I
მე თმები ათას ნისკარტად მექცა,
სიზმრებს რომ კენკავს ბალიშიდან
და ყოველი მომდევნო ძილი
თავზე ჭერივით გადმომყურებს.
და ტუჩების კუთხეებიდან
ტყვიებივით ვისვრი ღიმილ(ებ)ს,
დანაღმულია ჩემი კბილები,
და შენი ენა სახიფათოდ მოძრაობს მათში,
მე ვიღვიძებ
და ასეთ დროს შემიძლია,
სიყვარული შევასრულო, როგორც ლოცვა,
როგორც მკვლელობა რამდენიმე ათას დოლარად.
II
მე და ჩემი ტილები საერთო სიზმარს ვხედავთ.
III
ჩემი წიგნიდან სიტყვები გაიქცნენ
და იქცნენ დორბლიან ქოფაკებად
მე ვცდილობ მოვიგერიო
და ვიღებ ჩემს უსიტყვებო წიგნს
და იატაგანივით ვიქნევ და ვიქნევ
მაგრამ არ ეშინიათ ამ ავტორძაღლებს
ისევ მიტევენ
აი, ჩემი შიში ეშვის ფორმას იღებს
და ერთ–ერთი ქოფაკის ვულკანივით გახსნილ ხახაში სახლდება
სხვა გზა არ არის (გადარჩენა საეჭვო ხდება)
მე ჩრდილს ვიკეცავ იღლიებში და გავრბივარ ქარივით სწრაფად
და ტრაკსუკან კუდივით მივიქნევ
ქოფაკების ამაზრზენ ხრიალს,
მაგრამ ვიღლები
ზურგზე ვახტები წიგნს, სიტყვების გარეშე დარჩენილს,
და მუშტს ვუქნევ არშიებში
და ისიც იწყებს ყდების ტყლაშუნს
და მიფრინავს და მიითრევს ჩემს გამხმარ სხეულს...
ჩემი კანის ფორებში სახლობენ ჩემი მეგობრები
და როცა წიგნი ფრენისგან გადაიღლება
და ყდებს უიმედოდ ჩამოუშვებს
ცერა თითებით ვაწვები კანის ზედაპირს
ვირწყავ მეგობრებს
და წიგნს ვაპურებ.
ფრენა გრძელდება.
IV
ჩვენ ვამბობთ, რომ
ინფორმაცია - ეს არის საგანთა ჭვრეტა,
ცოდნა კი – საგანთა ფლობა.
ჩვენ ვამბობთ, რომ
მათ შორის ზღვარი მცირე არის,
მაგრამ – არსებითი.
ჩვენ ვამბობთ, რომ
ინფორმირებული – ესაა ვიზიონერი,
მცოდნე კი – მისიონერი
და მისი ცოდნა გაედინება,
და ავსებს არმცოდნეთა არცოდნას
ჩვენ ვამბობთ, რომ
ეს ნამდვილად ასე არის.
და ვამატებთ, რომ
უკიდურეს შემთხვევაში,
ეს შეიძლება ასე იყოს.
V
სიცხესიცხესიცხე
აივნების რიკულებიდან
კატა მოწვეთავს
ხეებზე ადესასავით გასული ბავშვები
ქარებს იჭერენ ენის წვერებით.
ომიომიომი
ვის ესმის ჩვენი უმწეო ფხაჭუნი
ყოფიერების კარზე?
ვის ესმის ჩვენი გაბმული ყეფა
ეზოს მიღმიდან?
აქა ვდგავარ და სხვანაირადაც ძალმიძს
მაგრამ მაინც ჯიუტად ვიდგები,
სანამ აპლოდისმენტებს ქვებივით არ დამიშენენ,
და ძუკნასავით არ დამაგორებენ
საკუთარი სიბრიყვის მწვერვალებიდან.
სიტყვებს მივკვალავ და ქარებს მივკვალავ.
VI
სანამ სახლიდან გამოვალ,
სარკის წინ ვდგები
და მონდომებით ვივარცხნი ფიქრებს
უხერხულია გარეთ გასვლა
მოუწესრიგებელი და აბურდული ფიქრებით.
რას იტყვიან მეზობლები, გამვლელები, ნაცნობები!
მე წესიერი ადამიანი ვარ.
VII
მე ქაღალდის კაცი ვარ
ქაღალდისაა ჩემი ნერვები,
და როცა მშლიან მკითხველები, ნერვებზე მშლიან.
მე ქაღალდის კაცი ვარ.
VIII
ჩემი ყველაზე მოწესრიგებული სიზმრების გმირო
გამიღე კარი,
წამოკრიფე ჩემი ჩრდილი
ტროტუარიდან
და მიხავლე სიზმარშიდა საგალობელი
მე – ამაყსა და ალალსა და გაუმართლებელს,
გაუგებარსა და დაკარგულს,
ყოველდღიურობის მყიფე რუტინაში ჩაძირულს,
რომ შემეძლოს, დილიდანვე
მხნედ წამოვკრიფო კიდურები
და ამაყად აღვმართო სიმღერა,
როგორც ცათამბჯენი,
როგორც ორი ცათამბჯენი.
IX
ქარი – ჩიტების ფიქრი –
ღრიჭოებიდან მოძვრება
მე ვფიქრობ ჩიტების ფიქრზე.
X
ეთიკურობის ჩრდილში ირწევა
მისი ყოველი სიტყვა და აზრი
მე ყოველთვის მესმოდა მისი.
XI
მე ვხუმრობ სიკვდილის შესახებ,
რადგან მეშინია.
მეშინია სადმე არ მიმაძაღლონ,
მიუდგომელ ადგილას, სიბნელეში.
სიბნელის კი ყველაზე მეტად მეშინია.
ჩემი შიშები იზრდებიან,
კაცდებიან, მაჯები უმსხვილდებათ,
კოპები ეკვრებათ და მუშტებს მიღერებენ,
და ასეთ დროს ლექსებს ვწერ.
XII
მე დავწერე ლექსი
და კალამი უჯრაში ჩავდე,
როგორც მოგებიანი ინვესტიცია
XIII
წაკითხულის გამეორება:
ვენი ვიცი
ვიდიც ვიცი
ვიცი ხომ ვიცი და ვიცი.