• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

ჰეგელის 'სამართლის ფილოსოფიის' კრიტიკა

×
ავტორის გვერდი კარლ მარქსი 00 , 0000 4329

შესავალი

თარგმანი გერმანულიდან ზაზა სუთიძე

 

რელიგიის კრიტიკა გერმანიისათვის (აქ იგულისხმება რელიგია, როგორც რელიგია და არა სარწმუნოება, როგორც სარწმუნოება) არსებითად დამთავრებულია. რელიგიის კრიტიკა კი ყველა სხვა კრიტიკაზე მნიშვნელოვანია.

რელიგიის იმანენტური ბუნება და მიწიერი არსებობა დისკრედიტირებულია, რადგან უარყოფილია რელიგიის orattio pro aris et focis(თვითაპოლოგია). ადამიანმა, რომელიც ერთგვარ ზეკაცის მსგავს არსებას ეძებდა ზეციურ ფანტასტიკურ სინამდვილეში, იპოვა მხოლოდ საკუთარი თავის განსახიერება, სადაც ის აღარ ისურვებს დაუწყოს ძებნა სხვა მოჩვენებებს იქ, სადაც ადამიანი ეძებს და უნდა ეძებოს საკუთარი ჭეშმარიტი რეალობა. ირელიგიური კრიტიკის საფუძველი ასეთია: ადამიანი ქმნის რელიგიას და არა რელიგია ადამიანს.

რელიგია არის თვითცნობიერება და თვითსენსუალიზმი ადამიანისა, რომელსაც თავი ან ჯერ არ მოუპოვებია, ან ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. მაგრამ ადამიანი არ არის აბსტრაქტული არსება, რომელიც სამყაროსაგან დამოუკიდებლად არსებობს - ეს არის ადამიანის სამყარო -სახელმწიფო, საზოგადოება. სწორედ ეს სახელმწიფო და ეს საზოგადოება ქმნის სამყაროს დამახინჯებულ წარმოდგენებს, ისევე, როგორც თავად ადამიანი წარმოადგენს დამახინჯებული ცნობიერების ადამიანს, სახელმწიფოს და საზოგადოებას.

რელიგია არის სამყაროს ზოგადი-საერთო დამახინჯებული თეორია  - მისი ენციკლოპედიური კომპენდიუმი, მისი პოპულარულ-სოფისტიკური ლოგიკა, მისი სპირიტუალისტურ-სპირიტული  point d’honneur (ღირსების საკითხი), მისი ენთუზიასტური ენთუზიაზმი, მისი მორალური სანქცია, მისი საჯარო გვირგვინი - მისი საყოველთაო ნუგეშის ვერაგული გამართლების საფუძველი.

რელიგია  ადამიანის იმანენტურ ბუნებრივ ბუნებას აქცევს ფანტასტიკურ დამახინჯებულ რეალობად, რადგან ადამიანს არა აქვს ეს ადამიანური, რეალური, იმანენტური, ბუნებრივი ბუნება. ამიტომ რელიგიის ბუნებრივი ბუნების წინააღმდეგ ირიბი ბრძოლა წარმოადგენს იმ სამყაროს ნატურალისტური ბუნების წინააღმდეგ ბრძოლას - რომლის სულიერ ბუნებას და სულსაც წარმოადგენს რელიგია. რელიგიური სიღარიბის გამოვლინება არის აგრეთვე რეალური სიღარიბის გამოვლინება, რომელიც თავისი ბუნებით ასევე წარმოადგენს  რეალური სიღარიბის წინააღმდეგ რეალურ პროტესტს.

რელიგია არის ჩაგრული არსებების უკანასკნელი აგონია, უსულგულო სამყაროს სული და გული, უსულო სამყაროს წესრიგის სული. რელიგია - ეს არის ოპიუმი ხალხისათვის. რელიგიის,  როგორც ხალხის ეფემერულ-ილუზორული ბედნიერების, განადგურება, არის ამ ხალხის მიერ მათივე რეალური ბედნიერების მოთხოვნა. მოთხოვნა, რომელიც ითხოვს რელიგიური ილუზიების განადგურებას, რა ილუზიებიც კვებავს რელიგიურ ბუნებას. რელიგიის კრიტიკა წარმოადგენს იმ "გლოვის და მწუხარების ადგილის" გამანადგურებელ კრიტიკას, რომლის გვირგვინსაც რელიგია წარმოადგენს. რელიგიის კრიტიკამ რელიგიას თავისი ფანტასტიკურ-ილუზორული ბორკილები იმიტომ კი არ ჩამოჰგლიჯა, რომ კაცობრიობამ თავის ცნობიერებაში ისევ ატაროს ის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანმა მისგან გაცნობიერებულად გაითავისუფლოს თავი.

რელიგიის კრიტიკა ადამიანს ათავისუფლებს  ილუზიებისაგან, რათა მან კვლავ რაციონალურად იაზროვნოს, იმოქმედოს, კვლავ შექმნას თავისი რეალური რეალობა, როგორც ამ რელიგიური ილუზიებისაგან და წარმოდგენებისაგან გათავისუფლებულმა.

ისტორიის ამოცანაა, რომ როდესაც იმქვეყნიური ზეციურ-ღვთაებრივი რელიგიური წარმოდგენები დაინგრევა, კვლავ ამქვეყნიური მიწიერი რეალობა ააშენოს. ამქვეყნიური მიწიერი ფილოსოფიის ამოცანაა  ადამიანის წარმოსახვითი თვითგაუცხოების სახის და ცნობიერების დანგრევა, ადამიანური რელიგიური სულის აბსოლუტური გამომჟღავნება. ასეთ შემთხვევაში ზეციურ-ღვთაებრივი კრიტიკა მიწიერ კრიტიკად გადაიქცევა, რელიგიის კრიტიკა - სამართლის კრიტიკად, თეოლოგიის კრიტიკა - პოლიტიკის კრიტიკად.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული