- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
1. „ვიცი, დავბრუნდები“
პირველად იყო სიტყვა პირველად იყო საქმე პირველად იყო ქაოსი პირველად იყო ფალოსი პირველად იყო შიში პირველად იყო ჰაშიში პირველად იყო ქალი პირველად იყო დინოზავრი პირველად იყო სათამაშო თოფი პირველად იყო ჩინეთის დროშა პირველად იყო ცეკვა პირველად იყო მარქსი პირველად იყო შავლეგო პირველად იყო სისხლიანი მერი პირველად იყო ჰოლივუდი პირველად იყო კატასტროფა პირველად იყო ციხე პირველად იყო მატრიცა პირველად იყო ცეცხლი პირველად იყო ანტონენ არტო პირველად იყო სექსი პირველად იყო ზღვა პირველად იყო სიზმრები პირველად იყო ვისკი პირველად იყო ტერაქტი პირველად იყო ლუის კეროლი პირველად იყო მესკალინი პირველად იყო კოკაინი პირველად იყო ჟაკ ივ კუსტო პირველად იყო ალისა პირველად იყო ენდი უორჰოლი პირველად იყო კუბური სიგარა პირველად იყო ბიოქიმია პირველად იყო Html პირველად იყო მარადონა პირველად იყო ბახი პირველად იყო ჩე გევარა პირველად იყო მედია პირველად იყო ეს აბზაცი, რაც მექანიკურად დავწერე ფურცელზე, როცა იმ პროექტის შესახებ დავიწყე ფიქრი, რომლის მთავარი თემაც გახლდათ „სიტყვა“.
გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში იმართებოდა და მასში მონაწილე მხატვრებს, პერფორმერებს, მწერლებს, მუსიკოსებს, მოცეკვავეებს, ფოტოგრაფებს, მეტალურგებს, გეიმერებს, პოეტებს ერთად უნდა შეექმნათ ექსპონანტები, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდნენ „სიტყვასთან“.
მე, ორ არტისტთან, ბესსასა და ლალოსელთან ერთად ვმუშაობდი. ჩვენ უნდა მოგვესწრო და ორ კვირაში ჩვენი განსაკუთრებული კავშირი „სიტყვასთან“ საინტერესო ნამუშევრად გარდაქვექმნა. ასე, გაიხსნა ჩვენი ფანტაზიების საერთო ანგარიში, სადაც თითოეული ჩვენგანი, ყოველდღიურად რაიმე სახის სარგებლის შეტანას ცდილობდა.
პირველი იდეა, მშრალ ხიდზე გავლისას მომივიდა. კერძოდ დახლების თუ მიწაზე დალაგებული ობიექტების დათვალიერებით „გამოწვეულმა სიცილმა შეარყია აზროვნების - ჩვენი ეპოქისა და გეოგრაფიული სივრცისთვის დამახასიათებელი აზროვნების - ყველა ჩვეული წესი, ააფორიაქა მთელი ის წესრიგი და გეგმაზომიერება, არსებათა ურიცხვ სიმრავლეს მტკიცედ რომ გვიწესრიგებს.“ ვგულისხმობ, რომ დახლებზე ერთმანეთის გვერდით შეიძლება შეხვდეთ: ფუმფულა თეთრ კურდღელს, სათვალეს, მედლებს, მონეტებს, ხელთათმანებს, დაჟანგულ დანას, დამბაჩას, ხანჯალს, ხმალს, ხის კვეცხს, წითელ კვერცხს, “Pink Floyd”-ის ფირფიტას, „კომუნისტური მანიფესტის მესამე გამოცემას“, გრიმების ზღაპრებს, პორნოგრაფიულ ვიდეო კასეტებს, ნაირ-ნაირ ხატებს, ლიფს, საფოსტო მარკებს, წნევის აპარატს და ასე შემდეგ. დახლზე საგნების ასეთმა გადანაწილებამ ფუკოს „სიტყვებსა და საგნებში“ მოხმობილი „ჩინური ენციკლოპედიის“ მაგალითი გამახსენა, სადაც წერია: „ცხოველები შემდეგ ჯგუფებად იყოფიან“: იმპერატორის კუთვნილნი, კეთილსურნელოვანნი, სხვადასხვა ნელსაცხებლების წყალობით, ახლახანს დოქი რომ გატეხეს და ასე შემდეგ.“
დამებდა აზრი, რომ მშრალი ხიდის დახლები, შეგვეძლო მსგავს ენციკლოპედია - გვირაბად წარმოგვედგინა, რომლებშიც საგნები, მატარებლის ვაგონებივით შევიდოდნენ. მშრალი ხიდის დახლებზე დაწყობილი საგნების უმრავლესობა, ხომ სიტყვა-გვირაბებში „კაპიტალიზმი“, „დემოკრატია“, „ციფრული“, „სიკვდილი“ გაუჩინარებულ, საბჭოთა კავშირის დაშლისას წარმოქმნილ ნარჩევ-ეგზოტიკურ ნაგავს წარმოდგენდა.
მაგრამ ბესსასთან და ლალოსელთან კანცელარიის წინ მინდორზე ლუდის წრუპვისას აღმოჩნდა, რომ ისინი, წინ სულ სხვა პრობლემებს სწევდნენ. საუბარ-საუბრით, სმა-სმით ჩვენ სამივენი „ხელოვნების“ სიტყვა-გვირაბში გავუჩინარდით. მაგრამ აი, ბოლოს რა გამოჩნდა:
ბესსა: „ყველაფერი ძვირი გამოდიოდა. გვინდოდა 6 პროექტორი და შესაბამისად 6 კამერა და ამით სივრცის გადაფარვა მიზეზ-შედეგობრივი და მიღება-გაცემის პროცესის და დაპირისპირების რეალიზაციისთვის და მაყურებლის მსხვერპლად ქცევისთვის. გვინდოდა ძალიან ბევრი, გვინდოდა ძალიან დიდი, ყველაფერი გვინდოდა... შემდეგ გამოიკვეთა ერთი ძლიერი იმიჯი: ვხედავთ ორი ხვლიკის თავს და მათ “DOGFIGHT”ს, ანუ თვითმფრინავების საჰაერო დუელის დონის დაპირისპირებას – ჩვენთან პირველი ყოველთვის იმიჯი მოდის – რადგან პირველ რიგში მხატვრის თვალი ჭამს და სვამს, ხოლო იდეები და გაცნობიერება მხოლოდ შემდეგია. ეს ეტაპიც დადგა – გავაცნობიერეთ, რომ ხვლიკი გადარჩენაა და დინოზავრი გადაშენება. ხვლიკის დიდი თავებიც დინოზავრები არიან, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისთვის. შემდეგ ეს სიზმარივით ავხსენით და ახალმა ხატებამაც არ დააყოვნა, შემოვიდა გაზეთი და ტუალეტის ქაღალდი - Newspaper Vs. Toilet paper, საიდანაც პირველს გვირგვინი ადგას და როგორც კი მას განეშორება ეს მძიმე და საპატიო ტვირთი, იგი ტუალეტის ქაღალდად ქცეული, მაშინათვე უნიტაზში იქნება ჩაირეცხილი. ხოლო „გვირგვინიც“ - სიტყვაა და ქაღალდების ეს დაპირისპირებაც დინოზავრების ბრძოლაა, საიდანაც ხვლიკი-მეფე გამოდის გამარჯვებული“
ხვლიკების ბრძოლის ჩვენება, პიქსელებად დაშლილ ეკრანზე, სადაც ერთი პიქსელი - უკვე ბრძოლაში წაგებული ტუალეტის ქაღალდია. ეს იგივეა, რომ ომი, გვამების სხეულებით მოწყობილ პროექტზე აჩვენო. ომი - შიშველ გვამებზე.
ქაღალდი კი სიტყვის გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტურაა, მიუხედავათ იმისა, რომ ციფრული ეპოქაში, მისი მთავარი დანიშნულება თანდათან მცირდება, რჩება ისტორია, პროცესი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ასახვას. როგორც მიემართება სიტყვის, გზა წიგნიდან, გაზეთიდან – ტუალეტის ქაღალდამდე, სადაც სიტყვის ადგილი აღარ არის, გამქრალია, მაგრამ არა გამორიცხული.
საბოლოოდ ნამუშევარმა ასეთი სახე მიიღო: პიქსელებად დაშლის ნაცვლად, საპრეზენტაციო სივრცე ყოველი მხრიდან ჩამოშლილი ტუალეტის ქაღადის ქსელით დაიფარა, რომელზეც ხორციელდებოდა ვიდეო პროექცია. შესასვლელში, საიდანაც დამთვალიერებელს ვიდეოსთვის თვალის დევნების საშუალება ეძლეოდა, იდო პატარა მაგიდა, რომელზეც ეყარა ფაზლის ფრაგმენტებზე გადანაწილებული ტექსტი. მისი აწყობისას ნებისმიერი ადამიანისთვის ახალი შინაარსი იხსნებოდა, რომელიც ისეთივე მისაღები და მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩვენი თავდაპირველი კონცეფცია.
მაგალითად ფაზლის აწყობის ერთ-ერთი მცდელობისას ასეთი წინადადება მიიღეს: ოცნებობენ თუ არა მფრინავი ტრაკები ტუალეტის ქაღალდზე?
2. Cut Up – „გადაიღე ფოტო ლექსთან!“
ამ ნამუშევრის კეთება, მე და შოთა გაგარინმა დავიწყეთ. ლიტერატურის მუზეუმში ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონის, ვაჟა-ფშაველას ხელნაწერები, მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტის ოქმი, გრიგოლ რობაქიძის წერილი და სხვა დოკუმენტები მოვიძიეთ. შემდეგ დავანაკუწედ და ახალი ლექსი თავიდან ავაწყვეთ.
„ჩაერთე პოეზიის ქსელში! ეს ძალიან მარტივია. იღებ საყვარელი მწერლის ტექსტს, მაკრატელს და ანაკუწებ მას. შემდეგ თავიდან აწყობ. ტექსტის დაჭრით შენ აგრძელებ იმ პროცესს, რომელიც ავტორმა მისი წერისას დაიწყო. თვითონ კი თავის ტექსტში დარჩა, როგორც ერთ ბნელ, საუკონობით ჩაკეტილ ოთახში. შენ კი აღებ კარს და თამამად შედიხარ. მიმოიხედავ და მოულოდნელად იატაკზე ყრი ყველაფერს. წმინდავ მტვერს. კედლებს ობობის ქსელს აცილებ. ნივთებს ადგილს უცვლი და თავიდან დალაგებას იწყებ.
„ნაჭრების" მეთოდს დიდი ისტორია აქვს. მას ჯერ კიდევ ტრისტან ცარა, შემდეგ უილიამ ბეროუზი და ბრაიოან გაისინი მიმართავდნენ. მაგრამ ციფრულ ეპოქაში გაცილებით მარტივია შეადგინო პატარა ალგორითმი, დაწერო პროგრამა, საჭირო იქნება სულ ციცქნა ტექსტური ველი და ერთი ღილაკი, წარწერით „Cut Up“. მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: http://languageisavirus.com/cutupmachine.html
ეს ნამუშევარი კი იმით გამოირჩევა, რომ აქ გამოყენებულია ხელნაწერები. „ვის ძუძუც პირში მდებია, მეც იმას დავაზიანებ“. ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა და გალაკტიონი გაერთიანდნენ!!! მათი ხელნაწერი სიტყვები ერთმანეთში გადადიან და ჩვენთან მაგიური თანამშრომლობის საფუძველზე კიდევ ერთი ახალ ნაწარმოებს ქმნიან. მათი ტექსტების დაჭრისას და თავიდან აწყობისას, მათი ხმა ჩვენსას უერთდებოდა.
საბოლოოდ ამ პროცესში პუბლიკაც ჩაერთო, მიეცა რა საშუალება ამ ლექსთან ფოტოს გადაღებისა. ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში იღებდით ფოტოებს ცოცხალ დათვის ბელთან, თოვლის ბაბუასთან, მიკი მაუსთან ან ცნობილ ადამიანთან.
ყოველ თქვენგანს აქვს ფოტო ფოტოალბომში, რომელიც მისთვის ნებისმიერ ლექსზე ძვირფასია. გადაიღეთ ფოტო ლექსთან და მოათავსეთ ის თქვენი საყვარელი ფოტოების გვერდით. და ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ფოტოალბომი და პოეტური კრებული თითქოს მყარი მდომარეობიდან თხევადში გადავიდა, შეერია ერთმანეთს. ამიერიდან, თქვენი ცხოვრება და პოეზია ერთმანეთშია არეული.
გადაიღეთ ფოტო ლექსთან! ჩაერთე პოეზიის ქსელში!
3. „თაბაშირის კომიქსი“
ლიტერატურის მუზეუმის ეზოში რამდენიმე ბიუსტი დგას, რომელთა ცქერისას ასეთი იდეა დაგვებადა - თუ მათ თავთან ქაღალდის ღრუბელს მიაკრავდი, ბიუსტი „ცოცხლდებოდა“. ის იწყებდა ფიქრს. ამყრებდა შენთან კომუნიკაციას. მაგალითად ილია ჭავჭავაძე აუცილებლად დაინტერესდებოდა და გუგლის ტექსტურ ველში ჩაწერდა სიტყვას „ქართველს“. შედეგი შეგიძლიათ თავადვე გადაამოწმოთ და შემდეგ ის ილიას თავიდან ამოსულ პატარა ღრუბელში წარმოიდგინოთ. კომუნიკაცია იმდენად რეალური იყო, რომ ერთ-ერთმა მამულიშვილმა, კინაღამ ტიციანის ბიუსტი დაამსხვრია (საბოლოოდ მხოლოდ კომიქსის ღრუბელის ჩამოხევას დასჯერდა), როცა მისსივე „დადას მანიფესტიდან“, ფრაზები ამოიკითხა:
„თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!!!...
ჩემს იქით პარიზია…
ელისეის მინდვრები...
ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენებს,
...უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები
როცა სატურიის სანაოზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას
როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაიაა.
მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან
ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი
ვის უნდა შენი ნაზი ლექსები
ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან
თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.“
4.
5.
6.
7.
8.
0.
ალბათ აუცილებელიც კი არის ამ ტექსტმა დაუმთავრებელის შთაბეჭდილება დატოვოს. რადგან გამოფენაზე კიდევ ბევრი საინტერესო ნამუშევარი და პროექტი გახლდათ წარმოდგენილი. უბრალოდ ახლა მიიღეთ ეს სიტყვები, როგორც აბები და ყველაფერი დაივიწყეთ.