- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: ლუკა ეხვაია
ტიტები მეტისმეტად გზნების აღმძვრელია, ზამთარი ჩამოდგა.
შეხედე, როგორი ფითქინაა ყველაფერი, როგორი წყნარი, როგორი დათოვლილი.
მე ვუახლოვდები სულიერ სიმშვიდეს, საკუთარი თავის ჩუმად გაბითურებით,
როცა სინათლის ლანდები ჩამოწვება თეთრ კედლებზე, სარეცელზე და ჩემს კიდურებზე.
არარაობა ვარ, არაფერი მაქვს საერთო ემოციურ აფეთქებებთან.
ჩემი სახელი და ყოველდღიური სამოსი მოწყალების დებს ჩამოვურიგე,
ჩემი ისტორია - ანესთეზიოლოგებს, ჩემი სხეული - ქირურგებს.
მათ თავი გამიკავეს ბალიშსა და ზეწარს შორის,
როგორც ორ თეთრ ქუთუთოს შორის მოქცეული დაჭყეტილი თვალი.
გამოტვინებულმა პრაქტიკანტებმა ეს ყველაფერი ჩვეულებრივად მიიღეს.
მოწყალების დები ჩაიქროლ-ჩამოიქროლებენ, უსიამოვნებანი მათთვის უცხოა,
ისე დადიან, როგორც თეთრკეპიანი მიამიტი ტიპები გარე უბნებში ბორიალისას,
მათი ხელსაქმე იმდენად ჰგავს ერთი-მეორეს,
შეუძლებელია გამოთვალო რამდენნი არიან.
ჩემი სხეული უმნიშვნელო კენჭია მათთვის, ისე ეპყრობიან მას,
როგორც წყალი ევლება ხოლმე წვრილ ღორღს და მორანდავს ნაზად.
მათ მგრძნობელობის დაკარგვამდე მივყავარ თავიანთი მოელვარე ნემსებით,
ლეთარგიულ ძილს მგვრიან.
ახლა კი დავკარგე საკუთარი თავი, დავიღალე მოყირჭებული ბარგის ზიდვით -
ჩემი გალაქული ტყავის ჩემოდნით, რომელიც წამლების შესანახ შავ კოლოფს ჰგავს.
საოჯახო ფოტოდან ჩემი ქმარი და შვილი შემომცინებენ,
მათი ღიმილი ჩემს კანში იჭრება, პატარა ალერსიანი თაღლითები.
მე დავნებდი ძილს,
ოცდაათი წლის მანძილზე სატვირთო ნავი ჯიუტად დასდარაჯებია ჩემს მისამართს.
მათ შვაბრით გამხეხეს ჩემი სასიყვარულო ასოციაციებისგან.
შეშინებული და გაშიშვლებული,
მწვანე, ელასტიურ, რბილ საკაცეზე გართხმული,
შევსცქერი ჩაის სადგამს, საცვლებით მოფენილ ჩემს საწერ მაგიდას, ჩემს წიგნებს,
ჰორიზონტიდან ვქრები, ვყვინთავ და წყალი თავზე მევლება.
ახლა მონაზონი ვარ, ასეთი უბიწო არასოდეს ვყოფილვარ.
მე არ მსურს ყვავილების თაიგული,
მხოლოდ თავქვეშ ხელებამოწყობილი წამოწოლას და ერთიანად დაცარიელებას ვესწრაფვი.
რამხელა თავისუფლებაა ეს, შენ ვერ წარმოდგენ, რა გრძნობაა -
სიმშვიდე ისეთი დიადია, გაოცებს,
ის კითხვებს არ სვამს, არც აკრულ იარლიყებზე, არც სამშვენისების შესახებ.
ეს ისაა, რითაც გარდაცვლილი იმოსება საბოლოოდ,
წარმოვიდგენ მათ პირმომუწულებს, როგორც ზიარებისას.
უნდა ითქვას, ძალზე წითელი ტიტები ტკივილს მაყენებენ.
გარსის მიღმაც კი შემიძლია მათი სუნთქვის შეგრძნება,
თეთრ ნაჭერში გახვეულან დელიკატურად, ჯუჯღუნა ბავშვივით.
მათი ღაჟღაჟი ჩემს ჭრილობას ეხმიანება, ის კი პასუხობს.
ისინი ნაზები არიან: სჩანს, იტივტივებენ, თუმცა მე მაინც მძირავენ,
მამწუხრებენ ბოლქვის მოულოდნელი დახურვით და შეფერილობით,
დუჟინი წითელი ანკესის ძუა მახვევია ყელზე.
აქამდე არაფრად მაგდებდნენ, ახლა შემამჩნიეს.
ტიტები ჩემსკენ მოიმართნენ და ჩემს ზურგს უკან ფანჯარაში
დღეში ერთხელ, სინათლე ზოზინით ფართოვდება და ზლაზვნით ვიწროვდება,
მე ვთვლი თავს ყეყეჩად, სასაცილოდ, ქაღალდის საჭრელით გამოყვანილ მოჩვენებად.
მზის და ტიტების ელვარების ქვეშ მოქცეულმა,
სახე დავკარგე, მინდოდა მთლიანად გავუჩინარებულიყავი.
მგზნებარე ტიტებმა შთანთქეს ჩემი ჟანგბადი.
სანამ ისინი გამოჩნდებოდნენ, ჰაერი არ ღელავდა,
მიმოდიოდა ბერვა-ბერვით, ფორიაქის გარეშე.
უცებ ტიტებმა პირთამდე აავსეს ის მჟღერი ხმაურით.
ახლა ჰაერი მიარღვევს მათ და წრეებს უვლის მდინარის გასწვრივ,
მიაჭრის და ბრუნავს ჩაძირული, ჟანგმოდებული მანქანის გარშემო.
ისინი ჩემს ყურადღებას იპყრობენ,
ბედნიერება იყო ჩვენი ნდობით ნაკვები თამაშობანა, მოსვენება.
კედლები თითქოს ერთმანეთს ეხმიანებიან.
ტიტები გისოსებს მიღმა გამოსამწყვდები ხდებიან,
როგორც სახიფათო მხეცები.
გაფურჩქვნისას, მოზრდილ, პირმოღებულ აფრიკულ კატას ემსგავსებიან,
და მე ვუყურადებ ჩემს გულს: ის იხნება, იკეტება,
მისი წითელი ყვავილის ყლორტებივით სისხლძარღვები,
ჩემს მიმართ წვეთ სიყვარულსაც არ განიცდიან.
წყალი, რომელიც დავაგემოვნე, თბილი და მარილიანია,
როგორც ზღვის,
და ის ისეთი შორეული ქვეყნიდან მოედინება,
როგორი შორეულიც სიჯანსაღეა.