• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

შეგრძნებების კატაკომბები

×
ავტორის გვერდი ლუკა ეხვაია 12 იანვარი, 2012 2410

გაოფლიანებულს მეღვიძება, გულს ბაგაბუგი გაუდის, ჩვეულებისამებრ სიზმარი ფრაგმენტულად მახსენდება,  მხოლოდ ბოლო ეპიზოდი ჩამებეჭდა გონებაში ისეთივე სიცხადით, როგორც ის, რომ მე ქსავიერი ვარ. გამოფხიზლებისას პირველ წამებში ლოგინზე მიბმულივით ვიყავი, შემდეგ ცოტა დავმშვიდდი და ფეხზე წამოდგომა ვცადე, მაისური გასაწური იყო და დისკომფორტს მიქმნიდა, უნდა გამომეცვალა. წამოვიწიე თუ არა, ჩემი ორადგილიანი ლოგინის მეორე, იდეაში თავისუფალ მხარეს, საბანი ამობურცული დამხვდა და პირველი ამან მიიპყრო ჩემი ყურადღება(ეს სანახაობა პარანორმალურად წააგავდა სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ ნახატს, რომელშიც გველს სპილოთი აქვს პირი ჩაკოკლოზინებული). დღემდე ჩემს ოთახში არცერთი ოჯახის წევრი არ შემოსულა დაუკითხავად, გამიკვირდა და გადავწყვიტე მენახა რომელი მათგანი შემომეკედლა. სანამ ლოგინს ნახევარწრეზე ვუვლიდი საბანმა ჩაზნექვა დაიწყო. თვალებს ვერ დავუჯერე, მეგონა ჰალუცინაციები დამეწყო. ორი წუთის წინ იქ ვიღაც იწვა, ამაში სრულიად დარწმუნებული ვიყავი. საბანი გადავწიე და შიგნით სიცარიელე დამხვდა. გავბრაზდი, ვერ გავიგე რა ხდებოდა. ვაღიარებ, ქვეცნობიერის სადღაც ბნელ კუნჭულში შიშიც შემეპარა.

მანამ, სანამ მაისურს ვიცვლიდი, უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვიღაც დაჟინებულ მზერას არ მაშორებდა, ოღონდ რომელი მხრიდან ვერ გავარკვიე. ეს უკვე მეტისმეტი იყო, ჯერ ღამის კოშმარები არ კმაროდა, ახლა რეალობაში რომ არ გადმოენაცვლა?! მაისური თავზე გამალებით ჩამოვიცვი(პატარაობიდან მოყოლებული ასე ვიქცევი, რადგან მოქმედება რომ გავწელო მგონია გავიგუდები ან ვინმე მომენტით ისარგებლებს და ზიანს მომაყენებს. გეთანხმებით, სულელური ახირებაა) და ოთახი სწრაფად მოვათვალიერე, ყველაფერი ძველებურად დამხვდა. სამზარეულოდან მაცივრის გახნის ხმა მომესმა და რატომღაც მესიამოვნა, მანიაკალურად მომინდა ნებისმიერ ოჯახის წევრთან ენაგაუჩერებლად მელაყბა. კორიდორში გავედი და გონებაში სიზმრის ბოლო ნაწილის აღდგენა დავიწყე.

უსიერი ტყის შესასვლელთან ვიდექი, აბიბინებულ მოლზე და შიგნით შესვლა ვერაფრით გამებედა. ამ დროს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს უკან მოტოვებული მოტიტვლებული დაბლობიდან რაღაც ცბიერად და შეპარვით მიახლოვდებოდა. ტყისა და მდელოს მიჯნაზე, ვერ გადამეწყვიტა როგორ მოვქცეულიყავი და სწორედ ამ გაწამაწიაში და დაბნეულობაში გამომეღვიძა. სიზმრის აღდგენის მცდელობაში სამზარეულოში მექანიკურად შევაბოტე, სიცარიელე და ძველებური წესრიგი გამეფებულიყო. ცოტა დავიბენი, სამზარეულოდან ისე ვერავინ გამოვიდოდა დერეფანი რომ არ გაევლო, დავიჯერო რომელიღაცამ დამასწრო და სანამ ოთახიდან გამოვლასლასდი თავის სამყოფელში შეიყუჟა? თუ ასეა, მაშინ ჩემი უმცროსი ძმა იქნებოდა, ალბათ შიმშილმა შეაწუხა.

სამზარეულოში ბარის მაგიდასთან ჩამოვჯექი და იქვე მიგდებული ლეპტოპის ჩართვა ვცადე, უშედეგოდ, ბრძანებაზე არ რეაგირებდა. მერე მშობლები მე დამიწყებენ ჩხუბს თვეში ერთხელ კომპიუტერი შესაკეთებლად ან დაიგნოსტიკაზე რატომ მიგაქვსო, არადა, თვითონ სრულიად გულგრილები არიან ტექნიკის მიმართ. ნეტავი, ამჯერად რა დამართეს. ერთი გარე ვინჩესტერი ვერ ვიყიდე წლების განმავლობაში მოქუჩებული ელექტრონული წიგნების კოლექცია, მუსიკალური ალბომების, ფოტოების და ფილმების არქივები უსაფრთხოდ რომ შევინახო, ასე ხშირადაც აღარ მომიწევდა პროგრამისტებთან წანწალი. მალევე წამოვდექი და გადავწყვიტე ჩემი ძმის ოთახში შემეხედა, ეჭვი არ მეპარებოდა რომელიმე ვიდეო თამაშში თხემიდან ტერფამდე იქნებოდა ჩაძირული. შემდეგ მშობლებს უკვირთ დილით გაღვიძება ასე კატასტროფულად რატომ უჭირსო. ოთახის კარი შევაღე და შიგნით არავინ დამხვდა. ამაზე უკვე ღირდა განგაშის ატეხვა, სად უნდა ყოფილი შუა ღამეს ჩემი თორმეტი წლის ძმა?! ოთახი თვალებით არაადამიანური სიჩქარით მოვჩხრიკე და ერთადერთი უცნაური რამ რაც შევამჩნიე, ვერანდაზე გამავალი გაღებული კარი და მოფარფატე ფარდა იყო. ცუდად მენიშნა. დაუყოვნებლივ მისი მიმართულებით გავიწიე, მაგრამ ფეხები კარგად აღარ მემორჩილებოდა, ძლივს მივიზლაზნებოდი. ეს რაღა ჭირია, რა ხდება ჩემს თავს?! აფრიალებული ფარდის მიღმა ვერანდაზე გავიხედე და ჩემი ძმა დავინახე, რომელიც ბალუსტრადაზე ასულიყო და წელში გამართული პირით ქუჩისკენ აღმართულიყო. პანიკამ მომიცვა, კინაღამ ავქვითინდი, იმდენად დავუძლურდი წინ ვეღარ მივიწევდი, მუხლები მეკვეთებოდა და მხოლოდ სიკვდილს ვნატრობდი.

წამის მეასედში ამოტიტვივდა ქვეცნობიერის მიერ განდევნილი შიში, როდესაც ვერანდაზე ყოველ გაფაჩუნებაზე და უმნიშვნელო ხმაზე ისტერიკაში ვვარდებოდი, მეშინოდა ჩემი ლუნატიკი ძმა აივნიდან არ გადავარდნილიყო. კარგად მახსოვს სამი-ოთხი წლის ასაკიდან როგორ უყვარდა აივანზე დგომა და ქუჩაში მოსიარულეების თვალიერება, თანაც, ერთხელ დედაჩემმა დაიწუწუნა, მაშინებს და მეუბნება აივნიდან უნდა გადავხტეო. ეს ყველაფერი ისე ცუდად დაილექა ჩემს გონებაში, რომ ვერანდაზე თითოეული გამოძრავებისას უძლურების და უსუსრების გრძნობა მიპყრობდა, ის ინციდენტი რომ მომხდარიყო, რომლისაც წარმოსახვაში უკიდეგანოდ მეშინოდა, მე ვეღარაფერს ვუშველიდი.

ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ ბავშობისდროინდელი ბოდვითი ჩვენებები ჩემს თვალწინ უნდა ამხდარიყო. დალაპარაკება, მითუმეტეს, დაყვირება ვერ გავბედე, ვცდილობდი ძალები მომეკრიფა და მის დასახმარებლად როგორმე მოაჯირამდე მიმეღწია. რაღაც მომენტში მეგონა რომ საფრთხემ გადაიარა და ნელი ნაბიჯებით ავმოძრავდი, კარებში გავედი, ერთი მეტრიღა მაშორებდა ჩემს ძმას, დიდი ნახტომი გავაკეთე და ფეხებში ვტაცე ხელი, მაგრამ ჩემს მოძრაობასთან ერთად ისიც წინ გადაიზნიქა, ხელებიდან გამისხლტდა და ჩემი თვალთახედვის არედან მაშინვე გაუჩინარდა.

არა, არა, ვერ დავიჯერებ რომ ეს ცხადში ხდება, ჩემი პატარა ძმა, როგორ გავაგრძელო ცხოვრება?! იაპონელები ამბობენ, რაც უფრო ხშირად და მრავალფეროვნად გაითამაშებთ გონებაში საკუთარი სიკვდილის სცენებს, მით უფრო შეეგუებით და მოიშინაურებთო მას. აბსურდია. მთელი ბავშობა ჩემი ძმის სიკვდილის სცენების ძალაუნებური ინტერპრეტირებებით ვითრგუნავდი თავს, რამდენი ტკივილი და განცდა გადამიტანია, მაგრამ მაინც თავზარდაცემული ვდგავარ. გამბედაობა მოვიკრიფე და წინ წავიწიე, რაღაც ზებუნებრივის იმედი კიდევ მქონდა, ქვემოთ გადავიხედე და სიცარიელე დამხვდა. არც გვამი, არც სისხლი, სიკვდილის ნიშანწყალიც კი არ ჩანს. გულზე მომეშვა და ძალები დამიბრუნდა, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს თავს თუ მარტო ვიმოქმედებ და სასწორის პინაზე მხოლოდ ჩემი სიცოცხლე ექნება, ისე აღარ შემეშინდება.

გაბრუებული და დაბუჟებული გამოვარდი ღამის ხალათისამარა ქუჩაში და მხოლოდ ამ დროს დამარტყა თავში, რომ სახლში შეიძლებოდა მშობლები ყოფილიყვნენ. მარტო ვერ დავტოვებდი, ჩემი თვალით სანამ არ ვნახავდი რომ იქ არავინ იყო, მანამ არაფერს მოვიმოქმედებდი. სადარბაზოში შევრბრუნდი და გადავწყვიტე ამჯერად კიბის მაგივრად ლიფტით მესარგებლა, გამოვიძახე და ველოდები მეექსვე სართულიდან როდის დაეშვებოდა. ამასობაში სადარბაზოში განათება აციმციმდა, შევყოყმანდი, გადავიფიქრე ლიფტით ასვლა, მაგრამ მალევე გადამიარა შიშისმიერმა შემოტევამ და ჩემი თავი დავძრახე გამოვლენილი ბავშური სისუსტისათვის. როგორც იქნა მოაღწია, კარი გაიღო და დაუფიქრებლად შევაჭერი შიგნით. მეოთხე სართულზე ვიყავი როდესაც სინათლემ კვლავ დაიწყო ბჟუტვა, ხან სუსტად ანათებდა, ხანაც ჭახჭახებდა. ლიფტის ჭერში იმპლანტირებულ ნათურებს ვუყურებდი, როდესაც ყურზე ვიღაცამ ენა ამისვა, ტანში გამცრა, კონტროლი დავკარგე, მუშტებს  გავეშებული ვიქნევდი და თან არაადამიანურად ვღრიალებდი. შუქი ისევ აციმციმდა, ლიფტის კარების მოპირდაპირე მხარეს ჩამოკიდებულ სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი, ეს მე არ ვიყავი. უცებ კარი გაიღო და გარეთ გამოვვარდი, ხელებზე დავიხედე, გამიხარდა რომ ვიცანი. სანამ კარი დაიხურებოდა კიდევ ჩავიხედე სარკეში და ჩემი ძველი იერი დამბრუნებოდა. მორჩა, საბოლოოდ დავრწმუნდი რომ რაღაც ფანტასმაგორიული ამბებში გავეხვიე, იმის ძიება დავიწყე, რას შეიძლებოდა გამოეწვია ასეთი ძლიერი ჰალუცინაციები. პასუხი, რა თქმა უნდა, არ მქონდა.

სახლის კარი შევაღე და ჰოლში შევირბინე, საძინებლებს დავუყევი, ყველგან ჟრჟოლვით ვიჭყიტებოდი, მაგრამ არავინ დამხვედრია. სახლში სულიერის ჭაჭანება არ იყო. შევჩერდი, სული მოვითქვი და გადავწყვიტე რამე მომეფიქრებინა, როგორმე სიტუაციაში გავრკვეულიყავი. რაციონალური ლოგიკით ვერ ვხსნიდი იმ მოვლენებს, რომლებიც ერთმანეთზე ჯაჭვივით გადაება. და უცებ თავში სინათლის სვეტი შემოიჭრა, ჩიტების ჭიკჭიკი გაისმა, ანგელოზებმა საყვირში ჩაბერეს, მოკლედ, ბინგო, დალაგდა ყველაფერი! გამახსენდა, რომ დაწოლამდე ბლომად სოკო მივირთვი და ასეთი რამ ბავშობაშიც მომსვლია. ალბათ ეს სიგიჟე და წარმოსახვითი აგონია, რაც თავს დღეს დამატყდა ინტოქსიკაციის ბრალია. მაგრამ ოჯახის წევრები სად არიან? დავუშვათ ყველაფერი მომეჩვენა და ცარიელი ზმანება იყო, გამოღვიძების შემდეგ სულიერს რატომ არ გადავყრილვარ?  ბოლო-ბოლო გულისრევის შეგრძნება ან ფაღარათი მაინც ხომ უნდა მქონოდა?!

საკმარისია, ქუჩაში გავალ, პოლიციას ვიპოვნი და ყველაფერს დეტალებში მოვუყვები, ისინი დამეხმარებიან. აქამდე როგორ არ მომაფიქრდა, რა ქარაქუცა და ფხუკიანი ვარ.. სახლიდან გასვლას ვაპირებდი, როდესაც სტანისლავის ოთახიდან ჩუმი სკლუკუნის ხმა შემომესმა. კი მაგრამ, რანაირად?! ჩემი ძმის ოთახი ორჯერ დავათვალიერე, სახლიდან გაქცევამდე და დაბრუნების მერე. ხალათის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოვიღე, განათება ჩავურთე და სტანისლავის ოთახისკენ გავეშურე. ახლაღა მივხვდი, რომ სახლში შუქი გათიშულიყო. სლუკუნის ხმა არ წყდებოდა და ორიენტირიც ბგერების მიხედვით ავიღე. გადავლახე ზღურბლი და მივხვდი, რომ ხმები ტანსაცმლის გარდერობიდან მოდიოდა. მივირბინე და სახელურს ჩავებღაუჭე, შიგნიდან მაშინვე რაკარუკის ხმა შემომესმა, თითქოს უამრავი წვეტიანი, ბასრი საგანი გამალებით ერჭობოდა კარებს. უკან დავიხიე, დავიხარე და გარდირობის ძირში, კარებსა და ჩარჩოს შორის დარჩენილ ნაპრალში შევიჭყიტე. თვალებს არ დავუჯერე, უამრავი წვეტიანი შავი საცეცე აქეთ-იქით მიმოდიოდა. ამდენს ვეღარ ავიტანდი, გარდერობს მობილური ვესროლე, ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვარდი და ქუჩაში აღმოვჩნდი.

ლამპიონების მკრთალ შუქზე მივაბიჯებდი და ქუჩას ვათვალიერებდი, ახლო-მახლო ვერავინ დავლანდე. დაახლოებით ათი წუთი ასე გაგრძელდა, სანამ ვიწრო შუკაში არ გადავუხვიე და წინიდან მომავალი სხეული არ შევამჩნიე. დავაკვირდი და ჩაცმულობის მიხედვით მივხვდი, რომ პადრე იყო. გარემო ჩახუთულიყო და შეზნექილიყო, გამოლაპარაკება მეუხერხულებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ხმა უნდა ამომეღო და  ამბები მომეთხრო იმისათვის, რომ გადავრჩენილიყავი. პადრე იმ ადგილას გაჩერდა, სადაც ლამპიონი გაფუჭებულიყო, ამიტომ სახის ნაკვთებს კარგად ვერ ვარჩევდი. მივუახლოვდი და კონტაქტში შესვლა ვცადე.

-უკაცრავად, შეგიძლიათ დამეხმაროთ? პოლიციას ვეძებ.

ჩემს სიტყვებს ექო მოჰყვა და შემაძრწნუნებელი სიჩუმე ჩამოვარდა. იგი უსიტყვოდ მომიახლოვდა, ორი ნაბიჯი გადმოდგა და ხელი ლოყაზე მომითათუნა, შემდეგ ჩააცურა და შარვლის უბეზე მომიჭირა, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, გაოგნებისაგან ადგილზე გავხევდი. ვხედავდი ნელ-ნელა ანაფორა როგორ იბურცებოდა მუცლის ქვემოთ, დავფრთხი, ხელი მოვიშორე და სახეში ჩავაკვირდი. წარმოუდგენელია, ეს ხომ მამაჩემია, ავცახცახდი, ამის გარდა ყველაფერს მოველოდი. ღმერთო, რა ხდება?! მოულოდნელად პრიაპული ხარხარი ამოუშვა და ტანზე დამბურძგლა, ხარხარი ჯერ კიდევ არ მიმწყდარიყო ნისლმა ჩამოწოლა რომ დაიწყო. ცხვირწინაც ვეღარაფერს ვარჩევდი, ხელის ცეცებით მივიწევდი წინ. ყველანაირი ჩამიჩუმი მიწყდა, იმის შეგრძნება მოსვენებას არ მაძლევდა, რომ თითქოს ჰერმეტულ აკვარიუმში აღმოვჩნდი, სადაც მხოლოდ მე და ჩემი სიარულისას წარმოქმნილი ბგერები ვარსებობდით. მივიწევ წინ და ჩემი ფეხის ხმა მესმის, შევჩერდი და გარემოს მიყურადება გადავწყვიტე, მაგრამ ფეხის ხმა არ შემწყდარა, ეს როგორ, მაშასადმე, ვიღაც ჩემთან ერთად, ძალიან ახლოს მოაბიჯებდა?! ამდენს ვეღარ ავიტან, მირჩევნია მოვკვდე ვიდრე მიწიერ ჯოჯოხეთში ვეწამო. ხალათის შიდა ჯიბიდან მამაჩემის მიერ წლების წინ ნაჩუქარი დანა ამოვაძვრინე, გავშალე და ყელზე მივიბჯინე.

საიდუმლოებები მიყვარს, როდესაც მათ ვფლობთ სხვებზე უპირატესობის შეგრძნებას გვანიჭებენ, რადგან ჩვენ ის ვიცით, რაც დარჩენილი სამყაროსთვის უცნობია. საიდუმლოებები პიროვნებას ბურსში ხვევენ და მათ არსებობას მნიშვნელობას სძენენ. მისტიკური ატმოსფეროც მიყვარს, რეალობისგან გვაშორებს და გვარწმუნებს, რომ ცხოვრების მოწყობა სხვანაირადაც შესაძლებელია. მისტიკა აკომპენსირებს იმას, რასაც რუტინული სამუშაოები იწვევს, სულიერ ატროფიას. ადამიანს ძალიან უჭირს ცხოვრება ზებუნებრივის და სასწაულების გარეშე, მაგრამ რაც მე დამატყდა თავს ნამდვილად არ იყო ერთდროულად შიშის მომგვრელი და სასიამოვნოც. სიამოვნება გაქარწყლდა მისი ადგილი მთლიანად ყოვლისმომცველმა და სასოწარმკვეთმა შიშმა დაიკავა. ამ ყოველივეს დასასრული არ უჩანდა, რაც აუცილებლად უნდა გამომესწორებინა.

საყლაპავი მილის დასერვას ვაპირებდი, როდესაც ნისლი გაიწოვა და ასფალტზე გაშოტილი მამაჩემი გამოჩნდა, იგი ალყაში მოექციათ უსახო არსებებს და ჯვრებით ჩაქოლვას უპირებდნენ. გაურკვეველი შინაგანი განწყობა სუფევდა ჩემში, ერთი შეხედვით სიმშვიდე ვჰპოვე და მათ საქმიანობაში ჩარევას არ ვაპირებდი, მაყურებლის ამპლუაში დარჩენა ვამჯობინე. უსახო ადამიანები შავ საქორწინო კაბებში იყვნენ გამოწყობილი და ნელი ნაბიჯებით გარს უვლიდნენ მსხვერპლს, წრე ვიწროვდებოდა და მამაჩემის ზლუქუნიც მატულობდა. უცებ, მოულოდენლად დედაჩემის ხმა გაისმა, „შეჩერდით, მე მონა ვარ“, დავინახე ალყა როგორ გაარღვია და მამაჩემს გადაეფარა. ჩემი ჰარმონიული სულიერი ფორმაცია მაშინვე დაირღვა, გრძნობები აიტალღა და მშობლების გადასარჩენად გავწიე, მაგრამ გვიანი იყო. უსახო არსებებმა წაწვეტებული ჯვრებით მათი ჩეხვა დაიწყეს. ძლივს მივაღწიე, მეც გადაფარებას ვაპირებდი, მაგრამ მშობლები და ჯალათებიც მყისიერად გაუჩინარდნენ. ყურებში აუტანელი წრიპინის ხმა ჩამესმა უნისონში. ქუჩის ყველა მხრიდან ხოჭოების ნაკადი მიახლოვდებოდა, წარმოუდგენელი სიჩქარით მოიწევდნენ, დაუნდობლად მეძგერენ, სხეულს ღრნიდნენ, ყველა ორგანოს მოედნენ, მათმა კოლონამ პირიდან ამოხეთქა და ამ დროს გამომეღვიძა.. მაგრამ მერამდენედ.. გამომეღვიძა კი?!

შენიშვნა: ეს ფრაგმენტი ქსავიერ სპარკსის დღიურიდანაა ამოღებული, იგი მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად ავტოკატასტროფაში მოყვა. ამ შემთხვავას მხოლოდ თვითონ გადაურჩა და მას მერე ფსიქიკურად შეშლითა თავშესაფარში იმყოფება. ექიმები ვარაუდობენ, რომ მომხდარის გამო გამოწვეული დანაშაულის გრძნობა, მისი ფსიქიკაზე დასმული ეტერნალური დაღია და მკურნალობას არ ექვემდებარება.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული