• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ტრანსგრესიული რევოლუცია

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2708
საძინებელი. მაღვიძარა რეკავს. საბანში გახვეული არსებები იშმუშნებიან. ხელი იწყებს მოძრაობას მაღვიძარას მიმართულებით. ოთახში სიჩუმე ისადგურებს. კაცი დგება. თვალებს იფშვნეტს. საბნიდან მხოლოდ მისი ცოლის შიშველი ფეხი ჩანს. ფანჯარასთან მიდის. გადასწევს ფარდებს. ოთახში სინათლე შემოდის. ცა მოწმენდილია. კაცი ქვემოთ იყურება. გაკვირვებული სახე აქვს.
 
- მგონი ომი დაიწყო - ეუბნება ცოლს. ცოლი ხმას არ სცემს, გადაბრუნდება და ძილს აგრძელებს.
მთელი ქუჩა იარაღით არის მოფენილი. რას არ დაინახავთ: პისტოლეტები, რევოლვერები, ავტომატები, კარაბინები, ტყვიამფრქვევები, ყუმბარები, მუხები, მუშკეტები, სანადირო თოფები, ხმლები, დანები. მოკლედ მთელი არსენალი, ყველა დროისა და კალიბრის ცეცხლსასროლი, ცივი, თითქოს ციდან ჩამოცვენილი იარაღი, თავისი ტყვია-წამლის მარაგით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა დროის ჯარს მთელი აღჭურვილობა აქ დაუყრია ხელიდან და თვითონ სად გადაკარგულა, ეშმაკმა უწყის.
 
კაცი სწრაფად იცმევს. კართან მიდის, აღებს და კიბეზე ჩამორბის. სადარბაზოდან პირდაპირ იარაღით დაფარულ ქუჩაზე ხვდება. იხრება და ხელში იღებს Thompson M1921-ს, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს, რომლითაც ალ კაპონემ თავის პირველ ბოსს გამოუყვანა წირვა. კაცი გადატენის ტომი-განს. თითქმის მთელი ქუჩა სავსეა, სადამდეც კი თვალი მიუწვდება კაცს. ვხედავთ როგორ ჩამორბიან სხვა შენობების სადარბაზოებიდან ადამიანები და იარაღდებიან. ხმაური ძლიერდება. ქალაქი იღვიძებს სიკვდილისთვის. - ასე იწყება ჩემი სცენარი. ქალაქის ისტორია, რომლის ცენტრშიც ჩნდება დაახლოებით თბილისში ახლად აგებული სასტუმრო "რედისონის" ტიპის უზარმაზარი, შავად შემინული შენობა. წარწერა გვაუწყებს, რომ ეს არის "დამკრძალავი ბიურო". არავინ არ იცის, რა საჭიროა ამხელა დამკრძალავი ბიურო ქალაქში, რომლის მოსახლეობაც ერთ მილიონსაც არ აღემატება. ან რა მოგება უნდა ჰქონდეს მას? მოვლენები კი ასე ვითარდება: ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის მოსახლეობა იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მთელი ქუჩები იარაღით არის გადატენილი. ყველა იარაღდება. წყალგაყვანილობის მილებით კი გავრცელებულია ნივთიერება, რომლის გამოც საშინლად იმატებს აგრესია. იწყება პარანოიალური ომი. როგორც ირკვევა, ეს დამკრძალავი ბიურო ერთ შეშლილ მილიონერ, მედია-მაგნატს ეკუთვნის და სწორედ მან შეაიარაღა ქალაქი. მისი ინტერესი კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ომი მთელი მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებზე ტრანსლირდება, როგორც ლაივ შოუ "სამოქალაქო ომი". მთავარი პერსონაჟი და მისი რამდენიმე მეგობარი იგებენ ამ ინფორმაციას და ცდილობენ დამკრძალავი ბიუროს და მედია მაგნატის განადგურებას.
საინტერესოა, როგორ გამიჩნდა ამ სცენარის იდეა... როგორ ივსება ჩვენი ცნობიერება, ზემოთ მოყვანილი ქალაქის ქუჩების მსგავსად იარაღით. ყველა ისვრის! კლავს! ყველგან ამას მოგიწოდებენ! ტრანსგრესიული რევოლუცია ჩვენ ცივსისხლიან მკვლელებად გვაქცევს. ყველაზე ხშირად გმირებად გვევლინებიან ადამიანები იარაღით: ბონი და კლაიდი, ჩე გევარა, დათა თუთაშხია, რემბო, ტერმინატორი, ჩევ ჩელიოსი და მნიშვნელობა არ აქვს რისთვის იბრძვი. მთავარი მეთოდებია: შემოგიტიეს მიკრობებმა, შეუტიე შენც! ეს მართლაც პარანოიალური ომის ერაა! გენოციდები, თავისი სიკვდილით შეიარაღებული ტერორისტები, მანიაკები, კომპიუტერული თამაშები, ჰოლივუდი - ყოველდღიურად საშინელი სისასტიკის შემცველ ულევ ინფორმაციას ვღებულობთ და გადავამუშავებთ, რაც მთავარია ვეგუებით და ვეჩვევით. მთელი ჩვენი პორნოგრაფიული რეალობა, სადაც ერთმანეთს ვემუქრებით ერეგირებული ფალოსებით. იარაღი - ისეთივე გავრცელებული და ნაცნობი სიმბოლოა, როგორიც ჯვარი. არ არსებობს გადასაჭრელი კონფლიქტი, მაგრამ მაინც სულ უფრო და უფრო მეტი შეტაკების, ძალადობის სცენის მომსწრენი ვხდებით. ჩვენ გასხმული ტვინების გემოსაც კი ვგრძნობთ.

არსებობს Geliografic-ის საინტერესო ნამუშევრების სერია, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ნატურმორტები, რომ არა ერთი დეტალი, რომელიც კარგათ გამოხატავს, თუ როგორ იქცა იარაღი ჩვენი რეალობის ერთ-ერთ მთავარ "მახასიათებელ" შეუცვლელ ატრიბუტად. ყველა ნახატზე კლასიკური ნატურმორტისთვის საცნაურ საგნებს ემატება ავტომატები, ხელყუმბარები, მუხები და ტყვიამფრქვევები. ალბათ მცირე ენციკლოპედიური წიაღსვლა საშუალებას მოგვცემს, უფრო ნათელი გავხადოთ რისი თქმაც გვსურს. ნატურმორტი - (ანუ nature morte - მკვდარი ბუნება) დაზგური ფერწერის ერთ-ერთი დარგია. ამ ჟანრის სურათებში ნაჩვენებია მხოლოდ და მხოლოდ უსულო საგნები. ნატურმორტი ასახავს ერთიან გარემოში ჯგუფურად ორგანიზებულ საგნებს. უსულო საგნების გარდა ნატურმორტზე ასახულია ბუნებრივი გარემოსგან მოწყვეტილი ცოცხალი ბუნების ობიექტები: თევზები, ყვავილები, მწერები, ჩიტები, ცხოველები. ადამიანები მხოლოდ ავსებენ ძირითად მოტივს და კომპოზიციაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ. ასევე ნატურმორტი დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა რელიგიურ ნახატთან კავშირს. ხშირ შემთხვევაში ის შეიცავს ფარულ ალეგორიას, მაგალითად თავის ქალა - სიკვდილის გარდაუვალობას შეგვახსენებს, ქვიშის ან მექანიკური საათები - დროის სწრაფ მდინარებას, დამპალი ხილი - სიბერის სიმბოლოა, მუსიკალური ინსტრუმენტები - ცხოვრების ეფემერულ ბუნებაზე მიგვითითებს. ან გარკვეულწილად შეიძლება ეს იყოს ალტარული სახე და მისი გაგება, რელიგიური სიმბოლოებისა და ბიბლიის ცოდნას მოითხოვდეს. თუმცა კი ძირითად ნატურმორტის ძირითადი ნიშანი, მაინც - დეკორატიულობაა. ეს არის საგნების სამყარო, თავისი ჩუმი და უძრავი არსებობით. ეს სერია კი ზუსტად აჩვენებს, როგორ იჭრება ამ ჩუმ, უძრავ, შეუქცევად არსებობაში თანამედროვე იარაღი.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სცენარს ასე ვამთავრებ. მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს მედია-მაგნატის გამოსვლას:"თქვენ ვეღარ მოისმენთ შეძახილს, "ხელები მაღლა!", რადგან გაფრთხილების დრო აღარ არის. თქვენ საკმარისად გაფრთხილებდნენ მშობლები, ანგელოზები, მასწავლებლები, მოჩვენებები, პოლიციელები, ჟურნალისტები, პროფესორები, მღვდლები, ექსპერტები, პოლიტიკოსები, გურუები, მწერლები, სანტექნიკოსები, ღმერთები... გაფრთხილებდნენ იმდენჯერ და ისეთი დაჟინებით, რომ ეს გაფრთხილებები - გადაიქცა აკრძალვებად! ჩვენ კი არ გაგაფრთხილებთ! არაფერს აგიკრძალავთ! ჩვენ არ დაგინდობთ! არ აგიყვანთ ტყვედ, რადგან ტყვეობაში ისედაც საკმარისზე მეტ ხანს დაჰყავით, ამიტომ ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენთვის გამოტანილი სასტიკი განაჩენი აღსრულდეს, გქონდეთ გარანტირებული და მტანჯველი დასასრული! სიკვდილი განგათავისუფლებთ შვილნო ჩემნო! ყველა ჰეფიენდი - წარსულში დარჩა! აპოკალიფსი - მხოლოდ გონებაშეზღუდული სცენარისტის, ბავშური ფანტაზიებია. ჩვენ ნამდვილ აპოკალიფსს გპირდებით! - და მთელი მსოფლიო აღმოაჩენს, რომ ყველგან იარაღია და ისინი, ვისთვისაც ეს სასტიკი, რეალითი შოუ კეთდებოდა, თავად გახდნენ ამ შოუს მონაწილენი. მაშ, ასე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარანოიალური ომის ერაში!

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული