- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
არააუცილებელი განმარტება ავტორისაგან
„უპირატესობა“, სინამდვილეში, ძველი ამბის შესახებ დაწერილი ახალი ამბავია. ათი თავი და ათი პატარა ამბავი ერთი გრძელი ამბის შესახებ. წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთდროული და უწესრიგო მონაწილეობით, ნაცნობი დეკორაციებით, ისტორიებითა და განწყობებით. დავარქვათ მას მეტაამბავი. მოკლედ, ესაა საბჭოთა დღიური. თითქმის ასეც ერქვა თავიდან: “პოსტსაბჭოთა დღიური”. სტეინბეკის “რუსული დღიურივით” (ალუზიები სხვა მწერლებისაც ბლომად არის). მერე, რატომღაც, სახელი გადავარქვი და ასე შერჩა „უპირატესობა“, ჩვენს დროში ტექსტს ერთი უპირატესობა მაინც უნდა ჰქონდეს.
თბილისი 2011 წელი. წიგნიდან „უპირატესობა“
უპირატესობა
„როცა მოწყენილი ვარ, წვიმს.“
ოდენი
მათ დათესეს ქარი ჩემს წარბებს შორის
და როცა კოპებს ვკრავ,
ხეები ფესვებიდან ამორბიან,
კორპუსები იწელებიან
და ადამიანები ცაში მიფრინავენ,
ხმას ვიმაღლებ და ჩემი კივილი
ფანჯრებში უხტება მძინარე მოქალაქეებს
და უშოლტავს ნებიერ სიზმრებს.
დიდია ჩემი მრისხანება,
უფრო დიდი,
ვიდრე დუმილი,
ვიდრე სიდჰართას დუმილი და კრავთა დუმილი,
ვიდრე დუმილი ზოგადად და, კერძოდ, დუმილი
დღეს მკაცრი ვარ და საქმიანი, როგორც ბურჟუა
და ამორბიან მკვდრები საფლავებიდან
და სერავენ სტრატოსფეროს
გალაკტიონი, გროსმანი და შოთა გაგარინი.
სიკვდილი, როგორც უპირატესობა...
I
„დღეს უსაფრთხო ვარ“.
პ. შამუგია “ლოკალურის ძალადობა”
გაიქეცი! _ მიყვირიან ისინი
მათი მნიშვნელობები მოქნილია,
როგორც ტკივილი,
და კონკრეტული, როგორც შუქნიშანი
და ყოველ მათგანს აქვს საკუთარი მრავალი სახე,
რომელიც ჩემი მრავალი თვალით დავიმახსოვრე.
და როცა
ჩემი შიში ჩემზე დიდი ხდება
და სანქცირებულ სიზმრებს ვხედავ,
და ქარს ვხედავ ხეების თავზე,
ისინი მოდიან და მათი მრავალი სახიდან
გადმოსული მრავალი ღიმილი
სახეზე მეყრება
და აღვიძებს ჩემს ხსოვნას ღმერთზე,
რომლის სახელიც გადამავიწყდა
და ყველა ჩემი მისდამი წერილი
მისდის მავან სკლეროტიკ ბებერს,
რომელიც თავის ჯვარცმულ შვილზე
მწერს ბანალურ ისტორიებს.
გაიქეცი! _ მაჯანჯღარებენ.
ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დამთავრდეს
ეს სრულიად ბანალური დრამა.
და აი, გავრბივარ
და ყველგან, სადაც ჩემი ჩრდილი შეაღწევს,
მხვდებიან სხვები,
თითქმის სხვები
და უფრო სხვები
და უკიდურესად კონკრეტული ნივთები
და ხორკლიანი მოგონებები,
რომლებიც ჩემმა სხეულმა დაიმახსოვრა
და შემხვედრ სხეულებს უნაწილებს,
როგორც გამოსავალს.
მე გავაუქმე ყველა ჩემი მნიშვნელობა
და არც ერთი ჩემგანი აღარ არის ასე საშიში.
დღეს უსაფრთხო ვარ,
როგორც მკვდარი მოწმე,
როგორც უშნო შედარება.
II
ოდესღაც 6 წლისა ვიყავი
თანაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი ექვსის,
უბრალოდ, ასე გადავწყვიტე.
ახლა კი თითქმის ჩემხელა ვარ
და დუმილიც შევისწავლე.
III
განა რა არის უფრო დემაგოგიური, ვიდრე დუმილი!
შენ დგახარ ბართან, სავარაუდოდ, ქმართან ერთად,
ვისკის წრუპავ
და ჩუმად ხარ
და თვალებით მეკითხები: „როგორა ხარ?“
და მე თვალებით გპასუხობ:
„რა ვიცი, არა მიშავს, ბოლო დროს სიცხე მქონდა,
ამიტომ მაქვს თვალები ჩაშავებული,
თორემ, საერთოდ, ცისფერი თვალები მაქვს.
მგონი, ვირუსი ავიკიდე,
მაგრამ ნუ გეშინია,
გადამდები არ უნდა იყოს.
აი, ფერარი
ჩემი ფერარი.
ჩემი წითელი ლურჯა.
საერთოდაც, ლურჯა ალბათ ლურჯი უნდა იყოს,
მაგრამ ჩემი წითელია,
არის ჩემში რაღაც ფროიდისეული.
ჰაჰა, ხომ არ გვეჟიმავა?
ხედავ, როგორი სიმპათიური ვარ?
გოგოები დომინოს პრინციპით ეცემიან ჩემზე,
და საერთოდაც, ნიჭიერიც ვარ,
დღეს ისეთი ლექსი დავწერე,
უეჭველად ნობელს ავიღებ.“
შენ თვალებითვე მეუბნები: 895 92 15 27.
***
ის, ვინც დუმილი აქცია უპირატესობად,
ის, ვინც დუმილი გაიხადა საუბრის თემად,
ის, ვინც დუმილი გაიხადა
და მეტყველი სიბრძნე შეიმოსა,
ის, ვინც დუმილი აქცია იარაღად
და გადაცხრილა მოსაუბრეები...
ზურგის ქარი არ შეებჯინება მის იალქნებს
და ვერც დიდხანს იცოცხლებს
და სადარბაზოს ბნელ კუთხეში გასძვრება სული,
საკუთარ სისხლში ამოვლებულს,
არ არის ამაში საგანთა ლოგიკა,
მაგრამ არის ყოფითი პრაქტიკა,
რომელიც სწორედ ასეთია,
ჩვეულებრივი და ანონიმური,
როგორც სიკვდილი სადარბაზოს ბნელ კუთხეში.
მით უმეტეს, რომ
ეს ერთხელ უკვე იყო.
IV
„აცადენ მკუდარნი დაფლვად თუისთა მკუდართა.“
მათე 8.22, ლუკა 9.60
„ხოლო ცოცხლებმა ამომარხონ თავიანთი ცოცხლები
ამოყარონ საფლავებიდან
და გზა დაუთმონ
ახალ ცოცხალთა საძვალეებს.“ _
ყვირიან ისინი
და მალაყებს გადადიან
და ჯვარს აკრავენ პირველსავე შემხვედრ ხეიბარს
აი, შეხედე, მათი სახე... ეს... მათი სახე
ღიმილითაა დანაღმული
და, სადაცაა, აფეთქდება
და მათი სახის თითოეული ნაკვთი
სახეზე შემოგვეყრება,
როგორც პარპრიზის ნამსხვრევები,
როგორც ბავშვობის მოგონებები,
როგორც ბაბუაწვერებიანი ქარი,
როგორც ბაბუას ფერფლი.
ჰო, ბაბუა...
ეს ისაა, ვინც დუმილი გაიხადა საუბრის თემად,
და სადარბაზოს ბნელ კუთხეში გასძვრა სული,
საკუთარ სისხლში ამოვლებულს.
მას არ ჰქონდა უპირატესობები,
მას ჰქონდა ტკივილები წელის არეში.
და გაქცევის სამი მცდელობა.
V
გრამატიკის გაკვეთილი პროტაგონისტისთვის
I სერია
1. აწმყო _ ამხანაგ მამას ასახლებენ მიუდგომელ სიცივეში
2. უწყვეტელი _ ამხანაგ მამას ასახლებდნენ მიუდგომელ
სიცივეში
3. აწმყოს კავშირებითი _ ამხანაგ მამას ასახლებდნენ
მიუდგომელ სიცივეში
4. მყოფადი _ ამხანაგ მამას გადაასახლებენ მიუდგომელ
სიცივეში
5. ხოლმეობითი _ ამხანაგ მამას გადაასახლებდნენ მიუდგომელ
სიცივეში
6. მყოფადის კავშირებითი _ ამხანაგ მამას გადაასახლებდნენ
მიუდგომელ სიცივეში
II სერია
წყვეტილი _ ამხანაგი მამა გადაასახლეს მიუდგომელ სიცივეში
II კავშირებითი _ ამხანაგი მამა გადაასახლონ მიუდგომელ
სიცივეში
III სერია
I თურმეობითი _ ამხანაგი მამა გადაუსახლებიათ მიუდგომელ
სიცივეში
II თურმეობითი _ ამხანაგი მამა გადაესახლებინათ მიუდგომელ
სიცივეში
III კავშირებითი _ ამხანაგი მამა გადაესახლებინოთ მიუდგომელ
სიცივეში
VI
რეალობა ანონიმურია,
როგორც სხვის ომში მკვდარი,
როგორც, ზოგადად, მკვდარი.
გადი მდინარესთან.
ადრე თუ გვიან
მტერს თუ არა, ოქროს თევზს მაინც ჩამოატარებს.
და ქვირითის სუნით დატენილი ტალღიდან
ამოიღე ის, რაც შენია.
ბოლოსდაბოლოს, ჩვენს დროში
ყველას უნდა ჰყავდეს
პირადი ოქროს თევზი.
რეალობა ანონიმურია
და მისი გასაღები დევს ვეშაპის ხახაში,
ჩაყავი ხელი,
ამოიღე ის, რაც გეკუთვნის,
აი, შეხედე მებადურებს,
მათ ოქროს თევზი ჯერ ვერ იპოვეს,
და დგანან ასე სიცივისგან დაკუჭულები,
მათი კანი ჰიროსიმაზე დამსკდარია,
მათი თვალები მკვდრისაზე ცივია,
მათი ღიმილი 25-ე კადრია,
უხილავად რომ აუდით სიფათზე.
და ისე გულმოდგინედ და საქმიანად ახველებენ,
თითქოს საკუთარი სხეულები გადასცდათ ყელში
და ცდილობენ, ამოახველონ
თავიანთი დამსკდარი და დაყინული
ქვირითისსუნიანი სხეულები,
რომლებმაც ყველა ბიოლოგიური ფუნქცია დატოვეს
და მხოლოდ სივრცულ ფაქტურად იქცნენ
კაფანდარა ფიქრებისათვის.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
აი, ღამეა,
პენსიონერი ღმერთი გამოდის
და ვარსკვლავებს სათითაოდ აჭედებს ცაზე.
და მოლოდინი ხდება უფრო დაძაბული
და ისტერია – შესამჩნევი.
მდინარეს კი მხოლოდ მტრების გვამები მოაქვს,
სად არიან ოქროს თევზები?!
VII
„Сквозь грозы сияло нам солнце свободы“
სსრკ-ის ჰიმნიდან
აი ეს თევზისთვალება კაცი
დიდი ხნის წინ გარდაიცვალა,
შორეულ და მიუდგომელ სიცივეში გარდაიცვალა.
ახლა ის ჩემს კორპუსში ცხოვრობს,
აქ გადმოსახლდა და ხანდახან
აივანზე მორაკუნდება
და, აიფონმომარჯვებული,
მუსიკას უსმენს
ან ლექსს პრუტუნებს... ვეჭვობ, თავისას.
სახე კი არა, ლექსიკონი აქვს,
სადაც წვრილად განიმარტება
მისი ცხოვრების რომელიღაც ეპიზოდები
ვთქვათ, ფრივოლური ეპიზოდები
ან რაინდული (იყო მაშინ ასეთი რამეც) ეპიზოდები
და პატარა ღაბაბი – მისი სახის უსაფრთხო სქოლიო –
სასაცილოდ ცახცახებს, როცა იცინის.
მაგრამ ის არასდროს იცინის
და მით უმეტეს, არ იცინის, როცა საუბრობს
და არც საუბრობს, კაცმა რომ თქვას,
თუ არ ჩავთვლით ერთ შემთხვევას,
როცა, საბედნიეროდ, მუცელი ასტკივდა
და მონელების მიზნით ამბები ამოარწყია,
როგორც შხამიანი სოკოები:
უნდა გვესმოდეს ზოგიერთი რამ,
კერძოდ კი, ყველაფერი.
უნდა გვესმოდეს, რომ
ზოგიერთი ჩვენგან გასული სიტყვა
ჩვენზე ჭკვიანია,
ჩვენზე ძლიერია
და მოქნეულ სილასაც ჩვენზე მარჯვედ იგერიებს.
უნდა გვესმოდეს ზოგიერთი რამ,
კერძოდ კი, ყველაფერი.
უნდა გვესმოდეს, რომ
ვინც მადლი ქნა და ქვაზე დადო,
გამოიარა და წინ დახვდა... ქვა.
და არა ერთი
და არა ორი
და მით უმეტეს, ღმერთო ჩემო, არა ასი ქვა,
არამედ დახვდა, რომ იტყვიან, ქვების გორები,
მისი სახისკენ ოსტატურად დამიზნებული...
ბოლოს ერთ-ერთმა ხელებიც კი გადაიბანა.
უნდა გვესმოდეს ზოგიერთი რამ,
კერძოდ კი, ყველაფერი.
უნდა გვესმოდეს,
რომ პოეზია
საგნებისთვის ადგილის შეცვლაა
და მეტი არაფერი მოეთხოვება.
და როცა მეტს ვთხოვთ,
ხდება კიდეც უფრო მეტი,
მაგრამ – უფრო ნაკლები, ვიდრე პოეზია.
ამიტომაც უნდა გვესმოდეს ზოგიერთი რამ,
კერძოდ კი, ყველაფერი.
უნდა გვესმოდეს, რომ პირველად იყო შიში.
გაურკვეველი და უცხო და მოულოდნელი,
როგორც მწუხარე მანეკენები,
გამოდგმული ვერცხლისფერი ვიტრინებიდან
და ციდან თოვდნენ წითელი მგლები,
წითელენაგამოგდებული
და თოვდნენ და თოვდნენ და თოვდნენ მგლები
და მშიერი იყო მათი თვალები
და მშიერი იყო მათი მუცელი
და მშიერი იყო მათი კანის ყველა უჯრედი
და დიდი იყო ჩვენი შიში
უფრო დიდი, ვიდრე ჩვენ ვიყავით.
და ვაძლიეთ მომავალი, როგორც ბეგარა,
რადგან ქალაქი დაიფარა მგლების ლორწოთი
და მწუხარე სახეებით დავაბიჯებდით
ამ ლორწოვან მდინარეებში,
რომელიც წელვით გვივარდებოდა სახლებსა და ლოგინებში
და შორეულ სიცივეში გასახლებით გვემუქრებოდა
და იყო შიში.
ამიტომაც უნდა გვესმოდეს ზოგიერთი რამ,
კერძოდ კი, ყველაფერი.
უნდა გვესმოდეს, რომ წარსული აქვეა,
ჩვენს კისერზე დაღირებული
და წითელი მგლებიც აქვე არიან,
და თოვენ და თოვენ და თოვენ
და მათი ლორწოვანი ენები
ალყასავით ერტყმიან ქალაქს
და ახალი და დროული და მყიფე სამყაროს
შექმნა ძნელდება,
და რომც შეიქმნას
როგორ უნდა უმღერო ამ ახალ სამყაროს,
როცა ჩლიქებიც კი არა გაქვს
და შენი ენაც საკმაოზე მეტად ჩლუნგია
იმისათვის, რომ სატირა მოიგდო?!
ამიტომაც უნდა გვესმოდეს ზოგიერთი რამ,
კერძოდ კი, ყველაფერი.
VIII
„ვალუტის კურსებს ვისმენ რადიოში“
არნონ გრუნბერგი
ყოველი დღის ეგზეგეზა:
დილა ცხელი ყავით ისხნება
და იხურება ძილზე ფიქრით.
ოქროს თევზები ლომბარდიდან გამორბიან,
მეთევზეები დუმილში დაიმარხნენ
და მათი სამარხებიდან ოქროსფერი ფოსფორი ამოდის
მანქანები პეპლებივით შერბიან გვირაბში,
სადაც ჩემი პოსტსაბჭოთა სიზმარი იწყება.
ერთი მეთევზე, ორი მეთევზე, სამი მეთევზე, ბევრი მეთევზე...
ისინი უკვე ყოველღამე ჩნდებიან სიზმრად,
ოღონდ, რატომღაც, რიცხვებად ქცეულან
და თითოეულს ჰქვია თავისი
უნიკალური რიცხვითი სახელი.
მე მიყვარს რიცხვები, მე მათით ვცოცხლობ.
დიდი ხანია, გადავწყვიტე, რომ
ტელეფონების ცნობარი საუკეთესო პოეზიია,
ხოლო ბუღალტერიის ოფისები
წმიდათაწმიდა ადგილებია,
რომლებიც უნდა მოვილოცოთ
რიცხვითი სათნოებით აღვსილებმა.
ძილის წინ ვისმენ ვალუტის კურსს,
რომელიც ჩვენი საერთო მამის
შუბლივით მაღალია
და სიზმარში ვხედავ ფერად რიცხვუკებს:
ყვითელ ექვსიანს, ლურჯ შვიდიანს, შავ თექვსმეტიანს...
და მეღიმება, რადგან უკვე ბედნიერი ვარ,
და, საერთოდ, ბედნიერება
ჩემი ხალხის პროფესიაა.
მაგრამ რას ცვლის ალეგორია?
სიზმარსაც კი – ვერ.
ხვალინდელი დღე კი ისევე განიმარტება,
როგორც დანარჩენი.
ეგზეგეტიკოსები კალამს ალესავენ
და ყველაფერს ვნახავთ ტელევიზორში.
ჩვენ ვნახავთ ქრისტეს MTV-ზე
და საერთო მამასაც ვნახავთ,
რომელიც ჩვენზე ზრუნვით დაღლილა.
ჩვენ ვნახავთ აწმყოს,
დაკიდებულს სარეცხის თოკზე,
რომელსაც წითელი წყალი ჩამოსდის.
ჩვენ ავაშენებთ ახალ ფაბრიკებს,
და ქარხნების რკინის გულებს ავახმაურებთ
დავიქირავებთ იაფ მუშახელს,
ვთქვათ, კამჩატკიდან
და გამოვუშვებთ
ბოლო მოდელის იესოებს,
ნატვრისთვალით ხელში, ცხადია.
თუ გავბრაზდებით, გავბრაზდებით რამდენიმე ათას იესოზე
და ვილოცებთ ათასობით იესოზე
და დავწერთ ოდებს ათასობით იესოზე
და რამდენიმე ათას იესოს ამდენივე ათას ჯვარზე ავაგებთ
და ცხოვრება იქნება რუტინული და ოდნავ სევდიანი,
როგორც საყვარელი სიმღერის ბოლო აკორდი,
რომ, სამწუხაროდ, დავიღალოთ და,
საბედნიეროდ, წამოვიყვიროთ:
უფრო ადვილია სამყაროს შექმნა,
ვიდრე მასში ცხოვრება.
უპირატესობები კი წარსულში დარჩა,
რომელიც მგლების ენითაა მოხაზული.
IX
ტესტირება
რას ამბობს გამოცდილება,
რომელმაც უკვე გამოიარა
იმედგაცრუების გვირაბი
და შეჩერდა ჩვენს კარებთან,
რათა დააკაკუნოს
და რათა განეღოს?
რას ამბობს ხსოვნა, რომელიც გავასახლეთ სხეულიდან
და მეორადი ინტუიცია, რომელიც ჩავისიძეთ?
რას ამბობს ქალი, რომელიც არ იღიმის?
რას ამბობს ფროიდი ქალის შესახებ,
რომელიც არ იღიმის?
რას ამბობს მწერალი, რომელიც ისტორიას ქალს ამსგავსებს?
რას ამბობს ისტორია გმირის შესახებ?
რას ვამბობთ ჩვენ გმირის შესახებ?
ვინ არის გმირი?
X
„მე ვიხილე ჩემი თაობის ყველაზე
ჭკვიანი ხალხი, მისული სიგიჟის პირას,
მოშიმშილე, შიშველი და ისტერიული“
ა. გინსბერგი „ყმუილი“
მე ვწერ მათზე,
ვინც სიცოცხლე გახადა
საგზაო ნიშნებივით აუცილებელი და თვალში საცემი,
ვინც შიშის დესანტი გადმოსხა ჩვენს თვალებში
და სიზმარსა და სიზმარს შორის
სარეკლამო პაუზასავით ჩააშენა
კაკუნის შიში.
ვინც სასოწარკვეთა და უძლურება მოაშენა თვალებში,
როგორც საჯიშე ფრინველები,
ვინც სიკვდილი მოაშენა
და სიხარული მოაშენა
და გამარჯვების შიში მოაშენა,
ვინც ძილით დაასახლა ჩვენი გამოხრული სხეულები
და სიზმრები აკინძა და გვისახსოვრა,
ვინც საკუთარი სიზმრიდან გადმოხტა
და შემხვედრ სიზმრამდე სული არ დაჰყოლია.
ვინც აზომა მანძილი დილიდან უახლოეს ქალაქამდე
და ქუჩები გაზაფხულით დანაღმა
და გაზარდა ავანტიურების შესაძლებლობები,
ვინც არასდროს ყოფილა პატრიოტი,
რადგან კარგი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე.
და მიუხედავად ამისა, ომში წავიდა
და დაკარგა ცალი ფეხი
და ცოლის მოყვანის პერსექტივა
და სიგარეტი „კოსმოსი“,
რომელიც შარვლიდან ამოუვარდა,
როცა ცეცხლწაკიდებულ ტყეში გარბოდა.
ვინც იმდენხანს იფხიზლა, რომ
ახლა ძილშიც ძილი ესიზმრება.
ვინც ნახა სიზმარი, სადაც მისი ლამაზი ცოლი
შეურაცხმყოფლად ლამაზი იყო,
ვერ აიტანა და გამოიღვიძა.
აი, ამ ხალხზე ვწერ.
P.S.
პოემა აქ მთავრდება, წარსული კი, რასაკვირველია, გრძელდება!