„ჩვენ, ხელისმომწერნი, მხარს ვუჭერთ ყველა არტისტისა და მწერლის გამოხატვის თავისუფლებას და მკაცრად მოვითხოვთ [ინდოეთის] ხელისუფლებისგან, გადახედოს „სატანური ლექსების“ 23-წლიანი აკრძალვის ფაქტს.“ – ასე იწყება პეტიცია, რომელიც ცნობილი მწერლის, სალმან რაშდის წიგნის აკრძალვის გამო
შეადგინეს მწერლებმა. პეტიციის ლინკს ქვემოთ დავდებთ, მანამ კი ორი დღის წინ მომხდარ ამბავზე გიამბობთ (რომელიც მთელ მსოფლიო მედიაში აქტიურად გაშუქდა, გარდა ქართულისა).
რამდენიმე დღის წინ ჩატარდა
აზიის უდიდესი ლიტერატურული ფესტივალი, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო სალმან რაშდი. თუმცა, დიდი ბრიტანეთის უშიშროებამ მალევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაშდის ინდოეთში ჩასვლის შემთხვევაში, მას მუსლიმი ტერორისტები მოკლავდნენ. ამის გამო ავტორი აღარ ჩავიდა ინდოეთში, სადაც მისი წიგნი დღემდე აკრძალულია.
1989 წელს, „სატანური ლექსების“ გამოსვლის შემდეგ, სალმან რაშდის მუსლიმთა სულიერმა ლიდერმა ე.წ. ფატვა გამოუცხადა. რომანს, ცხადია, სატანიზმთან არაფერი აქვს საერთო, თუმცა ყურანის ინტერპრეტაციის გამო ავტორს დღემდე მოკვლით ემუქრებიან მუსლიმი ფუნდამენტალისტები და ამიტომაც პირადი დაცვის გარეშე ვერსად დადის. ამ წიგნის იაპონურ ენაზე მთარგმნელი ტერორისტებმა მალევე მოკლეს, ფრანგულად მთარგმნელს თავს დაესხნენ, თუმცა გადარჩა.
რაკი თავად რაშდი ვეღარ ჩამოვიდა, ბრიტანელმა მწერალმა, ჰარი კუნზრუმ, პროტესტის ნიშნად ფესტივალზევე წაიკითხა ნაწყვეტები „სატანური ლექსებიდან“, რაც საკმაოდ გაბედული და საშიში ნაბიჯი იყო. როგორც დასავლურ პრესაში აღნიშნავენ, ამის შემდეგ შეიძლება ისიც იქცეს ტერორისტების სამიზნედ. კუნზრუს აკრძალული წიგნის წაკითხვის გამო, ინდური კანონმდებლობით, დაპატიმრება ემუქრებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ინდოეთის ხელისუფლებამ ვეღარ გარისკა ცნობილი მწერლის დაპატიმრება.
ვისაც გსურთ, მხარი დაუჭიროთ (ლიტერატურული) სიტყვის თავისუფლებას,
შეავსეთ პეტიცია ამ ლინკზე. თითოეული თქვენგანის ხელმოწერა მნიშვნელოვანია.
პეტიცია შეადგინეს ინდოელმა მწერლებმა და მათ სოლიდარობას უცხადებენ მწერლები და მკითხველები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან.
არტ-პორტალი DEMO.GE