• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ნიკოლოზ ბარათაშვილის შეუსრულებელი მისია,ანუ კოლონიური ქართული ლიტერატურა

×
ავტორის გვერდი გაგა ლომიძე 00 , 0000 4907

 

ოთხი თავის განმარტება /გაგა ლომიძე/. ნაწილი გიორგი კეკელიძის წიგნი–თეფშისა "ყორანი".  

 

ვეყნდება გამომცემლობა "სიესტას" თავაზიანი ნებართვით.

 

 

“დევნიან მას, ვინც საკუთარ სამშობლოს არ ემსახურება”.

 

 

 

 

 

პუბლიუს სირუსი

 

 

 

ლიტერატურაშიც, რეალური ცხოვრების მსგავსად, სიუჟეტები აგებულია ინტრიგაზე. პარისის მიერ ელენეს მოტაცება “ილიადაში” არის ინტრიგა, რაც დანარჩენი მოვლენების დასაბამი ხდება. “ოიდიპოს მეფეში” ორაკულის წინასწარმეტყველება იქცევა ინტრიგად, რომელიც, ასევე, შემდგომში განვითარებული ტრაგედიის ამოსავლი ხდება. თუკი ანტიკურ ლიტერატურაში მოკვდავების ბედს ღმერთები წყვეტენ, მოგვიანებით ღმერთებს ჩამოერთმევათ ეს პრივილეგია და ადამიანების ბედის განმგებლებად მეფეები, მმართველები გვევლინებიან. ამგვარად, მეფე უთანაბრდება ღმერთებს და ამიერიდან მას ნაყოფიერების და კეთილდღეობის კონოტაციებიც ემატება. (მეფის და ხის, როგორც ნაყოფიერების და კეთილდღეობის სიმბოლოების გაიგივებაზე მიუთითებს თავის ნაშრომში “ოქროს რტო” ჯეიმს ფრეიზერი. მმართველის ამგვარი გაგება ქართულ ენაშიც შემორჩენილია სიტყვაში “ხელმწიფე” /ხე-მწიფე/). თუმცა, ანტიკურ ხანაშივე, პლატონის “სახელმწიფოს” გახსენებაც კმარა, რომელმაც იდეალურ სახელმწიფოში პოეტს ყველა სხვა დანიშნულება ჩამოაშორა და მეხოტბის ფუნქცია დაუტოვა. ამრიგად, როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფოს იდეალურ მოდელში იმთავითვე განსაზღვრულია, რა ითვლება საღი გონების გამოვლინებად და რა - არა, რა ითვლება შეშლილობად და რა - სიჯანსაღედ. რა თქმა უნდა, ამ სახელდების პრივილეგიით სარგებლობს ის, ვინც სახელმწიფოს მოწყობაზე ზრუნავს – ანუ მეფე/ხელისუფალი.

გიორგი კეკელიძის ოთხნაწილიან მცირე პოემაში “ყორანი”, რომელსაც მუდმივად თან ახლავს ერთგვარი სასპენსი (განსაკუთრებით მის პირველ და ბოლო ნაწილს), წაკითხვისთანავე, ინტრიგას ქმნის ეპიგრაფი, სადაც მოხმობილია ოვიდიუსის ფრაზა “ტრისტიებიდან”: “ორმა დანაშაულმა დამღუპა მე – სიმღერამ და შეცდომამ”. როგორც ცნობილია, ოვიდიუსი შავი ზღვის სანაპიროზე, კონსტანცაში გადაასახლეს. ზოგი ვერსიის თანახმად, მისი გადასახლება პოლიტიკურმა მიზეზებმა განაპირობა - თითქოს ის იმპერატორ ავგუსტუსის წინააღმდეგ განწყობილ ფაბიუს მაქსიმუსთან მეგობრობდა და მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა. ზოგიერთი მკვლევარი კი აღნიშნავს, რომ მისი განდევნა უკავშირდება ეროტიულ პოემას “სიყვარულის ხელოვნება”, რომელში წარმოდგენილმა უხამსობებმაც ავგუსტუსის გულისწყრომა გამოიწვია. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ პოეტის განდევნა იმპერატორის რისხვას და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის მის “არასასურველობას, არასიჯანსაღეს” გულისხმობს.

განდევნა საზოგადოებიდან იზოლაციას, ორგანიზებული გარემოდან დანაწევრებულ გარემოში მოხვედრას, სოციალური არსებობიდან საკუთარ თავში ჩაკეტვას, ცენტრიდან პერიფერიაში გადანაცვლებას ითვალისწინებს. განდევნა - დანაკარგს და განშორებას უკავშირდება. თუკი ცნებებს - “დანაკარგს” და “განშორებას” ფსიქოლოგიურ კონტექსტში მოვათავსებთ, დანაწევრებული ფსიქოანალიტიკური სურათიც დალაგდება. დაშორების, განშორების გაცნობიერება “სხვად” ყოფნის და ამით გამოწვეული შიშის წინაპირობად იქცევა, როდესაც ბავშვი დაკარგული მთლიანობის აღდგენას, თავდაპირველ სისრულეში ან იქ დაბრუნებას ცდილობს, რასაც ლაკანი რეალობის ფაზას უწოდებს. 

ამრიგად, გვაქვს სამი ფაზა: 

1. რეალობის ფაზა, როდესაც ადამიანი დედის სხეულთან მთლიანობაში წარმოიდგენს საკუთარ თავს და მისგან განუყოფელია. ფაზა, სადაც არ არსებობს ნაკლულობის შეგრძნება და ყველა მოთხოვნილება კმაყოფილდება. და ვინაიდან არ არსებობს ნაკლულობის შეგრძნება, არ არსებობს ენა ან კომუნიკაციის აუცილებლობა. სვიფტის „გულივერის მოგზაურობაში“ წარმოდგენილია ქვეყანა, სადაც ადამიანები ზურგით ატარებენ ყველაფერს, რაც სჭირდებათ და სადაც არ არსებობს ენა; 

2. წარმოსახვითი, რომელიც სარკეში საკუთარი ანარეკლის პირველად დანახვას და ამის საფუძველზე საკუთარი თავის, როგორც ავტონომიური სუბიექტის აღქმას უკავშირდება;

3. სიმბოლური წესრიგი, რომელიც მიუთითებს ფაზაზე, როდესაც ადამიანი აცნობიერებს „სხვების“ და „სხვის“ არსებობას და უჩნდება სურვილები. სურვილებსა და ნაკლულობის შეგრძნებასთან ერთად, ჩნდება მათი დაძლევისკენ მისწრაფება, რაც ენის, კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია. ადამიანი უნდა შევიდეს სიმბოლური წესრიგის ფაზაში, დაემორჩილოს მას, რომ მოლაპარაკე სუბიექტად და კულტურის ნაწილად იქცეს.

“დევნიან მას, ვინც საკუთარ სამშობლოს არ ემსახურება” - პუბლიუს სირუსის ეს სიტყვები თითქოს ოვიდიუსზე მიგვანიშნებს. თუკი ეპიგრაფში მოხმობილ ამ სიტყვებს ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ მამისეული წესრიგისადმი არდამორჩილება იგივეა, რომ ადამიანი ვერ ფლობდეს ენას ან არ აღიარებდეს ენის მიერ დაწესებულ კანონებს ან ზოგადად, კანონებს, რაც, ბუნებრივია, კონკრეტული ენობრივი სივრცისთვის “საშიშად” გამოცხადების წინაპირობა ხდება.

გიორგი კეკელიძის პოემაში ეპიგრაფის გარდა, არის კიდევ ერთი ინტრიგა - როდესაც სათაურის ქვემოთ ასეთ მინიშნებას აკეთებს: “კოლოქვიუმი პოეტის ბედის შესახებ”. ჩნდება კითხვა: ვინ შეიძლება იყოს პოეტი, რომელსაც უკავშირდება პოემა? მინიშნების და თვით სათაურის - “ყორანის” გათვალისწინებით, პოემა ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთგვარ ბიოგრაფიას ემსგავსება, რომელიც, მეტაფორულად რომ ვთქვათ, განდევნეს, იზოლაციაში მოაქციეს, როგორც მეფის რუსეთისთვის არასასურველი სუბიექტი. პოემის ოთხივე ნაწილში მეორდება ყორნის სახე სხვადასხვა კონტექსტში, მათ შორის, პირველში აშკარა მინიშნებაა ბარათაშვილზე, ოდნავი ირონიული ქვეტექსტით: „მიქრის, მიაფრენს უგზო–უკვლო სიტყვებს ყორანი,/უკან მივჩხავი.“ ლაკანისეული მოდელის გათვალისწინებით, ნიკოლოზ ბარათაშვილისეული „აღტაცებული, გიჟური ლტოლვა“ ან „განწირულის სულის კვეთება“ სხვა არაფერია თუ არა რეალობის ფაზაში დაბრუნებისკენ, ანუ დარღვეული მთლიანობის აღდგენისკენ სწრაფვა. მით უმეტეს, რომ დარღვეული მთლიანობის გაცნობიერება და მისი აღდგენისკენ სწრაფვის კონცეფცია პირდაპირ რომანტიზმის ესთეტიკის ერთ–ერთი ძირითადი საფუძველია. იმავდროულად, აშკარაა ბარათაშვილის „მერანის“ ლირიკული „მე“–ს მზადყოფნა თავგანწირვისთვის, ვინაიდან მისია შეუსრულებელია – შეუძლებელია სამყაროს დარღვეული მთლიანობის აღდგენა, ან ლაკანის სიტყვით რომ ვთქვათ, შეუძლებელია რეალობის ფაზაში დაბრუნება, რაზეც იმავე „მერანში“ ვხვდებით მინიშნებებს: „მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,/ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს,/ტკბილმოუბარსა“. „მამულის“ კონცეპტი გალაკტიონთანაც სამყაროს მთლიანობასთან, რეალობის ფაზასთან ასოცირდება: „ოჰ, დამიბრუნე ჩემი სამშობლო,/ ჩემი სპეტაკი ახალგაზრდობა!“, „სადაც არ ვგრძნობდი, თუ რას ნიშნავდა:/ ფიქრი სირცხვილის, ფიქრი მონობის“ („სამშობლო“). „მერანის“ ლირიკული „მე“–ს შემართებაში თავგანწირვისთვის მზადყოფნას თან მოყვება მამისეული წესრიგიდან, სივრციდან-“შინ” დროებით გასვლა: „სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო“. მაგრამ ბარათაშვილი იქვე ახსენებს „გულის საიდუმლოს“. რა შეიძლება იყოს ეს „გულის საიდუმლო“? რას გულისხმობს ლექსის ბოლოს სტრიქონები: „და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;/ და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“? და საერთოდ, რატომ აღმოჩნდა ბარათაშვილი იზოლაციაში? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაღებს გვთავაზობს გიორგი კეკელიძის პოემა „ყორანი“.

ოღონდ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოვიდიუსის შემთხვევაში განდევნა იმპერიის ფარგლებში მიმდინარეობს იმპერატორსა და მისდამი სავარაუდოდ მტრულად განწყობილ პოეტს შორის დაპირისპირების ნიადაგზე, ხოლო ბარათაშვილის იზოლაციის შემთხვევა კოლონიის და იმპერიის, ცენტრის და პერიფერიის დაპირისპირების კლასიკური მაგალითია.

გიორგი კეკელიძის პოემის ოთხი ნაწილი, პირობითად, შეგვიძლია, დევნის ისტორიის კონტექსტში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიის /მო/ნაკვეთებად დავსახოთ. თუმცა, ეს პოემა მხოლოდ პოეტის ცხოვრების ეტაპები როდია. მისი ოთხი ნაწილი, იმავდროულად, არის ოთხი სეზონის, ოთხი ცივილიზაციის მონაცვლეობის და ამ ხნის მანძილზე, დროსთან ერთად, ადამიანის ევოლუციის გაანალიზების თუ იმ კონტექსტში მოთავსების მცდელობა, რომელსაც როგორც ერთგვარი აპოკალიფსური ხატი, მუდმივად გასდევს ბედისწერის - ყორნის თემა. ზოგადად, პოემა ითვალისწინებს კვდომა-აღდგომის მითოლოგემას და ციკლურობის კონცეპტს, სადაც თითოეული ერთეული ისევ საწყისს უბრუნდება. და რაც მთავარია, ქართულ პოეტურ მემკვიდრეობას, პოსტკოლონიური თვალსაზრისით, კოლონიის/პერიფერიის და იმპერიის/ცენტრის ურთიერთმიმართების და მასთან დაკავშირებული ცენზურის, დევნის და იზოლაციის კონტექსტში “კითხულობს”, ვინაიდან ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქართული ლიტერატურა – კოლონიური ლიტერატურაა და ამ თავისებურების მხედველობაში მიღების გარეშე ნებისმიერი ანალიზი ვალიდურობას კარგავს.

 

შუამდინარული ცივილიზაცია. გაზაფხული. ღმერთი.

 

 

“..და იდუმალი აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.”

გალაკტიონი

დამწერლობის ადრეული ფორმის შექმნას ძვ.წ. 3500 წელს, შუამდინარული კულტურის წარმომადგენლებს, კერძოდ, ძველ შუმერებს მიაწერენ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, შუამდინარულ ქალაქ ეშნუნაში (თანამედროვე ტელ აშმარის ტერიტორიაზე, ერაყი) აღმოჩენილია წარწერებიანი თიხის დაფები, რომლებიც ძვ. წ. 3200 წლით თარიღდება. პოემაც იმ ცივილიზაციით იწყება, რომელსაც დამწერლობის შექმნას უკავშირებენ. პოემაში მთავარი გმირი ღმერთია (რაზეც ქვესათაურიც მიგვითითებს: “შუამდინარეთი. აბანო. ღმერთი”). 

ამ ნაწილში შუამდინარეთის ხსენება იმთავითვე კვდომა-აღდგომის მითებს შეგვახსენებს (განსაკუთრებით თამუზ-იშთარის მითს). ვინაიდან კვდომა-აღდგომა განახლებას უკავშირდება, ამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს ქვესათაურში “აბანოს” კონცეპტის მოხმობაც, რაც ასევე განახლებას, ხელახლა დაბადებას აღნიშნავს და პოემის ყველა ნაწილს გასდევს ქვესათაურად. 

სტრიქონები - “აჰა, მოვხაზე მზე და მთვარე../ აჰა, მოვხაზე ვარსკვლავები” - ერთსა და იმავე დროს, კოსმოგონიურ მითებსაც მოგვაგონებს და პოეტურ შემოქმედებასაც. თუკი ლაკანისეული ცნებებით ვიტყვით, ეს არის რეალობის ფაზიდან ჯერ წარმოსახვითში, ხოლო შემდეგ სიმბოლური წესრიგის ფაზაში გადასვლაზე და იმ პერიოდზე მითითება, როდესაც ადამიანმა მამა და დედა, ცა და მიწა, მზე და მთვარე ერთმანეთს დააშორა. აქვე ჩნდება მინიშნება ამირანის მითზე: “მოვიდნენ ძილის მჭედლები/და ვერცხლის ფსკერზე თმებით მიმაჭედეს../ენა გამიშრა”, სადაც “ძილის მჭედლები” ცენზურაზე მიუთითებენ. და თუკი ნებისმიერ მითში არასასურველი პირის მიმართ დამსჯელ სანქციებს ღმერთები ახორციელებენ, რეალურ ცხოვრებაში ამგვარ ქმედებებს მმართველები-ადამიანები მიმართავენ..

1945 წელს გალაკტიონი წერს ლექსს “ბარათაშვილი”, რომელშიც ბარათაშვილს შემდეგი სტრიქონებით ამეტყველებს: “რაკი ლაღი ხარ, საქართველოვ, ზეცამან იცის -/ შევიძლებ მკვდარი/ მშვიდობიანად მიწის ატანას”. საგულისხმოა, რომ ლექსის C ვერსიაში ეს სტრიქონები ასეთი წყობით გვხვდება: “თუ შურს იძიებ, საქართველოვ, მაშინ ვინ იცის -/ შევიძლებ მკვდარი/ მშვიდობიანად მიწის ატანას”. ლექსი ასეთი სტრიქონებით მთავრდება: “..და იდუმალი აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი”. რას შეიძლება ნიშნავდეს “იდუმალი აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი”? ამისთვის მხედველობაში უნდა მივიღოთ კონტექსტი - ხანა, როდესაც ნიკოლოზ ბარათაშვილი სარბიელზე გამოდიოდა. ეს გახლდათ 1832 წლის შეთქმულების მარცხი, რომლით გამოწვეული იმედგაცრუებაც, ცხადია, იგრძნობოდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში. ამავდროულად, ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებელი იყო შეთქმულების ერთ-ერთი აქტივისტი სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა პოეტის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. 1839 წელს ბარათაშვილმა დაწერა პოემა “ბედი ქართლისა”, სადაც ერეკლე II-სთან დიალოგში მისი მსაჯული სოლომონ ლიონიძე თითქოსდა რიტორიკულ კითხვას სვამს: “იცი, მეფეო, რომე ივერნი/იქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?” თუმცა ბარათაშვილისეული ეს კითხვა მხოლოდ დასაწყისი იყო იმის, რაც უფრო გამოიკვეთა გვიანდელ ლექსში “მერანი” (1842) და, პრაქტიკულად, “ბედი ქართლისაში” დასმულ კითხვებზე შეფარვით გასცა პასუხი ლექსში “საფლავი მეფის ირაკლისა” (1842) - “ძილის მჭედლებისგან” თვალის ასახვევად.

გიორგი კეკელიძის პოემის ეს ნაწილი ერთგვარი ირონიული ელფერის მქონე პოეტური ფრაზით - ბარათაშვილის “მერნის” სტრიქონების პოსტპოზიციური ვერსიით მთავრდება: “მიქრის, მიაფრენს უგზო–უკვლო სიტყვებს ყორანი,/უკან მივჩხავი”, სადაც გიორგი კეკელიძე თითქოს მიგვითითებს ბარათაშვილის ე.წ. სახოტბო ლექსზე “საფლავი მეფის ირაკლისა” და, ამავე დროს, ისტორიის გამეორებაზე, მის ციკლურ ბუნებაზე - საბჭოთა ცენზურაზე, როდესაც 1928 წელს, მწერალთა კავშირის მეორე ყრილობის დადგენილებით, ქართველ მწერლებს თავიანთი ესთეტიკურ-იდეური მრწამსის თავისუფლად გამოხატვა აეკრძალათ.

 

სპარსული ცივილიზაცია. ზაფხული. ადამიანი.

 

 

“სპარსული ენის სიტკბომან მასურვა მუსიკობანი”.

თეიმურაზ I

ავსტრალიელი ანთროპოლოგის, გრიფიტ ტეილორის თანახმად, დაახლოებით 17 000 წლის წინათ (ძვ. წ. 15 000 წელს) თეთრკანიანთა რასა ირანის თემიდან წამოვიდა და მთელ მსოფლიოში მიმოიფანტა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ორიენტალისტი ართურ პოუპი ამბობდა: “დასავლური სამყარო უზომოდ დავალებულია სპარსული ცივილიზაციისგან!” საგულისხმოა, რომ ჰეგელიც თავის “ისტორიის ფილოსოფიაში” წერდა: “ადამიანის ევოლუცია სპარსეთის ისტორიით იწყება.”

როგორც პოემის მეორე ნაწილის ქვესათაურიდან ვარკვევთ, ღმერთების შუამდინარული ცივილიზაცია იცვლება ადამიანების სპარსული ცივილიზაციით. მეორე ნაწილის მთავარი გმირიც, შესაბამისად, ადამიანია, რომელმაც თავისი, როგორც სამყაროს ცენტრის ადგილი დაკარგა. პოემის ამ ნაწილის რითმული სტრიქონები კი დაწერილია სუფიური პოეზიის ნორმების შესაბამისად. თუმცა აქ სუფიურ პოეზიასთან მხოლოდ გარეგანი მსგავსება როდია. მეორე სტრიქონში - “დაითვრეთ თვალი, ცას მოწყვიტეთ და გაავაკეთ” - უკვე პირდაპირი მინიშნებაა საკუთარ თავში ჩაღრმავების და იქ დაკარგული ღმერთის ძიების სუფიურ პრაქტიკაზე. მით უმეტეს, დარდისა და ურვისგან პოეზიის და მუსიკის საშუალებით გათავისუფლება ხომ სუფიური მედიტაციის ნაწილი გახლდათ: “დარდსა და ურვას ეს სიმღერა ავუგე ყორედ/ და თასი ბროლის, ღვინო ბაგით ნაამბორალი/ და მზერა მღვრიე, მის მორევში ნატვრის ბორანი/ და თეთრი ტურფა, წარბი მისი – ფერად ყორანი”, სადაც მედიტაციისას, ღვინის თასის ფსკერზე არეკლილი სატრფო იგივე უზენაესია. ისიც საგულისხმოა, რომ პოემის მეორე ნაწილის რითმული საზომი (5/4/5) იმეორებს ბარათაშვილის “მერანის” სალექსო საზომს (5/4/5), ისევე როგორც სპარსული პოეზიის საზომებს. თუ კონიუნქტურულ კონტექსტს გავიხსენებთ, პოეზიით და მუსიკით დარდისა და ურვისგან გათავისუფლება პირდაპირ სინამდვილიდან გაქცევას და ამ გზით დარღვეული მთლიანობის აღდგენის მცდელობად მოგვეჩვენება. ახლა თუკი გალაკტიონის ლექსს “ბედს იქით!” (რაც ბარათაშვილის “მერანის” გალაკტიონისეული “წაკითხვაა”) და ბარათაშვილის “მერანს” შორის სახეების დონეზე გავავლებთ პარალელს, დავინახავთ, რომ თვითონ სათაური - “ბედს იქით” ბარათაშვილისეული “ბედის სამძღვარის” სახეშეცვლილი ვერსიაა. ასევე, სტრიქონები: “დავხუჭე თვალი, გულის სიღრმეში/ რომ დამენახა რამე ნათელი/და მოვიგონე ნეტარნი დღენი/და გაზაფხული უკანასკნელი” - სამყაროს დარღვეული მთლიანობის აღდგენისკენ სწრაფვაა, ოღონდ თუკი ბარათაშვილთან “სამძღვრის გადალახვა” იგივე ნაკლულობის ამოვსების მცდელობაა თავგანწირვის გზით, გალაკტიონთან ეს დანაკლისი პოეზიად და ირონიად სუბლიმირდება: “წავალ, გავყვები ამ სევდიან გზას,/ზღვათა ქუხილით. წყალთა ლიკლიკით.../და დავამკვიდრებ დაღლილ სიცოცხლეს/შორს, სხვა ედემში! შორს, ჩემს ბედს იქით!”, სადაც “სხვა ედემი” – “სხვა სინამდვილე”, პოეზიაა. თუ ბარათაშვილისთვის სამყაროს მთლიანობის აღდგენისკენ სწრაფვა თავგანწირულ შემართებას გულისხმობს (რაც თითქოს გამოიხატება სიკვდილისკენ მის სწრაფვაში ან, “ტრაგიკულ წინათგრძნობაში” თუ “მოახლოებული კატასტროფის განწყობილებაში” /გურამ ასათიანი/), გალაკტიონთან ეს სწრაფვა გარდაიქმნება ირონიად (“პროლეტარული ნანა” და სხვა კონიუნქტურული ლექსები) და ასე იქცევა პოეზია სინამდვილის სუბლიმაციის საშუალებად.

გადასახლებაში მყოფი ოვიდიუსი თავის “წერილებში პონტოდან” აღნიშნავს, რომ მუზებმა მას სიმშვიდე მოუტანეს და წარმოსახვამ შეუმსუბუქა მწუხარება. თუ კარგად დავაკვირდებით, ეს ერთგვარი კომპრომისი თუ კონფორმიზმია, რადგან ხელოვნება, როგორც სუბლიმაციის საშუალება, მაინც არ არის მყარი. გიორგი კეკელიძის პოემის მეორე ნაწილის ფრაზაში “და ღამე ტბას გავს, ვარკვლავების ანარეკლივით/ ციცინათელა ცემს ათასი და მწერთა ლივლივლს/ მე თვალს ვაყოლებ, გულს ვაყოლებ და ხმას ვაყოლებ” - პერსონაჟი (ლირიკული “მე”, ან ბარათაშვილის ერთ-ერთი ჰიპოსტასი), რომელიც თვალს ადევნებს “მწერთა ლივლივს” და კონტექსტი, რომელიც სუფიური პოეზიის თუ სპარსული ესთეტიკითაა გაჯერებული, კიდევ ერთ პოეტს - თეიმურაზ I-ს და მის “შამიფარვანიანს” შეგვახსენებს. სწორედ თეიმურაზ I-ის შემთხვევაში, დარდისა და ურვისგან პოეზიის გზით გათავისუფლება და განსაკუთრებით მისი სტრიქონები - “სპარსული ენის სიტკბომან მასურვა მუსიკობანი” - იმდროინდელი ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, კოლონიური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ნიშანდიბლივ სტრიქონად იქცევა. 

 

ამერიკული ცივილიზაცია. შემოდგომა. გმირები.

 

“თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს.”

იოანეს სახარება. (12, 24)

პოემის მესამე ნაწილი უკავშირდება უახლეს ცივილიზაციას, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ამერიკული ცივილიზაცია და რომელიც მოიცავს პერიოდს მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე. ეს ცივილიზაცია ასოცირდება როგორც შეიარაღებასთან და კონსუმერიზმთან, ასევე კომფორტთან, ახალ ტექნოლოგიებთან და იდეალურ სახელმწიფოს მოდელთან თუ დემოკრატიულ ფასეულობებთან. თუმცა ჩვენი პოემის კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ცივილიზაციაში ყველაზე საგულისხმოა ახალი ტექნოლოგიები, რომელთა შემოქმედებიც ედისონის მსგავსი ახალი დროის პრომეთეები არიან. პოემის მესამე ნაწილის ქვესათაური “ბაცალიგო” პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს იმავდროულად გმირების ცივილიზაციაა. საქმე ისაა, რომ ბაცალიგო არის სოფელი, რომელიც ქართულ ხალხურ ლექსში “თინიბექაის ბალადაში” მოიხსენიება: “ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს, ქვენ ბაცალიგოს შრებისა,/თინიბექაურთ ციხესა კუთხი მარჯვენა სქდებისა./თავსა ზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა,/შიგა წევს თინიბექაი, გულსუწადინოდ კვდებისა,/გვერდს უზის ცოლი ლამაზი, სანთელივითა დნებისა.” თვითონ ეს ნაწილი კი ერთგვარი გაუცნაურების ხერხით იწყება, სადაც ქართული ეპოსის გმირი თინიბექაი სავარაუდოდ ამერიკული ექსპედიციის ხელმძღვანელ თინიბექაიდ გვევლინება, რომლისთვისაც ეს მოგზაურობა უკანასკნელია. ქართული ბალადის გმირი თინიბექაი ამირანის ან ხოგაის მინდიას ტყუპისცალია, რომელიც დემონებმა თუ ღმერთებმა დასაჯეს და სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული სიკვდილს ეგებება.

არის ერთგვარი თანხვედრა გმირებს, მოგზაურებს და პოეტებს შორის. როგორც ნორთროპ ფრაი წერს თავის ესსეში “გაწვრთნილი წარმოსახვა”: “ადამიანურ სამყაროში წარმოსახვას საზღვრები არ გააჩნია.. ფრენის სურვილის წყალობით შეიქმნა თვითმფრინავი. მაგრამ ადამიანები იმიტომ კი არ სხდებიან თვითმფრინავში, რომ ფრენა უნდათ; მათ, უბრალოდ, ერთი ადგილიდან მეორეში სწრაფად გადაადგილება სურთ. ის, რამაც თვითმფრინავი შექმნა, ნაკლებად ვუწოდებდით ფრენის სურვილს. ეს უფრო ამბოხია - ამბოხი დროისა და სივრცის ტირანიის წინააღმდეგ.”

ასეთივე ამბოხია ნიკოლოზ ბარათაშვილის “მერანი”, სადაც მოგზაურობა ბედისწერის დაძლევის მეტაფორაა, ისევე როგორც პოემა “ყორანის” მისტერ თინიბექაის “ხიფათით სავსე მგზავრობა”. თინიბექაის ციხის მარჯვენა ფრთაზე ყორანი ზის, ისევე როგორც “მერანის” ლირიკული გმირის თანმდევია ყორანი. თინიბექაის ბალადის, ბარათაშვილის “მერანის” და ედგარ პოს “ყორანის” მსგავსად, ყორანი აქაც ცუდის მაუწყებელია და სიკვდილს უკავშირდება; ან გალაკტიონთან, სადაც ყორანი პოლიტიკური რეპრესიების ნიშანია (“დარეკე, დაუბარე!”). პოლიტიკური რეპრესია განხორციელდა ნიკოლოზ ბარათაშვილის მიმართაც, რომლის ბიოგრაფიაც ამის ცხადი დასტურია: ის ჯერ ნახჩევანში მაზრის მმართველის მოადგილედ მუშაობდა, მაგრამ ამ თანამდებობაზე არ დაამტკიცეს და მოულოდნელად თბილისში - თავის ძველ სამსახურში, კანცელარისტად გაიწვიეს. ისევ დაიწყო სამსახურის ძებნა. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ მამამისი ლოგინად იყო ჩავარდნილი და ოჯახს მატერიალურად უჭირდა. გარკვეული დროის შემდეგ, ის თელავის მაზრის უფროსის მოადგილედ დანიშნეს, მაგრამ უცნაურ გარემოებათა გამო, აღარ გაემგზავრა თელავში. მას სხვა სამსახური შეთავაზეს - სახიფათო და საბედისწერო. იგი შემთხვევით შეხვდა იმ დროს განჯის მმართველს - მამუკა ორბელიანს, რომელმაც პოეტს მის მოადგილედ მუშაობა შეთავაზა. ბარათაშვილი დაეთანხმა. ეს თანხმობა საბედისწერო გამოდგა. განჯის მძიმე, მალარიით გაჟღენთილი ჰავა ამ თანამდებობაზე ბარათაშვილის წინამორბედის სიკვდილის მიზეზი გახდა. ორბელიანს ხშირად უწევდა თბილისში ჩამოსვლა და ამიტომაც მუშაობის მთელი სიმძიმე ბარათაშვილზე გადადიოდა. აღწერილობის თანახმად, განჯაში მაზრის მმართველის საცხოვრებელი ადგილი ერთი უბადრუკი ქოხი იყო. ამის გათვალისწინებით, ადვილი წარმოსადგენია, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მოადგილის ბინა. ბარათაშვილი მალარიით დაავადდა, თუმცა მაინც იძულებული იყო, სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინა, სანამ ლოგინად ჩავარდებოდა. მისი ავადმყოფობა მხოლოდ ორ კვირას გაგრძელდა და მარტოობაში, სიღატაკესა და მიტოვებულ ქოხში გარდაიცვალა.

საგულისხმოა ბარათაშვილის “მერანის” სტრიქონები: “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,/ და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;/ და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს”. რას უნდა ნიშნავდეს “განწირულის სულის კვეთება” ან როგორ უნდა გაუადვილდეს მოძმეს “სიძნელე გზისა”? საქმე ისაა, რომ ბარათაშვილმა ერთგვარი “ტროას ცხენი” მოამზადა, როცა პანეგირიკული ლექსის “საფლავი მეფის ირაკლისა” საბურველში “რუსეთისგან საქართველოს გათავისუფლების ახალი სტრატაგემა ჩამოაყალიბა”, რომლის თანახმადაც საბრძოლო ასპარეზმა საქართველოს საზღვრებს გარეთ უნდა გადაინაცვლოს და ამ ბრძოლაში საქართველომ დასავლური ფასეულობებით უნდა იხელმძღვანელოს /გიორგი გაჩეჩილაძე/. ეს სტრატაგემა ბარათაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

 

შუამდინარული ცივილიზაცია. ზამთარი. ახალი ადამიანი.

 

“ყოველი მწერალი თავადვე ქმნის საკუთარ წინამორბედს. მისი ნაწარმოებები განსაზღვრავს როგორც წარსულის, ასევე მომავლის ჩვენეულ გაგებას.”

ხორხე ლუის ბორხესი. “კაფკა და მისი წინამორბედები”

 

“..გალაკტიონი საშუალება უფროა, ვიდრე მიზანი. ვწერ გალაკტიონით და არა გალაკტიონს.’”

ზაზა ბურჭულაძე. “სახარება ვირისა”

პოემის ბოლო ნაწილი, თავისი მინიმალისტური ფერწერით და უკაცრიელი უდაბნოს პეიზაჟით აშკარა ასოციაციას ქმნის სამყაროს დასასრულთან. მით უმეტეს სტრიქონები გამუდმებით შეგვახსენებენ, რომ სივრცეს, საიდანაც ლირიკული გმირი მოგვმართავს, სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობა, თითქოს სამყარო გლობალური დათბობის შედეგებს იმკიდეს (“და ცა გახდა -/ღრუბლები მუცელივით შეიზნიქა./ ელამმა მზემ დააშრო მდინარე და თვალს მიეფარა”, “მკვდარი მდინარის ჩონჩხი”, “ხორცის უკანასკნელი ნაფლეთები - ტბორები”); თითქოს სასიკვდილო სარეცელზე მყოფის სუნთქვას ემსგავსება ალიტერაციებიც: “ქარი – მკვდარი მდინარის სულს გავს,/ ფოთლის ნაფოტებს მოაფარფატებს”, ან “მოძველებულ ძაფს უძერწავს ნისლის ჰამაკებს”. პარონომასიული პარალელიზმებით კი თითქოს ხაზგასმულია ბუნების სტიქიის, ბარბაროსობის კულტურაზე გამარჯვების გარდაუვალობა: “ხეიბარ ხეებს ათრთოლებულ ხერხემალს უხრავს”, სადაც “ხ” თანხმოვანი “თ”-ს მიმართ პრიორიტეტულ მდგომარეობაშია და როგორც ჟღერადობით, ისე რაოდენობის თვალსაზრისითაც ახშობს მას.

მაგრამ ეს დასასრული, ამავე დროს, ახლის დასაწყისიცაა და ამაზე პოემის ამ ნაწილის ქვესათაურიც მიგვითითებს - “შუამდინარეთი. აბანო. ადამიანი”, რომელიც თითქმის იმეორებს დასაწყისს, ანუ უბრუნდება თავის პირველსაწყისს, ადგილს, სადაც ცივილიზაციის აკვანი დაირწა. მაგრამ, ამასთანავე, პროლოგის “ღმერთი” ბოლო ნაწილში “ადამიანით” იცვლება. მაშასადამე, ეს არის ახალი ცივილიზაცია ღმერთ/ებ/ის გარეშე. იქნებ ამიტომაც მიმართავს ლირიკული გმირი ანგელოზებს, რომ უარი თქვან “ანგელოზის” სტერეოტიპზე: “გამოდით ანგელოზებო ტყიდან,/ დაწვით ფრთები..”

მეოთხე ნაწილის ლირიკული გმირი მარტოსული მეუდაბნოესავითაა, თუმცა უფრო ლუციფერული ბუნებისაა, ვიდრე უსუსური. ლუციფერი კი, სინათლის მომტანის, შუქმფენის ასოციაციით ისევ ამირანთან გვაგზავნის. საგულისხმოა ლირიკული გმირის - პირველადამიანის სიშიშვლე ამ გაუდაბურებულ სივრცეში: “..თითქმის შიშველი ვარ,/ ქვიშა მიდგას ბნელი თასით”, სადაც ქვიშა - ერთი მხრივ, განადგურებაზე, წარმავლობაზე (“მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი”, დაბ. 3,19) და, მეორე მხრივ, ახლის დასაწყისზე მიუთითებს (“დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა”, დაბ. 2,7). ამავდროულად, ქვიშა აკაკი წერეთლის “თორნიკე ერისთავის” სტრიქონებსაც შეგვახსენებს: “ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა/და ან ცაზე ვარსკვლავები?”. პოეზიის კონტექსტის გათვალისწინებით, ის, ვინც “უნდა დათვალოს ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავები” - ჩვენი ლირიკული გმირი, პირველადამიანი, ახალი პოეზიის დასაწყისის მაცნეა, რადგანაც პოეზიის მდინარე უკვე დამშრალია და ამ განახლების გზაზე ის პირველსაწყისს, მითებს და უძველეს კულტურებს უბრუნდება, ვინაიდან ქვესათაური შუამდინარეთისკენ გვაგზავნის.

თუმცა პოემის ბოლოს ისევ ჩნდება ყორნის ხატი, ამჯერად თეთრი ყორნის (“და თეთრ ყორანს ვხეხავ და ვხეხავ”), რომელიც ასოციაციურად ისევ ოვიდიუსს და მის “მეტამორფოზებს” უკავშირდება, სადაც ყორანი თავდაპირველად თეთრია, სანამ აპოლონს მისი სატრფოს ღალატის შესახებ არ ამცნობს და აპოლონი მას სამუდამო სიშავით არ დაწყევლის. ამრიგად, ყორანი, ერთსა და იმავე დროს, დაკარგული სიწმინდის და ცუდი ამბის ნიშნად იქცევა. მაგრამ თვით “თეთრი ყორნის ხეხვა” ახალ ცივილიზაციაში აბსურდს ემსგავსება, რაც ალბათ, ეჭვის ქვეშ აყენებს იმ მოსაზრებას, რომ “ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს” და “განწირულის სულის კვეთებაც” შეუსრულებელ მისიად იქცევა.

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული