- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კარენ ანტაშიანი დაიბადა 1983 წლის 3 თებერვალს სომხეთის ქალაქ კიროვაკანში. 1999-2005 წლებში სწავლობდა სომხეთის საინჟინრო უნივერსიტეტში. 2005-2007 წლებში მსახურობდა სომხეთის შეიარაღებულ ძალებში. 2009 წელს დააარსა გრანიშის ლიტერატურული პლატფორმა და ვებ-გვერდი, რომლის მთავარი მიზანი თანამედროვე სომეხი მწერლების ლიტერატურის პოპულარიზაციაა; ამჟამად ის არის ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი, ყველაზე მეტად კითხვადი თანამედროვე სომხური ლიტერატურის ინტერნეტ კრებული. 2011-2016 წლებში ლიტერატურის კრიტიკოს და მწერალ მეგობრებთან ერთად კ. ანტაშიანი გამოსცემდა ლიტერატურულ ჟურნალ „გრანიშს“, რომელიც აქვეყნებდა თემატურ საკითხებს ლიტერატურულ-მხატვრული ან საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე რომელიმე თემაზე. 2013 წლიდან იგი „ბუნ TV“ ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა. ის არის არაერთი ინტერნეტ-პროექტის ავტორი, მათ შორის, „აილერენ-ჰაერენ“, დაცდენათა ლექსიკონი და ბონსაის ენციკლოპედია.
კარენ ანტაშიანი არის ოთხი პოეზიის კრებულის ავტორი: «დზონ» (გამომცემლობა გრანიში, 2021), «აყლორტებული ზღვა. ჯადოსნური წიგნი» (გამომცემლობა ანტარესი, 2014), «ანტაშატ» (საავტორო გამოცემა, 2009), «დასასრულის შემდეგ, დასაწყისამდე» (სმკ გამომცემლობა, 2004).
ტკბობის ენციკლოპედია
იმ დღეს, როცა შინ ჩვეულებრივ ვბრუნდებოდით,
პარკინგის გამო მეზობელთან ჩხუბით,
ღამით ხმაურისთვის ბავშვებთან ყვირილით,
სითი მოლის პარკებითა და ახალი ამბებით დატვირთულები,
ერთმანეთის და არაფრის შემჩნევის ყოფითი ღილაკის ქვეშ –
ჩიტო, დაინახე ეზოს იმ მშვიდ ტევრში
ჩახუტებული დამალული შეყვარებულები?
რომლებმაც არასდროს ჩვენსავით ყოფნის პირობით გამოგვხედეს,
სანამ ერთმანეთს აკოცებდნენ და იქნებ ცოტა მეტიც...
დამეზარა, მაგრამ მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა,
თქვე ჭყინტებო, თქვენ რა გესმით სიყვარულის? –
ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი ვალებქვეშ მოხრილებს
და მდიდრულ სიუხვეში,
გვიყვარდა ერთმანეთი კვამლიან და უკვამლო სომხეთში,
გვიყვარდა უხმოდ, საიდუმლოდ
და თეატრალური ხმაურით,
გვიყვარდა ნაყარნუყარ და ძვირიან გარემოებებში,
გვიყვარდა ერთმანეთი ლამაზად და უშნოდ, საშინლად უშნოდ, აი, რომ...
გვიყვარდა ერთმანეთი ნდომით და არნდომით, უაზროდ,
გვიყვარდა ერთმანეთი ფხიზლებს და გალეშილებს,
გვიყვარდა ერთმანეთი შენი უბადლო მაწვნის კერძის
და წებოსგემოიანი ნამცხვრის მერეც კი,
გვიყვარდა ჩვენ შორის სხვისი გამოჭერის მცდელობებში,
და გვიყვარდა ერთმანეთის ერთადერთობით დაღლილებს,
გვიყვარდა სვეცკურ პონტებში და გოიმურ პონტებში,
გვიყვარდა სამსახურამდე, მერე და განმავლობაში,
გვიყვარდა სხვების სურვილის სასოწარკვეთისგან,
და სხვების შეზიზღების სიხარულით,
გვიყვარდა ლამაზი და მოსაწყენი და ჩუმი სიტყვებით,
გვიყვარდა წარუვალი შორეთიდან, შეუხებლად უფრო გვიყვარდა,
გვიყვარდა სხეულის ყველა წვრილმანით და ისე უბრალოდ, ცალი თვალით ტელეფონში ჩაჭყეტით,
გვიყვარდა ჯანმრთელად და დაჭიმულად,
გვიყვარდა შეუძლოდ და სუსტად,
გვიყვარდა კეთილად და ნაზად და ისტერიულად – ნერვოზულადაც კი,
ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი უთვალავ პოზაში
და შესაძლებლის ნახევარს ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ,
აი, უცხო ენების სტუდენტი რომ ერთვება
ან იოგას ტრენერი,
მოხუცის მარაზმი ერთვება
და სიკვდილის სუნთქვა...
თქვე ჭყინტებო,
თქვენ რა გესმით სიყვარულის.
წერტილი
ვინმე მოყვარული ჯადოქარი რომ მომიახლოვდეს და მითხრას:
– ამ წუთას შენს გულს რა უნდა, ანტაშოვსკი?
კეთილი გულით, რომელიც ფიქრში დაატკბობს ჩემს საღამოს,
ვიტყვი – ნაპოლეონი
ან მზისმატყლიანი კომში,
დეზერტირი თმა, ნაადრევად რომ მიატოვა ჩემი თავის ქალას ძვალი,
იქნებ როლი – მეტროპოლიტენბალეტში,
ნათელმხილველობა – ორი წლის მერე
იმ უპატრონო ბიტკოინის კურსის განსაჭვრეტად,
ბოლოს და ბოლოს, სამშობლოსათვის ნაჩუქარი –
სომხურ-თურქული ურთიერთობების მოგვარება,
ათასი სათაურის წიგნის წაკითხვა,
რომლის წაუკითხაობა პოეტური სირცხვილია,
ხოლო წაკითხვა – ადამიანური სისულელე...
ვიტყვი – არა, არა, არა, მოიცადე,
იცი, რა მინდა ახლა, საყვარელო?
მინდა ცივ და მოქუფრულ ზღვაში
ყინულის ნატეხზე დგომა,
ქარი არ იყოს, მხოლოდ უმნიშვნელო ტალღები,
ზემოდან ისმოდეს რამე აპოკალიფსური, სასიყვარულო,
ვთქვათ, ვაგნერის ტრისტანისა და იზოლდას პრელუდია,
მე ნელა ჩავისუნთქო და ამოვისუნთქო,
ჩრდილოეთის განფენილი მქისე ჰაერი,
ჯიბიდან ამოვიღო ნოემბერიანის კარალიოკი,
ერთი მოვკბიჩო, მერე... აი, მერეა ყველაზე მთავარი –
ზღვის ლურჯმოშავო უფსკრულიდან ერთმა ცისფერმა წერტილმა
ნელი და მძიმე მოძრაობით მოცუროს ჩემთან,
მერე მაგ შტერის ცივ, ეშმაკურ სახეს შევეხო,
ის ასეთი დიდი – ჩემი სევდისოდენა,
მე კი ასეთი უზრუნველი და პაწაწინა,
მაგრამ რაღაცნაირად ვიგრძნოთ, რომ ძმები ვართ –
და ეგ წამია ყველაზე მთავარი – სიყვარულის განაწილების,
ჩემი კარალიოკის ნახევარი მას მივცე
და ის, პატიოსანი ძუძუმწოვრის შესაფერისად
მადლიერებით წამოხტეს და დაენარცხოს
პირდაპირ ჩემ წინ – ასე რამდენიმე მეტრზე,
სახეზე ცივი, მარილიანი ზღვა შემაშხეფოს,
აი, რა უნდა ახლა ჩემს გულს,
სასწაულმოქმედო,
აი, რა.
ოდა ცხოვრებას
შეუძლებელია მოკვდე,
მანამ, სანამ არ მოყვები
დაფარულ ამბავს დაფარულზე,
თან ისე, რომ გახდეს სულერთი.
არ მოკვდები, არა, შეუძლებელია,
სანამ არ გინახავს ოკეანე,
არ გიცხოვრია წამის სისავსით,
რომ მოღუშული, უმნიშვნელო პიქსელი ხარ
ცხოვრების ამ ეპიკურ პეიზაჟში –
უმნიშვნელო, მაინც აუცილებელი.
არ შეგიძლია მოკვდე, არა,
ნამდვილად არ მოკვდები,
სანამ არ მიგიწერია – ბოდიში,
ერთისთვის, რომელსაც, ვინ იცის, არც კი ახსოვხარ,
ერთისთვის, რომელიც კაკტუსის ეკალივით
ლამაზი და უდროო საბაბით
ჩაერჭო და დარჩა შენს სულში,
არ მოკვდები, ვარიანტი არ არის, შეეშვი,
სანამ არ გინახავს შენი სერიალის
ბოლო სეზონი,
სანამ ნახევარი წიგნი გაქვს,
მოზელილი, მაგრამ გამოუმცხვარი,
სანამ აყვავებულია ნუში
და შენ ჯერ არც კი მოგისწრია შეგემჩნია
და შენ ჯერ არც კი მოგისწრია დაგეყნოსა
ყოფითი სიამოვნების უსახელო სურნელი.
არ მოკვდები, იცოდე,
სანამ არ მოგიყოლია მეგობრებისთვის
ბოლო უწმაწური ანეგდოტი,
სანამ არ დაგირეკავს დედასთან
ძველი რეცეპტის ჩასაწერად,
რომელიც შეგეძლო უბრალოდ დაგეგუგლა,
სანამ შენი გული თეორიულად ცვდება
ჯერ დაუბადებელი, შეუყვარებელი შვილებისთვის,
სანამ არ გიპოვნია ღმერთი,
არ მიგიღია ხელებგაშლილს
დამარცხების გარდაუვალობა,
არ დაგიკარგავს, მერე ისევ არ გიპოვნია
აწმყოში ნაზად
მფეთქავი გული,
შენ რომ არა ხარ, მაგრამ ჩაცმულს
მოგიხდებოდა
და არ მოკვდები, უსიტყვებოდ,
რას ფიქრობ, სანამ დაგიწერია,
და სანამ ჯერ არ დაგიჭერია
post.
მძუვნობა
საყვარელო,
ჩემგან იმდენხანს არ შეგისვამს,
რომ მოვასწარი დაგროვება –
წვიმებს ზღვისაკენ შენაკადი გადავუჭერი
და მიწისქვეშა სათავე.
შენთვის ავსებულ ამ უბეში არავინ შემოსულა
და ახლა საამო ვარ და უხმო,
პატიოსანი ვარ და მძაფრი
– ნელა ყოლისთვის.
ლერწმის საყვირებით აზვირთებულა ჩემი ნაპირი შენი მოსურვე,
ყოვლის მხაპავი ვეშაპებით ფუთფუთებს სიღრმე,
ვარსკვლავთთესლებით ამოვავსე ყველა ნაპირი,
როგორც კი შემეხები, სამოსი დაგიმშვიდდება,
როგორც კი აღელდები, ჩაიძირები,
შესმას ისურვებ –
ფურისულას სუნი გახდები,
გვალვის ყანებზე გაწვიმების წადილი,
სიზმარი ფრენის ნიჭის შესახებ.
როცა ბოლო წყურვილს მიაღწევ,
არ აჩქარდე, ფრთხილად მიგემე,
მარადიული სიყვარულის ჯადოსნობა
და ბედისწერა.
აყლორტებული ზღვა
შენს ნიშნებს მივყევ
და ვიპოვნე პორტის მთის რძის წყარო,
დავლიე ზუსტად ჩემოდენა შენი სიღრმე
– ძუძუ – ჯეჯილის წვენით მირონცხებული,
აყელყელავდა ჩემი ყლორტი, ამონაყარი.
მივხვდი, რაც იყო, როცა გამიშვი,
თავისუფლებას ჰგავდა ჩემი სიცარიელე,
ავსების სუნთქვით შინაგან ხმად გაიხმიანე.
და რა იქნება: დავიბზარე, რომ შეგეწოვე უკეთ, ბოლომდე.
და ახლა
შიშველი ვარ და არ მცივა,
მაქვს და არ მეშინია,
ვპატიობ და არ ვიტანჯები,
ვჭამ და არ ვანადგურებ,
ვაძლევ და არ ვავალდებულებ,
ვშორდები და არ ვტოვებ,
ვწვრილდები და არ ვწყდები,
მივედინები და ვრჩები,
მივედინები და ვერ ვხვდები,
სად მიდის წყალი.
შენზე არავის უყრია წილი,
არც მე, მათ შორის,
ყველაფერს ხვდები, როდესაც ვნაღვლობ –
გელაპარაკები – ტალღები გიმშვიდდება,
გეფერები – რბილდები,
ვიძირები – ცელქობ,
შენში ვარსკვლავების ანარეკლს ვეძებ,
ეჭვიანობ აღელვებული.
ვსუნთქავ, ყვავილობ შენთვის ახალ ჩემს ნაპირებზე.
შუაღამის სიბნელეში,
როცა ერთმანეთისგან ფარულად გვღვიძავს,
შენ იტალღები მთვარისკენ,
მე სიმღერას ვწერ.
ვარ ვარსკვლავებთან დაბრუნების შენი სურვილი.
ბუდე
თითიდან ეკალს ამოვიღებ,
ნაწნავიდან თმის ღერს ამოგწიწკნი,
ჩვენთვის ბუდეს დავწნავ,
ნანინავ.
სუვერენული სიზმართსახელმწიფო –
მისამართი –
გაზაფხულის ცახცახა წვიმა,
აყვავებული ატმის ტევრი,
მატარებლების სასაფლაო,
ყოფილი ერევანი –
ვანი – ვაგონი,
ზღვის ყვავილობა,
ლერწმის საყვირთა მისადგომი
ან ჩვენი სახლი.
ისეთ ბუდეს დავწნავ ჩვენთვის,
რომ ყველა კედელი, სახელური, კარი,
საწოლი, მოაჯირი,
განსაკუთრებით კი ფანჯრის რაფა
სიყვარულისთვის გამოგვადგეს, ნანინავ.
ბუდე – ადგილი გაღვიძების ჯადოქრობისთვის,
ტარხუნის ჩაის სურნელებით,
გამეორებისოდენა,
თანდათან გადაფურცვლადი
დღეების ევოლუცია
თან მიაქვს მსოფლიოს ყველა ბინადარს,
რომლებიც სუნთქვის, დაღლის და ცხოვრებისთვის,
და ყველა რევოლუციისთვის ვერ მოიცლიან.
ამ გაზაფხულზე,
რომელსაც ლექსის ასაკი არ უნდა გამორჩეს,
მე ბუდეს დავწერ ჩვენთვის, ნანინავ,
მარადიული პაემნის ადგილს,
სადაც ყველაფერი პირველად და უკანასკნელად ხდება.
მე – ბუ მამა, შენ – დედა ბუ, ერთი სავსე ბუების ბუდე
დაუსრულებელ სარეცხის თოკს ვემეზობლებით,
რომელზეც ჩამოეკიდება ბრმა ბუების ჩვენი ოჯახი,
ასაკითა და ბუტყლის ზომით,
შეფერილობით, მნიშვნელობით დალაგებული,
ვაჰ, ჯერ რამდენი წყალი გაგვდის,
ნანინავ.
***
შენ მიწავ ჩემო, ნოყიერო,
გემოვ ქლიავის,
შვილები წასვლით გაშინებენ,
გაიზარდნენ, რა დიდხანს გჭამეს,
დაპატარავდი, დაინაცრე, დაგიშრა ძუძუ,
გემრიელო, ჟანგის ნუგბარო...
შიმშილის დროს ფიქრი მოკლდება,
შენც არ შეიმჩნევ, დარჩენილებს ჩაეხუტები,
გულში ჩაითბობ, გაივლის ესეც...
მერე ალბათ წერილს მოგწერენ,
მარტივ და ყოფით წვრილმანებზე,
და უბედური შემთხვევისთვის
იქნებ ფულიც გამოგიგზავნონ.
ჩემო ნუგბარო,
უკვდავო გემოვ...
***
ქვეყანა ფერის გადაწონვაა,
უმცირესი ხმელა პურია,
უდიდესი კი ჭიპგახვრეტილი,
უზღვაო ლოდი –
ყელზე გეკიდოს უცხოტომელ დევთა პირისპირ.
სხვა რა უნდა ქნა?
წყალდიდობები გამორეცხავენ შენი სისხლის სიწმინდეს,
სხვა მდინარეებთან შეერთების მომლოდინე შენი რუები.
შენი ყანების ნაყოფიერებას წაიყოლებენ,
თავნება და გაქნილი მეხი გახვრეტს შენს მელოტ თავს,
უკვედაბეჟილ ადგილებზე დაგაყრის სეტყვა,
ორპირი ქარები შენს ფრენისშემძლე თესლს გაწურავენ
ჩრდილოეთიდან სამხრეთში და აღმოსავლეთიდან დასავლეთში –
შემოგრჩებიან ჩემნაირი დონდლოები და გოიმები...
რომელთა ენა ვერასოდეს ამოიკითხავს
მზის მოთაყვანე შენი მკვდრების უცნაურ ნაწერს...
ფეხქვეშ გამდნარი ქვის ცხოვრების გამოცდილებით,
მისი სურვილით და მის ჯიბრზე უფრო ჯიუტად,
შენი გამჩენი მდედრით და მამრით,
სასომიხდილი, სასომიხდილი, სასომიხდილი,
ნეტავი როდის დაგიდგება კვლავ მწვანე დარი?
სადიდებელი რიგით მარტიროსიანს
*
რიგითო მარტიროსიან, მრდო, ძმაო,
დღეს სამსახურის, ოჯახური ვახშმის,
ბავშვების დაძინების, სერიალის მერე,
დიდსულოვნად ვცადე დროის გამონახვა,
ვორდის ახალი დოკის გახსნა,
საყვარელი ფონტის შერჩევა,
რომ შენს სიკვდილზე დამეწერა
ეს პოსტმოდერნული, გაუპრანჭავი,
მედიდური სადიდებელი.
რიგითო მარტიროსიან, მრდო, ძმაო,
ერთხელ ხომ დავწერე შენი სახელი,
ახლა ყოველ ხუთ სტროფში ერთხელ,
კალენდარულ დღესასწაულში ერთხელ
ყოველ აღლუმში ერთხელ
დანარჩენი ძმების სიკვდილში
ერთხელ,
შემიძლია დავაკოპიპეისტო,
სათქმელი რომ არ გამეწელოს.
ერთბაშად მოვჭრი,
რომ შენი შესაფერისი გლოვისთვის
უამრავი ჰეშთეგია სადარაჯოზე
ვთქვათ – #სამშობლო# ვთქვათ– სამშობლო, ჯარისკაცი, ნორჩი, სამსხვერპლო, გმირი, სასიქადულო, ქედს ვიხრი, ისინი დაეცნენ, რომ ჩვენ, ისინი აღარ არიან, რომ ჩვენ მათი სახელი ჩვენ, ერთბაშად მოვჭრი, რომ შენი გლოვისთვის დაამტკიცეს ზუსტი წესდება, და დროებითი კომისია დაარსდა და ჯერ არ დაშლილა, თანამშრომელი სრულ განაკვეთზე სათანადო დროს გაჩუმდება და ცრემლებს დაღვრის.
რიგითო მარტიროსიან, მრდო, ძმაო,
შენი სიკვდილის გასამართლებლად
გავიხსენეთ ეპიკური პრეცედენტები,
ჯერ შენი ნისლიანი წინაპრების ხელით ამ ქვებზე დაყრილი
და ჩუმად მპოსტავთა ენებზე შხამის ლოკვისგან დაშაშრული
შეთქმულების სიამოვნება
და ამ ცინიკური ამბების ნაკადში
მშიშარა სნობებისთვის,
სულ ზევით, ზევით ასქროლვით
შენი წაშლის, დავიწყების მახრჩობელა.
რიგითო მარტიროსიან, მრდო, ძმაო,
შენ არ იცი,
მაგრამ შენი სიკვდილი უბნის სახლმართველობიდან
გაეროს ნიუიორკულ ოფისამდე მოძრაობის პოტენციალს ქმნის ამ ვეებერთელა სამყაროსთვის
– ერთი ამბობს, არ შეიძლება, რომ სამოთხე არ არსებობდეს,
წინააღმდეგ შემთხვევაში, სად განისვენებს ჩვენი ძმა-გმირი,
მეორე ამბობს – ვერ მოვისვენებ, სანამ არ დავლევ მაგ ბოზიშვილი თურქის სისხლს,
მესამე ამბობს – მე ამირჩიეთ და არსებითად შევამცირებ სიკვდილიანობის შემთხვევებს ახალწვეულთა შორის,
მეოთხე ამბობს -აჰა, ეს ფული და ააჭრელე ქალაქის კედლები მშვიდობის და ტოლერანტობის მომწოდებელი არტ-პროექტებით,
კიდევ სხვა ამბობს - ეს სომხური გენის გამარჯვებაა,
ჩვენ ასეთმა თავგანწირვამ გადაგვარჩინა
ის ერთი კი არ ამბობს, მაგრამ გულისხმობს
- მანდ ძალიანაც ნუ ფართხალებთ, ჩემი იმპერიის პროვინციაში, თორემ თქვენს ბიჭებსაც, თქვენც იგივე გელით....
ჩვენც არ ვფართხალებთ.
რიგითო მარტიროსიან, მრდო, ძმაო,
ბოდიში, მაგრამ მე და ჩემი ცოლი ძილის წინ და ძილის დროსაც
სულ ვამოწმებთ არარატის ხედს ჩვენი ფანჯრებიდან და
წარმოდგენაში ჩვენი ბიჭების მშვიდ მომავალს ვხედავთ,
სულ სხვა უშარო და ზღვისპირა ქალაქში ვხედავთ,
სადაც ტყვია, რომელმაც შენ გაგფატრა, ვეღარ მოაღწევს,
თუმცა ის მაინც განაგრძობს ფრენას,
თან შენი რაზმის წევრებს გაიყოლებს.
რიგითო მარტიროსიან, მრდო, ძმაო,
შენს სიკვდილთან დაკავშირებით ყველაზე პატიოსანი
ამ ქალწული ჩიტების სევდაა,
რომლებიც შენი სიყვარულის ყვავილების გარეშე დაჭკნებიან,
თავიანთ სიზმრებშიც კი ვერ იგემებენ შენი ბარძაყების თაფლს
და არ დაეცემიან შენი საამაყო შუბით დაჭრილნი.
შენი სახელის ხსენებისას
მათ ტუჩებზე ატმის ყვავილი კვდება,
მათ სიცოცხლე უნდათ, შვილები უნდათ, იპოთეკით სახლი უნდათ, პარიზის საგზურიც
და უნდათ, დატანჯო, ყელში ამოუხვიდე,
შენმა უმწეობამ დაღალოს, მაგრამ
შენი სიკვდილი არ უნდათ, ძმაო.
რიგითო მარტიროსიან, მრდო,
ყველაზე მძიმე დედაშენის გატეხილი გულია,
მისი მზერის ნანგრევებში ფურისულები აღარ აყვავდება,
რაც არ უნდა, სიკვდილის შემდეგ მედლებით აავსონ,
რაც არ უნდა ფული შეაგროვონ შენი სახელით,
უფერო საკლასო ოთახებს შენი სახელი დაარქვან,
რაც არ უნდა მქადაგებელთა კამპანიებში დაატარონ
და ოპერებში გააკონცერტონ,
სულ შვილდაკარგულის, სულ მგლოვიარის, სულ შავოსნის, სულ გმირობადაძალებული,
ჩვენ ისევ ავსქროლავთ და დავივიწყებთ,
მაგრამ შენი შუბლის სიცივე
ყოველთვის დაუწვავს ბაგეებს
– გაღმაა მხრის უდაბურების საშინელი მინიშნებით,
რომ შენ დაგტოვა სამუდამო მარტოობაში.