- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
1.
ეს ყველაფერი ძალიან წააგავს ალმოდოვარის ადრინდელ ფილმებს. თოკოც ''ცუდ აღზრდაზე'' გიჟდებოდა. გაელ გარსია ბერნალი მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც იქაურ, ისე აქაურ, ქართველ ბიჭებში. გრძელი ჩოლკა და სლიპინა კანი მოდაში ახალი შემოსული იყო და სხეულზე ზედმეტი თმის მოშორება თოკოს უკვე ჩვევად ექცა. დიდად არც აინტერესებდა სხვები რას იტყოდნენ, პიროვნული კმაყოფილებისკენ უფრო ილტვოდა. მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა, ერთადერთი ნათესავი, რომელმაც ბიჭის "აპეკუნობა" იკისრა, ბებია იყო (დედის მხრიდან). ბუნებრივია, მოხუცი, უვკე სამოცდაათს გადაცილებული ლელა ბებია ყველაფერს აკეთებდა, ნემსის ყუნწში ძვრებოდა, რათა ბიჭს არაფერი მოჰკლებოდა, თუმცა საკმარის ყურადღებას, რომელიც წესით და რიგით მშობლებისგან მოდის, ვერ აქცევდა, რამაც თოკოს მეთერთმეტე კლასის მერე სკოლისთვის თავის დანებება გამოიწვია. ეჭვი არ არის ბებიას ეს ადრე რომ გაეგო ძალ–ღონეს არ დაიშურებდა ბიჭი სკოლაში დაებრუნებინა, თუმცა მან ეს ნახევარი წლის მერე, 11 აპრილს გაიგო. 14–ში მეორე ინფარქტი დაემართა და ათასი გასაჭირის მნახველმა, ათასგზის ნაღრძობმა გულმა ვეღარ გაუძლო. ვერ ვიტყვით ეს თოკოს ემანსიპაციის ბრალიაო, თუმცა ბებიის სიკვდილში მისი წილიც უპირობოდ არის. დასაფლავებაზე მეც ვიყავი. უცნაური სევდით დამძიმებული, ორმოსთან მდგარ თოკოს ვუყურებდი და ძალაუნებურად პედრო მახსენდებოდა. ალმოდოვარი. უგულო არასდროს ყოფილა, მაგრამ კუბოს მიწაში ჩაშვებისას გაყინული მზერით, უსიცოცხლო თვალებით აკვირდებოდა ოფლში გაღვრილ მესაფლავეებს, დაჭიმული სხეულებით ფრთხილად რომ ჩაჰქონდათ უსულო ბებიის სხეული ნესტიან, ათასი ჯიშის ჭია–ღუით გატენილ მიწაში. გალაკულ კუბოს ვუყურებდი და გონებაში ჩემი დასაფლავების სცენა მიტრიალებდა – მიწის მიყრამდე ვერ გავძელი და ფიქრი შევწყვიტე. მოღრუბლული ცა წვიმას გვიქადდა. მართლაც, ორიოდე წუთში ისე დასცხო, სასაფლაო ერთ დიდ ტბას დაემსგავსა, ჩვენ კი უსუსურ ბაყაყებს, სულელებივით აქეთ–იქით რომ დახტოდნენ.
მე მაშინ მეთორმეტე კლასს ვამთავრებდი და უმაღლესში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. არც ისე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე იურიდიულზე ჩამებარებინა – უარი მეთქვა ხატვაზე – და არა იმდენად ჩემი, რამდენადაც მშობლების სურვილი ამესრულებინა. პლუს, მანქანა მჭირდებოდა, რომლის მოპოვების ერთადერთი გზაც სწორედ რომ იურიდიული იყო. მამაჩემს საკუთარი საბროკერო კანტორა ჰქონდა გახსნილი და როგორც მაშინ კრასნოდარიდან ჩამოსული რუზი მეზობლები ამბობდნენ ''зарабатывал не хилые деньги''. ყოველ შემთხვევაში ''უიკენდებზე'' კროასანები არ გვაკლდა. პროფესიით სტომატოლოგი დედა არ მუშაობდა, ''დიასახლისობას მისდევდა'' და რატომღაც ინიციატივას არ იჩენდა, პროფესიის მიხედვით ემუშავა. ბუნებით გურმანი, ტაილანდური სამზარეულოს დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და ყოველ ახალ გამოსულ (სხვათა შორის დიდი ინტერვალებით) კულინარიულ წიგნს ხელიდან არ უშვებდა. რთულად წარმოსათქმელი სახელებიდან ორად–ორი ''კხაუ ტომი'' და ''პხატ სი იუ'' დამამახსოვრდა, თუმცა სხვა ''პხ'' და ''კხ''–იანებიც საკმარისად იყო. მე დიდად არ მომწონდა ეს ეგზოტიკური კხაუები, თუმცა დედის წყენინება ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, ასე რომ ჩუმად ვიჯექი და ბრინჯის სუპს დიდი მოთმინებით ვხვრეპდი. მამა კი პირიქით, ამ ყველაფერს აღმერთებდა და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კრევეტებს სიამოვნებით გეახლებოდათ. ერთი შეხედვით ჩემი ოჯახი არ ჰგავდა ქართულ მენტალიტეტზე, ხინკალზე და იმერულ ხაჭაპურზე დაფუძნებულ ''ორგანიზაციას'', თუმცა მამაჩემის თამადობით არაერთი ქორწილი წარმართულა. ბავშვობაში გამსახურდიასაც ხელებში მაჩეჩებდა, თან დაამატებდა: ''პირველ რიგში შენი წარმომავლობა უნდა გახსოვდეს, ინგლისურად ლაპარაკს ყოველთვის შეძლებო''. ''დიდოსტატის'' კითხვისას სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) პატრიოტიზმით ვერ ვიმსჭვალებოდი, რაც შემდგომში ჩემი ''გადაგვარებულობის'' საწინდარად მეჩვენებოდა. ეს ''გადაგვარებულობა'' კი ძირითადად თექვსმეტი წლიდან სიგარეტის, ერთი–ორჯერ კი მეგრული პლანის მოწევაში, ხანდახან ღამემდე არყის ბოთლით ქუჩაში, ძმაკაცებთან ერთად ხეტიალში და უცენზურო სიტყვების სიუხვეში გამოიხატებოდა. ნიჰილისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ''ოჯახურ იდილიას'' ალღო ვერა და ვერ ავუღე. ვცდილობდი ეს არ გამომეხატა და მშობლების კაპრიზებზეც არაერთხელ დამიხუჭავს თვალი, თუმცა ხინჯი გულს ედებოდა და ''ზნეობრივ სპაზმებს'' მმართებდა.
უმაღლესში ჩავაბარე და ყველას გასაკვირად 50 პროცენტიან დაფინანსებაში მოვხვდი. ''ბოდიშით ბატონო, ასამდე რომ ვერ ავქაჩე''. საბედნიეროდ ამას მანქანის ყიდვაში ხელი არ შეუშლია და თუ სწორად მახსოვს 8 ოქტომბერს სახლთან 2004 წლის ''Chevrolet Cruze'' გაჩერდა. მამაჩემისთვის ფასი არ მიკითხავს (ზედმეტი პედანტურობით არასდროს გამოვირჩეოდი), მაგრამ იაფი რომ არ დაუჯდებოდა, ეჭვი არ მეპარებოდა. 1.3 ძრავიან, ოთხცილინდრიან ''შევროლეს'' საჭე მარჯვნივ ჰქონდა, რაც მაშინ საკმაოდ ''კარგ ტონად'' ითვლებოდა. ზოგადად დიდი ჯაბახანები არასდროს მომწონდა, ამ ''პატარამ'' კი იმ წამსვე დაიმკვიდრა ადგილი ჩემს გულში და ყოველდღიურ სტუდენტურ ცხოვრებაში. არ მეგონა თვრამეტი წლის ფეტიშისტი თუ გავხდებოდი, თუმცა რკინის ამ ნაჭერმა ერთ ხელის მოსმაში, უფრო სწორად – ერთ გავლაში გამაბედნიერა.
გოგოებისადმი განსაკუთრებულ ლტოლვას ვერ ვგრძნობდი. სწორედ ამიტომ არცერთ სექსუალურ თანაკურსელთან გამორჩეულად არ ვაქტიურობდი, რასაც თანაკურსელ ბიჭებზე ვერ ვიტყვი, – მტაცებლებივით ჩასაფრებულები მზად იყვნენ ნაკუწ–ნაკუწ დაეგლიჯათ საბრალო გოგოები. სწორედ იმ პერიოდში წავიკითხე მურაკამის ''სპუტნიკი'' და მიუუსთან მსგავსებამ ცოტა არ იყოს შემაშინა. განსხვავებული სქესის მიუხედავად, მეც მასავით ''უმოქმედოდ'' ვარსებობდი და ექვს, თითქმის შვიდ მილიარდ ადამიანთან უპრობლემოდ თანავცხოვრობდი, მაგრამ სექსუალური ლტოლვა არ გამაჩნდა. არცერთი სქესის მიმართ. მაშინ ეს ყველაფერი ყოველდღიურ რუტინას მივაწერე და დიდად არც ვღელავდი. სასიყვარულო ურთიერთობებისგან გათავისუფლებული, თითქმის მთელ დროს სწავლას და ამერიკელი რომანისტების კითხვას ვუთმობდი. ერთგვარი ''პიკი'' იყო – ყველაფერი ამერიკულისადმი დიდ სიმპათიას განვიცდიდი. ახლაც არ მესმის რატომ. ალბათ ყველა ქართველი ახალგაზრდის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ამერიკა მართლაც რომ dream-ად იქცევა, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს ალბათ, ცოტა გვიან მოხდა. კერუაკი იმდენად შემიყვარდა ძილის წინ ხშირად მიფიქრია ყველაფრისთვის მიმეფურთხებინა, ბარგი ჩამელაგებინა და სამოგზაუროდ წავსულიყავი. ისევ ხატვას დავუბრუნდებოდი, ესკიზებს შევქმნიდი, წამიერ პეიზაჟებს აღვბეჭდავდი. მოკლედ, ვიცხოვრებდი ისე, როგორც, წესით უნდა ვცხოვრობდე. მაგრამ არაფერი მსგავსი არ გამიკეთებია.
მეორე კურსზე ვიყავი მამა ავარიაში რომ მოყვა. ცხრამეტი წლის განმავლობაში წარმოდგენა არ მქონდა რა არის ტკივილი, როცა შიგნით შავი ხვრელი ჩნდება და ნელ–ნელა გშთანთქავს, არარსებობის მდგომარეობაში გაგდებს. მამის სიკვდილმა კი სწორედ ამ მდგომარეობაში მიკრა თავი. ეს ამბავი დედამ შემატყობინა – აკანკალებული მეჩურჩულებოდა, თითქოს არ სურდა ჩვენი ლაპარაკი გაეგოთ. ''მოდი!'' – შედარებით ხმამაღლა მომაძახა, თუმცა საკუთარი გულის ცემა უკვე დიდი ხანია ყველა გარე ხმას ახშობდა. არ ვიცი რამ უფრო ამანერვიულა – დედას ცრემლებით დამლბალმა ტონმა თუ ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის მოულოდნელმა აღსასრულმა. პირველად ვიგრძენი თავი ჩამოყალიბებულ ადამიანად, რომელსაც ჯერ კიდევ შესწევს ძალები პირი გააღოს და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქოს. შემდეგ ამოისუნთქოს. ისევ ჩაისუნთქოს. და ისევ ამოისუნთქოს. ასე უსასრულოდ.
* * *
დასაფლავებაზე ხალხი ბლომად მოგროვდა, ძირითადად თანამშრომლები და მეზობლები. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე – მამას ნამდვილი მეგობარი არ ჰყავდა, რომელთანაც ნებისმიერ თემაზე შეეძლებოდა ლაპარაკი, რომელიც მასთან ერთად გაიზიარებდა ბედნიერებას. იყო კი მამა საერთოდ ბედნიერი? ერთი შეხედვით ამას ვერ დაადგენდი. დილის ათი საათიდან საღამოს რვამდე კაბინეტში ჩაიკეტებოდა, ქაღალდში ჩაინთქმებოდა და ციფრების ჟონგლიორობით რეალურ სამყაროს წყდებოდა. სახლში დაღლილი მოდიოდა, დედას გაკეთებულ ''გემრიელობებს'' დიდი სიამოვნებით შეექცეოდა, ცოტა ხნით ტელევიზორს მიუჯდებოდა, ათზე კი დასაძინებლად მიდიოდა. ყველაფერი გაანგარიშებულია! დაკონსერვებული! თითქოს მთელი ცხოვრება ერთი დიდი ორგანაიზერია. მგონი მამა არ იყო ბედნიერი...
ძვირადღირებულ კოსტუმებში გამოწყობილი თანამშრომელბი თავდახრილები, ტუჩებგასწორებულები მიახლოვდებოდნენ და მხარზე ხელს მეგობრულად მიტყაპუნებდნენ. სევდიანი სიტყვებით, ჟანგმოდებული ტონით ყურში საქებარ სიტყვებს ჩამჩურჩლებდნენ და გამაგრებისკენ მომიწოდებდნენ...
...გვიან გავაცნობიერე ასეთ გულისხმიერებას რატომ იჩენდნენ – მამამ კანტორა მე დამიტოვა, რაც ერთი შეხედვით სავსებით ლოგიკური, თუმცა მეორეს მხრივ ყოვლად გაუთვიცნობიერებელი გადაწყვეტილებაა. მე ამ საქმის არაფერი გამეგებოდა. საქმის მსვლელობისას გამოირკვა რომ პირველ რიგში წინდახედულ ბიზნესმენს, შემდეგ კი მზრუნველ მშობელს, ჩემი გამოუცდელობაც, კი არადა – აინუნში არ ყოფნაც გაუთვალისწინებია და ''რეგენტად'' თავისი მარჯვენა ხელი დაუნიშნავს. საქმეს ჯერ–ჯერობით ის წაუძღვებოდა, ხოლო როგორც კი ''მოვმწიფდებოდი'', მმართველობა საკუთარ თავზე უნდა ამეღო.
მეორე კურსის დამთავრების შემდეგ სწავლას თავი დავანებე და მთლიანად კანტორის საქმეებში გადავეშვი.
2.
ფანჯრების მეორე მხარეს ტესკატლიპოკას* ნადიმი გაიმართა. ოთახში მთვარის სუსტი შუქი თუ აღწევდა. ყინვისგან დაორთქლილ ფანჯრებზე წვეთები ციმციმებდა. კედლის საათს გავხედე: 19:48.
– გიგი, ვიღაც კაცი გკითხულობს, – კაბინეტში თავი შემოყო მდივანმა.
– სახელი არ გითხრა?
– ძველი მეგობარი ვარო...
– სად არის?
– მოსაცდელში მელოდება.
მაგიდაზე დახვავებულ ფურცლებს თვალი შევავლე.
– შემოვუშვა?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ფურცლების ერთ დასტად დაწყობა ვცადე, თუმცა ზედმეტად მაღალი და უშნო ზვინი გაკეთდა. ბოლოს და ბოლოს ოთხ ტოლ მწკრივად დავალაგე და კარებზეც დააკაკუნეს. ოთახში ჯერ მდივანი შემოვიდა, უკან კი დაახლოებით ჩემი ასაკის წვერმოშვებული მამაკაცი შემოჰყვა.
– თიკო თავისუფალი ხარ. შეგიძლია წახვიდე.
– ხვალამდე...
როგორც კი ქეთი გავიდა ''ძველმა მეგობარმა'' ნუგეშიანად ამოისუნთქა, თითქოს ეს ქალი მისი აურით იკვებობოდა, ახლა კი თავი სამშვიდობოს იგრძნო. სიბნელეში მისი სახის გარჩევა ვერ შევძელი. ერთი ცოტათი წელში მოხრილი, საკმაოდ შილიფად ჩაცმული კაცი იყო, მოკლედ შეჭრილი თმით, სიმპათიური ცხვირით და გრძელი წვერით. სინათლე ავანთე
–––––––––––––––––––––––––––––––––––
* აცტეკების მითოლოგიაში სიბნელის, ღამის ღმერთი.
და სახეზე ხარბად დავაცქერდი, რამაც ''ძველი მეგობარი'' ცოტა არ იყოს დააფრთხო – ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და გაკვირვებული მომაშტერდა. ქვეცნობიერის ჯურღმულებში დავბორიალობდი და მისი საოცრად ნაცნობი ფიზიონომიისთვის წარსულის გარკვეული ეპიზოდის შეხამებას ვცდილობდი, თუმცა ვერაფერი გავიხსენე.
– უკაცრავად, – წამოვიწყე, – სამწუხაროდ ვერ გიხსენებთ. ერთმანეთს შევხვედრივართ?
''ძველმა მეგობარმა'' თითქმის შეუმჩნევლად ჩაიღიმა და ცალი ხელით სკამს დაეყრდნო. დაღლილი ჩანდა.
– დაბრძანდით, – მივუთითე სკამზე და მაგიდას მივეყუდე.
თავი დამიქნია და ნელა, თითქოს ნემსებზე ჯდებაო, სკამზე დაეშვა.
– გიგი... – ჩაილაპარაკა თავისთვის და სახეზე მომაშტერდა, ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე წუთის წინ მე მივაშტერდი მას.
– თქვენი სახე საიდანღაც მეცნობა, თუმცა ვერ ვიხსენებ საიდან.
– ბოლოს რომ გნახე, ბებიის დასაფლავებაზე, მას შემდეგ თითქმის ცამეტი წელი გავიდა.
და თითქოს ლაბირინთიდან გასასვლელს მივაგენი, გონება ერთიანად გამინათდა. ფოტო–კოლაჟი ჩაირთო და მეც გამახსენდა ის დღე, თორნიკეს ბებია საფლავში რომ ჩაუშვეს და ცა უხარისხო ნაჭერივით გაიხა, ერთიანად დაგვალპო სასაფლაოზე მყოფნი. ''ძველ მეგობარს'' თვალი შევავლე – კი, ეჭვი არ არის, თორნიკეა. ჩემს მეხსიერებაში არსებული ბიჭის რეპროდუქციისგან მხოლოდ ცხვირი დარჩენილიყო უცვლელი, ისევ ისეთი სიმპათიური. თითქმის მთლიანი სახე წვერს დაეფარა, სევდიანი თვალები კი მორჩილების განსახიერებას ხდიდა. ის თავისებური ნაპერწკალი, რომლის საშუალებითაც აგრერიგად ემსგავსებოდა ალმოდოვარის პერსონაჟებს, სადღაც გამქრალიყო, კვალიც კი არ დაუტოვებია.
– თორნიკე, – ჩავილაპარაკე, როგორც შემდეგ მომეჩვენა ჩურჩულით, – ცამეტი წელი...
– აქ ჩამოსვლისას გავიგე მამამისის კანტორას მართავსო და როგორ არ უნდა მენახა ბავშვობის მეგობარი...
– კარგადაც მოიქეცი რომ შემომიარე.
– ვაჟა ბიძიას სიკვდილი სულ ახლახანს გავიგე...
პასუხის გაცემა არ მინდოდა, თავი დავუქნიე და იატაკს მივაშტერდი. თორნიკე გაუნძრევლად იდგა. როგორც ჩანს არანაირ ''წუხილის გაზიარებას'' ან მხარზე ხელის დატყაპუნებას არ აპირებდა. ქვემოდან ავხედე – ჩემნაირად, ისიც იატაკს მისჩერებოდა.
– მომიყევი შენზე რამე... რას აკეთებდი მთელი ეს წლები? – შევცვალე თემა.
– ლელას სიკვდილიდან ორი წლის თავზე მოლდოვაში წავედი საცხოვრებლად. ბიძაჩემი ახლაც იქ ცხოვრობს, მაშინ ძალიან დამეხმარა. წარმოგიდგენია, არც კი ვიცოდი მოლდოვაში ბიძა თუ მყავდა. ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხანაში მომაწყო... შემდეგ ცოლი მოვიყვანე.
– გილოცავ, – ჩავურთე უადგილოდ, არადა შემეძლო გაღიმებულს უბრალოდ თავი დამექნია.
– მადლობა... მერე მოქალაქეობა მომცეს. პირველივე წელს ბიჭი შეგვეძინა, – ნიკოლასი. მე ამ იდიოტური სახელის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, – საკუთარი თავის გასამხნევებლად ჩაიცინა, – იულიანამ ამოიჩემა. ნიკოლასს თამარი მოჰყვა... ჩემი ცხოვრება... არასწორად არ გამიგო, ნიკოლასი ჩემთვის არანაკლებ ძვირფასია, უბრალოდ გოგოზე ყოველთვის ვოცნებობდი.
– გოგო მაინც სხვაა, – მომეჩვენა თითქოს ისევ უადგილოდ ჩავეჭერი.
– ორი თვის წინ ჩამოვედით... – დააგვირგვინა თორნიკემ და უცნაური მზერა მესროლა. ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობდა.
– უკვე ღამდება, – წამოვიწყე მცირე პაუზის შემდეგ, – მგონი აქ ჩვენს მეტი არავინაა. ახლავე, რაღაცებს მოვაწესრიგებ და ჩემთან ავიდეთ, შედარებით მშვიდ გარემოში დავილაპარაკოთ... – თუმცა როგორც კი უკანასკნელი სიტყვები წარმოვთქვი ირგვლივ გაბატონებულ სიმშვიდეს დავუგდე ყური და ნათქვამის აზრს მოკლებულობა გავაცნობიერე – სახლშიც კი არ იქნებოდა მსგავსი სიწყნარე და მშვიდი გარემო.
ფურცლები უჯრაში ჩავალაგე, პალტო შემოვიცვი და გარეთ გასვლისას კარები საგულდაგულოდ ჩავკეტე. მე და თორნიკემ შენობა დავტოვეთ და წყვდიადში პარკინგისკენ გავემართეთ. ჭეშმარიტად სტივენკინგური ნისლი ისედაც შეუხედავ, შიშის მომგვრელ პარკინგს კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა. მანქანაში ჩავსხედით და ავტო–სადგომი ხმის ამოუღებლად დავტოვეთ.
ნისლი მთელ ქალაქს მოსდებოდა. უხილავი ნაჭრით დაფარულ ქუჩებში ხალხი თითქმის არ ჩანდა. ლამპიონების მქრქალი ნათება გზას ოდნავ გასარჩევს თუ ხდიდა, ფაქტიურად წყვდიადის ლაბირინთში დავძრწოდით.
თორნიკეს შევავლე თვალი – ერთ წერტილს მიშტერებული ერთგვარ ტრანსში იმყოფებოდა, არ ინძრეოდა, თვალებსაც კი არ ახამხამებდა, თითქოს მის წინ გადაშლილი ჯოჯოხეთური პეიზაჟით იკვებებოდა, ცხოვრების გაგრძელებისთვის აუცილებელ ენერგიას იღებდა. მომეჩვენა რომ არ სუნთქავდა, მაგრამ უცებ შემომიბრუნდა და უხალისოდ გამიღიმა. ღიმილითვე ვუპასუხე და პლეერში მაქს ბრუხის ''ვიოლინოს კოცნერტი No.1 სოლ მინორში'' (ვოლფგანგ შნაიდერანის შესრულებით) ჩავრთე. დინამიკებიდან გადმოღვრილმა მელოდიამ მთელი სალონი სიტკბოებით აავსო. მეტიც, – მოულოდნელობის, დაძაბულობის ეს ნახევრად ხორციელი, ნახევრად აბსტრაქტული განსახიერება გარე სამყაროს შეერწყა, თითქოს ავტომობილი აღარ წარმოადგენდა დამცავ ბარიერს – უკვალოდ გაქრა და შიშის მომგვრელი ნისლი ჩვენში შემოიჭრა – ჩემში და თორნიკეში – და რეჩიტატივად ბრუხის კომპოზიციით მტვრის ნაწილაკებად გვაქცია, ჰაერში მიმოგვფანტა.
– რა ლამაზი მელოდიაა, – თორნიკეს შორეულმა ხმამ ფიქრიდან რეალობაში დამაბრუნა.
– ჰო, მეც ძალიან მომწონს.
– რიზენფელდია?
– ბრუხი.
თავი დამიქნია და პლეერს მიაშტერდა, თითქოს ელოდა იქიდან ბრუხი როდის გადმოვიდოდა.
დისტანციონით ავტო ფარეხის კარები გავაღე. მანქანა გავაჩერე და პლეერი გამოვრთე. შედარებით ''გონზე მოსული'' თორნიკე სივრცეს დიდი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა.
– აბა, წავედით, – ხელი ხელს შემოვკარი, – სახლი აქედან ორ ნაბიჯზეა.
თორნიკე მორჩილი ძაღლივით თავდახრილი გამომყვა. ცოტა არ იყოს მაოცებდა მისი უცნაური საქციელი, არც კი ვიცოდი ეს რისთვის მიმეწერა – თავში არანაირი იდეა არ მომდიოდა, ასე რომ ფიქრს მალევე შევეშვი. ვცდილობდი ძველი მეგობარი არ დამეფრთხო.
ბინა მართლაც ორ ნაბიჯზე მქონდა. ქუჩა ერთ გრძელ დუპლექსების გრადაციას წარმოადგენდა. გასაღებით კარები გავაღე და ცივი, ჩაბნელებული ქუჩიდან თბილ ოთახში გადავინაცვლეთ.
თორნიკემ პირველი სართული შეათვალიერა და კმაყოფილმა შენიშნა:
– მშვენივრად მოწყობილხარ.
– მიყვარს კომფორტი, – სქელ კედლებზე მივაკაკუნე: – და სიმშვიდე.
მის კობალტისფერ, ერთი–ორგან გამოხეულ პიჯაკს მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება. ვურჩიე გაეხადა და საკიდზე ჩამოვკიდე. პალტო გავიძრე. ჟაკეტთან ერთად თორნიკეს პიჯაკის გვერდზე დავკიდე და პერანგი ზედა ორ ღილზე შევიხსენი. ბინაში საკმაოდ ცხელოდა – გამახსენდა რომ გათბობის სისტემა რამდენიმე დღის წინ მწყობრიდან გამოვიდა, ხელოსანი კი ხვალ უნდა მოსულიყო.
– გათბობის სისტემა მოიშალა, – მოვუბოდიშე თორნიკეს და ხელით დავინიავე.
– არა უშავს, არ მცხელა.
– რამეს ხომ არ დალევ? კარგი კონიაკი მაქვს!
– უარს არ ვიტყოდი, – უხერხულად გაიღიმა.
მინი–ბარისკენ წავედი.
– შეიძლება ერთი ინტიმური შეკითხვა დაგისვა? – მომესმა ზურგს უკან.
– კი, რა თქმა უნდა.
– რამდენი დაგიჯდა ეს ბინა?
– ჰმმ, ავეჯიანად – ოთხმოცდახუთი.
გაოცებისგან თვალები გადმოკარკლა, თითქოს ეს–ესაა პლანეტის უდიდესი საიდუმლო გავუმხილე. კონიაკის ბოთლით და ორი ჭიქით მისკენ გავემართე.
ჭიქა შევუვსე.
– მმმ, საუკეთესოა, – გამომიტყდა პირველი ყლუპის შემდეგ.
– ირლანდიურია. თანამშრომელმა მაჩუქა.
– ყველაფერი ირლანდიური საუკეთესოა, – ფაქტის კონსტატაცია მოახდინა და კონიაკი მოსვა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
– ახლა უფრო დაწვრილებით მომიყევი შენს შესახებ, – ვუთხარი პირველი ორი ჭიქის შემდეგ, – ყველაფერი მაინტერესებს. ცამეტი წელი... არ დაგიმალავ, შენი ყოველთვის მშურდა, – შუბლი შეეჭმუხნა, – სულ ვფიქრობდი ნეტა მასავით თავისუფალი ვიყო, საკუთარი ''მე''–ს დასაკმაყოფილებლად მოქმედება, ყოველ წუთს არჩევანის გაკეთება, ყველასთვის სახეში შეფურთხება შემეძლოს–მეთქი. ჩემს თვალში ჰეკლბერი ფინად იქეცი.
გაეცინა.
– მიკვირს, – წამოიწყო მშვიდად, – მე კი სწორედ შენი მშურდა. ორგანიზებული ცხოვრება, – ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. მუდამ კომპრომისები! იდილია, რომელიც ასე უცხო იყო ჩემთვის!
– არა, არა, ეგ ერესია! ცდები. ორგანიზებული, გათვლილი, წინასწარ დაგეგმილი ცხოვრება ვერ იქნება ბედნიერების მომტანი. როცა შეზღუდული არჩევანი გაქვს, მუდამ ვიღაცის სიამოვნებისთვის პირად ოცნებებზე და მისწრაფებებზე უარს ამბობ. Ubi bene, ibi patria – სამშობლო იქაა, სადაც თავს კარგად გრძნობ. ეს არ იყო და ვერ იქნება ჩემი სამშობლო, აქ მე თავს კარგად ვერ ვიგრძნობ. ოჯახს ვგულისხმობ.
– მესმის.
– შენ კი ამბობ ასეთ ''იდილიაზე'' ვოცნებობდიო. მიმიფურთხებია ამ ''იდილიისთვის''!
– სამაგიეროდ ეს ''იდილია'' დილაობით ცხელი საუზმით უზრუნველგყოფს. ცხელი წყლით, კბილის პასტით და ჯაგრისით, პურით... არ გიწევს ყოველ დღე ალალბედზე ცხოვრება, სიარული, მკითხაობა ნეტავ ხვალ ცოცხალი თუ ვიქნებიო. დამიჯერე, არც ასეთი ყოფაა მიმზიდველი.
გაელ გარსია ბერნალი უკვალოდ გამქრალიყო, მის ნაცვლად კი სასოწარკვეთილი კონფორმისტი თვალებში მომჩერებოდა და ამოუცნობი მზერით ცოცხლად მჭამდა. დაახლოებით ვხვდებოდი რისთვის მომაკითხა, თუმცა შევეცადე გაუთვიცნობიერებელი სახე მიმეღო. მის მიმართ ერთდროულად იმედგაცრუებას და სიბრალულს ვგრძნობდი. იმედები გამიცრუა მისმა პესიმისტურმა დამოკიდებულებამ ცხოვრებისადმი. მისმა დაკარგულმა ''ნაპერწკალმა'', ჩემს თვალში ფაქტიურად კერპად რომ წარმოაჩენდა. ამავდროულად მებრალებოდა, როცა წარმოვიდგენდი როგორ ცხოვრობდა და ცხოვრობს. რამდენი რამ გამოიარა ახლანდელ მდგომარებამდე (გარეგნულად თუ ვიმსჯელებთ არც თუ ისე სახარბიელო) მოსასვლელად, მაშინ როცა მე კროასანებით ვიბუკნებოდი და ყოველ კვირა კინოთეატრში დავდიოდი.
– იცი, მამის სიკვდილის შემდეგ, – შევეცადე რაც შეიძლება გულწრფელი ვყოფილიყავი, – ფაქტიურად მთლიანად შევიცვალე. საყვარელი ადამიანის დაკარგვისგან მოყენებულ ტკივილზე ძლიერი, მხოლოდ იმის გაცნობიერება იყო, რომ მამა ბედნიერი არასდროს ყოფილა. არ ჰყავდა საუკეთესო მეგობარი, რომელიც ტკივილისა და სიხარულის გამზიარებლის როლს შეასრულებდა. არ ჰყავდა ''ნამდვილი შვილი'', რომელიც სიცოცხლეშივე დააფასებდა, მთელი გულით ეყვარებოდა და სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ლოყაზე აკოცებდა. არ ჰყავდა მოსიყვარულე ცოლი, ძირითად ყურადღებას და სითბოს ქმარსა და შვილზე რომ გადაანაწილებდა და არა ტაილანდურ კერძებზე. ცოლი, რომელიც ძილის წინ მოეხვეოდა და სხეულით გაათბობდა. დარწმუნებული ვარ მამას საყვარელიც არ ჰყავდა, რომელთანაც ფრუსტრაციას სულ ცოტა ხნით მაინც გაექცეოდა. იგი არ იყო ბედნიერი. მოვალეობებით დამძიმებულს თავი მუდამ დახრილი ჰქონდა და წინ გადაშლილ პერსპექტივებს, მდუღარე ცხოვრებას ვერც კი ხედავდა. ამის გაცნობიერებამ ბოლო მომიღო. აღმოჩნდა რომ საკუთარ მამას არათუ არ ვიცნობ, არამედ სრულიად უცხო ადამიანისგან ვერც კი ვარჩევ. ეს უტრირება არაა. სიმართლეა, მწარე სიმართლე!
სახეცვლილი თორნიკე დიდი მოწიწებით მისმენდა. როგორც ჩანს მონაყოლმა მასზე ძლიერ იმოქმედა. ხელში ცარიელი ჭიქა ეჭირა.
– კონიაკი დაისხი, – მივუთითე ბოთლზე.
უარის ნიშნად თავი გააქნია.
– მგონი დროა გითხრა რატომ შეგაწუხე, – ერთიანად გაწითლდა. სახეზე ეტყობოდა – ამის თქმას ერჩივნა მიწა გასკდომოდა და გავარვარებულ ლავაში ჩავარდნილიყო.
სიტუაციის განსამუხტად, ან უფრო ბიძგისთვის მშვიდად ვუთხარი:
– გისმენ.
– იცი რაშია საქმე?.. ახლა უბრალოდ... – თავს ვერა და ვერ აბამდა, – მე და იულიანა... ძალიან რთულ სიტუაციაში მოვხვდით... ერთი კაცის ვალი გვმართებს. მოლდოვაში ბინა გავყიდეთ, ავეჯიანად... არაფერი დამრჩა... ამჟამად ერთ ძველ მეგობართან ვცხოვრობთ, ცოტა ხნით შეგვიფარა. მაგრამ ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს... ცოლ–შვილიანია... ორ ოთახიანში შვიდნი ვცხოვრობთ. იმ კაცის ვალი ჯერ კიდევ მმართებს. ვიფიქრე... არა, არა, არ გთხოვ ბინის ან სამსახურის შოვნაში დამეხმარო, ამას როგორმე გავართმევ თავს. უბრალოდ იქნებ ვალის დაფარვაში წამეშველო?.. პირობას გაძლევ, კაცურ სიტყვას, თამარის და ნიკოლასს გეფიცები, როგორც კი სამსახურს ვიშოვი ნელ–ნელა დაგიბრუნებ.
ამ კაცის მიმართ ჯერ არნახული სიმპათია გამიჩნდა. პირველად, ოცდაათი წლის განმავლობაში ნამდვილი ხორციელი ლტოლვა ვიგრძენი. ის მე მთელი სხეულით მიზიდავდა, მაგნიტივით მოქმედებდა, შანსს აღარ მიტოვებდა. ცრემლმომდგარი თვალებით სულის სიღრმეში მიძვრებოდა და დაუფიქრებლად მანადგურებდა. ''რაა? თორნიკე? წარმოუდგენელია!''
– რამდენი გჭირდება? – ვკითხე დაუფიქრებლად.
– თხუთმეტი ათასი.
– ლარი?
– დოლარი?
კონიაკი დავისხი. თხუთმეტი ათასი დოლარი კატასტროფულ თანხას ნამდვილად არ წარმოადგენდა. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა დახმარებაზე უარი არ მეთქვა, ასე რომ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია.
წამოვდექი და მეორე სართულზე ავედი. კაბინეტში გამომშრალი მუხის თავბრუდამხვევი არომატი ტრიალებდა. მაგიდის უჯრიდან წიგნაკი ამოვიღე და თხუთმეტი ათასი დოლარის ოდენობის ჩეკი გამოვწერე. თორნიკე თავდახრილი მელოდებოდა, ნამდვილად არ ეთაკილებოდა ამოდენა თანხის თხოვნა. დარცხვენილი მისჩერებოდა იატაკს და ცარიელ ჭიქას ხელში ათამაშებდა. ჩეკი გავუწოდე და მეგობრულად გავუღიმე.
– გიგი, – აუცრემლიანდა თვალები.
– არაფრის, – მხარზე ხელი დავუტყაპუნე, – მეგობრები მეგობრებს მხარში უდგებიან. ვალის დაბრუნებაზე თავს ნუ აიტკენ, არ მეჩქარება.
მშვენივრად ვაცნობიერებდი ვალის დაბრუნებას რომ ვერ შესძლებდა. ჩეკი გამომართვა და უხერხულად დააშტერდა.
– ნებისმიერ ბანკში გაგინაღდებენ, – სათქმელს მივუხვდი.
ჯიბეში ჩაიდო და ჭიქა შეავსო.
– გაგიმარჯოს გიგი! ღმერთი არ დაგივიწყებს ამ სიკეთეს. და არც მე!
– ღმერთისთვის ეს მხოლოდ ლანჩია. პატარა წახემსება. დიდი ვერაფერი ''ღვთაებრივი ქმედებაა''. მთავარია შენ იყო კარგად. სიკეთის დანიშნულება სწორედ ესაა – ადრესატის გაბედნიერება და არა ღმერთის თვალში ამაღლება.
პასუხად ჭიქა მომიჭახუნა და ერთ მოსმაში დაცალა. მის მიმართ გაურკვეველ ლტოლვას ჯერ კიდევ ვგრძნობდი. ჩემში წარმართული ბიო–ქიმიური პროცესები რაღაც წარმოუდგენლისკენ მიბიძგებდნენ, თუმცა ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი – რისკენ. ''რატომ თორნიკე?'' იქნებ წარსულის ტკბილი და არც ისე ტკბილი მოგონებების მოზღვავებამ რეალობის მიერ დასაჭურისებული შინაგანი ''მე'' აპენდიქსივით ამომაჭრა და მხოლოდ ნამდვილი მე დავრჩი – ცოცხალი, მბორგავი. პენისი გამიმკვრივდა, სისხლი მაწვებოდა, კედლები დიდი წნეხის ქვეშ ექცეოდნენ. ''ცოტაც და ავფეთქდები!'' საათს დავხედე – პირველი დაიწყო.
კონიაკი გამოვცალეთ და ლიქიორს დავეწაფეთ. ბევრს ვლაპარკობდით, აღარ მახსოვს რაზე. მხიარულ ისტორიებსაც ერთგვარი სევდანარევი ტონით ჰყვებოდა. თითქოს თითოეულ სიტყვას არაამქვეყნიური დარდის ყალიბებში აწრთობდა. ყოველი შემთხვევისთვის მობილურის ნომერი ჩავაწერინე.
– გვიანია, შეგიძლია დღეს აქ დარჩე, – შევთავაზე ვრცელი დიალოგის შემდეგ.
– იულიანა ინერვიულებს, – მოკლედ მომიჭრა და ფეხზე წამოდგა.
– შეგიძლია აქედან დაურეკო, – წამოვდექი მეც.
რამდენიმე წამი ეჭვის თვალით მიყურებდა.
– პირველი ხდება , – დავხედე მაჯის საათს.
ამან, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაარწმუნა.
– საიდან შეიძლება დავრეკო?
– ტელეფონი სამზარეულოში დგას.
ოთახიდან გავიდა. თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი, მაგრამ ბოლომდე ახლაც ვერ ვხვდები რატომ. უბრალოდ მიხაროდა რომ ჩემს გვერდით ვინმე იქნებოდა, თუმცა რა თქმა უნდა სხვა და სხვა ოთახებში დავიძინებდით.
დაახლოებით ხუთ წუთში სამზარეულოდან გამოვიდა.
საწოლში ვიწექი და უმოქმედობისგან სხეული მითრთოდა. თითქოს დრო გაჩერდა. Stop-ღილაკს თითი დააჭირეს და სამყარო ერთ დიდ ვაკუუმად იქცა. სამარისებურ სიჩუმეში თავს უცხოდ ვგრძნობდი. მარტოობის შეგრძნება დამეუფლა.
წამოვდექი, ფლოსტებში ფეხები გავყავი და საძინებლიდან გასული, თორნიკეს ოთახისკენ გავემართე.
დავაკაკუნე.
საბნის შრიალი მომესმა. კარები მალევე გამიღო.
– მოხდა რამე? – მკითხა გაკვირვებულმა.
თვალებში მივაშტერდი. არ ვიცოდი რა მეპასუხა. მართლაც – მოხდა რამე? მგონი არაფერი. ყველაფერი მშვენივრადაა. ვგრძნობ – ერთიანად ვკანკალებ. როგორც ჩანს ეს თორნიკემაც შეამჩნია – შეშფოთებული მიყურებს.
ტუჩებში ვეცი და თმაში ხელი შევუცურე. ენა კბილების სახით აღმართულმა ბარიერმა შეაჩერა. ცივად მომიშორა და გაფართოებული თვალებით შემომხედა.
– ხომ არ გაგიჟდი?! – მკითხა უფრო მშრალად, ვიდრე აგრესიულად.
– არ ვიცი. მგონი.
ხელები შემოვხვიე და სხეულით მივიკარი.
– არ ვიცი რას ვაკეთებ. ძალიან გთხოვ ნუ გამიძალიანდები. მე ეს მჭირდება. დამეხმარე, – შევევედრე. ვტიროდი.
აღარ გამძალიანებია. საწოლზე დავაწვინე და საცვალი გავხადე.
დილით ქამრის ზარუნმა გამაღვიძა. თორნიკე ჯინსებს იცვამდა.
– მამა თითქმის არ მახსოვს, – თქვა უეცრად. ჩემსკენ ზურგით იდგა. – პატარა ვიყავი ინფარქტი რომ დაემართა. ლოთი იყო, მაწანწალა, – ამის აღიარება არ მრცხვენია. დღე არ გავიდოდა ღვინო რომ არ ჩაეხეთქა. ცემით არასდროს ვუცემივარ, – მცირე პაუზა. – სხვათა შორის არც დედა, მაგრამ საშინელი ყვირილი იცოდა. ბოლო სიტყვებით იგინებოდა. სახლში თუ რამე გაფუჭდებოდა ღრიალი მთელ კორპუსს ედებოდა. პატარა ვიყავი, წესით კომპლექსები ჯერ არ უნდა მქონოდა, მაგრამ სირცხვილით სახლიდან თავს ვერ ვყოფდი. ერთ დღეს, წესისამებრ გამტყვრალი რომ მობლაყუნდა, მუხლებზე დადგა და სახეში აყროლებული ჰაერი შემომაფქრვია: ''შენ ჩემი შვილი არ ხარ! მხოლოდ ჩემი სიკვდილი გინდა!''... დასაძინებლად წავიდა... – საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა. ის–ის იყო სიტყვის აღება დავაპირე, რომ განაგრძო: – მეორე დღეს მკვდარი ვიპოვეთ. ბოთლით ხელში დივანზე ეგდო, ტელევიზორის წინ.
გადავწყვიტე არაფერი მეთქვა. ფეხსაცმელები ამოიცვა და კარებისკენ გაემართა.
– ნახვამდის, – გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
მას შემდეგ თორნიკე აღარ მინახავს.
3.
ბანაობისას ტანი გულდასმით გავიხეხე. არ მინდოდა გუშინდელი ღამის კვალი სხეულზე დარჩენილიყო. დილას თავი მისკდებოდა. შხაპის ქვეშ გავიფიქრე: ''ეს ყველაფერი მართლა მოხდა?'' სექსუალური ლტოლვა უკვალოდ გაქრა. ისევ გამოვიფიტე. მონუმენტად ვიქეცი. ცისკენ თითმიმართულ ძეგლად ''ამელიდან''. ცხოვრებამ აზრი ისევ დაკარგა.
დიდხანს ვფიქრობდი და გავაცნობიერე – გეი ნამდვილად არ ვარ. ეჭვი არ არის. ამის დასამტკიცებლად ინტერნეტში გეი–პორნოს ყურებამაც კი მომიწია. თავს ვიკავებდი გული არ ამრეოდა. არ მჯეროდა რომ იგივეს განმეორება შემეძლო. ორი წუთის შემდეგ სულაც გამოვრთე.
''რაშია საქმე? რა მემართება?''
ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობდი. თითქოს ჩემში კიდევ ერთი ადამიანი ცხოვრობს, ჩემთვის მიუწვდომელი და ჩემზე გაცილებით ძლიერი. მე მასთან შედარებით უსუსური ჭიამაია ვარ. არც კი მინდოდა წარმომედგინა რას იფიქრებდა თორნიკე. მისთვის ალბათ ეს ნამდვილი შოკი იყო. საინტერესოა რატომ არ შემეწინააღმდეგა? ხათრის გამო? ან იქნებ ფულის? არცერთი ვარიანტი დამაჯერებლად არ ჟღერდა – თორნიკე არათუ არ მეწინააღმდეგებოდა, არამედ ხელსაც კი მიწყობდა.
ამის გაფიქრებაც კი ცუდად მხდიდა. ჩემი ნება რომ ყოფილიყო წუხანდელ ღამეს დაუფიქრებლად ამოვიშლიდი მეხსიერებიდან. სამწუხაროდ ეს ხელთ არ მეწიფებოდა.
უშაქრო ყავა დავლიე და სამსახურში წავედი.
''როგორც კი თორნიკე დამირეკავს ყველაფერს ავუხსნი.''
რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ თორნიკე დამირეკავდა.
4.
როგორც შემდეგ გაირკვა – ვცდებოდი. თორნიკეს არც იმ დღეს დაურეკავს, არც მეორე და მესამე დღეს შემხმიანებია. დღეებს კვირები მოჰყვა, კვირებს – თვეები, თვეებს – წლები.
მთელი ამ ხნის განმავლობაში რაზეც არ უნდა მეფიქრა – იქნებოდა ეს სამსახურის საქმეები თუ კითხვისას დაგროვებული შთაბეჭდილებები – ქვეცნობიერად მაინც იმ ღამეზე ვფოკუსირდებოდი, რომლის დავიწყებაც ვერა და ვერ შევძელი. მოკიდებული ტვირთი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, წელში გამტეხა და სამუდამოდ დამაინვალიდა. რა არ ვეცადე, რამდენი მეძავი არ მოვიარე, იმის იმედით რომ ხორციელი ნეტარების მიღების სურვილი კვლავ გამიჩნდებოდა, თუმცა უშედეგოდ. სასქესო ორგანო არც მოქნილ პირზე რეაგირებდა, არც გაწვრთნილ ხელებზე. სასოწარკვეთილმა, BDSM–იც კი ვცადე, თუმცა სიამოვნება კიდევ უფრო შორეული მომეჩვენა და მალევე შევევშვი.
თორნიკეს ნომერი არ გამაჩნდა. მისი მოძებნა კი ისევე უშედეგო იყო, როგორც ღამით ვარსკვლავების თვლა. თითქოს ასეთი ადამიანი არც კი არსებობდა. ბანკში განმიცხადეს ფული არავის გაუტანიაო. ამ ამბავმა ჩემზე ყველაზე მეტად იმოქმედა – როგორც ჩანს თავი შერცხვენილად იგრძნო, ქუჩის მეძავად, ფულის გამო ნებისმიერს რომ დაუწვება.
მზად ვიყავი პირველ შემხვედრ მანქანას ბორბლებში შევვარდნოდი.
5.
ახლა უკვე მეჩვენება მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა. 2029–ში ალმოდოვარი ვენებგადაჭრილი იპოვეს საძინებელში, მანამდე კი, 2028 წელს, ფილმისთვის ''დაკარგული სამოთხე, ანუ ნაპოვნი ჯოჯოხეთი'' სამი ოსკარი აიღო.
საყვარელ ხელოვანთან გამოსათხოვრად ალმუდენას სასაფლაოზე ორი კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ფერნანდო რეის* და ბენიტო პერეს გალდოსის** მოკრძალებულ საფლავებთან შედარებით, ალმოდოვარის თითქმის ორჯერ მაღალი და ამდენჯერვე განიერი ''ციხე–კოშკი'' გამოსათხოვრად მოსულებს ზემოდან ამაყად დაჰყურებდა და სიდიადეს კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.
პირდაპირ ეთერში ცალი თვალით ვუყურებდი უსასრულოდ გაჭიმული რიგის გადაადგილებას, როცა ნაცნობი სახე გავარჩიე. გაზეთის კითხვას თავი ვანებე და პულტით გამოსახულება გავადიდე. ოპერატორი შავებში გამოწყობილ დამწუხრებულ მგლოვიარეებს მსხვილი პლანით აჩვენებდა. გრძელი შავი ზოლის შუაში ერთი ჭაღარა, სუსტი მამაკაცი მაგნოლიების თაიგულით ხელში მშვიდად ელოდა საკუთარ რიგს. მსგავსი ტიპის მამაკაცები ირგვლივ ბლომად იყვნენ, თუმცა ამ კონკრეტულის სახე საიდანღაც მეცნობოდა.
''ო, ღმერთო! თორნიკე!''
გული ამიჩქარდა. თვალზე მომდგარი ცრემლი მაჯით შევიმშრალე და ეკრანს მივაშტერდი, თუმცა ობიექტივში მხოლოდ ქალები ჩანდნენ.
''გამოდის ცოცხალია!''
ცოცხალია და თანაც როგორი – + 35ºC სიცხეში ალმოდოვარის საფლავთან მიმავალ რიგში დგას.
იქნებ ეს არ იყო თორნიკე. სახის ნაკვთებით თითქოს არ ჰგავდა, ერთი კია – სიმპათიური ცხვირი უმალ მას მოგაგონებდათ.
სავარძელში ჩავჯექი და თვალები მოვხუჭე.
სწორედ ამ დროს, ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 7.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელმაც სერანია–დე–რონდას თითქმის მთლიანი რეგიონი მიწასთან გაასწორა. კორტეს–დე–ლა–ფრონტერა, როგორც მეორე დღეს გაზეთები დაწერენ: ''აღიგავა პირისაგან მიწისა''. დაღუპულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, ორი ათასამდე კი დაკარგულად ითვლება. ანდალუსია ერთ დიდ კრატერს დაემსგავსა.
* ესპანელი მსახიობი
** ესპანურ ლიტერატურაში კრიტიკული რეალიზმის ერთ–ერთი მთავარი წარმომადგენელი.