მიპარვით მოკალ სასიძო
ნესტან-დარეჯანი
თუა ადგილი საიდანაც ყველაფერს მიწვდები
აქედან ვერაფერს ვხედავ
შენს წერილებში ვკითხულობ ჩვენი პლანეტის
უმაღლეს და უღრმეს წერტილებს შორის გაბნეული აცდენილი გზების ამბავს
აქ როგორ მოვხვდი
შენ როგორ შემამჩნიე
რამდენ ხანს ვიწექი მიწაში საგანგებოდ გადანახულ იარაღივით
- მოდი და მოკალიო ჩემი ყოფილი შეყვარებული
რომელი მზე მომაგდებს შენს ფეხებთან სამყაროსთვის დამალულის უჩინარ ჩრდილს
ტყვია რომ გავარდება
ან დანა რომ სისხლით შეიღებება
ან ჩემს ხელში ქვას მისი თავის ქალა
პირველად და უკანასკნელად რომ მიესალმება
საიდუმლოს ვინ შემინახავს მას ვინ იტვირთებს
რომელი გულის ბნელი ქუჩებით მივადგები საიმედო სახლის კარს
ვისი მოქნილი სხეული
ვისი თბილი და მგრძნობიარე თითები გადაეფარება
ჩემზე დამიზნებულ ვიდეოთვალების მაბეზღარა ამბრაზურებს
დაუშვი დროშა - შენი წითელი კაბა
რომ ვერ მოგვაგნონ
ერთმანეთისკენ ზურგშექცეულები გავეშურეთ სხვადასხვა მხარეს
და ერთმანეთს ვეძახით
სად ხარ
სად ხარ