თარგმნა მარიამ შუბლაძემ
1801 წლის ზამთარს ქალაქ მ...-ში ვატარებდი, როცა ერთ საღამოს, საზოგადოებრივ პარკში შევხვდი ბატონ ც-ს, რომელიც ქალაქში ოპერის საუკეთესო მოცეკვავედ ითვლებოდა და პუბლიკაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა.
ვუთხარი, როგორ გამიკვირდა, როცა უკვე რამდენჯერმე დავინახე მარიონეტების თეატრში, ბაზრის მოედანზე, სადაც ხალხი მოკლე დრამატული ბურლესკებით, სიმღერითა და ცეკვით ერთობოდა.
მან მითხრა, რომ თოჯინების პანტომიმა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და მარწმუნებდა, რომ მოცეკვავეს, რომელიც თავისი ცეკვის დახვეწას ცდილობს, პანტომიმებისგან ბევრი რამის სწავლა შეეძლო.
რადგან მისი სიტყვები, თავისი გამოხატვის ხასიათით, უბრალო ახირებაზე მეტად მეჩვენა, მასთან ერთად ჩამოვჯექი, რათა უფრო დაწვრილებით გამეგო, რას ეფუძნებოდა მისი ეს უცნაური თეორია.
მკითხა, ხომ არ შემენიშნა თოჯინების, განსაკუთრებით კი პატარების, საცეკვაო მოძრაობში ერთგვარი გრაციოზულობა.
ვერ უარვყოფდი. ოთხი გლეხისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც სწრაფი ტაქტით ფერხულს ცეკვავს, ტენირსიც ვერ დახატავდა უფრო ლამაზად.
ვკითხე ფიგურების მექანიზმზე, თუ როგორ უნდა მართო, ათასი ძაფის და თითის გარეშე, ცალკეული კიდურები და მათი წერტილები ზუსტად ისე, როგორც ამას რიტმი ან ცეკვა მოითხოვს.
მითხრა, რომ ვცდებოდი, თუკი მეგონა, რომ მეთოჯინე, ცეკვის სხვადასხვა მომენტში სათითაოდ ამოძრავებს ცალკეულ ნაწილებს.
ყოველ მოძრაობას, მითხრა მან, აქვს თავისი სიმძიმის წერტილი; საკმარისია აამოძრავო მარტო ერთი წერტილი, ფიგურის შიგნით მყოფი, რომ კიდურები, რომლებიც ყველაზე მეტად ქანქარებს მოგვაგონებენ, ჩარევის გარეშე მიედევნებიან მას.
ასევე დასძინა, რომ ეს მოძრაობები ძალიან მარტივი იყო; როგორც კი სიმძიმის წერტილი სწორ ხაზზე გამოძრავდება, კიდურები უკვე მრუდების აღწერას იწყებენ; შოკისმომგვრელია, როცა ხშირად ეს უბრალო შემთხვევითი ბიძგი, ცეკვის მაგვარ რიტმულ მოძრაობად გადაიქცევა.
თავიდან მომეჩვენა, რომ ამ დაკვირვებამ ნათელი მოჰფინა იმ სიამოვნებას, რომელსაც ის მარიონეტების თატრში პოულობდა. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რა დასკვნებს გამოიტანდა იგი შემდგომ.
ვკითხე, ხომ არ ფიქრობდა, რომ მემანქანე, რომელიც თოჯინებს მართავს, თვითონ უნდა იყოს მოცეკვავე, ან, სულ მცირე, გრძნობდეს იმ სილამაზეს, რომელიც ცეკვაშია.
მან მიპასუხა, რომ თუ რომელიმე საქმე თავისი მექანიკურობით მარტივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გრძნობის გარეშე შესრულებაა შესაძლებელი.
ხაზი, რომელიც სიმძიმის წერტილმა უნდა აღწეროს, მისი აზრით, ძალიან მარტივი და, ხშირ შემთხვევაში, სწორია. მაშინაც კი, როცა ხაზი მრუდეა, მისი სიმრუდეც მარტივია; ყველაზე რთულ შემთხვევაშიც კი მხოლოდ ელიფსური, ასეთი მოძრაობა კი ადამიანის სხეულის დაბოლოებებისთვის (სახსრების გამო) სავსებით ბუნებრივია და ამიტომ მემანქანეს მისი აღბეჭდვა დიდ ხელოვნებად არ უჯდება.
მეორე მხრივ, რაღაც იდუმალი უნდა იყოს ამ ხაზში, რადგან ის სხვა არაფერი იქნებოდა, მოცეკვავის სულის გზის გარდა, რომელსაც ვერ გაიკვლედი სხვაგვარად, თუ არა მემაქანის მიერ სიმძიმის წერტილის გადაადგილებით, ანუ, სხვა სიტყვებით, ცეკვით.
ვუპასუხე, რომ მანამდე ამ საქმეს სულისგან დაცლილ რამედ მივიჩნევდი - როგორიცაა, მაგალითად, ლირის პედლის გადატრიალება.
-არავითარ შემთხვევაში, მიპასუხა მან. თითების მოძრაობებსა და მათზე მიმაგრებული თოჯინების მოძრაობებს შორის, საკმაოდ დიდი კავშირია, როგორიც, მაგალითად, რიცხვებსა და მისი ლოგარითმებს ან ასიმპტოტასა და ჰიპერბოლას შორის.
მაგრამ ამასთან, ეს უკანასკნელი სულის ნატეხი, მარიონეტებისგან სრულად აღმოფხვრილია, მათი ცეკვა მთლიანად მექანიკური ძალების სამეფოშია გადათამაშებული და, ზემოხსენებული პედლის მეშვეობით წარმოიქმნება.
გამიკვირდა, როგორი სიზუსტით და დაკვირვებულობით აფასებდა ის ხალხის მასისთვის განკუთვნილ, მშვენიერ ხელოვნების დარგს. მას არა მხოლოდ თვლიდა მაღალი განვითარების უნარიანად, არადმედ, როგორც ჩანს, თავად იყო ამით დაკავებული.
გაიღიმა და თქვა - რომ თუ მექანიკოსი მისივე მოთხოვნების შესაბამისად დაუმზადებს მარიონეტს, მაშინ მისი საშუალებით წარმოადგენს ცეკვას, რომელის შესრულებასაც ვერც ის და ვერც სხვა რომელიმე მოცეკვავე მის დროში, ვესტრისის ჩათვლით, ვერასდროს შეძლებდა.
თუ გსმენიათ, მკითხა მან , და მე უსიტყვოდ გადავიტანე მზერა მიწაზე: თუ გსმენიათ მექანიკურ ფეხებზე, ინგლისელმა ხელოვანმა რომ დაამზადა იმ უიღბლოთათვის, რომლებმაც ბარძაყი დაკარგეს?
ვუთხარი, არ მსმენია-მეთქი: ასეთი რამე თვალითაც არ მენახა.
სამწუხაროა, მიპასუხა მან; რადგან თუ ვიტყოდი, რომ ეს უიღბლოები ამით ცეკვავენ, ვშიშობ, არ დამიჯერებდით.
-რას ამბობთ, ცეკვავენ?
-მათი სამოძრაო სივრცე, მართალია, ძალიან ვიწყოა , მაგრამ იმას, რის შესრულებასაც მოისურვებენ, ასრულებენ სიმშვიდით, სიმსუბუქით და სიამოვნებით, რაც ნებისმიერ მოაზროვნე გონებას გაკვირვებამდე მიიყვანს.
ხუმრობით ვუთხარი , ესე იგი თქვენი კაცი გიპოვიათ-მეთქი, რადგან ხელოვანი, რომელსაც ასეთი უცნაური ბარძაყის აშენება შეუძლია, ეჭვგარეშე ააწყობდა მთლიან მარიონეტს, მისი მოთხოვნების შესაბამისად.
რაში მდგომარეობს, ვეკითხები, მან კი თვისმხრივ ოდნავ შებოჭილმა დახედა მიწას: რაში მდგომარეობს მოთხოვნები, რომლებსაც თქვენ ამ ოსტატს წაუყენებდით?
არაფერ უჩვეულოში, იმაში რასაც მე ისედაც ვხედავ; სიმეტრია, მოქნილობა, სიმსუბუქე - მხოლოდ ყველაფერი უმაღლეს ხარისხში; და განსაკუთრებით სიმძიმის წერტილების ბუნებრივ მოწყობაში.
-და უპირატესობა, რომელიც ამ თოჯინას ცოცხალი მოცეკვავისადმი ექნებოდა?
-უპირატესობა? თავდაპირველად ნეგატიური, ძვირფასო მეგობარო, სახელდობრ ის, რომ ისინი არ არიან მანერულები - რადგან მანერულობა, როგორც იცით, მაშინ იწყება როდესაც სული (vis motrix) არ მდებარეობს მოძრაობის სიმძიმის წერტილში. ხოლო როცა მემანქანე სადენების და თოკების საშუალებით, მხოლოდ სიმძიმის წეტილზე მოქმედებს, სხვა დანარჩენი წევრები მკვდრები არიან, სუფთა ქანქარები, და მხოლოდ სიმძიმის ძალას ემორჩილებიან; საუცხოო თვისებაა, რომელსაც ჩენ მოცეკვავეების უმრავლესობაში ვეძებთ.
შეხედეთ პ...ს , განაგრძო მან, როცა ის დაფნეს თამაშობს და უკან აპოლონისკენ, მისი მდევრისაკენ, იხედება. მისი სული მდებარეობს ხერხემლის გადაკვეთაზე; ის იხრება, თითქოს ცოტაც და გადატყდებაო, როგორც ნაიადა ბერნინის სკოლიდან. შეხედეთ ახალგაზრდა ფ...ს, როცა ის, პარისის როლში, სამ ქალღმერთთან დგას და ვენერას, ვაშლს აწვდის; მისი სული (თავზარდამცემია) იდაყვებშია.
ასეთი შეცდომები, დაამატა პაუზის შემდეგ, მას მერეა გარდაუვალი, რაც ჩვენ ხისგან ცოდნა ვიგემეთ. მაგრამ სამოთხე ჩაიკეტა და ქერუბიმები ჩვენს უკან არიან; მსოფლიოს გარშემო უნდა ვიმოგზაუროთ, იქნებ სადმე ვიპოვოთ ღიად დარჩენილი უკანა კარი.
გამეცინა. და მაინც - ვფიქრობდი - სული ვერ იხეტიალებს, ვინაიდან ის არ არსებობს. თუმცა, რადგან ის კიდევ უფრო შეგულიანდა, გაგრძელება ვთხოვე.
გარდა ამისა, თქვა, ამ თოჯინების უპირატესობა მათ ანტიგრავიტაციულობაშია. მათ მატერიის ინერციაზე, ამ ცეკვისთვის ყველაზე გამოუსადეგარ თვისებაზე, არაფერი იციან: რადგან ძალა, რომელიც მათ ჰაერში იტაცებს, უფრო დიდია, ვიდრე ის რომელიც მათ მიწასთან აჯაჭვებს. რას არ იზამდა ჩვენი კეთილი გ... თექვსმეტი ფუნტით მსუბუქი, ან იმ წონის ყოფილიყო, თავის ახტომებისა და პირუეტების შესრულებაში რომ დაეხმარებოდა. თოჯინებს, როგორც ელფებს, ძირი მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ მას მხოლოდ შეეხონ და კიდურების ბიძგი მყისიერი შეფერხებით გამოაცოცხლონ; ჩვენ კი ის გვჭირდება დასადგომად და ცეკვის ძალისხმევისგან დასასვენებლად : მხოლოდ ერთი წამია, რომელიც, ცხადია, ცეკვა არ არის და ჩვენ ისღა დაგვრჩენია ეს წამები კარგად შევნიღბოთ.
ვუთხარი, რომ მოუხედავად თავისი მარჯვედ ჩამოყალიბებული პარადოქსებისა, მაინც ვერ დამაჯერებდა იმაში, რომ ერთი მექანიკური კიდურკაცუნა შეიძლება მეტ გრაციოზულობას იტევდეს, ვიდრე ადამიანის სხეულის აგებულება.
მან მიპასუხა, რომ ადამიანები ამაში მარიონეტს, უდავოდ, ვერც კი შეედრებიან. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ამ სფეროში მატერიასთან მეტოქეობა. და სწორედ აქ არის ის წერიტილი, რომელშიც ერთმანეთს ემთხვევა წრიული სამყაროს ორივე დაბოლოება.
კიდევ უფრო გამიკვირდა და არ ვიცოდი რა მეთქვა ასეთ უჩვეულო არგუმენტზე.
თამბაქო ამოიღო და მითხრა:
- როგორც ჩანს, მოსეს პირველი წიგნის მესამე თავი უყურადღებოდ წაგიკითხავს; და ვინც კაცობრიობის განვითარების პირველი პერიოდი არ იცის, ჭკვიანურად ვერ ისაუბრებს მის მომდევნოზე, და კიდევ უფრო გაუჭირდება უკანასკნელ პერიოდზე.
ვუთხარი, რომ კარგად ვიცოდი, როგორ უწესრიგობას ქმნის შემეცნება, ადამიანის ბუნებრივ გრაციაში. ჩემმა ნაცნობმა, ახალგაზრდა კაცმა, ერთი შენიშნვის გამო, ლამის ჩემს თვალწინ დაკარგა უმანკოება და შემდეგ, ბევრი ცდის მიუხედავად, ვეღარ დაიბრუნა თავისი დაკარგული სამოთხე. - მაგრამ ეს რაზე მეტყველებს?
მან მკითხა, თუ რომელ შემთხვევას ვგულისხმობდი.
სამი წლის წინ, ვბანაობდი ერთ ახალგაზრდა კაცთან ერთად, რომლის აღნაგობაც მაშინ საოცარი მოხდენილობით გამოირჩეოდა. ალბათ მეთექვსმეტე წელში იქნებოდა და ქალების სიმპათიისგან გამოწვეული პატივმოყვარეობის კვალი სულ ოდნავ თუ შეტყობოდა. ამაზე ცოტა ხნით ადრე, ჩვენ პარიზში ვნახეთ ახალგაზრდა, რომელიც ფეხიდან ხიჭვს იღებს; ცნობილი ქანდაკებაა და მისი ასლი გერმანიის უმეტეს კოლექციებში შედის. ერთ მომენტში, როდესაც ბიჭმა სკამზე გასამშრალებლად ჩამოდო ფეხი, მზერა დიდ სარკეს სტყორცნა და ქანდაკება მოაგონდა. გაიღიმა და თავისი აღმოჩენა გამანდო. სინამდვილეში, იმ წუთას მეც იგივე შევამჩნიე, მაგრამ იმისთვის, რომ გამომეცადა მისი გრაციოზულობის საზღვრები ან მის პატივმოყვარეობას მკურნალად მოვვლინებოდი - გავიცინე და მივუგე, გეჩვენება-მეთქი. ის გაწითლდა და ჩემს დასანახად კიდევ ერთხელ ასწია ფეხი. მაგრამ ცდა, როგორც მოსალოდნელი იყო, წარუმატებელი გამოდგა. თავგზააბნეულმა მესამედ და მეოთხედ სცადა, ასე ალბათ კიდევ ათჯერ: ამაოდ. აღარ შეეძლო. - მაგრამ რას ვამბობ? მისი მოძრაობები ისეთი კომიკური იყო, რომ ძლივს ვიკავებდი სიცილს:
-ამ დღიდან, ზუსტად ამ მომენტიდან, ახალგაზრდა კაცში, წარმოუდგენელი ცვლილებები დაიწყო. მთელ დღეებს სარკის წინ ატარებდა და ერთი-მეორის მიყოლებით კარგავდა თავის მომხიბვლელობას. ფარული და ამოუცნობი ძალა, როგორც რკინის ქსელი, გამოჩნდა, რათა წერტილი დაესვა თავისუფალი თამაშისთვის. ერთი წლის შემდეგ, ყველანაირი კვალი გაქრა ბიჭის მშვენიერებისგან, რომელიც ასე ართობდა გარშემომყოფთა თვალებს. ჯერ კიდევ ცოცხალია, ადამიანი, რომელიც სიტყვა სიტყვით დამიმოწმებდა ჩემს მიერ ნაამბობ, ამ ამოუცნობ, უბედურ შემთხვევას.
–ასეთ შემთხვევაში, თქვა ბატონმა ც.-მ მეგობრულად, მე გიამბობთ სხვა ამბავს, რომლსაც მარტივად დააკავშირებთ ჩვენს საუბართან.
რუსეთში მოგზაურობისას მოვხვდი ბატონი ფონ გ.-ს, ლივონიელი დიდგვაროვნის მამულში, რომლის შვილები, იმ დროისთვის, ინტენსიურად ვარჯიშობდნენ ფარიკაობაში. უფროსი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო უნივერსიტეტიდან, განსაკუთრებული ვირტუოზობით გამოირჩეოდა, და როცა ერთ დილას მის ოთახში შევედი, მან რაპირა შემომთავაზა. ვიფარიკავეთ; მაგრამ აღმოჩნდა, რომ უპირატესობა მე მქონდა; მის აღგზნებას დაბნეულობა დაემატა; თითქმის ყოველი ჩემი დარტყმა წარმატებული გამოდგა, საბოლოოდ კი მისი ხმალი ოთახის კუთხეში გაფრინდა. სანამ თავის რაპირას იღებდა, ნახევრად ხუმრობით, ნახევრად წყენით, მითხრა, რომ იპოვა თავისი ოსტატი. თუმცა ყველაფერი ამ სამყაროში პოულობს თავის მჯობნს და ახლა ის ჩემსას მაპოვნინებდა. ძმებმა ხმამაღლა გაიცინეს და შეჰყვირეს: წავედით! წავედით! ფიცრულში ჩავიდეთ!
ამ შეძახილებით, ხელი ჩამკიდეს და ბატონი ც.-ს ეზოში გაზრდილ დათვთან მიმიყვანეს.
დათვი უკანა თათებზე იდგა, მიყრდნობოდა ძელს, რომელზეც მიბმული იყო, სანამ მე მას გაკვირვებული ვუახლოვდებოდი, დასარტყმელად აეწია მარჯვენა ტორი და თვალებში მიყურებდა: ეს მისი საბრძლო პოზიცია იყო. არ ვიცოდი, სიზმარში ვიყავი თუ ცხადში, ვხედავდი რა ასეთ მეტოქეს ჩემს პირდაპირ. მაგრამ: შეუტიეთ! შეუტიეთ! თქვა ბატონმა გ.-მ, ეცადეთ ერთი დარტყმა მაინც მიაყენოთ. როცა გაოცებამ ოდნავ გადამიარა, რაპირა მოვიქნიე; დათვმა ტორის ოდნავი მოძრაობით მოიგერია შეტევა. მე შევეცადე ოინებით შემეცდინა. დათვი არც კი წაბორძიკებულა. კიდევ ერთხელ, მოულოდნელი სიმარჯვით, შევუტიე. ეს დარტყმა ადამიანის მკერდს აუცილებლად გააპობდა: დათვმა კი ესეც ტორის ოდნავი გამოძრავებით მოიგერია. ახლა თითქმის ახალგაზრდა ბატონი ფონ გ.-ს დღეში ვიყავი. დათვის შეუდრეკელობამ თავდაჭერა დამაკარგვინა. დარტყმები და ცრუ მოძრაობები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ოფლი მასხამდა. ყველა ცდა უშედეგო გამოდგა. იმის გარდა, რომ დათვმა, მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავესავით, ჩემი ყველა დარტყმა მოიგერია, ის ცრუ მოძრაობებზეც არ წ ა მ ო ე გ ო (ვერცერთი მოფარიკავე ამას ვერ შეძლებდა). თვალი თვალში გამიყარა, თითქოს სურდა, ჩემი სული ამოეკითხა. იდგა, მაღლა აეზიდა დასარტყამად გამზადებული ტორი და არ ტოკდებოდა.
გჯერათ ამ ამბის?
სრულიად! შევყვირე მე მხიარული აპლოდისმენტით; ნებისმიერი უცნობისგანაც დავიჯერებდი, და, მითუმეტეს, თქვენგან!
მაშინ, ჩემო შესანიშნავო მეგობარო, თქვა ბატონმა ც.-მ, თქვენ ყოველივე გაქვთ საიმისოდ, რომ გამიგოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანულ სამყაროში, რაც უფრო ბნელი და სუსტია ანარეკლი, მით მეტად კაშკაშებს და ბატონობს მასში გრაციოზულობა. - მაგრამ როგორც ორი ხაზის გადაკვეთის წერტილი გაივლის უსასრულობას და ერთი მხრიდან უეცრად მეორე მხარეს ჩნდება ან როგორც გამოსახულება ჩაზნექილ სარკეში, მას შემდეგ, რაც უსასრულობაში გაქრება, მოულოდნელად უკან გვიბრუნდება: ისე გვიბრუნებს უსასრულობაში დაკარგული ცნობიერებაც დაკარგულ გრაციას; ისე რომ, იმავდროულად ჩნდება სისუფთავე ადამიანური სხეულის აგებულებაში, რომელსაც ან არ გააჩნია ცნობიერება ან უსასრულოდ აქვს ის, ე.ი. მარიონეტში ან ღმერთში.
მაშინ, ვკითხე ოდნავ დაბნეულმა, გამოდის, რომ ისევ უნდა ვჭამოთ ცოდნის ხის ნაყოფი უმანკოების დასაბრუნებლად? უდავოდ, მიპასუხა მან, ეს მსოფლიოს ისტორიის ბოლო თავია.