• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჩინგიზ ყაენისგან თამარ მეფესთან მიწერილი

×
ავტორის გვერდი ამბროსი მელქაძე 08 მარტი, 2019 2594
იგი ქალაქი დავანგრიე,
აბურდულია, როგროც დილით ჩვენი საწოლი,
შენ რომ გძინავს მდინარესავით,
რომელმაც უკვე ჩაატარა სისხლი და გვამნი.
ბრძოლის ყიჟინა დამცხრალია,
ამ ჩემთვის უჩვეულო სიჩუმეს ხანდახან 
მთვრალი მეომრების ნაალაფევ ქალთა წამოკივლება თუ დაარღვევს.
თვალწარმტაცი საშინელებაა 
ხონში რუსთაველის ქუჩაზე ყოფილი ჩაის ფაბრიკის ეზოში
კარლოს დიდის საფლავზე აღმართულ ქანდაკებასავით.
თითქოს ახლაც იქ ვდგავართ და ფიცს გიმეორებ
შენი ერთადერთი და მარადიული საქმრო.
წამიკითხავს ტაკუან სოჰომ მიიამოტო მუსაშის მიწერა:
ოსტატის ხმალი მოსაკლავს კლავს,
სასიცოცხლოს აცოცხლებს.
არავის ინდობს ჩემი ხმალი.
პოტენციური განხორციელებადობის აბსტრაქციის ლოგიკით
მიწაზე ჩემ გარდა ყველა რომ გაწყდეს,
იცი არ ვარ ადამობაზე მეოცნებე უსუსური ყეყეჩი
და არ გამირისხდები, რომ არ ვამბობ 
ჩვენ (მე და შენ) გარდა - მეთქი,
ადრე თუ გვიან მშვიდად მოვკვდები,
რა ჩემი ომის ოსტატობის სრულყოფის გზის ბოლოს,
სიკვდილამდე ექვსი დღით ადრე
არავინ არ მეყოლება დასამცნებებელი
ჭეშმარიტი გზათა გზის შესახებ.
მოძრაობას მიზეზი არ ჰქონია,
ყველა კაპრიზი შიშის შიშინია,
არაფრის დაკარგვის არ მეშინია
და სიცილით ვიხსენებ ალერსში დაკარგულ საყურეს,
სამი დღის შემდეგ შენს თმაში რომ ვიპოვე.
შენი მოქსოვილი წინდა მაცვია
და გული ძგერს*
 
*შემდეგ სიტყვები არ იკითხება, ფიქრობენ რომ ეწერა - შენთან შეხვედრის მოლოდინში.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული