• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

იდეალიზმის უარყოფა იმანუელ კანტთან

×
ავტორის გვერდი დავით გალაშვილი 16 იანვარი, 2020 3912
უშუალოდ სანამ კანტის მხრიდან იდეალიზმის კრიტიკაზე გადავალ, უპრიანი იქნება ვახსენოთ ის ტრადიცია, რომელიც კანტის ფილოსოფიას წინ უძღოდა და რომელმაც გარკვეული წვლილი შეიტანა კანტის აზროვნების იმგვარ განვითარებაში, რასაც წმინდა გონების კრიტიკაში ვხვდებით. თვითონ კანტი იდეალიზმის უარყოფის ქვეთავს მცირე ისტორიული ექსკურსით იწყებს, ამ მონაკვეთში მას ნახსენები ყავს რენე დეკარტი, რომელმაც ახალი დროის ფილოსოფიაში რაციონალისტურ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი და სოლიფსისტური იდეალიზმის მომხრე ბერკლი. კანტი წერს, რომ დეკარტისათვის ცნობიერების მიღმა არსებული საგნები ან ფიქციაა, ან მათი არსებობა, სულ მინიმუმ, პრობლემატურია: „პირველია კარტეზიუსის პრობლემატური იდეალიზმი, რომელიც მხოლოდ ერთ ემპირიულ მტკიცებას აცხადებს უეჭველად, სახელდობრ: მე ვარსებობ.“  დეკარტი აზროვნების თავისებურ კონცეფციას აყალიბებს, მას სწამს, რომ აზროვნებას არ სჭირდება შეგრძნება-აღქმები, რომელსაც ის შემდგომ გადაამუშავებს და ამის საფუძველზე შექმნის იდეებსა და წარმოდგენებს, წმინდა აზროვნება არ არის ცარიელი, მას თვითონ გააჩნია იდეები ან თვითონვე ქმნის მას ყოველგვარი ემპირიული მასალისაგან დამოუკიდებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეკარტს მიაჩნია, რომ ცნობიერებას თანდაყოლილი იდეები აქვს, ან თვითონვე ქმნის მას რეალური საგნებისა და მოვლენების შესაბამისად. დეკარტთან მიზეზისა და შედეგის კავშირი ლოგიკური კავშირია. დეკარტს, ისევე როგორც მის თანამედროვე ბეკონს, სურს, რომ მეცნიერების საფუძველი დაადგინოს, ამისათვის ის ირჩევს შეეჭვების მეთოდს, რასაც საბოლოო ჯამში, მის ცნობილ დანასკვნთან მივყავართ.  კანტიც სწორედ ამას აღნიშნავს, ის იდეალიზმში გულისხმობს თეორიას, რომლის მიხედვითაც ცნობიერების მიღმა რეალური საგნები არ არსებობს. დეკარტის მეთოდოლოგიური სკეპტიციზმს, რადიკალური გამოყენება კვლავაც ხვდა წილად, კერძოდ ედმუნდ ჰუსერლის ფილოსოფიაში: „ ჩვენ არ შეგვიძლია იგი( სამყაროს არსებობა) უკითხავად და უშუალოდ მივიღოთ აპოდიქტურად.“  კანტისთვის ამგვარი ხედვა აშკარად პრობლემატურია და ამაზე ქვევით გვექნება საუბარი, იქამდე კი კანტის მხრიდან ბერკლის რეცეფციაზეც უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა. კანტი ბერკლის იდეალიზმს დოგმატურს უწოდებს, თუმცა იდეალიზმის ამგვარი გაგება კანტის შემოტანილი არ გახლავთ, ეს კლასიფიკაცია ვოლფის ნაშრომში „გონივრული აზრები ღმერთის, სამყროს და ადამიანის სულის შესახებ“ -ში გვხვდება. ვოლფი ფილოსოფოსებს დოგმატიკოსებად და სკეპტიკოსებად ჰყოფს, დოგმატიზმს კვლავ ორად ტოტავს და საბოლოო ჯამში მივდივართ მონისტური იდეალიზმის ორ სახესხვაობამდე, პლურალისტებად და ეგოისტებად დაყოფამდე. ამ კლასიფიკაციის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია, რომ ბერკლი სოლიფსისტად ვცნოთ, რადგან ბერკლი, როგორც სხვა ყველა დანარჩენ თვისებას, სივრცესაც სუბიექტის მიერ მიწერილ პრედიკატად განიხილავს. 
    „წმინდა გონების კრიტიკაში“ შეიძლება ითქვას, რომ კანტს იდეალური ესმის, როგორც სუბიექტური, სუბიექტის უნარების მიერ განსაზღვრული რამ. და კანტი, როგორც თავისი მისიის თანმიმდევრული განმახორციელებელი, სუბიექტურ უნარებს მეცნიერებასთან მიმართებით განიხილავს. მეცნიერებას კი, ადამიანური გვარისათვის საყოველთაო ჭეშმარიტების დადგენა უნდა შეეძლოს, ეს კი, ბერკლის ფილოსოფიის მიხედვით გამორიცხულია, ამიტომაც კანტს ინტერსუბიექტურობის ცნება შემოაქვს. ინტერსუბიექტურობით კანტი ადგენს, რომ ყველა ცობიერებისათვის საერთო გადაკვეთის წერტილი არსებობს, რაზეც შესაძლებელია გარკვეული ცოდნა დაშენდეს. კანტისთვის მეცნიერული შემეცნება, მხოლოდ აპრიორული შემეცნების გავლითაა შესაძლებელი, აპრიორული კი, შეუძლებელია თუ არ არსებობს შემმეცნებელი სუბიექტი, შესაბამისად კანტიც იდეალიზმის ნიადგაზე დგას, მაგრამ მკაცრად ემიჯნება კარტეზიუსისა და ბერკლის იდეალიზმებს. სწორედ ეს არის საგულისხმო ფაქტი კანტთან იდეალურის რეცეფციის დროს, კანტის იდეალიზმი არამც და არამც არ უნდა აგვერიოს ბერკლისა და მისი მიმდევრების იდეალიზმში, რადგან კანტისთვის ყოველი არსებულის სუბიექტის განსჯის უნარების გავლით დადგენა მიუღებელია. ტრანსცენდენტალურ ესთეტიკაში, კანტს სჯერა, რომ ნივთები თავისთავად გრძნობიერებაზე ზემოქმედებით იწვევენ შეგრძნებებს, ხოლო სივრცე და დრო ამ შეგრძნებებს წესრიგში მოიყვანს. ეს არგუმენტიც საკმარისია ბერკლისა და კარტეზიუსის იდეალიზმის უარსაყოფად. 
   კანტს შემოაქვს იდეალიზმის ახალი გაგება, რომელსაც ის ფორმალურ იდეალიზმს უწოდებს, რაშიც ის გულისხმობს, რომ სუბიექტი განსაზღვრავს მოვლენათა ფორმებს, მაგრამ მასალა ემპირიულია. ამის დასტურად მოვიხმობ კანტის ციტატას: „მე ვაცნობიერებ ჩემს არსებობას როგორც დროში განსაზღვრულად.“   დრო კანტთან შეიძლება ითქვას, რომ რაიმე მოვლენის ერთდროულობას, ან მიმდევრობას აღნიშნავს, რაიმეს ერთდროულაბასა და თანმიმდევრობას კი, მოძრაობა განაპირობებეს, აქედან კი შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სუბიექტი თავის თავს აღიქვამს მხოლოდ ნამდვილი ნივთების არსებობის პირობებში : „ჩემი არსებობის განსაზღვრა დროში შესაძლებელია მხოლოდ ნამდვილ ნივთთა არსებობით, რომელთაც ჩემს გარეთ აღვიქვამ“.  ზევით უკვე ვახსენე „ფორმალური იდეალიზმი“, რომელიც კანტმა სხვა იდეალისტებისაგან გასამიჯნავად გამოიყენა. კანტთან ხსენებული ტერმინი იმავეს აღნიშნავს, რასაც „ტრანსცენდენტალური იდეალიზმი“. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანტთან მოვლენა აპრიორული ჭვრეტისა და განსჯის კატეგორიებით არის შეზღუდული. ამ პირობის გარეშე კანტთან იდეალიზმი უარყოფითი ცნებაა, რადგან ის რეალურის, ნამდვილის საპირისპირო გამოდის და ყოველგვარ სუბიექტურს ანიჭებს უპირატესობას. ტრანსცენდენტალური იდეალიზმი კი, რეალიზმს არ უპირისპირდება, არამედ ის თავის რეალურობას ამტკიცებს იმ რეალობაში, რომლის არსებობის პირობებსაც თავად იძლევა. ასევე მნიშვნელოვანია კანტთან იმის გაგება თუ რას ნიშნავს სივრცისა და დროის ემპირიულად რეალურობა, ხოლო ტრანსცენდენტალურად მათი იდეალობა. სწორედ ამ კვანძის გახსნით მოეფინება ნათელი კანტისა და იდეალიზმის ურთიერთმიმართებას. ამ ცნებების განმარტება კანტის მიხედვით ასე შეიძლება: სივრცე და დრო ემპირიულად რეალურია, რადგან მათ აქვთ ობიექტური მნიშვნელობა იმ მოვლენებისათის, რომელიც მოეცემა ჩვენს გრძნობიერებას. იმის გამო, რომ მათ არ ახასიათებთ აბსოლუტური რეალობა და ისინი თავისთავად ნივთებზე არ ვრცელდებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთვის დამახასიათებელია ტრანსცენდენტალური იდეალობა. შეიძლება ეს აზრი ასეც ჩამოვაყალიბოთ: ადამიანს სივრცე და დრო ჰგონია თავისთავად არსებული რამ, მაგრამ დრო და სივრცე სინამდვილეში აგებულია ადამიანური ცნობიერების კანონზომიერებით.
    დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კანტის ფილოსოფია იდეალისტურ საფუძველზე დგას, თუმცა მკვეთრად განსხვავდება იდეალიზმის იმ ტრადიციისგან, რომელსაც დეკარტი და ბერკლი წარმოადგენენ. კანტმა ჭვრეტის, განსჯის აპრიორული ფორმების შემოტანით, რომლებიც ტრანსცენდენტალურის სფეროს განეკუთვნებიან და რომლებიც ინტერსუბიექტურ უნარს წარმოადგენენ, საბოლოოდ გადალახა ბერკლის იდეალიზმი და საფუძველი დაუდო ახალი ტიპის შეზღუდულ იდეალიზმს, რომელსაც ჯერ ფიხტე, ხოლო შემდეგ შელინგი და ჰეგელი, სხვა გზით განავითარებენ. კერძოდ, ფიხტესთან როგორც ფორმას, ისე მატერიას თვითმოქმედი ცნობიერება ქმნის და შესაბამისად ნოუმენისა და ფენომენის დუალიზმს, ბოლო ეღება.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული