- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მთარგმნელი და კომენტატორი ლუკა კუჭუხიძე
Δώρια - ლექსის სათაური ერთობ ენიგმატურია. შეგვეძლო გვეფიქრა, რომ Δώρια ბერძნული δορεα-ს შესატყვისია, რაც საჩუქარს, ძღვენს აღნიშნავს, თუმცაღა კომპლექსური ფილოსოფიური, ისტორიული თემებისადმი პაუნდისეული ვნება, მკვლევართა დიდ ნაწილს აფიქრებინებს, რომ აქ უფრო ძველი ბერძნული მნიშვნელობა უნდა იყოს ნაგულისხმები, რაც დორიულ სამყაროსთან - სისადავის, სიმამაცის, სიმკაცრის იდეალებთან ალუზიებს უნდა მოიაზრებდეს (იონური და ეოლიური დახვეწილობისაგან საპირისპირო მგძნობელობას).
ამგვარი წაკითხვის აპოლოგეტებს პირობითად „ისტორიულ-კულტურული“ შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს ჯგუფი კი, დამატებით ორად იყოფა. ნაწილის მოსაზრებით, პაუნდს მუსიკალური დორიული კილო აქვს მხედველობაში, რომელსაც როგორც წესი, ტრადიციულად, კეთილშობილებისა და თავგანწირული სიმამაცის იდეალთან აკავშირებდნენ ( მაგ. პლატონი „სახელმწიფოს“ მესამე წიგნში ), ნაწილის ხედვით კი, პაუნდის ალუზია დორიულ არქიტექტურულ ორდერს უნდა უკავშირდებოდეს, იონურისაგან სრულებით განსხვავებულს, თავის ჩანაფიქრში მკაცრსა და სადას. ამგვარ მოსაზრებას არ იზიარებს ჩარლზ ნორმანი, რომელიც, პაუნდის შესახებ თავის ბიოგრაფიაში, რადიკალურად საპირისპირო, „ლირიულ-ბიოგრაფიულ“ ინტერპეტაციას ავითარებს და წერს, რომ დორია - დოროთის უნდა აღნიშნავდეს. იგულისხმება დოროთი შექსპირი, რომელსაც პოეტი 1909 წელს შეხვდა, 1914 - ში კი მასზე დაქორწინდა. ( იხ, Charles Norman, Ezra Pound, 1969, Funk and Wagnalls, გვ. 80 ).
შესაძლოა, პაუნდს თავად პოეტის გრძნობის (სიყვარულის) დორიულობაზე, დორიულ სახეზე ჰქონდეს საუბარი, რომელიც საკუთარი არსითაა დორიული და არა მიკენური. ამგვარი წაკითხვის შესაძლებლობას თავად ლექსში არსებული „მკაცრი სინამდვილის“ განწყობა მაძლევს, რომელიც სწორედ ამ „სიმკაცრის“ გამოისობით, უფრო რაღაც მყარისა და გადაულახავის ფიქრებს აღძრავს წარმოსახვაში, ძალაუნებურად კი კვლავაც დორიულ კეთილშობილურ სიმარტივესთან და მასთან ასოცირებულ ისტორიულ ალუზიებთან გვაკავშირებს უფრო, ვიდრე პოეტი-ლირიკოსის რომანტიკულ აღმაფრენებთან.