• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

რუდოლფ ოტო და მისი წმინდა წიგნი

×
ავტორის გვერდი ზელიმხან უძილაური 00 , 0000 2789
რუდოლფ ოტო და მისი წმინდა წიგნი, Das Heilige, 1917, დღემდე გამოცემულია დაახლ. ასჯერ. მისი გავლენა რელიგიის შემსწავლელ მეცნიერებებსა და ზოგადად ჰუმანიტარულ „კანონზე“, 80-იან წლებამდე განუზომლად დიდი იყო (თუნდაც თეოლოგ თილიხიდან დაწყებული ელიადეს გავლით კარლ გუსტავ იუნგამდე!..), მერე ეს გავლენა და ზეგავლენა შენელდა. რამდენადაც ვიცით, ქართულ ერუდიციას და სულიერებას "დას ჰაილიგე" სრულიად ასცდა, ალბათ ერთეულებმა მოგვიანებით შეიტყვეს რაღაც მისი არსებობის თაობაზედ, მაგრამ ტექსტი,კონტექსტუალური ინფორმაცია და ა.შ. ჯერაც არ ჩანს. ოტოს ჯერ ჩვენთან ნამდვილი სიცოცხლე არ დაუწყია; და ახლა იქნებ სამუდამოდ დაგვიანებულიც კია, თანაც არც ისე ჩვენი სფეროა ეს ნუმინოზური... მაგრამ მაინც ვცდით, ერთხელაც ვცდით, ამ შემოქმედებითი წვისათვის ძალიან მიუცილებელი წიგნის „გადმოქართულებას“, სულ მცირედი, ინფორმაციული შესავლის სახით მაინც.
 
ვინ არის რუდოლფ ოტო, რა არის ოტოს HEILIGE- ეს გაარსებითებული ზედსართავი?
Rudolf Otto: 1869-1937, სისტემატური თეოლოგი, ინდოლოგი, რელიგიის ფილოსოფოსი, ინტერრელიგიური დიალოგის დიდოსტატი, სულიერ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ისტორიაში შევიდა წიგნით, „წმინდა“, რომელიც მან საკრალურ ფენომენს მიუძღვნა; საბოლოოდ ამ წიგნმა დაუმკვიდრა მას რელიგიის პირველხარისხოვანი მცოდნის, ფენომენოლოგიური რელიგიისმცოდნეობის კლასიკოსის და უაღრესად გავლენიანი, თანაც საკამათო მოაზროვნის სტატუსი.
ოტოსთვის „წმინდა რამ“ ანუ „Das Heilige“ არის რელიგიური გამოცდილების ძირითადი კატეგორია, ცნება და ნიშანი. ქვესათაური წიგნისა წიგნის მიზანდასახულებაზე მიგვანიშნებს: „იდეა-ღმერთში ირაციონალურის შესახებ და მის დამოკიდებულებაზე რაციონალურთან“ – Über das Irrationale in der Idee des Göttlichen und sein Verhältnis zum Rationalen.
რელიგიური გამოცდილება არაა განსიტყვებადი, ენის ურთიერთგამმიჯნავი ცნებებით გამოხატვადი, არამედ იგი ენობრივი გამოხატვის იქით, სადღაც შორს და მიღმაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რელიგიური გამოცდილება რაციონალურს აღემატება, მაგრამ იგი არაა ანტირაციონალური. ობიექტი, საგანი (Gegenstand) სიწმინდისა არის ნუმინოზური, Das numinöse; ნუმინოზური მოიცავს ჩვენს ჩვეულ წარმოდგენას სიწმინდის შესახებ, ოღონდ ეთიკური და რაციონალური მომენტების გამოკლებით. ნუმინოზური არის სრულიად sui generis, „თავისთავადი მოდგმის“, იგი მხოლოდ განსჯადია, არადეფინირებადი – “nicht definibel, sondern nur erörterbar..“
ქრისტიანული დასავლეთისათვის „წმინდა რამ“ იყო ყოველთვის summum bonum და ens rationale, ე. ი. ჯამი სიკეთისა და გონიერი მყოფი. მაგრამ თავიდან და სინამდვილეში იგი არცერთი არაა, ყოველშემთხვევაში, არსებითად არცერთი არაა – ასე გრძნობს, გვეუბნება და შთაგვაგონებს ჩვენი ავტორი; აქ განგებ ვამბობთ ოტოს მისამართით შთაგვაგონებს და არა გვასწავლის, ვინაიდან „ნუმინოზური X სწავლადი კი არა, შთაგონებადია“; 
როგორც კი საკრალურ ფენომენს განვიხილავთ ამ ორი ელემენტის გარეშე, - იგულისხმება ეთიკური და რაციონალური, -აი მაშინ ვიწყებთ აღმოჩენას და აღმოვაჩენთ რელიგიის გულთაგულს, დვრიტას, რელიგიის ძირითად მასულდგმულებელს და ბირთვს( გერმ. Kern ). ამ დროს გამოჩნდება, აჩვენებს თავს განსაკუთრებული განცდის,-ვთქვათ გერმანულად,- განსაკუთრებული „ერლებნის“-ის ნიმუში და განსაკუთრებული,შესაბამისი საქციელი ადამიანისა. ამ უჩვეულო განცდისა და საქციელის განსასაზღვრავად მოიხმობს ოტო შლაიერმახისეულ „სრული დამოკიდებულების“-Schlechth

 

inniger Abhängikeit გრძნობას და აღწერს მას როგორც შექმნილის, ქმნილების, კრეატურის გრძნობას. თვითონ Das Heilige ანუ წმინდა, რომელიც ადამიანის ამგვარ რეაქციებს ბადებს, შეიძლება დახასიათდეს,როგორც Misterium Tremendum. ეს „საიდუმლო კრთომისა“ განასახიერებს „სულ სხვას“, თავს აჩენს ადამიანთან მიმართებაში, როგორც „სულ სხვა რამ“, გერმ. Das ganz Andere.
„სულ სხვა რამ“ ადამიანის მიერ აღიქმება როგორც მასთან, ანუ ადამიანთან სრულიად დაპირიპირებული არსების სახება. და ეს უცხო და უცნაურად განსხვავებულ – დაპირისპირებული არსება (გამო) იწვევს შიშს, კანკალს, კრთომას და „დიდ შიშს“- Ehrfuhrcht - ს. 
Das Heilige ცნაურდება, აღიქმება და შემოდის ქმედებაში – აგრეთვე როგორც Misterium Faszinans - საიდუმლოს ფასცინაციური მიმზიდველობით. იგი აღარასოდეს უშვებს ადამიანს თავის გზაზე, იჭერს და იპყრობს ადამიანს, შემდეგ იგია “დაჭერილი”, Ergriffen(შეად. ქართული საკრალური ტერმინოლოგიის „დაჭერილი“; „ხატის მონა“, და მსგავსი). ის, ვინც წმინდას შეხვდება, ნეტარია, - beseligt.
 
აქ რომ მცირეოდენი პაუზა გამოვთხოვოთ ოტოს აჩრდილს და ვეცადოთ საკრალურის ამ ორმხრივობის, ე.ი. საშინელი და მიმზიდველი მხარეების დღევანდელი ტერმინოლოგიითა და რელიგიის, - არა რელიგიური, - გამოცდილებით კონსტატირებას, მივიღებთ რელიგიის ამბივალენტურობას, ავკარგიანობასა და ე.წ. „საკრალურ ძალადობას“. sacer ლათინურში ერთდროულად ნიშნავდა „წმინდასაც“ და „დაწყევლილსაც“. ასევე შეიძლება ითქვას, რომ მთის ჯვარ-ხატთა საკრალურ ენაში შეფარული „მიზეზი“, დაწყევლის ტოლფასია და მადლ-რისხვიანი ანუ ამბივალენტური საკრალურის „საშინელებითი“ მხარის გამოვლინებაა...
აქვე უნდა დავასრულოთ ოტოს წიგნზე ჩვენი პირველი ინფორმაციული ნაკადი. საკითხავია, რამდენად გავიგეთ რისი თქმა სურს ოტოს ან რას ვამბობთ მის შესახებ? რას გვამცნობს ნუმინოზური? საკრალურის, ნუმინოზურის ოტოსეული აღწერა ფენომენოლოგიურია. რელიგიის ფენომენოლოგიის მეთოდი კი, თვით ფენომენოლოგთა მიერ განიმარტება როგორც Kunst, ხელოვნება. მაშასადამე, ოტოსეულ შემოქმედებას გავიგებთ თუ არა, ეს ჩვენ შემოქმედებით და ინტუიციურ მონაცემებზე ყოფილა დამოკიდებული.
და აი, მივადექით მთავარ სათქმელსაც: „დას ჰაილიგე“ შეუძლია გაიგოს, ვისაც იგი თვითონაც გამოუცდია. ერთობ პარადოქსული მოთხოვნაა; რუდოლფ ოტო თავისი მკითხველის მიმართ მეტისმეტად მკაცრი და ნუმინოზური ჩანს, როდესაც იგი III თავის დასაწყისშივე, - მას შემდეგ, რაც იგი I და II თავებში „რაციონალურსა და ირაციონალურს“ და „ნუმინოზურს“ დაგვაახლოებს, ურჩევს მკითხველს, თუკი მას ნუმინოზური მომენტი არასოდეს ჰქონია, წიგნის კითხვას თავი გაანებოს. (იხ.გვ.8.1.: „Wir forden auf, sich einen Moment starker und möglichst einseitiger religiöser Erregtheit zu besinnen...
Wer das nicht kann oder wer solche Momente überhaupt nicht hat, ist gebeten, nicht weiter zu lesen". 
 
ძნელი სათქმელია, მივაღწიეთ თუ არა ოტოს გაგების მწვერვალამდე, - იქნებ შორიდან მაინც შევავლეთ თვალი მას, - ახლა კი გვინდა ამ მწვერვალიდან დავეშვათ ქვევით და დავიწყოთ „საკრალურის“ სადაგი და ჩვეულებრივი ანუ პროფანული განხილვა.
რასაკვირველია, ოტო როგორც აკადემიური მოაზროვნე იმდენად მიამიტი ვერ იქნებოდა, რომ ფენომენოლოგიის შემოქმედებითი მეთოდის ანუ ნუმინოზურის პიროვნული გამოცდილების ანაბარა დარჩენილიყო: იგი თავის ფენომენოლოგიურ მცდელობებს ფილოსოფიურად ასაბუთებს და ასაძირკვლებს. ოტო უკავშირებს თავის არგუმენტაციას კანტს (ოტომ ჯერ კიდევ 1909 წ. გამოაქვეყნა რელიგიის ფილოსოფიის სახელმძღვანელო Kantisch-Fries’sche Religionsphilosophie). Das Heilige არის შეჯამებული a priori. ისევე, როგორც იდეები აბსოლუტურის, სრულყოფილების და მსგ. გრძნობის ორგანოებშია მოცემული და ისინი გამოცდილებით კი არ ისწავლება, მსგავსადვე ნუმინოზურის განცდა ადამიანის სულშია მოცემული, შეიძლება ითქვას, ჩაფესვილი. ადამიანი როგორც ჩანს, ნუმინოზურის განსაცდელადაა მოწყობილი, მას აქვს უნარი, რელიგიურ შთაბეჭდილებას მიეცეს, ადამიანისათვის რელიგიური სწრაფვა თანდაყოლილი თვისებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ და ერთი პატარა ციტატაც დავესესხოთ „ჰაილიგეს“ შემქმნელს, „რელიგიური განცდა მარადიულ, ხანგრძლივ კავშირში და გადაჯაჭვულობაშია სხვა, მონათესავე განცდებთან. ნუმინოზურ გამოცდილებასთან, როგორც ინკომენსურაბელურ, სულ სხვა რამ გამოცდილებასთან, საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა დაკავშირება განცდათა ნათესაობისა და სქემატიზირების გარეშე. ისეთი ცნებები, კატეგორიები და პრინციპები, როგორიცაა ზემოთდასახელებული აბსოლუტურობა, სიკეთე ან ყოვლისშემძლეობა, აკავშირებენ ნუმინოზურს ჩვენს ფიქრსა და აზროვნებასთან, ისინი ნუმინოზურის სქემატიზირების შესაძლებლობას იძლევიან. მხოლოდ სქემატიზირების გზითაა შესაძლებელი საკრალურის აპრიორული ღირებულების დანახვა და მისი დახასიათება. – დახასიათება აქ ნიშნავს ნუმინოზურის ელემენტებზე საუბარს...“ ნუმინოზურის ელემენტებზე ოტო ვრცლად საუბრობს.
მიზანი, რომლის მიღწევასაც ოტო ამგვარი არგუმენტაციით ცდილობს, აშკარაა: ოტოს სურს რელიგიური განცდა, გრძნობა და გამოცდილება (ერთად: Erlebnis) წარმოაჩინოს, როგორც sui generis ე.ი. თავისთავად ღირებული, თავისთავად ვარგისი, საკუთარი ადგილის მქონე და არა ევოლუციის შედეგი, სოციალური კუჭისმოქმედების თუ ხალხთა ფსიქოლოგიის ნამუშევარი. ოტო მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ებრძოდა მატერიალისტურ იზმებს: დარვინიზმს, დურკჰაიმიზმს, მარქსიზმს, ვუნდტიზმს და განსაკუთრებით ამ უკანასკნელს...
ოტოსთვის რელიგია ისტორიული, სოციალურ-ევოლუციონური და სხვა მსგავსი ფენომენი კი არაა, არამედ იგი ადამიანის სულიერ საფუძველში, ასე ვთქვათ გულისგულში, სულისსულშია დავანებული. – 
ოტომ თავისი დიდი მიზნის განსახორციელებლად არა იოლი, თეოლოგიური სპეკულაციის გზა აირჩია, არამედ ნამდვილი სულის წვა და შემეცნებითი რეფლექსია, რაც მის მცდელობას კაცობრიობის შემოქმედებით ისტორიაში სრულიად გამორჩეულ ორიგინალურობას ანიჭებს.
7.III.2006.
 
p.s. ეს იყო მხოლოდ ფრაგმენტი, ვეცდებით იგივე თემა კონტექსტში და გაცილებით ვრცლად უახლოეს დღეებში შემოგთავაზოთ. მგონი 11 წელიწადი მაინც იქნება, რაც ოტო აღმოვაჩინე რელიგიისმცოდნეობის წიაღში, ვისაუბრე კიდევაც მის შესახებ; ჯერ ბატონ ზურაბ კიკნაძის, მერე ქ-ნ ნაირა გელაშვილის მიერ დათმობილ იქნა მოხსენებისათვის აუდიტორია, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ შევძელი ამ არაორდინალური მოაზროვნის მეცნიერულ-მისტიკური დიმენსიების წვდომა და გადმოქართულება. დას ჰეილიგეც მათვე ვაჩუქე და მეგონა, ვინმე ჩემზე “ნუმინოზური” გამოჩნდებოდა, გამოაჩენდა თვითონ ნუმინოზური სწრაფვა და ამ სულიერ დანაკლისს ქართული სააზროვნო სივრცე აინაზღაურებდა. ლოდინიც ამაო გამოდგა. ამიტომ ბოდიშის მოხდით და სინანულის განცდით დაკარგული დროის გამო, ვიწყებ ბ-ნ ზურაბ კიკნაძისადმი ოდესღაც მიცემული პირობის შესრულებას და ვცდილობ ოტტოს რეციპირებას. სულ არარაობას და უოტოობას ისევ ჩემეული ოტტო სჯობდეს იქნებ. 
12.III.2010.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული