• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ლიბერალების „ახალი იმედი“ ანუ Episode I

×
ავტორის გვერდი შოთა გაგარინი 00 , 0000 2303
ვაშა! აღსრულდა! ერთხმად შემოჰკრეს სიხარულისგან ტაში და გამარჯვების პეანებიც დაამღერეს ტელევიზორის წინ, სავარძელში კომფორტულად მოკალათებულმა თავისუფლებისთვის მებრძოლებმა. ამა წლის 24 ნოემბერს, 11 საათსა და რომელიღაც წუთზე (ტრიუმფის ზუსტ წამს მოგვიანებით გამოთვლიან ჟამთაღმწერლები) შალვა რამიშვილის რესპოდენტმა ფართო საზოგადოების სააშკარაოზე გამოიტანა თავისი, რბილად რომ ვთქვათ, არაპოპულარული სექსუალური პრეფერენციები.

 

ამ აღიარებამდეც გაისმა ტაში, რომელიც რესპოდენტის, პროფესორი თამაზ კანდელაკის მამის - პოპულარულმა პროფესიამ დაიმსახურა, თუმცა ამ ტაშის ავტორები ალბათ სხვები იყვნენ.

ჰო, ტაში 24 ნოემბრის საღამოს ბევრი იყო. ბატონი თამაზის აღიარებებაში ყველა მსოფლმხედველობრივმა ჯგუფმა იპოვა თავისი საკბილო. დროის სულ პატარა, მაგრამ ძალიან დიდი ფასის მქონე მონაკვეთში, „იმედმა" ჩვენს საზოგადოებაში არსებული ტაბუების ნამდვილი ინფლაცია გვანახა. დიახ, ინფლაცია. არ არსებობს ამაზე უფრო შესაბამისი სიტყვა, როდესაც კაგებესთან თანამშრომლობის + სამეცნიერო ხარისხის მოპოვებაში ამ კოლაბორაციის დიდი ღვაწლის შესახებ პროფესორი თამაზ კანდელაკის აღიარებას, სულ რაღაც - 400 ლარად იყიდი და ეკა კვალიაშვილის მიერ ლელა წურწუმიას „რესტორნის მომღერლად" აღიარებას 10 000-ად.

თუმცა ეს ხომ შოუა. და შოუს თავის კანონები აქვს. აბა სხვანაირად როგორ უნდა დააფასონ. თუ დღევანდელი თბილისის ბოჰემის წარმომადგენლებს პირველივე კითხვებით გააქცევ, მომდევნო შოუზე რომელი გლამურული სელებრითი ისურვებს მოსვლას? სელებრითების გარეშე კი, ხომ იცით, პროექტი საეთერო დროსაც კი ვერ გამოისყიდის. აბა ჩემს და თქვენს სიმართლეს ერთმანეთისთვის რა ფასი აქვს?

ჩემი და თქვენი არ ვიცი, მაგრამ ბატონ თამაზს სტუდიიდან გამოსვლის შემდეგ ნამდვილად დაეუფლებოდა უცნაური გრძნობა, თითქოს წონაში მოატყუეს. მისთვის ალბათ ბედის ერთგვარი ირონია იყო კითხვა, რომელზე უარყოფითმა პასუხმაც თამაშიდან გამოთიშა. ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვას - მარტივად და ბანალურად მხოლოდ იმიტომ მოვიხსენიებთ, რომ უბრალოდ ხშირად გვესმის. მაგრამ გვავიწყდება რომ უმეტესწილად საკუთარი თავისგან. ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა კი ყველაზე ძნელია.

კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით? ცხოვრების თავიდან გავლა რომ მოგიხდეთ რაიმეს შეცვლიდით?

ეჰ, რატომ აჩქარდით ბატონო თამაზ.. რატომ უცებ თვალწინ არ წარმოგიდგათ ამ შოუს შემდეგ, უშიშროების სამსახურების თქვენით დაინტერესებით გამოწვეული - ამოუცნობი, ამოუხსნელი საშიშროების, ედვარდ მუნკისეული ხატება... ან სადაც ასწავლით იმ უნივერსიტეტის რექტორატის პირზე მონა ლიზას ღიმილი თქვენი სახელის ხსენებისას... ან თქვენი საყვარელი ქალაქის, ქუთაისის მკვიდრი მშობელის განუმეორებელი პეწი და ის გროტესკული გრიმასა, რომლითაც წარმოსთქვამს სიტყვებს: „მაგ ჰომოსექსუალ'ისტი ასწავლის ჩემ ბოვშს ზოგად უნარებს და ჩვევებს?" ამ ყველაფრის წარმოდგენის შემდეგაც არ შეცვლიდით არც ერთ გადაწყვეტილებას?

თუმცა ბატონმა თამაზმა თვითონ იცის თავისი საქმის. ჩვენთვის, მაყურებლისთვის, რაც მთავარია - შოუ შედგა! შალვა რამიშვილმა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გაიმდიდრა სივი. საქართველოში ყველაზე სკანდალურ თემებზე, სუკის აგენტობაზე და ჰომოსექსუალობაზე გაკეთებულმა ფსონმა გაამართლა. რეიტინგი აქამდე არნახული და არგაგონილი იყო, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და ფორუმებში რეზონანსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ... ახალგაზრდა ქართველი ლიბერალებისგან და დემოკრატებისგან ამის მეასედი გამოხმაურება არ ჰქონია, ერთი დღით ადრე, სამი კინკილა მშვიდობიანი მანიფესტანტის კიბეებზე ჯდომისთვის უკანონო კი არა, მართლა „ხულიგნურ" და „ბეზპრედელშიკურ" დაკავებას.

მაგრამ აბა ეგენი რა მოსატანია, როცა ამხელა ნავსი გატყდა! პირველი არამარგინალიზებული და საზოგადოებაში რეალიზებული ჰომოსექსუალის აღსარება! ყველაზე კატეგორიული დემოკრატებიც კი დავხუჭავთ თვალებს პროფესორი თამაზ კანდელაკის სამუშაო სტაჟზე - პირსისხლიანი სისტემის, იგივე ბოროტების იმპერიის, იგივე ტოტალიტარული მანქანის - ყველაზე საშინელ ინსტანციაში. უფრო სწორად, არაფრის დიდებითი არ დავხუჭავთ თვალს და არ დავივიწყებთ ამხანაგი თამაზ კანდელაკის სამუშაო სტაჟს - პირსისხლიანი სისტემის, იგივე ბოროტების იმპერიის, იგივე ტოტალიტარული მანქანის - ყველაზე საშინელ ინსტანციაში. თუ ის არ იტყვის რომ ჰომოსექსუალია.

ალბათ ბატონ თამაზს დეჟა ვუ აქვს. ეს მომენტი მის ცხოვრებაში უკვე იყო. მაშინ ჩვენ, ახალგაზრდა დემოკრატები და ლიბერალისტები კი არა, საბჭოთა ოფიციოზი სთავაზობდა ასეთ გარიგებს. ოღონდ შესაკრებების გადანაცვლებით: არაფრის დიდებით არ დავხუჭავთ თვალს და არ დავივიწყებთ პროფესორ თამაზ კანდელაკის ჰომოსექსუალისტობას, თუკი ის არ იმუშავებს პირსისხლიანი სისტემის, იგივე ბოროტების იმპერიის, იგივე ტოტალიტარული მანქანის აპარატში.

ახლა ტყუილად ბრაზდებით ბატონ თამაზზე. ორივე შემთხვევაში ის მსხვერპლია. ჯალათები ჩვენ ვართ. ჩვენ, ახალგაზრდა დემოკრატ- ლიბერალისტები და საბჭოთა ოფიციოზი.

ისე, ხო იცით ჩვენი პატარა ქალაქის ამბავი, ჯერ გადაცემა დასრულებული არ იყო და უკვე გავარდა ხმები, რომ ბატონ თამაზს 50 000 (არ ვიცი რა ვალუტა) მისცეს შოუს სანაცვლოდ. რომ ამით აიხსნება პროექტიდან „კანონიერად" წამოღებული მიზერული 400 ლარი...

არ ვიცი. ეს უკანასკნელი იმდენად სარწმუნო წყაროებიდან არ მსმენია. თუმცა რეალურად რა მნიშვნელობა აქვს გაუმართლდა თუ არა ბატონ თამაზს გადაცემიდან მონაგრის იმედი. ნებისმიერ შემთხვევაში შოუ ჩვენთვისაა. არა ბატონი თამაზისთვის, არამედ ჩვენთვის. და ჩვენ, 400 ან 50 400 ლარის სანაცვლოდ (ფასზე არ იდარდოთ, გადახდილია) შეგვიქმნეს და დაგვიპოზიციონირეს ახალი გმირი. ჰო, კიდევ ერთი გ მ ი რ ი. „მაესტროს" ან „კავკასიის" ღიპიანი, დასაკეცყანწიანი, ჭეშმარიტი მამულიშვილი გმირების საპირისპირო, „ყოფილი კაგებეშნიკი" , ჰომოსექსუალისტი გმირი. ამ გმირების და რაინდების ორდენებიდან რომელია ჯედაების და რომელი სითხების - თავად გაერკვიეთ. ერთი რამ ცალსახაა. ეს „ვარსკვლავური ომების" ტრილოგიის მხოლოდ პირველი ნაწილია A New Hope (ახალი იმედი), რომელსაც ქრონოლოგიურად მეორე ეპიზოდი მოსდევს - The Empire Strikes Back. მაშ ასე. ჩვენს წინაშევა არჩევანი: დაველოდოთ „იმპერიის საპასუხო იერიშს", კვლავ ჩუბაკას როლში

ან

ან უბრალოდ დავიკიდოთ ჯორჯ ლუკასისა და ჩვენი, ეროვნული რეჟისორების გმირები... საქართველოს ისტორიაში პირველად გავამართლოთ ის სახელი რაც გვქვია და დემოკრატებმა, დემოკრატია და თავისუფლება, გმირებში კი არა - ერთმანეთში, უბრალო მოკვდავებში, რიგით მოქალაქეებში ვეძებოთ. ერთმანეთს გამოვუტყდეთ ჰომოსექსუალობაში, ოცნებებში, წარსულის ცოდვებში (ბოლოს და ბოლოს მილან კუნდერაც კაგებეშნიკია) მომავლის იმედებში, სიყვარულში. და რაც მთავარია, აბსოლუტურად უფასოდ. როგორც ჯიმ მორისონის სიმღერაშია: „საუკეთესო რაღაცეები შენს ცხოვრებაში - უფასოა". ჰოდა, ვისწავლოთ ბოლოს და ბოლოს ფასისა და ღირებულების ერთმანეთისაგან გარჩევა.


ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული