- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: საბა ლეკვეიშვილი
ხუთი წლის წინ ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ჩემი სამუშაო– ბერნარის კოლეჯში ისტორიის მასწავლებლობა – უსაფრთხო იყო და გათავისუფლება არ მელოდა. მე იქ 4 წლის მანძილზე ვასწავლიდი, გამოვაქვეყნე დისერტაცია ერთ-ერთ მსხვილ გამომცემელთან და გავასამმაგე ისტორიის კურსების პროგრამა. ჩემი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ დაწინაურებას ვიმსახურებდი.
მაგრამ ეს ხდებოდა მანამ, სანამ ჩემი კოლეგები გაიგებდნენ, რას ვასწავლიდი.
მე არასოდეს ვერგებოდი აკადემიურ წრეებს, ნაწილობრივ, ჩემი წარსულის და ნაწილობრივ კი – პიროვნული თვისებების გამო. ასევე, ჩემი იდეების გამოც, იდეებისა, რომლებიც დღეს წიგნის სახით არსებობს - “ამერიკის რენეგატული ისტორია.”
მე გავიზარდე პლანისმწეველი, ნუდისტი, სოციალისტი რევოლუციონერების ოჯახში, ვიყავი ინტელექტუალური მოზარდი, ვიზრდებოდი შავ უბანში, ბერკლისა და ოკლენდში. მერვე კლაში კინაღამ ჩავრჩი და სკოლაც სამიანზე დავამთავრე. სკოლის მერე წავედი ანარქისტულ, ულტრა-ჰიპი ანტიოქიის კოლეჯში, რომელიც ოჰაიოში მდებარეობს. ისინი ყველა აპლიკაციას იღებდნენ, არ წერდნენ ნიშნებს და ისტორიის ფაკულტეტი საერთოდ არ ჰქონდათ.
ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ მოვახერხე აქედან ამოძრომა, შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტში სადოქტოროს დაცვა და ელიტურ კოლეჯში მუშაობის დაწყება, მაინც ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. ძნელია მოსაწევის სამყაროდან აკადემიურში გადასვლა. მეზიზღებოდა “პროფესორობა.” კლასში ვიგინებოდი, ვსაუბრობდი სექსზე, ვიყენებდი არაპოლიტკორექტულ ტერმინებს. ჩემი სტუდენტები მეუბნებოდნენ, რომ აქამდე მსგავსი პროფესორი არ შეხვედრიათ. ისინი “ცუდ ტედს” მეძახდნენ.
მე ვასწავლიდი მათ, რომ ამერიკის რევოლუციის დროს ლოთები, ბოზები და მეკობრეები იყვნენ პიონერები თავისუფლებისა და სიამოვნებისთვის “ბრძოლაში.” მაგალითად, სექსი ქორწინებამდე, რასებს შორის ურთიერთობა, ცეკვა, საყიდლებზე სიარული, განქორწინება და უქმეები. და რომ ამერიკის მამები, დემოკრატიის სახელით, მათ ებრძოდნენ. მე ვამბობდი, რომ თეთრ ამერიკელებს არათუ შურდათ მონების, მათ ამისთვის კარგი მიზეზებიც ჰქონდათ. რადგან მონათა კულტურამ ბევრი ალტერნატივა შემოიტანა პურიტანულ, რეპრესიულ, ვორკოჰოლიკ საზოგადოებაში. მე ვამტკიცებდი, რომ პროსტიტუტებმა, და არა ფემინისტებმა, მოიპოვეს ყველა ის უფლებები რომლებიც ქალებს არ ჰქონდათ. მათ ვუხსნიდი, რომ თეთრმა ამერიკელებმა დაკარგეს რიტმი “კარგ ამერიკელებად” გადაქცევის შემდეგ. წარმოვადგინე დამამტკიცებელი საბუთები, რომ ორგანიზებული დანაშაულის გარეშე არ გვექნებოდა ჯაზი, ჰოლივუდი, ლას ვეგასი, ლეგალური ალკოჰოლი, კონტრაცეპტივები და გეი უფლებები, რადგან მხოლოდ განგსტერები უწყობდნენ ხელს ამ ყველაფერს, მაშინ, როცა რესპექტაბელური ამერიკელები თავს არიდებდნენ.
ეს არ იყო სტანდარტული მემარცხენე-ლიბერალური ხედვა, რომელსაც ჩემი მოსწავლეები იყვნენ მიჩვეული. რაღა თქმა უნდა, არც კონსერვატული პერსპექტივა იყო. ეს ყველაფერი ჩემში გარკვეულმა გამოცდილებამ ჩათესა, რომელიც გამოწვეული იყო ცხოვრების გამავლობაში სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობით, კულტურული რადიკალებისა და ჰიპების, შავი და გეი კულტურების წყალობით დავინახე, თუ რა თვითცენზურა აქვთ დაწესებული “ჩვეულებრივ” ადამიანებს - თეთრ ჰეტეროსექსუალებს. ლიბერტალიანელების გავლენით დავსვი შეკითხვა მემარცხენე თავსუფლების შესახებ.
მე მივეცი სტუდენტებს ისტორია, რომელიც სტრუქტურირებული იყო ყველაზე ძველი პრობლემის გარშემო, პრობლემისა რომელსაც პროფესიონალი ისტორიკოსები ძალიან ხშირად უვლიან გვერდს - კონფლიქტი ინდივიდსა და საზოგადოებას შორის. რასაც ფროიდი უწოდებდა მუდმივ ბრძოლას ცივილიზაციასა და განდგომილებს შორის. კოლეჯის სტუდენტებს, როგორც წესი, ასწავლიან ისტორიას, სადაც მოთხრობილია ბრძოლა კაპიტალისტებსა და მუშებს შორის, თეთრებსა და შავებს შორის, ქალებსა და კაცებს შორის. მაგრამ ისტორია ასევე იქმნება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც პირადი სურვილების ასრულებისთვის იბრძვიან - მორალი ამორალურობის წინააღმდეგ. მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ არსებობდნენ “ცუდი” ადამიანები, რომლებმაც მოიპოვეს ის უფლებები, რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობთ.
ჩემი სტუდენტები შოკირებულები იყვნენ, როდესაც მათ წარმოვუდგინე საბუთები, რომ გარკვეული საკითხების ლიბერალიზაციას არამარტო კონსერვატორები და პურიტანები, არამედ პროგრესისტებიც ებრძოდნენ. რომ ძალიან ბევრი ფემინისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, მუშათა მოძრაობის ლიდერი და გეი უფლებების დამცველი ეწინააღმდეგებოდა ქალების, ემიგრანტების, აფრო-ამერიკელებისა და ა.შ. განთავისუფლებას.
ამ დასკვნებამდე მივედი ჩემით, სწავლისა და მუშაობის პროცესში, პარალელურად კი ვცდილობდი, “ჩამომეგდო” 60-70-იანი წლების ისტორიკოსთა თაობა, რომლებიც “აკონტროლებდნენ” აკადემიურ წრეებს და რომლებმაც მე აღმზარდეს. ისინი გამალებით ცდილობენ, მასების ჰეროიზაციას და ყურადღებას არ აქცევენ იმ ინდივიდუალებს, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებმაც ამერიკის ისტორია და კულტურა შემოატრიალეს. როცა კოლეჯის ადმინისტრაციამ ჩემი ნაშრომების წარმოდგენა მთხოვა, ძალიან ავღელდი. ვიცოდი, რომ ეს კარგად არ დასრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგები მარწმუნებდნენ, ეს უბრალო ფორმალობა იყო და უბრალოდ, ჩემი დაწინაურებისთვის საჭირო პროცესი.
ჩემს გამოსვლას კოლუმბიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორიც დაესწრო, რომელიც ნაციონალურმა ჟურნალებმა აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვან ინტელექტუალად დაასახელეს. მან ზიზღით შემომხედა, ხოლო მისი მეორე კოლეგა დარბაზიდან ისე გავიდა, ბოლომდე არ მომისმინა.
ჩემა ერთ-ერთმა კოლეგამ რამდენიმე შემტევი შეკითხვა დამისვა, მეორემ შემაქო და მითხრა, რომ გამბედავი ვარ და სხვა გამოჩენილი ისტორიკოსები ჩემს ფონზე დინოზავრებად ჩანდნენ.
ამასობაში მოვიდა წერილები “ზემოდან,” მე მითხრეს, რომ ჩემი იდეები იყო “მიუღებელი,” “საშიში,” და “საფრთხის შემცველი.” ისინი ამბობდნენ, რომ ჩემი იდეები აკადემიისთვის მიუღებელია და მოითხოვნდნენ ჩემს გაშვებას.
როცა ბერნარიდან გამიშვეს, ძალიან ბევრმა სტუდენტმა გააპროტესტა ეს ფაქტი, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს ნამდვილად არ არის აკადემიაში ჩემი ადგილი.
ჰოდა, მე დავწერე წიგნი.