• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

უცხოთა შორის

×
ავტორის გვერდი იაკობ მანსვეტაშვილი 25 იანვარი, 2013 4300
"ივერია". 1887 წელი. 12 დეკემბერი.
 
რომელ წელს, არ მახსოვს, ამერიკელებმა, უამერიკელებოდ ხომ ახალი არა იქნება-რა,  განიზრახეს მთვარეზე ასვლა და იქაური ამბების შეტყობა. მსწავლულები დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ მთვარე ისეთივე ქვეყანაა, როგორც ჩვენი ცოდვილი დედამიწა და, მაშასადამე, იქაც უნდა ადამიანი იყოსო. ამერიკელებმაც ამის გაგება განიზრახეს:  საკუთარის თვალით უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ, - მართალია, რასაც მსწავლულები ამბობენ, თუ არაო. განიზრახეს ეს და შეუდგნენ საქმესა. გააკეთეს ზარბაზანი, რომლის ლულასაც სიგრძე ერთ ვერსტამდე ჰქონდა და სიგრძის გვარადვე სიგანეც. ამ უზარმაზარ ზარბაზანს შესაფერი ყუმბარა მოუმზადეს, ყუმბარაში ჩასვეს კაცი. ამ ყუმბარით გატენეს ზარბაზანი, დაუმიზნეს მთვარეს და დაცალეს. დაცალეს და უყურებენ დურბინდებში, აბა რას იზამს ყუმბარა, მთვარეზე დეეცემა, თუ არაო. მაგრამ შენს მტერს, როომ ამერიკელები პირში ჩალა გამოვლებულები დარჩნენ. ყუმბარა მთვარესთან მივიდა ახლო და გაჩერდა, თითქოს ჰაერში დაეკიდაო. დარჩა ესე, ვეღარც მთვარისკენ წავიდა და ვეღარც დედამიწისკენ წამოვიდა... მიხვდნენ ამერიკელები თავის შეცდომას, მაგრამ რაღას უშველიდნენ. თურმე ნუ იტყვით, ცოტა ანგარიშში მოტყუებულიყვნენ და ზარბაზანი პატარა დეეჭირათ. რა მოუვიდა იმ კაცს, რომელიც ყუმბარაში ჩასვეს, დღესაც არ იციან. ამბობენ, ამერიკელები მთელის "ექსპედიციის" გაგზავნას აპირებენ ამ კაცის საძებნელად და მთვარეზე ასაგზავნელადაცაო. მაგრამ ჩქარა იქნება ეს ამბავი, თუ არა, და როგორ მოახერხებენ ამასა, ამისი არა ვიცი-რა. მხოლოდ იმას-კი ვიტყვი, რომ ტყუილ-უბრალოდ გაირჯებიან, რადგან ერთმა ჩემმა მეგობარმა დაასწრო ამერიკელებს და მთვარეზე ავიდა კიდეც და ჩამოვიდა კიდეც. მერე რომ იცოდეთ, რა ადვილი საქმე ყოფილა ამ მთვარეზე ასვლა-ჩამოსვლა, სწორედ გაგიკვირდებათ... მაგრამ, ჯერ ნება მომეცით, ერთი ორიოდე სიტყვა ვთქვა ჩემ მეგობარზე და გაგაცნოთ... 
 
*** 
საოცარი, უცნაური კაცი იყო ჩემი მეგობარი. ერთ სადღაც მიყრუებული ქუჩაში და უფრო მივარდნილ სახლში სცხოვრობდა, თავისთვის მარტოდ-მარტო. თითონ არავისთან დაიარებოდა და იმასთანაც ბევრი არავინ მიდიოდა. იჯდა ჩაკეტილ სახლში და რაღასაც ჩხირკედელეობდა, რაღასაც ჰნაყავდა, ლესავდა, რაღაც აბებს აკეთებდა. ექიმობას სწავლობდა ერთ დროს ძალიან ერთგულად და მაშინვე ასეთი ჩხირ-კედელაობა უყვარდა. მარტოობამ თავის ბეჭედი დაასვა ჩემს მეგობარს. ყველას ერიდებოდა, ლაპარაკი ეზარებოდა, თითქოს სიტყვა თითო ოქროდ უღირსო. მებრალებოდა ჩემი მეგობარი, მაგრამ მაინც მეც იშვიათად დავიწყე იმასთან სიარული,  ვატყობდი, რომ ჩემი მისვლა აწუხებდა. გაიარა კარგა ხანმა. გამახსენდა ჩემი მეგობარი. ვთქვი,  წავალ, ვნახავ, ხომ არა დაემართა რამ-მეთქი. მივედი. ვხედავ, ჩემს მეგობარს გარს შემოუგროვებია რაღაცა ძველი წიგნები და ისეა გართული კითხვაში რომ თითქო ამ ქვეყანაზე აღარ არისო. სახე როგორღაც შესცვლოდა, გამხდარიყო, ყვითელი ფერი დასდებოდა.  
