• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

მთხრობელი საოცრებათა ქვეყანაში

×
ალისი
ავტორის გვერდი ირაკლი ყოლბაია 24 დეკემბერი, 2018 2947
[ეძღვნება ალექს ჩიღვინაძეს]
 
 
არის “ალისში”, მგონი, ერთადერთი სცენა, სადაც გოგონა ამოიცნობს იმ სამყაროს (“საოცრებათა ქვეყნის”) ჟანრს/ხასიათს, რომელშიც აღმოჩნდა, და დაიყვირებს: NONSENSE! - ხდება ეს მაშინ, როდესაც დედოფალი მისთვის თავის მოკვეთის ბრძანებას გასცემს - რაც კარგად გამოხატავს იმას, რომ ჩვენი ისტორია იმგვარი ნონსენსითაა სავსე, რაც საოცრებათა ქვეყნებსაც არ დასიზმრებიათ (თავის მომკვეთი დედოფლები და მეფეები ჰო ლამის ერთადერთი რეალისტური მოტივია მთელ წიგნში!) - ერთ საათში, რომელსაც ალისი მიწისქვეშ ატარებს, მას ხვდება ყველა სახის წარმოუდგენელი ნონსენსი და ყველა მათგანს ინტერესით, გაოცებით, აღშფოთებით, ა.შ., ისრუტავს, მაგრამ ამ ერთადერთ სცენაში მისი უმანკოება მარცხდება, ნონსენსი საზღვარს სცდება: თავი უნდა მოკვეთონ (იქნებ ქეროლს, რომელიც ასე ზრუნავდა, ბავშვები არ დაეფრთხო [გაიხსენე, როგორ გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა ჯებერუოქის ნახატი მეორე ნაწილის გარეკანზე, რადგან გაუჩნდა ეჭვი, ჯონ თენიელის ილუსტრაცია ბავშვებს დააფრთხობდა], სწორედ ამიტომ გაუჩნდა სურვილი, რამდენიმე გვერდის შემდეგ გრიფონის პირში ჩაედო ეს სიტყვები “ეს ყველაფერი დედოფლის ახირებაა: სინამდვილეში არასდროს არავის სჯიან სიკვდილით” - ერთადერთი რეალისტური მოტივი წიგნში დადგმა ყოფილა, ხუმრობა, სიმულაცია). გვახსენდება, უეცრად, ელიოტ უაინბერგერის სიტყვები (რომლებითაც პოლ პოტის შესახებ დაწერილ ესეს ასრულებს)
 
“Could such a story ever be known? What words could tell it?”
 
(უაინბერგერი მეტისმეტად ჭკვიანია და იცის, ამბავი აქ უნდა დაამთავრო, ეს თქვა და ენაზე იკბინო, ასე ვთქვათ - მაგრამ, მიჩნდება დღეს აზრი, ამიერიდან აღარ დავწერთ არცერთ ამბავს თუ ის ამ სიტყვებით არ დაიწყება) მაგრამ საინტერესოა ისიც, რასაც უაინბერგერი მანამ წერს, სანამ ამ ფრაზამდე მივა
 
“იყო არა მარტო პოეტი, არამედ მუზა; თვით შთაგონებად იქცე. იყო არა მხოლოდ მეფე, არამედ სამეფო: წმინდა წყლის ძალაუფლებად იქცე. ეს იყო, საუკუნეების მანძილზე, დიადი ოცნება: იქცე უხილავ მატლად, ძალად, რომელიც საზრისს ბლოკავს და აიძულებს ვინმე საცოდავ გლეხს, ბავშვი ხიშტზე წამოაგოს.” და, მერე
 
“Could such a story ever be known? What words could tell it?”

ღამიდან ღამით, სიზმრიდან სიზმარში, ვხედავ ფრაგმენტებს ამ წარმოუდგენელი ამბის, რომელსაც ვერ გავიგებ, ვერ დავიმახსოვრებ ვერ წარმოვთქვამ. ვერ მოვყვები. რა არის ამბავი? იქნებ მთლიანად კითხვით ფორმაშია დაწერილი, როგორც ჩინური ტიან ვენ („ზეციური კითხვები“). იქნებ გერტრუდ სტაინის პროზაა, თქმა გადღვებილი, მისული სუფთა თქმამდე. თქმა და მეტი არაფერი. წმინდა წყლის თქმა. შეუძლებელი ამბავი.

არ ვიცი, რატომ შემომეზარდა ასე ეს ამბავი, თითქოს მისით “შეიმოსნენ ჩვენი ძვლები” როგორც “ახალი შეყვარებული ხორცით” ანდა ახალი კოშმარული ხორცით, რატომ მგონია, არ ვიცი, თითქოს ეს ამბავი შეიცავდეს ყველაფერს, ამ ყველაფერს, თითქოს შეიცავდეს გასაღებს, რომელსაც ვერ მივაგნებ, და სათქმელს, რომელსაც ვერც წავიკითხავ, რომ დამეწეროს ცხვირწინ, ვერ გავიგებ, რომც ჩამყვირონ ყურში. არ ვიცი რატომ მგონია, თუ მოვყვები ამ ამბავს, ვისწავლი სიტყვებს, რომლებსაც უაინბერგერიც ეძებს თავის შეკითხვაში, თუმცა ის ეძებს რიტორიკულად, მე კი მართლა ვეძებ. რისი მოყოლის უფლება გვაქვს?

 
ხანდახან თხრობის გმირად ევრიპიდეს ვხედავ, დიონისეს კვალს ადევნებულ ევრიპიდეს. გმირობა ისაა, რომ დიონისეს კვალი ოქსიმორონია, დიონისე უკვალოა, უკვალოდ მოდის და მიდის. უკვალოდ ჩნდება, უკვალოდ ქრება, როგორც ამბობენ. მისი დასაწყისი მიუგნებელია. დიონისეს წარმომავლობა აკრძალულია. ევრიპიდე, როგორც მთხრობელი, აკრძალულ ხილს ჭამს. ევრიპიდე შედის თხრობაში, როგორც დანტე ჯოჯოხეთში და წარწერა ჯოჯოხეთის კარზე არის “ჩუუუუ….” და ევრიპიდე შედის. და ყვება.
 
დღეს წავიკითხე, თურმე იაპონიაში ჩასულ სტივენ ჰოკინს აუკრძალეს ლექციისას ეთქვა, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა. დასაწყისის ხსენება აკრძალულია. და რა საინტერესოა არა? ცოდნა შეიძლება, ყველამ იცის. თქმაა აკრძალული. არა ხე ცნობადისა, არამედ მოყოლის ხე. ბოლო აკრძალული ხე ედემში.
 
რისი მოყოლის უფლება გვაქვს? არ ვიცი, მაგრამ ამ უსულო შუადღეს ვიყურები ფანჯრიდან და ხეებს შორის ვხედავ არა ჩეშირული კატის, არამედ დილანის ღიმილს, დანარჩენი გამქრალია, ეკონომიის მიზნით, მხოლოდ პირი გამოკიდულა ჰაერში, და მღერის
 
If my thought-dreams could be seen
They'd probably put my head on guillotine
 
ანდა ჰალუცინოგენ სოკოზე შემომჯდარი მუხლუხო გვეუბნება, ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს დაზეპირებულ ლექსს ვეტყვით
 
„That is not said right“ ამბობს მუხლუხო “It is wrong from beginning to end.”
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული