• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ჟან ბოდრიარი – საფრანგეთი მხოლოდ ქვეყანაა, ამერიკა – ეს კონცეფციაა

×
ავტორის გვერდი demo.ge 00 , 0000 3365

თარგმანი: პაატა შამუგია

 

შეგიძლიათ გაგვარკვიოთ, რაში გამოიხატება საფრანგეთის უმცირესობის დაპირისპირება დანარჩენ ფრანგებთან? 

ეს სიტუაცია თანდათან უარესდება. საფრანგეთს ბევრი არაფერი გაუკეთებია მუსლიმთა ინტეგრაციისთვის და ეს გახლეჩა უფროდაუფრო თვალშისაცემი ხდება. ჩვენი, როგორც ქვეყნის, იდენტობის ორგანული გრძნობა გახლეჩილია.

იქნებ გარდაუვალი იყო ეს ყველაფერი? ბევრი ჩვენგანი გაოცებული იყო, როცა საფრანგეთის ხელისუფლებამ საჯარო დაწესებულებებში ჩადრის ტარება აკრძალა. 

აი, მაგალითად, ამერიკას იმიგრაციის გაცილებით დიდი ისტორია აქვს. ის შედგება ეთნიკური კომუნებისგან. და მათ თანაბრად აქვთ შანსი, კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს. ამერიკა მაინც ამერიკაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი ამერიკელიც რომ არ იყოს, ამერიკა მაინც იქნება. საფრანგეთი მხოლოდ ქვეყანაა, ამერიკა – ეს კონცეფციაა. 

ანუ რის თქმა გსურთ: ამერიკა დემოკრატიის იდეალია? 

არა, ძალაუფლების სიმულაცია. 

76 წლის ასაკშიც კი არ ეშვებით თქვენს მსოფლიოში ცნობილ თეორიას „მოდელირებისა“ და „სიმულაკრის“ შესახებ, რომელიც გვაფრთხილებს, რომ მედიასაშუალებები გაცილებით დამაჯერებლები და რეალურები გახდნენ, ვიდრე თავად რეალობაა. 

ჩვენი ფასეულობები მოდელირებულია (სიმულირებული). რა არის მშვიდობა? ჩვენ გვაქვს არჩევანი ერთ მანქანასა და სხვა მანქანას შორის. ეს არჩევნის სიმულაციაა. 

ესე იგი, თქვენ არ ფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა ერაყი მშვიდობის დასამყარებლად დაიპყრო? 

მთავარია, სამყარო ჩავრთოთ იმ მასკარადისა და პაროდიის ველში, რაშიც ჩვენ ვართ, ჩავრთოთ სიმულაციაში და ყველაფერს შევძლებთ. ეს თამაშია. 

როდესაც თქვენ ამბობთ „ჩვენ“–ს, ვის გულისხმობთ? თქვენს ახალ წიგნში „ხელოვნების შეთქმულება“, ვერ ეგუებით თქვენს ქვეყანას. 

საფრანგეთი არის ამერიკული კულტურის შუალედური პროდუქტი. დღეს ყველას ასე ვართ. ჩვენ, ყველა, გლობალიზებული ვართ. როცა ჟაკ შირაკმა ბუშს უარი უთხრა ერაყში ომზე, ეს უარი თითქოს პროტესტი იყო, მაგრამ ეს მცდარი აზრია. საფრანგეთში არანაირი პროტესტი არ არსებობს.  

ჩვენ ომის წინააღმდეგ გამოვდივართ, რადგან ეს არაა „ჩვენი“ ომი. მაგრამ ზუსტად იგივე ხდებოდა ალჟირში. ამერიკამ ჯარისკაცები არ დაგვახმარა, როცა ალჟირში ვიბრძოდით. საფრანგეთი და ამერიკა, ამ მხრივ, ერთ განზომილებაში არიან. 

რა არის იმის მიზეზი, რომ ხალხი ასე დაიღალა ფრანგი ინტელექტუალებით? 

ფრანგი ინტელექტუალები აღარ არსებობენ. ის, რასაც თქვენ ფრანგ ინტელექტუალს უწოდებთ, მედიამ კარგა ხნის წინ გაანადგურა. ე.წ. ფრანგი ინტელექტუალები  კი საუბრობენ ტელევიზიით, საუბრობენ პრესით და არასდროს საუბრობენ ერთმანეთთან. 

და ამერიკაში არიან ინტელექტუალები? 

ჩვენებიდან ინტელექტუალებს ვუწოდებდი სუზან სონტაგს და ნოამ ჩომსკის. მაგრამ ეს ფრანგული შოვინიზმია. ჩვენ, საერთოდ, მარტო ჩვენსას ვითვლით ხოლმე. ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, რაც გარედან შემოდის. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვუკრავთ კვერს. 

მეგობრობდით სუზან სონტაგთან? 

დროდადრო ვსაუბრობდით ერთმანეთთან, მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის   ამაზრზენი გახდა. მახსოვს, მოვიდა ტორონტოში, კონფერენციაზე და სასტიკად დაიბოღმა, როცა ვთქვი, რომ რეალობა არ არსებობს. 

კითხულობთ ამერიკელ მწერლებს? 

დიახ. უამრავს. აპდაიკი, ფილიპ როთი, ტრუმენ კეპოტი... საერთოდაც, ამერიკული პროზა მირჩევნია ფრანგულს. 

 ფრანგული პროზა ე.წ. ფრანგული თეორიის მსხვერპლი ხომ არ გახდა? 

სამწუხაროდ, ფრანგულ პროზას „ფრანგული თეორია“ აღარ სჭირდება სიკვდილისთვის, ის სიკვდილს დამოუკიდებლადაც ახერხებს. 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული