- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: დათო ბარბაქაძე
ძერამ კესანე ცოხნოს, არა?
ტურას რას სთხოვთ,
ტყავი გაიძროს, მგელს? რომ
კბილი თავად დაიძროს?
პოლიტრუკებს და პაპებს
რას უწუნებთ?
ბრიყვულად თვალებდაქაჩულები რას მიშტერებიხართ
ცრუპენტელა ეკრანს?
განა, ვინ უკერებს გენერალს
შარვალზე სისხლიან ლამპასებს? ვინ
უმზადებს მევახშეს ყვერულს?
ვინ იკიდებს თავმომწონედ თუნუქის ჯვარს
მობუყბუყე ფაშვზე? ვინ
იღებს ხელის გროშს, ვერცხლის ფულს,
მაყუთს, რომ მოკეტოს? აკი,
ბევრია გაქურდული, ქურდი კი ცოტა; განა, ვინ
უკრავს მათ ტაშს, ვინ
იბნევს სამკერდე ნიშნებს, ან
ტყუილი განა ვის სწყურია?
სარკეში ჩაიხედეთ: ლაჩრებო,
სიმართლის სიმძიმით დადედლებულებო,
სწავლის უარმყოფლებო, მგლებისთვის
აზროვნების გადამლოცველებო,
თქვენი უძვირფასესი სამკაული საცხვირე რგოლია,
ყეყეჩებზე გათვლილი სიცრუე, იაფფასიანი
ნუგეში, ნებისმიერი გამომძალველობა
თქვენთვის ჯერ ცოტაა.
თქვენ, კრავებო, დები არიან,
თქვენთან შედარებით, ყრანტალა ყვავები:
თვალებს თხრით ერთმანეთს.
ძმობა სუფევს,
თუ სუფევს, მგლებს შორის:
ისინი ხროვებად დადიან.
დიდება ყაჩაღებს: თქვენ კი,
თქვენივე გასაუპატიურებლად მიმპატიჟებლებო,
თქვენვე მიეგდებით ხოლმე მორჩილების
შმორიან საწოლზე. წკმუტუნებთ და
ამ დროსაც ცრუობთ. თქვენ გსურთ,
რომ გჯიჯგნონ. თქვენ
ვერ შეცვლით ქვეყნიერებას.