• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ბილიკი

×
ავტორის გვერდი ინა არჩუაშვილი 02 სექტემბერი, 2016 2569

ჩვენ მეხუთე უბანზე ვცხოვრობდით, ბაბოჩემი და პაპაჩემი მეოთხეზე. ჩვენი ბაღჩები ერთმანეთს მედიკო ძალოაანთ ბაღჩით იყო აცდენილი. როგორც დედაჩემი ამბობდა, მომიჯნეები ვიყავით ჩვენ და მედიკოაანი, ბაბოჩემისა და პაპაჩემის ბაღჩის ბოლო კი ვანია ძიაანთ ვენახს ემიჯნებოდა. ბაბოჩემთან რომ მივდიოდით, ჯერ ეზოდან ბაღჩაში უნდა გავსულიყავით ვიწრო, წოწლოპინა ფიცრის კარით, რომელიც მამაჩემმა საფუტკრიდან მოტანილი ძველი ფიცრებისგან შეკრა. გარდა  სივიწროვისა, ამ კარს კიდევ ის ნაკლი ჰქონდა, რომ ძნელად იღებოდა და იკეტებოდა. ერთ მშვენიერ დღესაც მამაჩემს ნერვებმა უმტყუნა, კარი მთლიანად გააღო და უკნიდან სახელურზე გამობმული მავთულით, ამირანივით სამუდამოდ მიაბა ქვითკირის გალავანზე. რამდენჯერ სთხოვა დედაჩემმა მისი შეცვლა ან საერთოდ ჩამოხსნა, მაგრამ სიჯიუტისა თუ მოუცლელობის გამო მამაჩემს კარი აღარ შეუცვლია.

ბაღჩაში გასული ოციოდე მეტრს რომ გაივლიდი, ოდნავ წინ გადმოხრილი, დაჯღარკული ფურცელი შემოგხვდებოდა.ამ უნაყოფო ბებერ ხეს ფესვები სანახევროდ ზემოთ ჰქონდა ამოყრილი და პაპაჩემთან პირაშვებული ფეხსაცმლის დასაკერებლად წარამარა სირბილი მათი პირდაპირი დამსახურება იყო. ერთხელაც, უფროსების ნებართვით, მე და ჩემმა და-ძმამ ეს ფესვები ამოვთხარეთ. მიწით გამოტენილი, ყველაზე უცნაურად დაგრეხილი ყანწის ფორმის ძირკვი გულმოდგინედ გავასუფთავეთ, შიგნიდან ცხელი სანთელი გამოვავლეთ, სატუჩე გამოვუყვანეთ და ნამდვილ ხის ყანწად ვაქციეთ. ყანწს დღემდე სათუთად ვინახავთ ოჯახში და ვინც ნახავს, ყველა გაოცებულია მისი სილამაზითაც და ტევადობითაც.

ფურცლიდან მიწა ოდნავ მაღლდებოდა, ასე ნახევარი მეტრით. ბორცვზე რამდენიმე ნაბიჯს აადგამდი, მარცხნივ გაუხვევდი და იწყებოდა ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლისკენ მიმავალი ბილიკი. ამ ბილიკზე წინ და უკან სიარულსა და სირბილში გაირბინა ჩემი, ჩემი დისა და ჩემი ძმის ბავშვობამ. თუმცა ჩემი ძმა ჩვენზე ბევრად უმცროსი იყო და, დღეს, როცა მესიზმრება ეს ბილიკი ან შეგნებულად ვიხსენებ ბავშვობას, სრულიად მარტოს ან მხოლოდ ჩემს დასთან ერთად ვხედავ მასზე მიმავალ საკუთარ თავს: შვიდი-რვა წლისები ვართ. სკოლაში არდადეგები დაგვეწყო და გახარებულები გასწრებაზე მივრბივართ ბილიკზე  ვინ პირველი ჩაუკაკლავს ბაბოს და პაპას ახალ ამბავს. ხან ერთს აგვიცდება ფეხი და ხნულში გადავვარდებით, ხან  მეორეს. ტანზე დედაჩემის შეკერილი ჩითის ჭრელი კაბები გვაცვია, თმებიც ერთნაირად მოკლედ გვაქვს შეკრეჭილი, როგორც ყველა ზაფხულს, ყურში კი მაშინდელივით ცხადად ჩამესმის ვენახში მოფუსფუსე პაპაჩემის ხმა: ჰაი, ინოოო, მიბრუნდი ერთი, წყაროდან ცივი წყალი მომირბენინე...

ბაღჩაზე გადასვლას ხუთ-ექვს წუთს ვანდომებდით. იმის მიხედვით, რა საქმეზე გვაგზავნიდნენ, დრო ან მცირდებოდა, ან იზრდებოდა. ჩემი გაუთხოვარი, ცოტა ქალაბიჭა დეიდისთვის ეს დრო ფურთხის გაშრობით შემოფარგლებოდა და, იცოცხლე, ჩვენც თავს არ ვზოგავდით. ისეც ყოფილა, რომ სიბნელის გამო, რომლის შიშიც საკმაოდ მოზრდილ ასაკში დავძლიე, გულამოვარდნილი სამ წუთშიც დავბრუნებულვარ შინ და ერთი საათიც მომინდომებია სახლიდან ბაბოჩემამდე გადასვლისთვის. ასე კი უმეტესად გაზაფხულზე ხდებოდა, როცა ზემოდან იქვე, ბილიკის თავში მდგარი აყვავებული ბალტყემლისა და შავი ბლის ქვეშ მივდიოდი, სახეზე მარცხენა მხარეს ჩარიგებული ჟონჟლების თეთრი, მტევანა კუნწულები მელამუნებოდა და ფეხებს ფრთხილად ვადგამდი, რომ არაფერი მევნო ბილიკის ძირში ამოსული ქალის იებისთვის. ამას თუ დავუმატებ პაპაჩემის ნათესავის, თენგიზა ძიას თეთრი ცხენით მოხნული მიწიდან ამოყრილი ბელტების ოხშივარს, გასაკვირი აღარ უნდა იყოს ჩემი შეყოვნების მიზეზი.

ადრე ბაღჩის ეს ნაწილი მთლიანად ვენახს ეკავა. მერე პაპაჩემმა ნახევარზე მეტი ვენახი გაჩეხა ძველი ვაზია, მეჩხერადღა ისხამსო  და ვენახმაც, უფრო სწორად, დარჩენილმა რამდენიმე პლანმა, მელიტოაანთ ღობისკენ ჩაიჩოჩა, გაკაჭული ადგილი კი ბაბოჩემმა  პამიდვრისა და ბადრიჯნის ჩითილებით შეავსო.

მელიტო პაპაჩემის ნახევარძმა და მარჯვენა მხრიდან მისი მომიჯნე იყო. ისინი მთელი ცხოვრება ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, მგონი, მიწის თუ რაღაც მემკვიდრეობის არასწორად გაყოფის გამო; მაგრამ არ მახსოვს, პაპაჩემს ოდესმე მასზე ცუდი წამოცდენოდა. რაც შეეხება ბაბოჩემს და მელიტოს  ცოლს, ჟუჟუნას, ეს წყვილი ნამდვილად ვერ შველდებოდა ერთმანეთს. ბაბოჩემი თავის ნახევარმაზლის ცოლს იმის ღირსადაც კი არ თვლიდა, სახელით მოეხსენიებინა: მაგ არსაქნელის ქათმებმა სულ გადამიქექეს ბოსტანი, ან მაგ არსახსენებლის ფეხი ჩემს სახლში არა ვნახო, იტყოდა ხოლმე ჟუჟუნას დანახვაზე და პირუჩუმრად ჩამოწყევლიდა. არ ვიცი, ბაბოჩემის ამ ნათქვამისა თუ რის გამო, არც ჟუჟუნა და არც მელიტო მართლა არ მოსულან მის სამძიმარზე. ის კი კარგად მახსოვს, პაპაჩემის გასვენების დღეს როგორ ბალღივით ტიროდა თავისი ქუჩის კარებთან უხერხულად მდგარი, ჯოხზე დაბჯენილი მელიტო.

პაპაჩემს სხვა ვენახიც ჰქონდა სოფლიდან მოშორებით, შოროხევის მარჯვენა ნაპირზე, სადაც ხშირად მივყავდით ხან მაყვლის და ასკილის, ხან ჭინჭრის საკრეფად, ზოგჯერ, უბრალოდ, გასასეირნებლად, რთველში ხომ, თავისთავად. ვენახის შესასვლელში, თაღართან, დაბალი, მრგვალად ტოტებგაშლილი შვინდი იდგა, რომლის ქვეშაც გაზაფხულობით მთვარეიები ამოდიოდა. გაფენდა ბაბოჩემი მის ძირში ჭურჭლის ზოლებიან ტილოს, ვედროდან საგზალს ამოალაგებდა, რომელიც უმთავრესად შოთი პურისა და ცხვრის ყველისგან შედგებოდა და ჩვენც მეტი რა გვინდოდა, მდინარიდან წამოსულ გრილ ნიავს და ბაბოჩემის დამოძღვრას ყველი ბეწა-ბეწა ჩაკბიჩეთ, პური ბევრი, გემრიელად ვყლაპავდით ლუკმებთან ერთად. მერე კი, სანამ ბაბოჩემი და პაპაჩემი ვენახში ფუსფუსებდნენ, მე და ჩემი და იქაურობას დავივლიდით ხოლმე და ჩვენთვის საინტერესო რაღაც-რუღაცებს ვაგროვებდით. მახსოვს, როგორ ვეძებდით ორღობეებში სასაცილო და ცოტა უხერხული სახელის მქონე ჯოხზე დასკუპებულ წითელ სოკოებს ტურუტუტუს, რომელსაც მინდვრის ყვავილებთან ერთად ვაზაში ვაწყობდით. საერთოდ კი, მგონი, იმ ბავშვებს უწვავდნენ და აჭმევდნენ, რომლებსაც უნებლიე შარდვა ჰქონდათ.
 მართალია პაპაჩემის ვენახში ვიყავით, დღე იყო და მზეც გულუხვად ანათებდა, მაგრამ ცოტათი მაინც ყოველთვის გვეშინოდა და, ვცდილობდით, უფროსები თვალიდან არ დაგვეკარგა. ჩვენი შიშის მიზეზი ლეკები იყვნენ, რომლებიც ვენახიდან ერთი ხელის გაწვდენაზე, მდინარის მეორე ნაპირზე ცხოვრობდნენ. როცა წამოვიზარდეთ და გავიგეთ, რომ თურმე ლეკებიც  ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, შიში, რა თქმა უნდა, გაქრა, მაგრამ, ცუდი ის იყო, რომ მის ჩანერგვაში ლომის წილი ძირითადად უფროსებს მიუძღოდათ; სწორედ მათ აძლევდათ ხელს გუდიანი ლეკებით ურჩი ბავშვების დაშინება. თუმცა გამოთქმა გუდიანი ლეკი ნამდვილად არ იყო მათი მოგონილი. სავარაუდოდ, ის ლეკიანობის დროიდან უნდა დამკვიდრებულიყო, როდესც მთიდან ჩამოპარული ლეკები საქონელთან ერთად, ხალხსაც იტაცებდნენ ხოლმე.
სხვათა შორის, ლეკის ქალები, ფატინები, თითქმის ყოველდღე დადიოდნენ ჩვენს სოფელში. წელზე რამდენიმე ფენად მყვირალა, ფერდოვანი ქსოვილები  ჰქონდათ შემოხვეული, ფეხზე კი იშვიათი სილამაზის ჭრელ-ჭრელი ლეკური წინდები ან ჩითები ეცვათ და ათასნაირი წვრილმანით ვაჭრობდნენ. მე დღემდე მაქვს ასეთი წინდები, რომელიც ჩემი ბავშვობის ხელშესახები სახსოვარია.

ბილიკის მარცხენა მხარეს, საიდანაც მედიკოაანთ ბაღჩა ბაბოჩემისას ემიჯნებოდა, შავი ღოღნოშო ქლიავის ძირში იდგა იმ გარემოსთვის ოდნავ შეუფერებელი, შინდისფრად შეღებილი რკინის სკამ-სავარძელი, რომელზეც დაღლილი ბაბოჩემი და პაპაჩემი, თუ არ ციოდა, საათობით ისხდნენ ერთმანეთის გვერდით. ბაბოჩემს წინსაფრის ჯიბეში გამოულევლად ეყარა ვაშლის ჩირი, ჩამიჩი, პიტნის კანფეტი, გალეტის ნამტვრევები ან სხვა სასუსნავი და ფიცრების საზურგეზე ოდნავ მიწოლილი, როგორც თვითონ უყვარდა თქმა, ნება-ნება მიირთმევდა ამ ნუგბარს. სკამი ბილიკის გასწვრივ იდგა, პირით ჩრდილოეთისკენ და მასზე მჯდომი თვალს ვერ მოსწყვეტდი კავკასიონის მთების ულამაზეს ჯაჭვს. ერთ ადგილას მთები ვარცლივით იყო ჩაზნექილი, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს თეთრად მოქათქათე თოვლს მე ცომს ვეძახდი. შემოდგომობით, როცა ძველ თოვლს ახალიც დაემატებოდა, გახარებული ხტუნვა-ხტუნვით გარს ვუვლიდი მთელ ეზოს და გავყვიროდი: ცომი ამოფუვდა, ცომი-მეთქი... რაღა თქმა უნდა, ჩემი სიხარულის მიზეზი ამ ლამაზი პეიზაჟით ტკბობაზე უფრო ის იყო, რომ სულ მალე, თოვლი ბარშიც ჩამოაღწევდა და მე და ჩემი და, ქუჩაში, თელავის ბაზარზე მამაჩემის ნაყიდი ულამაზესი, კრიალა ლურჯი ფერის თხილამურებით ვისრიალებდით.
 