- გამარჯობა, კაცო! რას ჩასჩერებიხარ მაგ წიგნსა, ხომ არსად მირბის. გეფიცები, არც მე წაგართმევ...  
- ოჰ, შენა ხარ... რომ იცოდე რა გავიგე ამ წიგნიდამ. 
- ჯერ არ მეტყვი, რა წიგნია? - მაგრამ იმის პასუხს აღარ დავუცადე და მე თითონ გადავხედე წიგნებსა. ძველი კარაბადინები იყო. 
- მერე რა ნახე მაგ წიგნში გასაოცარი? - ვკითხე კიდეც ჩემს მეგობარს, რომელიც ისევ წიგნს ჩასჩერებოდა. 
- რა და ისა, რომ მთვარეზე ასვლა ადვილი მოსახერხებელი საქმე ყოფილაო. - სთქვა ესა და აღელვებული, აბრიალებული თვალები შემომაშტერა. ამ სიტყვებზე ცოტა შევკრთი. ვიფიქრე, საწყალი, სწორედ ჭკუაზე შერყეულა-მეთქი. იმის თვალებმაც, ცოტა არ იყოს შემაფიქრეს, მაგრამ თავი შევიმაგრე, გულში დანაბადი აზრი გულშივე ჩავიკალ და დამშვიდებულმა ვკითხე ჩემს მეგობარს:
- საიდუმლოა, თუ შეიძლება, მეც გავიგო, როგორ უნდა მთვარეზე ასვლა? 
- აი, ჯანილოზი რას ამბობს? 
- ეგ ჯანილოზი ვიღაა? 
- როგორ? არ იცი, ჯანილოზი ვინ არის? 
- გულის წყრომით მითხრა ჩემმა მეგობარმა, გადაშალა რამდენიმე ფურცელი და წამიკითხა: "ბრძანებითა ღვისათა ჯანილოზ ექიმი და ფილოსოფოსი კაცი ვინმე იყო, რომ საცა გაიარი და რაც ხე და ბალახი ნახის, ყოველმან ხემან და ბალახმან ენა ამოიდგას, ჯანილოზ ექიმს ხმა გასცის და უამბის თუ ბრძანებითა და შეწევნითა ღვთისათა, მე ეს-და-ეს სახელი მქვიანო და ამა-და-ამ სენისა და ჭირის მკურნალი წამალი ვარო" 
მე გულწრფელად ვაღიარე ჩემი შეცოდება, რომ აქამომდე არ ვიცოდი სახელი "ასეთის ექიმისა და ფილოსოფოსის ვინმე კაცისა" და მხოლოდ ამის კითხვა-ღა გავბედე: 
- ძალიან კარგი, მწამს, რომ ჯანილოზი გულთა-მხილავი, ჯადოსანი კაცი ყოფილა, მაგრამ მთვარეზე წასვლასთან რა საქმე აქვს ჯანილოზის გულთა მხილაობას? 
- - ყური დამიგდე, -აი, ჯანილოზი რას გვასწავებს, - და ჩემმა მეგობარმა კვლავ განაგრძო კითხვა: 
"მერცხალი რომ პირველად ჰნახოთ, მარჯვენა ქუსლზე სამჯერ შემოტრიალდით. ამ ქუსლის ალაგას მოთხარეთ. ამ ნათხარში ერთი ნატეხი ნახშირი იქნება. ის ნახშირი წმინდად დანაყეთ და გამტკიცეთ. გადით ქალაქს ან სოფელს გარეთ საღამოზედ. ნახირი რომ მოდიოდეს წინ წადით: - ფურისა ან ხარის ორსავ რქას შუა ალაგას ერთი კაცი გამოჩნდება, იქ იჯდება. კაცს თავზე ქუდი ეხურება, - ქუდი მოჰხადეთ, შუაზე ხელი მოუჭირეთ, მალე გაიქეცით და უკან არ მოიხედოთ. კაცი თან სირბილით, ყვირილით მოვა შენთან ქუდის გამოსართმევად ნუ მისცემ. მაშინ შენ რაც იმასა სთხოვო, აგისრულებს, ოღონდ თავისი ქუდი უკანვე დაიბრუნოს" 
- ეგ ქუდი სწორედ ნატვრის თვალი ყოფილა. მერე, სცადე, მართალი გამოდგა? - ვკითხე მე სიცილით. 
- ტყუილადა იცინი, - ითაკილა ჩემმა მეგობარმა, - მე ვცადე და ბევრი ნატვრაც ამისრულდა. აი ეხლაც მთვარეზე ასვლა მინდა ვცადო. 
მე ცოტა შიშმა გამიარა გულში: ღმერთი არ გაუწყრეს ამ ჩემს მეგობარს და ჩემზეც არ სცადოს, მთვარეზე არ გამისტუმროს-მეთქი. დეე, ისევ თვითონ გაისეირნოს მთვარეზე, თუ ასე მოსწონს შორი მოგზაურობა! - ვთქვი ჩემს გულში და მაშინვე შინისკენ გამოვეშურე. 
 
*** 
ერთი ორი თვე ამის შემდეგ ჩემი მეგობარი აღარ მინახავს. ერთს დღეს კიდევ მოვიგონე და წავედი სანახავად. მივედი, შინ დამხვდა. ჩემი მეგობარი სრულიად გამოცვლილა: სახე უცინის, თვალები უბრწყინავს. 
-  სადა ხარ, კაცო ეგრე როგორ დამივიწყე? - მომეგება კარებში. 
- რა ვიცი, შორს აპირებდი წასვლას და არ მეგონა, თუ ესე მალე დაბრუნდებოდი... ჰო, მართლა, მთვარეზე ასვლის საქმე რითი გაათავე? 
-  ვიყავი და აი კიდეც მოვედი... - როგორ? ეგრე მალე! განა მთვარე ეგრე ახლოს ყოფილა? ნუ ხუმრობ!
- ხუმრობა რა პასუხია! - გამიტრიზავა ჩემმა მეგობარმა სიტყვა: - ტყუილად დასცინოდი ჯანილოზის "ქუდსა". ერთ საღამოს ვიჯექ ჩემთვის და მთვარეს შევყურებდი. ვიფიქრე, მოდი გავბედავ და ჩემს "ქუდს" ვეტყვი მეთქი: "ნეტავ ახლა ამსო, დამსო და ზედ მთვარეზე კი შამსო" ვერ გავათავე ამის თქმა, რომ ვხედავ, ზევით-ზევით მივდივარ, ცოდვილს დედამიწას ვშორდები; დედამიწა თან-და-თან, ილევა, სულ პატარად და პატარად მეჩვენება. ბოლოს, მთვარეს, როცა სრულიად მივუახლოვდი, დედამიწა პატარა ვარსკვლავივით-ღა ბჭუტავდა... 
ერიჰაა, ძალიან შეტოპა ჩემმა მეგობარმა-მეთქი, გავიფიქრე, და მინდოდა სიტყვა შემეწყვეტინებინა... თქვენც ნუ მომიკვვდებით! იმან მე ყურიც აღარ მიგდო და განაგრძო თავის მოგზაურობის ამბავი. სწორედ მთვარის საქმეა-მეთქი! სად ჩემი მეგობარი და სად ესეთი ენის ამოდგმა... ეტყობა, მთვარეს ასეთი თვისება ჰქონია, რომ მუნჯსაც-კი აალაქლაქებს-მეთქი, - ვთქვი ჩემს გულში, გავჩუმდი და სმენად გადავიქეც. ჩემი მეგობარი-კი განაგრძობდა. 
- მივუახლოვდი მთვარეს... სტყუვიან ჩვენი პოეტები და გულ-უბპრყვილო, გრძნობა აღელვებული ქალები, მთვარეს რომ მისჩერებიან და გულის ოხვრით შესტრფიან: "ახ, ნაზო, ბადრო მთვარეო!" - ჩემს მეგობარს ძლერა სძულდა პოეტები და ქალები, რომელნიც მთვარეს შესჩივიან და შესტირიან... რა ნაზი, რა კეკლუცი! მთვარეზედაც ისეთივე ხმელეთი და წყლებია, როგორც ჩვენს დედამიწაზე. მგონი, ხმელეთი-კი უფრო მეტია, ვიდრე წყლები. დიდრონ ზღვებზე გემ-ხომალდები დაიარებიან. მთები ჩვენს კავკასიის მთებს არ ჩამოუვარდება. მთის წვერებზე თოვლი სდევს. ძირს თვალ-გადუწვდენელი ველ-მინდვრებია გაშლილი. ტყეებიც ბევრია. მინდვრებზე ყანებს ბიბინი გააქვთ, გაცხარებული მუშაობაა. - ის-კი ვერ გავიგე კარგად, რას უფრო სთესავენ იქა. - სოფლებიც ბევრი ვნახე, თუმცა ისე ხშირად-კი ვერ შეხვდებით სოფლებსა, როგორც ჩვენში. ცარიელი ადგილი ბევრია. - ეტყობა, მუქთად მიწის დარიგება მთვარეზე არა სცოდნიათ, რადგან ბოლოს გავიგე, რომ მიწა იმას ეკუთვნის, ვინ აკეთებსო" კარგი წესი ყოფილა. 
 
*** 
დავეშვი დედამიწაზე, ე.ი. მთვარეზე, - განაგრძნობდა ისევ თავის ლაპარაკს ჩემი მეგობარი: - მაგრამ აი საკვირველებავ! ფეხი ვერ დამიკარებია მიწაზე, ისე მსუბუქადა ვგრძნობ ჩემს თავსა, თითქოს ცაში გაფრენას ვაპირებ-მეთქი. ვიყურები აქეთ-იქით, ყველა კარგად დაიარება... ვხედავ, დიდრონი სახლებია, ქუჩები სუფთად არის შენახული და პოლიციელებიც თავ-თავიანთ ალაგასა დგანან. მინდა, ფეხი მაგრა მოვკიდო, გამოვკითხო, გავიგო რამე. მაგრამ - რას ვამბობ - მივრბივარ და რა მივრივარ, ცხენი ვერ დამეწევა. - რამდენი ქალი და კაცი გავიტანე. შევხედო, რაღაც ყვირილი და სტვენა მომესმა. მოვიხედე, - პოლიციელებს კალთა აუკრეფიათ, მამდევენ და იძახიან: დერჟი, დერჟი, ეგო"! პოლიციელები იქაც ისე არიან როგორც ჩვენში, - ვთქვი, ეს არის ღმერთი გამიწყრა და ხათაბალაში გავებმევი-მეთქი. საუბედუროდ ისე უცბად მომიხდა მთვარეზე ასვლა, რომ თბილი ტანსაცმელიც დამავიწყდა, თორემ ბილეთს ვიღა მოიფიქრებდა. არაფერი სასიამოვნო იქნებოდა, რომ დავეჭირეთ და უბილეთოთ ვენახეთ: - ვინ იცის, იქ რა სჯული და ჩვეულება აქვთ. ვიფიქრე, აქ ერთს უბედურებაში არ გავება-მეთქი, და რაც შემეძლო, ჩქარა გავიქეცი. მოვიხედე, - სადაა თვალითაც აღარავინ ჩანს. გავედი ქალაქ გარეთ. სირბილისაგან გული ამომვარდა, სულს ძლივსღა ვიბრუნებდი. გზის პირას ერთი დიდი ბაღი დავინახე. შევედი, ერთ ხეს წავეჭიდე და ფეხი ცოტად მოვიმაგრე; სული მოვიტრიალე. ვხედეავ, -ერთი კაცი მოდის შემკენ. ისეთი ზაფრანის ფერი ედო, თითქოს ციებ-ცხელება სჭირებია და ეს არის ლოგინიდამ ამდგარაო. მაგრამ ეს კაცი ისე ყოჩაღად მოდიოდა ჩემჯენ, როგორც კარგი მაგარი, ჯან-მრთელი კაცი. მივიხედ-მოვიხედე, - ყველაფერს ასეთი მოყვითალო ფერი ადევს. მაშინ მომაგონდა, რომ მთებსა და წყლებსაც ესეთი, რაღაც მოყვითალო ფერი გადაჰკრავდა. - ამიტომ თუ მოჩანს მთვარე ჩვენის დედამიწიდამ მკრთალი და ნაზი. მოვიდა თუ არა ახლოს ეს კაცი, ქუდი მომიხადა, დაბლა თავი დამიკრა და მითხრა: "გამარჯობაო!" გავკვირდი. ამ კაცს მთვარეზე ქართული ვინ ასწავლა-მეთქი. - სადაური ხარ კაცო? - ვკითხე გაოცებით. - აქაური, ბატონო, იმერეიდამა ვარ გადმოსული. - მერე ამ სიშორეზედ რამ წამოგიყვანა? - რას იზამ, ბატონო, სიღარიბემ სული ამომხუთა, იქ მიწა, მოგეხსნებათ, ნაკლებად არის და აქ-კი, მადლობა ღმერთს, ბლომადაა. შენი სახელი? - კიკოლიკა, ბატონო! -დუქნები არის აქა? - როგორ არა, ბატონო, აი, აქვე ახლოს ოსეფას დუქანია. - სომეხია? - დიახ. - დიდება შენთვის, ღმერთო, - გავიკვირვე, აქაც მოუგვნიათ-მეთქი. 
 
გული არ მისვენებდა, უთუოდ ოსეფას დუქნის ნახვა მინდოდა. რადგან მარტო სიარულს ვერა ვბედავდი, კიკოლა წავიყვანე თან. მივედით დუქანში. შევხედე, - ერთი გაბღინძული, ღიპიანი კაცი დგას დუქანში და ვიღაცასაც ელაპარაკება. მივესალმე, - ზრდიალობიანად თავი დამიკრეს. ერთს გაზეთი ეჭირა ხელში. ოსეფა და იმის ნაცნობი ქართულად ლაპარაკობდნენ. ვთქვი, სწორედ "მშაკის" რედაქტორის სუსხი არ უნახავთ, თორემ ქართულად ლაპარაკს ვერ გაჰბედავდნენ-მეთქი. ყური მოვკარ "ხონელის" სახელს. -"არძაგანსკისა" და "მშაკის" ამბავი იცით-მეთქი? - ვიკითხე, რადგან ვიფიქრე, რომ თუ ხონელის სახელსა ახსენებდნენ, ამის გამო ახსენებდნენე. როგორ მოგწონთ? განა დიდი გმირობაა, მთელი ერი დედამიწის ზურგთან გაასწოროს კაცმა? - თითონ ჩვენის დევ-გმირობის ნაწერები კი არ წაგვიკითხავს და აი, ხონელის წერილი კი წავიკითხეთ. კალამი უკურთხოს ღმერთმა. კარგები კი მოსცხო! კარგი პატიოსანი ქართველი ყოფილა. სირცხვილი იქაურ სომხებისთვის, ხმა ვერავინ ამოიღო, ისევ ქართველი გამოგვესარჩლა. - მეც ქართველი გახლავართ და უნდა მოგახსენოთ, რომ ბ-ნი ხონელი მართლად და პატიოსნად ლაპარაკობს, მხოლოდ ერთში-კი არ ვეთანხმები: სცდება, რომ ვაჭრებს ხელს აფარებს და ათეთრებს. მართალია, ვაჭრებშიაც მოიპოვება თითო-ოროლა მართალი კაცი, მაგრამ რაო. განა სოდომ და გომორში-კი არ იყო მართალი და ღვთის მსახური ლოთი? მაგრამ ღმერთმა ცეცხლით აღმოფხვრა და წყლით წარღვნა სოდომელები. - მეც, ბატონო, ვაჭარი გახლავართ, - გულ-ნაწყენად მითხრა ოსეფას ნაცნობმა. მთელ მთვარეზე იკითხეთ ჩემზე ცუდს არავინ იტყვის.. ის იო დავაპირე კიდეც რიღასიც კითხვა რომ დუქანში პოლიციელი შემოვიდა, ხელში ერთი დიდი კონა ქაღალდები ეჭირა. დავხედე, - სწერია: "დაბეზღების ქაღალდი", და ქვემოდ - ქუთაისი. ერიჰაა, სწორედ ცუდად არის-მეთქი საქმე! იქნება ჩემი ამოსვლა გაიგეს და "დანოსი" ზედ მომაყოლეს? პოლიციელი წეღანდელსა ჰგვანდა, უკან რომ მომდევდა: ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალითაც მიყურებდა. შემეშინდა, ხელი არა მტაცოს-მეთქი. მაგრამ მე დავასწარ, - კიკოლას ხელი გამოვტაცე, ერთი კი დავუძახე: მშვიდობით-მეთქი  და გამოვარდი გარედ.... ჩემი მეგობარი გაჩუმდა და ჩაფიქრდა. - მერე? ვკითხე ჩემს მეგობარს, - სხვა მაგის მეტი ვერა ნახე-რა მთვარეზე საყურადღებო? - სხვა ლაპარაკად არა ღირს. იქაც ისევ ის არის, რაც ჩვენში... მთვარე-კი არა, და აი, სხვა ვარსკვლავებზე უფრო უცნაურ და საოცარს ამბებს ლაპარაკობენ მეცნიერები. ეხლა იქ ვაპირებ წასვლასა და თუ ეს მოხერხდა - რომ მოხერხდება, ამის ეჭვი არა მაქვს, - მაშინ ბევრ კარგს და საოცარ ამბებს მოგიტან.
 
დონ იაგო
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული