საღამოჟამს, როდესაც ქალაქის ცენტრალური ნაწილი ჩვენებური „საცობებით“ იჭედება და იქაურობას გინების ექვივალენტი სიგნალების ხმა აყრუებს, მიმდებარე უბნების „მობირჟავე“ ბიჭებს საქმე გამოუჩნდებათ ხოლმე.
საცობიდან თავის დასაღწევად შემოვლითი ქუჩების ძებნაში, საკუთარ ქალაქში დაბნეული მძღოლებისთვის ადგილობრივი ლოკაციის ბრწყინვალედ მცოდნე ბიჭებთან რიტუალის მსგავსი კითხვა-პასუხით ურთიერთობა პირდაპირ მისწრებაა. ამის შემდეგ თბილისის ძველ უბნებში დაუგეგმავი ექსკურსია ციცაბო, ქვაფენილიანი ქუჩებით გრძელდება, სადაც აივნებიდან ტრიუმფალურად გადმოკიდებულ სარეცხებსა თუ ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს შორის მანქანა რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ატარო.
იქნებ ისეც მოხდეს, რომ უნებლიე გასეირნება პარასკევ დღეს დაემთხვეს და ვინმესთვის ეს საკმარისი არმოჩნდეს, რომ მთაწმინდა-სოლოლაკის გავლით მარტო საცობები კი არა, ქალაქიც უკანმოუხედავად დატოვოს და კიდევ უფრო მაღლა, ახლომახლო სოფლებისაკენ მიმავალ გზას სიამოვნებით დაადგეს. მაგრამ, აქედან უკვე თვითონ ქალაქი აღარ განებებს თავს. ზემოდან გადაშლილი ხედებით შორიდან გეკეკლუცება და საავტომობილო ჯოჯოხეთით ნერვებმოშლილს ცოტათი გამშვიდებს. ასეთ შემთხვევაში ერთი კარგი გადასახედის ძებნას აუცილებლად დაიწყებ და მანქანასაც იქვე მიაყენებ. ჩამოსვლისას კარი გამოღებული შეიძლება დაგრჩეს, მაგრამ ესეც არაფერი, სამაგიეროდ აქედან ბოლო დროს განსაკუთრებით კონტრასტულად მოდერნიზებული ქალაქის „წაკითხვის“ შესაძლებლობა ჯერ კიდევ გაქვს და ეს უკვე ერთ რამედ ღირს.
ოდითგანვე ჰაერის სიჯანსაღით ცნობილი კოჯორ-ტაბახმელას არეალი ქალაქში სოლოლაკი-თაბორის ქედებით შედის და მთელი სასიცოცხლო ენერგია ქედების ბოლო წერტილებიდან, მინერალური თბილი წყლების სახით იწრიტება მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ამ ადგილზე სივრცე საკმაოდ მოხერხებულად იშლება და მტკვარიც მოპირდაპირე მეტეხის კლდოვან პლატოსთან ყველაზე ვიწრო კალაპოტსაც აქ იკეთებს.
ერთი სიტყვით; დიდი მდინარის ნაპირი, თბილი წყლები და გაშლილი ტერიტორია. მდინარის გაღმა-გამოღმა ნაპირებს შორის კომუნიკაციის ადვილი შესაძლებლობა და ქედებით შემოსაზღვრული შედარებით უსაფრთხო გარემო. სახელის შესარჩევად თავის მტვრევაც არ გჭირდება: „ტფილი“-სი, „თბილი“-სი – ადგილი თითქოს თავისთავად გეპასუხება და უკვე საკმარისად კლასიკური პირობებია ქალაქის ან უკიდურეს შემთხვევაში დასახლებული პუნქტის წარმოსაქმნელად მაინც.
თუმცა, საერთო სურათს ერთი კომპონენტი თვალშისაცემად ცვლის. ირგვლივ არსებული საძოვრები და ხორბლის გავრცელების არეალი თავის ნაყოფიერ არსებობას პირდაპირ „თბილი წყლების“ მიდამოებში ამთავრებს და აქაურობის ქვიშა-ქვოვანი შემადგენლობა სამიწათმოქმედო მეურნეობისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის. შესაბამისად, ეს ტერიტორია დანარჩენი საქართველოს „გეორგიანული“ კონტექსტიდან გარკვეულწილად ამოვარდნილი ჩანს და ამიტომ, ქალაქის დაარსების „ეკონომიკური საფუძვლებიც“ სხვაგან უნდა ვეძებოთ…
…ჯერ წყნარი, შრიალისმაგვარი ხმა და მერე მოკლე სტვენაც უკან მიგახედებს. ასფალტიანი გზის მიმდებარე დამრეც ფერდობებზე ცხვარი გადმოფენილა და უკან კომბლიანი წვერგაუპარსავი მწყემსი მოყვება. თვალს შენსკენ აპარებს და თან გადაღმა ხეობაში ჩასარეკად უყრის თავს ფერდობებზე გაფანტულად მიმავალ ფარას. ერთგული ძაღლიც გვარიანად ეხმარება და ასფალტის კიდეზე ფხაჭა-ფხუჭით მომავალი საიმედოდ კეტავს გზისპირა ფლანგს.
მანქანისკენ ინსტიქტურად მიდიხარ და ღიად დატოვებულ კარს რატომღაც კეტავ. ცხვრის ფარის მსვლელობას მანამ არ აშორებ თვალს, სანამ ხეობის გადასასვლელში კაცი და ძაღლი უკანასკნელები არ დატოვებენ ავანსცენას.
მაგრამ, ეს სულ სხვა პროცესიაა. ადრე აქეთკენ წამოსულ ცხვრის ფარებს მხოლოდ ერთი მიმართულება ქონდათ – ყველანი მტკვარში ჩამავალ თბილ წყლებთან იყრიდენენ თავს. ღია ცის ქვეშ, სიპი ქვის ლოდებითა და თბილი გოგირდოვანი წყლებით ბუნებრივად უზრუნველყოფილი „მანუფაქტურა“ ტყავის დამუშავების ადგილობრივ ტრადიციას უხსოვარი დროიდან მისდევდა.
მომავალში ამ ადგილს „დაბახანა“ დაერქმევა და ხელოსნობის სხვადსხვა დარგების სფუძველზე ჩამოყალიბებულ თბილისის საქალაქო სტრუქტურაში „დაბაღების“ ანუ ტყავის ხელოსნების რანგი აბსოლიტურად უკონკურენციო გახდება. სხვადასხვა სახალხო დრესასწაულების დროს, თანამედროვე პროფკავშირების მსგავსი, თბილისელი ხელოსნების გაერთიანება „ჰამქარის“ საზეიმო მსვლელობას წინ ყოველთვის მიუძღოდა თბილისის N1 მოქალაქეების, დაბაღი ხელოსნების გერბიანი დროშა.
დღეს კი ამ ისტორიულ „დისკურსს“ თბილისის ძველ უბნებში, ე. წ. იტალიურ ეზოებში ხშირად ნახული ერთი სურათი თუ აღადგენს. ეზოს შუაგულში, მუდამ წყაროსავით მოწანწკარე საერთო ონკანის გვერდით პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე ფარდაგზე კოხტად გაშლილი, თოვლივით თეთრი ცხვრის მატყლი, წყლით დანამული და მოქნილი წვრილი ჯოხით „დასაპენტად” გამზადებული…
თბილისის სამხრეთით, 80 კილომეტრში, ამიერკავკასიაში უძველესი ახტალის რკინის საბადო მდებარეობდა. როგორც ჩანს, ეს დისტანცია სულაც არ წარმოადგენდა რაიმე დაბრკოლებას, რადგან ქალაქის სახელოსნო იერარქიაში დაბაღების შემდეგ მჭედლებიც ღირსეულად იკავებდნენ თავიანთ პოზიციას და თბილისური „რკინის რიგები“ დამასკური ფოლადის ანუ ე.წ. „ბულატის“ განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამუშავების გამო მთელს ახლო აღმოსავლეთში იყო ცნობილი.
თბილისში პურის კულტია. წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ქალაქელმა არ იცოდეს სად ცხვება თბილისში ყველაზე გემრიელი „თონის პური“. ქუჩაში შემთხვევით დავარდნილ პურის ნატეხს გულგრილად თითქმის არავინ ჩაუვლის, ყოველთვის ცდილობენ მის შედარებით „საპატიო“ ადგილზე გადატანას, მაშინ როდესაც მეორე ხელით სიგარეტის ნამწვს უყოყმანოდ შეიძლება აგდებდნენ იმავე ადგილზე. ნაგვის ურნებზე ჩამოკიდებული, პოლიეთილენის პარკებში გამოკრული პურის ნარჩენები მარტო უპოვარი თანაქალაქელებისთვის კი არ არის განსაზღვრული, არამედ ცერემონიალურად მიანიშნებს ნაგვისგან პურის გამიჯვნის აუცილებლობაზე.
ჰოდა, ასეთი დამოკიდებულების შემდეგ რაღა გასაკვირია თუ თბილისური ამქარის აღლუმებზე მეპურე ხელოსნების გერბიანი დროშა ამაყად მიფრიალებდა საპატიო მესამე რიგში.
ეკონომიკური თვალსაზრისით პერსპექტიული, აშკარად ხელოსნების მიერ ათვისებული თბილისის ტერიტორიის ქვეყნის დედაქალაქად გადაქცევა, მეხუთე საუკუნეში მცხეთიდან მმართველი არისტოკრატიის თბილისში გადმოსვლამ განაპირობა. მართალია, ფეოდალურ ქვეყანაში ურთიერთობებიც შესაბამისად რეგულირდებოდა, მაგრამ თბილისის ხელოსნობა გარკვეულ ავტონომიას ყოველთვის ინარჩუნებდა, ხოლო არისტოკრატია თანამედროვე ქალაქებისთვის დამახასიათებელი ურბანული განაშენიანების მსგავსად, იმდროინდელ გარე უბანში ანუ „კალა-უბანში“ ამჯობინებდა ცხოვრებას.
მიუხედავად საქმიანი იმიჯისა თბილისი სილაღითა და დროსტარებით გამორჩეული ქალაქი იყო. თავის სახელოსნოებში მუყაითად მომუშავე დაბაღები, მჭედლები თუ მეპურეები თავისუფალ დროს დარდიმანდ ყარაჩოხელებად ტრანსფორმირდებოდნენ და ერთმანეთს ღვინის სმაში, ბაროკოსავით ჩახლართული სადღეგრძელოების თქმაში და მუშტი-კრივში ეჯიბრებოდნენ. გარდა ამისა, ეს ჯანიანი ხალხი ქალაქის სამხედრო დაცვასაც უზრუნველყოფდა და მეცენატობისა თუ კულტურული ორგანიზატორობის როლსაც შესანიშნავად ითავსებდა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ მასშტაბური კულტურული მოვლენა, რომელიც მსოფლიოში პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით დაგვირგვინდა, იყო 1912 წელს პოეტ აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. ეს ღონისძიება თავიდან ბოლომდე ორგანიზებული და ფინანსურად მხარდაჭერილი იყო თბილისელი მეპურეების მიერ.
თბილ წყლებთან ერთად თბილისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამოც იყო განსაკუთრებული. ქალაქი ევრაზიის კონტინენტის საკომუნიკაციო სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაჯვარედინის როლს თამაშობდა. ასეთმა ვითარებამ დროთა განვმალობაში თბილისს კიდევ ერთი სოციალური ფენა შემატა ვაჭარების სახით. ოღონდ, მკვიდრი მოსახლეობისაგან განსხვავებით ეს იყო მარად ცვალებადი, ჭრელი და მობილური საზოგადოება, რომელიც ქალაქში ბაზრებსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას ითვისებდა და ადგილზე უკვე ჩამოყალიბეულ კულტურულ ვერტიკალს უფრო მსუბუქი, ბაზრის სუბკულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებით ავსებდა.
თბილისის ასეთი მრავალფეროვანი გარემოს ერთ სოციალურ მთლიანობად აღქმას მარტო ეკონომიკური ინტერესები არ განაპირობებდა. ძნელია ანალოგი მოუძებნო ქალაქის ისტორიაში მეცამეტე საუკუნეში მომხდარ ერთ ფაქტს, როდესაც მტრის მიერ დატყვევებულმა, სწორედ თბილი წყლების მიდამოებში ერთად შეყრილმა, სრულიად უპერსპექტივო მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქეებმა სიცოცხლის სანაცვლოდ ქალაქის მთავარი სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს და სიკვდილი ამჯობინეს.
თითქმის ასი წელია რაც თბილისი აქ აღწერილისგან სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს. ქალაქის მასშტაბები და მნიშვნელობა გაცილებით დიდია, მაგრამ საუკუნეების განვმალობაში ჩამოყალიბებული შინაარსი მაინც მისტიკურად განსაზღვრავს ყველა ახალ ტენდენციას. ბოლო დროს განხორციელებულმა ტრანსრეგიონალურმა პროექტებმა შეიძლება გიგანტურ მილსადენებად მოდერნიზებულ ძველ საქარავნე გზებზე გაგვიჩინოს ასოციაცია, მაგრამ გაცილებით საინტერესოა როგორ თავისთავად მეორდება ძველი თბილისის „სტრუქტურა“ თანამედროვე ურბანულ გარემოში.
პირველ ეტაპზე ინიციატივას იღებს „ბაზრის კულტურა“.
რიყის პარკის „ეფემერული“ კონსტრუქციების შინაარსი შეტევითი ხასიათისაა. შეტევის ავანგარდში „ჯავშნიანი“ მშვიდობის ხიდი დგას. წარმატებით განხორციელებული ოპერაციის ნიშნად კაზინო-სამორინეს სრულიად ანაქრონისტული გამოსახულება, როგორც სარკაზმი, ყალბი პომპეზურობით დგას უკანდახეული „კალა-უბნის“ ტერიტორიაზე.
რიყედან განხორციელებული „ბაზრის კულტურის“ შეტევა უპასუხოდ არ რჩება. აქტიურდება ქალაქის მთავარი სასიცოცხლო „მაგისტრალი“ – სოლოლაკი-თაბორის ქედი. ოღონდ, ამჯერად, სიმძიმის ცენტრი ქედების დასაწყისში ინაცვლებს და გრანდიოზული პროექტის „პანორამა თბილისის“ კონფიგურაცია ახალ „წყაროებად“ ეშვება მთელს ქალაქზე. წყაროების ქალაქთან შეერთების ადგილზე, ძველი დრომოჭმული სახელოსნოების ნაცვლად, ულტრათანამედროვე ბიზნეს ცენტრები აღმოცენდება.
ბალანსი აღდგენილია, სადაცაა „ახალი ფეოდალებიც“ გამოჩნდებიან და თბილისი ალბათ ისევ გააგრძელებს თავის „დარდიმანდულ“ ცხოვრებას…
მანქანებისგან გათავისუფლებულ ღამის ქალაქში არხეინად ბრუნდები. ნაგვის ვერცხლისფერ ურნასთან სვლას ანელებ. ვიღაცამ ეს-ესაა გზა გადაგიჭრა. პოლიეთილენის პარკში გამოკრული ძველი პური ურნის კიდეზე ჩამოკიდა და სიბნელეში გაუჩინარდა…