• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ელექტროენერგია საკმარისია იმისათვის, რომ მეორე მზე შეიქმნას

×
ავტორის გვერდი ნიკოლა ტესლა 04 იანვარი, 2012 12674

ჯონ სმიტი იღებს ინტერვიუს ტესლასთან. გენიალური ფიზიკოსი ამბობს: ყველაფერი არის სინათლე. თითოეულ სხივში არის ნაციათა რწმენა, ყველა ეროვნებას აქვს თავისი სხივის წყარო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, როგორც მზეს. და დაიმახსოვრეთ: არცერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა, არ მომკვდარა.

ტესლამ დააპროექტა პირველი ჰიდროელექტროსადგური ნიაგარის ჩანჩქერთან. მისი დამსახურებაა ხელოვნური თანამგზავრების იდეა, უსადენო კავშირგაბმულობა და ცვლადი დენის აღმოჩენა, რადიოკომუნიკაციები, საბაზისო რობოტები…  ეს მხოლოდ ნაწილია იმ სამეცნიერო სასწაულებისა, რომლებიც ტესლას სახელს უკავშირდება.

ეს ინტერვიუ ვირუსული გახდა ინტერნეტში და კამათიც გამოიწვია. ერთ-ერთი ვერსიით, ტექსტი არის ფიქციური, რომელიც დაწერა სერბმა მწერალმა Stevan Pesic-მა. 

 

შემოკლებული ინტერვიუს თარგმანიპაატა შამუგია

 

ჟურნალისტი: ბატონო ტესლა, თქვენ გქონდათ პატივი, ყოფილიყავით ჩართული კოსმოსურ პროცესებში. ვინ ხართ თქვენ?

ტესლა: საინტერესო კითხვაა, ბატონო სმიტ. ვეცდები, თანდათან სწორად გიპასუხოთ.

ჟურნალისტი: ფუტურისტები ამბობენ, რომ მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეები ნიკოლა ტესლას თავში უკვე შეიქმნა. და მის შემქმნელს მონადირეს უწოდებენ, რომელმაც თავის ქსელში გააბა დედამიწის სიღრმეებიდან მომავალი სხივი, და მეომარს, რომელმაც ცას ცეცხლი გამოსტაცა. ინდუსტრია ტესლას თავის უმაღლეს წმინდანად მიიჩნევს. ტესლას ლაბორატორიაში პირველად გაიხლიჩა ატომი. შეიქმნა იარაღი, რომელსაც შეუძლია მიწისძვრის გამოწვევა. აღმოჩენილია შავი კოსმოსური სხივები.

ტესლა: დიახ, არის რაღაც უმნიშვნელოვანესი მიღწევები. მაგრამ მე დამარცხებული კაცი ვარ. მე ვერ მივაღწიე მთავარს, რის მიღწევაც შემეძლო.

ჟურნალისტი: რას?

ტესლა: მე მინდოდა გამენათებინა მთელი დედამიწა. ელექტროენერგია საკმარისია იმისათვის, რომ მეორე მზე შეიქმნას. სინათლე გამოჩნდება ეკვატორის გარშემო, როგორც წრე - სატურნის გარშემო. კაცობრიობა არაა მზად, მიიღოს რამე დიდი და კარგი. ზაფხულში კოლორადოში მიწა გავჟღინთე ელექტროენერგიით. ჩვენ, ასევე, შეგვიძლია შევივსოთ სხვა ენერგიებით, მაგალითად, პოზიტიური მენტალური ენერგიით, რომელიც არის ბახის ან მოცარტის მუსიკაში, ან დიდი პოეტების ლექსებში. დედამიწის წიაღში არის სიხარულის, მშვიდობისა და სიყვარულის ენერგიები. ამ ენერგიის გამოხატულებაა ყვავილები, რომლებიც იზრდება დედამიწიდან, წყალი, რომელსაც ვიღებთ და ყველაფერი, რაც ადამიანის სამშობლოს ქმნის.

წლები დავხარჯე იმ მეთოდის მოსაძებნად, რომლითაც ამ ენერგიას შეუძლია ხალხზე იმოქმედოს. ვარდის სილამაზე და სურნელი შეიძლება მედიცინაში გამოვიყენოთ, მზის სხივები კი - საკვებად. სიცოცხლეს აქვს ფორმათა უსასრულო რიცხვი, და მეცნიერების ვალია, მოძებნოს ისინი მატერიის ნებისმიერ ფორმაში. აქ სამი რამეა არსებითი.

ჟურნალისტი: რა არის ეს სამი რამ?

ტესლა: პირველი პრობლემა საკვებია. რომელი ციური ან მიწიერი ენერგიით უნდა დავაპუროთ მშივრები? რომელი ღვინო ვასვათ მწყურვალთ, რომ გამხნევდნენ და მიხვდნენ, რომ ღმერთები არიან? 

მეორე პრობლემაა, თუ როგორ გავანადგუროთ ბოროტება და ტანჯვა, რომელშიც გადის ადამიანის ცხოვრება. ისინი ხანდახან კოსმოსიდან წამოსული ეპიდემიის სახით გვევლინება. ამ საუკუნეში სნეულებამ კოსმოსამდე მიაღწია. მესამე პრობლემა: არის თუ არა ჭარბი სინათლე სამყაროში? მე აღმოვაჩინე ვარსკვლავი, რომელიც ყველა ასტრონომიული და მათემატიკური კანონის მიხედვით, შეიძლებოდა გაუჩინარებულიყო. მაგრამ არაფერი შეცვლილა. ეს ვარსკვლავი არის ამ გალაქტიკაში. მის სინათლეს შეუძლია ისე შემჭიდროვდეს, რომ შეიჭრას ვაშლზე პატარა სფეროში და ის ჩვენს მზის სისტემაზე უფრო მძიმეა. რელიგიები და ფილოსოფიები გვასწავლის, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს ქრისტე, ბუდა და ზარატუსტრა. ის, რის დამტკიცებასაც მე ვცდილობ, გაცილებით გიჟური და თითქმის შეუძლებელია. ეს არის ის, რომ სამყაროში ყველა იბადება ქრისტედ, ბუდად და ზარატუსტრად. გრავიტაცია გვიჩენს ფრენის მიდრეკილებას, მაგრამ ჩემი განზრახვა არაა საფრენი აპარატების შექმნა (თვითმფრინავის ან რაკეტებისა), არამედ ვასწავლო ინდივიდებს, აღუდგინონ მგრძნობელობა თავიანთ ფრთებს. უფრო კონკრეტულად: მე ვცდილობ გავაღვიძო ენერგია, რომელიც ჰაერშია. არსებობს ენერგიის ძირითადი წყაროები. ის, რაც ცარიელ სივრცეებად არის სახელდებული, სინამდვილეში, არის მატერიის მანიფესტაცია, რომელიც ჯერ არ გამოღვიძებულა. არ არსებობს ცარიელი ადგილი ამ პლანეტაზე, არც კოსმოსში. ასტრონომების მიერ ხშირად ნახსენებ შავ ხვრელებში არის ენერგიისა და სიცოცხლის ყველაზე დიდი წყარო. 

ჟურნალისტი: თქვენი სასტუმროს ოთახის ფანჯრებზე  ყოველ დილით ჩიტები მოდიან.

ტესლა: ადამიანი მგრძნობიარე უნდა იყოს ჩიტებისადმი. მათი ფრთების გამო. ოდესღაც ადამიანებსაც ჰქონდათ ფრთები, სრულიად რეალური და ხილვადი. 

ჟურნალისტი: ყოფილხართ ოდესმე დაქორწინებული? არაა ცნობილი, რამდენად გაღელვებთ  სიყვარული ან ქალები. ახალგაზრდობის ფოტოებზე მომხიბლავად გამოიყურებით. 

ტესლა: არასდროს დავქორწინებულვარ. ორი მოსაზრება არსებობს: ბევრი გრძნობა ან არცერთი. ეს ემსახურება ადამიანის რასის გაახალგაზრდავებას. ქალი ზოგ მამაკაცს ზრდის და უძლიერებს სიცოცხლის უნარსა და სულს. იმავეს აკეთებს მარტო ყოფნა ზოგი ადამიანის შემთხვევაში. მე მეორე ვარიანტი ავირჩიე. 

ჟურნალისტი: თქვენი თაყვანისმცემლები გულდაწყვეტილები არიან იმით, რომ ფარდობითობას უპირისპირდებით. უცნაურია თქვენი შეფასება, რომ მატერიას არა აქვს ენერგია. ყველაფერი ენერგიითაა გაჟღენთილი, სად არის ის?

ტესლა: პირველად იყო ენერგია, მერე გაჩნდა მატერია.

ჟურნალისტი: ანუ, როგორც თქვენ თქვით, საკუთარმა მამამ შეგქმნათ და არა საკუთარმა თავმა?

ტესლა: ზუსტად! რას იტყვით სამყაროს დაბადებაზე? მატერია შეიქმნა თავდაპირველი და მუდმივი ენერგიისგან, რომელსაც ვიცნობთ, როგორც სინათლეს. ის ასხივებდა, შემდეგ შეიქმნა ვარსკვლავი, პლანეტები, ადამიანი, და ყველაფერი მიწაზე და სამყაროში. მატერია არის მუდმივი სინათლის ფორმის გამოხატულება, რადგან ენერგია უფრო ასაკოვანია, ვიდრე ის. არსებობს ქმნადობის (შესაქმის) ოთხი კანონი. პირველი ისაა, რომ მთელი ამ ქაოსის წყარო, შავი სიუჟეტი შეუძლებელია გონებამ აღიქვას, ან მათემატიკამ გაზომოს. ამ სიუჟეტშია მთელი სამყარო. მეორე კანონია სიბნელის გაფართოება, რომელიც არის სინათლის ჭეშმარიტი ბუნება. მესამეა სინთლის აუცილებლობა, რათა ტრანსფორმირდეს სინათლის მატერიად. მეოთხე კანონია: არც დასაწყისი, არც დასასრული. პირველი სამი კანონი მუდმივად არსებობდა, ქმნადობა კი მუდმივია.

ჟურნალისტი: ფარდობითობის თეორიასთან დაპირისპირებისას, თქვენ იმდენად შორს მიდიხართ, რომ საკუთარი დაბადების დღეზეც კი მის საწინააღმდეგო ლექციებს კითხულობთ…

ტესლა: გახსოვდეთ, ეს არ არის მრუდე წრე, არამედ ადამიანური გონება, რომელსაც არ შეუძლია გაიგოს უსასრულობა და მუდმივობა. ფარდობითობა თავად მის შემქნელს სწორად რომ გაეგო, ის უკვდავებას მიაღწევდა, ფიზიკურ უკვდავებასაც კი, თუ ენდომებოდა. მე ვარ სინათლის ნაწილი და ეს არის მუსიკა. სინათლე ავსებს ჩემს ექვსივე გრძნობას: ვხედავ, ვგრძნობ, ვიყნოსავ, ვეხები და ვფიქრობ. ფიქრი არის ჩემი მეექვსე გრძნობა. სინათლის ატომები დაწერილი ნოტებია. სინათლის ერთი სხივი სიმფონიაა, სინათლის ათასი სფერო კი მთელი სიმფონიური კონცერტი. რიცხვები და განტოლებები არის ნიშნები, რომელიც სფეროთა მუსიკას აღნიშნავს. აინშტაინს ეს ბგერები რომ მოესმინა, ის არ დაწერდა ფარდობითობის თეორიას. ეს ბგერები არის გზავნილები გონებისათვის - რომ სიცოცხლეს აქვს აზრი, რომ სამყარო არსებობს სრულყოფილ ჰარმონიაში, და რომ მისი სილამაზე არის შესაქმის მთავარი შედეგი. უმცირეს ვარსკვლავს აქვს დასრულებული კომპოზიცია და ასევე, ის არის კოსმოსური სიმფონიის ნაწილი. ადამიანის გულისცემა არის მიწის სიმფონიის ნაწილი. ნიუტონი მიხვდა, რომ საიუდუმლო ციური სხეულების გეომეტრიულ განლაგებასა და მოძრაობაშია. მან გააცნობიერა, რომ სამყაროში არსებობს ჰარმონიის უზენაესი კანონი.

ჟურნალისტი: ბატონო ტესლა, ვისაუბროთ, თუ შეიძლება, დედამიწაზე მყოფ ანგელოზებზე.

ტესლა: ექსტრაორდინარულ ხალხს, რომლებიც ებრძვიან ავადმყოფობებს, სიღარიბეს, ან საზოგადოებას, ხალხი აზიანებს თავიანთი სისულელით, გაუგებრობით, დევნით და სხვა პრობლემებით, ქვეყანა ასეთებს იღებს როგორც მონსტრებს, ტოვებს მათ ნიჭს გამოუყენებლად. ბევრი ჩამოვარდნილი ანგელოზია დედამიწაზე.

ჟურნალისტი: როგორ უდგებით თქვენს სამუშაოს? როგორც თამაშს?

ტესლა: დიახ, ძვირფასო. მე ისე მიყვარდა თამაში ელექტრობით. მოწიწებით ვივსები, როცა ვისმენ ისტორიას ბერძნის შესახებ, რომელმაც ცეცხლი მოიპარა. საშინელი ისტორიაა, თუ როგორ მიაჯაჭვავენ და არწივი როგორ უკორტნის გულ-ღვიძლს. ნუთუ ზევსს არ ჰქონდა საკმარისი ცეცხლი და მეხი, რომ ერთმა ნაპერწკალმა ასე დააზარალა? რაღაც გაუგებრობაა… ცეცხლი არის ყველაზე მომხიბლავი სათამაშო. არ დაგავიწყდეს, ჩაწერო შენს ტექსტში: ნიკოლა ტესლა იყო პირველი, რომელმაც აღმოაჩინა სინათლე. შეგიძლია ასევე ჩაწერო,  რომ ტესლა თავს ადარებს ინდრის[1], ზევსსა და პერუნს[2]. წარმოიდგინე ეს ღმერთები საღამოს შავ კოსტუმში, კეპიანი ქუდით და თეთრი ხელთათმანებით, რომლებიც ამზადებენ ნათებას, ცეცხლს და მიწისძვრას ნიუ-იორკის ელიტისთვის.

ჟურნალისტი: მკითხველს მოსწონს იუმორი ჩვენს გაზეთში. მაგრამ თქვენ მაბნევთ იმით, რომ ხალხისთვის ასე სასარგებლო თქვენი აღმოჩენები თამაშად მიგაჩნიათ. ზოგს ეს ეწყინება.

ტესლა: ძვირფასო ბატონო სმიტ, პრობლემა ისაა, რომ ხალხი ზედმეტად სერიოზულია. ასე რომ არა, ისინი უფრო ბედნიერები იქნებოდნენ და მეტ ხანსაც იცხოვრებდნენ. ჩინური ანდაზა გვეუბნება: სერიოზულობა ამოკლებს სიცოცხლეს.

ჟურნალისტი: მკითხველს სურს გაიგოს, რა არის თქვენი ფილოსოფია.

ტესლა: ცხოვრება არის რიტმი, რომელიც უნდა გაიგო. ყველაფერი, რაც ცოცხალია, ღრმად და ლამაზად არის დაკავშირებული ერთმანეთთან - ადამიანი და ვარსკვლავები, ამება და მზე, გული და სამყაროთა ურიცხვი სიმრავლე. ეს კავშირები ურყევია, მაგრამ მისი მოთვინიერება შესაძლებელია, რომ რაღაც ახალი და განსხვავებული კავშირები წამოიწყო სამყაროში. და ეს ძველ კავშირებს არ დააზიანებს. ცოდნა მოდის კოსმოსიდან. ჩვენი ხედვა ყველაზე სრულყოფილია. ჩვენ გვაქვს ორი თვალი: მიწიური და სპირიტუალური. და ორივე უნდა გაერთიანდეს. სამყარო ცოცხალია, როგორც მოაზროვნე ცხოველი.  

ჟურნალისტი: როცა ლაპარაკობთ, ასე მგონია, ბუდისტური და ტაოისტური ტექსტები ჩამესმის.

ტესლა: ასეც არის! ეს ნიშნავს, რომ არსებობს ძირითადი ცოდნა და ჭეშმარიტება, რომელსაც ადამიანი ყოველთვის ფლობდა. ჩემს შეგრძნებასა და გამოცდილებაში, სამყაროს აქვს ერთი სუბსტანცია და ერთი უმაღლესი ენერგია სიცოცხლის გამოვლენის უსასრულო რაოდენობით.

ყველაზე კარგი ისაა, რომ ერთი საიდუმლო ბუნების აღმოჩენა ახალ აღმოჩენას უდებს სათავეს.არაფერი დაიმალება, ყველაფერი ჩვენ გარშემოა, ეს ჩვენ ვართ ბრმები და ყრუები მათ მიმართ. ვაშლი ბევრია, ნიუტონი - ერთი.

ჟურნალისტი: კითხვა, რომელიც შეიძლებოდა თავშივე დასმულიყო: რას ნიშნავს ელექტროენერგია თქვეთვის?

ტესლა: ყველაფერი ელექტრობაა. პირველად იყო სინათლე, უწყვეტი წყარო, რომლიდანაც გამომდინარეობს მატერია და გადააქვს ის სიცოცხლის ყველა ფორმაში, რომელიც წარმოადგენს სამყაროს. სიბნელე (სიშავე) არის სინათლის ნამდვილი სახე, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ მას. ეს დიდი ჯილდოა ადამიანისა და სხვა არსებებისთვის. სინათლის ერთი ნაწილაკი შეიცავს შუქს, თერმულ, ატომურ, რადიაციულ, ქიმიურ, მექანიკურ და დაუდგენელ ენერგიებს. მას აქვს იმხელა ძალა, რომ შეუძლია დედამიწა ორბიტიდან გადაიყვანოს. ეს ნამდვილად არქიმედეს  საყრდენია.

ჟურნალისტი: თქვენ ძალიან მიკერძოებული ხართ ელექტროენერგიის მიმართ.

ტესლა: ელექტრობა - ეს მე ვარ. ან, თუ გნებავთ, მე ვარ ელექტროენერგია ადამიანის სახით. თქვენც  ელექტროენერგია ხართ, ბატონო სმიტ, უბრალოდ, ჯერ არ იცით.

ჟურნალისტი: სასტუმროს პერსონალმა მითხრა, რომ როცა ელვაა, თქვენ იკეტებით ოთახში და საკუთარ თავს ესაუბრებით.

ტესლა: მე ვსაუბრობ ელვასთან და მეხთან.

ჟურნალისტი: რა ენაზე ესაუბრებით?

ტესლა: ძირითადად, ჩემს მშობლიურ ენაზე. მასში არის ის სიტყვები და ბგერები, განსაკუთრებით - პოეზიაში, რომელიც მოსახერხებელია ამისათვის.

ჟურნალისტი: ჩვენი მკითხველები მადლობელნი დაგირჩებოდნენთუ განმარტავდით, რას გულისხმობთ.

ტესლა: ბგერა არსებობს არა მხოლოდ ელვასა და მეხში, არამედ ფერსა და მის ტრანსფორმაციებშიც. ფერი შეიძლება გაიგონო. ენა შედგება სიტყვებისგან, რაც ნიშნავს, რომ ის შეიცავს ბგერებსა და ფერებს.

ჟურნალისტი: წარმოსახვა უფრო რეალურია, ვიდრე ცხოვრება?

ტესლა: წარმოსახვა ბადებს ცხოვრებას. მე ემოციების, სიზმრებისა და  ჭვრეტის კონტროლი ვისწავლე. მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი საკუთარ ენთუზიაზმს.  ჩემი მთელი ცხოვრება ექსტაზში გავატარე. ეს იყო ჩემი ბედნიერების წყარო. ეს მეხმარებოდა ამეტანა სამუშაო, რომელიც ხუთი სიცოცხლისთვის კმაროდა.

ჟურნალისტი: თქვენ თქვით, რომ მე, როგორც ყველა არსება, სინათლე ვარ. ეს მეამა, მაგრამ ვაღიარებ, მთლად კარგად ვერ გავიგე.

ტესლა: რად გინდათ გაგება, ბატონო სმიტ? დაჯერებაც საკმარისია. ყველაფერი სინათლეა. სინათლის ერთ სხივში ნაციის რწმენაა, ყველა ეროვნებას აქვს თავისი სხივი სინათლის იმ წყაროში, რომელსაც მზეს ვუწოდებთ. და დაიმახსოვრეთ: არავინ, ვინც მასში არსებულა, არ მომკვდარა და ახლაც არსებობს. საიდუმლო იმაშია, რომ სინათლის ნაწილაკები აღიდგენენ საწყის მდგომარეობას.

ჟურნალისტი: ეს ხომ მკვდრეთით აღდგომაა!

ტესლა: მე მას ვუწოდებდი საწყის ენერგიაში დაბრუნებას. ქრისტემ და კიდევ რამდენიმემ იცოდა ეს საიდუმლო. ეს სინათლის ფორმებია. მე ვეძებ ადამიანური ენერგიის შენახვის საშუალებას. ეს ჩემთვის არ მჭირდება, საყოველთაო სიკეთისთვის მინდა. მე მჯერა, რომ ჩემი აღმოჩენები ხალხის ცხოვრებას უფრო ადვილს და ასატანს გახდის და მიმართულებას მისცემს სულიერ და მორალურ ასპექტებში.

ჟურნალისტი: ფიქრობთ, რომ დროის შეჩერება შესაძლებელია?

ტესლა: მთლიანად არა, რადგან ენერგიის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ის ტრანსფორმირდება. ეს მუდმივი ტრანსფორმაციაა.

ჟურნალისტი: თქვენს ნაწერებში მიუთითებთ კოსმოსურ ტკივილზე. რა არის ის?

ტესლა: ეს ავადმყოფობაა, რომლის შესახებ ადამიანთა უმეტესობამ არაფერი იცის. აქედან მოდის სხვა ავადმყოფობები, ტანჯვა, ბოროტება, სასოწარკვეთა, ომები და ყველაფერი, რაც ადამიანთა ცხოვრებას აბსურდულსა და აუტანელს ხდის. ეს ავამდყოფობა ბოლომდე ვერ განიკურნება, მაგრამ მისმა გაცნობიერებამ უნდა გახადოს ის ნაკლებად რთული და სახიფათო. როდესაც ჩემს ახლობელ ადამიანებს სტკიოდათ, მე ვგრძნობდი ფიზიკურ ტკვილს. რადგან ჩვენი სხეულები მსგავსი მატერიებისგანაა შექმნილი და ჩვენი სულები დაკავშირებულია უწყვეტი ჯაჭვით.  პერიოდულად უმიზეზო სევდა როცა გვავსებს, ეს ნიშნავს, რომ სადღაც, ჩვენი პლანეტის რომელიღაც მხარეს, ბავშვი ან ღირსეული ადამიანი მოკვდა. ჩვენ მსგავსად, სამყაროც ავადდება ხოლმე. ვარსკვლავის გაქრობა ან კომეტის გამოჩენა ჩვენზე იმაზე მეტ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს უნდა ვიცოდეთ, თუ გვინდა, რომ გამოვჯანმრთელდეთ. წამალი საკუთარ გულშია და იმ ცხოველ არსებათა გულებში, რომელსაც სამყაროს ვუწოდებთ.

 

[1] ინდრი - ტესლა, სავარაუდოდ, საუბრობს ინდრა-ზე, რომელიც ასევე სინათლის ღვთაება იყო ინდუისტურ რელიგიაში.

[2] პერუნი - სინათლის ღმერთი სლავურ მითოლოგიაში.

 

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული