სუზან ჰაუ მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი ამერიკელი პოეტია, რომელმაც ჟანრებისა და დისციპლინების თამამი შერევით ახალი ტიპის პოეტიკას ჩაუყარა საფუძველი. ჰაუს ნოუ ჰაუ ეყრდნობა ე.წ. L= A=N=G=U=A=G=E-ის სკოლის (გერტრუდა, სტაინი, ლუის ზუკოვსკი, ჩარლზ ბერშტეინი, მაიკლ პალმერი და ა.შ.) ესთეტიკურ პროექტს, თუმცა მისი პოეტიკა ამ უდიდესი სკოლის ჩარჩოში საბოლოოდ მაინც არ ჯდება.
როცა რამე მიყვარს, მსურს კიდეც და მინდა მივიღო(ც). მთლიანისგან ნაწილის გამოდევნას მივყავართ ბოროტებამდე. სიყვარული - აუცილებელი იძულება - არის ერთდროულად შურიც და შეჯიბრიც. იგი (პურიტანი ღმერთი) საიდუმლოს ნაწილია და ყოველთვის დარჩება ამოუცნობი, ავტორიტარული, გამოუთქმელი. ხილულ ნებასა და საიდუმლო ნებას შორის
სიყვარული ორდება.
დუალიზმი: პითაგორამ თქვა, რომ საგნები ორად განიყოფიან: კეთილებად და ბოროტებად. კარგ სახეობათა რიგში მან მოათავსა ისეთი სრულყოფილი საგნები, როგორებიცაა: სინათლე, კაცები, სიმშვიდე და ა.შ. მაშინ როცა ცუდთა რიგში განაწესა: სიბნელე, ქალები და ა.შ. (თომა აკვინელი „ღვთის ძალაუფლების შესახებ“ გვ.84)
პრომეთესეული სურვილი: იყო ქალი და იყო პითაგორისტი. როგორია პოეზიის კომუნალური ხედვა, თუ შენ ხარ წელში მოხრილი, უცნაური, განუსაზღვრელი, ირეგულარული, ქალური. მე ვინიღბები. სული წნეხის ქვეშ, კავშირის ძაფი - გაწყვეტილი, სიყვარულის და ცოდნის ჭდე დალეწილი, დიკინსონი კი ნიშნავს, რომ ეს უმსგავსო ლექსია. პირველ რიგში, თავს მონად მივიჩნევ, შემდეგ ვაცნობიერებ მონად ყოფნას, ბოლოს კი ხელახლა შევიცნობ თავს თავისუფლებაში, ცნობილი აუცილებლობის საზღვრებში. იარაღი ფიქრობს მნიშვნელობად ქცეულ ძალადობაზე. იარაღი საკუთარ თავს აკვირდება.