• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

სექსი თუ ტყნაური?

×
ავტორის გვერდი შოთა გაგარინი 00 , 0000 4514

ამასწინათ, წავიკითხე ერეკლე დეისაძის Instant ZaZa, რომელიც სექტემბერში უნდა გამოიცეს წესით, გამომცემლობა „სიესტას“ მიერ. დიდი ხანია მინდა დავწერო სტატია ზოგადად ეპატაჟიზმის შესახებ, სადაც გავმიჯნავდი ეპატაჟს ჩვეულებრივი სკანდალისგან და მგონი ეს ხელსაყრელი შემთხვევაა განსახილველ თემასაც რომ შევეხო და წიგნიც გავუპიარო ბიჭს. ჩემი მოკრძალებული აზრით, ერეკლე დეისაძის პროზა, მშვენიერი და დროული მაგალითია, რომელზეც შეიძლება მსჯელობა ავაგოთ. როგორც კი მასალებს გადავხედე, დავასკვენი, რომ მე ამ წიგნს არ ვიყიდდი. აი მიზეზები:

1. არ ვიყიდდი იმიტომ, რომ ამ ნაწარმოებში მკითხველისთვის ძნელია გამოკვეთოს კონცეპცია, რომელიც დროგამოშვებით მთლიანად ჩაძირულია ეპატაჟში და მე ნაბოზარი კონცეპტუალისტი ვარ. ახლა, ამ სიტყვებით რა თქმა უნდა, მთლიანად ვეწინააღმდეგები ზაუმის თეორიას, მაგრამ ჩემი აზრით კონცეპტი ზედაპირზე თეთრი ძაფებით თუ არა, ქსოვილის სიღრმეში მაინც უნდა იყოს დართული. მით უმეტეს დღევანდელ ქართულ კონტექსტში, რომელსაც გვინდა-არ გვინდა ვერ გავექცევით. ავტორს კი ამ ეტაპზე არ გამოსდის „ტონკი" ასოციაციებით თამაში. 
2. არ ვიყიდდი იმიტომ, რომ ერეკლე თვითონ მაჩუქებს
აი ჩვენი განსახილველი თემაც. 
ეპატაჟი თითქმის ყოველთვის სკანდალის ქსოვილის შლეიფშია გახვეული და როგორც ღამის ბრიზს სანაპიროზე, მოაქვს ზღვის მლაშე არომატი. ნავთობის ლაქები და ცივილიზაციის სხვა ნაგავი უბრალოდ ართულებენ სურნელებათა გამას, მატებენ მას ლპობის და შლის შტრიხებს. 

„საქციელი, რომელიც განგებ არღვევს მიღებულ ნორმებს და წესებს“ - ასე დაგიხასიათებთ ეპატაჟიზმს სხვადასხვა საინფორმაციო წყარო, და აუცილებლად დაამატებენ მძიმის შემდეგ - „სკანდალური გამოხტომა“, რითიც ხაზს გაუსვამენ ამ მოვლენის მოქმედ სტერეოტიპს. 

სწორედ ეპატაჟიზმის და სკანდალის გაიგივება არის ის უხეში შეცდომა, რომელსაც დღევანდელი კულტურულოგები და უბრალო შემფასებლები უშვებენ. ასეთი შეხედულება გვთავაზობს თეზების შემდეგ ტრიადას: სკანდალი - ეპატაჟი - არტ ავანგარდი. აი თურმე რას გვისახავენ თანამედროვე ხელოვნების წმინდა სამებად. ეს რა თქმა უნდა არასწორია. 

უპირველესად, საჭიროა დავაშორიშოროთ სკანდალი და ეპატაჟიზმი. ამისათვის ჩვენ უბრალოდ უნდა დავივიწყოთ ტერმინი epatage-ს ფრანგული ფესვები, ვინაიდან ნებისმიერ ვერბალურ გამოთქმას, რომელიც ტერმინის სტადიას აღწევს, ახასიათებს ერთგვარი „ტრანსსექსუალობა“, რომელსაც შეუძლია სიტყვა „სქესის“ შეცვლამდე მიიყვანოს ანუ მნიშვნელობა რადიკალურად შეუცვალოს ან დაბადოს რამენაირი კონოტაცია. 

ეპატაჟსა და სკანდალს შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ეპატაჟი კონცეპტუალურია. უფრო მკაცრად რომ ჩამოვაყალიბოთ, ეპატაჟის საფუძველია-აზრი, ჩანაფიქრი, კონცეპტი. თუმცა უფრო რომ განვზოგადდეთ, ნეტავ შესაძლებელია ხელოვნება და ინდივიდის ნებისმიერი მხატვრული საქმიანობა კონცეპტის გარეშე?

საქმეც ამაშია, რომ სკანდალი თავისთავად, თუნდაც კარგად მოფიქრებული და ორგანიზებული, ვერ იქნება არტ-აქტი, ისევე როგორც ბოისის დათხვრილი ლოგინის, როშენბერგის ცარიელი ფურცლის და დუშანის პისუარის მხატვრული ღირებულება დიდი, მრგვალი ნოლის ტოლი იქნებოდა კონცეპციის გარეშე. სკანდალი - კონცეპტის ველის გარეთ, მართლა არის „შემთხვევა, მოქმედება, რომელიც არცხვენს მონაწილეებს“ (საბჭოთა ლექსიკონიდან) და უარესიც. 

სკანდალი წარმავალია და ვირტუალური. ის საფუძველშივე დეკონსტრუქციულია, მაშინაც კი, თუ რაიმე სახე ხატის შექმნაზე მუშაობს. ეპატაჟი კი პირიქით, ყოველთვის აქტუალური და კონსტრუქციულია, მაშინაც კი, თუ რაიმეს დანგრევაზე მუშაობს (მაგ. სტერეოტიპების).

სკანდალი უბრალოდ ნაწილია, მაშინ როცა ეპატაჟი- მთლიანობა

საკუთარი პერმანენტული აქტუალურობიდან გამომდინარე, ეპატაჟიზმი პროვოკაციულია. თუ განვაცალკევებთ მოქმედებას იდეისგან, ეპატაჟიზმისგან დარჩება მხოლოდ პროვოკაცია, აქტუალური პროვოკაცია. ეპატაჟის ზუსტად ეს პრაგმატული დომინანტა აიძულებს რიგ ადამიანებს გააიგივონ იგი ავანგარდთან. 
პროვოკაცია, მოგეხსენებათ , უპირველეს ყოვლისა მოქმედებაა, და როგორც თითოეულ მოქმედებას, მასაც გააჩნია მიმართულება. და აი აქ უკვე ისევ ერეკლე დეისაძეს მაგალითს მივადექით. ზემოთ დავწერე მიზეზები, თუ რატომ არ ვიყიდდი მის წიგნს, არსებობს კიდევ მიზეზები, რატომაც ვიყიდდი. 

როგორ უკვე განვსაზღვრეთ ეპატაჟი („სკანდალის“ გარეშე) - მოქმედება, რომელიც განზრახ არღვევს საზოგადოებრივ კონსენსუსს, მიღებულ ნორმებს და წესებს. ეს თეზისი, ერეკლეს სოციალური, ეთიკური სფეროდან, რომლსაც საფუძველად ნაღდად რაღაც კოლექტიური, საერთოდ მიღებული და აუცილებლად შესასრულებერლი უდევს (სხვანაირად კაცობრიობა ვერ გადარჩებოდა როგორც სახეობა) გადააქვს სულიერ-ესთეტიკურ სფეროში, რომლისთვისაც ნებისმიერი „საერთოდ მიღებული", კოლექტივიზმის დიქტატია. მისი მთავარი გმირი არ არის დ'არტანიანი ან გრიგოლ ხანცთელი. მთავარი გმირი ბოზია, ჭუჭყიანი სხეულით და ჭუჭყიანი სულით, პირველი შეხედვით. ეს არცაა საკვირველი.მისი და ერეკლეს (პერსონაჟის) მოძღვარიც ხომ „ყლეამოგდებული" ავტორი(ტარი)ა. 

ნებით თუ უნებლიედ, ავტორი ცდილობს „ჯოგური" ფასეულობები (ნებისმიერი კოლექტივიზმი ესთეტიკურ სფეროში „ჯოგური ფასეულობაა" და სხვა არაფერი) სხვა არა ნაკლებ „ჯოგური" ფასეულობებით ჩაანაცვლოს. ასეთია ეპატაჟი Instant Zaza-ში. კლასიკური მაგალითი ახალგაზრდული პროტესტის, რომლის პირველი ტალღა აქამდე, დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ უნდა ეგრძნო ბაბუაჩემს, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ახლახანს გამოჩნდნენ „ყლეამოგდებული ავტორები". ესეც ჩვენი ქართული კონტექსტი, რომელსაც ვერ გავექცევით. ახლა მოვყვები ტირილს, რომ აი ჩვენში კულტურის მაგისტრალური ხაზი ვერ იგუებდა ვერაფერ ინდივიდუალურს, თვითმყოფადს, არაფერს რომ რომ არ ამტკიცებს საკუთარი თავის გარდა და არც უარყოფს, რომ სწორედ ესაა დანიშნულება ავტორის სულიერი „მე"-სი, განსხვავებით ბიოლოგიური „მე"-სგან... სხვა დროისთვის გადავდოთ...

უკვე ორჯერ ვახსენე ქართული კონტექსტი და იმასაც ვიტყვი ბარემ, რამ გამოიწვია ჩემი ასეთი გახელება. თუ მაინც იყიდით ამ წიგნს, შენიშნავთ ავტორის საშინელ, „არალიტერატურულ" ენას. ამ ტენდენციას ორივე ხელით ვემხრობი. „ჩვენი ენა ქართული" რა ხანია რაღაც კოლბაში თუ მაცივარში დევს გაყინული და სტაგნაციას განიცდის. ენა ფაქტიურად არ ვითარდება. დაგვიძველდა და გაგვიაკადემიურდა. საერთოდ ქართულ ენა ხომ ისედაც კონსერვატორულია. მეხუთე საუკუნეში დაწერილ ტექსტს რომ სკოლის მოსწავლე ადაპტირებული თარგმანის გარეშე გაიგებს, ჩემი აზრით ეს კარგის კი არა, ცუდის ნიშანია. პროგრესულ, ელასტიურ ენაზე (პრინციპში ქართული ამ შესაძლებლობას იძლევა. ვიყენებთ კიდეც რეფორმირებულ ენას ყოველდღიურად, უბრალოდ არ ვწერთ ისე, როგორც ვსაუბრობთ (მე მართლა ასე ვსაუბრობ)) მეხუთე კი არა, მეთოთხმეტე საუკუნის ტექსტები ადაპტირებული თარგმანით ისწავლება. 

ერეკლეს ენა ყარს. ყარს ისე, როგორც დამჟავებული, დაობებული პროდუქტები როცა ასი წლის გაუხსნელ, სავსე მაცივარს გამოაღებ. ისღა დამრჩენია დითირამბები მივუძღვნა ამ ყროლს, რადგან მაცივარი თუ არ განიავდა, ამ ობისგან თუ არ გათავისუფლდა, სულ უფრო და უფრო წაბილწავს გარემოს. 

მეორე პრობლემა, რომელსაც გამოეხმაურა ავტორი ამ წიგნით - შეიძლება ყლეზეც ეკიდა პაბალშომუ და პროსტო გაარტყა (ავტორის სტილი დაცულია) - აი ასეთი თავისუფალი დეკლამაცია იმისა, რომ ის არ არის არც ბორხესი და არც უმბერტო ეკო. ამასწინათ ერთ-ერთი რიგითი ფორუმის, ერთ-ერთი რიგითი იუზერი ერთ-ერთ რიგით პოსტში გულახდილად ამბობდა: ეს გვჭირს ქართველ ლიტერატუროფილებს. რუსებისა არ იყოს გრანდიოზულობის და გიგანტიზმის სენიო. კინო იქნება თუ წიგნი, აუცილებლად ეპიკური და „დიდი" უნდა იყოს. ხელისგულები სასოწარკვეტილად უნდა გავშალოთ და პირის ღრუს სამოქმედო რუდიმენტების გრიმასით წარმოვთქვათ „გენიალურია!". მოკლედ, რემინისცენსიების ეპოქაა და მეც პირდაპირ დავაკოპირებ, ჩემით აკრეფა-რედაქტირება მეზარება:

„კსტატი სულ მეცინებოდა ჩვენს "კლასიკოს" პროზაიკოსებზე ყველა როგორი გატყლარჭული არაბუნებრივი ენით წერს გინდა რობაქიძე გამსახურდია აიღე და გინდა დოჩანაშვილ ჭილაძეები და ძმანი მათნი... რატომღაც ითვლება რომ ასეთი ღვლარჭნილი ენით თუ დაწერ ნაწარმოებს "ვესი" მოემატება... მაინც ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ფუტურო, შინაარსისაგან დაცლილი, ცარიელ ფორმად გადაქცეული სიტყვების ბრახაბუხი ჩვენს ეროვნულ ფსიქიკაში (საგღეგრძელოები, "ჩახუტება", "მანდილოსნის პატივისცემა", "უძველესი კულტურა", "დაუმარცხებელი ერი" და ა.შ) ზის და აქედან ირეკლება ენაზე ზოგადად და ლიტერატურაზე კერძოდ, დაწყებული ძველი თუ ახალი ლიტერატორების უსაზღვრო ინტელექტუალური ამბიციებით და დამთავრებული თარგმანის პრობლემებით"
მიდი და არ დაეთანხმო ბავშვობაში გაზეპირებული „ხოხბისყელისფერი საწმერთულების" შემდეგ.

რა თქმა უნდა ერეკლე დეისაძე არც გენიოსია და არც უბრალოდ კარგი მწერალი (ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. და საერთოდ საკითხავია არის თუ არა მწერალი), მაგრამ ერთ რამეს მას ვერ დაუკარგავთ. ის არის ადეკვატური იმ გარემოსი , რომელშიც არსებობს. ეს უკანასკნელი კი აუცილებელი (მაგრამ არასაკმარისი) პირობაა კარგი მწერლობის და გენიოსობის ან უბრალოდ კაი ტიპობის. 

ეს წიგნი არის კიდევ ერთი აგური, დადებული ამ დიდ და მართლა სამამულიშვილო საქმის შენებისთვის. დიდი პროვოკაციის შენებისთვის. პროვოკაციის, რომელიც გამოიწვევს გარემოს საპასუხო რეაქციას, გააშიშვლებს მის ფსიქოლოგიურ ფრუსტრაციას, დეზორგანიზაციას და ფსევდო-კრისტალურ სტრუქტურაში, ფესულობების დალაგებულ შკალაში შეიტანს ამბივალენტურობის შოკურ ელემენტს. „მშვენიერი ამაზრზენი, ამაზრზენი მშვენიერი" (მაკბეტი, შექსპირი)... ხელს შეუწყობს დამყაყებული ორიენტირების მოშლას. 

დღეს თუნდაც ასეთი ამაზრზენი სიახლე „წიგნის ენაში" (მაგ. Instant Zaza ან თუნდაც Instant Kafka. სამწუხაროდ ამ პარალელს ვერ გავექცევით) კლასიფიცირდება ძველი კრიტერიუმებით, როცა 'კაპიტალისტურ ქვეყნებში' რა ხანია ხდება ესთეტიკური ფუნქციების არაესთეტიკურ ობიექტებთან და არაესთეტიკური ფუნქციების ესთეტიკურ ობიექტებთან შერევა. ეს რა თქმა უნდა რაღაც დოზით სისასტიკეც არის ყველაფერი „მშვენიერის" მიმართ, რასაც ხალხში „ხელოვნებას" ეძახიან, როცა სხვებს არ უყურებ, არ ეტოლები- უბრალოდ ცხოვრობ შენთვის, აკეთებ შენთვის, არ იღებ პუბლიკის აპლოდისმენტებს, როგორც ხარისხის ერთადერთ კრიტერიუმს...მაგრამ ეს ის ბექვოკალია, რომლის ფონზეც ვიღაც ტიპმა ძალიან მაგარი სოლო უნდა შეასრულოს. იმედი მაქვს ამ ტიპის აყროლებული და ყლეამოგდებული ნოველები მალე გაივლიან ლეგიტიმაციას აკადემიურ კულტურაში, თუნდაც ბელეტრისტიკის სახით. აი ასე!

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული