- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ სლავოი ჟიჟეკთან (მცირედი შემოკლებით)
(თარგმანი: პაატა შამუგია)
გავრცელებული მოსაზრებით, 11 სექტემბრის ტრაგედიამ მსოფლიო შეცვალა. ამ მოვლენამ თქვენს დასკვნებშიც შეიტანა ცვლილებები?
ერთადერთი, რაც გამუდმებით მესმის, ისაა, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება. რასაკვირველია, ცვლილებები იგრძნობა აღქმების ან რეკლამის ასპექტში, მაგრამ არა მგონია, რაიმე ფუნდამენტურ გარდატეხასთან გვქონდეს საქმე. არსებული დამოკიდებულებები და შიშები დადასტურდა, მაგრამ ის, რასაც მედია გვიყვება ტერორიზმის შესახებ, რეალურად არც მომხდარა.
ნაშრომებში ხაზს ვუსვამ ხოლმე, თუ რას ნიშნავს ჩვენი გარემოს ვირტუალიზაცია ან დიგიტალიზაცია. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს მცხოვრებთა სამოც პროცენტს ტელეფონი არასოდეს ჰქონია. ამავდროულად, მსოფლიოს ოცდაათი პროცენტი სრულად „დიგიტალიზებულია“. ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ საფეხურზე, როგორც აღმოჩნდა, უფრო და უფრო ვეფლობით სუბსტანციისგან დაცლილ საგნებში. ვიღებთ ლუდს ალკოჰოლის გარეშე, ხორცს ქონის გარეშე, ყავას კოფეინის გარეშე, და ვირტუალურ სექსს სექსის გარეშე.
ვირტუალური რეალობა ჩემთვის ამ პროცესის კულმინაციაა. თქვენ იმყოფებით რეალობაში რეალობის გარეშე... ანდა სულაც ტოტალურად მართულ რეალობაში. თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს: ჩემმა კარგმა მეგობარმა ალან ბადიუმ გამოიგონა მშვენიერი ტერმინი: La passion du réel, ანუ „რეალობის ვნება“. ვინაიდან ჩვენ გარემოცული ვართ მკვდარი კონვენციებითა და არტეფაქტებით, ასეთ დროს ერთადერთი ავთენტური, ცხოველი გამოცდილება უნდა იყოს უკიდურესად ძალადობრივი და გამანადგურებელი. [იხ: ამ თემაზე არტოს „სისასტიკის თეატრი“ , ასევე ჰაკიმ ბეის "პოეტური ტერორიზმი" – პ.შ.].
ანუ ფიქრობთ, რომ ეს ისაა, რასაც ახლა ვხედავთ?
ეს მთელი მეოცე საუკუნეა, რომელიც რეალურად პირველი მსოფლიო ომით დაიწყო. გაიხსენეთ ერნსტ იუნგერის რეპორტაჟები, სადაც ის ხოტბას ასხამდა „კბილი კბილის წილ“ გამოცდილებას, როგორც ერთადერთ ავთენტურსა და ნამდვილს. სექსის სივრცეში ასეთი არქეტიპული შეიძლება იყოს ნაგისა ოშიმას „ვნებათა სამეფო“, სადაც სექსუალური კონტაქტის ფინალისკენ მიიწევ პარტნიორის სიკვდილამდე მიყვანის კვალდაკვალ.
ასევე სიმბოლურია აშშ–ში ფართოდ გავრცელებული პათოლოგიური მიმდინარეობა ე.წ. „cutter“–ები. ორ მილიონამდე ადამიანია ამაში ჩაბმული, სექსუალური პარტნიორები ერთმანეთს სამართებლით დასდევენ. რატომ? ამას არაფერი აქვს საერთო მაზოხიზმთან ან სუიციდთან. ადამიანებმა რეალობისადმი მგრძნობელობა დაკარგეს და მას მხოლოდ ტანჯვითა და სისხლით იბრუნებენ.
თქვენ თქვით, რომ დასავლური ელიტა კარგავს მგრძნობელობას, რომ მათ სურთ, განაგდონ ყველაფერი ძველი, ვთქვათ, ჰუმანიზმი ან სუბიექტივიზმი.
ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მე სიახლის წინააღმდეგი ვარ. მომიწევს ვირჯინია ვულფს ვესესხო. მგონი, 1914 წელს თქვა, რომ მარადიული ადამიანური ბუნება შეიცვალა. შეუძლებელია, უარვყოთ და არ დავაფასოთ კიბერსივრცის ინტერსუბიექტური და სოციალური ზეგავლენა. დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის რევიზია, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი.
ავიღოთ უცნაური ფენომენი: ე.წ. cam–ვებსაიტები, სადაც ადამიანები სრულიად უცხო მომხმარებლებს აცნობენ ძალიან, ძალიან პირადულ ფაქტებს. მეც კი, ჩემი დეკადენტური გემოვნების მიუხედავად, სრულ შოკში ვიყავი, როცა გავიგე, რომ ადამიანები თავიანთ ტუალეტში აყენებენ ვებ–კამერას და მომხმარებელს შეუძლია დეფეკაციის პროცესი სრულად იხილოს. ეს სრულიად ახალი მოვლენაა. ეს არც პირადია, არც საჯარო და არც ძველი ეგზიბიციონისტური ჟესტი.
რაც უნდა იყოს, გარშემო რაღაც რადიკალური ხდება. ახალი თაობა გვეუბნება, რომ ჩვენ აღარ გვაქვს კარტეზიანული ინდივიდუალიზმი, ფსიქოანალიზის თეორეტისტები კი გვეუბნებიან, რომ ჩვენ აღარ გვაქვს ოიდიპოსის კომპლექსი, თუმცა ვცხოვრობთ საყოველთაო პერვერსიის ერაში.
მაგრამ, ცხადია, ეს პასუხები მცდარია. აქ ბლეზ პასკალს უნდა დავეთანხმო. როგორც იცით, პასკალი დროსთან მუდმივ წინააღმდეგობაში იყო, მას სურდა ყოფილიყო ორთოდოქსი ქრისტიანი, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისი მოსაზრებები დღეს უფრო რადიკალური და თანამედროვეა, ვიდრე იმდროინდელი ლიბერალი ფილოსოფოსებისა.
რატომ სურთ ადამიანებს, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ რაღაც ახალ ეპოქაზე მიგვითითონ?
სწორედ ესაა სიახლის ტრავმისგან გაქცევა. დღეს ნამდვილი კონსერვატორები არიან ახალი პარადიგმის ადამიანები. ამ გაგებით, ნიცშეც კონსერვატორი იყო და შემიძლია ვთქვა, რომ კარლ მარქსიც. მარქსი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ინტელექტუალი კონსერვატორებისგან მეტის სწავლა შეიძლება, ვიდრე ჩვეულებრივი ლიბერალებისგან.
რას იტყვით კულტურის მსხვერპლზე?
ვიქტიმიზაცია დღეისათვის წამყვანი დისკურსია. თქვენ შეგიძლიათ იყოთ გარშემომყოფების, მოწევის ან სექსუალური შევიწროების მსხვეპლი. აქ მსხვერპლის გაუფასურებას ვხედავ. რა გაგებით? ამ შემთხვევაში პირადის ექსტრემალურად ნარცისულ გაგებას ვაწყდებით. საქმე ისაა, რომ ორი ადამიანის ურთიერთობა უკვე ძალადობაა.
მოდი, მოკლედ აღვწეროთ სექსუალური შევიწროება. ვთქვათ, მიყვარს ადამიანი. მისდამი ჩემი რაგინდარა მიმართება იქნება აგრესია, ეს ურთიერთობა ემყარება შოკს, სისასტიკეს. არადა, ეროტიკული თამაში ვერ წამოგიწყია პოლიტკორექტულობის შიშით. მე ვფიქრობ, რომ სექსუალური შევიწროების შიში შეიცავს რაღაც უფრო დიდის შიშს – სხვა ადამიანთან გახსნილად ყოფნის შიშს.
ჩემთვის ჭეშმარიტი სიყვარული – ეს პარტნიორის შეურაცხყოფაა.
ჩვენ ვთამაშობთ პოლიტკორექტულ თამაშს: „ოჰ, მე თქვენ პატივს გცემთ, ძალიან მომწონს თქვენი ადათ–წესები“ – პოლიტკორექტურის ასპექტით, ეს არის ინვერსიული რასიზმი და ეს უკვე გულისამრევია.