• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ახალი სამყაროს ბატონები

×
mlz
ავტორის გვერდი მეგი ლუიზა ზავგრენი 04 მარტი, 2021 1527
პონსე დე ლეონ, დაბედებული
 
 
კვალი წარმავალი ეშხის, ფატა მორგანა ირხევა
შენს ფინჯანში—გამორეცხვის მრავალი თასი, გაწყობილი ჩემს თამასაზე
იცრიცება, ბრუნდება, როგორც სისხლით ნაღები  სონგსტერის
ჯოგის შენს ალამთან წყალვარდნა—ეს ქუხილი, ეს კონტინენური ნაბიჯი
რომელსაც ვვედრებ გამიშვი, განატყვე და ამოძირკვე პარადისული
ყვავილობანი, მსგავს არყოფნებს რომ უძლებენ, ცალ-ახალ-მხრივ გონების გავლით.
 
წამოიშლებიან, გარბიან—ზვარაკს მოვღვრი, შხეფებს
დანარჩენი ღმერთებისთვის. კენტი ნოტი, ჩემს სუკის კუნთს განბინავებული.
შადრევანი მომდევნო კუნძულზე შენი გულგახვრეტილი მეძებრით—
შეუსაბამობა სამოთხის შინაარსში, სიკვდილისკენ მიიკოჭლებს
ჩემი ორქიდეა, სიმღვრისაკენ, იქ რომ გროვდება—ცალი
ზოლი ფერისა, უსახელო, არწმუნებს ყველა ჩემს ერთგულებას.
 
მწარე პური ზამთრისთვის და ჩვენ, შტერები, მეტისმეტად მალე ვიხრებით
საითკენაც შებუმბლულები მიბრახუნებენ—ნამსხვრევი მარცვლები, გარეთს
უბრუნდებიან. სადაც პირველად იპოვე ძაფი, თეთრი საათი
თოვლისცვენისა. ოქროს ხელტარი, შენს დიდ სავაჭრო გემს დაცვენილი, მოუდის
ნავსადგურს; ალმასის ნართი ამ ცეცხლაპირულ, ნააზროვნებ ზღვაზე. ამ კონტინენტის
ქერქთან ვყოვნდები, მექსიკური მტირალა ფიჭვი იღვრება ჩემი სალექარიდან.
 
წვეთ-წვეთ მდენ-დააშრე ზეთისხილი მერქნის თასში, მორიგ აყვავებულ ადგილას
შენი მოაჯირის ქიმზე, პრე-ბიზანტიური სიტყვა ნორჩი და გალუმპული
ვაჟის აღსანიშნად, ფანჯრებზე ჩამოედინება—ყველა ეს ქალები
კარიბჭეებთან, ეროსისათვის მრავალრიცხოვანნი. მაგრამ აქ Diente de perro
en nombre y podesta, მოიღე კოკა შენს პირზე, უფალო,
ცალი საკლავად ნასუქი ოქროს ხელი მოთრეული შენი ტუჩების მოსაწმენდად.
 
გონების ციცქნა ჩრდილების თეატრი ჩუმად ეცემა მუხლებზე, იაპონურ თოვლში
მიჩუმათებული—მაგრამ ეს სხვაგანაა, რეფერენტი, რომელიც
ვრცელდება, სანამ ღამე წვიმად უშრება დილას, ანუ
ვგულისხმობდი: კაცი ახალი სამყაროს მიჯნაზე წყევლის არყოფნებს
თავის ბნელ, შავ გულში. ტრავიატტა მის მკლავებში, გალეონები
მიმოფანტული. ჩიტისფრენა, ხმელეთის სურნელთან რომ მიჰყავხარ.
 
ჰოდა გაეცლები, დაბედებული. ქალები დუმდებიან, აყოვნებენ ლტოლვას.
უხილავი შადრევანი გადმოდის და შენ მიიჩქარი, ტყლაშუნით, სანგრესკენ,
ფლორიდული აყირო ჩემს ხელებში, ყვავილთამჟავება—ძაფი
და მისი თითისტარი სოვლად ეახლებიან მანათობელ, ახალ ნაპირს. ერთადერთი სიცოცხლის ხანი
ნიშნის ქვეშ მწყვდეული. სინამდვილის ცნება. ჩვამები ცეკვავენ ტალღებში.
მცირე რამ მირაჟი მოდის შენს გვერდით, ზღვის ქაფს ასხურებს შენს ღამეს.
 
 
 
 
 
ახალი სამყაროს ბატონები
 
 
ცალი თავი გამომჩნდარიყო ცის კამარაზე—მოელვარე ძალა
ამ ზენიტის, ნახარჯი, იქმნა შენს ხელში მკვრივი და პატარა. ლიბერტენი
თომას ქოულის ბორცვზე ერთ ნოტს, სექსუალურად, აიღებს ლუტზე.
ყვითელი ფერი. სხვა გზა, რომელიც ვლინდება. რითაც ვტკბები და რასაც
კბილებში შემოვცრი. ნისლიანი, მცონარე, ველურები ცეცხლს აჩაღებენ კაჟებით,
ნატიფი ილიუმი—და ყველა მოცეკვავის სავარცხელა, მტვრიანი ფეხები.
 
სიშიშვლის უახლოეს. გრძნეული ერთ სიტყვას ამბობს. მერე,
კაშკაშა მინდვრები, სადაც ჩვენ goe not shadowed amongst our companie.
ბადრანგი. ცალი ყავისფერი ტოტი, აბსტრაქტში, დაენარცხ-ნელდება ჰაერში.
მეტი მოდის, მწარესიტკბოება ლარნაკში მომწყვდეული. ციცქნა სტვენა ჩემს ბაგეს ხსნილი.
მეტი მეწადა, ერთად მეცეკვე ან მონავარდე. მარადმწვანე ალმები
შენს ნორენს. (მსგავსად ამდენ ალთა თუ ავთა სულაც) წნევით ნაჭერი ნიშანი ამ გულის.
 
in time დანართად, ჩემი ბედის უზრუნველსაყოფად ოდენ. მაგრამ მე გავენთე
კოლხეთის დაბლობისაკენ, კეთილსურნელების მათარით ხელში. მეტად შორია.
მაგრამ აქ, ჩემს წინაშე, ყმაწვილქალები თახვის ქურქებში სპირალირებენ დღედაღამ—მომცრო ზადი
ენის სახლში. სისხლადდუმება. ბრინჯაოს ტორსი
მეორე საუკუნიდან, თან პაწია სინათლე აღმომდის პირიდან.
აბენდლანდ, შენ ყოველ დილით სკდები, ნება-ნება გაცხადებული კოხტა ფიჭვების თავზე.
 
ფუყე ტაძრის ზარი ღამით. Le Jeune ალგონკინებს შორის
არის predicateur ჩემს გვერდით. ძირს ვდებ ჩემს მულჩს და მივეპარები—
ერთი დაცემული განსხეულება, მიღმახვრეტილი. ამოქაჩე ეს ფიქრის
ზედაპირზე. წყალი ყელამდე დღეების მანძილზე. კაპარჭინა, მერლუზა,
თევზი-ქერცლა, დრუნჩი ერთი წყრთის ზომის ვნაწევრდები
რათა მიგიღო, და, ქოშინით, ჩემივე თავია მაჭრილობელი ჩემივე თავის.
 
უბესკრული შენი პირის, ფლორა, ძაფს რომ მწვანედ ექაჩება
ცინცხალ ღვარულში. გრძნეული ქუდს ჩამოუშვებს, კაკუნ, ნაფერფლი,
მინაზე. ან იქნებ ტოტებისაა ეს ხმა, თოვლით მოხრილების,
სტვენა, პირველგაკვირვება, რომ, საერთოდ, იქ რა უნდა. შენი სისხლის წვეთი
უცხო მხარეში, ჩემი ხილვით ნახაფანგები. უბრალო არყის ქერქის ნავი,
შიგ რომ ვცურდები, მსწრაფლ ვკვეთ, და უშხეფოდ.
 
ზურგზე იწყებს და კვლავ ღეროს უხმობს. ერთადერთი
ასეთი ბრძანება აქ რომ შეიძლება, შეგხვდეს, უბრალოდ მრხევი, მოვიცვლი
ბაფთებს შენ რომ შემაბი. ფოჩები და რქები ახალ ელფერში.
ქვის კედელი ჰადსონზე, სავსე მაჟარ-დაფებით. ასი ცალი
ტიბეტური მარცვალი, თამასას გადატყორცნილი. ვაპირებდი, მესმინა მხოლოდ
მაგრამ კვერს ვკრავ ცეკვით. ვარდების გაელვება ჩემს ფეხებზე, ჩემს სახეზე აფეთქებული.
 
 
 
 
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული