სცენაზე ქათმის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა დგას -- გაფშეკილი ჭრელი ფრთები; დიდრონი, ყვითლად შეღებილი ნისკარტი; წითელი ბიბილო ბერეტივით გვერდზე მოქცევია; სპექტაკლის დასრულებამდე ვერ ვიგებთ კოსტუმის შიგნით მყოფის სქესს, რადგან მსახიობი ისეთი ხმით ლაპარაკობს, რომ ეს ხმა შეიძლება ბიჭსაც ეკუთვნოდეს და გოგოსაც. მას ხელში მეგაფონი და ფლაერების დასტა უჭირავს. ქათმის მუზარადის გამო თავი გვერდზე გადაუგდია. დროდადრო, ნაღვლიანი ხმით სარეკლამო ფრაზებს იძახის.
ქათამი
საუკეთესო შემოთავაზება მხოლოდ აგვისტოს თვეში. მობრძანდით ჩვენთან და დააგემოვნეთ გიგანტური, თვალისმომჭრელი, მომნუსხველი შაურმა.
გიგანტური შაურმა მხოლოდ 5 ლარად და მხოლოდ აგვისტოში. ცხვრის შაურმა, ძროხის შაურმა, ღორის შაურმა და რა თქმა უნდა, სიახლე - ქათმის შაურმა განუმეორებელი სოუსიიით!
(მეგაფონს ძირს დებს. ხელთათმანს იძრობს. ფრთიდან გამოაძვერენს სიგარეტის კოლოფს, იღებს ერთ ღერს და სანთებელას. სიგარეტს უკიდებს. ნისკარტს ოდნავ მაღლა წევს და სიგარეტს პირში იდებს)
შაურმა, შაურმა, შაურმა ჩქარა!
(კრუხივით ჩაჯდება და სიგარეტს ეწევა)
ჩვენი ყოველი დილა ჰიმნის სიმღერით იწყება. სასაცილოა არა? აი, ასე ვდგავართ ქათმის, ძროხის და ღორის ფორმაში გამოწყობილი პრომო გოგო-ბიჭები და ვმღერით...
„ჩემი ხატია სამშოობლო,
სახეტე მთელი ქვეეყანა,
ნანა ნა ნანააანა
წილნაყარია ღმერთთაააანა“
უფროსის დაჟინებული მოთხოვნაა... ვდგავართ შაურმის ჯიხურის წინ, ვწევთ დროშას და ვმღერით... დროშა ამაყად ფრიალებს. გეგონება ეს შაურმის ჯიხური კი არა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი იყოს, მარადიული ცეცხლით... ისე რაღაც კი გავს ჩვენი და იმ ჯარისკაცების საქმე ერთმანეთს... ისინიც მარადიულ ცეცხლთან დგანან და ჩვენც. იმათაც იდიოტური კოსტუმები აცვიათ და ჩვენც. ისინიც სამშობლოსთვის დაკლულ ხორცს იგონებენ და ჩვენც. ისე მაგარი იდეაა, გმირთა მოედანზე იმ მემორიალზე შაურმის ჯიხურის ჩადგმა - თან პატრიოტიზმი და თან ბიზნესი! როგორია? როგორ არ მოუვიდა თავში აზრად ვინმეს? სამამულო შაურმა! დაიტაცებენ, მთელ-მთელს გადაყლაპავენ.
ადრე მოვუსმინე რაღაც ნიუსსს, ისეთი სასაცილო იყო, რომ დამამახსოვრდა: პრეზიდენტის მისვლამდე ჩამქრალი მარადიული ცეცხლი საგანგებოდ მიტანილი გაზის ავზით აანთეს... ხომ, სასაცილოა? რა ვიცი, მე ბევრი ვიცინე. რა მაცინებდა ისე მამაჩემის სახელიც წერია იმ დაღუპული ჯარისკაცების დაფაზე...
(სევდიანად აგრძელებს ღიღინს)
„თაავისუფლება დღეს ჩვეენი
მოომავალს უმღერს დიდეეებას
ციიისკრის ვარსკვლავი ამოოოდის...“
ამოდის და როგორც კი ამოდის ეს გარეწარი მზე, უნდა მივიდეთ ადგილზე, ჩავიცვათ ჩვენი კოსტუმები, ცალ ხელში ფლაერები დავიჭიროთ, მეორეში - მეგაფონი და წავიდა იდექი მერე იმ სიცხეში... ისე ჩემს უფროსს უნდა ჩააცვა ეს კოსტუმი... ერთი დღით მეტი არ უნდა... ჩემამდე არ დადის, ამიხსენით რა, რატომ გაყიდის ქათმის ან ძროხის კოსტუმში გამოწყობილი ტიპი უკეთ შაურმას? ერთხელ ვკითხე და ჩემი სითამამით გაკვირვებულმა მიპასუხა: თავიდან გოგოები მეყენაო ჯინსის შორტებით, მოკლე მაისურებით და როლიკებით, ისინი არიგებდნენ ფლაერებსო, მაგრამ ჩვენი პროდუქტის ნაცვლად მათ უყურებდნენ ტრაკზეო. შეხედონ მერე, ხორცი - ხორცია რა! ქათამი უფრო მადისაღმძვრელია ჩვენი სეგმენტისთვისო! მოგიტყან სეგმენტი, შუადღეს 40 გრადუსი სიცხეა! სხვა კი არაფერი გაუკეთებია ჰიტლერს? ეს ქათმის კოსტუმი ჩემი გაზის კამერაა! ჩემი უფროსი კი ჩემი პირადი ჰიტლერია!
სხვათაშორის ისიც ხელოვანია, ლექსებს წერს. რამდენიმე წიგნიც აქვს გამოცემული: „ტანჯვა სულისა ანუ მსწრაფლ ავასკდები დათოვლილ მწვერვალს! ამასკდი აგერ აქ! ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაციაზე ჩვენც ვემსახურებოდით... ალაფურშეტის მაგიდა სულ პატარ-პატარა შაურმუკებით იყო მოფენილი, გაგიჟდა ხალხი ისე მოეწონა, დაძღა.
ეს ფლაერებიც რასაც ახლა ვარიგებ მისი გაკეთებულია. ის იგონებს ფრაზებს თუ რა უნდა ვიძახოთ. აი, მაგალითად: „უფრო მეტი ვიდრე შაურმა! სამეფო შაურმა ორ შაურად! გაილამაზე აგვისტო შაურმით!“ აი, რატომ, მითხარით რატო? წარმოიდგინეთ რა, ჯერ ეს იდიოტური კოსტუმი და მერე ეს ფრაზები! შაურმა კი არა თავის მოკვლა მოგინდება ადამიანს! მაგრამ მე ხო ქათამი ვარ!
„საუკეთესო შემოთავაზება მხოლოდ აგვისტოს თვეში მობრძანდით ჩვენთან და დააგემოვნეთ გიგანტური, თვალისმომჭრელი, მომნუსხველი შაურმა მხოლოდ 5 ლარად და მხოლოდ აგვისტოში. ცხვრის შაურმა, ძროხის შაურმა, ღორის შაურმა და რა თქმა უნდა, სიახლე - ქათმის შაურმა განუმეორებელი სოუსით“
ასე უნდა იძახო და იძახო, იდგე და იდგე მზის გულზე, ხელში გეჭიროს ეს სულელური ფლაერები და არიგებდე და არიგებდე. არასოდეს მთავრდება. ხალხიც არ ილევა, ჩადიან ზღვაზე, ირუჯებიან, ბულვარში სეირნობენ, მე კი აქ ვარ დაკრუხებული... მაგრამ ყველაზე რთული მაინც ტუალეტია! აი, ძალიან გეფსმება, ნუ ეს უკეთეს ვარიანტში... გარბიხარ, უახლოეს კაფეში ან იქ ბულვარში რო დგას ტუალეტები, შერბიხარ და იწყება ბრძოლა... ო, რომ იცოდეთ რა რთულია, სანამ ამხელა კოსტუმს გაიხდი, სანამ, სანამ... მოკლედ რამდენჯერმე კინაღამ ჩავიფსი...
თუმცა ყველაზე მეტად ადამიანებს მაინც ის ძავაბავთ, როცა არ იციან შენი სქესი და შენი ასაკი! მე კიდევ არც ერთი მაქვს არც მეორე! ყოველ შემთხვევაში დაღამებამდე... მე ვარ გიგანტური ქათამი, რომელიც გთავაზობთ მუცლის ამოყორვას ყველაზე იაფად. ტემპერატურა 35 გრადუსიდან 45 გრადუსამდე მერყეობს. სად არის ჩემი დამქირავებლის ადამიანობა? სად არის ჰუმანიზმი? ისე სიცხეზე და ადამიანობაზე გამახსენდა...
რამდენიმე წლის წინ ბრაზილიაში დაიჭირეს ცოლი და ქმარი, რომლებიც რიოს ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაში ხორცის ღვეზელს ყიდიდნენ... ეს ხორცის ღვეზელი ძალიან პოპულარული იყო, ბუზებივით ეხვია ხალხი, ადგილობრივებიც და ტურისტებიც... ჰოდა, ერთხელაც ამ ცოლ-ქმრის ეზოში ადამიანების ძვლები იპოვნეს... გათხარეს და ოცამდე ადამიანის ჩონჩხი ნახეს, დაკარგული, გამქარალი ადამიანების, წლობით რომ ეძებდნენ. პოლიციაში რომ მიათრევდნენ, ისინი უყვიროდნენ პოლიციელებს, რა გინდათ რა? თქვენც ხომ გაქვთ ნაჭამი, ყველას აქვს ნაჭამი ეს ღვეზელი, კიდევ ჩვენ ვართ კანიბალებიო?
ერთხელ ჩემი მეგობარი დაიკარგა. ერთი კვირა არ გამოჩენილა. გაგიჟებულმა დედამისმა ყველა შაურმის ჯიხურის ხორცი შეამოწმებინა! არა, ლალი დეიდა, გავიგებდი რო რამე იყოს-თქო, ვუთხარი. გაყინული ბრაზილიური ხორცით აკეთებენ ჩვენს შაურმას, ვიცი-თქო. უცებ ის ისტორია ამომიტივტივდა გონებაში იმ ბრაზილიელ ცოლ-ქმარზე და გავჩუმდი. მოკლედ ყველა შაურმის პუნქტი შეამოწმებინა დედამისმა. ჩემი მეგობრის ხორცი იქ არ აღმოჩნდა, მაგრამ სამაგიეროდ აღმოჩნდა ვირის ხორცი. ჩაგვივარდა ერთი კვირით ბიზნესი. მერე ყველას დაავიწყდა ვირის ხორცი იყო თუ ზებრის. ერთ კვირაში კი ჩემი მეგობარიც გამოჩნდა, ჭაჭის შადრევანთან დამთვრალა და მერე ვიღაც სომეხ ტურისტებს დანიძლავებია შავი ზღვა უფრო დიდი იყო თუ სევანის ტბა და შესამოწმებლად წასულან იმ დღესვე სომხეთში. აი, ვინ არის ნამდვილი ვირი.
აქ სულ რიგია, სწორი, მოხრილი, სქელი, ქაოტური, ჭადრაკული რიგი. და მიდის ერთი გადაძახილ-გადმოძახილი. ვის აღარ შეხვდებით რიგში. დგანან ჯიპებით და ათ ლარიანი კეტებით. შაურმა აერთიანებს! შაურმის რიგში არ არსებობს მდიდარი და ღარიბი. სამაგიეროდ არსებობს უკიდურესად ღატაკი, ვისაც შაურმის 5 ლარიც არ აქვს. რიგში დგანან: მეზღვაურები, დიასახლისები, ტურისტები, მუშები, ბანკის თანამშრომლები, მღვდლები...
ჰო, მართლა, მღვდელზე გამახსენდა, ერთ-ერთი პრომო ბიჭუნდა საოცარად მორწმუნეა. აი, ძაან წამს და რა ქნას. აი, ის, ღორის ფორმა ვისაც აცვია... ძალიან სასაცილოა ზარების რეკვის ხმა რომ ესმის და პირჯვრის გადაწერას ცდილობს, თითქმის არასოდეს გამოსდის გაბერილი კოსტუმის გამო და უაზროდ იქნევს ხელებს ჰაერში. ჰოდა, ერთხელ თავის მოძღვარი დაინახა რიგში. მივარდა და ეუბნება, დამლოცე მამაოო! მღვდელი ხედავს მის წინ მუხლებზე დაცემულ ღორს, რომელიც ანაფორაზე ეპოტინება და დალოცვას თხოვს. გაგიჟდა კაცი და ისეთი წამოუთაქა რომ იმ საცოდავს დინგი გაძვრა... მე ვარ მამაო, მე ვარო - ეუბნება... ის კიდევ ყვირის... მღვდელი რა ადამიანი არაა? არ შეიძლება შაურმა ჭამოსო თან უკან იხევს და ჩვენი გოჭუნაც პირჯვრის გადაწერას ცდილობს და უკან მისდევს... მღვდელი საოცარი მოქნილობას ამჟღავნებს და ჯიპში ხტება. ეგრევე ის მომენტი გამახსენდა სახარებიდან, იესომ რომ ეშმაკები შეუშვა ღორების კოლტში და რომ გადაცვივდნენ ღორები კლიდანან. ეს ჩვენი გოჭუნაც მისდევდა ჯიპს. შემეცოდა ცოტა!
ჩვენი უფროსი ასევე გვთხოვს რომ სარეკმამო ფრაზებს შორის იმ ცხოველების ხმებს მივბაძოთ რისი კოსტუმიც გვაცვია, თან სხვადასხვა ენაზე. ამოიჩემა, რომ ბევრი რუსი და ჩინელი ტურისტია და ყიყლიყო გინდა თუ არა რუსულად და ჩინურადაც უნდა იძახოთო, კუ-კა-რე-კუ რუსულად და ჩინურად არის კუკუმიაო!!! თან მამალი ხარ და თან კატა. არ არის ჩემი აზრით მაინცდამაინც კარგი მესიჯი, შეიძლება ვინმემ იეჭვოს რომ შაურმა კატის ხორცისგან მზადდება, მაგრამ არ არის ეს ჩემი საქმე. იძახეო მეუბნებიან და მეც ვიძახი. მეტყვიან ყიყლიყო - ყიყლიყო, კუკუმიაუ - კუკუმიაო, მადლობა პატრულს - მადლობა პატრულს!
ისე ვერ ვხვდები რას ვჭამდით, სანამ შაურა გამოჩნდებოდა... ჭავჭავაძის დროს რომ ყოფილიყო შაურმა, კაცია-ადამინში აუცილებლად იქნებოდა ერთი სცენა შაურმის რიგში. ისე წიწამურში რო რესტორანია იცოდით? ლუარსაბი და დარეჯანი ქვია. არ ვხუმრობ! რა მახვილგონიერია ტიპი, ვინც წიწამურში რესტორანი გახსნა და მერე სახელად ლუარსაბი და დარეჯანი შეურჩია, წარმოგიდგენიათ? ცინიზმია, აბა, რა უბედურებაა ახლა ეს!
სამუშაო დღის დამთვრება ისე მიხარია, როგორც კლიენტებს შაურმის მიღება.
ძლივს ვიხდი ამ კოსტუმს. კოსტუმის გახდის შემდეგ მგონია რომ ვპატარავდები. მივდივარ სახლში, სადაც დედაჩემი მელოდება. ლოგინიდან ვერ დგება. საჭმელს ვუტოვებ. მეზობელი შედის დღეში ორჯერ და აჭევს. შორეული ნათესავია ჩვენი. სახლში მისვლამდე ოცდაოთხსაათიან სუპერმარკეტში შევივლი და ვჭამ რაც ყველაზე იაფი ღირს. დილით გამომცხვარ ცივ, გამხმარ ხაჭაპურს. გემრიელია-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ წავა რა... აბა, ათ ლარს მიხდიან და ნახევარ ხელფასს შაურმაში ხო არ გადავიხდი. მეტსაც რომ მიხდიდნენ ჭირის დღესავით მეზიზღება შაურმა, ვეგეტარიანელი გავხდი მაგის გადამკიდე. ჩემი შეყვარებულიც სუპერმარკეტში მუშაობს. მას არ აცვია ჩემსავით ფორმა. სუპერმარკეტიდან ზღვაზე ჩავდივართ. ვზივართ და ვუყურებთ როგორ ხმაურობს ეს უზარმაზარი გიგანტური შავი ძაღლი, ჩვენს ფერხთით რომ გაწოლილა. ვიხდით და შევდივართ წყალში.
მერე ღამდება სანაპიროზე, ზღვაზე, შენობებთან, აივნებზე, აივნების ქვეშ ქუჩაში, ხეებზე, სახურავზე, მანქანებით გადატენილ გზატკეცილებზე, ტოტებში, ღამდება ავტოსადგომებზე. ვწევართ ლოგინზე ჩაბნელებულ, ციცქნა ოთახში... ხელები მის ძვლებზე მიწყვია და ვფიქრობ, რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში მისგანაც მხოლოდ ეს ძვლები დარჩება. გაიხრწნება მისი კანი და ხორცი, რომელსაც ვკოცნი და ვეფერები. არა, ოღონდ ახლა არ გამახსენდეს შაურმა! ოღონდ ახლა არა... გაქრება მისი სუნი და შენც ასე მოგექცევა ბუნება. შენი ძვლებიც მოხვდება მიწაში. შენ სხეულსაც შეჭამს დროის დიდრონი მატლი.
და რა სასიამოვნოა, ამასობაში იწვე იმასთან ერთად ვინც მოგწონს და იწვე იქ სადაც მშვიდად გრძნობ თავს. სადღაც იყოს ომები, ადიდებული მდინარეები და ოკეანეზე წამომართული წყლის მწვერვალები ენარცხებოდნენ და ფარავდნენ კუნძულებს. შენ კი ამ პატარა ოთახში წოლა მიგაჩნდეს ყველაზე ლოგიკურ და ბუნებრივ გამოსავლად. მაგრამ ვდგები, ვიცვამ და სახლში მივდივარ. დედაჩემსს ძინავს... მის საწოლთან, სკამზე ვდებ ნაყიდ საჭელს და ვიძინებ.
მესიზმრება, რომ ბუდისტი ბერი ვარ, ოღონდ ქათმის ფორმაში გამოწყობილი. ბერი რომელმაც თავი დაიწვა. ცნობილი ფოტო როა... ალმოდებული, ვიეტნამელი ბერი მშვიდი სახით... მეღვიძება... სიზმარში მაინც იყოს სიგრილე.
მეორე დღეს ვიგებ, რომ სამსახურიდან მიშვებენ. ქათმის შაურმამ არ გაამართლა და აღარც პრომო გოგონა ჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ლოგინადჩავარდნილი დედაჩემს ნელ-ნელა დააკლდება ა და ც ვიტამინები, ნახშირწლები, ცილები და ის კიდევ უფრო მალე მოკვდება, ვიდრე ვვარაუდობდი... დღეს ჩემი ბოლო დღეა. იქვე ბენზინგასამართ სადგურზე ვყიდულობ ბენზინს. ვჯდები შაურმის წინ და ბენზინს ვისხამ.
(ქათამი იღებს ჭიქას და ისხამს სითხეს ჭიქიდან. შემდეგ სანთებელას ანთებს და სიგარეტს უკიდებს)
ფრთიდან ვაძრობ სანთებელას და ცეცხლს ვიკიდებ. შაურმის სუნს ჩემი დამწვარი ხორცის სუნიც ერევა. რიგი კი დგას...
(პაუზა)
გაგეხუმრეთ ეს ბენზინი კი არა წყალია... ასე ვგრილდებით ხოლმე. სინამდვილეში არც დედაჩემია ლოგინად ჩავარდნილი. დედაჩემი თავისდროზე საბერძნეთში წავიდა და მერე გათხოვდა. წელიწადში ერთხელ მიგზავნის ხოლმე ცოტა ფულს და მოკითხვას. მთხოვს, რომ მასთან ჩავიდე, მაგრამ მე არ მინდა.
სულ გავაფრინე ამ სიცხეში. ხანდახან ჰალუცინაციები მეწყება. ხანდახან ვხედავ იმ შაურმის ხორცის ნაცვლად მე ვკიდივარ. ის ჩვენი თურქი ბიჭიც, ვინც ახვევს ამ შაურმას. მათლის და მათლის გვერდებს... დავყურებ საკუთარ თავს. როგორ ახვევენ ჩემს ხორცს ლავაშში. ახალშობილს ვგევარ. მარწევენ, მაძინებენ და მჭამენ... არა, სიცხის ბრალია.
ხანდახან მგონია, რომ კოსტუმს ვიხდი და ამოვდივარ და მათლა არ მაქვს სქესი. არ ვიცი ვინ ვარ...
(კოსტუმს იხდის. აცვია კანისფერი მოტმასნილი სამოსი. მაყურებელს უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ის შიშველია და რომ მას სქესი არა აქვს)
ერთადერთი რაც მინდა სიმშვიდეა. ჩემს გარშემო თითქოს ჩემით ვიშენებ ნაჭუჭს.
(ის გარშემო გამჭირვალე ნაჭუჭით იფარავს თავს. აწყობს კვერცხს და შიგნით შედის. შიგნით მხოლოდ მეგაფონი შეაქვს)
კვერცხში ვარ. ვცურავ ლორწოვან მასაში. სულ ცალ ფრთაზე მკიდია კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი. ეს მყიფე თხელი გარსი, ჩინეთის კედელზე სქელი მეჩვენება. ის მიცავს. მაქვს განცდა, რომ დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ დავბრუნდი. ეს ჩემი სახლია. მას არა აქვს კარი, ფანჯარა. არასად მეჩქარება... ყველა არსება უბრუნდება საწყისს. ეს საწყისი კი გაგიკვიდებათ და გოგლი-მოგლია. ეს საწყისი კი ჩემი უფროსის მორიგი მარკეტინგული ფანდია, ნოუ-ჰაუ შაურმის ბიზნესში, გენიალური იდეა კლიენტების მისაზიდად.
(ის კვერცხიდან მეგაფონით ყვირის)
„საუკეთესო შემოთავაზება მხოლოდ აგვისტოს თვეში მობრძანდით ჩვენთან და დააგემოვნეთ გიგანტური, თვალისმომჭრელი, მომნუსხველი შაურმა მხოლოდ 5 ლარად და მხოლოდ აგვისტოში. ცხვრის შაურმა, ძროხის შაურმა, ღორის შაურმა და რა თქმა უნდა, სიახლე - ქათმის შაურმა განუმეორებელი სოუსით და კვერცხით... მობრძანდით ჩვენთან: ყიყლიყო, კუკუმიაუ, კუკუმიაუ...
(ვირივით ყროყინებს. კვერცხს ზემოდან წითელი საღებავი ესხმება. ადამიანი კვერცხს შიგნით გალობს)
„ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნეველი...“
ფარდა