- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ცვიკაუ ქალაქია, სადაც მამა ბორისს არასდროს უმოგზაურია, რადგანაც მას ქალიშვილი მათხოვარი ჰყავდა, ხოლო გაიანეს, რომელიც ერთ დროს მამა ბორისის ცოლი იყო, თავისი დიდი ძუძუები დღითიდღე უფრო ეზრდებოდა და უფაფუკდებოდა, რაც არაერთ მამრი საწყისის მქონე არსებაში ისეთ ვნებებს აღძრავდა, რომ ყველას ავიწყდებოდა ერთ დროს გაიანეს ქმარი – მძვინვარე მამა ბორისი, რომლის შიშითაც ფირსაკრავის ფირებიც კი უკუღმა ტრიალებდნენ და ვნებებისგან ცლიდნენ მამრი საწყისის მქონე არსებებს, რადგანაც გაიანე მხოლოდ სიყვარულს ესწრაფოდა, რომელიც სიძვის შესადარი არაა, ხოლო თუ რაა იგი, ეს თვით მამა ბორისის მათხოვარმა ქალიშვილმაც კი არ იცოდა, ისე მიიწევდა იგი ქალაქ ცვიკაუსაკენ, სადაც მას მამა ბორისის მძვინვარების შიშით უკუღმადატრიალებულ ფირებში აჟღერებული და თვით გაიანეს ფაფუკი ძუძუებისათვისაც უცხო და ჯერარნაგრძნობი ვნებები სუფევდა, რომელთაც უნდა ეხსნათ მამა ბორისის მათხოვარი ქალიშვილის ქალწულებრივი უმანკოება, რადგანაც გაიანეს დიდი და ფაფუკი ძუძუების ჩრდილში მას ვეღარ მიეგნო მამრი საწყისისათვის საკუთარ სამშობლოში, სადაც მამა ბორისის მშობლიურ გრძნობებს შთაენთქა კაცთმოყვარეობის სურვილი, ხოლო მამა ბორისი კი, თავის მხრივ, მხოლოდ გაიანეს ძუძუებისაკენ ილტვოდა და ასეთი ლტოლვის გამო მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა, რომელიც ახლა გზას უნათებდა მის ქალიშვილს ცვიკაუსკენ მიმავალ ეკლიან გზაზე, სადაც ნაგულებ მამრ საწყის უნდა გაეფანტა ეკლები და თავისი მამრშეუხებელი სხეული იმ ვარდებით უნდა მოერთო, რომლებსაც მამა ბორისი ყოველდღე უგზავნიდა ფაფუკძუძუებიან გაიანეს, იმ იმედით, რომ მას კიდევ ერთხელ მიეცემოდა გაიანეს ძუძუებში ჩაძირვის ნეტარება და მასაც, მისი მათხოვარი ქალიშვილის მსგავსად, არ გასჩენოდა ცვიკაუსკენ გამგზავრების ლტოლვა, საითკენაც მხოლოდ მამრი საწყისის საპოვნელად მიეჩქაროდა მამა ბორისის მათხოვარ ქალიშვილს, რომელსაც გული აუცრუა თავის სამშობლოში გაიანეს ძუძუების დაუფლების ვნებით დაუძლურებულ მამრი საწყისის მქონე არსებათა ხილვამ და ამიტომაც გადაწყვიტა თავისი ქალწულობა ვარდგაფურჩქნულ ქალაქ ცვიკაუში დაესრულებინა, სადაც, მისი რწმენით, არავის არაფერი არ სმენოდა არც გაიანეს ფაფუკი ძუძუების ხიბლის და არც მამა ბორისის ლტოლვების შესახებ, რომლებმაც მის ქალიშვილს საკუთარ სამშობლოზე გული აუცრუა და ცვიკაუსკენ მიმავალ გზაზე შეაყენა, რომლის ეკლებს ის ვერც კი ამჩნევდა, იმდენად დიდი იყო მამარ საწყისთან ზიარების სურვილი, რისი იღბალიც მას საკუთარ სამშობლოში არ აღმოაჩნდა, რადგანაც მამრი საწყისის მქონე არსებები, იმის ნაცვლად, რომ გაიანეს, უფრო სწორედ, მისი ძუძუების, მამა ბორისის შემდეგ, რომელიც ერთ დროს გაიანეს ქმარი იყო, ხელშეუხებლობის მიზეზებს ჩასძიებოდნენ, თავის მხრივაც, ვნებებისგან დაიცალნენ და მამა ბორისის მძვინვარებაც კი გადაავიწყდათ, ისე ვადაზე ადრე აიცრუეს გული მამა ბორისის მათხოვარი ქალიშვილისათვის ქალწულებრივი უმანკოების დარღვევაზე და ვარდების საკრეფად გაემგზავრნენ, რომელთა სურნელს მაინც იქნებ აევსო ვნებებისგან დაცლილი მათი სხეული, რომელიც მამა ბორისის შემდეგ ხელარნაკარებ გაიანეს ფაფუკ ძუძუებთან ზიარების ლოდინით ამაოდ დაცლოდათ და დღეს მამა ბორისის გულაცრუებულ და ცვიკაუსკენ მიმავალ ეკლიან გზაზე ფორთხვისგან დასისხლიანებულ მათხოვარ ქალიშვილს ისღა დარჩენოდა, რომ ნანატრ ცვიკაუში მაინც მიეგნო უკანასკნელი მამრი საწყისისათვის, რომლის შესახებაც მას მხოლოდ მამა ბორისის მძვინვარებით უკუღმადატრიალებულ ფირსაკრავთა ფირებიდან სმენოდა, მაგრამ, ვინაიდან არც მამა ბორისს და არც მის მათხოვარ ქალიშვილს სმენა არ უვარგოდათ, ვერ მიხვდნენ, რომ ფირები უკუღმა ბრუნავდნენ და გაიანეს ხელშეუხებელი ფაფუკი ძუძუების შემხედვარე ვნებებისგან დაცლილი მამრი საწყისის მქონე არსებებიც ცვიკაუსკენ გამგზავრებულიყვნენ ვარდების საკრეფად და მხოლოდ ცვიკაუში მყოფ მამრ საწყისს შეეძლო გაიანეს ძუძუებისთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მოხსნა და ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდებოდა, რომ არა მამა ბორისის საბედისწერო მძვინვარება, რომელმაც ფირსაკრავის ფირები უკუღმა დაატრიალა და მამა ბორისის მათხოვარი ქალიშვილიც ცვიკაუსკენ გაამგზავრა, სადაც მას მის მიერ გულაცრუებულ სამშობლოდან ცვიკაუში ვარდების საკრეფად გადახვეწილი ვნებებისაგან დაცლილი მამრი საწყისის არსებები დახვდნენ, რომლებსაც სმენოდათ, რომ ცვიკაუში მობინადრე მამრ საწყისს ფაფუკძუძუებიან გაიანესათვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოეხსნა და უკვე სამშობლოსაკენ მიიჩქაროდნენ, როდესაც ისინი გზად უკუღმადატრიალებული ფირსაკრავის ფირებით გზააბნეულ და ლტოლვილად ქცეულ მამა ბორისს გადაეყარნენ, რომელსაც მამარსაწყისიან არსებათა ხელში გაფურჩქნულ ვარდების ხილვამ გაიანეს ფაფუკი ძუძუები გაახსენა, რომელთა წიაღში ჩაფლობის უფლება ერთ დროს მასაც ჰქონდა, სანამ ცვიკაუში მობინადრე მამრი საწყისი გაიანეს ძუძუების სიფაფუკეს ხელშეუხებელს არ გახდიდა, და ისე გამძვინვარდა რომ ცვიკაუში ძლივსჩაღწეული საკუთარი მათხოვარი ქალიშვილი ვარდივით ადგილიდან მოწყვიტა, ვნებებისგან დაცლილ არსებათა სისხლში ამოავლო და ცვიკაუდან ისევ თავის სამშობლოში დააბრუნა, სადაც მეტი მამრ საწყისთა შესახებ აღარავის არაფერი სმენია, არც მუდამ მძვინვარე მამა ბორისს და არც მის მათხოვარ ქალიშვილს, რადგანაც გაიანე უკანასკნელ მამრ საწყისთან ერთად ცვიკაუში გადასახლდა, ხოლო მამა ბორისის დაუძლურებითა და მისი მათხოვარი ქალიშვილის ზღვარსგადაცდენილი ქალწულობით გულაჩუყებული ფირსაკრავი ყოველივე მომხდარში თავს დამნაშავედ გრძნობდა და ამის შემდეგ იგი აღარასდროს ატრიალებდა უკუღმა თავის ფირებს, რათა ცვიკაუს საიდუმლო მეტი აღარავისთვის გაეთქვა.
1998 წელი, თბილისი
(ილუსტრაცია: ელენე ახვლედიანი "ცვიკაუ")