• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ციკლის წყვეტა

×
ავტორის გვერდი ლუკა ეხვაია 00 , 0000 2423

I

მსოფლიო მთავრობისა და პოლიციის შექმნის მერე ომები მაინც არ წყდებოდა, პირიქით, მათი რიცხვი იზრდებოდა, იმ განსხვავებით, რომ ფორმა შეიცვალეს. თუ ადრე გლობალური და დიდი მასშტაბის ბატალიები ჩაღდებოდა, ახლა შედარებით უფრო მოკრძალებული იერი შეიძინეს. დაპირიპისრება ხდებოდა ნარკოკარტელებს, მაფიოზურ კლანებს, სეპარატისტებს, ანარქისტებს, კომუნისტებს და სხვა რადიკალურ მოძრაობებს შორის. მათგან ნაწილი მთავრობას ებრძოდა, სხვები თავისი გავლენების გაფართოებისთვის იღწვოდნენ რეგიონში. ამას კრიმინალის ზრდაც ემატებოდა, საქმე იქამდე მივიდა, რომ ექსტრემისტული რელიგიაც ფორმირდა, სახელწოდებით, „მხსნელთა დასი“. ისინი არამხოლოდ მსოფლიო მმართველებს, არამედ მათ სისტემაში მოქცეულ ყველა კონფორმისტს ემუქრებოდნენ, აწყობდნენ ტერაქტებს, არ ინდობდნენ არცერთი კლასის წარმომადგენელს, რადგან მიაჩნდათ, რომ ხარბი ბიუროკრატებზე ნაკლები დამნაშავენი არც მშიშარა და თვინიერი ექპსლუატირებულები იყვნენ(ვინმეს მხრიდან მათი სექტად მოხსნიება, შეიძლება საკმარისი საბაბი გამხდარიყო მორიგი ტერაქტის სამიზნის სელექციისას). ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის შემდეგ დედამიწის მოსახლეობის რიცხვი განუხრელად მატულობდა, კლასობრივი ნაპრალები კი კიდევ უფრო ღრმავდებოდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით რელიგიურმა ექსტრემისტებმა, რომლებიც საკუთარ თავს „მხსნელებს“ უწოდებდნენ, გადაწყვიტეს, რომ სისტემის გადატვირთვა მხოლოდ მსოფლიო მოქალაქეთა განახრევების მეშვეობით იყო შესაძლებელი(შენიშვნა: მათი კონცეფციის სიმარტივეში გამოხატული ბუნდოვანება კიდევ უფრო მისტიკურ იერს სძენდა ორგანიზაცას). მკვლელობის ჩადენის დროს ისინი ერთგვარ მესიანისტურ სიმაღლეზე იმყოფებოდნენ. ელიტებს, იმის გარდა, რომ სტაბილურობის დამრღვევები სასტიკად სძულდათ, არც მუშა ხელის დაკარგვას აპირებდნენ, ამიტომ ყველა არსებული რესურსით ებრძოდნენ მიწისქვეშეთში მოქმედ რელიგიურ ექსტრემისტებს. ამ მოვლენების პარალელურად ძალებს იკრეფდა ე.წ. „ჩინგისხანის მემკვიდრეების“ მოძრაობა, რომლებიც დიდ მეგაპოლისებზე ნადირობდნენ. ეს მოძრაობა მწვანეთა პოლიტიკური პლატფორმის რადიკალური ფრთა იყო, რომლებიც დედამიწის და ბუნების გადარჩენას მხოლოდ ცივილიზაციის გავერანებაში და მისთვის პირველყფოლი სახის დაბრუნებაში ხედავდნენ. მათ შექმნეს „ლორთქო ბალახის“ კულტი და სადაც ახლად ამოწვერილ ბალახს დაინახვდნენ, წამსვე ლოცვას აღავლენდნენ. ჰორიზონტზე გამოჩნდნენ უფლებადამცველების ახალი პლეადაც, ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ ყველანაირ პერვერსიაზე აკრძალვა მსოფლიო დონეზე მოხსნილიყო, აწყობდნენ საპროტესტო აქციებს და მარშირებდნენ ქუჩებში. აღმოსავლეთში ევოკაციო განიცადა სამურაების ინსტიტუტმა, ისინი თავიანთ ახალ ფუნქციად ცხოველების დაცვას მიიჩნევდნენ. ნეოსამურაების ხედვის მიხედვით, ადამიანი ცხოველთა ევოლუციურ გზაზე გაპარული ხარვეზი იყო, ეს ხარვეზი ადრე თუ გვიან თვითდესტრუქციას დაიწყებდა, ხოლო ამ აღთქმულ დრომდე საჭირო იყო, რაც შეიძლება მეტი ცხოველის სახეობა გადარჩენილიყო. ამ პროცესებთან ერთად გაღვივდა „ავთენტურ კურტიზანთა“ კერები, ამ სახელით იწოდებიან ის პერსონები, რომელთა იდეოლოგიაც შემდეგს ქადაგებს: ადამიანები იყოფიან ორ კლასად, კურტიზანებად, რომლებიც ამას საჯაროდ აღიარებენ, არ თაკილობენ და კურტიზანებად, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ნამდვილი „მეს“ შეფუთვას, დამალვას ცდილობენ, მაგალითად, პოლიტიკოსები, სამხედროები, იურისტები, ბანკირები და ა.შ. მათი დაჟინებული მოთხოვნა იყო მსოფლიო სახელმწიფოსთვის ახალი სახელის, „კურტიზანთა ელიზიუმის“ დარქმევა. პერმანენტული ხასიათი მიიღო საზოგადოების კიდევ ერთი ჯგუფის მიერ გამართულმა პროცესიებმა, რომლებიც თავგამოდებით მოითხოვდნენ მამლების ორთაბრძოლის ლეგალიზაციას. მსოფლიოში არსებული ვითარების მეოხებით ელიტებმა შეკრიბეს მეცნიერ-მკვლევართა მულტიდისციპლინური ჯგუფი და სიტუაციის დაბალანსების გზების შემუშავება უბრძანეს. შედეგები მალევე დაიდო, მათგან ყველაზე შთამბეჭდავი და ხელსაყრელი შეირჩა და იმპლიმენტაციის ეტაპიც ამოიქოქა.

პოლიტიკური პრაიდების არჩევანი ტვინის ელექტროფორეზზე შეჩერდა. მეცნიერ-მუშაკების აზრით, ამ მეთოდის მიხედვით, შესაძლებელია, ელექტრული დენის მუხტით მიზანმიმართული და მკაცრად დოზირებული სტიმულირება მოვახდინოთ ადამიანთა ტვინზე და მის ცალკეულ უბნებზე. ტვინის კონკრეტული უბნის გაღიზიანების ან ჩახშობის შედეგად მივიღებთ განახლებულ და გაწონასწორებულ ადამიანს, რომელიც ჰარმონიული პიროვნება იქნება, რადგან მისი ტვინის თითოეული უბანი თანაბრად იფუნქციონირებს. ამ გზით აღიკვეთება ყველანაირი ექსტრემიზმი, აკვიატებული შიშები, სისასტიკე, გადამეტებული სექსუალური ლტოლვა, ჯანყის მოუთოკავი სურვილი და სხვა ბევრი პრობლემა, რაც მშვიდობიან და სტაბილურ მსოფლიო საზოგადოებას საფრთხეს უქადის. რამდენიმე დღეში გამოიცა უზენაესი დეკრეტი, ის უკლებლივ ყველა მოქალაქეს ავალდებულებდა უახლოეს კვირაში გაევლო ელექტროფორეზის სავალდებულო პროცედურა, მისი განმეორებით ჩატარება ყოველ ორ თვეში იმპერატივი გახადეს. დეკრეტში ნათქვამი იყო, რომ ეს ყოველივე დიდი სიკეთის კულტივირებისთვის კეთდებოდა,  რათა ადამიანთა რასა Homo sapiens-დან Homo aequus-მდე დაწინაურებულიყო. ლათინურად სიტყვა aequus ბევრ მნიშვნელობას ატარებს, ის შეიძლება ნიშნავდეს სამართლიანს, მშვიდს, თანასწორს, მოწყალეს და ხელსაყრელსაც კი, ამიტომ მთელი კაცობრიობა გაუბედავმა, ჩუმმა ფუსფუსმა მოიცვა, ყველა იმის ცდაში იყო, როგორმე ჩასწვდომოდნენ მთავრობის უპიროვნო ძალის ჩანაფიქრს. თუ ვინმე შეეცდებოდა თავი აერიდებინა ელექტროფორეზის პროცედურისთვის, ავტომატურად ცხადდებოდა პერსონა ნონ გრატად და მის ძებნას იწყებდა მსოფლიოს პოლიციური სტრუქტურები. დაკავებისას ძალით უტარებდნენ პროცედურას, მხოლოდ ამის შემდეგ დაუყოვნებლივ ანთავისუფლებდნენ პატიმრობიდან.

გადიოდა თვეები და ყალიბდებოდა საზოგადოება, სადაც დანაშაულის რიცხვი სასწაულებრივად მცირდებოდა, კატორღები სულ უფრო და უფრო ცარიელდებოდა, ხოლო მასობრივი დემონსტრაციების რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იკლებდა. ელექტროფორეზის რიტუალის ჩატარების მსრუვლეთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა.

II

-ამბობენ, მხოლოდ ნიჰილისტების ჯგუფიღა გადაურჩა გუშინდელ იერიშსო.

-მგონი მართლაც ასეა, ფილიპე IV-ის მოთოდი გამოიყენეს, მეამბოხეთა ყველა ბასტიონს ერთობლივად დაესხნენ თავს. ტამპლიერების მდგომარეობაში ახლა ნამდვილად შევდივარ.

-იოჰან, მოქმედებას ვიწყებთ?

-სხვა რა გზაა. დარჩა ბოლო ვარიანტი, რაზეც დიდი ხანია ვბჭობთ. აჯანყებულთა ყველა ფრთა ლიკვიდირებულია, ნიჰილისტებს მოგვიწევს უკანასკნელი დარტყმის მიყენება.

-კომიკურია, მახსოვს კატაკომბებში სეირნობისას როგორ ვიქცევდით თავს უსაგნო საუბარით და რეალობას გავურბოდით. დღეს კი ვაღიარებთ, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია რეალიების შეცვლა. ადრე სხვის მცდელობებს იქედნურად დავცინოდით..

-გეშლება, ქევინ, ჩემი იდეოლოგია უდრეკია, ახლაც მგონია, რომ სისტემის ჩამოშლის შემთხვევაში შორეულ პერსპექტივაში ისევ იგივე განმეორდება. როგორი დამღლელია ეს ციკლური ბრუნვა.

-შეგიძლია დარჩე კატაკომბებში და გააგრძელო მშვიდად ცხოვრება, არავინ არაფერში გავალდებულებს.

-აქ თუ ზევით, მიწაზე, სიკვდილი მალე მაინც მომიწევს. რესურსები იწურება, მირჩევნია ღირსეულად მოვკვდე.

-მართალია.

-არაფერია იმაზე ამაზრზენი, როდესაც ექპსლუატირებული ექპლუატატორს ეტრფის და ელაქუცება.

-შენი უკიდეგანო მიზანთროპია ხანდახან მაფიქრებს.

-შხამიაბი ბუღი თან სდევს კაცობრიობის არსებობას, მაგრამ დეგრადირებულ Homo aequus-ებზე მეტად, მაინც ელიტები მძაგს. პირველს, მგრძნობელობა წაართვეს, მეორეებმა - თავისი გადაწყვეტილებით მიჩქმალეს.

-ასეთი ენთუზიაზმი და მოძალებული ზიზღი შენს ნიჰილისტობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჯობს შევეშვათ ფილოსოფიურ მანევრირებას და ენერგია დავზოგოთ.

უშველებელი ჰესებით განაშენიენბული მთვარის შუქი ძლივს ლიცლიცებდა დედამიწის ზედაპირზე, თითქოს კვნესის და თავ-ბედს იწყევლის თანამგზავრის არასწორად შერჩევისთვის და მის წიაღში წყლის აღმოჩენისთვისო. იოჰანი და ქევინი უყურებდნენ მას და ფიქრობდნენ იმ დროზე, როდესაც მთვარე რომანტიზმის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. უფრო სწორად, იოჰანი ფიქრობდა ამაზე, რადგან გულის სიღრმეში დაცემული მეოცნებე იყო. მას ბალიშის ქვეშ წლების მანძილზე ფიცჯერალდის „დიდი გეთსბის“ უკანასკნელი ეგზემპლარი ჰქონდა ამოდებული და დღე არ გავიდოდა, რომ ერთი მონაკვეთი არ წაეკითხა:

„რაში მჭირდებოდა დიდი საქმეების კეთება, თუ ამ ასულთან გეგმებზე საუბარი მეტ სიხარულს მომანიჭებდა?“

იოჰანი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ამ სიტყვებში იმალებოდა ის ყოვლისმომცველი და ყოვლისშემძლე სიყვარული, რომლის გადმოცემა ასე მარტივად და მოკლედ სხვა ვერცერთმა მწერალმა ვერ შესძლო. შეჰნატროდა ნატანჯ მთვარეს და ფიქრებში თავის მეგობარ გოგონას იხსენებდა, რომელიც პოლიციურმა ქვედანაყოფებმა ორიოდე წლის წინ წაიყვანეს და ელექტროფორეზის პროცედურას ძალით დაუქვემდებარეს. იოჰანმა რამდენიმეჯერ მოახერხა კატაკომბებიდან გამოძრომა, მასთან მიახლოება და საუბრის გაბმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. იგი ლაკონურად, მშრალად და უგრძნობლად პასუხობდა დასმულ კითხვებს, თან ემჩნეოდა, რომ გაუგებრობას მოეცვა მისი არსება, ვერ მიმხვდარიყო იოჰანი ასე აღტაცებით რატომ საუბრობდა ან თვალები ასე უცნაურად რატომ უციმციმებდა. ბოლო პაემანისას ბიჭმა ვეღარ გაუძლო ცდუნებას და ჩახუტება სცადა, უცებ დებორამ სამაჯურის ერთ-ერთ ღილაკს დააჭირა, რასაც გვერდითა ქუჩიდან პოლიციის სირენების ხმის ჭყივილი მოჰყვა. აღელვებულმა იოჰანმა უზენაესი დეკრეტის ერთ-ერთი ქვემუხლი ვერ გაითვალისწინა, სადაც გარკვევით ეწერა, რომ რაიმე უჩვეულოს შენიშვნის შემთხვევაში მოქალაქე Homo aequus-ს ევალებოდა საგანგაშო სიგნალის ჩართვა. მათთვის კი ყოველდღიური რუტინის გარდა ყველაფერი უცნაურობას წარმოადგენდა. გაქცევა მოასწრო, მაგრამ იმ დღის მერე გული ყველაფერზე აუცრუვდა.

ქევინი იოჰანთან შედარებით მარტივი ფსიქოტიპი იყო, დღეებს 6D ვიდეო თამაშებით კლავდა და სხვა არაფერზე ცდებოდა. თვლიდა, რომ ვირტუალურ სამყაროში ტელეპორტირებით არამარტო სიყალბეს და ილუზიებს სწყდებოდა, არამედ სამყაროსაც ნაკლებად ამძიმებდა და მინიმალურ ზიანს აყენებდა გარშემომყოფთ. სულ იმის მტკიცებაში იყო, რომ ირიალური უფრო მეტად რეალური იყო, რადგან რეალურობას არ იჩემებდა.

III

ნიჰილისტებმა უნიკალურ აირზე მუშაობა დაასრულეს. მას ბევრი ღირსება ჰქონდა, მაგრამ უმთავრესი მაინც ის იყო, რომ აირის მცირე დოზის ჰაერში გაშვებისთანავე მზის სხივის სიჩქარით ვრცელდებოდა, ცოტა ხანში კი თავად ორთქლდებოდა. იგი რამდენიმე წუთში იწვევდა ადამიანის სხეულის სრულ პარალიზებას, რაც ორიოდე საათს გრძელდებოდა. გეგმის მეორე ეტაპს ფუნქციონირების შესაძლებლობა მოსპობილი ელიტებისთვის ძალაუფლების ჩამორთმევას წარმოადგენდა. აქ ნიჰილისტების აზრი ორად იყოფოდა, ზოგნი მათ გაჟღლეტვას ემხრობოდნენ, ზოგნიც -  მათ სხვა პარალელურ სამყაროში გადასროლას. თორმეტი წლის წინ მეცნიერება პარალელური სამყაროების არსებობა დაამტკიცეს, მაგრამ პორტალის გახსნის ნებართვას ვერ იღებდნენ მრავალგვარი რისკ ფაქტორის გამო. არავინ უწყოდა, სხვა სამყაროებში რა ხდებოდა და როგორი არსებები ბინადრობდნენ. ბოლო ეტაპი მსოფლიო საზოგადოებისთვის იმის უწყება იყო, რომ რევოლუციის შემდეგ ისინი აბსოლუტურად თავისუფალ პლანეტაზე დამკვიდრდებოდნენ, იხსნებოდა ყველა სახის შეზღუდვა. ნიჰილისტები თვლიდნენ, რომ დანარჩენი ადამიანებზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული, აირჩევდნენ სისტემას, სადაც იბატონებდა ცხოვრების სტილი, ყველას ომი ყველას წინაშე თუ ურთიერთდახმარებაზე და ურთიერთგაგებაზე დამყარებულ სოციუმს შექმნიდნენ. კაცობრიობას კიდევ ერთი შანსი ეძლეოდა.

კატაკომბებში ბოდიალით დაქანცული იოჰანი, ხან რომელი დანაყოფის სათათბირო ოთახში შეალაჯებდა, ხანაც რომელში. დაყიალობდა დერეფნებში და იხსენებდა განრისხებულ და გაწიწმატებულ დებორას. არაფერი ისე არ უხდება ადამიანს, როგორც ემოცების ვეზუვი და აფექტი, ამ დროს იგი თავისი თავის ნამდვილი ბატონ-პატრონი ხდება და შიშებისგან სრულიად თავისუფლდება. იხსენებდა ვნებამოძალებულ წუთებს, როცა თეთრ გადასაფარებელში აბლანდული წყვილი ძალაუნებურად მთელს სამყაროზე წინ თავიანთ მომცრო, გაბუღულ ოთახს აყენებდნენ. მიმოფანტული ტანსაცმელი, გადმოპირქვავებული საფერფლე, მიყრილ-მოყრილი წიგნები, სვეტებად დაწყობილი 6D თამაშების დისკები, რომლებსაც სექსიდან სექსამდე ინტერვალებში ეძალებოდნენ. ოთახის სურათის აღდგენისას წამიერად ისევ ეწია ბედნიერებას, უდარდელი და ზარმაცი დღეები ხომ ასეთი ცოტაა ჩვენს სიცოცხლეში, მაგრამ მათზე სასიამოვნო ცოტა რამ თუა. სიამოვნება კი რისი სიამოვნებაა თუ ლაითმოტივად სიოსავით ნაზი ნოსტალგია არ გასდევს. იოჰანი ახლა ხვდებოდა თუ რას გულისხმობდა კამიუ, როცა იძახდა, სიყვარული ყოველთვის საკუთარ თავთან გვაბრუნებსო. ამასობაში დერეფანში ციმციმები ათამაშდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ საბოლოო კრებაზე უხმობდნენ ამბოხებულებს.

ნეონით განათებულ ვებერთელა დარბაზში ორასამდე კაცს მოეყარა თავი, წელს ზემოთ უმეტესობა შიშველი იყო, მათ დაკუნთული სხეულები და დაძაბული სახეები ბრძოლისთვის მზადყოფნას მოასწავლებდნენ. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მსოფლიო მთავრობის შენობაში შეღწევისთანავე დაემონტაჟებინათ ერთწუთიან წამზომზე მომართული ბომბი და მხოლოდ მას მერე აემუშავებინათ, როცა ყველა მმართველს ადგილზე დაიგულებდნენ. პორტალის გახსნის იდეა ჩავარდა. თუ სადმე შეიძლებოდა არსებულიყო ვალჰალა, უთუოდ ეს დარბაზი იქნებოდა, ერთი განსხვავებით, ამ მეომრებიდან ყველა ოდინი იყო. მტრის მიმართ ლოიალურობაზე ერთხმად უარი განაცხადეს. ბრძოლის ჟინს თითოეულისათვის გული აეჩქარებინა და საფეთქლები ბარებნებივით გუგუნებდნენ. გონგის ხმა გაისმა, ოპერაცია ერთ საათში იწყებოდა.

IV

კატაკომბებიდან ამოძრომის და პირველი სვლის გაკეთებისთანავე, ოც-ოც მეომრად დისლოცირებული ჯგუფებიდან მხოლოდ ერთი ჯგუფი იყო ნაკლული, მაგრამ მიზეზის მოკითხვის დრო აღარ რჩებოდა. ამბოხებულებმა აირწინაღები მოირგეს, ყოველი შემთხვევისთვის იარაღი აისხეს და გამჭირვალე, საზამთროს ზომის ოვალურ კონტეინერს თავი მოხადეს, საიდანაც ჭაობისფერმა აირმა ამოხეთქა და წამშივე მოიცვა გარემო. დროის ათვლა დაიწყო, მსოფლიო პარლამენტამდე მისაღწევად სარკისებრი მფრინავი დაფები გამოიყენეს, რომელთა მეშვეობითაც ათიოდე წუთში შენობის მოელვარე ჭიშკარტთან იდგნენ. მოვერცხლისფრო-თეთრი ტიტანით დამზადებული კარიბჭე მედიდურად აღმართულიყო, მის კიდეებს თვალს ძლივს თუ შეავლებდით. მცველები, ისევე როგორც სხვა დედამიწის მკვიდრნი, ვისაც სპეციალური აირწინაღები არ ეკეთათ(ან რატომ უნდა კეთებოდათ, „ცივი ომის ცხელი დღეების“ მსგავსად ბირთვული ომის საფრთხე დიდი ხანია აღარ ყოფილა)  ძირს უგონოდ განთხმულიყვნენ. მეამბოხეებმა კარიბჭეზე ვეშაპის ულვაშისაგან დამზადებული ბაწრები გადააგდეს და გადაძრომას შეუდგნენ. შენობაში შეწღევისთანავე მთავარ პალატას მიაშურეს. მათდა საბედნიეროდ მსოფლიო მთავრობის ასივე წევრი, რომელიც სიმბოლურად ასი ოლქის დელეგატს განასახიერებდნენ, ადგილზევე დახვდათ სხვადასხვა პოზებში მიყრილნი. პომპეზური და თვალუწვდენელი ჭიშკრის გარდა შიგნით არანაირ წინაღობას აღარ გადაყრილან, დაუყოვნებლივ დაამონტაჟეს ასაფეთქბელი მოწყობილობა, რასაც ციფერბლატზე წითლად წამზომის აციმციმება მოჰყვა. მალევე ყველა ამბოხებული შენობის მიღმა იმყოფებოდა და საერთო მზერა ქევინისკენ მიეპყროთ, რომელსაც დინამიტის გასააქტიურებელი პულტი მუჭში მოექცია. ამ დროს ცისფერი სპირალისებური ტელეპორტი გაიხსნა ცაზე და მსოფლიო მთავრობის შენობის ადგილას წამსვე მოტიტვლებული, ფხვიერი მიწა დარჩა.

იოჰანი თავისი მოკავშირეების წინააღმდეგ წავიდა, ოპერაციის დასაწყისშივე ტელეპორტაციის საექსპერიმენტო ბაზას მიაშურა, ციფრულ ეკრანზე მსოფლიო მთავრობის შენობის პერიმეტრი მონიშნა და ღილაკს დააჭირა. ტელეპორტის კარი გაიხსნა და ამას რაც მოჰყვა, მეამბოხეების ამბავის თხრობისას უკვე შევიტყვეთ. საექსპერიმენტო ბაზიდან მეგობრეთან დაბრუნებულ იოჰანს კიდევ უფრო მოულოდნელი სურათი გადაეშალა წინ. პარლამენტის შენობის გაქრობაზე მეტად იმან უფრო გააოცა, რომ არე-მარე სისხლით იყო მორწყული. მისი მეგობრების სხეულის ნაწილები დაგლეჯილი და უთავბოლოდ მიმობნეული დახვდა. იოჰანმა იცოდა, რომ ამას პლანეტაზე არსებული ვერცერთი არსება ვერ ჩაიდენდა, რადგან მათი აბსოლუტური პარალიზებიდან ჯერ-ჯერობით ერთი საათიც არ გასულიყო. და უცებ ისეთი აზრი მოუვიდა, რამაც თავში ყველა ბნელი კუნჭული გაანათა და თან მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ტელეპორტი კარი უთოდ ორივე მხრივ გახსნილიყო.

ლოგიკურ ხლართებში გაბმულს ცხვირ წინ სპილოს ეშვივით ფითქინა და მბზინავი არსება მოევლინა. მისი ფეხები ადამიანის საშუალო სიმაღლეზე ორჯერ მაღალი იყო, ტერფის მაგივრად მახვილკუთხოვანი საცეცე ჰქონდა, რომელიც ნელ-ნელა ფართოვდებოდა. კაუჭისებრი ტანი თვალში აუცილებლად გეცემოდათ, ალბათ კვაზიმოდოზე მეტად მოხრილიყო წელში, ხელები კი ალი-კვალი ფეხები იყო, მხოლოდ ოდნავ ვიწრო და მოკლე. რაც შეეხება თავს, გადმობრუნებულ კონუსს მიუგავდა, ორი თვალის ნაცვლად ასობით პატარა წერტილი ჰქონდა, რომელიც გამალებით ხამხამებდა. ერთ უშველებელ მწერს მოგაგონებდათ, მაგრამ მწერისგან განსხვავებით ზიზღს არ იწვევდა, ალბათ ფერის გამო. ანგელოზის დამახინჯებულ ვარიაციას უფრო მიამსგავსებდით. მწერ-ანგელოზმა საცეცე, რომელიც ხელის მაგივრობას უწევდა, დაშნასავით მოიქნა და იოჰანის თავი სხეულს მძიმედ მოსწყდა.

სხვა განზომილების პლანეტიდან შემოღწეული არსებები ერთ დღეში მთელს პლანეტას დაეპატრონენ და ყოველივე ცოცხალი მოსპეს. იოჰანს სენტიმენტების შემოტევა ძვირად დაუჯდა, მასში ღრმად დამარხულ იდეალისტურ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ახალი სისტემის ფორმირება სისხლიან ფუნდამენტზე არ უნდა მომხდარიყო, საბოლოოდ არმაგედონი მოჰყვა. ამ მოვლენების შემხედვარე სრულიად სხვა განზომილებაში მცხოვრები მემატიანე-სტალკერი სწერდა, რომ პროგრესი მსხვერპლის გარეშე ილუზიაა. ტყვიისფერ ღრუბელს დედამიწაზე ყველაფერი ჩაეყლაპა.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული