კაცი ლონდონიდან; პანიკები





პოეზია

კაცი ლონდონიდან; პანიკები




კაცი ლონდონიდან
 
 
კაცი ლონდონიდან. ფილმი, რომელსაც სიზმარში ვუყურებ. რომელშიც ვარ. ქართულად ვამბობთ, სიმზარი ვნახე, თუმცა სიზმრებს არ ვუყურებთ, ვართ მათში (ამის გასაცხადებლად აირჩია ეს ფილმად ყოფნის მეტაფორა?) ინგლისურად იტყვიან, სიზმარი მქონდა, მაგრამ სიზმრად ყოფნისას სიზმრებს ვყავართ და არა ჩვენ ისინი. ვისიზმრე?
 
ლონდონი ერთი ქვაკუთხედია შავი მაგიის დედაქალაქთა სამკუთხედში. ოკულტური ლონდონი. ბლეიკის ლონდონი.
 
კაცის ხესთან გაბაასება. ეს ყოველთვის ვიცოდით. არაა საჭირო, ამას დრუიდიზმი უწოდო, არაა საჭირო, ხე იყოს სიმბოლო, ან არქეტიპი. მაინც, ეს წამია მთელი სიცოცხლის გული. ვიმყოფებით ქალაქის სკვერში. მე და შენ. მე და მე. თუ გახსოვს, უწინ (ვერლენი). ხის ყინულის სახე შენსას ჰგავს. შენს სახეს დეფორმირებულს თუმც შენიც ასევე დეფორმირებული სამყაროს სა-ხეში.
 
რაზეა ფილმი? [კომენტარი] XIX საუკუნის ბოლოს ადამიანი სრულადაა აცდენილი სამყაროს სვლას. სამყაროს ღერძს. Long Way Down. ნაგრძნობი ფორმებში: მანიერიზმი, ბაროკო. ცხოვრება სიზმარია. ჰამლეტის პირველი ფორმულირება. ფაუსტი, ბლეიკი. აზრი აზრის წინააღმდეგ შემობრუნებული (à rebours). დე სადი, ფურიე. ნერვალი, ბოდლერი. ბოლო სიტყვა ჰოლდერლინს: Pallaksch. რემბო საზომი ამ ყველაფრის. მაგრამ ყველა პოეზია ესაა,
 
ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რა იქნებოდა პოეზია, რომ არა არსობრივი ამბოხება ადამიანისა სამყაროს აბსურდული კანონების წინააღმდეგ, სამყაროსი, რომელშიც, თავისდა უნებურად, ამოყო თავი. (მიშელ ლერისი)
 
ონტოლოგიური ამბოხება. გარევოლუციურება და არა რევოლუცია.
 
. . . და ამ გზაზე მხოლოდ ]ლაკუნა[ მისი განვითარება . . . ადამიანი არ ლაპარაკობს სამყაროს სულთან მხოლოდ თავდაყირა ვარსკვლავი უკიდია ცხვირწინ. სამყაროს სული: სულს დაქვემდებარებული ოთხი ელემენტი. სულით მართული სამყაროს მასალა პირველი მაგიური პრინციპია. მაგიური პრინციპია პირუკუც: სული, დაქვემდებარებული სამყაროს მასალას: შავი მაგია. რომელსაც ვცხოვრობთ, ყოველდღიურად. არაფერი შეიცვლება, თუ ამას კაპიტალიზმს უწოდებ. ყველაფერი შეიცვლება. სახელწოდება პირველი მაგიური ხელობაა. იუდეურ (მონოთეისტურ?) ტრადიციაში: ადამი, პირველი პოეტი. წარმართულ ტრადიციაში: პირველი პოეტი, ნარცისი. ჩვენი გზა წარმართულია. სიმრავლე. (ბუნებრივია, არავინაა ჩვენს ცნობიერებაში მეტად დეფორმირებული არქეტიპტა დასიდან, ვიდრე ნარცისი. მაგრამ ნარცისმა არ იცის ვინ უყვარს. არ იცის ვინ არის. ამისთვის, უნდა დაეშვას). ნარცისი, მე არის სხვა. მე-სიყვარული-სხვა. პოეზიის არსი, სახელცვლილებები. სახე-ცვლილებები. ახლა უწოდე საგნებს „თავისი სახელი“. შავი მაგია. როგორც მესმის, ეს მარჯვენა ხელის გზაა, სოლვე, ანალიზი. რა შეიცვლება, თუ ამას დასავლური (ქრისტიანული) ცნობიერების ხანას უწოდებ? არაფერი შეიცვლება, თუ არ შევთანხმდებით. შეცვალე ჩემი სიტყვები და მომეცი შენი. თუ ენა მთქმელია, მარჯვენაში გამარჯვებაა ჩაკერებული; მარცხენაში - მარცხი. „ჩვენ ყოველთვის დამარცხებულები ვართ“. შვიდი სამურაის ალეგორია. პოეტური აქტის მეტაფორა. action poetry. გარევოლუციურების პოეზია? ძვრა ბატონიდან სიცოცხლის ქვედა ტანისკენ. ეს იაპონური სოფელი რუკაზე არ მოიძებნება. მასზე არაა დატანილი. ეს ტერიტორია ფსიქიკურ ველში არსებობს მხოლოდ. იქ ვიბრძვი? სად ვმარცხდები?
 
ვარსკვლავი, Arcane 17, მერწყული. ნარცისის პოზა. პოემა აგრეთვე წყალია. აგრეთვე ბაბილონის გოდოლი. გამრავალენება. ენა კოშკის დამხობაა. გონება კოშკის დამხობაა. ცნობიერება.
 
ნორმან ო. ბრაუნი: „ცივილიზაცია ჭექა-ქუხილით იწყება.“
ნორმან ო. ბრაუნი: „არაფერი ხდება პირველად.“
თავდაპირველად იყო ცეცხლი. ჭექა-ქუხილი სრულქმნილი გონება.
 
აგრეთვე ხე. ყინული. ხეს ესაუბრება, მაგრამ მასში საკუთარ დეფორმირებულ სახეს ხედავს მხოლოდ [კომენტარი] ტრაგიკული ნარცისი. ნარცისი, როგორც XII, ჩამომხრჩვალი. Freak Narcissus. მოძულე ნარცისი (ნარცისს მინუს სიყვარულის სხეული. ნარცისი, რომელმაც „იცის“ ვინაა). ნარცისი აუშვიცის შემდეგ. მთელი ჩვენი პოეზია გროტესკულია. ბარბაროსულიც.
 
რა მასალაა ყინული? ესკიმოსების ყინული. დანტეს ყინული. საკვირველია, მაგრამ ყინული, სულ მცირე, ამ ხილვაში, ქვესკნელის მასალაა. სიზმარი და ქვესკნელი. პოეზიის მასალა. ნარცისის ძვრა დაშვებაა. “descent beckons”. პოეზია ორფიკული არაა. ორფეოსს მხოლოდ დღის შუქზე ამოჰყავხარ. ქვესკნელდება გამოსამზეურებლად. შამანიზმი [კომენტარი] ევროპულმა ცნობიერმა გააორფიკულა. ორფეოსი არაა შამანური (ფამილარიზაცია) და მაინც, თავად პროცედურა შამანურია. შამანურია გზა, რომელსაც ევროპელი არქაულთან მიჰყავს—მიმსგავსება, მეტაფორა—ესაა მარცხენა ხელის გზა, კოაგულა. სწორედ ისაა ევროპული, იმის წარმოდგენა, რომ შამანიზმი არა-ევროპულია (კონტრ-ევროპული), არა„ინტელექტუალური“, გარე და გამიჯნული. ჩვენ და ისინი. ველურის მოთვინიერება (და არა: გაველურება). ესაა მარჯვენა ხელის გზა. ხელმარჯვეობა. ჩვენ ყოველთვის დამარცხებულები ვართ.
 
რა მასალაა ყინული? სული ზედა წყალთა იქცეოდა. და წყალი წარმოსახვაა. ანა ლივია. პოეზია გაქვავებაა. არაფერი პოეზიაში ლამაზი. ან არასასტიკი.
 
რა მასალაა ყინული? ყველაფერს ამის შესახებ შეიტყობთ ქვესკნელის რადიო გამოშვებაში. საკუთარ „ორფეოსში“ კოკტომ აქცია რადიო ქვესკნელის ხელსაწყოდ. ამდენად, პოეზიის ცენტრალურ მეტაფორად (მაგრამ ვის ჰგავს ორფეოსი, როდესაც, დასაშვებად, სარკის ზედაპირს ეკვრის, შეყვარებული, ისე, თითქოს წყლისას?...) „კარნახი გარედან“. ბლეიკი, იეითსი,
 
„არა“ გაისმა პასუხი, „ჩვენ მოვედით, რათა მოგცეთ მეტაფორები პოეზიისთვის.“
 
კოკტოს ინტუიცია უსაზღვროა. მისგან დამოუკიდებლად, პაუნდი: თუ გსურს, გაიგო კანტოების კომპოზიციური პრინციპი, დაუგდე ყური, როგორ გადადის რადიო ერთიდან მეორე ტალღაზე. ზედა წყალთა. ტალღებს შორის - შრიალი. ნარცისი წყალში იხედება. პოეზიის დაბადება წყალში. ანა ლივია. სედნა. წყალთან წილნაყარი ძალები ვაგნერის ოპერებში, ზოგჯერ ისინი გმირებია, ზოგჯერ - ხდომილებები, მაგრამ ადგილი ყოველთვის წყალია. ტალღებს შორის, თეთრი ხმაური. თუ გსურს, გაიგო ჩემი პოეზია, ყური დაუგდე ჩემს ყურს.
 
ქვესკნელის რადიო გამოშვებაში. ეს ლონდონია—ჰადესიც და ანგელოზებიც, ფერიებიც და ფარვანაც აქ შეიყარნენ. ბლეიკის თვალში. ესაა პოეზიის დაბადება. კაცი პარკში ზის. te souvient-il. ვერლენი და რემბო ლონდონში. ხეს ებაასება. აი, ქალაქებიც!
 
ესაა პოეზიის დაბადება საკუთარი სამშობიარო კივილებისგან. შრიალი ტალღებს შორის. აქ ტოვებს საშო ხილვას. ხილვა საშოს. „ხანდახან თავი უდედო ბავშვი მგონია.“ ხანდახან იმდენს ვფიქრობ სალექსო ფორმებზე მსურს მოვიგონო ახალი სონეტი 4-3-2 მსურს მოვიგონო ახალი ცეკვა მაგრამ ტანი ჩემი არაა (ვისია ეს ტანი? je est un autre. პოეზიის დაბადება წყალში. descent beckons) ამიტომ სიტყვებით ვწერ ტანგოს როგორ მსურს გაკოცო ახლა მაგრამ ეს სახე ყინულისაა და ჩემსას საერთოდ აღარ აქვს პირი.
 
„წარმოიდგინე, სისხლის ნაცვლად ყინული რომ იყოს / მენსტრუალური—რამდენად უფრო ცივი იქნებოდა / მაშინ / მთვარე“ (მცენარეული ლექსები)
 
პოეზიის დაბადება მთვარისგან. მთვარის ქვეშ. აგრეთვე მთვარე. აგრეთვე სისხლი. მთვარეულები.
 
ამაღამ ვუსმენ რადიოს და ტოტებს შორის ცას ვკითხულობ მინდა მესმოდეს როგორ იმეორებ ჩემს ფიქრებს და ისიც მხოლოდ ქუჩების ძველ სახელებს მინდა დავუბრუნდე იმ ქალაქს მაგრამ ის სახლი
აღარ არსებობს
აღარც ის ქუჩა
 
მინდება, მოვიგონო ახალი სონეტი. ან იქნებ რილკეს სონეტები ორფეოსისადმი ვთარგმნო რომელიმე მცენარეულ ენაზე? „მე ჩავძირავ ჩემს წიგნებს“—არა დაწვა, არამედ წყლისთვის წიგნის დაბრუნება.
მედიცინას ვსწავლობ, სახლში მომდის ადამიანების თავები შესაკეთებლად. არ ვიცი, ზუსტად, რა მევალება. ვუყურებ. ვუყურებ სიყვარულით. ამაღამ შენი თავი მომიტანეს, ტვინს ახალი გამონაზარდი აქვს მარჯვენა მხრიდან, უნდა ამოვიღო. გახსენი თავი ჩემი. გამიხსენი მარჯვენა მხარე.
 
სიყვარულისთვის—თავს
გაგიპობდი და სანთელს
ჩავდებდი
თვალების უკან                (რ. ქრილი)
 
 
 
 
 
პანიკები
 
(პროემი)
 
პანისადმი ლექსების ციკლის მიძღვნასთან უცნაურმა, დაგრეხილმა და უხილავმა გზებმა მიმიყვანა, - თუ, უკეთ, მოიტანა ეს ლექსები ჩემთან - რომელთა აღწერაც რთული იქნება და, მგონი, შეუძლებელიც, და მაინც, გადავწყვიტე, მეცადა ბედი (ამ ფორმულირების ყველაზე საშიში და სახიფათო გაგებით) და წარმოსახვითი მკითხველისთვის განმეადგილებინა ამ ლექსების წარმოსახვითივე ალაგი.
 
პირველ რიგში, მტკიცედ უნდა განვაცხადო, რომ პანიკებს ამჟამინდელ, უნივერსალურ პანიკასთან ჩანაფიქრისეული კავშირი არ ჰქონიათ (არც, მითუმეტეს „პანდემიასთან“); ამ ლექსების წერა მანამ დავიწყე, სანამ გაზაფხული დაიწყებოდა, ისე, რომ არანაირი გეგმა თუ მთლიანობის რაიმენაირი აბსტრაქტი აზრად არ მქონია, ხოლო დამთვარდებით გაზაფხულის დღეღამტოლობისას დავასრულე (ან, შეიძლება, მეტი სიზუსტისთვის ითქვას, თავი მოვუყარე, როგორც კონსტელაციას, რადგან ყველა სიტყვა უკვე დაწერილი იყო). სწორედ ამ დროს დამეხვია ყველა მხრიდან ფიქრები, შემთხვევები და დამთხვევები, რომლებსაც უწყვეტლივ დიდ ღვთაება პანთან მივყავდი (რომელსაც, სხვამხრივ, ადრეული ბავშვობიდან ვეთაყვანები). ყინული იმან დაძრა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ალისტერ კროულის რამდენიმე ტომს ვუტრიალებდი, უშუალოდ კი ერთ-ერთ მათგანში შეტანილ ლექსს, რომელსაც, „ჰიმნი პანისადმი“ ეწოდება; და თუმცა უშუალოდ ამ ნაწარმოებმა თავიდანვე არ მიიპყრო ჩემი ყურადღება, მას ხელახლა დავუბრუნდი მას მერე, რაც აღმოვაჩინე, რომ ფერნანდო პესოას (ერთ-ერთ დიდოსტატს ჩემს პოეტურ პლეადაში) ის პორტუგალიურ ენაზე ეთარგმნა. იმ წამიდან გამიჩნდა ბუნდოვანი, ხელ- თუ აზრუხლებელი ჟინი, კროულის ლექსი ქართულად მეთარგმნა, თუმცა ეს სურვილი გამოიხატებოდა არა თარგმნის აქტში, არამედ ამ შესაძლო თარგმნის აქტისთვის სამზადისში. სწორედ ამ სამზადისმა შექმნა შემთხვევა, წამეკითხა ყველაფერი, რის მოძიებასაც პანის შესახებ შევძლებდი; უფრო ზუსტად კი გადამეკითხა ყველაფერი, რაც ჩემთვის ამ ღვთაებას უკავშირდებოდა. ამას მოჰყვა თითქოსდა ერთმანეთისგან ისე დაშორებული თხზულებების გადაკითხვა, როგორიცაა ჰომერული „ჰიმნი პანისადმი“ და ბრუნო შულცის „პანი“ - ამ ორს ვახსენებ იმ მიზეზით, რომ ჩემს ლექსებში მათი მყოფობა ზედაპირულადაც კი აშკარაა. (უჩვეულოდ და გამორჩეული სიმძაფრით მიტრიალებდა თავს ფრაზაც კენეთ გრემის სახელგანთქმული წიგნიდან, „მესალამურე ცისკრის კარიბჭესთან“.)
 
მაგრამ ერთადერთი ფუნდამენტური მნიშვნელობა ჩემი კომპოზიციის უკან პლუტარქეს ეკუთვნის; არასდროს მოვუნუსხივარ ნაწარმოების მხოლოდ სათაურს იმდენად, რამდენადაც პლუტარქეს De defectu oraculorum მნუსხავდა ყოველთვის. მაგრამ ახლა ჩემი ერთადერთი სურვილი ის იყო, მკაფიოდ აღმებეჭდა თავში პანის სიკვდილის მისტიკური ეპიზოდი. ჩვენთვის ცნობილია, რომ პანი ერთადერთი ძველბერძნული ღვთაებაა, რომელიც კვდება, როგორც ამას პლუტარქე გვაუწყებს. რაც ცნობილ შეძახილს შეეხება, „დიადი პანი მკვდარია“ - მე ყოველთვის ტრაგიკულად, სულაც აპოკალიფსურად ვკითხულობდი მის საზრისს, და ის არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდიოდა გავრცელებულ ქრისტიანულ წაკითხვასთან. მაგრამ პანი გაზაფხულის ღვთაებაა და ახლა მუდმივად თავს დამტრიალებს სხვა, თანაბრად აპოკალიფსური (როდესაც კი ამ სიტყვას ვიყენებ, ვგულისხმობ მის ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას: გამოცხადებითი) შეგრძნება, რომ ეს გაზაფხული მეტადაა პანის სეზონი, ვიდრე რომელიმე სხვა. იქნებ ის არა მხოლოდ ერთადერთი მოკვდავია ძველბერძნულ ღვთაებათა დასში, არამედ ერთადერთი, რომელიც მკვდრეთით აღდგება?
 
ეს, ყველაზე ლირიკული, ჩუმი და თვინიერი ლექსები, რომლებიც ოდესმე დამიწერია, მას ეძღვნება.
 
 
*
მიდი, გაისეირნე, ღამით, თან ნარნარად აქანავე ეგ თეძო, ეგ მეორე თეძო და ეგ მარცხენა ფეხი.
(არტურ რემბო)
 
 
                                                ყველაფერს რასაც 
                         ახლა ხედავ მისი თავი მღერის მიეცი 
                            ზღაპარს თავისი წილი სითხე მუსიკა და
           დაუბრუნდი, უკანდახევის წუთებში, მშობლიურ
                                            ტყეებს, უსალამუროდ—
     გაუგებრობაა სადაც მიდიხარ სინათლე
                                    გაბრმავებს გული გაშლის და გაშლის
                                                    ამ მზესუმზირებს, ტროტუარებზე
 
*
 
                                          ვნახოთ
                      ეს ერთიც შეუძლებელი ამ უფარდობის  
დახურდავება—რა ჩაიდინე ჰადესში, სახელმოდგამო, რა
         თანანადებს ატარებს სახელი? ერთმანეთს მიაბა ორი
             ამბავი—ძველი საქმე რატომ სხვადასხვას
                          არ უყვარდეს ერთურთი? რატომ არა წითელი
  მთის სატრფოები წითელ ფრთებქვეშ რატომ არ მივუშვათ
                ეს ისედაც ამდენი მოუარული ნათლის მატარებლები
 
*
 
                                                                 ჩვენებას
              დადგამენ ამაღამ ტყეში, რატომ ტოვებ ახლა
                                         მას ასე ხშირად, და ტყეც გტოვებს
და მძიმდება მთელი უშენო ოთახი თუ გზა დავკარგე? რომ იყოს ასე
                                     სადმე უნდა დაგეკარგა და სად არაა
                            აქ გზა—ზღვარი, „ყრუ უფსკრულში
        გადაბიჯება“ პანიკა ამ კიდევ ერთი ქალაქის
                     ქუჩებში: ხელები თითქოს პირველად ეხებოდეს გვირისტს
 
*
 
                               ისინი ვინც
            ღამის სკოლაში დადის მალე პირველი
                                     გაკვეთილი იწყება არ დაგაგვიანდეს ეს ძველი
                            სუნია ეს ლამბაქის ძირას ეს
უცნაურ მტვრიან სიტყვებში ჩვენ მიღმა რომ დაურჩნენ
                                  თაროებს რამდენიმე სიტყვის
    ცოდნა მინდა, მომყევი, ან მაჩვენე
                       სად დაფრინავს ჩიტი ცალი ფრთით
 
*
 
     laura leaves მის საშოში ის ხეს გულს უდებს, ის, თხის-
        ფეხება, წყვილრქადასხმული, ის რქა-
                          ეულის საპირისპირო, გარშემორტყმული
               თავის ხის გოგოებით (ერთადერთი მოკვდავი
ღმერთი პოეზიის დაბადება შენ, ის, რომელიც ხეში
      ეშვები დაბლა საფეხურზე რათა გაიგო სადაა ცხოვრების
                                      ახსნილი ქვედატანი გაიგო რაც
ყოველთვის დაბლა მარხია
 
*
 
     „მან საწოლი გაიკეთა ჩემს ყურში და
                       მიიძინა . ახლა ყოველივე მისი
ძილია“—ასე, შენ, ახსნილი მისი ამ სიტყვებით,
ორფეოსი ან ქრისტე (ყველაფერი შენი ძილია) ისინი
                                                     ვერ აყენებენ
  მაისო, მაისო, ტირიფიდან
                   კიდია
                        ქნარი, ორგანოები
 
 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.