• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

მეზიზღება სტუდენტები, ისინი სულელები და მოსაწყენები არიან

×
სლავოი ჟიჟეკი
ავტორის გვერდი სლავოი ჟიჟეკი 06 იანვარი, 2016 8482

სლავოი ჟიჟეკი თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე ვარსკვლავური და მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე ფილოსოფოსია. მასთან ბლიცინტერვიუ „გარდიანმა“ ჩაწერა.

თარგმანი: პაატა შამუგია

 

როდის იყავით ბედნიერი?

რამდენჯერმე, ბედნიერი მომენტის მოლოდინის დროს, ან ბედნიერების გახსენებისას. არასდროს - უშუალოდ ხდომილებისას.

რის გეშინიათ ყველაზე მეტად?

სიკვდილის შემდეგ გაღვიძების. ამიტომაც მინდა ეგრევე დამწვან.

რომელია თქვენი უახლოესი მოგონება?

შიშველი დედაჩემი. საზიზღრობა იყო.

რომელი ცოცხალი პიროვნება აღგაფრთოვანებთ და რატომ?

ჟან ბერტრან არისტიდე, ჰაიტის ორგზის დამხობილი პრეზიდენტი. ის იყო მაგალითი, თუ რა უნდა გაუკეთო ხალხს, თუნდაც გამოუვალ მდგომარეობაში.

რომელია ის დეტალი, რაც ყველაზე მეტად გძულთ თქვენში?

გულგრილობა სხვების მდგომარეობის მიმართ.

რომელია ის დეტალი, რაც ყველაზე მეტად გძულთ სხვებში?

აუტანელი მზადყოფნა ჩემთვის დახმარების შემოსათავაზებლად, მაშინ, როცა მე ეს არ მჭირდება ან არ მინდა.

რომელია თქვენი ყველაზე სამარცხვინო მომენტი?

ქალის წინ შიშვლად დგომა სექსამდე.

ქონების გარდა, ყველაზე ძვირადღირებული ნივთი რა შეგიძენიათ?

ჰეგელის ნაშრომების კოლექციის ახალი გამოცემა გერმანულად.

ყველაზე ფასეული შენაძენი?

იხილეთ წინა პასუხი.

რამ შეიძლება დაგასევდიანოთ?

სულელი ხალხის ბედნიერების ყურებამ.

რა არ მოგწონთ საკუთარ გარეგნობაში ყველაზე მეტად?

ის, რომ ჩემი გარეგნობა ისეთად წარმომაჩენს, როგორიც მართლა ვარ.

რომელია თქვენი ყველაზე უსიამოვნო ჩვევა?

ხელების გადამეტებული ფარჩხვა, როცა ვლაპარაკობ.

რომელ სამასკარადო კოსტუმს მოირგებდით?

საკუთარ გამოსახულებიან ნიღაბს, ხალხი იფიქრებდა, რომ მე მე კი არა, ვიღაც სხვა ვარ, რომელიც თავს ჩემად ასაღებს.

რომელია თქვენი ყველაზე აკრძალული ვნება?

პათეტიკური ფილმების, როგორც მუსიკალური ბგერების, ყურება.

რით ხართ მშობლებისგან დავალებული?

მგონი, არაფრით. ერთი წამითაც არ მიგლოვია, როცა გარდაიცვალნენ.

ვის მოუბოდიშებდი და რატომ?

ჩემს შვილს, მთლად კარგი მამა რომ არ ვიყავი, იმის გამო.

რას ჰგავს სიყვარული?

დიდ მარცხს, მონსტრულ პარაზიტს, მუდმივი განგაშის მდგომარეობას, რომელიც ანადგურებს პატარა სიამოვნებებს.

რა ან ვინ არის თქვენი ცხოვრების სიყვარული?

ფილოსოფია. მე ჩემთვის საიდუმლოდ ვფიქრობ, რომ რეალობა არსებობს, შესაბამისად, შეგვიძლია მისით სპეკულირება.

რომელია თქვენი საყვარელი სუნი?

ხრწნადი ბუნების, მაგალითად, დამპალი ხეების.

ოდესმე გითქვამთ „მიყვარხარ“ ისე, რომ ეგ არ გეგულისხმოთ?

ყოველთვის! როცა ვინმე მართლა მიყვარს, ამის გამოხატვა მხოლოდ აგრესიულად და ცუდი მანერებით შემიძლია.

რომელი ცოცხალი არსება გეზიზღებათ და რატომ?

ექიმები, რომლებიც ჯალათებს მკურნალობენ.

რომელი იყო ყველაზე ცუდი სამსახური თქვენს ცხოვრებაში?

მასწავლებლობა. მეზიზღება სტუდენტები, ისინი (ისევე, როგორც ყველა ადამიანი) სულელები და მოსაწყენები არიან.

რა იყო თქვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება?

ის, რასაც ალან ბადიუ მეოცე საუკუნის „ფარულ სნეულებას“ უწოდებდა: კომუნიზმის კატასტროფული მარცხი.

რას შეცვლიდით თქვენს წარსულში?

ჩემს დაბადებას. ვეთანხმები სოფოკლეს: უდიდესი გამართლება დაბადება კი არა, ერთი ხუმრობის თანახმად, ისაა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებს დაბადებას.

დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, სად აღმოჩნდებოდით?

გერმანიაში, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, უნივერსიტეტში ჰეგელის კურსებს დავესწრებოდი.

როგორ ერთობი?

ისევ და ისევ ვუსმენ ვაგნერს.

რამდენად ხშირად გაქვთ სექსი?

გააჩნია, სექსში რა იგულისხმება. თუ ეს პარტნიორთან ტრადიციული მასტურბირებაა, მირჩევნია სულ არ მქონდეს.

როდის ყოფილხართ სიკვდილთან ყველაზე ახლოს?

როცა გულის მსუბუქი შეტევა მქონდა. შემძულდა ჩემი სხეული - მან შეწყვიტა მოვალეობის უყოყმანოდ შესრულება.

რომელი ცალკეული მოვლენა გაგიუმჯობესებდათ ცხოვრების ხარისხს?

სიბერის თავიდან არიდება.

რას მიიჩნევთ თქვენს უდიდეს მიღწევად?

იმ თავს, სადაც მე ვახერხებ წარმოვაჩინო, რომ ის, რასაც მე ვფიქრობ, არის ჰეგელის კარგი ინტერპრეტაცია.

რომელია ყველაზე კარგი გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებამ ჩაგიტარათ?

ის, რომ ცხოვრება არის სულელური, უაზრო მოვლენა, რომელიც ვერაფერს გასწავლის.

რამე საიდუმლო გაგვანდეთ.

კომუნიზმი გაიმარჯვებს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული