს ნიცშეს ზემოთ ნაციტირებ ტექსტთან[16]: იმედი კაფკასთან, მართლაც რომ, მთავარი მამოძრავებელი ძალაა.   და მასში სრულად გაუცნობიერებელი რჩება, რომ ეს „სიცოცხლის მიმნიჭებელი“ „კურთხევა“ თავად შეიძლება იყოს უდიდეს ბოროტებათაგანი.

 

იმედი, როგორც „ოპიუმი“ და როგორც წყევლა

წინა ქვეთავში მოყვანილი ბენიამინის ციტატა, — „მხოლოდ უიმედნი არიან ისინი, ვისაც იმედი ეძლევათ.“ — იდეალური წანამძღვარი იქნებოდა ამ ქვეთავისათვის. ამ ფრაზაში მკვეთრად გამოსჭვივის მარქსის: „რელიგია ოპიუმია ხალხისა.“[17] საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ რელიგიაც ერთ-ერთი — თუმცა უდავოდ სრულიად განსაკუთრებული, — სახეა იმედისა. იმედიც „უკუღმართი ცნობიერება“[18], „ჩაგრულ ქმნილებათა ამოოხვრაა“[19], სწორედ ამიტომაც არის, რომ „მხოლოდ უიმედონი არიან ისინი, ვისაც იმედი ეძლევათ.“

მივუბრუნდეთ კვლავ კაფკას და ვიკითხოთ: ვინ არიან კაფკას პერსონაჟები?! და პასუხი თავისთავად გაიხმიანებს: ისინი „სამყაროში გამოტოვებული“ ადამიანები არიან, „წვეულებაზე“ დაუპატიჟებლად გამოცხადებული სტუმრები, „ღმერთის ცუდი განწყობა, მისი ცუდი დღე“[20]. ასეთ, ადამიანს, ისღა დარჩენია, რომ „პანდორას ყუთი“ გაიხსენოს, მისკენ გაიწვდინოს ორივე ხელი. ხოლო ბოროტება, რომელიც მასში იმალება, კვლავ და კვლავ აგრძელებს მფლობელისადმი „მომსახურებას“, ის კვლავ და კვლავ აიძულებს მას, რომ უფრო სწრაფად გაიქცეს გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლისაკენ და წამითაც არ დაფიქრდეს იმაზე, რომ ეს სინათლე, შესაძლოა მატარებელი იყოს.

თუმცა კაფკასთან იმედის „ბოროტების ბეჭდობა“ და მისი წყევლა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.  „ოჰ, სამყაროში მრავალი იმედი არსებობს,“ — ღიმილით პასუხობს კაფკა მაქს ბროდს, იმედის არსებობის შესახებ კითხვაზე. — “იმედების უსასრულო რაოდენობა... მაგრამ ჩვენთვის — არა.“ აქ ბევრად მეტია დამალული, ვიდრე ზემოთ ითქვა; შესაძლოა „კაფკაესკის“ მთავარი „სლოგანიც“ — კი. „არა!“ გულდასაწყვეტი პასუხი იქნებოდა, მაგრამ ასატანი: ძნელია შიმშილის ატანა, მაგრამ აიტანო შიმშილი მაშინ, როცა შენს წინაშე საყვარელი კერძების მთაა დახვავებული, რომლებზედაც წვდომა არ გაქვს, — ეს აუტანელია. გავიხსენოთ ცნობილი „იმპერატორის შემონათვალი“[21]: რაღაც ბედის უკუღმართი, — თუ ზედმეტად წაღმა, — დატრიალებით, ფორტუნის პირდაღრეჯილობითა, — თუ ზედმეტად ფართო გაღიმებით  — „მეფემ შენ, სწორედ შენ, მარტოსულ, ბეჩავ ქვეშემრდომს, სამეფო მზის ბრწყინვალებას გარიდებულ უღიმღამო ლანდს, სასიკვდილო სარეცლიდან რაღაც შემოგითვალა.“[22] და ამ შენს უღიმღამობაში უცებ სამეფოზე უფრო დიდმა მზემ შემოაბრწყინა, უფრო კაშკაშამ და თვალის მომჭრელმა. მაგრამ რაღაც მანქანებით, მთელი „კაფკაესკის ბრწყინვალებით“, უმარტივესი აქტი დაუძლეველ ბარიერად გადაიქცევა, მოკლე გზა უშორეს სივრცედ გაიწელება და შუქი, რომელსაც შენი ბეჩავი ცხოვრების ყოველი უკუღმართი დღე უკან უნდა მოეტოვებინა, უსასრულობაში გაიყინება; გაიყინები შენც, ოღონდ უდროობაში (რომელიც, პრინციპში, საბოლოო ანგარიშით, ერთი და იგივეა). „ზიხარ ფანჯარასთან შებინდებამდე, ოცნებაში გადავარდნილი და მომლოდინე...“[23]

და ეს იმედის „კურთხევა“, მისი მესიანური დაპირება „იმ ქვეყნიურისა“ სამუდამოდ გამოეკიდება შენსა და მომავალს შუა. როგორც სენი, წყევლა, შეპყრობილობა ბეჭდად ამოიკვეთება შენზე და დარწმუნებული იმით, რომ განძია, სამუდამოდ ბავშვური გულუბრყვილობითა და ბურჟუაზიული „სარგებლიანობით“ ყველაზე დაცულ სეიფებში გამოკეტავ, რათა არასდროს დაგეკარგოს.

 

დასკვნის სანაცვლოდ

კაფკაესკის ერთ-ერთი გამჭოლი ხაზი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი „იმედია“. იმედი იქ, სადაც ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს; იმედი მათში, ვისშიც ამის არავითარი ლოგიკურობა არ იკითხება. „მხოლოდ უიმედონი არიან ისინი, ვისაც იმედი ეძლევათ.“ ცხოვრებისაგან ყველაზე მეტად გათელილ, ყველაზე უმოწყალოდ „გამოტოვებულ“ სუბიექტებს, პარადოქსულად, ყველაზე მძაფრად ჩაუფრენიათ ხელი თავიანთ პანდორას ყუთებზე, რადგან ეს ერთადერთია, რაც გააჩნიათ; ეს მათი ერთადერთი „საგანძურია“, რომელიც არაფრით ანებებს მათ დანებებას. ეს წყევლაა, რომელიც მათ მოუწოდებს: „ისევ იტანჯე!“ და ყოველი ტანჯვა, ყოველი ხელმოცარული მცდელობა, ყოველი გაცრუებული იმედი, ყოველი გადაულახავი დაბრკოლება (რომლის მტკივნეულობაც მისი სირთულის უკუპროპორციულია[24]) კიდევ უფრო მტანჯველი და მტკივნეული აღმოჩნდება სწორედ იმედის ამ მოფარფატე უსასრულო რაოდენობათა გამოისობით.

 

 „შენ კი ზიხარ ფანჯარასთან შებინდებამდე, ოცნებაში გადავარდნილი და მომლოდინე...“

 

 

 

ბიბლიოგრაფია:

  1. კაფკა, ფრანც. „ამერიკა“. თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2017.
  2. კაფკა, ფრანც. „რჩეული მოთხრობები“. თბილისი: „პეგასი“, 2013.
  3. Benjamin, Walter. „Essays and reflections”. https://esquerdadireitaesquerda.files.wordpress.com/2016/11/benjamin-illuminations.pdf
  4. Kafka, Franz. „Letters to is father”. http://heavysideindustries.com/wp-content/uploads/2011/08/Franz-Kafka-Letter-to-his-father1.pdf
  5. „The Diaries Of Franz Kafka 1910-1913“. https://archive.org/details/in.ernet.dli.2015.499492/page/n309/mode/2up
  6. Kropotkin, Pëtr. “The Spirit of Revolt”. https://theanarchistlibrary.org/library/petr-kropotkin-the-spirit-of-revolt
  7. Marx, Karl. „Critique of Hegel’s Philosophy of Right“. https://www.marxists.org/archive/marx/works/download/Marx_Critique_of_Hegels_Philosophy_of_Right.pdf
  8. Nietzsche, Friedrich. “Human, all too human”. https://digitalassets.lib.berkeley.edu/main/b20790001_v_1_B000773557.pdf
  9. Shestov, Lev. “All things are possible: Apotheosis of Groundlessness”. http://shestov.phonoarchive.org/all/all_1.html

 

 

[1] Benjamin, Walter. „Essays and reflections”, “ Franz Kafka: On the tenth anniversary of his death” (pg.111-140), pg.116. https://esquerdadireitaesquerda.files.wordpress.com/2016/11/benjamin-illuminations.pdf

[2] Nietzsche, Friedrich. “Human, all too human”, pg.82. https://digitalassets.lib.berkeley.edu/main/b20790001_v_1_B000773557.pdf

[3] Shestov, Lev. “All things are possible: Apotheosis of Groundlessness”. http://shestov.phonoarchive.org/all/all_1.html

[4] კაფკა, ფრანც. „ამერიკა“, გვ.5-34. თბილისი, 2017: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.

[5] იქვე, გვ.79-83.

[6] იქვე, გვ.84-93.

[7] იქვე, გვ. 105-113.

[8] იქვე, გვ.138-222.

[9] კაფკა, ფრანც. „ამერიკა“, გვ.230. თბილისი, 2017: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.

[10] იქვე, გვ.231-252.

[11] კაფკა, ფრანც. „რჩეული მოთხრობები“, „მეტამორფოზა“ (გვ.58-111), გვ.82

[12] „The Diaries Of Franz Kafka 1910-1913“, pg.310. https://archive.org/details/in.ernet.dli.2015.499492/page/n309/mode/2up

[14] Benjamin, Walter. „Essays and reflections”, “ Franz Kafka: On the tenth anniversary of his death” (pg.111-140), pg.116. https://esquerdadireitaesquerda.files.wordpress.com/2016/11/benjamin-illuminations.pdf

[15] Benjamin, Walter. „Essays and reflections”, “ Franz Kafka: On the tenth anniversary of his death” (pg.111-140), pg.17. https://esquerdadireitaesquerda.files.wordpress.com/2016/11/benjamin-illuminations.pdf

[16] იხ. შენიშვნა მე-2.

[17] Marx, Karl. „Critique of Hegel’s Philosophy of Right“, pg.3. https://www.marxists.org/archive/marx/works/download/Marx_Critique_of_Hegels_Philosophy_of_Right.pdf

[18] იქვე, გვ.3.

[19] იქვე, გვ.3.

[20] (კაფკას პასუხი ბროდისადმი, ბენიამინის მიხედვით). Benjamin, Walter. „Essays and reflections”, “ Franz Kafka: On the tenth anniversary of his death” (pg.111-140), pg.116. https://esquerdadireitaesquerda.files.wordpress.com/2016/11/benjamin-illuminations.pdf

[21] კაფკა, ფრანც. „რჩეული მოთხრობები“, „ჩინეთის კედლის მშენებლობისას“ (გვ.298-312), გვ.308.

[22] იქვე, გვ.308.

[23] იქვე, გვ.309.

[24] “ეს იმას ჰგავს, რომ ერთ პიროვნებას ხუთი პატარა საფეხური ჰქონდეს ასავლელი ხოლო მეორეს მხოლოდ ერთი, მაგრამ ერთი, რომელიც იმდენად მაღალია, ყოველ შემთხვევაში მსითვის, რამდენადაც წინა ხუთივე ერთად აღებული; პირველი პიროვნება არა მხოლდო ხუთ საფეხურს დაძლევს, არამედ ასეულებს და ათასეულებსაც კი [...] მაგრამ არც ერთი ამ საფეხურთაგანი არ იქნება მისთვის იმგავრი მნიშვნელობის მატარებელი, როგორიც მეორისათვის ის პირველი მაღალი საფეხური, საფეხური, რომელზე აცოცებაც მისთვის შეუძლებელია მთელი თავისი ძალის მოკრების პირობებშიც კი, საფეხური, რომელზე შედგომის ძალაც მას არ შესწევს და ბუნებრივია არც მასში გავლა.“ (Kafka, Franz. „Letters to is father”, pg.13. http://heavysideindustries.com/wp-content/uploads/2011/08/Franz-Kafka-Letter-to-his-father1.pdf )

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული