„ამ მოთხრობაში მწერლის მთავარი მიზანია საკუთარი ცოდნისა და ინტელექტის დემონსტრირება“
თვალებს ვახელ. ჩემს თავს მივდევ, ან ჩემი თავი მომდევს. მეწევა, ან ვეწევი. ვატრიალებ, ან მატრიალებს. აღმოჩნდა, რომ ჩემი ყოფილი გერლფრენდია, ოღონდ ახალი გერლფრენდის სახით, ან ჩემი ახალი გერლფრენდი - ჩემი ყოფილი გერლფრენდის სახით. ერთი კვირის მერე ეს სიზმარიც დამავიწყდება, ან არ დამავიწყდება. დარაბები დახურულია. ღამეა თუ დღეა ? მობილურს ვრთავ. 07:35. დილა ყოფილა. თერთმეტზე დავიძინე. თითქმის რვა საათი მეძინა, თუ ცხრა ? ცხრა. ნორმალურია. სიგარეტი მინდა. სად დავდე ? ლოგინში არ არის. არც კამოდზე. აჰა, პალტოს ჯიბეში ყოფილა. „ლორწოვანი გარსი გაქვთ გაღიზიანებული, სიგარეტს და სასმელს თუ მოუკლებთ კარგი იქნება“ - გმადლობთ. ნამწვავს უნიტაზში ვაგდებ. არ ირეცხება. არც მეორე და მესამე ჩარეცხვაზე ირეცხება. რამდენიმე წუთი ვიცდი, თავბრუ მეხვევა. კბილებს ვიხეხავ. ნამწვავს უნიტაზში ვტოვებ. ლეპტოპთან ვჯდები. სადენის შეერთება მეზარება. ბატარეა ჯდება. ვხსნი ფეისბუქს. უემოციოდ ვუყურებ. Inbox – 6, Notifications – 45, არაცერთი Friend Request-ი. Trentemøller-ის Miss you-ს ვრთავ და ისევ ვწვები. ნეტავ ვინმე იყოს სახლში რომ დარაბები გააღოს და მერე ვეჩხუბო, თან თავი შევაცოდო, რომ უძილობისგან თვალები მტკივა. ფანჯარასთან მისვლაც კი მეშინია. იქ მისვლა, თითქოს, ამიკრძალეს. კაჭარავას ლექსი. მაღაზიაზე წერს რაღაც ამდაგვარს. საინტერესოა დღეს ვინ ვარ. ანდა ვინ უნდა ვიყო. ვიცინი. მეორე ღერს ვეწევი. იატაკზე ვაფერფლებ. არაფერზე ვფიქრობ, მხოლოდ ჭერს ვუყურებ და კვამლს. ამ დროს ვხვდები, რომ დიდი ხანია არაფერზე არ მიფიქრია და ეს პროცესიც ავტომატურად წყდება. „ფუ შენი“ ვყვირი, მერე გულძმარვისგან ვაბოყინებ და ნამწვავს პატარა, გატენილ საფერფლეში ვაქრობ. უკვე მერამდენედ რომელიღაც უცხოელი ხელოვანის რედიმეიდი მახსენდება, პარკ გადაკრული, ნამწვავებით გატენილი საფერფლე, წარწერით „Home“, ან რაღაც მაგდაგვარი. ადრე მეგობარმა მაჩვენა ფოტო და მერე ვეღარ ვიპოვნე. აი, ასეთ მომენტებში მეჩვენება ხოლმე, რომ ჩემს ცხოვრებაში არაფერი ორიგინალური აღარ არსებობს, ყველაფერი რაღაცის ასლია, ანალოგი, ზოგი გამიზნულად, ზოგიც სპონტანურად, ზოგსაც სამომავლოდ ვპოულობ ხოლმე და გვიან მახსენდება. კონცეპტუალისტებმა უკვე, თითქმის მოახერხეს ცხოვრების ყველა მარტივი მოქმედების და შეგრძნების დაჯავშნა, თუ დანაღმვა. საშინელებაა, თან სასაცილოც. რობერტ ბერი „ამ მომენტში ვფიქრობ ყველაფერ იმაზე, რაც არ ვარ, მაგრამ ვიცი“ და კიდევ ის, ვეინერის „შენ გიწევს იყო შენი თავი, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ეს“. აქაც კონცეპტუალისტები არიან ჩასაფრებულები. მაცივრისკენ მივდივარ. მესამე დღეა სახლში ვარ. არა, დეპრესიაში არ ვარ, არც ფრუსტრირებული ვარ, აღარც გაკვირვებული. მგონია, რომ რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც, რაც საფუძველს ჩემგან არ იღებს, გარე სასწაული, რომელიც შემეხება, ცოტა ხნით ისევ ყველაფერი დამავიწყდება და ბედნიერი ვიქნები, მაგარამ ზუსტად ვიცი, რომ არაფერი მსგავსი არ მოხდება. მაქსიმუმ საღამოს სადმე გავბოდიალდე, ვიხეტიალო, ბარში ლუდი დავლიო.. ფული რამდენი დამრჩა ? მაცივრის კარს ღიას ვტოვებ. პალტოსკენ მივდივარ. „აჰა, ცხრა მანეთი და კიდო ორმოცი კაპიკი“ ხმადაბლა ვამბობ ჩემთვის. მაშინვე წარმოდგენა მეკარგება ადამიანზე, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი უკვე მოხდა და ახლა მხოლოდ მეორდება.. პოზად მეჩვენება ხოლმე, გამოსავლად, გამოსაძრომად, პატარა ხვრელად აბსურდულ სამყაროში, რომლიდანაც გაღწევა და გათავისუფლება შეიძლება. არა ! ყველაფერი უამრავჯერ მოხდა და თუ ამაზე ბევრს იფიქრებ, შეიძლება გაგიჟდე. ბოლო დროს, ხშირად ვფიქრობდი, შეიძლებოდა თუ არა ფიქრის ზუსტად ასახვა, ფიქრის ყოველი დეტალის გადმოტანა, დახატვა, ჩაწერა, გადაღება, რავიცი ნებისმიერი სახით სხვისთვის ჩვენება. აი, ეს ნამდვილად ბოლო წერტილი იქნება კაცობრიობის ისტორიაში, რადგან ფიქრზე ინტიმური ადამიანს აღარაფერი დარჩა, შეიძლება არც არასოდეს ქონდა, უბრალოდ თავს იმშვიდებდა. მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს ასეთი დასასრული, მაინც საკმაოდ ხშირად ვფიქრობ ამაზე. ფილმებში ხშირად შევხვდებით ეპიზოდებს, რომლებშიც ადამიანები გახმოვანებით ფიქრობენ, მაგრამ ეს სრული იდიოტიზმია, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, არანაირად არ შეეფერება იმას, თუ როგორ ფიქრობს ადამიანი, ეს უკვე კონკრეტული მიზნით დაწერილი ტექსტია. აი მაგალითად, თავში ერთი მოგონება მიტივტივდება. შიშველი მკერდი. მე მას ცხვირით ვეხები, ვგრძნობ მის სითბოს, მის სუნს, მკერდს ცხვირით ვეფერები და შემდეგ კისერზე გადავდივარ. თითქოს ზუსტად ავსახე ეს ეპიზოდი, მაგრამ ისევ მეჩვენება, რომ რაღაც აკლია, რაღაც ისე ვერ არის, როგორც იმ მომენტში იქნებოდა და ეს ტექსტიც თავისთავად ვერ არ არის ის, რაც ამ წუთას ვიფიქრე. კაცმა რომ თქვას, რა ჯანდაბად უნდა ჭირდებოდეს ადამიანს ამაზე ფიქრი. აჰა, ისევ ფიქრი [?!] „da fuck ?“, ხმამაღლა ვიძახი. მერე მეცინება. კამიუს რომანში „შავი ჭირი“ იყო ერთი პერსონაჟი, რომელიც მთელი რომანის განმავლობაში, ვიდრე სიკვდილამდე, ერთ წინადადებას წერდა, ბულონის ტყეში თეთრ რაშზე ამხედრებულ ამორძალზე (თუ სწორად მახსოვს), სიტყვებს დროდადრო ცვლიდა და ხშირად ამბობდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ეს ფრაზა სრულყოფილი იქნებოდა, ხოლო მისი მოსმენისთანავე ყველა ფეხზე წამოდგებოდა და ქუდს მოიხდიდა. კიდევ ერთხელ მეცინება. „ალბერ, ბებერო ძაღლო !“ კარგად ჟღერს ეს „ბებერი ძაღლი“, ბუკოვსკისაც უხდება, სარტრსაც, ვონეგუტსაც, ტარკოვსკისაც და კიდევ რამდენიმეს, ახლა ვერ ვიხსენებ, თუმცა ბუკოვსკის „ნაბიჭვარი“ გაცილებით მეტად უხდება. ტარკოვსკის შავი ნაგაზი მახსენდება, რომელზეც თეამ თქვა ერთხელ, ძაღლიც კი შეყვანილია ტიტრებში, ისიც კი მსახიობიაო. ძალიან მინდა გერმანული ნაგაზი, მაგრამ რა მოუვლის ორ ძაღლს. ამასობაში კვერცხი იწვება. როგორღაც ყავასაც ვამზადებ. ლეპტოპი დაჯდა და ითიშება. სრულიად შემთხვევით ტელევიზორს ვრთავ. იქ პარლამენტის სხდომაა. პრემიერ მინისტრი რაღაც უცხო, ჩემთვის უცნობ ენაზე საუბრობს. მესმის მხოლოდ გაზი.. პენსიები.. ჩვენ კარგად ვიცით.. ვეცდებით.. უნდა გამოვთვალოთ.. დეპუტატებს (რატომღაც) ეს ენა კარგად ესმით და კენჭისყრის დროს სრულიად ადეკვატურ (ისევ რატომღაც) არჩევანს აკეთებენ. რომ იტყვიან „ვისი ვისაშიაო“ სწორედ ეგ ხდება. არა, ვერ ვიტან პოლიტიკას. რამდენჯერმე ვცადე ჩავრთულიყავი პოლიტიკურ მოვლენებში, ვუსმენდი ინტერვიუებს, ვკითხულობდი ელექტრონულ გაზეთებს, საბოლოოდ მაინც ვერაფერი გავიგე. უკეთეს შემთხვევებში ისინი ბევრს საუბრობენ და გაუგებრად, თითქოს რაღაც სხვა სუბსტანციას ეკუთვნიან, თითქოს „სხვა საქართველოს“ პრობლემებზე ფიქრობენ. ჩემი ხუთ შვილიანი მეზობლის ხუთივე შვილი შიმშილით კვდება და ეს სრულიად საკმარისია ჩემთვის ქვეყანაში არსებულ სიტუაციაში გასარკვევად. ამ მხრივ სკეპტიკოსი ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. ვინ ჩემი ფეხებიც არ უნდა იყოს მთავრობაში, ყოველთვის მაგრად მეკიდება სანამ ეს მდგომარეობაა, თუმცა განსხვავებით ბევრი ჩემი თანამედროვესგან არსად გაქცევაზე და გადახვეწაზე არ ვოცნებობ, პირიქით, მინდა რაც შეიძლება დიდი დრო დავყო ამ ქვეყანაში. ბოლოსდაბოლოს, მთავარი ხომ შინაგანი კომფორტია და მეტი არაფერი. აქ რომ ერთი ჩემი მეგობარი იყოს აუცილებლად მომახლიდა, მაშინ რაღას დარბოდი საპროტესტო სტენსილებით ხელშიო. ჩვენ მართლაც უზარმაზარი სტენსელი გამოვჭერით და პირდაპირ კანცელარიის წინ გავაკეთეთ გრაფფიტი „სისტემა უნდა დაინგრეს“. არვიცი. ალბათ ესეც, ერთ-ერთი მცდელობა იყო ჩემი მხრიდან საზოგადოებრივი აქტივიზმის და ჩვენს ყოფაში რაიმე ცვლილების შეტანის. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს თომა მოციქულის პოზიცია. მწამს ის, რასაც ვეხები. ყველაფერს რომ შევეშვათ, იყო რაღაც პროგრესული ათას ამბოხებულ სტუდენტს შორის, უბრალოდ ვერავინ შეთანხმდა სისტემის საზღვრებზე. რეალურად, ის გაცილებით დიდი აღმოჩნდა. მოკლედ რომ ვთქვათ, „სისტემა“ ინტერტექსტია, რომელიც თავის თავში კიდევ უფრო დიდ სისტემას მოისაზრებს. მორჩა. აღარ მაინტერესებს რა მოხდა. ამ მომენტში ჩემი მდგომარეობა უფრო მაღელვებს.
დეპრესიაში ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ არავის ნახვა არ მინდა. აღარ მინდა მათი ტრაგედიების მოსმენა, იმედგაცრუებისა და იაფი ალკოჰოლისგან გამოთაყვანებული სახეების დანახვა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კარგ გამგონს კარგი მომყოლიც ჭირდება, ისინი კი ყოველთვის რაღაც სისულელეს ჩმახავენ და შემდეგ სახეზე გაკვიდებიან, სურთ იქ საკუთარი ტრაგიზმის კვალი ამოიკითხონ. მაღაზიაშიც გვიან გავდივარ, როცა ე.წ. „ქუჩის ბირჟა“ იშლება. მათი დანახვა ყველაზე მეტად მაღიზიანებს. ადამიანები, რომელთა ეგზისტენციაც სამი კითხვით შემოიფარგლება „სიგარეტი ჰო არ გაქვს?“ „რავა ხარ ბრატ?“ და „ეს გოგო იძლევა?“. არ არის ეს სასაცილო. ამაზრზენია. ზოგჯერ შემოვლითი გზებითაც დავდივარ რომ ამ დიალოგებს ავცდე. საშინელებაა ჭურში ჩდომა. თუ გარედან გიკაკუნებენ - უარესი. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ იწამლება ადამიანის ბუნება ახალგაზრდობიდან ზრდასრულობამდე, როგორ ახდენს მთავრობა, საზოგადოება, თუ რელიგიური ექსტრემისტების სექტა მის ფორმირებას, როგორ გადაიქცნენ ჩემი მეგობრები ინტელექტუალურ რობოტებად, სენსორებიან ტარაკნებად და თავისუფალ ურთიერთობებს ამოფარებულ დაკომპლექსებულ სექსისტებად. რთულია ამ ყველაფრის შეჯამება, მაგრამ შედეგი გარდაუვალია და ის ამ წუთშიც ახორციელებს ჩემზე ზეწოლას, მართმევს რა გარეთ გასვლის და საყვარელი ადამიანების ნახვის, ან თუნდაც უბრალოდ სადმე გასეირნების სურვილს. მე ვაკვირდებოდი ახალგაზრდებს, ჩემი და წინა თაობის წარმომადგენლებს, მათ შორის წყვილებს, ჭკვიანებს და ნაკლებად ჭკვიანებს. მე ვხედავდი, როგორ ანადგურებდა მათ გარეგნობასა და ინდივიდუალურობას იაფი ალკოჰოლი, სიგარეტი, გაუგებარი წარმოშობის ნარკოტიკები და ფსიქოტროპული აბები, დაბალი არასტაბილური ხელფასები, მცოცავი განრიგები, ინსომნია, უგზო-უკვლოდ ხეტიალი. ისინი როგორც წესი, ყოველთვის რამდენიმე წერტილში იყრიდნენ თავს. მათი პოვნა ძალიან მარტივი იყო, ზაფხულის განმავლობაში ერთ საათში შეგეძლო ქუჩებს მოდებული ყოველი მათგანი გენახა, ახალ ან ძველ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა შენი პარტნიორებიც იყვნენ, ან შენი პარტნიორების პარტნიორები, რომლებიც ასევე შენი პარტნიორები იყვნენ, გერლფრენდი, ბოიფრენდი, რა მნიშვნელობა აქვს. ჩემს შემთხვევაში მხოლოდ გერლფრენდები იყვნენ აქტუალურნი. ჰო, ურთიერთობები კიდევ ცალკე თემაა. ბოლო დროს, როგორც ჩემი მეგობარი ამბობდა „ყველა ყველასთან“ ლოზუნგი კარგად ამუშავდა. ეს ლოზუნგი კარგად მუშაობს, მანამ სანამ ფაბში ხარ, ლუდი გაქვს და გარშემო ხალხიც ბლომად ყრია. ბოლო დროს, ამ თამაშებით განადგურებული უამრავი პერსონა მხვდება. ისინი ძირითადად გზააბნეულები არიან საკუთარი სხეულებისა და სურვილების გავრცობით და ცდილობენ რაც შეიძლება ღრმად შეიტენონ ტრაკში დაგროვილი ემოციები და განცდები, რათა მათ შესახებ არაფერი გაიგო, საბოლოოდ კიდევ ერთ ლუდის ბოთლს ცლიან და მაგიდაზე თავდაგდებულნი, ცრემლიანი თვალებით გიყვებიან როგორი აუტანელი შეიქმნა ვითარება. მე მათი კარგად მესმის, ყოველთვის ვცდილობ ასეთ შემთხვევაში გულმოდგინე, კარგი მსმენელი ვიყო და მათ ემოციურ ნაკადს სათანადო ღარი მივცე, თუმცა თერაპია მხოლოდ დროებით შველის ადამიანს. აქ სულ სხვა სისტემა ირთვება, განსხვავებული ზემოთ მოყვანილი სისტემებისგან, რომელიც ძალიან გავს ჩემი ბავშვობის დროინდელ ფილმს „მატრიცას“. ფილმის სამივე ნაწილი მცდელობაა სისტემური ვირუსის შეჩერებისა. საბოლოოდ ნეო, მთავარი გმირი ამ ყველაფერს ეწირება. არამგონია, ეს ჰქონოდათ ვაჩოვსკებს ჩაფიქრებული, მაგრამ ჩემთვის კარგი მაგალითია იმისა, თუ რა გზით ხდება სისტემიდან გამოსვლა. მოკვდი, ან გააგრძელე. ამ ემოციური ფონის ნიადაგზე გაჩნდა ცნობილი ამერიკელი და კონცეპტუალიზმის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი ჯენი ჰოლზერი. მისი, მცოცავი ხელოვნება (მე ასე ვიტყოდი) მინიმალისტური პოეტური ტექსტებით მოედო საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის და რამდენიმე სხვა ქვეყნის ქალაქებს. „დამიცავი იმისგან, რაც მინდა“, „არ მისცე ნათელ მომენტს გაქრობის საშუალება“, „მე შენ გრგძნობ“, „ვერ გეტყვი“, „შენ ჩემი საკუთრება ხარ“ და მსგავსი ტექსტები. ის, თითქოს, ცდილობს ხელახლა გახსნას სივრცეები, რომელთა ჩაკეტვაც ისევ და ისევ მათი ჭარბი გახსნილობითა და საბოლოო დეგრადაციითაა გამოწვეული.
დაღამდა.
გარეთ მოსაწევად გავდივარ. ჩემი ჩრდილიდან კატის ჩრდილი ძვრება და მედევნება. ამბობენ, რომ კატები ხშირად იქ სახლდებიან, სადაც ნეგატიური ენერგია ჭარბობს. ბუკოვსკი წერდა „რაც მეტი კატა გეყოლება, მით უფრო მეტ ხანს იცოცხლებო“. ყველაფერი მკვდარია. ყველას სძინავს. დილის ოთხი, ან ხუთი საათია. ტრასაზე რამდენიმე სატვირთო მანქანამ გაიარა და სადარბაზო შეზანზარდა. პარკში თეთრი შუქი ანთია. ეს ყველაფერი ერთად პროჟექტურას ემსგავსება. მე მეშინია. მე ვხედავ როგორ შეყავხართ პალატაში, თეთრ კაბაში გამოწყობილს სამშობიარო საწოლზე გათავსებენ, ჯერ კაბის კალთებს გიწევენ და მუხლებს გითვალიერებენ, შემდეგ კაბას გხდიან და მთელ სხეულს აკვირდებიან. პირს გიხვევენ, მკერდს ნაზად ეხებიან და გკვეთენ. ცოტა ხნის წინ ანესთეზია გაგიკეთეს, ამიტომ უკვე გძინავს და ვერაფერს გრძნობ. შენ უკვე დიდი ხანია გძინავს და ეს ყველაფერი გულს გირევს. ახლა უკვე შენს სათუთ ხვრელში ჯვრებს აფათურებენ, მხოლოდ ამის შემდეგ იბადება ბავშვი, რომელსაც შენსავით სძინავს, ის შენგან შორს მიყავთ და კვლავ შენი სხეულის შესწავლას განაგრძობენ, მე ვეღარ ვუძლებ ამ სცენას და უახლოეს ბარში გავრბივარ ლუდის დასალევად რათა ყველაფერი დავივიწყო. რა მოგვიტანა პოსტმოდერნიზმმა ? არაფერი. მას ღმერთი მოკლული დახვდა, ამიტომ ინდივიდის სიკვდილს დაუწყო ძებნა, მან, როგორც ალან კირბი წერს, დაგვაჯერა, რომ „მისტერ და მისის სმიტებითა“ და „თვაილეთებით“ გატაცებეული ხალხი ვართ, რომ ადამიანის საყვარელი საქმიანობა მასტურბაციაა, ხოლო წყვილების საუკეთესო გასართობი - გერმანული პორნოს ყურება. მოკლედ, მან შეასრულა ის რაც დაისახა. კვლავ ტარკოვსკის „სტალკერის“ ბოლო სცენა მახსენდება, ცოლთან დიალოგი. კარგი ფილმი ადამიანში ფრუსტრაციას უნდა იწვევდეს. ამასობაში ძალიან ბევრს ვჭამ, უნიტაზზე ვჯდები და კუჭში გავდივარ. ამ დროს, მომდის ერთი გენიალური აზრი, „ჩვენ ჭამა და კუჭში გასვლა ერთნაირად გვიყვარს“ და თუკი ჩვენ ვემდურით ჩვენს „გემოთმოყვარეობას“ იქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ კუჭში გასვლის სიყვარულიც, რადგან ამაზე სასიამოვნო არაფერია მუცლის ამოყორვის შემდეგ და ჩემთვის ნათელი ხდება ყოველი სუფრისა და ღრეობის სუბსტანცია.
კარადაში ცოტა მარტინი და არაყი ვიპოვნე. არყის ბოთლის დაცლის ხმა ჩემი საყვარელი ხმაა, სადარბაზოს კარის ჭრიალის შემდეგ. როგორც იქნა ლეპტოპის დამტენსაც მივაგნე. Knife-ს ვუსმენ. ძალიან დავიღალე. ორ ან სამ დღეს კიდევ ვერ დავიძინებ. Иосиф Бродский „Не выходи из комнаты“. მე მახსოვს ერთხელ, ზუსტად ისე, როგორც ამ ლექსშია ოთახში შეკეტილი შიშველ ტანზე პალტომოცმული დავხტოდი შეშლილი სახით და ღერს ღერზე ვეწეოდი, მაშინ ბროდსკი ნამდვილად არ გამხსენებია, ახლა კი მგონია, რომ დამცინის.
წერას ვწყვეტ ყოველგვარი კულმინაციისა და ეპილოგის გარეშე.