• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

შემოქმედებითი სტრატეგია საბჭოთა კრეატივშიკებისგან

×
ავტორის გვერდი ზურა ჯიშკარიანი 05 იანვარი, 2012 2363

შემოქმედება როგორც საკრალური ირაციონალურის სფერო, უსხეულო პროტო-ციფრული არსებების ნავსაყუდელი, იდეათა განსაკუთრებული კლასის - მუზების VIP განსასვენებელი.

შემოქმედი ადამიანი ყოველთვის აღიქმებოდა როგორც ცოცხალი ხორცის ანტენა, ბავშვივით გულუბრყვილო და სასტიკი გარემოების ხელებში, რომელიც გარკვეულ პოზიციებსა და მდგომარეობებში ჩვეულებრივი ინფორმაციული შიშინის, ყოველდღიური სემანტიკური ხმაურის ნაცვლად ხანდახან დალაგებულ მელოდიების სიგნალებს იჭერს გალაქტიკური რადიოდან, აკონვერტირებს მიმდინარე სოციო-კულტურული დონის შესაბამისად და ახმოვანებს როგორც ძალუძს.

შემოქმედება ხალხის ძირითადი მასებისთვის ყოველთვის აღიქმებოდა ერთდროულად გარკვეულ სასწაულად და ახირებად ან წყევლად. სასწაულიც და წყევლაც სცდება რუტინული რაციონალიზმის ფარგლებს და ამ ორი სიტყვით მარტივად კლასიფიცირდება, როგორც რაღაც აღმატებული და ამავდროულად საშიში რამდენადაც შეიძლება რამდენიმე ნაბიჯით ჩამოგაშოროს კულტურული ვირთხების რბოლას, სოციალურ სპორტს პრესტიჟისა და კარიერის [წყნარი პენსიონერული სიბერის] მოსაპოვებლად. შემოქმედების "სასწაულად" აღქმა ამავდროულად მიუთითებს ჩვენი სისტემების საშინლად არაშემოქმედებით საფუძვლებს თუ არსებობის პროცესს. როგორც შემოქმედების ერთერთი ადრინდელი პროფესიონალი მკვლევარი გენრიხ ალტშულერი ამბობდა "შემოქმედებითი პიროვნება საგანმანათლებლო, ცენზურისა და ურთიერთქმედების სისტემებში გაჩენილი ხარვეზების შედეგად ჩნდება ." [ეს უფრო პერეფრაზია ვიდრე ზუსტი ფრაზა, მაგრამ შინაარსი ასეთია].

 

საბჭოთა აზერბაიჯანში დაბადებულმა 'გენიოსმა' ალტშულერმა თავისი კვლევები გამომგონებლობური იდეების კვლევით დაიწყო და ჩათვალა რომ შეძლებდა ეპოვა ზოგადი ალგორითმები გამომგონებელთათვის, იმ გარკვეული სირთულეების და ბარიერების გადასალახად რომლებიც სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ხვდებოდათ გამომგონებლებს.

ალტშულერმა უამრავი გამოგონების ისტორიის და გამომგონებლის ბიოგრაფიის გაანალიზების შედეგად დაასკვნა რომ აზროვნებითი პროცესები გვანან დასწავლილ ალგორითმებს და რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენს აზროვნებას, პრობლემების გადაწყვეტის უნარს და შემოქმედებით სამუშაოს "აკონტროლებს" ფსიქოლოგიური ინერცია, დიდი დაღი რომელსაც ჩვენში ტოვებს საგანმანათლებლო სისტემა და საზოგადოებრივი კონდიციონირება. ფსიქოლოგიური ინერცია ის დამღუპველი გზაა, რომლის გამოც ჩვენ ხშირ შემთხვევებში ერთსა და იმავე შეცდომას ვიმეორებთ და იგივე ჩიხში ვექცევით.

ყოველ ახალ ტექნოლოგიას მოყვება ახალის ახის პრობლემები და ამ პრობლემების გადასაწყვეტი ახალი მეთოდები, შესაბამისად ფიზიკურ ტექნოლოგიებთან ერთად უნდა შეიცვალოს აზროვნების ტექნოლოგიაც, თუ ფსიქოლოგიური ინერცია მოუქნელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა, თავისუფალი აზროვნებითი ტექნოლოგია [რომლის ლაით ვერსიას თქვენ იცნობთ სახელად "კრეატივი"] არის ვერცხლისწყალივით სითხე, რომელიც იღებს ნებისმიერ ფორმას და სიცოცხლისუნარიანი რჩება ნებისმიერ სიტუაციაში. ინტელექტის დაო. :]]

 

საგამომგონებლო [ტექნოლოგიური შემოქმედების] სფეროდან ალტშულერმა ნელნელა მხატვრული "შემოქმედების" სფეროში გადაინაცვლა. მას აინტერესებდა "შემოქმედება როგორც ზუსტი მეცნიერება", შესაძლებელია თუ არა ხელოვნების ალგორითმიზაცია, ინფორმაციულ ფონდზე -- ათასობით ხელოვანის ბიოგრაფიის და მუშაობის სტილის გაანალიზებაზე - დაყრდნობით შემოქმედებითი ცხოვრების "რეცეპტის" დაწერა, გენიალურობის ალგორითმის გამოყვანა, შემოქმედებითი ადამიანის ცხოვრებისეული სტრატეგიის [click]დადგენა.

დარწმუნებული ვარ, ამ უკანასკნელი ფრაზის წაკითხვისთანავე ბევრ თქვენგანს ცნობილი ფსიქოლოგიური ინერციის მიხედვით დაუძლეველი პროტესტის გრძნობა გაგიჩნდათ, მაგრამ შეეცადეთ არ აყვეთ ინერციას და როგორც ბებერი ლი იტყოდა შეეცადეთ გაანადგუროთ ასოციაციური ჯაჭვები, რომლებიც ქმნიან ფსიქოლოგიურ ინერციას.

რაღაც მომენტებში ალტშულერის და მისი "სკოლის" რეცეპტები შეიძლება მიამსგავსო იმ ავადსახსენებელი მაკულატურის მდინარეებს, მენტალურ სპამს სათაურებით "როგორ გავხდე წარმატებული", "როგორ მივაღწიო კარგ კარიერას" და ა.შ. და ა.შ.

მაგრამ ალტშულერის სისტემა ახლოსაც არ დგას ამ პოსტ-ნიუეიჯურ პოპ-ფსიქოლოგიასთან, რამდენადაც "შემოქმედებით პიროვნებას" ალტშულერი საერთოდ არ განიხილავს კარგ კარიერისტად ან კარგ ბიზნესმენად, რამდენადაც თვლის რომ თვითონ ჩვენი საზოგადოებრივი მოწყობა მთლიანად ანტი-შემოქმედებითია რაც თავიდანვე ქმნის გარკვეულ ანტაგონიზმებს.

"შემოქმედი პიროვნება არის სასწაული." ეს სასწაული განვითარებისა და აყვავებისთვის საჭიროებს არსებობის სპეციფიკურ წესს.

ალტშულერი ქმნის - ინფორმაციულ ფონდს, ეს არის ათიათასობით ბიოგრაფია, პირადი წერილები, შემოქმედებითი მუშაობის მეთოდები თვითონ შემოქმედებებისგან და ამ ინფორმაციული ფონდის გაანალიზების შედეგად მიდის დასკვნამდე რომ "შემოქმედებით პიროვნებებს"[დავტოვოთ ალტშულერის ეს ტერმინი ბოლომდე] ბიოგრაფიებს შორის საოცარი მსგავსებებია და ყველა მათგანი გარკვეულ პერიოდებში ერთნაირი სახის პრობლემებს აწყდებოდა. ამ დამთხვევებს, "აღმოჩენებს" და მსგავსებებს ალტშულერი ალაგებს ცალკე ფაქტებად, რომლებიც უნდა გადაიქცნენ ალგორითმებად. საზოგადოებაში წარმატებული შემოქმედებითი არსებობის პროგრამულ ენად. ამ ენამ ხელი უნდა შეუწყოს მომავალი, ინტელექტუალური საუკუნის "კრეატივშიკებს' რომ მიუხედავად მათი კრეატივისა არ მოექცნენ თვითონ შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ფსიქოლოგიურ მეტა-ინერციაში და არ ჩაიდინონ იგივე შეცდომები ან არ ჩაიჭრან იგივე ეტაპებზე, რომლებმაც ხელი შეუშალეს წინა თაობების მენტალურ არტისტებს.

რათქმაუნდა ყველას ჩვენ გვიყვარს შემოქმედები რომლებიც შეცდომებს უშვებენ და ტანჯვით და ნაადრევად კვდებიან. შემოქმედის ეს ხატი ყველაზე გემრიელი სადომაზო კომერციული ხატია, ინერცია, მასაჟი რომელზედაც ყველანი ჩუმად ვანძრევთ, თუმცა ალტშულერს არ აინტერესებს ეს ტკბილი კომერციული სადომაზო, მას აინტერესებს შემოქმედებითი სტრატეგიის მაქსიმუმი, სოციალურად მოწესრიგებული სივრცე-დროის სისტემის ტოტალური აყირავება შემოქმედებითი სტრატეგიისთვის, დაშემოქმედება როგორც რევოლუციური სუპერ-იარაღი სამყაროს შესაცვლელად.

 

ალტშულერი იგონებს საინტერესო ანალოგიას, ციფრულ ჭადრაკს, სადაც ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეთამაშება ორი მოწინააღმდეგე,

პირველ და უძლიერეს ნაბიჯს ყოველთვის დგამს გარემო მდგომარეობა, რომელსაც უნდა მოყვეს შემოქმედებითი პიროვნების პასუხი, და იმისათვის რომ ეს პასუხი იყოს ადეკვატური, ძლიერი და გააჩნდეს სავარაუდო სამომავლო პასუხების პოტენციალი, ამისათვის საჭიროა შემოქმედებითი სტრატეგიის გამომუშავება.

გარემოების სვლა გამოუთვლელი ნაბიჯია, განსაკუთრებით პირველ ეტაპებზე: ეს შეიძლება იყოს ღრმა ეკონომიური კრიზისი, ფიზიკური ნაკლი, ახლობლების სიკვდილი, არახელსაყრელი გარემო, მოკლედ ნებისმიერი რამ რაც ხელს უშლის შემოქმედებით პიროვნებას განვითარებაში. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მოწინააღმდეგის ხელშია ასევე ყველაზე მომაკვდინებელი ძალა -- დრო, რომელიც ყოველთვის მასზე მუშაობს. საპასუხო სვლებთან ერთად შემოქმედებითი პიროვნება უნდა ცდილობდეს ამ მოუხელთებელი ცხოველის გახედვნასაც.

მოკლედ, აქ იწყება ჩემი ყველაზე საინტერესო მომენტი ალტშულერთან, როცა კასტანედას და სხვა საყვარელი კონსესუალური რეალობის მარგინალების მსგავსად ის იწყებს საკუთარი ალტერსოციალური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც პირნციპში არც ისე ალტერსოციალურია, მე ვიტყოდი უფრო ადეკვატური და რაციონალური, ვიდრე ის რასაც მივეჩვიეთ ყოველდღიურად. სწორედ აქ იწყება თამაში. მოკლე შინაარსი ასეთია:

 

შემოქმედებით პიროვნებას აქვს მიზანი.

ეს მიზანი უნდა იყოს აბსტრაქტული, მიუღწეველიც კი.

ეს მიზანი უნდა იყოს ერეტიკული.

ამ აბსტრაქტული მიუღწეველი მიზნის მისაღწევად შემოქმედებითი პიროვნება წერს კონკრეტულ "კოდს", ქვემიზნების იერარქიას, რომელთა გადალახვაც საჭიროა რომ მიუახლოვდე მთავარ მიზანს. მიზნის აბსტრაქტულობას რამდენიმე პლიუსი აქვს: ის იცავს მას მცირედი კმაყოფილებებისგან, კარიერისტული ჩიხისგან და თავისი სიდიადის გამო უბიძგებს ორმაგი, სამმაგი და ათმაგი "შრომისკენ".

 

შემოქმედებითი "შრომა" -- ის რაც რუტინული ინდუსტრიის გადმოსახედიდან ჩანს როგორც ასკეტიზმი და გაუთავებელი შრომა, შემოქმედებითი პიროვნებისთვის გადაქცეულია ნარკოტიკად და სიამოვნებად, ამგვარად ის არ აღიქვავს თავის შრომას შრომად, ის არ არის დაქირავებული მუშაკი რეალობისგადამამუშავებელ ქარხანაში, ის თავისუფალი შემოქმედია. ამდენად ის "მუშაობს" შეუჩერებლივ.

მაგრამ არავინ იცის რამდენი დრო აქვს მისთვის შემონახული სამყაროს, პლუს კეისარი ითხოვს კეისრის ვალს შესაბამისად შემოქმედებით პიროვნებას ესაჭიროება საკუთარი განუმეორებელი კალენდრის შექმნა და დროისა და სივრცის ტოტალური, ზოგჯერ კი ტოტალიტარული გადანაწილება საკუთარი მიზნის შესაბამისად.

 

თუმცა აბსტრაქტული მიზანი ნებისმიერ დროს შეიძლება დაფაროს უბრალო შავმა ღრუბელმა ამისათვის მიზანს უნდა ასაზრდოებდეს სპეციალური სახის ელემენტები. ასეთი სახის ელემენტია ცნება -- შეხვედრა სასწაულთან.

ძირითადად, შეხვედრა სასწაულთან ხდება ადრეულ ასაკში როცა ჩვენი გმირი იხილავს, გაიგონებს ან შეიგრძნობს ისეთ რამეს, რის შედეგადაც გადაწყვეტს რომ ცხოვრება დაუთმოს გარკვეულ საქმიანობას. შეხვედრა სასწაულთან ის აფეთქებაა როცა ყველა ზეგავლენა სუფთავდება და შენ ხვდები რა გინდა სინამდვილეში. თუმცა ხშირად შეხვედრა სასწაულთან იჩრდილება პიროვნების ჩამოუყალიბებლობის ან გარემო პირობების ძლიერი სვლების გამო, ამ შემთხვევაში შესაძლებელია საკეისროს გაკეთება და ასეთი შეხვედრის ინსტრუმენტალური დაჩქარება. ეს არის მარადიული ჟრუანტელი რაღაც თემაზე, ჩაუქრობელი სურვილი, ჭია ტრაკში, რაც გინდა ის დაარქვი, შეხვედრა სასწაულთან არის ბედისწერა. პროგრამა რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ აინსტალებს შემოქმედებითი პიროვნება საკუთარ თავში -- აბსტრაქტული მიზნის მისაღწევად. ამ აბსტრაქტულ მიზანს ალტშულერი კონკრეტული სახელით მოიხსენიებს და ეძახის -- ღირსეულ მიზანს.

 

შეხვედრა სასწაულთან არის მოვლენა რომელიც თავის კვალს ტოვებს მთელი ცხოვრება, ამ კვალის საფუძველზე შემოქმედებითი პიროვნება მივა ღირსეულ მიზანთან. აქ კი ალტშულერი თავაზობს შემოქმედებით პიროვნებას სასოწარკვეთილ ომს, რომელიც ამავდროულად რაცინალური გადანაწილების ომია.

მიზნის არჩევა, მიზნის მირწევის მიმართულებების ძიება, მიზნის მიღწევის კონცეპცია - პროგრამა.

 

ქვე-მიზნებად დაყოფილი კიბერნეტიკული სისტემა გულისხმობს დროის ტოტალურ ინდივიდუალურ გადანაწილებას და კიდევ ერთ "ეზოთერულ" პრაქტიკას -- თვითკონტროლს ["სტალკინგი" კასტანედასთან, "რაბოტა" გურჯიევთან და ა.შ.]. საკუთარი თავისადმი დაუნდობელი და საკუთარი ვარსკვლავისადმი მინდობილი არტისტი სწავლობს თვითრეფლექსიას ამკვიდრებს თვითკონტროლს და ძალაუნებურად აკეთებს იმას რასაც ლუსიდ დრიმერები აკეთებენ თავიანთ დასაწყისში ბუნდოვან და უკონტროლო სიზმრებში. ის პოულობს საკუთარ თავს და იღვიძებს საკუთარ სიზმარში.

 

"შემოქმედებითი ცხოვრების მთავარი პარამეტრი -- ღირსეული მიზანია." ეს მიზანი ძალიან ინდივიდუალური ახირებაა, მაგრამ მისი მიღწევა გლობალურ ცვილებებს გულისხმობს.

 

"ჩვენი მუშაობის ცენტრალური იდეაა:

იდეალური პარტიის მოფიქრება თამაშში სადაც შემოქმედებითი პიროვნება გამოდის შინაგანი და გარეგანი გარემოებების წინააღმდეგ".

 

ყოველ მიღწეულ მიზანს ალტშულერი განიხილავს როგორც სისტემურ იერარქიას სამი ნაწილით: 1. მიზანი 2.ზე-მიზანი 3.ზე-ზემიზანი,

ხშირად მიზანი 1 არის ტექნიკური, მიზანი 2 -- მეცნიერულ-ტექნიკური და მიზანი 3 - სოციალურ-მეცნიერული.

 

მაგალითი: მიზანი 1 : ელექტრონული ლამპის გამოგონება

მიზანი 2: ელექტრიფიკაცია

მიზანი 3: სოციალური გადაწყობა საყოველთაო ელექტრიფიკაციის საფუძველზე.

შესაბამისად ასეთი სახის ღირსეულ მიზანზე ლაპარაკობს ალტშულერიც და შიგადაშიგ განიხილავს სხვადასხვა ადამიანების ბიოგრაფიებს.

ალტშულერი ეხმაურება არაადეკვატურობასაც, რომელიც თითქოს დამახასიათებელია აბსტრაქტული მიზნისკენ მიმავალი ადამიანისთვის და ამბობს რომ მსუბუქი სახის არაადეკვატურობა დამცავი ფარია რუტინის რვაფეხებისგან, დაცინვა ან დიდი წინააღმდეგობა - ერთერთი დამადასტურებელი ნიშანია იმის რომ სწორი მიმართულებაა აღებული, ყოველ ასეთ წინააღმდეგობაზე ან დაცინვაზე შემოქმედებითმა არტისტმა უნდა უპასუხოს საკუთარი ქმედებების ორმაგი აქტივაციით. 'არადეკვატურობა დღეს არის ძალაუფლება მომავალში'.

 

ეს არის ძალიან მოკლე შინაარსი ალტშულერის შეიძლება უკვე მოძველებული სისტემის, რომლის ხიბლი ალბათ თვითონ ავტორის გადამდები აღფრთოვანებები და შემოქმედების როგორც საკრალური სფეროს კიბერნეტიკული გააზრების მცდელობებია. ვინაიდან არ არსებობს მარად უცვლელი და საკრალური სფერო ან საგანი, რამეთუ ცვალებადია ყველაფერი და ემორჩილება ენტროპიას და სიკვდილს, და მხოლოდ ამ პროცესებს შორის მცირეოდენი გამონათებების პერიოდებში გვაქვს ხოლმე საშუალება -- რამე შევცვალოთ, პირადად. და ამას ქვია კიბერნეტიკა.amen :]]]

 

p.s.ზემოთარსებული ტექსტი დაიწერა როგორც სავარჯიშო,რომ 'ავტორს' ასოების აკრეფა არ დავიწყებოდა.

დანარჩენი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხმაროთ გუგლ.ქომ, რომელიც სწორედ ამისთვის შეიქმნა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული