რასელ ედსონის ლექსის მიხედვით
ქალი ხეს გადაეკიდა. ხეც მოთმინებიდან გამოვიდა და პირდაპირ ფესვებით შეახტა ქალს.
ქალი და ხე შეიბნენ, მიწას გაჰქონდა გრიალი.
შე, ნაბიჭვარო, ყვიროდა ქალი. ხე თმაში ჩაფრენოდა ტოტებით, რომლებზეც ჩიტები ჩამომსხდარიყვნენ და დაბნეულობისგან ჭიკჭიკი შეეწყვიტათ.
მაინც ამოგთხრი, ყვიროდა ქალი.
არ გადამიღუნო, პასუხობდა ხე და გაფოთლილ ტოტებს სახეში ურტყამდა.
ქალი კი კაწრავდა: მომკალი თორე მე მოგკლავ.
2012 წლამდე სად იყავი?
ამ დროს ქალის ქმარი გამოვარდა ტირილით. რა გჭირთ? რა? რა მოგივიდათ?
ნაჯახი, ნაჯახი მოიტანე დროზე.
რას ამბობ, ჯერ იქნებ დავილაპარაკოთ, როგორც ეს კულტურულ ადამიანებს შეჰფერით.
რაის კულტურაზე ლაპარაკობ, შე სირო, ასწლოვანი ხეა.
ქალმა ხის ფესვი ხელზე დაიხვია და მოგვერდის გაკეთება სცადა. უშედეგოდ.
ხის ფუღუროდან ციყვი გამოძვრა და ქალს ძუძუზე უკბინა.
გაჩერდით, ვილაპარაკოთ - ქვითინებდა ქმარი.
რა გაჩხუბებთ, რა?
სანამ ცოლ-ქმარი კამათობდა ხემ ორივე დახოცა.
ქალმა სიკვდილის წინ წაილუღლუღა: ხედავ?
ქმარი: რას? და მოკვდა.
ხე კი ფესვის ბოლოს ამოსულ პატარა, დასახულ ყლორტს დასცქეროდა დიდი სიყვარულით, რომელიც მზეს და წვიმას უცდიდა რომ გაზრდილიყო.