• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

უცხო

×
ავტორის გვერდი დათო სამნიაშვილი 06 იანვარი, 2016 2240

ყველაფერი იწყება იქ, სადაც ყველაფერი მთავრდება…  ყველაფერი სწორად ასე დაიწყო.

 

–––იცი ვინ ვარ?!

–––არა. .

–––მაშინ, რატომ გინდა, რომ მესროლო?

–––არც ეგ ვიცი. .  ვიცი მხოლოდ ის, რომ უნდა მოგკლა!

–––თუ არ მიცნობ, რატომ?

–––ასეა საჭირო და იმიტომ. .  მე საერთოდ, ბევრი რამ არ მახსოვს, ზოგი რამ მახსოვს, მაგრამ ერთი რაც ვიცი, ეს არის ის, რომ უნდა. .

–––ვერ ვხვდები. .

–––შენ. .შენ მიცნობ?

–––არა

–––დარწმუნებული ხარ?

–––კი. .თუმცა გამოგიტყდები, შეგრძნება მაქვს, თითქოს ადრე სადღაც გნახე. .მე საერთოდ ამნეზია მჭირს. ვერაფერს ვიხსენებ.  მახსოვს რამდენიმე არაფრის მომცემი სახელი, რამდენიმე ადგილი, რომელიც ჩემში ჯიუტად არის გამჯდარი და კიდევ შეგრძნება, უცნაური შეგრძნება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა.

–––აქამდე როგორ მოხვედი? მომიყევი და არაფერი მოიტყუო, თორემ გესვრი !

–––რითი დავიწყო?

–––მეც იგივე მჭირს, ზუსტად იმავეს ვგრძნობ და კიდე ვიცი, რომ უნდა მოგკლა. დაგინახე თუ არა, იმწამსვე დამეუფლა გრძნობა, რომ უნდა მომეკალი. სულ ერთი წამი დამჭირდა, დაგინახე და ამოგიცანი. ერთი სიტყვით, დაიწყე იქიდან, სადაც ყველაფერი დამთავრდა და საიდანაც ყველაფერი დაიწყო .

–––კარგი.

                                                                             ლექსო. . .

 გონს სწორედ აქ მოვედი, აი ზუსტად აქ, სადაც ახლა შენ დგახარ. თითქმის არაფერი მახსოვდა, თუმცა დიდად არც ახლა მახსოვს რამე. უეცრად შევნიშნე, სახე სულ მთლად დასისხლიანებული მქონდა. ალბათ სანამ გონებას დავკარგავდი ავარიაში მოვყევი, თუმცა ახლოს მანქანა ვერ შევნიშნე.

 დავინახე ორი ტიპი გიჟივით მორბოდა ჩემკენ. თავიდან დინჯად მოაბიჯებდნენ, მერე უეცრად ერთ–ერთმა ჩემკენ გამოიშვირა თითი და აი მერე გიჟებივით გამოცვივდნენ. ერთს მგონი ხელში იარაღიც ეჭირა და რაღაცას ყვიროდა. მივხვდი, უნდა დამეხვია და დავახვიე კიდევაც. ისე შემეშინდა, რომ რამდენიმე წამში ის ორი ტიპი ვაფშე ჩავხიე და მალევე თავი ბუჩქებს შევაფარე.

 აი იქით მხარეს გავიქეცი და ბოლოში ბუჩქები რომ ჩანს, იქ ვიმალებოდი კიდე კაი ხანი. ეს ორი ტიპი ცოტა ხანს კიდე დაძრწოდა, უაზროდ ყვიროდნენ რაღაცას და ერთი,რომელსაც  ხელში იარაღი  ეკავა, იარაღს აქეთ–იქით სიცარიელეს შეშლილი სახით უღერებდა. . . დაიცა, მგონი ეს ეკავა, შენ რაც გიჭირავს ახლა. .

–––გააგრძელე!

–––ცოტა ხანს კიდე დაძრწოდნენ, ერთი მომენტი მაღალი ტიპი, იარაღი რომელსაც ეკავა, ბუჩქებისკენ წამოვიდა, მე ღრმად ჩავისუნთქე და სიკვდილისთვის მოვემზადე, თუმცა სადღაც გულის სიღრმეში თავს ვარწმუნებდი, რომ ესენი მძარცველები იყვნენ, გამძარცვავდნენ და წავიდოდნენ, მაგრამ დავხედე რა საკუთარ თავს და მივხვდი რა რო წასართმევი არც არაფერი გამაჩნდა საშინლად შემეშინდა. ბოლო–ბოლო ყველაფერს თავი რომ დაანებო, გინდაც უბრალო მძარცველები ყოფილიყვნენ, აქედან ცოცხალს მაინც არ გამიშვებდნენ, სადაც აქამდე მდიეს. .

 მერე უიარაღომ, დაბალმა და ღორივით ჩასუქებულმა, იარაღიანს თავისკენ უხმო და ისიც გაბრუნდა. იარაღიანმა რაღაც გადაულაპარაკა, მე ვერ გავარჩიე რა და ორივე მოპირდაპირე მხარეს გაიქცა, მე მგონი ვიღაცა შენიშნეს და ახლა მას გაეკიდნენ.

 ბუჩქებიდან ამოსვლას კვლავ ვერ ვბედავდი, მთელი ტანით ოთხმოცდაათი წლის ბებერივით ვკანკალებდი და წარმოდგენა არ მქონდა თუ რა უნდა გამეკეთებინა. ხელი ჯიბეში ჩავიყავი, მარცხენა ცარიელი მქონდა, აი მარჯვენიდან კი პატარა ცელოფანი ამომყვა, შევხედე მოსაწევი.

 შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ წარმოიდგინე ყველაფერი მახსოვს, მახსოვს ცხოვრება, ვცნობ ყოველ ნივთს, მახსოვს კანონები, ვიცი ქვეყნები, ქალაქები, პრეზიდენტები, პრეზერვატივები და ღმერთები, ერთი სიტყვით ყველაფერი რაც არ მჭირდება, გარდა ჩემი ვინაობისა და ჩემი ისტორიისა. .

–––მჯერა, განაგრძე. .

–––შენც ასე ხარ?

–––განაგრძე!

–––ერთი სიტყვით, ბუჩქებიდან გამოვძვერი, მოსაწევი რა ჩემ ფეხებად მინდოდა, ჰოდა იქვე მოვისროლე. ერთი მომენტი გავიფიქრე, ბარიგა ხომ არ ვარ–თქო.

 მოკლედ, გზა გავაგრძელე, იმ გზის საპირისპირო მხარეს, რომლისკენაც ის ორი გიჟი წავიდა. ერთი შეხედვით გზას ბოლო არ უჩანდა, ირგვლივ ბუჩქები.. ბუჩქები და კალიები, მეტი არაფერი. .კალიებს და ბუჩქებს ორგია მოეწყოთ და დარწმუნებული ვარ ჩემი სახით, დაუპატიჟებელი სტუმარი ნაკლებად თუ სიამოვნებდათ.

 უკვე მოსაღამოებული იყო, შემცივდა, ისევ არ მქონდა წარმოდგენა, სად ვიყავი. ისევ შიშმა ამიტანა. ტრასაზე დაბრუნების მეშინოდა, ვაი და ის ორი გიჟი კიდევ გამოვარდნილიყო. თუმცა არც ასე ჩანდა გამოსავალი. ალბათ  ერთი საათი მაინც ვიარე ამ კალიებით დასახლებულ ბალახებში და ჰოი საოცრებავ, როდესაც ის იყო, ხელი საბოლოოდ უნდა ჩამექნია და ძირს დავცემულიყავი და იქვე ბუჩქებში მიმეძინა, სადღაც შუქმა გაითამაშა. . ეს იყო ხსნა, ეს იყო ღმერთის მიერ მოვლენილი ზეციური საჩუქარი. .

მადლობა… მადლობა… შევძახე აბორიგენივით და ახლა ორმაგი ენერგიით გავწიე შუქისკენ. მომინდა ღმერთისთვის მადლობა გადამეხადა, მაგრამ ვერა და ვერ გავიხსენე, თუ რა რელიგიის მიმდევარი ვარ, ჰოდა ბოლოს ისევ სამყაროს შემქმნელო მადლობა– მეთქი და გზა ისე განვაგრძე. თუ რამდენიმე წამის წინ ფეხს ძლივს მივითრევდი, მციოდა, სასტიკად მეძინებოდა და რაც მთავარია, ჭრილობები (სავარაუდოდ ავარიაში მიღებული) სასტიკად მაწუხებდა, ახლა თითქოს ჯადოსნური მალამო წამისვესო და გამაცოცხლესო. მოკლედ, ნელი სიარულით აღარ დავკმაყოფილდი და მიზნისკენ სწრაფი და ბეჯითი ჯარიკაცის ნაბიჯით გავწიე. ცდებოდნენ ისინი ვინც ამბობდნენ, მარტო კატებს აქვთ რამდენიმე სიცოცხლეო, გამოდის ადამიანებსაც ჰქონიათ.

 სულ მალე შენობაც გამოჩნდა, უფრო სწორად ქოხი. შუქი სწორედ იქიდან გამოდიოდა. გარემოს თვალი მოვავლე, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, თან უკვე საკმარისადაც დაბნელებულიყო, ამიტომ ახლო– მახლოს შეიძლება იყო კიდევაც ვინმე, ყოველ შემთხვევაში მე ვერავის დავინახავდი.

ნაბიჯების სისწრაფეს კვლავ ვუკელი, ის ბეჯითი და გამბედავი ჯარისკაცი უეცრად კვლავ დაჭრილ და კუდამოძუებულ დეზერტირს დავემსგავსე.

ახლა ახალი დარდი გამომიჩნდა, ვინ შეიძლება ცხოვრობდეს აქ? და ვინც გინდა ცხოვრობდეს, ვინ მიმიღებს ამ შუაღამისას?! ალბათ კარსაც არ გამიღებენ, გარეთ კიდე საშინლად ციოდა, როგორც მაშინ ვივარაუდე შუა თებერვალი უნდა ყოფილიყო. მე კიდე შარვლის ამარა გარეთ უეჭველად გავიყინებოდი.

ქოხს მივუახლოვდი, გონება კიდევ ერთხელ დავძაბე და წარმოვიდგინე სახლის პატრონის ადგილას მე რომ ვყოფილიყავი, რას ვიზამდი, ალბათ იმას, რომ კარებთან არც კი მივიდოდი, გაღებაზე ხომ საერთოდ საუბარი არაა. მერე უცებ სიცილი ამიტყდა, რამდენიმე წამი ასე გიჟივით ვხარხარებდი. რას ნიშნავს, მე რომ მის ადგილას ვიყო?! მე როგორ შეიძლება წარმოვიდგინო საკუთარი თავი მიტოვებული ქოხის პატრონის ადგილას?! მითუმეტეს, რომ ახლა ჩემი თავი ისეთივე უცხოა ჩემთვის, როგორც მაგალითად ქოხის მეპატრონე, მერე უცებ გამკრა აზრმა, რომ იქნებ და ეს ქოხი ჩემიცაა, აბა მე რა ვიცი? წარმოდგენა არ მქონდა ვინ ვიყავი და საერთოდ იქნებ და პრეზიდენტიც ვარ, არა, პრეზიდენტის ვინაობა მახსოვს, არა იქნებ პატრიარქი ვარ?! არა, ეგეც მახსოვს, კეთილი მოხუცი, ასე ოთხმოცი წლის.

ბევრი აღარ დავაყოვნე, ავდექი და პირდაპირ დროისგან დამბალ კარებზე, არც ისე მორიდებულად დავაკაკუნე. რამდენიმე წამი სიჩუმე, სულ მალე რაღაც გაფაჩუნდა, შემდეგ ხმაურიც მომესმა.

–––ოჰ, ვინ არის? ამ შუაღამისას!!!

 ეს ხმა ასე სამოცდახუთ ოთხმოც წელს შუა არხეინად თამაშობდა.

–––გამიღეთ ბებო, დამაღამდა და სად წავიდე არ ვიცი.   აქ კვლავ სიჩუმე. –––გთხოვთ, თუ ღმერთი გწამთ, გარეთ ნუ დამტოვებთ, ასე ხომ გავიყინები.

–––თუ შენ ღვთისნიერი კაცი ხარ, ამ შუაღამისას აქ რა გინდა?!

 ალაპარაკდა კვლავ ქოხი.

‘’აბა მე რა ჩემი ფეხები ვიცი აქ რა მინდა“ - გავიფიქრე, მაგრამ ენა გონებას დაუსხლტა და სულ სხვა რამ გადმოსცა

–––ავარიაში მოვყევი ბებო, ღმერთს გეფიცებით ბებო, არ გატყუებთ, სულ სისხლიანი ვარ, არც ტელეფონი მაქვს, არაფერი, გემუდარებით, ნება მომეცით დავრეკო მაინც და… ბებო, მაპატიეთ. დღეს დამირეკეს, მითხრეს შენი შვილი ცუდად არისო, მეც გიჟივით ეგრევე მანქანას ვეცი და აი ასე გზაში ავარია მომივიდა, თუ შეგაწუხეთ წავალ, აღარ დაგაკარგვინებთ დროს, უკაცრავად და იქნებ მითხრათ აქ ახლო მახლოს ვინმე თუ ცხოვრობს? ან ტელეფონი მაინც…

–––აქ ახლომახლო არავინ არის. –ჩაიბურტყუნა კვლავ ქოხმა, თუმცა ამჯერად ისე მკაცრად აღარ.

‘’აისბერგი დაიძრა“

–––კარგით, უკაცრავად. .

–––შენ შვილს რა დამართნია?

–––არ ვიცი ქალბატონო, ვირუსი შეეყარა, ეს კი ვიცოდი, მაგრამ როგორც ტელეფონში მომახსენეს გართულებია და ახლა საავადმყოფოში დაუწვენიათ, მე იმის მეშინია, რამე ხომ არ დამიმალეს ტელეფონში.

 აქ განგებ ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს, ფეხებს ბეკეკასავით უაზროდ ვაკაკუნებ და ცალი თვალით კვლავ ქოხის დაბერებულ კარებს მივჩერებივარ, კარმაც არ დააყოვნა, ერთი საზარლად დაიწრიალა, გეგონებოდა ჩივის სადღა მაქვს მე ამდენის თავიო და გაიღო.

 დამჭკნარი სახე, წელში მოღუნული, როგორც უნიჭო მჭედლის ხელში ლურსმანი, შავი წინსაფარი, ალაგ–ალაგ შემოფხრეწილი თუ დაგლეჯილი კაბა, უფრო სწორად ნაჭერი, რომელსაც შემქნელმა სავარაუდოდ კაბა უწოდა, ესეც რაღა თქმა უნდა სულ მთლად შავი.

 ერთი სიტყვით, არაფერი ახალი, ტიპიური ბებო, ქართველი ბებოს ნამდვილი ხატი.

–––აბა შემომხედე, მომიახლოვდი.

 მეუბნება ქალი და ცდილობს თავისი ათრთოლებული ხელებით გაბზარულმინებიანი სათვალე თავის გაძვალტყავებულ სახეზე მოირგოს. ამან რატომღაც პატრიარქი გამახსენა, იმედია თავს არ გაწყენ ზედმეტი ლაპარაკით...

–––თუ გაჩუმდები და გააგრძელებ კარგს იზამ, ისე უნდა ხვდებოდე რა სიტუაციაშიც ხარ, ხელში იარაღი მიკავია და.

–––ჰო, კაი მაპატიე, მაპატიე. .უბრალოდ შენ მითხარი ყველაფერი მოყევიო და მეც ვყვები, თუ გინდა გამოვტოვებ, რაში გაინტერესებს ახლა შენ თუ რა მოხდა იმ აქოთებულ ქოხში. . .

–––მე ყველაფერი მაინტერესებს, გააგრძელე.

–––შენი ნებაა

–მიდი!

 ერთი სიტყვით, მოირგო ამ კუდიანმა ეს დაღრეცილი სათვალე, მეც სახე ახლოს მივუტანე და მათვალიერებს, გეგონება ექსპერტი იყოს და დასკვნას დადებდეს წამი წამზე.  ისე მეცინებოდა ისე, რომ ერთი წამი თავს ვაიძულე დამეჯერა, რომ ვითომ შვილი მყავდა მართლა ავად და შეიძლება მომკვდომოდა კიდეც.

–––ეს რა დაგმართნია ღმერთო!

 დაიწყო წყევლა-კრულვა. თან სახეზე ხელს მისვამდა.

–––დედა, დედა! ოჰ მე, მაგან არ გაიხაროს… დედა… ტიტუ... ეგ არის ყველაფრის მკადრებელი,  არ ისვენებს არა, თუმცა რას მოისვენებს, რაც დრო გადის, ჩვენ ადამიანები ნელ–ნელა მაგის მხარეს ვიხრებით.

 მინდოდა მეკითხა ვის წყევლიდა ასე გამწარებით, ან გინდაც, ვის მხარეს ვიხრებით ასე სასწორივით, მაგრამ ვერ შევბედე, შემეშინდა არ გამებრაზებინა ეს ჭკუიდან გადასული ჩონჩხი. კიდევ დიდხანს ვუსმენდი, მერე უცებ თვალი თვალში გამიყარა და მეუბნება.

–––შენ რას ფიქრობ, ჩვენი ბრალია, ის რომ ასე გააქტიურდა?

ხმას ვერ ვცემდი. აი, სად დამენძრა, გავიფიქრე და ტვინს ვიტყნავ, იქნებ და მივხვდე, მაგრამ ჩემი ფეხები, აზრად არაფერი მომდის. ქალს შეშფოთება შევატყვე, აიმრიზასავით და ეჭვნარევი სახე მიიღო.

–––რას ჩაიგდე ბიჭო ენა? გეკითხები ეს უბედურებები რაც გვემართება ამ ბოლო დროს, ანუ მისი გააქტიურება, ყველაფერი იმის ბრალია? მე თუ მკითხავ, ჩვენ ვაძლევთ საბაბს! ადრე არ იყო შვილო ასე, კომუნისტები რომ კომუნისტები იყვნენ, არ გვწამსო ამბოდნენ, მაგრამ ღვთის სიტყვას არც ისინი გადასდიოდნენ, ახლა კიდე ვაი. არც კი ვიცი, რა ვთქვა.

და ამ დროს გარყვნილებაში ნუ ჩამითვლი და რატომღაც თვალი მისი მკერდისკენ გამექცა, შავი კაბა და შავი წინსაფარი გულმოდგინედ ფარავდა მის ჩაფუშულ ძუძუებს, ჩაფუშულს როგორც მის ცხოვრებას, თუმცა ძუძუსთვის, წინსაფრისთვის და კაბისთვისაც ხის ჯვარს ეჯობნა და ამაყად წამოჭიმულიყო ქალის მკერდთან. ამ ერთი შეხედვით არაფრისმომცემმა ჯვარმა მიკარნახა, თითქოს პასუხი ყურში ჩამჩურჩულა, და ლამის მთელი ხმით შევყვირე ევრიკა, თუმცა არა, ამ დროს ალილუია რომ დამეღრიალა მგონი ეგ ჯობდა.

–––კი ქალბატონო პირველ რიგში ჩვენი ბრალია, ჩვენ ვაძლევთ საბაბს, ჩვენი ბინძური ხორციელი სურვილები აძლიერებენ მას, თუმცა ღმერთი მოწყალეა და საბოლოოდ არ გაგვწირავს.

–––ჰო შვილო აბა რა, ღმერთი მოწყალე და ყოვლის შემძლეა, საკმარისია მოინდომოს ერთი ხელის მოსმით გააქრობს ეშმაკსაც და მის ეშმაკუნებსაც.

 აქ მორჩილად დავუქნიე თავი და ერთგული მონასავით, რომელიც პატრონს მლიქვნელად უღიმის, სინამდვილეში კი ერთი სული აქვს როდის გაიქცევა, გავუღიმე.

მოკლედ, შემიპატიჟა სახლში და კიდევ დიდხანს აგინა ეშმაკს დედა. ისე ალბათ ზედმეტს ვბოდიალობ, მაგრამ შენ მითხარი ყველაფერი მოყევიო და მეც ვყვები. . .

–––გააგრძელე არსად გვეჩქარება!

ერთი სიტყვით, მე შევცდი, ეს ქოხიც არ იყო, ეს იყო ბოსელი. ასეთი შეხამება სახლის და მის მეპატრონეს შორის, მეორე ალბათ არც არსებობს. ეს ბოსელიც ამ დედაბერს გავდა, ფართით ერთ ოთახზე დიდი არც იქნებოდა, ყველგან ჯვრები და ხატები იყო გამოფენილი. ლოგინის მოვალეობას თივა ასრულებდა, „საძინებელთან“ სპეციალური სამლოცველო კუთხე მოეწყო და ხატები როგორც იაფფასიან ქუჩის გამოფენაზე ისე გამოეკიდა. საყოფაცხოვრებო ნივთებიდან ერთი, ესეც ხის, თეფში და შესაბამისად, ცალი კოვზი და ჩანგალი გააჩნდა. ასევე იყო ბუხარი, ხის სკამი და ფეხმორყეული საზარელი, გაცრეცილი ტახტი, რომელზეც მე ვესვენე.

–––ეს ტახტი სტუმრისთვის მქონდა, სტუმრები საერთოდ არ მყავს, არც მინდა რომ მყავდეს, მაგრამ ვიცოდი რომ ერთ მშვენიერ დღეს ღმერთი გამომიგზავნიდა და ესეც შენთვის იყო განკუთვნილი.

 მერე უცებ დაფაცურდა, ნახევარლიტრიანი მინის ბოთლით სპირტი მოიტანა, ბოთლს ნაჭერიც მოაყოლა. ალბობდა ნაჭერს სპირტში და მერე სახეზე მისვამდა. მთელი სახე მეწვოდა, მაგრამ ქალმა ისეთი ხმით მითხრა „მოითმინე ასეა საჭირო!“ რომ ხმა არ დამიძრავს. ახლა აბა ფეხი მანახეო. შარვალი ავიწიე, იქ ისეთი სანახაობა დამხვდა, ცოტაც და გონებას დავკარგავდი. მუხლი ისე მქონდა გადატყავებული, ლამის ძვალი მიჩანდა, ლამის რა, მიჩანდა კიდევაც, თვალსაც მიპაჭუნებდა.

–––დედა, დედა, ასე როგორ მოაღწიე აქამდე, ნუთუ ეს საოცრება არ არის?! ნუთუ ეს ნიშანი არ არის?!

 ჩიფჩიფებდა და თავს მორყეული საქანელასავით აქანავებდა. ნახევარი საათი თავზე დამტრიალებდა, მერე საიდანღაც ტკივილგამაყუჩებელიც გააძრო. ფეხი საგულდაგულოდ შემიხვია და მზად ხარო მომახსენა.

ვზივარ კოჭლ სკამზე, ხელებს ბუხარს ვუშვერ, სადაც არ გავიხედავ ყოველი მხრიდან წმინდანები და ღმერთები მომჩერებიან, არ მახსოვს ვინ ვარ, ჩემს უკან საზარელი დედაკაცი წევს, რომელსაც სწამს, რომ ღმერთის მიერ ვარ მოვლენილი და აი, ამ დროს უეცრად თვალი მოვკარი ქვაბს, ისიც კი გავიფიქრე, ან აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე–მეთქი. ქვაბი მართლაც რომ ვებერთელა იყო და მისი აქამდე არ შემჩნევა, ამ პატარა ქოხში, მართლაც რომ პარანორმალურ მოვლენებს თუ მიეწერებოდა.

აი ეს კი ბოლო წვეთი იყო, დავიწყე ხარხარი და რა ხარხარი, ქალი დაფეთებული წამოვარდა, ჯვარი სახესთან მომიახლოვა და გაჰყვირის „ განსდექ, განსდექ. . განსდექ–მეთქი სატანა !!! სახელისა მამისა და ...“ აქ კიდე იმდენი რამე იყვირა, ყველაფერი არ მახსოვს, ამის შემყურეს უფრო გადავბჟირდი და გონს ისევ სილამ მომიყვანა. ამ კუდიანმა რა ძალი და ღონეც ჰქონდა ერთი მომიქნია და ისეთი გამსცხო, ლამის კბილები გადმომაყრევინა.

–––მაპატიეთ. .მაპატიეთ. .

–––არაუშავს შვილო, არაუშავს, ეგ ეშმაკი იყო, ეშმაკმა იცის–ხოლმე. .აბა შენ ის მითხარი, რას აპირებ ახლა?

–––დღეს თქვენის ნებართვით აქ გამოვიძინებ, გათენდება და რამეს მოვახერხებ.

–––აჰა. აჰა… კაი ახლა მოდი ვილოცოთ კაი?

–––რა თქმა უნდა.

 ხელი მაგრად ჩამჭიდა, გამხმარი და დაკოჟრილი კანი ისე მომეწება, როგორც საზარელი ტყლიპი, რომელიც ყველაფერთან ერთად გერჭობა კიდევაც და თავისი ხელით, საგულდაგულოდ მოწყობილ, სამლოცველოსთან მიმაჩოჩა. .აქ აღარ მოგიყვები, მე მგონი ლოცვა დიდად არ უნდა გაინტერესებდეს. ბოლოს შუბლზე მაკოცა, გამიღიმა და დაცარიელებულმა ღრძილებმა ისე საზარლად გაიბრწყინეს სანთლის შუქზე, რომ ამ ღირშესანიშნაობით აღფრთოვენებულმა ცოტაც და დაბორიალებული წავიქცეოდი.

 ლოცვის შემდეგ ძილის ვიზა ჩამირტყა, ახლა ძილის ნება მქონდა და ეშმაკისგანაც ვიყავი დაცული.

–––წამოწექი ახლა დაიძინო ჯობია.

 წამოვწექი კი არა და გავიშხლართე, ეს გაქუცული და გახუნებული ტახტი ახლა ნებისმიერი შეიხის ლოგინს მერჩივნა. არ გავიდა რამდენიმე წუთი და დედაკაცმა თავი წამოწია. .

–––შვილო, მომკალი და ეს საოცრებაა! გადავწყვიტე მოგიყვე, თავი წამოწიე და გულდასმით მომისმინე… შენხელა ბიჭი მყავდა, ომარი ერქვა, ისეთი ლამაზი, ვაჟკაცი, მარჯვენა უჭრიდა, ისეთი ბიჭი იყო, სოფლის გოგოები ყველანი გიჟდებოდნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, საჭმელი გვქონდა და სასმელიც. ეს ყველაფერი საკმარი. ჩვენი ხელით ვშოულობდით პურს ჩვენი არსობისას. თუმცა ხომ გაგიგია შვილო, ეშმაკს არ ძინავსო, ჯერ იყო და ჩემ მეუღლეს შეუჩნდა და ამ უბედურმაც რაღაც ბიზნესი წამოიწყო, ამ ყველაფერში ბავშვობის მეგობარი უწყობდა ხელს. მალე ფულიც იშოვნა და ახლა საკმარისს არ დასჯერდა და მეტი მოინდომა. ვემუდარებოდი, ვეხვეწებოდი თავი დაენებებინა ყველაფრისთვის, ვუმტკიცებდი, კარგს არაფერს მოგვიტანს შენი ფული–მეთქი, მაგრამ რათ გინდა შვილო, ეშმაკი თუ შეუჩნდა კაცს, ვაი მერე რო შეუძლებელია მისი გამოფხიზლება. თუმცა შეუძლებელი არაფერია შვილო, ჩემი ბრალიცაა მეტი რო მელოცა და ღმერთისთვის დახმარება მეთხოვა, იქნებ და არც მომხდარიყო ის რაც მოხდა. მერე შვილო, უცებ ჩემ ბიჭსაც გადაედო მამისგან, ერთ დღესაც გამოგვიცხადა სწავლა მინდაო. ვუმტკიცებდი შეშვებოდა, ეს სწავლაც და ყველაფერი რაც ქალაქშია, ყველაფერი ეშმაკის გამოგონილია–მეთქი ვუჩიჩინებდი, მაგრამ რათ გინდა, შეჯდა ვირზედა და მორჩა.

 ბოლოს მაინც თავისი გაიტანეს, მაგათმა რა. ეშმაკმა გაიტანა შვილო და ქალაქში წამოვიდნენ. ჩემ ქმარს ახალი ნაყიდი მანქანის გამოცდა უნდოდა და აიჩემა მე წავიყვან ბიჭს ქალაქშიო, ჰოდა შვილო, ეშმაკის მანქანამ თავისი ქნა და უბედურები ავარიაში დაიღუპნენ. მას შემდეგ მივხვდი ყველაფერს, მივატოვე სახლიც და კარიც და აქ საცხოვრებლად გადმოვედი. ჩემი ოჯახი ეშმაკმა შეაცდინა და ვინ იცის ახლა მის ხელში იყვნენ, ჰოდა შვილო აქ იმისთვის ვარ, რომ დრო არ დავკარგო და მათი სულებისთვის ვილოცო, ვილოცო რათა უფალმა აპატიოს და სასუფეველში წაიყვანოს თავიდან.

–––ვუსმენდი და სულ უფრო და უფრო მიჩნდებოდა სურვილი, ეს ქალი პირდაპირ საგიჟეთში გამექანებინა. მერე შიშმაც კი ამიტანა, როგორია როდესაც სადღაც გადაკარგულ ქოხში ხარ, შენი ერთადერთი კომპანიონი კი აბსტრაქტულ რეალობაში ცხოვრობს და ყოველ დილით ანგელოზებს ესაუბრება და თუ მოუარეს დემონებსაც ეჭიდავება.

–––შენ შვილო ხარ გამოცდა, ღმერთმა შენი თავი გამოსაცდელად გამომიგზავნა, შენც იმ წყეული ქალაქის შვილი ხარ, იმ ეშმაკის მანქანის მორიგი მსხვერპლი. დარჩი ჩემთან, არ მოგცემ უფლებას ჩემი კაცის და ჩემი ბიჭის შეცდომა გაიმეორო.

 რა მეთქვა? არ დავრჩები–მეთქი? ვერ ვეტყოდი, ვერც იმას ვეტყოდი, არ მწამს შენი სიტყვების– მეთქი, ვაი, თუ სულ გაეჭედა, ეშმაკი ხარო, დაეღრიალა და დანით ხელში გამომკიდებოდა. ერთი სიტყვით ასე ვუთხარი. . .

–––ახლა დავიძინებ, ძალიან დაღლილი ვარ და ხვალ ვისაუბროთ.

–––კარგი შვილო, კარგი.

 ჩაიბურტყუნა თავისთვის და გადატრიალდა. მეც გავინაბე, ერთი სული მქონდა, როდის ჩაეძინებოდა, რათა გამოვპარულიყავი. ენითაუღწერელ დისკომფორტს ვგრძნობდი.  მოკლედ, დაიძინა რა ჩემმა მხსნელმა, ჩუმად წამოვდექი და სამოთხის ქოხი, ისევ თავის ღმერთს დავუტოვე. ერთი კია, ამ ჯვრის ფანმა დახმარება გამიწია, ფეხიც ნაკლებად მტკიოდა და აქამდეც შედარებით უფრო ადვილად მოვაღწიე. ვიფიქრე წავალ, ვნახავ ისევ იმ ადგილს, იქნებ ვინმეს გადავაწყდე–მეთქი და აი, უცებ შენ გამოჩნდი ხელში იარაღით და მოკვლით მემუქრები. .იმედია ახლა მაინც დაუშვებ იარაღს და ცოტას მაინც მოეშვები. .

       

–––გინდა მითხრა, რომ მეტი არაფერი გახსოვს?! სულ ეს არის, რისი თქმაც შეგიძლია?

–––მეტი რა უნდა შემეძლოს?

–––მაგალითად ის რომ ნაბიჭვარი ხარ და მკვლელი. .

–––რას ბოდავ?

–––მე ვბოდავ ჰო?! შენ ჩემი შვილი მოკალი,  ჩემი პატარა ბიჭი! შემეძლო პირდაპირ ჩამეძაღლებინე, მაგრამ მინდოდა გცოდნოდა, გცოდნოდა, რომ ნაბიჭვარი ხარ! შენ უბრალო სიკვდილს არ იმსახურებდი.

–––მოიცა, მოიცა, შენ არ მითხარი, მეც არაფერი მახსოვსო?

–––გითხარი. და არც მახსოვს.

–––აბა.  მეგობარო, თუ მეხუმრები…

–––რო მოგკლავ მერე დავიწყებ ხუმრობას. ეს იარაღიც შენი მეგობრების არის. შენ რომ მომიყევი, ვიღაც ორი ტიპი მომდევდაო, სწორედ იმათ ავახიე ეს, ისინი შენ კი არა მე მომდევდნენ, შენ სავარაუდოდ იმიტომ აგეკიდნენ, რომ გონს მოეყვანე, შეეხსენებინათ რა ნაბიჭვარი ვინმეც ხარ.

–––მომისმინე… მომისმინე.

–––რაღა უნდა მოგისმინო, უბრალოდ მინდა იცოდე ვინ ხარ და ისე მოგეტყნას დედა! გონს რომ მოვედი, სისხლში ვბანაობდი და გვერდით ათი წლის ბავშვის გვამი ეგდო. გავახილე თუ არა თვალი, ისე შემეშინდა, ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე, ჯოჯოხეთში ვარ–მეთქი. წამოვხტი და იქვე ბუჩქებში დავიმალე, მერე შენი ახვარი ძმაკაცებიც გამოჩნდნენ, შენ გეძებდნენ. სქელი რომელიც იყო, იმან თქვა, ბავშვი მოკლა და ახლა მაგის სინდისზეა ყველაფერიო, წამო, ახლა მამა ვნახოთ და მაგის თავიდან მოშორებაც მოგვიწევსო. გამხდარი შეშინებული ჩანდა და წარამარა იმას გაიძახოდა, გავიქცეთ აქედანო, ვერავინ ვერაფერს გაიგებსო. კიდევ კაი ხანს მსჯელობდნენ, თუ რა ექნათ და შენ სად ეპოვნე, ჭკუიდან გადავიდაო, შენზე თქვეს, როგორც ჩანს, თავი დაარტყაო, მერე უეცრად მსუქანმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შესძახა, აი ისიცო და შენსკენ გამოიქცნენ, შენ ვერ მიხვდი რა ხდებოდა და გაიქეცი. მე ბუჩქებიდან გამოვძვერი, მინდოდა მენახა თუ რა მოხდა, ბავშვის სახის ნახვა მსურდა,  ჩემი შვილის...  ამ დროს საიდანღაც ეს დედა აფეთქებული გამხდარი, შენი დედა მოტყნული მეგობარი გამოძვრა და მეუბნება არ გაინძრეო, ტვინი გადამიტრიალდა, ვეცი, ძირს კაი ხანს ვიფორთხიალეთ, ხელიდან გავაგდებინე იარაღი. იარაღი ხელში მეკავა, მაგრამ აფექტის მომენტში ვერ გადავხარშე და ჭკუიდან შეშლილივით გავიქეცი. მერე გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი და ყველა ამომეხოცეთ, უკან დასახევი მაინც აღარ მქონდა. ვერც შენი და ვერც შენი მეგობრების კვალი ვნახე.. ეს ყველაფერი ისე უცებ მოხდა. .

 მერე აქეთ–იქით ვიწყე ხეტიალი, უეცრად შენ შეგნიშნე, მთვრალი კაცივით მოაბიჯებდი, ჩაგისაფრდი, მომიახლოვდი თუ არა, ბუჩქებიდან გამოვძვერი. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, შემეძლო ისე ჩამეძაღლებინე, არც გამოგლაპარაკებოდი, მაგრამ პირიქით, მინდოდა დაგენახე, გცოდნოდა რა ნაბიჭვარიც ხარ და ბოლოს, მინდოდა უკანასკნელად ჩემი სახე დაგენახე, იმ ადამიანის სახე, ვისაც შვილი მოუკალი.

–––რას შვები შეჩემა, სულ გამოყლევდი?!

 

ორ პიროვნებას კიდევ ორი წამოადგა თავზე. თუმცა პირველი ორი თუ ერთმანეთს აშკარად მტრობდა, მეორე ორს ეტყობოდა მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ. მსუქანს ხელში იარაღი უკავია და ხან მეორე იარაღიანს უშვერს, ხანაც ამ უკანასკნელის მსხვერპლს, ალექსას. მსუქანის მეგობარი, გამხადარი, მაღალი, ასე  ოცდაათამდე წლის თუ იქნება. სახეზე შიში ეტყობა და თვალებს ნერვიულად აცეცებს.

–––მართლა გაგიჟდი?! –ეუბნება მსუქანი იარაღიანს

–––არ გაინძრეთ, თორემ თქვენს მეგობარს ჩავაძაღლებ! გეუბნებით ვესვრი–მეთქი! –ალექსას იარაღს არ აშორებს.

–––ესროლე მერე, მაგის დედაც მოვტყან! ბიჭო, შენ სულ გამოყლევდი? ეგ მე სულ სირზე მკიდია, აგერ მე და შოთა მთელი ღამეა მაგ დედამოტყნულს დავდევთ მოსაკლავად! ესროლე, მაგის დედაც მოვტყან!

–––მართლა ვესვრი...

–––თუ არ მოკეტავ, მე გესვრი მართლა! –დაიღრიალა მსუქანმა და იარაღის ლულა დაჩოქილს მოაშორა, რამდენიმე წამი იმოგზაურა სამიზნემ და ახალ იარაღიანს გაუსწორდა. –––ჰა, მიდი ესროლე!

 ალექსა გაურკვეველი სახით იყურება, ოფლში ბანაობს და სწორედ ამ დროს გაჰკრავს აზრი რომ შვილი მას მოუკლეს, ის ათი წლის ბიჭი მისია და ახლა მასაც იგივე ბედი ელის. .არადა სულ რაღაც ხუთი წუთის წინ აქეთ სდებნენ ბრალს!

–––ჯერ ამას ვესვრი და მერე თქვენ მიგაყოლებთ, ნაბიჭვრებო!

–––მე ვარ ბიჭო ნაბიჭვარი?! ჯერ იყო ტვინი მოტყანი ავეკიდოთო და მერე რულზეც შენ იჯექი. ახლა კიდევ სულ გამოყლევდი და რას ბოდავ, თავადაც არ იცი?

–––გიო, ბიჭო რა გჭირს? –ჩაერია გამხდარი და აკანკალებული ხმით მიმართა იარაღიანს, რომელიც დაჩოქილ ალექსას კვლავ ჯიუტად არ აშორებდა სამიზნეს.

–––შენ საერთოდ ვინ ხარ? ჩემი სახელი საიდან იცი?

–––მე თუ არ ვიცი, აბა ვინღა უნდა იცოდეს? –ჩაიჩურჩულა დამნაშავესავით გამხდარმა. ეს ყველაფერი შენი იდეა იყო. მე გეუბნებოდი არ გვინდა–მეთქი, დაგავიწყდა?

–––მე შენ არ გიცნობ!

–––მისმინე, ახლა თუ კიდე ბევრს ილაპარაკებ, ორივეს ჩაგაძაღლებთ და წავალთ მე და ბექა. –დაიღრიალა მსუქნმა. –––ამას რომ ავეკიდეთ, (მსუქანმა ხელი დაჩოქილი ალექსას გაუსწორა) რულზე სწორედ შენ იჯექი და მიმავალ მანქანასაც შენ ესროდი, მერე წამოეწიე და ავარიაშიც შენ გამო მოვხვდით. გონს რომ მოვედი შენ სადღაც ეგდე, შენს გვერდით კიდე ამის ბავშვი ეგდო, უკვე მკვდარი. –ხელს არ აშორებდა ალექსას მსუქანი. ამ იდიოტს კიდე თავის დროზე რო გაეჩერებინა ის დედა მოტყნული  მანქანა, ახლა ვინ იცის იქნებ ამის ბავშვიც ცოცხალი ყოფილიყო.

–––ამას არ ვიზამდი, ეს შეუძლებელია! –აუკანკალდა ხმა გიორგის.

–––რა ვქნა ახლა, რომ დამიჯერო? მაინცდამაინც ის გითხრა, რა ზომის ყლე გაქვს?!  ჯერ მარტო იარაღს დააკვირდი ხელში როგორ გიკავია. შენ ამას არც პირველად აკეთებ და არც უკანასკნელად. მარტო ის რად ღირს, ამ გამოსირებულს რომ წაართვი. –და ხელი გამხდრისკენ გაიშვირა, რომელიც აქეთ–იქით იყურებოდა და ეტყობოდა ნერვიულობდა, ვინმემ არ შეგვამჩნიოსო.

 ალექსა კვლავ დაჩოქილია, ახლა საბოლოოდ დარწმუნდა იმაში რომ რამდენიმე საათის წინ სოწრად მისი შვილი მოკლეს. ნელ–ნელა წელში იშლება. .რამდენიმე წამიც და ალექსა ფეხზე დგას. .

–––შენ მომიკალი, შენ ქენი ეს… შენი დედა მო…

 გასროლა, მამაკაცის გვამი ძირს გდია, ბალახები წითლად იღებება. მომაკვდავი ალექსა ყოველ ამოსუნთქებას სისხლს აყოლებს.

 

–––აი ასე, ან აქამდე სად იყავი. .ახლა იარაღი დაუშვა შეგიძლია.

 მსუქანი გიორგის უახლოვდება. გიორგი ჯერ კიდევ მომაკვდავს მისჩერებია, კიდევ რამდენიმეჯერ ესვრის. ბალახებში უკვე გაშეშებული სხეული ასვენია და პირიდან წითელი წვენი, როგორც მოშლილი შადრევანიდან, ისე გადმოსდის.

 მსუქანი შეშფოთებულ მზერას ესვრის გიორგის, მაგრამ ცდილობს არ შეიტყოს.

–––ეგრე რა!

 გიორგი მსუქანს უბრუნდება, მსუქანს იარაღი კვლავ ხელში უჭირავს, მართალია არავის უმიზნებს, მაგრამ გიორგის ეს არ მოსწონს.

–––ეხლა გამაგებინე, ამ უბადურს რისთვის ავეკიდეთ. ასე უბრალოდ არ მოხდებოდა ეს! თან ელემენტარულია, თუ ვინმეს დაყაჩაღება გვინდოდა, აქ არ მოვიდოდით, რა გარანტია იყო, საერთოდ ვინმე რომ გამოივლიდა. მთელი ღამეა აქ დავხეტიალობ და არავინ გამოჩენილა. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს აქ გამოივლიდა ხო?

 მსუქანი დუმს, იარაღს ხელს მაგრად უჭერს, თითქოს ქვა იყოს და სითხის გამოდენა უნდოდეს. ეს გიორგის შეუმჩნევლად არ რჩება. ბოლოს მსუქანმა ერთი ღრმად ჩიასუნთქა და დაიწყო. .

--- ინფორმაცია წინასწარ გვქონდა, მილიონზეა ბაზარი. ახლა ყველაფერი წესრიგშია. ეს მკვდარია, ამის შვილიც, ფული მანქანაშია, მილიონი. ახლა შეგიძლია იარაღი დაუშვა და  მოდუნდე.

 სიჩუმე. რაღაცამ გადაიფრინა და მისი ხმა როგორც გამაყრუებელი სირენა, ისე გაისმა. ფრინველის მიერ გამოცემულ ხმას კი რამდენიმე წამში გასროლის ხმა აეკიდა. ჩასუქებული, ღორივით კაცი, ბალახებში გაგორდა.

–––რა ქენი? –წაისლუკანა გამხდარმა. მეტის თქმა ვერ მოასწრო.

–––ის, რაც საჭირო იყო, იარაღს ხელი გაუშვიო და თავად მაგარი ნაშას ძუძუსავით უჭერდა ხელს და საერთოდ, ეს გასიებული ღორი რაში გვჭირდებოდა? ჩვენ მეტი შეგვხვდება!

–––რა შეგვხდება, რას ბოდავ. . .არაფერი არ შეგხვდება, არაფერი. გესმის?!

–––რას ბოდავ?! –გიორგიმ გამხდარი სამიზნეში ამოიღო. –––ნუ ფართხალებ,  თორემ ამ ღორს მიუწვები შენც! ნახე როგორ მოწყენილად გორაობს ბალახებში. კომპანიონი უნდა.

–––მისმინე.  მისმინე...  არ ისროლო... არა… არაფერი მილიონი არ არსებობს, ყველაფერი ვახომ გამოიგონა, გამოიგონა იმისთვის, რომ შენ იარაღი დაგეშვა.  არ ხარ მკვლელი...

გასროლა. გამხდარი მსუქანს გვერდით უწევს. ისინი მართლა უხდებიან ერთმანეთს. გიორგი მანქანასთან მიდის. ბავშვის გვამს ცდება, იხრება, რამდენიმე წამში მისი თავი მანქანაშია, მანქანა კი ცარიელი. ახლა გიორგის თავი კვლავ გარეთ, ამჯერად ბავშვის გვამს დაჰყურებს. კითხვა კითხვაზე მოდის, პასუხი არ ჩანს.

მას პირველი შეკითხვა ახსენდება „ იცი ვინ ვარ? „ მაგრამ ამჯერად შეკითხვას საკუთარ თავს უსვამს.

ყველაფერი იწყება იქ, სადაც ყველაფერი მთავრდება.

 

 The End

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული