• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჰობი, ანუ ინგლისურად სათარგმნელი წერილი

×
ავტორის გვერდი თემურ ჩხეტიანი 00 , 0000 2189


სოფელი ვაჩნაძიანი
10 მარტი, 2003 წელი
 
ძვირფასო ქრისტოფერ!..
მოგესალმებით და გიგზავნით ჩემს ამოცანებს _
კომპოზიციებს ჟურნალისთვის “პრობლემისტ” და,
იმედია, მოგეწონებათ.
ორი მათგანი, რიგით მეორე და მესამე,
ერთს და იმავე თემაზეა _ ორმაგი “ბრისტოლი”.
მიმიხვდებით _ თქვენ თვითონ ხომ ბრისტოლელი ხართ!
 
მე არ ვიცი, მსგავსი სქემები
არის თუ არა ცნობილი დღემდე;
ახალია, თუ უკვე არის ტრივიალური.
თუ ახალია და კარგია,
მოხარული ვიქნები და დაველოდები
თქვენს ჟურნალში პუბლიკაციას.
თუ არა და მომიტევეთ.
კომპიუტერზე შემოწმებაც ვერ მიხერხდება _
სოფელში ვცხოვრობ და ვმუშაობ მე ლამპის შუქზე.
იცით რა არის ლამპა? – არა?!
თუმცა ეს ჩემი პრობლემაა და არა თქვენი.
 
მაინც გეტყვით:
უკვე ათი წელიწადია, 
რაც ლამპის შუქზე ან სანთლის შუქზე
ვატარებ მე საღამოებს. ჩემს სამშობლოში
მეტად მძიმე დროებაა და მტკივნეული
უკმარისობა _ სინათლისა, ხსნა ჯერაც არ ჩანს.
პრობლემები უამრავია. და პირადად მე
გარდა ძველი ინტერესისა,
იქნებ იმიტომ მივყავი ხელი
თხზვას საჭადრაკო ამოცანების,
 რომ ყოველდღიურ და მომქანცველ
სიძნელეთაგან
მომეთქვა სული
ხანდახან და მცირე ხნით მაინც.
თვითთერაპია? თვითირონია? _ თავად განსაჯეთ.
 
თქვენი ნებართვით ვაგრძელებ სიტყვას...
ჩემს ქვეყანაში
“გარდამავალი ეპოქაა” _ ვცდილობთ ავუწყოთ
ფეხი ევროპას და მსოფლიოს.
ვცდილობთ, მაგრამ
არ გამოგვდის _ გვიძნელდება ინტეგრირება;
თანაც, ჩვენი საფიქრალი არი სხვაგვარი,
საპროტესტო მიზეზიც _ სხვაა...
გლობალიზაციის საწინააღმდეგო გამოსვლები
ჯერ კიდევ არ დაგვიწყია.
ან დავიწყებთ კი? _
ჩვენ ისეთი თვითრჯული ხალხი ვართ,
ასე მგონია,
ამ სტიქიასაც როგორმე გადავიტანთ.
თუმცა, რა ვიცი? _
შეიძლება ისეც მოხდეს,
რომ ყველანი მოგვინელოს გლობალიზაციამ.
 
უცნაურად გწერთ. ვაღიარებ და მომიტევეთ.
მინდა ეს ტექსტი... ლექსივით იყოს!..
მინდა, რადგან მე პოეტი ვარ _
დიდი ხანია ლექსებსა ვწერ. ვწერ და ვაქვეყნებ;
მინდა ეს ტექსტიც ლექსივით იყოს,
რაგდან მე ასე მახსოვს ჩვენი თანამედროვე
და მართლაც დიდი პოეტისაგან:
ყველაფერს უნდა პოეზიად
იწოდებოდეს
მახსოვს თუ უფრო მეჩვენება? _
ყველაფერს უნდა... ამ წერილმაც ასე ინდომა!
 
ყველაფერს უნდა პოეზიად იწოდებოდეს.
და ეს ჩვენი გატაცებაც ხომ იმთავითვე
მოინათლა “საჭადრაკო პოეზიად” _ ასე არ არის?
ა. დე მიუსე და ვ. ნაბოკოვი _ შემთხვევითია?
მერწმუნეთ, რომ არ გახლავართ ამბიციური,
არც ოსტატი ვარ, მაგრამ მძინავს მეც აბნეულად.
 
მე ვწერ ქართულად.
ვწერ და თქვენთვის გამოგზავნას თუკი გადავწყვეტ,
ამ ტექსტს ალბათ ვათარგმნინებ ჩემს ერთ მეგობარს _
ახალგაზრდა კაცს, შესანიშნავ პოეტს და მთარგმნელს,
მან რა ხანია ელიოტიც გააქართულა,
ამჟამად კი საქმიანობს ერთ-ერთ სოლიდურ
კომპანიაში, როგორც წამყვანი სპეციალისტი
და დღედაღამ საჭეს უზის...
 
ჰოდა ქრისტოფერ,
თუ გადავწყვიტე, ვათარგმნინებ. გამოგიგზავნით.
მაგრამ უფრო მინდა, რომ ე ს ლექსივით იყოს.
მინდა ლექსად გავასაღო, თვითონაც უნდა, _
ამ ტექსტსაც უნდა პოეზიად იწოდებოდეს.
ერთხელ მეც უნდა გადავიდე მოუკრეფავში;
უნდა გავბედო _ ცოტა ხმას უნდა ავუწიო!..
ამბიციური არ ვარ მეთქი, არც ახლა გჯერათ?!
 
დიახ, მინდა რომ ეს ტექსტი ლექსივით იყოს.
და თითქოს მჯერა, რომ ლექსადვე გამოვაქვეყნებ
ვისაც ვგულისხმობ და ვისთვისაც ვაპირებ ამ 
ხელნაწერის შეთავაზებას
ის რედაქტორი, თვითონ კარგი ლიტერატორი
სიახლისათვის გულგახსნილი კაცია და
ჭადრაკიც უყვარს.
აქვე დავსძენ, რომ წერილი _ ლექსად
არახალი და თამაშივით ოდინდელია.
 
დიახ, ქრისტოფერ,
იმედია, არ მიწყენთ, თუ მე მართლა ასე
მოვიქცევი და არა მკითხავთ:
_კეთილი, მაგრამ ქრისტოფერი რა შუაშია? _
მე თვითონაც ვერ ამიხსნია
ამ წერილის თვითნებობა და ზიგზაგები.
 
ისევ ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ.
ვეღარ ვმუშაობ.
საჭადრაკო მუზა არ მწყალობს
“strategems“-ში და “შვალბე”-ში კი
ნახავთ წელს ჩემს კომპოზიციებს,
მაგრამ სხვაგან აღარ იქნება...
ჰო, კიდევ თქვენთან, თუ კარგი და მისაღებია
ის რაც ვახსენე,
რასაც მართლა გამოგიგზავნით.
 
გთხოვთ, გადასცეთ ჩემგან დიდი პატივისცემა
მისტერ ჯ. რაისს, მისტერ ს. ემერსონს..
მინდა არ მინდა, რალფ უოლდო ემერსონი 
მახსენდება. ეჰ, პოეზია!..
 
.  .  .
 
ლამპაში ალი აპარპალდა. ვდგები. ვასწორებ.
მერე ისევ ვჯდები და ვფიქრობ
(გასაგებია _ფიქრში ხდება ეს ყველაფერი).
საქართველოში ისევ ბნელა. ბნელა, ქრისტოფერ.
ხედავთ, რა მიყო მარტოობამ, მოწყენილობამ?
დრო ნელა გადის და ფიქრში და ისევ თამაშით
იქნებ ჩვენს დიდ მაესტროსთაც შევეხმიანო.
თქვენთან კი ამით ვამთავრებ და გემშვიდობებით;
და უკეთეს დროთა იმედს
ჩემთვისაც ვიტოვებ.
 
P.    .    .
მეტისმეტია, მაგრამ რა ვქნა? _
ამ კონვერტზე დაკრულ მარკებზეც
პოეტები ახატია _
ქ ა რ თ ვ ე ლ ი  დ ა  უ კ რ ა ი ნ ე ლ ი
 
1.      
Christopher Jones _ საჭადრაკო ჟურნალ The problemist-ის (ინგლისი) განყოფილების რედაქტორი.
და არა ქრისტოფერ მარლო (1564-1593), ავტორი პიესისა “დიდი თემურ ლენგი”(!)
2. ბრისტოლი _ქალაქი ინგლისში.
3. თანამედროვე მედიცინაში არსებობს ტერმინი “ჰობითერაპია”.
4. პერიფრაზი ბესიკ ხარანაულოს სტრიქონისა:
“ყველაფერს უნდა სიყვარულად
იწოდებოდეს”.
5. საჭადრაკო კომპოზიციაში ცნობილია ე.წ. “მიუსეს შამათი”.
6. “ლოლიტასა” და ლუჟინის დაცვის” ავტორი პოეტი და საჭადრაკო პრობლემისტიც
გახლდათ.
7. მინიშნება პაოლო იაშვილის სტრიქონებზე:
“არავის არ სძინავს ისე აბნეულად,
როგორც რომ ლექსის და ჭადრაკის ოსტატებს”.
8.
იგულისხმება ზვიად რატიანი.
9. ტ. ს. ელიოტის პოემის “უნაყოფო მიწა” II ნაწილის სათაური “ჭადრაკის თამაში”
10. იგულისხმება როსტომ ჩხეიძე.
11. “StrateGems” (აშშ);
12. ”Die Schwalbe” (გერმანია) _საჭადრაკო ჟურნალები.
13.  John Rice   - “The problemist”-ის მთავარი
რედაქტორი              
14. Dr Stefen Emmerson - ამავე ჟურნალის  “ზღაპრული კომპოზიციების” განყოფილების რედაქტორი.
15. იგულისხმება დიდოსტატი დავით გურგენიძე _ მსოფლიო ჩემპიონი საჭადრაკო
ეტიუდებში.
16. აკაკი წერეთელი და ტარას შევჩენკო.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული