• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

სინათლის მჭამელნი

×
ავტორის გვერდი ლევანი ფილაური 23 აპრილი, 2022 1548

დღეს კიდევ ერთი გვამი იპოვეს, მდინარეში ტივტივებდა, მარტოდ, ეულად მოცურავდა ქალაქის შუაგულში. დასახიჩრებული და დალურჯებული სხეული ნაპირზე გამოირიყა და მეთევზეების თავშეყრის ადგილს მიადგა. გასიებული და დალილავებული სახიდან ყოველგვარი მიმიკა წაშლოდა და მიმიკასთან ერთად თვალებიც სადღაც დაეკარგა. ერთი შეხედვით სქესის დადგენაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა, ფორმა დაკარგული სხეული ადამიანისას მხოლოდ ხელ-ფეხითღა გავდა. წყლით გატენილი, გასკდომამდე გაბერილი მუცელი ლურჯ ძარღვებს დაეფარა, ხელები საცოდავად მოკაკვოდა, ხოლო კანისგან განთავისუფლებული, გადატყავებული ფეხები ხორცის დამპალ ნაგლეჯებს მიუგავდა. ვინ იცის წყალში ჩაგდებამდე გაატყავეს თუ თევზებმა გამოაჭამეს ჯერ კიდევ ცოცხალი სხეულის ნაწილები, იქნებ მდინარის დინებამ ქვებზე ახათქუნა, ანდაც ნაგვითა და სამშენებლო ნარჩენებით სავსე წიაღში ამოავლო და მათ მიერ წარმოქმნილ მომაკვდინებელ მორევებში აბზრიალა. ექსპერტიზასაც ვერ ჩაუტარებენ, ალბათ მხოლოდ გაკვეთენ, სქესსა და ასაკს დაადგენენ, სიკვდილის სავარაუდო მიზეზს გამოაცხადებენ. ექსპერტიზისთვის ელექტრო ენერგიაა საჭირო რომელიც ამ ბოლო პერიოდში აღარ მოგვეპოვება, მთელი ქალაქი ჩაბნელებულია, ლამპის შუქითა და კასრში დანთებული ცეცხლით ნათდება ჩამოქცეული და ჩაბინძურებული ქუჩები. ყოველთვის ასე როდი იყო, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ საკმაოდ კარგად განათებული ქალაქი გვქონდა, სიცოცხლე დუღდა, სინათლე ყველა სახლიდან გამოდიოდა და ლამპიონებით განათებული ქუჩებიც ღამის საშინელებებს გულმოდგინედ ფანტავდნენ. შემდეგ ვიღაც თავზეხელაღებული ელექტროსადგურზე შეძვრა და ანძაზე მაიმუნივით ჩამოეკიდა, აძვრა და ზედ ვირთხასავით მიახმა, მოკლე ჩართვა გამოიწვია და მთელი ქალაქი ჩააბნელა. საკვირველია მაგრამ მისი სხეულის ჩამოსახსნელად არავინ მისულა, ელექტროსადგურს ახლოს ვერავინ ეკარება, ამბობენ იქიდან საშინელი კვნესისა და გოდების ხმები გამოდის, თითქოს ანძაზე მიმხმარი ადამიანი ისევ ცოცხალია და გაუსაძლისი ტკივილისგან მოთქვამსო. სადგურზე მომუშავე პერსონალიდან სრულ ჭკუაზე აღარავინ დარჩა, ისინი გამოიქცნენ, სამსახურებრივი მოვალეობა მიატოვეს და თავქუდმოგლეჯილები ქალაქიდან გაიქცნენ, უიმედოდ დარჩენილი მათი ოჯახის წევრები მათ კვალს დაადგნენ და უსინათლოდ დარჩენილი ქალაქის მაცხოვრებლები ელექტროსადგურთან მიახლოებას მას შემდეგ ვეღარ ბედავენ. ადამიანებს ურჩევნიათ სიბნელეში იცხოვრონ ვიდრე სინათლის მოსაპოვებლად იმ ამოუცნობ საშინელებებს დაუპირისპირდნენ რასაც სიბნელე იფარავს, იმ საიდუმლოებას ფარდა ახადონ რასაც ელექტროსადგური მოუცავს. კიდევ ერთი გვამი და უიმედოდ ჩაბნელებული ქალაქი, კიდევ ერთი ფერმკრთალი დღე და ადამიანების გულებში გამეფებული სიბნელე, სიბნელე რომლის გასაფანტი სინათლეც დავკარგეთ, სინათლე არა როგორც ელექტროენერგია, არამედ როგორც შიგთავსი, არსი. ყოველი დღე მზის ამოსვლით იწყება რომელიც კარგს არაფერს გვპირდება, ახალი დღე და ახალი გვამი, ახალი სინათლე და სიბნელიდან გამორიყული ახალი საშინელება. დღეს ღამე მოსდევს, ღამეს დღე, გვამს გვამი, სატკივარი არ გვაკლია, სამყარო შავ-თეთრ ფერებში გვიფერადებს ცხოვრებას და მზის მსგავსად ისიც კარგს არაფერს გვპირდება...

გვამი გაკვეთეს, შიგნით გადაყლაპული ნათურები იპოვეს, თითქოს ვიღაცამ სინათლის ჭამა სცადაო, შუახნის ქალს ხახა ამომწვარი ხოლო კუჭი დამსხვრეული ნათურებით ჰქონდა გამოტენილი. კუჭნაწლავი ნამსხვრევებისგან გაანთავისუფლეს, ცხედარი დაანაწევრეს, გამოშიგნეს, კიდურები დააჭრეს, თავი მოკვეთეს. სისხლისმსმელები ხახამშრალნი დარჩნენ, ისინი ხომ მკვდრის შედედებულ სისხლს არ სვამენ, ლეშისმჭამელებმა მუცლები წყლისგან გაბერილი, დამპალი ხორცით ამოიყორეს, ხოლო ძვლები კი მშობელ მიწას მიაბარეს, მის თბილ შიგთავსში დაფლეს და საგულდაგულოდ დამარხეს.

ყოველდღე ახალი გვამი ირიყებოდა, ღამეს დღის სინათლეზე სიბნელეში მომხდარი საშინელება გამოჰქონდა. ადამიანები სინათლისგან მიტოვებულ, ჩამქვრალ ნათურებს ჭამდნენ და შინაგანი სისხლდენით იხოცებოდნენ, ნათურის ნამტვრევებით კუჭგამოტენილი ადამიანების გვამები ერთმანეთის მიყოლებით ირიყებოდნენ ჩაშავებული მდინარის ნაპირას. სისხლისმსმელები შიმშილობდნენ, ლეშისმჭამელები ძღებოდნენ, სასაფლაოები კი უცნობი გარდაცვლილების ძვლებით ივსებოდა.

ადამიანები სინათლეს აღარ საჭიროებდნენ, მათ უარი თქვეს საფრთხეს დაპირისპირებოდნენ, ელექტროსადგურზე მისულიყვნენ და ანძაზე მიმხმარი ადამიანი ჩამოეხსნათ, დაზიანება შეეკეთებინათ, მოკლე ჩართვისგან გათიშული სადგური ხელახლა აემუშავებინათ, ერთი სიტყვით მათ სინათლეზე ძალიან მარტივად თქვეს უარი და სიბნელეში ყოფნა არჩიეს, სიბნელეში სადაც ყველა და ყველაფერი ღამის წყვდიადს მოუცავს, სადაც ყველა დაფარულია და არავინ უწყის ვის რა განზრახვა ამოძრავებს, ვის რა სული უდგას პირში, ვის რა ფერი აქვს თვალები და ვის კიდევ ხელებზე შემხმარი სისხლი აქვს ჩამოსაბანი.

* * *

გამთენიისას ქალაქს ფურგონი მოუახლოვდა, ძრავის გუგუნმა დადუმებულ ქუჩებს ექოდ გადაუარა და ქალაქის ცენტრში შეჩერდა. ნათურების გამყიდველმა ძრავი გამორთო, მანქანიდან გადმოვიდა, საბარგულთან მივიდა და კარი გამოხსნა, იქიდან მოზრდილი აბრა გადმოიღო და ფურგონს გვერდით მიაყუდა. აბრაზე გამოყვანილი ასოებით ეწერა - უმაღლესი ხარისხის ნათურები დაბალ ფასად. ნათურების გამყიდველმა სტვენა-სტვენით საბარგულიდან მუყაოს ყუთები ჩამოტვირთა და ფურგონის გარშემო შემოალაგა. ლამაზად თენდებოდა, მზე ჩამუქებულ ქუჩებს სინათლეს ჰფენდა და ღამის ჩრდილებიც ჯურღმულებისკენ იხევდნენ, ქალაქის ნაცრისფერი შენობები მოყვითალო ფერს იძენდნენ და თითქოს სხეულები უთბებათო ისეთი ცივები და უხეშები აღარ ჩანდნენ როგორც ღამით არიან ხოლმე. ჩამოტვირთვა დაამთავრა და საათს დახედა, ქალაქის გამოღვიძების მომლოდინემ საბარგულიდან დასაკეცი სკამი ჩამოიღო და იქვე, აბრასთან ჩამოჯდა.

ქალაქი იღვიძებდა, ქუჩაში გამვლელთა რიცხვი იზრდებოდა და იზრდებოდა ნათურების ოსტატის მოლოდინიც, საკუთარი ხელით დამზადებული ნათურების გაყიდვის იმედად დარჩენილი დასაკეც სკამზე იჯდა და იცდიდა. პირველი მყიდველიც გამოჩნდა, ახალგაზრდა ქალბატონი ბავშვთან ერთად აბრას მიადგა და ერთი ცალი ნათურა შეიძინა, აქამდე ალბათ ხელნაკეთი ნათურა არასდროს ენახა, ინტერესითა და რიდით დასცქეროდა, სავარაუდოდ ნათურას არც გამოიყენებდა, მაგრამ მისთვის უცნობი ნივთის შეძენის სურვილს თავი მაინც ვერ დააღწია და სავარაუდოდ ნათურაც, რაღაც ახლის, უცხოს ფლობის სურვილით შეიძინა. ოსტატმა ქალბატონს გაუღიმა და ნათურის საფასური მადლიერებით გამოართვა, სულ რაღაც კაპიკებში ყიდდა, მისთვის ფულზე მნიშვნელოვანი საკუთარი ხელით შექმნილი ნათურების გაყიდვა იყო, საკუთარი შრომის სხვებისთვის გაზიარება და საფასურად იმდენის მიღება რაც მხოლოდ და მხოლოდ არსებობაში დაეხმარებოდა. შემდეგ მოხუცი წყვილი ესტუმრნენ, ორი ცალი ნათურა შეიძინეს და ბუზღუნით გზა განაგრძეს. ნათურების ოსტატი ყველა გამვლელს გულღიად უღიმოდა და პოტენციურ მყიდველს მოციმციმე თვალებით შეჰყურებდა, მას არ გამოჰპარვია ქალაქის მაცხოვრებლების წარბშეკრული მზერა და წელში მოხრილი, უიმედო და უღიმღამო სიარულის მანერა, მათი ჩამუქებული სახეები და უძილობისგან გატანჯული თვალები. შიმშილობისგან ჩამომხმარ სისხლისმსმელებსაც ამჩნევდა და ჩასუქებულ ლეშისმჭამელთაც, დასაკეც სკამზე იჯდა და დღის სინათლეზე გამოსულ ღამისეულ აჩრდილებს მოელვარე თვალებით შეჰყურებდა, თითქოს მათ გაშიშვლებას, ამოცნობას ახერხებსო მის მზერას თვალს არიდებდნენ და ჩავლისას ნაბიჯს უჩქარებდნენ.

შუადღისას ფურგონს ხალხის დიდძალი ნაკადი მიაწყდა, სისხლისმსმელები და ლეშისმჭამელები, ადამიანები და ღამის აჩრდილები, ქალაქის მაცხოვრებლები ნათურებს ერთიმეორის მიყოლებით ყიდულობდნენ და რიგში ჩამდგარი მყიდველები ოსტატს იმაზე მეტის გადახდას სთავაზობდნენ ვიდრე ნათურა ღირდა, ოღონდ კი მათაც შეხვედროდათ დაცარიელებულ ყუთებში აქა-იქღა შემორჩენილი ხელნაკეთი ნათურა. გაოცებული ოსტატი მყიდველს ვერ აუდიოდა, დილით თუ თითო ოროლა ნათურა გაყიდა, ნაშუადღევს უკვე ყუთებს ითვლიდა, ყუთს ყუთზე ცლიდა და მყიდველს მყიდველზე ისტუმრებდა. თითქოს ფასდაუდებელ განძს არიგებსო ქალაქის მაცხოვრებლები დაუფიქრებლად, მოურიდებლად ყიდულობდნენ ოსტატის მიერ გამოტანილ არც თუ ისე ღირებულსა და მნიშვნელოვან პროდუქტს.

მოსაღამოვდა, ნათურების ოსტატმა უკანასკნელი ყუთიც ჩატვირთა და სანახაობისთვის მოემზადა. დასაკეცი სკამი აკეცა, აბრა საბარგულში დააბრუნა და ფურგონის მახლობლად ჩამოდგა. ბნელდებოდა, დღე უკან იხევდა, ღამე მოდიოდა, მოდიოდა და თან ავისმომასწავებელი სიჩუმე მოჰქონდა. ცისკენ აშვერილი შენობები ჩამუქდა, ქუჩები ჩაშავდა, ჩრდილები გაიწელა და ერთმანეთს შეერწყა, კაშკაშა მზე ცივად ამოცურებულმა, ნამგალა მთვარემ ჩაანაცვლა. ნათურების ოსტატი გაუნძრევლად იდგა და რაღაცას ელოდა, სინათლის გამოჩენას, ქალაქის ელექტრო ენერგიით განათებას ელოდა. მან ხომ ყველა ნათურა გაყიდა, ის ხომ მთელი დღე იმ წუთზე ოცნებობდა როდის ჩამობნელდებოდა და როგორ აბრდღვიალდებოდა მისი ხელებით დამზადებული ასობით ნათურა. ახლა კი ღამის სიბნელეში იდგა და ჩაბნელებულ ქალაქს შეშფოთებული შეჰყურებდა, სინათლის არც ერთი სხივი, ელექტრო ენერგიის არანაირი კვალი, არც ერთი გამოყენებული ნათურა. ქალაქმა ისიც მოატყუა, მისი ქმნილებანი მიითვისა და სამუდამო სიბნელისათვის გაიმეტა, ნათურები რომელთაც არასდროს გამოიყენებდნენ, მტვრიან თაროზე შემოდებდნენ და დაძველების უფლებას მისცემდნენ, მათ ხომ სინათლე არასდროს ეღირსებოდათ...

ჩაბნელებულმა ქალაქმა ისიც შეაშინა, სინათლე დაკარგულმა ადამიანებმა თავზარი დასცეს. სიბნელეში მარტოდმარტო დარჩენილს მხოლოდ ღამის მსხვერპლთა გულის გამყინავი კივილის ხმები ესმოდა, სისხლისმსმელები იკვებებოდნენ, ლეშისმჭამელნი გათენებას უცდიდნენ, უფორმო აჩრდილები ქუჩებში დათარეშობდნენ და ადამიანთა გულებში გაჩენილი უსინათლობით ტკბებოდნენ. ოსტატს მეტის გაძლება აღარ შეეძლო, ქალაქის მაცხოვრებლებზე განაწყენებული და სიბნელით შეშინებული ფურგონს მივარდა და საჭეს მიუჯდა. მიტოვებული ნათურები გაახსენდა და თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა, თვალის უსწრაფესად ძრავი აამუშავა, სანათურები ჩართო და უკან მოუხედავად ქალაქიდან გაიქცა. დადუმებულ და ჩაბნელებულ ქუჩებში მანათობელმა ფურგონმა ჩაიქროლა, ძრავის ხმაურმა სიჩუმე გაფანტა, სანათურებმა საშინელებები გაანათა და მხოლოდ წამით, მხოლოდ ერთი წამით ქალაქს სინათლე ჩაჰბერა. ფურგონის ხმაური მიწყდა და ქალაქიც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, სიბნელე, სიბნელე და სიჩუმე...

* * *

მდინარემ უცნაური სხეული გამორიყა, აქამდე თუ ნათურებით გამოტენილ გვამებს დაათრევდა ამჯერად ქალაქის მცხოვრებნი ჩვილის სხეულით გააკვირვა. ბავშვი ფართხალებდა და საშინელი ხმით ტიროდა, ტიროდნენ მარტოდ დარჩენილი, მდინარეში ჩაგდებული მისი თვალები, ყველასგან მიტოვებული, დახრჩობისთვის გამეტებული მისი ფილტვები. მეთევზეებმა ჩვილი ნაპირზე ამოიყვანეს და გაოცებულებმა მდინარის მახლობლად ასფალტზე დაასვენეს, ისინი წავიდნენ, მტირალი სხეული მიატოვეს და ქალაქისაკენ გაიქცნენ. მათ ბავშვის სხეულიდან მომავალი სინათლის შეეშინდათ, სინათლის რომელიც ყოველ გულის ცემასთან ერთად ციმციმებდა და იზრდებოდა. ჩვილის ტირილზე სსვებიც მოვიდნენ, მოვიდნენ, ბავშვს დახედეს და ისევე შეშინებულები გაიქცნენ როგორც მეთევზეები. უსუსურ სხეულში აკაშკაშებული სინათლე ბავშვის გულიდან მოდიოდა, სიფრიფანა კანისა და ძვლების მიღმა გარკვევით ჩანდა მანათობელი ნათურა გულის მაგივრად როგორ უძგერდა. ბავშვი ანათებდა, მის მკერდში ნათურა ძგერდა, მოკაშკაშე, თეთრ სინათლეს აფრქვევდა და ქალაქის მაცხოვრებლებში აღუწერელ შიშს ბადებდა. ბავშვთან მიახლოებას ვეღარ ბედავდნენ, შიშველი სხეული კი ცივ ასფალტზე უიმედოდ იწვა და გულამოსკვნილი ტიროდა. სისხლისმსმელები ტუჩებს ილოკდნენ, ლეშისმჭამელნი მუცლებზე ხელებს ისრესდნენ ხოლო ღამის აჩრდილნი თვალებს იფარავდნენ. სინათლის დანახვა არავის სურდა, არავინ ითავა ბავშვთან მისულიყო და მისთვის დაეყვავებინა, ტანსაცმელი მიეტანა და თბილ ზეწარში გაეხვია. იდგნენ და შორიდან უყურებდნენ როგორ იტანჯებოდა სიცივისაგან აკანკალებული ჩვილის სხეული, იდგნენ და შეშფოთებული მზერით შეჰყურებდნენ როგორ ციმციმებდა მის გულში აკიაფებული თეთრი სინათლე.

მოსაღამოვდა, ჩვილის მანათობელი სხეული ფართხალებდა და სიბნელის მომატებასთან ერთად მისი მოკაშკაშე სინათლეც უფრო შესამჩნევი ხდებოდა. მაყურებელმა კლება იწყო, ყველას თავის საზრუნავი გაახსენდა, სიბნელე ახლოვდებოდა, ღამე მოდიოდა და ადამიანების გულებში საფრთხის შეგრძნება მთელი სიმძლავრით მოჰქონდა. სისხლისმსმელები სანადიროდ გაეშურნენ, ლეშისმჭამელნი მათ კვალს დაადგნენ, იმის იმედად რომ მათგან დატოვებული სხეულის ნარჩენებით მუცლებს ამოივსებდნენ პარაზიტებივით თანამგზავრობდნენ. ღამის აჩრდილნი ჩამობნელებულ ქუჩებს შეერწყნენ, ყველა ჯურღმული და კუთხე კუნჭული ამოავსეს და ნანატრი ღამის დადგომას პირდაღებულნი უცდიდნენ.

მზე ჩადიოდა, ქუჩები ცარიელდებოდა, ადამიანები სახლებისაკენ გარბოდნენ. ქალაქი ყოველდღიურმა კივილის ხმებმა მოიცვა, სისხლისმსმელები ძღებოდნენ, ლეშისმჭამელნი იცდიდნენ, ღამის აჩრდილნი კი მარტოდ დარჩენილ, დაკარგულ სულებს შიშის ზარს სცემდნენ და თავიანთი ბნელი წიაღისაკენ იტყუებდნენ. ყველა ჩვეულ რუტინას ასრულებდა, მჭამელნი ჭამდნენ, მოშიმშილეები შიმშილობდნენ, ღამე მოდიოდა და ადამიანების გულებშიც სიბნელე ჩნდებოდა, ღვივდებოდა და ფართოვდებოდა.

დაღამებულზე ქუჩაში აღარავინ დარჩა, გარდა მსხვერპლისა რომელთაც სახლებში შეღწევა ვერ მოასწრეს ან ფეხი დაუცდათ და წაიქცნენ, ადგომა კი საკუთარი ძალებით ვერ მოახერხეს, ამყენებელიც არავინ ყავდათ და არც დასახმარებლად მივიდოდა ვინმე. კივილი და სიჩუმე, სიჩუმე და კივილი, ქალაქის ხმები ერთმანეთს ცვლიდნენ, სიკვდილი სიკვდილს ცვლიდა სიბნელე სიბნელეს, არავინ მღეროდა, არავინ ცეკვავდა, სოროებში შემძვრალი კურდღლებივით სულგანაბულები ისხდნენ და ამოვარდნამდე აჩქარებული გულის ცემის ხელის მოჭერით დაშოშმინებას ცდილობდნენ. მხოლოდ ერთი გული ძგერდა დაუღალავად, მხოლოდ ერთი სხეული ცახცახებდა შეუჩერებლად, მხოლოდ ერთი არსება ანათებდა ჩაუქრობელად, ჩვილი მდინარის პირას იწვა და სუსტი ხმით ტიროდა, თვალები ცრემლებს დაეფარა, სხეული სიცივეს, გულიდან სითბო ეღვრებოდა მაგრამ საკუთარი სხეულის გასათბობადაც კი არ ყჰოფნიდა. იცოდა, გრძნობდა, დიდხანს ვეღარ გაძლებდა, შიმშილი, სიცივე, მარტოობა ბოლოს მოუღებდა და ისიც რომელიმე საშინელების საკვებად იქცეოდა. ტირილს უკლო, მოძრაობა შეწყვიტა, თვალები დახუჭა, შემცირდა მისი გულის ცემაც და მისგან წამომავალი სინათლეც. ჩვილი დანებდა, დანებდა მისი სხეულიც და მისი გონიც. ნათურამ ფეთქვას უკლო, სინათლე მიინავლა და მკრთალ, მძლივსშესამჩნევ ნათებადღა იქცა. და სწორედ მაშინ როცა უკანასკნელი სინათლეც გაკრთა, როცა გული სამუდამოდ უნდა გასჩერებოდა, როცა ნათურამ ერთი დიდი პაუზა გააკეთა და საბოლოო შუქის გამოსაშვებად მოემზადა, სწორედ მაშინ გაისმა ყოვლისმომცველი, ხრინწიანი ღრიალი, ღრიალი არა მსხვერპლისა არამედ ადამიანისა, თავისუფალი, ცოცხალი ადამიანისა. ტანჯული სული ქალაქში დაეშვა...

ელექტროსადგურის ანძაზე მიმხმარი ადამიანი შეინძრა, ლითონზე მიკრული ხელი შეატოკა და სიმწრისგან დაიღრიალა, დამწვარი კანი ლითონზე დარჩა და გაძვალტყავებული, გასისხლიანებული ხელი კანკალით ააგლიჯა. ყოველი კიდურის გამოძრავებისას ყვიროდა, ყვიროდა საშინელი ტკივილით გამოწვეული აგონიისგან. მოგლეჯილი სხეულის ნაწილები ანძაზე რჩებოდა, ჩამოღვენთილი ფილტვები შემზარავ ხმას უშვებდნენ, დამწვარი ადამიანი მიწისკენ დაეშვა. ქალაქისკენ იყურებოდა, იქიდან მომავალ მბჟუტავ ნათებას ხედავდა და გულიც მისკენ მიუწევდა, ხედავდა როგორ ინავლებოდა მოციმციმე სინათლე და მოძრაობას უმატებდა. სხეული ეფლითებოდა, კანი ექერცლებოდა, ეფხრიწებოდა, მაგრამ სვლას განაგრძობდა, ანძაზე დაცოცავდა და სისხლიან კვალს ტოვებდა. დამწვარ ყურებში ბავშვის ტირილის ხმა ჩაესმოდა და მოძრაობის საჭიროებას უმძაფრებდა, არ ნებდებოდა, არ ჩერდებოდა, ანძაზე მოსრიალებდა და მიწისკენ გზას იკვალავდა.

უხორცო ფეხი მიწაზე დაადგა და წონასწორობა დაერღვა, შებარბაცდა, ხელები ჰაერში აასავსავა და თავს წაქცევის საშუალება არ მისცა. თავი შეიმაგრა, ღრმად სუნთქავდა, ფილტვებში ჩაშვებულ ყოველ ჰაერის ნაკადს მწველი ტკივილი და უხმო ღრიალი ერთვოდა. დამწვარი ადამიანი წელში გაიმართა, დაფლეთილი სხეულის ნაწილები მოსინჯა და პირველი ნაბიჯი გაუბედავად გადადგა. ყვიროდა, შემზარავი ხმით ღრიალებდა, შიშველ ფეხებზე ასფალტის ფხაჭუნს გრძნობდა და უხორცოდ დარჩენილ ტერფებს კანკალით აფრატუნებდა. მოდიოდა და უკან სისხლისა და აგლეჯილი კანის კვალს ტოვებდა, ყოველი გადადგმული ნაბიჯი ტკივილსა და ტანჯვას უქადდა. დეფორმირებული, დამწვარი სხეული უფრომო ხორცის ნაგლეჯს დამსგავსებოდა, თავზე მიმწვარი სისხლიანი თმა ქარის წამობერვასთან ერთად სძვრებოდა, კანის გარეშე დარჩენილი სხეული შიგნიდან ხურდა ხოლო გარედან სიცივისაგან იკლაკნებოდა. სტკიოდა, სციოდა, სხეულს მძლივს იმორჩილებდა, კვნესოდა, ნაწილებად იშლებოდა მაგრამ სვლას მაინც განაგრძობდა, ქალაქისაკენ მიიჩქაროდა, სინათლისაკენ ფრთებ მონგრეული ფარვანასავით მიფარფატებდა.

ჩაბნელებულ ქუჩაზე გამხმარი ადამიანი გამოჩნდა, დანახვით ვერაფერს ხედავდა, მასაც ვერავინ დაინახავდა, უკუნეთ სიბნელეში მხოლოდ მისი კვნესა-გოდება ისმოდა. ფეხებს მძლივს მიათრევდა, ხელებს ჰაერში იქნევდა, ოხრავდა, ხრინწიანად სუნთქავდა, პირიდან დორბლი და სისხლის წვეთები სცვიოდა. დაფლეთილი და გაუბედურებული სხეული ცენტრალურ ქუჩაზე აღმოჩნდა, წამით უსინათლოდ დარჩენილ ლამპიონს დაეყრდნო, შემხმარი სისხლის კვალი მასაც დაამჩნია და უმალვე სვლა გააგრძელა. სისხლისმსმელები დადუმდნენ, ლეშისმჭამელნი დაიმალნენ, ღამის აჩრდილნი გზიდან გაეცალნენ და სახლებში შემალულმა ადამიანებმა სუნთქვა შეწყვიტეს.

ჩვილის ტირილის ხმა აღარ ისმოდა, მისგან გამომავალი სინათლე აღარ ანათებდა, უსუსურმა სხეულმა მოძრაობა შეწყვიტა და სწორედ მაშინ, როცა თვალებიც დახუჭა და პირიც დამუწა, სწორედ მაშინ გამოჩნდა ღრიალით მომავალი ადამიანი. ბავშვმა მისი მოახლოება იგრძნო და ამოიკვნესა, ცრემლიანი თვალები ფართოდ დააჭყიტა, დორბლიანი პირი დააღო და ტირილი მორთო. დამწვარი ადამიანი მდინარის პირას დაგდებულ სხეულთან მიხოხდა, სისხლისა და ხორცის ბილიკმა ჩვილამდე მიიყვანა. ბავშვი შეინძრა და მის გულში მიმქვრალი ნათურაც ხელახლა აძგერდა, აძგერდა და თვალისმომჭრელად გაანათა, უსუსურ სხეულში იმედის სხივი გაკრთა.

უფორმო სხეული ჩვილის ხელს უხორცო თითით შეეხო, ბავშვმა შეხება იგრძნო და ტირილს უმატა, ფართხალი იწყო და გაძვალტყავებული თითის ხელში მოქცევას შეეცადა. დამწვარი ადამიანი მუხლებზე დაეშვა, ჩვილის წინ დაიჩოქა და ხელებით მის თეთრ, გაყინულ სხეულს შეეხო. ბავშვმა ამოიკვნესა, აცახცახდა და ტირილი შეწყვიტა. ადამიანმა ჩვილის სხეული მოსინჯა, გულის ცემა შეუმოწმა, შუბლზე სისხლიანი ხელი მოუსვა და ოხვრა-გოდებით ბავშვი ხელებში მოიქცია. ჩვილმა თბილი სისველე იგრძნო, დამწვარი სხეულიდან გადმოღვრილი სისხლის წვეთები მუცელზე ეღვრებოდა, გაუხეშებული და მიმხმარი კანი გვერდებს უფხაჭნიდა, მაგრამ ის აღარ ტიროდა, აღარ წუხდა, აღარ სტკიოდა, აღარ სციოდა.

დამწვარი ადამიანი ფეხზე წამოდგა, წელში გაიმართა, გაფრცქვნილ ხელებში ჩვილის სხეული მოექცია და საკუთარი გულმკერდისაკენ მიჰქონდა. ბავშვი ანათებდა, გული გამალებით უძგერდა, ნათურა დაუღალავად ციმციმებდა. ადამიანმა ჩვილი გულში ჩაიხუტა და მწველი ტკივილი იგრძნო, სტკიოდა უხორცოდ დარჩენილი გულის ფიცარი, უკანოდ დარჩენილი ხელის მტევნები, ბავშვი მაინც მტკიცედ მიიხუტა და ქალაქისაკენ შეტრიალდა.

ღამის სიბნელეში სინათლე გაკრთა, ქალაქის ჩაბნელებული ქუჩები ნათურის შუქმა გაანათა. გამხმარი ადამიანი თავისივე დატოვებულ სისხლიან კვალს მიუყვებოდა, ის ქალაქს ტოვებდა, გულში ჩაკრული ბავშვი მიყჰავდა და უკან მოუხედავად მიბაჯბაჯებდა. ბავშვი ანათებდა, ნათურა ფეთქავდა, დამწვარი სხეული ოხრავდა, მოთქვამდა, ყვიროდა. ქალაქის მოედანს გასცდნენ და გზატკეცილს დაადგნენ. ადამიანი შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა, ჩვილს ლოყაზე გამხმარი ხელი მოუსვა და გაუღიმა. ღიმილი რომელიც ღიმილს არაფრით გავდა, ლოყებ აგლეჯილმა, კბილებ დაფჩენილმა ყბამ საზარელი იერი მიიღო, მაგრამ საშინელი შესახედაობა ჩვილზე სულაც არ მოქმედებდა, ის მას ამშვიდებდა, ის ხომ გრძნობდა, ის ხომ ხედავდა, გამხმარი ადამიანი გულში იკრავდა და მასზე ზრუნავდა, მერე რა თუკი საზიზღაი შესახედაობა ჰქონდა, ბავშვის გული მას არ განსჯიდა, ის ხომ ერთადერთი იყო ვინც მას დაუყვავა, ვინც მასთან მივიდა, ხელში აიყვანა და საკუთარი სხეულის სითბოთი გაათბო.

უკანასკნელმა სინათლემაც დატოვა ჩაბნელებული ქალაქის წიაღი, გამხმარმა ადამიანმა ჩვილი ქალაქის საზღვრებს გაარიდა და ნელი ნაბიჯით უმისამართო სვლა გააგრძელა. ქალაქი სიბნელეში დარჩა, სიბნელეში რომელიც თავად აირჩია, თავად მიიღო და შეისისხლხორცა. ადამიანებმა სინათლე უარჰყვეს, მიატოვეს, დასაღუპავად გაიმეტეს, თავი სიბნელეს შეაფარეს და ღამის მოტანილი საშინელებები ანაცვალეს. სინათლე წავიდა და ცხოვრებაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, სისხლისმსმელები სვამდნენ, ლეშისმჭამელნი ჭამდნენ, ღამის აჩრდილნი იტაცებდნენ, ადამიანები იმალებოდნენ, იტანჯებოდნენ, კვდებოდნენ, იკარგებოდნენ...

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული