გამოფხიზლდით, - ვინაიდან ცუდ სიზმრებს ხედავთ!





პოეზია

გამოფხიზლდით, - ვინაიდან ცუდ სიზმრებს ხედავთ!




(რადიოპიესიდან „სიზმრები")
 
 
გამოფხიზლდით, ვინაიდან ცუდ სიზმრებს ხედავთ!
იფხიზლეთ, რადგან საზარელი გვიახლოვდება.
 
შენთანაც მოვა, შორს რომ სახლობ ადგილებიდან, სადაც ახლა სისხლი იღვრება,
შენთანაც და – ნაშუადღევის იმ შენს ძილთანაც,
რომლის დროსაც შეწუხება არ გსიამოვნებს.
დღეს თუ არ მოვა, მაშინ ხვალ მოვა,
მაგრამ დარწმუნებული იყავი, – მოვა.
 
"ოჰ, საამური ძილი
წითელყვავილებიან ბალიშზე,
ანიტას საშობაო საჩუქარზე, რომელსაც ის სამი კვირა ქარგავდა,
ოჰ, საამური ძილი,
თუმც მწვადი ცხიმიანი იყო და ბოსტნეული – მსუბუქი.
თვლემისას გასულ საღამოს ნანახ საკვირაო მიმოხილვაზე ფიქრობენ ხოლმე:
სააღდგომო ბატკნის კექსები, გამოღვიძებული ბუნება, ბადენ-ბადენში სამორინეს გახსნა,
კემბრიჯმა ოქსფორდს სიგრძით ორნახევარჯერ აჯობა, -
ეს კმარა ტვინის დასასაქმებლად.
 
ოჰ, პირველხარისხოვანბუმბულიანი ეს ფუმფულა ბალიშები,
მათზე ივიწყებენ მსოფლიოს გულსაწყრომს, მაგალითად, აი, ამ უწყებას:
აბორტის გამო ბრალდებულმა თავის გასამართლებლად განაცხადა:
ქალი, შვიდი შვილის დედა, მოვიდა ძუძუმწოვარი ჩვილით,
რომლისთვისაც საფენები არ ჰქონდა და რომელიც
გაზეთში იყო შეხვეული.
მაშ, ეს უკვე სასამართლოს საქმე ყოფილა და არა – ჩვენი.
რა გაეწყობა, თუ ერთი უფრო მაგარ საგებზე წევს, ვიდრე – მეორე.
მოხდეს, რაც მოსახდენია, დაე, ჩვენი შვილიშვილები მას მტკიცედ დაუხვდნენ."
 
"ახ, უკვე გძინავს? კარგად გამოფხიზლდი, ჩემო მეგობარო!
ნაღობებში უკვე დენი გადის, და საგუშაგოებიც გამწკრივებულია."
 
ნუ, ნუ დაიძინებთ, მსოფლიოს მოწესრიგეები როცა ირჯებიან!
იყავით ეჭვიანნი მათი ძალაუფლების წინააღმდეგ, ვითომ თქვენთვისვე რომ უნდა მოიპოვონ.
იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი გული ცარიელი არ იყოს მაშინ, როცა თქვენი გულის სიცარიელის იმედად არიან!
აკეთეთ რაღაც უსარგებლო, იმღერეთ სიმღერები, თქვენი ბაგეებიდან რომ არ მოელიან!
იყავით მოუხერხებელნი, მსოფლიოს მექანიზმში იყავით ქვიშა და არა – ზეთი!
 
 
 
 
 
გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.