• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

როდის წავედ 13 თებერვალს ამოსული?!

×
ავტორის გვერდი ზელიმხან უძილაური 25 მაისი, 2024 520

მოკვდა ჩემი მახო. მახიელი, როგორც ვეძახდი. იმ ვაჟას ახიელივით ფშაურ დერეფანზე კი არ დალია სული, არამედ თავის ღობისპირას შეჭამეს მგლებმა შებინდებისას, ახალდაზამთრებულზე. მოკვდა გაუმაძღარი სოფლის ჯაფით, თიბვა-ხვეტით, ღობვით, კარტოხას თესვა-თოხნვა-თხრით; გაუმაძღარი ქოხ-სახლაის, დედულ-მამულის სიყვარულითა და მოვლა-პატრონობით! ვერადავერ გაძღა სოფელ-ქალაქსშუა წანწალით, სამაგიეროდ მშიერა მგლებ დააძღო, დააპურა, აზიარა თავის სისხლ-ხორცს.

 

ასე დამთავრდა მისი სიცოცხლე, ჩქარობდა, იოფლებოდა, პირსახოცი ეკიდა სულ ყელზე საოფლედ, ოფლი იყნოსეს ეტყობა, უცებ გამოცვივდნენ ტყიდან, პიროფლიანს მიუსწრეს და მოუთავეს მგლებმა. აბა რა ძალა ედგა, არც თავი დაინდო და ცოლ-შვილიც ხომ ძაან დააღონა თავისი უსასრულო  ასვლა-ჩასვლით, შეყრა-განშორებებით... სიღატაკით იმდენად არა, რამდენადაც თავის დაუფასებლობით. მამა არჩენდა ციცის ოჯახს. ციცი მიყვებოდა, ეგ რომ წავიდოდა ფშავში, დადგებოდა კუთხეში ეს პატარა გოგო და აუტყდებოდა კანკალიო! ასე განიცდიდნენ შვილები მისგან მოშორებას. მაინც უყვარდათ! მან კი ვერ გააკეთა არჩევანი ნივთსა და ადამიანს შორის, ვერ მოიშორა ფშაური კერა, თავიდან ვერ ამოიგდო!

დასაცინი იყო და დასცინოდა კიდევაც ნათესავი თუ მეზობელი: ორ-სამჯერ იმიტომ ისწავლა რომ ამ ტყეში დაბრუნებულიყოო? ატყევებული, მიტოვებული იყო მის სოფელ-ნასოფლარი, ის კი მაინც არ ეშვებოდა. აახასხასებდა, დასთესდა, გასთიბდა ღმერთს შეავედრებდა თავის დედულ-მამულს, მაგრამ ზოგჯერ ვიღაცის ღორები შემოდიოდნენ თუ შემოუყრიდნენ და უოხრებდნენ ეზოს. იმ უპატრონო 90-იანებში ხშირად ჟინვალიდანაც უვლია ფეხით.

 

გაბრაზებული ვარ ჩემ ძმობილ მახიელზე: შეაწუხა ცოლ-შვილი სიცოცხლითაც და სიკვდილით ხომ საერთოდ გაწირა და დაზაფრა. ასაკრეფი გაგვიხდა თოვლსა და ბორტვს შემორჩენილი მისი ძვლების ნატამალნი. ცალკე ჩემ თავსატეხად იქცა. წერდაო, მე კი მისი ნაწერებიდან მაინცდამაინც ეს მომხვდა გულზე... „როდის წავედ?..“ რადგანაც მწერლად მიცნობდნენ და ოჯახებით ვმეგობრობდით, მე მთხოვა ციციმ, გადამეხედა და რამე გამოგვექვეყნებინა მისი ნაწერ-ნუწერებიდან! მწერალი ხარ და იქნებ რამე ამოარჩიო, ასე უბედურად მოკვდა და იქნებ მისმა სახელმა მაინც გაიკრიალოს, გაიხმიანოსო! ეჰ, ვიყავი, მაგრამ კარგა ხანია აღარ ვარ მწერალი, რაც საფრანგეთიდან დავბრუნდი, კალამს არ გავკარებივარ და სამაგიეროდ ბაზრობას არ მოვშორებივარ. ამგვარად გადავრჩი, ვიცოცხლე, ცოლ-შვილსაც მოვუარე, მახოსავით არ მირბენია წარა-მარა კერაზე, ჯერ შვილებს მივხედე, დავაბინავე სუყველა და მერე მშვენიერი სახლიც წამოვჭიმე ჩემ მამულში, მახოს მეზობელ სოფელში! იცის ბიჭმა, ვაჟასი არ იყოს! ტყუილა არ ჩამიარა სკოლის მერე სავაჭრო ტექნიკუმის დამთავრებამ და არსენა მაუბარაშვილთან პრაქტიკამ მაღაროსკარის კოოპერატივში. საფრანგეთს, სმას, ქალებსა და ქაღალდებს რაც დავემშვიდობე კარგა ხანია, მაგრამ ჯანდაბას ამ ერთხელ წავიმწერლებ ჩემი რძლის ხათრით...

 

არც ვიცი რა უნდა გამოვიყვანო მახულის მოთხრობებიდან. არც ჩემი და არც სხვისი მწერლობის დარდი აღარა მაქვს, გამოვაცხადე რახანია რომ როგორც მწერალი, მოკვდა თურმანაულიო, ვდგავარ ბაზრობაზე და ვყიდი სამშენებლო მასალებს. ხანდახან გამომივლიან ხოლმე კრიტიკოსები ბელა და ლელა, გავიხსენებთ ძველს და ეს მყოფნის! მწერლობასთან რაც მაკავშირებს, ისაა რომ ხანგამოშვებით ხელს ვუმართავ ღარიბ, ნიჭიერ კალმოსნებს ან იმათ ვინც მე მომმართავს, ლუკმას ვუყოფ.

 

აი რა შევარჩიო ამ სევდიანი ჩანახატებიდან, მოთხრობებიდან? - უკვე მერამდენედ ვკითხე თავს. მოდი, ცოტა გადავდებ და რაც გულზე მომხვდა ჯერ იმას ვიტყვი. ნუსხაა, როდის ამოვიდა ქალაქიდან ქვენასოფელში, მერე ზენასოფელში აიარა, იქ კარტოფილი დათესა, ღობა ან თიბა, მერე ქვენაში ჩაიარა და ბოლოს ქალაქში როდის წავიდა... მერე კიდევ როდის ამოვიდა, თუ ცოლთან ან ბავშვთან ერთად ამოვიდა, ესაც უწერია... ასეა წლების მიხედვით, დაახლოებით ერთი კვირის ან ცოტა ნაკლების ფარგლებში ტრიალებს ეს ამოსვლა- წასვლანი. თვეში ერთხელ, გარდა დეკემბერ-იანვარისა, ხან ორჯერაც... ზოგჯერ გაუწვიმდებოდა და საქმეს რადგან მოვცდი, მოთხრობას ვწერო... ერთი ან ორი ტომი გამოვა, შიგ აზრებიცაა ჩართული, მიზნები, ჩანახატები, ფილოსოფიურები.. ამ ყველაფერს არა აქვს დასასრული. რომ წამოეზარდნენ, ხანდახან ბავშვებიც დაჰყვებოდნენ თურმე ცალ-ცალკე; ან მირიანთან, მარიამთან, იასთან ან ნიკოსთან თუ თამართან ერთად ამოვედიო, ც. ისევ ქალაქში გავუშვითო, მერე ღობეები ვამაგრეთო, ზენასოფელში ამოვედით ახლაო, - ორგან აიბარა ის ქოხ-სახლა, - ვთიბთო, ვხვეტთო, ვთესთო, სახლს ვამაგრებთო, კრამიტებს ვასწორებთო, წვიმს შიგნითაც ისე, როგორც გარეთაო... 30 წლის ნუსხაა, რამდენიმე საერთო რვეული. მოთხრობებიც შიგვეა ჩართული. თარიღები არასოდეს შეშლია, ეტყობა ჯერ ცალკე იწერდა და მერე შეჰქონდა საერთო რვეულში...

 

და ერთხელაც, აი ერთხელაც დავიწყებია როდის წავიდა თბილისში და ეკითხება თავს: როდის წავედ 13 თებერვალს ამოსული? ეტყობა გაზაფხულსაც არ აცლიდა მოსვლას, ნეტავ 13 თებერვალს რაღა საქმეა ფშავში?

 

არ ჩანს პასუხი ამ კითხვაზე, ეტყობა ვეღარ გაიხსენა.

 

ნეტავ რა დააშავა?

 

ბიჭუნა ქუჩაში ვიპოვე გადაგდებული, ვიშვილე და ჩემ მეგობრად იქცა. ჩემ უცნაურ მომთაბარულ ცხოვრებას კარგად მოერგო. ქართულს ამტვრევდა და ჩემთვის უცნობ სემიტურ სიტყვებს ურევდა ალაგ-ალაგ, მაგრამ ეს ურთიერთობაში ხელს არ გვიშლიდა, პირიქით, მეც გადავიღე მისგან და საუბარს შევუსადაგე. კადოშ, წავედით? წავედით! - მეტყოდა თვალებგაბრწყინვებული. გავიდოდით დიდუბეში მეტროთი, დავსხდებოდით ჩარგლის ავტობუსზე და ჰაიდა კანასკენ! ორი სახლაკი მქონდა მოსავლელი, ზენა და ქვენა სოფელში. ზენაში აღარავინ ცხოვრობდა თითქმის, ქვენაში კი ცალი ხელის თითებზე ჩამოითვლებოდნენ შემორჩენილნი. დედა ადრევე დამეღუპა, მამაც რომ გარდაიცვალა, სახლ-კარიც საბოლოოდ დაობლდა და მეც. ვერ გავიმეტე დასანგრევად და გასაპარტახებლად. დიდ დროს ვალევდი, სხვა საქმე კი უკან მრჩებოდა, ვერც სამსახურს მოვეკიდე წესიერად და ვერც პური არსობისა დავიგროვე. მაგრამ მამა-პაპურ სახლში რომ ბუხრის ტკაცუნი მესმოდა ან კიდევ „ჟეშტის ფეჩის“ გუგუნი, ყოველგვარ ამქვეყნიურ სიამეს უდრიდა. ეს ხმები დღესაც ყველაფერს მირჩევნია და ასე მგონია, ჩემი სისხლის ხმაური თუა ძარღვებში. ბედს არ ვუჩიოდი და სულ მღერა-სტვენით ვიკლებდი არე-მარეს, კადოშ კიდევ უფრო მახალისებდა. სუსტი იყო და მუშაობა არ შეეძლო, მაგრამ წყალს მაწვდიდა, პური მოჰქონდა და ჰაერსაც კი მიგრილებდა. თიბვით დაღლილი რომ ჩამოვჯდებოდი სახლის დერეფანზე, აიღებდა ძველი სპილენძის ქვაბის თავსახურავს და მინიავებდა... ჰაერი, წყალი, პური... კიდევ რა დარჩა ადამიანისათვის რომ აუცილებელია? მზე? კადოშ, მზეც შენ ხარ-მეთქი ჩემთვის? - ხშირად მიკითხავს. იდგა ჩუმად, მზესავით და იღიმებოდა. წამოიზარდა. დადგა 80 - იანი წლები. საპატრიარქოში დავიწყე მუშაობა, იქ ვიპოვე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი - ც. და დავოჯახდი. კადოშ ისევ ჩვენთან ცხოვრობდა, ბავშვებთან თამაშობდა, ხან აგარაკზე ვტოვებდით, ხან თბილისის ნაქირავებ ბინაში გვყავდა. კადოშ გვერდით მედგა, სოფლად მითუფრო, თუმცაღა იქ ძალიან ამიგდეს, რახან ეკლესიაში წავედი, და შესაფერისი თიკუნიც გამომიცხვეს: „ღდელი.“ ამასობაში და კადოშითურთ სოფელ-ქალაქსშუა სიარულში ათეისტურმა ეპოქამაც ჩაიარა გრიალ-გრიალით და რწმენა მოდად მოგვევლინა. ეკლესია კომკავშირლებით გაივსო. ეს კომკავშირლები მალე ფანატიკოსებად იქცნენ, თავიც გაიუბედურეს და სხვებიც ზედ მიიყოლეს. მე „ღდლობას“ შევეშვი და მასწავლებლობა დავიწყე. კადოშ დიდი ბიჭი იყო უკვე, მაინც სულ დამყვებოდა ბალღივით, გაკვეთილებზე იჯდა და მისმენდა. ნელ-ნელა საუკუნეც მიილია და ჩვენც დავშორდით ერთმანეთს. ეს განშორება მართლაც სამყაროს აღსასრულს ჰგავდა, ისეთი სევდიანი გამოდგა! დიდხანს აღარაფერი მსმენია მისგან. იმ ტერორისტებით სავსე რეგიონში აბა რა ხეირი უნდა დადგომოდა? ძოღან შევიტყვე, უწამებიათ, ჯვარზე გაუკრავთ. ნეტავ რა დააშავა ჩემმა მზემ, ჰაერმა, წყალმა და პურმა? „ნეტავი რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეაჩნიესო?..“

 

და მაინც, ჩემთვის მთავარი ის უპასუხო კითხვაა: როდის წავიდა 13 თებერვალს ამოსული?! არ უწერია პასუხი. მას მერე ბევრი უვლია კიდევ წინ და უკან, სანამ მგლები შესჭამდნენ.

 

ვერც მე გპასუხობ მალხაზ, - როდის წახვედ, - შემოგევლე შენი ძმა ომარი.

 

2022-2024 წწ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული