- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
აი, ნიღბების დღესასწაული,
ყველას ამყირავებელი,
სახეების დამწყობი,
ღიმილისა და სიხარულის დამხატავი.
დაბადებიდან რაშიც ჩაგვიყოლეს,
რა მზეც აგვიკიაფეს ბრმებს,
რა მდინარესაც გაგვაყოლეს ლეშებად.
აი, ნიღბების ქვეყანა,
კმაყოფილი,
ხმამაღალი და
ერთფეროვნად აჭრელებული,
გამძღარი ჩვენი სისხლითა და
ჩვენი მორჩილი დუმილით.
აი, ნიღბების ქვეყნის
ნიღბების ქალაქი,
უხასიათო ქუჩებით,
მუდმივი ჩიხებით.
თავისი ცხენებიდან ჩამოუსვლელი ისტორიით,
ბაზრის ჰარმონიითა და წესრიგით.
აი, ნიღბების უნიღბო დღესასწაული,
მუხლატყავებული ნიღბოსნები,
საქმოსნური იერით,
სინათლეები ორმოდან,
ჯურღმულიდან,
უფსკრულიდან
და აი, მე ნიღბოსანი,
მედღესასწაულე.
შიშის დამმარხავი,
გამომეტყველების მკვლელი.
აი, ჩემი ნიღაბი -
ცხოველთა დამამშვიდებელი,
მშვიდი ცხოვრების მბოძებელი,
ჭრილობებისა და ტკივილის დამმალავი.
აი, ჩემი ნიღაბი -
სახრჩობელის ამრიდებელი,
გულისცემის დამფარავი,
ჩვენი და იმ სიტყვების მსგავსად უსისხლო,
რომელთა სისხლი ყოველდღიურობის
ზეიმებს გადაუსხეს და
გაცვითეს საზეიმო სიმღერებისთვის.
აი, მე ნიღბოსანი,
სიამაყეში და თამაშში მოლივლივე,
დაპურებული და მადლიერი წევრი დღესასწაულისა.
და მოჩახჩახე,
მბზინავი ჭაღებიანი,
მჩქეფარე და მომღერალი შადრევნებიანი.
და ხმამაღალი, ხმამაღალი, ხმამაღალი!...