მარცხნივ თუ გადმოიტანდი მზერას, დაინახავდი თითქმის სრულიად მოტიტვლებულ მინდორს  ნაკალოვარს. პაპაჩემის მონაყოლის მიხედვით, ლეკებს იქ ქართველი ტყვეები _ უფრო კი ქალები და ბავშვები აუყვანიათ, ხელფეხშეკრულები ძირს დაუყრიათ და ცხენებშებმული კევრებით თავთავივით გაულეწავთ. სწორედ მას შემდეგ დაურქმევიათ ამ ადგილისთვის ნაკალოვარი, სადაც დღემდე, ხე და ბუჩქი კი არა, ბალახიც აღარ ხარობს თურმე.  ბუნებრივია, რომ ლეკების მიმართ ჩემი და ჩემი დის ზემოთ ხსენებული შიშის ერთ-ერთი მიზეზი, ეს საშინელი ამბავიც იყო.
კიდევ ოციოდე ნაბიჯის გავლის შემდეგ, სანამ ბილიკი მარჯვნივ გადაუხვევდა და ბაღჩის პირველ კარს მიადგებოდი, კუთხეში მდგარ უშნოდ დაგრეხილ ზღმარტლის ძირს, თითქოს სიმახინჯის დასაფარავადო, წინიდან ეფარებოდა ბებერი გუდა ლეღვის ხე, რომელიც ზაფხულში უგემრიელესი ნაყოფით ერთნაირად გვიმასპინძლდებოდა ბავშვებს, დიდებს, ათასგვარი სახეობის მწერებსა და ფუტკრებს, ზამთარში კი ჩვენი ქალების წყალობით ქარვისფერ მურაბად იქცეოდა და იმის ჭამას არაფერი სჯობდა.

მწერების ხსენებისას ფუტკრები შემთხვევით არ გამომიყვია ცალკე. ისინი ჯერ კიდევ ჩემი შორეული წინაპრებიდან მოყოლებული, ჩვენი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას უზრუნველყოფდნენ და, შესაბამისად, ყოველთვის დიდი პატივით მოიხსენიებოდნენ. როცა სახლში სუფრა იშლებოდა, რაც არცთუ იშვიათად ხდებოდა, მამაჩემი თითქმის ყოველთვის სვამდა ამ გონიერი, სასარგებლო და შრომისმოყვარე არსების სადღეგრძელოს. მიუხედავად იმისა, რომ საფუტკრე ყოველთვის სოფლიდან შორს, რომელიმე მთის ძირში ან მინდორში გვქონდა მოწყობილი, ჩვენს სახლში ზამთარ-ზაფხულ ირეოდა ფუტკარი. თუ ძალიან არ შეგვაწუხებდნენ ცხვირწინ ბზუილით, ხელსაც არ ავუქნევდით, რადგან ვიცოდით, რომ ამით უფრო გავაღიზიანებდით. კბენით კი, იცოცხლე, იმდენჯერ უკბენიათ, რამდენჯერაც გინდათ. იმის ცოდნა, რომ კბენის შემდეგ ფუტკარი კვდება, ჩვენი ცრემლების გამომზეურების უფლებას არ გვაძლევდა და ნესტრის ამოღებამდე მოთმინებით ვიტანდით ტკივილს რა თქმა უნდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა. მერე კი, ცივი ქვა და იმის ჯანი... დავიდებდით ნაკბენზე და აღარც ძალიან გვისივდებოდა და რამდენიმე წუთში ტკივილიც უკვალოდ ქრებოდა.
დაწვრილებით მართლა არ ვიცი როგორი იყო მამის მხრიდან ჩემი წინაპარი პაპა-ბებიების დამოკიდებულება ამ მწერის მიმართ, მაგრამ მამაჩემს მეფუტკრის პროფესიასა და ფუტკრის შესახებ ცოტა უცნაური და გადაჭარბებული წარმოდგენა რომ ჰქონდა, ეს მთელმა სამეზობლომ და ყველა მისმა ახლობელმა იცოდა. ალბათ ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, როცა თებერვლის ცრიატ დღეს, ეზოში ჩალის სკამებზე დასვენებულ მამაჩემის კუბოს მთელი საათი დასტრიალებდა თავზე ფუტკრების გუნდი. იქნებ მართლაც უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად, როგორც ამას მერე ხალხი ლაპარაკობდა.

ფართო, ხის ჩარჩოთი შეკრული მავთულის ბადის კარში გახვიდოდი თუ არა, ათი-თხუთმეტი მეტრი სიგრძის სულ სხვანაირ ბილიკზე იდექი. ეს ისევ იმ ბილიკის გაგრძელება იყო, მაგრამ თან დამოუკიდებელი, უფრო კოხტად, ლარივით გაჭიმული კარიდან კარამდე. ბაღჩის ამ ნაწილში ბაბოჩემს და პაპაჩემს ძირითადად ბოსტნეული მოჰყავდათ. აქ მიწას გუთნით არასოდეს ხნავდნენ, სულ ბარით და თოხით ამუშავებდნენ. ამიტომ, ბილიკი ყოველთვის საგულდაგულოდ და ფაქიზად იყო გვერდებზე ჩამოსწორებული. მასზე მიმავალს ისეთი შეგრძნება გქონდა, თითქოს ეს-ესაა ზღვაში გრძელი ნავით შეცურე და მიწის შავი ბელტები აქეთ-იქიდან ტალღებად გეხლებაო. გვიანი გაზაფხული თუ იდგა და მთელი ბოსტანი სარზე ასული ლობიო-ბარდის იისფერნარევი თეთრი ყვავილით ერთიანად იყო გადაპენტილი ხომ, თავი შუაგულ სამოთხეში გეგონებოდა. მთელ ამ მშვენიერებას ემატებოდა წითლად მოელვარე ღაჟღაჟი, რომელსაც ბაბოჩემი ხახვთან ერთად ულამაზესი კოპწია კვლების გარშემო ჩათესავდა ხოლმე. ბაღჩის ამ ნაწილშივე იდგა ორი კეხურა ვაშლის, ერთი გულაბი მსხლისა და ერთიც ჯიშიანი კარალიოკის ხე, რომლებიც აგვირგვინებდნენ ამ იდილიას  ტანმაღლები ზემოდან დაჰყურებდნენ ნარგავებს, ემანდ არავინ არაფერი ავნოსო.

მაგრამ ყოველთვის ასე მომხიბლავად როდი გამოიყურებოდა ეს ჩემ მიერ სამოთხედ მონათლული ადგილი. მაგალითად, ზამთრის პირზე, უმთვარო, კუნაპეტ ღამეში, როცა ზევით-ქვევით მოთარეშე სუსხიანი ქარი ათასნაირ საშინელ ხმას გამოსცემდა, მე და ჩემი და კი შიშისგან ძლივს მივათრევდით სახლისკენ ფეხებს და ვფიქრობდით ხუთიოდე წუთის წინ გაგუზგუზებულ ღუმელთან პაპის მონაყოლ ლეგენდაზე დაცემული ანგელოზების შესახებ; კბილს კბილზე ვაცემინებიდით, ერთი სული გვქონდა სახლში მალე მივსულიყავით, რომ თბილ ლოგინში შემძვრალებს ვეღარ დაგვენახა თავს ზემოთ გაკაშკაშებული ცა, სადაც, ჩვენი აზრით, ანგელოზები შეკრებას მართავდნენ.

მეორე კარის გაღებისთანავე იწყებოდა ბაღჩის ყველაზე მოზრდილი, ხეხილით სავსე ნაწილი. ბილიკი აქ ისეთი გამოკვეთილი და სწორი აღარ იყო, მაგრამ ერთგან მაინც კარგად ემჩნეოდა წლების განმავლობაში გატკეპნილი ვიწრო ზოლი, რომელიც ხან ისევ სწორად მიდიოდა, ხანაც დიდი, გაფართხული თხილების ძირში უჩინარდებოდა და მერე ისევ ჩნდებოდა. მარჯვენა მხარეს გვერდით ჩაუვლიდი ბებერ ხეჭეჭურს და მის ქვეშ მდგარ, უფრო სწორად, სოკოსავით ამოსულ ცემენტის რკინისფეხიან მრგვალ მაგიდას, რომელსაც ბრტყელი რკინისავე სალტე ჰქონდა შემოვლებული. წინ და უკან ბევრი რომ არ ევლო, ბაბოჩემი ამ მაგიდაზე აგროვებდა ძირს ნაყარ ხილს, ჭყინტ სიმინდს, სხვადასხვა ბოსტნეულს და, შებინდებისას, ბაღჩაში საქმეს რომ მოითავებდა, წინსაფრის კალთით ერთ წაღებაზე მიჰქონდა შინ. სხვათა შორის, ხეჭეჭური უფრო იმით დამამახსოვრდა, რომ ბაბოჩემი ამ მსხალს ხარშავდა და ისე მიირთმევდა ალბათ, უკბილობის გამო. ერთი-ორჯერ მეც გავუსინჯე გემო და ვერ ვიტყვი, რომ უგემური მეჩვენა. აი, ჩემი და კი მსგავს რამეს არასოდეს დააკარებდა პირს. მაგალითად, ასევე მოხარშულ, მარცვალ-მარცვალ დაფხვნილ სიმინდს, რომელსაც ზამთარში ღუმელს მიფიცხებული მე, ბაბო და პაპა გემრიელად შევექცეოდით. მსხლიდან ოდნავ მოშორებით, სადაც ზაფხულობით მზე ნაკლებად უდგებოდა, ისეთივე რკინის გრძელი, ოღონდ უზურგო სკამი იდგა, როგორიც ვენახში. იქვე, სკამის უკან კი სარწყავი რუ გადიოდა და თაკარა სიცხეში აქ ჯდომას და დასვენებას არაფერი სჯობდა. რაც შეეხება ტკბილ ბროწეულს, რომელსაც ტოტები სანახევროდ მედიკოაანთ ბაღჩაში ჰქონდა გადაშვერილი, ჩემი და ჩემი დის უსაყვარლესი ხილი იყო. სამწუხაროდ, მეწლეურობისა და იმის გამო, რომ საერთოდაც ცოტას ისხამდა, მისი ჭამით გული არასოდეს გვიჯერებია.

სამაგიეროდ, ძღომაზე და თავზესაყრელად გვქონდა შავი, ცერისსიმსხო თუთა, რომელიც, ჩემი აზრით, ცოტა უადგილო ადგილას, შუა ფეხისგზაში იდგა. მიუხედავად იმისა, რომ მის კენწეროზე შემომჯდარს ფეხებში შიშის ქარი მივლიდა, მაინც ერთ რამედ ღირდა სამყაროსთვის ზემოდან ცქერა და უგემრიელესი თუთით პირის ჩატკბარუნება. ზოგჯერ, როცა ბევრი ერთად დამწიფდებოდა, თუთის ქვეშ დავდგებოდით, მაგიდის გამძლე მუშამბას კუთხეებით გავჭიმავდით, პაპაჩემი ან ჩემი გაუთხოვარი დეიდა კი, რომელსაც მამაჩემი ცოლისძმას ეძახდა, ხეს რამდენჯერმე ძლიერად შეაქანებდნენ ხოლმე. მოდიოდა და მოდიოდა ტყაპატყუპით თუთის წვიმა და მუშამბის შუა ნაწილში შავი, სურნელოვანი გორა დგებოდა. მაშინდელი თუთის გემოს და სუნს დღემდე უცნაური, თავბრუდამხვევი ნეტარებით ვიხსენებ. ბავშვობის მერე სულ რამდენჯერმე ვჭამე თუთა, მაგრამ, ცხადია, მას ის გემო და სურნელი აღარ ჰქონდა.

ბროწეულის ხესთან ახლოს, მსხვილ პალოებზე ძველი რკინის საწოლის ჩაჭყლეტილი ბადე იდო, რომელზეც პაპაჩემი თივის უზარმაზარ ზვინს დგამდა ხოლმე. მის ქვეშ ზამთარ-ზაფხულ ქათმები იქექებოდნენ და კრიახობდნენ. ზვინის შემდეგ იდგა გადაბრეცილი ფეხსადგილი და საღორე, რომელთა გვერდით გავლაც ვერ გეტყვით რომ დიდ სიამოვნებას წარმოადგენდა. ამიტომაც, ბილიკი ზვინიდან მკვეთრად უხვევდა მარჯვნივ და უგემრიელეს ლოყაწითელა და წვნიან მსხლის ხესთან გადიოდა. ხეს უკან მოექცეოდი თუ არა, თან ცალი ხელით ბაღჩის მესამე, ეზოში შესასვლელი მაღალი კარი უნდა შეგეღო.

ეზოში, სათონესთან, კიდევ ერთი მძიმე, მრგვალი რკინა ეგდო; სკამი არ ეთქმოდა, მაგრამ მის მოვალეობას მშვენივრად ასრულებდა. ოდნავ აცივდებოდა თუ არა, რკინაზე საზაფხულოდ დაფენილ თხელ ტილოს ბაბოჩემი ზემოდან ოთხად დაკეცილ კუბოკრულ შალს გადააფარებდა, ზედ თბილად დაჯდებოდა და ხან კალთაში ჩაყრილ ხახვს არჩევდა, ხანაც საჩურჩხლე თხილს და კაკალს ასხამდა ძაფზე ან ვაშლს ჩირავდა.

თავად სათონე, რიყის ქვით ნაშენ ერთსართულიან, კრამიტით გადახურულ დამოუკიდებელ შენობას წარმოადგენდა, რომელიც დასავლეთის მხრიდან მთლიანად ღიად, უკედლოდ იყო დატოვებული, რომ თონიდან ამოსულ ბოლს შიგნით არ ეტრიალა. აქედანვე გადიოდა ბაბოჩემისა თუ მისი მეზობლების ეზო-ყურეში ახალგამომცხვარი შოთი პურებისა თუ გვერდებდაბრაწული ნაზუქების მადისაღმძვრელი სუნიც. თავზე თეთრხილაბანდწაკრული და ფითქინაწინსაფრიანი ბაბოჩემი თონეში ფიჩხს რომ ააბრიალებდა და ვარცლთან დადგებოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ცომის ამოგუნდავება იწყებოდა. მე და ჩემი დაც წამში იქ გავჩნდებოდით ხოლმე იმ იმედით, ეგებ ცომის პატარა ნაგლეჯები ჩვენც შეგვხვედროდა `სატიტყნაოდ~ და, მოგვიანებით, განელებულ თონეში ჩვენივე ხელით ჩასაკვრელად. გუნდების ამოღებას რომ მორჩებოდა, ბაბოჩემი გავარვარებულ თონეს `მარილწყალს აჭმევდა~, თონის კედლებზე ცოცხს რამდენჯერმე სწრაფად შემოუსვამდა და პურის მიკვრას იწყებდა. იმის გასაგებად, ცხარე ხომ არ იყო თონე, ჯერ რამდენიმე ლავაშს მიაკრავდა და, როცა დარწმუნდებოდა, რომ ცომი არ ითაფებდა, შოთებსაც მიაყოლებდა ხოლმე. თუ ხასიათზე იყო, ნაზუქებსაც აცხობდა, საშობაოდ კი, ხელ-ფეხ გაფარჩხულ, ძალიან სასაცილო, ჭუჭუებიან და ჩამიჩისთვალებიან პატარა კაცუნებს – ბასილებს; ასევე, ნახვრეტებიან მრგვალ პურებს, რომელსაც ჭუჭრუტანებს ვეძახდით და მარტო ბავშვები ვჭამდით. ზოგჯერ, ერთი-ორი პური მაინც მოსწყდებოდა ხოლმე თონის კედლებს და ცხელ ნაკვერჩხლებზე კუტად ცხვებოდა.
პურის გამოცხობას დაახლოებით ნახევარ საათი სჭირდებოდა, მაგრამ, დახდამდე, კინჭუტის წვერით ყუას მაინც სინჯავდა ხოლმე ბაბოჩემი. თუ წვერს ცომი არ  აჰყვებოდა, მზად იყო, თუ არადა, ცოტა ხანს კიდევ აცდიდა. პურის დახდაში მე და ჩემი დაც ვეხმარებოდით. თონიდან ამოყრილ ცხელ-ცხელ შოთებს აქეთ-იქიდან წვერებში ვკიდებდით ხელებს  და იქვე მდგარ გრძელ მაგიდაზე, როგორც ბაბოჩემმა გვასწავლა, `ფრჩხილით ქვემოთ ვაწყობდით, რომ პურისთვის ჰაერს თავისუფლად ევლო და მალე გაცივებულიყო. თან, შიგადაშიგ, ცხელ ლავაშში ცხვრის ან ძროხის ყველის ნაფშხვენებს  გადავახვევდით (მე ერთმანეთში აზელილი თაფლი და კარაქიც მიყვარდა ლავაშზე წასმული და დაგორგოლავებული) და გემრიელად ვიყმინთებოდით. ოღონდ, ლავაშს აუცილებლად თავ-ბოლოწამტვრეულს ვჭამდით, რადგან გვჯეროდა, რომ თუ ასე არ მოვიქცეოდით, აუცილებლად `დედა მოგვიკვდებოდა. იყო პურის ცხობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი რიტუალი, რომელსაც ბაბოჩემი ყოველთვის ასრულებდა: ყველა გამოცხობაზე ის უსიკვდილოდ გასცემდა ხოლმე მეზობლებში რამდენიმე პურს და, ამბობდა, რომ ჩვენი მიცვალებულების მისავალიაო.
ყველაზე საამო პროცესი კი ჩვენთვის მაინც მეორე დღეს იწყებოდა, თონის განელების შემდეგ, როცა პირდაპირ თონეში ჩამხტრები და ნაცარში ამოგანგლულები ვახრამუნებდით პურის მოხდის შემდეგ კედლებზე შერჩენილ სიფრიფანა მარილიან ქერეჭებს ფაფხაჭელებს.    

თონის გადმოსწვრივ, ეზოს მარჯვენა მხარეს, მთელი მავთულის ღობის გაყოლებაზე, სანამ ქვიტკირის გალავანი დაიწყებოდა, თითა ყურძნის პატარა ხეივანი იყო გაშენებული, რომლის ქვეშაც სხვადასხვა ფერის ვარდები გვიან შემოდგომამდე ყვაოდა. ეზოს სიგანეზე ჩამოუდიოდა საკმაოდ ფართო, ცემენტის კალაპოტში მოქცეული რუ. გადაივლიდი მის ერთ ნაწილზე ხიდად გადებულ ხმაურიან თუნუქს და ქვიტკირისავე ძველი, ორსართულიანი შენობის წინ იდექი. ეს იყო პაპაჩემისა და ბაბოჩემის სახლი.

თეთრად შეღებილი ხის კარით, დაბალჭერიან, ყვითელფარდებიან ოთახში შედიოდი. მარცხნივ, მარანში შესასვლელი კარი იყო, მარჯვნივ ღუმელი, კუშეტკა და  დიდი, გასაშლელი მაგიდა იდგა. მეორე, შედარებით პატარა ოთახში ბაბოჩემს და პაპაჩემს ეძინათ ფანჯრებთან მიდგმულ რკინის საწოლებში. ერთ ფანჯარაზე ყოველთვის იდგა ვერცხლისფერმუცლიანი ძველებური ნავთის ლამფა, დანარჩენ ორზე კი ძველი ჩაიდნებითა და ქვაბებით, ბაბოჩემის ოთახის ყვავილები იყო ჩამწკრივებული. ფარდაჩამოფარებულ კარს აქედან შიგნითა ოთახში გაჰყავდი, სადაც ხან ჩვენ, ხანაც სტუმრად მოსული ჩემი დეიდები, ბიძები და დეიდაშვილები იძინებდნენ.

მარანში შესვლამდე, რომელიც ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილს წარმოადგენდა, ჯერ მძიმე რკინის ურდული უნდა აგეხსნა ერთმანეთზე ცერად დაწყობილი ფიცრებისგან შეკრული კარისთვის, მერე ცემენტის ერთი საფეხურით ქვემოთ ჩასულს მარცხენა კედელზე შნურებზე დამაგრებული ძველებური დენის ჩამრთველი გადაგეტრიალებინა და, პირველი, რასაც შუქის ანთებისთანავე დაინახავდი, იყო ჭერამდე ასული, გაურანდავი ფიცრის განიერი თაროები, რომლებზეც ათასნაირი კომპოტის, მურაბის, პავიდლოს, კონსერვისა და მწნილის დიდ-პატარა ქილები ეწყო. იქვე, დაბალ მაგიდაზე იდგა შავი ემალის დიდი ქვაბი, რომელშიც ბაბოჩემი ორად გადატეხილ შოთ პურებს ალაგებდა. ჭერში კი შიშველ კოჭებზე ჩამოკიდული კონებად შეკრული გამხმარი მწვანილეული, პიტნის ნაწნავები, ხახვისა და ნივრის გალები და გრძელ ძაფებზე აკინძული ყურძნის მტევნები, ფოთლებშემხმარი აკიდოები და ჯაგნები კონწიალობდა. ცოტა მოშორებით, ხის კავებით ეკიდა თონეში შებოლილი ღორის დიდრონი ბარკლები და ნეკნები, რომელსაც ზამთარში წვრილად ჩაკუწულს ხარშავდა ბაბოჩემი. ამის მერე, დატკეპნილ მიწაზეც თუ მოატარებდი თვალს, დაინახავდი სამ უზარმაზარ სიპ ქვას, რომელთა ქვეშაც, მუცელგაბერილ ოცჩაფიანებში, პაპაჩემი თავის დაწურულ ღვინოს ინახავდა.

რაც შეეხება ორთვალა სახლის მეორე სართულს, ის რიყის ქვით ნაშენი რამდენიმე ფარღალალა ოთახისგან შედგებოდა. ერთი მათგანი მამაჩემს წლების წინ, ახალი სიძე რომ ყოფილა, თავისი ხელით გაუბათქაშებია, მაგრამ მას მერე ამ ოთახებს ბევრი აღარაფერი შემატებია და ასაკში შესულ პაპაჩემსაც საბოლოოდ აუღია ხელი მათ გამართვაზე.
ბაბოჩემი და პაპაჩემი ღრმა სიბერემდე ჯანმრთელობას მაინცდამაინც არ უჩიოდნენ. ერთი ეგ იყო, ბაბოჩემს ახალგაზრდობიდანვე დიაბეტი ჰქონდა და მსუყე საკვებს არასოდეს მიირთმევდა; ჭამდა თალხი ფქვილით გამომცხვარ პურს და შაქარს და მარილს ახლოს არ ეკარებოდა.

კულაკის ნებიერა ქალიშვილი, ბაბოჩემი, ჟამუტაანთ ბაბულია, ცოტა ცივი და ქედმაღალი ქალი იყო. სხვა სოფლელი ქალებივით მეზობლებში არასოდეს ითქვიფებოდა და საშინლად სძულდა ჭორაობა. თავსაც შეძლებისდაგვარად უვლიდა და საქმესაც ზომიერად აკეთებდა დღეებზე ანაწილებდა, რომ ერთბაშად არ გადაღლილიყო. ზაფხულში სიგრილით წავიდოდა დაბლავენახში და იქიდანაც მზის ჩასვლამდე არ ამოვიდოდა; შვინდით ან ლეღვით სავსე მძიმე ვედროს არასოდეს ასწევდა კრეფდა იმდენს, რამდენის ტარებასაც შეძლებდა. თავზე მუდამ ლამაზი ბამბის მოსახვევი ეფარა და ჩითის კაბა და ჩუსტიც ყოველთვის შესაფერისი ეცვა. ჰყავდა საკუთარი მკერავი, გაუთხოვარი კოჭლი მარუსა და გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონს ისე არ ჩააგდებდა, რომ ერთი ახალი საგარეო კაბა და თითოც ბამბაზიისა და ჩითის ხალათი არ შეეკერინებინა მისთვის. ყმაწვილქალობაში ბაბოჩემი თურმე ბაფთიან გიტარაზეც უკრავდა და კარგი მოლხენაც ჰყვარებია.მერე და მერე, ასაკში რომ შევიდა, უფრო გაზეთი და ახალი ინფორმაციები აინტერესებდა. დიდ მაგიდაზე ყოველთვის ეწყო მშობლიური რაიონის გაზეთისა და `სოფლის ცხოვრების~ ახალი ნომრები. ამ ყველაფერთან ერთად, გიორგევნა, როგორც სიძეები ეძახდნენ ბაბოჩემს, დომინოს თამაშის უბადლო ოსტატიც იყო და თავის შეუცვლელ პარტნიორთან, პაპაჩემთან ერთად, საანგარიშოს ჩხაკუნსა და დომინოს კოჭების კაკუნში გაჰყავდა ზამთრის მოსაწყენი საღამოები.

მისი მართლაც ერთგული თანამეცხედრე, პაპაჩემი გოგია კი უფრო ნაკლებად პრეტენზიული, უბრალო მშრომელი გლეხი იყო. ტრაქტორისტების ბრიგადირი დღესა და ღამეს მინდორში ატარებდა და სახლში ზოგჯერ დასაძინებლადაც ვერ მიდიოდა. პაპაჩემი სამამულო ომის დროს ზურგში დაუტოვებიათ და უთქვამთ, იცოდე, ნახევარი საბჭოთა კავშირი შენი ტრაქტორებით მოხნულმა მიწამ და კომბაინებით აღებულმა ხორბალმა უნდა გამოკვებოსო. ამასაც დაუკაპიწებია მკლავები და ზედმეტსახელი მინდორაც იმდროიდან შერქმევია. მაგრამ მხოლოდ ეს ჯილდო არ უკმარებიათ, მოსკოვში რომელიღაც ყრილობაზეც მიუწვევიათ და სტალინის ხელმოწერით საპატიო სიგელიც გადაუციათ. იქიდან ჩამოტანილი ეს სქელი მუყაოს ფურცელი და კიდევ ორი სუვენირი უზარმაზარი ჭრელი ფანქარი და შავ-თეთრი კალამი კრემლის გამოსახულებით, რომელთა ხელში დაჭერა ბავშვობაში ჩვენი ოცნების საგანს წარმოადგენდა უკანასკნელად პაპაჩემის გასვენების დღეს ვნახე მის სხვა ნივთებთან ერთად.

მე მას სიცოცხლეშივე დავპირდი, რომ დავიტირებდი და სიტყვა შევუსრულე, მაგრამ მორცხვობის გამო, ამის გაკეთება ძლივსღა მოვახერხე გასვენებამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა უკვე ყოველგვარი  იმედი გადაწურული მქონდა.
 კუბოს გარშემო ერთმანეთზე მიტყუპებული სკამების გრძელ მწკრივში სწორედ იმ ადგილას ვიჯექი, საიდანაც ზამთარში რკინის საჩხრეკით პაპაჩემი ღუმელს უჩიჩხინებდა ხოლმე. უცებ, სრულიად მოულოდნელად ამომიჯდა გული და ტირილით იმ ამბების ხმამაღლა მოყოლა დავიწყე, რომლებზეც ბოლო დღეების განმავლობაში განუწყვეტლივ ვფიქრობდი; ვყვებოდი მინდვრიდან პაპაჩემის მოტანილ, კონებად შეკრულ ყაყაჩოებსა და სურნელოვან დასტამბოებზე; იმაზე, თუ მუხლებზე წამოსკუპებულ მე და ჩემს დას, ზღაპრების სანაცვლოდ, როგორ გვავარცხნინებდა პაპა შემეჩხერებულ თეთრ თმას ყავისფერი პატარა სავარცხლით, რომელსაც ვაზის სამყნობ დანასთან ერთად მუდამ ჯიბით დაატარებდა; თუ ბილიკზე როგორ ბავშვივით მოარბენინებდა ჩვენთვის ხეივანზე აქა-იქა დამწიფებულ ადრეულა ყურძნის კუფხალებს და, კიდევ იმაზე, რომ სიცოცხლეში ვერ ვუთხარი, თუ ბოლო დროს, ნაავადმყოფარი, თავისი საყვარელი, ორჯიბიანი ლურჯი სატინის ხალათით ეზოში მოფარფატე, როგორ ჰგავდა რომელიღაც პატარა, გალეულ ჩიტს...

 აი, ასე გამოვემშვიდობე პაპაჩემს ჩემი პირველი და, ვინ იცის, უკანასკნელი ხმით ნატირალით, რადგან მერე, ვერც მამაჩემისა და ვერც ბაბოჩემის დატირება ხმით ვეღარ შევძელი. საწყალი ბაბოჩემი ამ დროს წნევადარტყმული და ფეხმოტეხილი, თუმცა გრძნობაზე მყოფი, მეორე ოთახში გაუნძრევლად იწვა. დროდადრო კედელზე ხელის რტყმითა და ხმამაღალი ამოკვნესით პაპაჩემს აქედან გაეხმიანებოდა ხოლმე. უმეტესად კი თავისთვის იყო გატრუნული ლოგინში და ჭერში უაზროდ აცეცებდა ცრემლდამშრალ თვალებს.

პაპაჩემის შემდეგ, წესით, მისი რიგი უნდა დამდგარიყო, მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე, თურმე ეშმაკს არც ჩვენთვის ეძინა. სრულიად საღსალამათი მამაჩემი ავარიაში მოყვა და მისმა გარდაცვალებამ ისედაც გაუბედურებულ ბაბოჩემს კიდევ უფრო გაუმწარა დარჩენილი სიცოცხლე; სიკვდილი სანატრელად ექცა და მამაჩემის ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე, დაისვენა კიდეც საწყალმა. წესიერად ვერც გამოვიგლოვეთ. ვიღას ჰქონდა მისი თავი, მამაჩემის შემდეგ დახოცილები ვიყავით.

თითქმის მთელი კვირა იყო ღია ბაბოჩემისა და პაპაჩემის უკანა ეზოს დიდი, ცისფრადშეღებილი ქუჩის კარები. ქელეხისთვის ნაქირავები გასაშლელი მაგიდები და სკამები დასაფლავების დღესვე წაიღეს სატვირთო მანქანით, ცხიმიან ხელსახოცებს და სუფრად გამოყენებული ქაღალდის მოზრდილ ნაგლეჯებს კი დიდხანს დააფრიალებდა აქეთ-იქით ქარი.
მიუხედავად იმისა, რომ ბაბოჩემსა და პაპაჩემს სწორედ უკანა ეზო აკავშირებდა გარესამყაროსთან  სოფლის მთავარ ქუჩასთან, ისინი ამ ეზოს ერთიანი კარ-მიდამოს ნაწილად თითქოს ვერ აღიქვამდნენ. რამდენიმე დღე ისე გავიდოდა, რომ ბაბოჩემი აქეთ არცკი გამოიხედავდა; ან რა საქმე ჰქონდა ამ ცარიელ ეზოში, სადაც ერთი ჯუჯა, უხვნაყოფიანი ბალტყემლისა და კედლის ძირებზე ჩარიგებული გიორგობულების მეტი არაფერი იდგა. მარტო ზამთარში უხდებოდათ მოხუცებს აქეთ ხშირი სიარული, როცა პაპაჩემი ტყიდან მოტანილ ორ-სამ ლაფეტ პატარა მორებად დახერხილ წიფლისა და რცხილის შეშას დაახვავებდა ხოლმე.


ბაბოჩემის ორმოცამდე ჩემი ქალაბიჭა და უკვე ჭაღარშეპარული დეიდა ცოტა ხნით ისევ თავის ქალიშვილობის ბინაში გადმოსახლდა. ათასი საქმე იყო  სახლი არეული, ჭურჭელი დასაბინავებელი, არც მიმსვლელ-მომსვლელი წყდებოდა. გარდა ამისა, სანთელი ხომ უნდა აენთო ვინმეს, თანაც, რადგან ყველაზე უმცროსი იყო დებს შორის, ბაბოჩემმა და პაპაჩემმა სწორედ  მას `დაუმტკიცეს~ მთელი თავიანთი მონაგარი სახლკარიანად და პასუხისმგებლობაც მეტი ჰქონდა.
Mმოხუცების დანატოვარი დიდი ვერაფერი ქონება იყო, მაგრამ რაც შეძლეს საწყლებმა, ის მოიქონიეს თავიანთი ალალი შრომითა და პატიოსანი ცხოვრებით, სიბერეში კი პენსიისა და ოთხი გათხოვილი ქალიშვილის ანაბარა დარჩნენ. `ბიჭის ფასი მაინც არაფერი არ არის,  წამოსცდებოდა ზოგჯერ სიბერეში შვილებზე რაიმეთი, უფრო კი, მათი იშვიათი სტუმრობით განაწყენებულ ბაბოჩემს და დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ერთადერთ ბიჭსაც, რომლის შესახებაც არასოდეს ლაპარაკობდა, მხოლოდ მაშინ გაიხსენებდა ხოლმე სინანულით.

მალე ორმოციც გავიდა და დეიდაჩემიც ისევ გადაბარგდა ქმრის სახლში. თავიდან თითქმის ყოველდღე მოდიოდა, სახლს გაანიავებდა, ლოგინებს გააამზეურებდა და საღამოს ისევ უკან ბრუნდებოდა. მერე ნელ-ნელა უკლო სიარულს, და ხან რამდენიმე კვირა და თვე ისე გავიდოდა, რომ აქეთ არც კი გადმოიხედავდა. ასე თანდათანობით, ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლი საბოლოოდ გამოყრუვდა და გაცივდა... იდგა გარინდებული ოდესღაც სიცოცხლით სავსე და აღარავის ხიბლავდა შიგნით შესვლა. დიდხანს მარტო ყოფნა იქ არც მე მსიამოვნებდა, მაგრამ ზოგჯერ, დღისით, სახლის კარიდან მაინც ჩამოვხსნიდი უცხო თვალის მოსაჩვენებლად ტყუილად ჩამოკიდებულ ბოქლომს, ჩამოვჯდებოდი მაღალ `კუშეტკაზე~, რომელზეც ბაბოჩემის საყვარელი, უკვე ალაგ-ალაგ ჩრჩილისგან ამოჭმული ჭრელი ფარდაგი იყო გადაფარებული და ვიხსენებდი ჩემი ბავშვობისა და ყრმობის საუკეთესო წლებს.
ზუსტად არ მახსოვს, ბაბოჩემის სიკვდილის შემდეგ რამდენ ხანში დაიწყო სახლის გაყიდვაზე ლაპარაკი. დაიწყო და აღარც დამთავრებულა, სანამ ბოლომდე არ მივიდა საქმე.

ამ ამბიდან წელიწადიც არ იქნებოდა გასული, რომ ერთ ღრუბლიან დღეს, დილაუთენია, შეშინებული და ფერდაკარგული ამოქანდა მეზობელ რაიონში გათხოვილი დეიდაჩემი მარინე, პირველსავე ავტობუსს ამოჰყოლია. წინა ღამით, ვენახში შვინდის ქვეშ ერთმანეთის გვერდით მსხდარი ბაბოჩემი და პაპაჩემი დასიზმრებია. უკითხავს, სახლში რატომ არ მიდიხართ, უკვე გვიანიაო. იმათ კიდევ, ვერ უცვნიათ და უთქვამთ, წასასვლელი აღარსადა გვაქვს, სახლი შვილებმა გაგვიყიდესო. ტიროდა, საფლავზე სანთლები უნდა დავანთოთ, ჩვენებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო...
მერე კი ეს დღეც და ყველა მათი შეუსრულებელი დანაპირებიც მშვიდად ჩაიბარა წარსულმა და ცხოვრება კვლავ ძველი გზით წავიდა. ახლა უკვე აღარც სიზმარში აწუხებენ ბაბოჩემი და პაპაჩემი შვილებს. ისინიც, საკუთარ ოჯახებზე თავგადკლულები, მოუცლელები და დაღლილები, წელიწადში ერთხელ, აღდგომისთვისღა თუ დაატყობენ თავიანთ ნაფეხურებს მშობლების საფლავებს; ისიც მზიან ამინდში, თორემ წვიმა და ავდარი თუა, მათ სახელზე გამომცხვარი პასკაც სახლში იჭრება და შესანდობარსაც შინვე, წითელი კვერცხებით დამშვენებულ სუფრასთან სვამენ.
 
ზოგჯერ, გაზაფხულობით, როცა ჩვენს ბაღჩაში ქალის იები აყვავდება, მავთულის ღობესთან მდგარი ისევ ცხადად ვხედავ ბილიკზე მიმავალ საკუთარ თავს. შვიდი-რვა წლის ვიქნები. ხელში წყლით სავსე ორლიტრიანი ალუმინის ბალონი მიჭირავს და ვენახში მომუშავე პაპაჩემთან ცივ-ცივ წყალს მივარბენინებ. ვჩქარობ, ამიტომაც ამოშხეფებული წყლისგან კაბის კალთა ერთიანად ჩამოლუმპული მაქვს, მაგრამ ეს არ მადარდებს, თბილი ნიავის ერთი წამობერვა და მაშინვე გაშრება. მთავარია, მეორედ არ დავაძახინო, მთავარია, არ ეგონოს, რომ დამეზარა და განგებ წავუყრუე.
არადა, ახლა რას არ მივცემდი, რომ კიდევ ერთხელ გამეგონა ეს ხმა, მეოთხე უბნიდან მეხუთემდე ქარისგან ექოდ მოტანილი, ინოოოოოოოო, ჰაი ინოოოოოოოოოოოოოოო..........

 
 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული