- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი ფრანგულიდან და შენიშვნები: ბაჩანა ჩაბრაძე
-------------------------------------------------------------------------------
ბალზაკი მაგიდასთან
"ონორე დე ბალზაკი", ბენჟამენ რუბო, 1840
ბევრს ჭამენ "ადამიანურ კომედიაში". მისი ავტორი კი, მაგიდას რომ მიუჯდება, კიდევ უფრო მეტს სანსლავს. ამას მოწმობს ანკა მულშტეინის საინტერესო და მადისაღმძვრელი გასტრო-ლიტერატურული ესე, რომელშიც ბალზაკისეული საფრანგეთის ჯერარნახული პანორამა იშლება; იმ ბალზაკისა, რომელმაც სუფრა, თავისი კერძების ჩამონათვალით, ფასებითა თუ ჭურჭლით, თანამედროვე რომანში შეიყვანა.
1836 წლის 27 აპრილი: 36 წლის ბალზაკს აპატიმრებენ და არც მეტი, არც ნაკლები, "ლობიოს ოტელში"[1] ათავსებენ. იგი არაერთხელ დასძრომია სამხედრო სამსახურის ვალდებულებას. "მამა გორიოს" და "პოლკოვნიკ შაბერის" ავტორს პარიზში პატრულირების არც დრო და არც სურვილი აქვს. როგორც წესი, "ვუვრეს" ღვინით ქრთამავს მის წასაყვანად მოსულ ჩინოვნიკებს, მაგრამ დღეს ეს ტრიუკი ვეღარ გაუვა. ეს-ესაა საკანში გამომწყვდეული, გამომცემელს წერილს უგზავნის და ფულს სთხოვს. ედმონ ვერდე 200 ფრანკით მოდის ციხეში. ბალზაკი დაუყოვნებლივ უკვეთს "ვეფურში"[2] პანტაგრუელურ სადილს და გამომცემელსაც პატიჟებს. საკანი, რომელშიც იგი დილიდან საღამომდე დაწერს, ივსება პაშტეტებით, სოკოში მოხარშული ვარიებით, გლასირებული გარეული ფრინველით, მურაბებით, რჩეული ღვინოებით და იშვიათი ლიქიორებით. დეზერტირი ბულიმიით იკლავს პატიმრის უკმაყოფილებას. ბევრს სვამს და ბევრ ტექსტსაც ფსამს.
გისოსებს მიღმა ჯდომამ ბალზაკს უარი ათქმევინა წესზე, რომელიც თავად დაიწესა და სიკვდილამდე სკრუპულოზურად დიცავს: წერის დროს დიეტაზე იჯდეს და როგორც კი ხელნაწერს სტამბაში მიარბენინებს, ფაშვი გასკდომამდე ამოივსოს. გაცხოველებულად მუყაითი, მოუსვენაარი და დაუდგრომელი, 51 წლის ასაკში რომ გარდაიცვლება, ასამდე რომანის და ნოველის ავტორი, სიჭარბის მოყვარულია. მეტისმეტი ზომიერებიდან უსაზღვრო სიხარბეზე გადადის. როცა რომანზე მუშაობს (დღეში 18სთ), კმაყოფილდება ხილით, თოხლო კვერცხით და შემწვარი სარდინებით. სვამს წყალს და განსაკუთრებით ყავას, ძალიან მუქს, რომელსაც თავად იმზადებს, როგორც მაგიურ მიქსტურას - ფილტრით გაყოფილ ორ ჭურჭელში, სხვადასხვა სახის მარცვლებით, რომლებსაც სამ სხვადასხვა ჯიხურში იძენს: "ლე ბურბონი" (დღევანდელი შოსე დ'ანტენის ქუჩა), "ლე მარტინიკი" (ვიეი ოდრიეტის ქუჩა) და უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე "ლე მოკა"[3].
სიტყვა "დასასრულს" მოსდევს ნანატრი თავისუფლება: ბალზაკი რესტორნისკენ მიიჩქარის, სადაც ოთხი ბოთლი თეთრი ღვინით მორწყულ ასამდე ხამანწკას სანსლავს და უკვეთს 12 კოტლეტს, იხვს თალგამში, შემწვარ კაკაბსა და ნორმანდიულ ზღვის ენას, რომ არაფერი ვთქვათ კერძთაშორის სასუსნავებსა და მსხლებზე, ათზე მეტს რომ ახრამუნებს. შემდეგ კი, დრო რომ არ დაკარგოს, "ძვირი სტუმრობით" თავმომწონე კაცი გამომცემელს სადილის ანგარიშს ისე უგზავნის, მონელებას არ ელოდება.
აქ ჩანს, რომ ბალზაკი არ არის გასტრონომი, უფრო მსუნაგთა ოჯახს მიეკუთვნება, ყოვლისშთანმთქავთა სახეობას. მასში, სიამოვნება ამოყორვაზე ნაკლებად ფასობს, დარწყულება დაგემოვნებაზე მეტია. მისი ლიტერატურაც ხომ ძალიან ნოყიერია: "ველის შროშანში", რიიეტებით სკდებიან. "კუზინ ბეტში", ბარონ დე როტშილდთან, ყოველ საღამოს ქათამია მენიუში. "წვრილ ბურჟუებში", თეთრ ბულიონს ზეთისხილებიანი იხვი უმშვენებს გვერდს. აქვეა ბატი წაბლში, ფრიკანდო, გუფთები და გველთევზას ტარტარიც. "სოფლის ექიმში", ლოკოკინას ნახარშისა და ბაყაყის ბარკლების სასარგებლო თვისებებს ვეცნობით და დელიკატური ომლეტის მომზადებასაც ვსწავლობთ. სამაგიეროდ, "მამა გორიოში", "ცხვრის რაგუს"[4] არარსებობის პირობებში, უხარისხო ხორცითა და სტაფილო-თალგამის აკომპანემენტით ვკმაყოფილდებით.
"ადამიანურ კომედიაში", ხშირად, შინ მიირთმევენ, თუმცა ზოგჯერ რესტორანშიც მიდიან. მაგალითად, "გამქრალი ოცნებანის" ლუსიენი "ვერიში"[5] დადის ხამანწკების, თევზის, კაკაბის, მაკარონის საჭმელად და ბორდოს დასალევად. მართლაც, ბალზაკი რესტორაციის აღმასვლის თანამედროვეა. რესტორანი რევოლუციის შემდეგ დაიბადა და ბალზაკის დროს, პარიზი უკვე სამი ათასს ითვლიდა. "ადამიანურ კომედიაში" ორმოცამდეა ჩამოთვლილი. მათ შორისაა ცნობილი "როშე"[6], "კადრან ბლე", "ბეფ ა ლა მოდ", "შევალ რუჟ" და "ლე ვო კი ტეტ"[7].
ამიერიდან, იკითხო, ნიშნავს - გადასანსლო. გასუქების გარეშე.
ჟერომ გარსენი, "ბიბლიობსი"
ანკა მულშტეინის "გარსონ, ხამანწკები!"-ს მიხედვით
უელბეკი "ელისეში"
ფლორიან ზელერი, მიშელ უელბეკი, კარლა და ნიკოლა სარკოზები, იზაბელ შაზო, დავიდ კერსანი და ფრედერიკ მიტერანი ელისეში, ფოტომონტაჟი, AFP
მიშელ უელბეკი სარკოზების წყვილმა "ელისეში" ვახშმად მიიწვია. სასახლეში, გონკურების ლაურეატთან ერთად, რამდენიმე პოსტმოდერნისტსა და იკონოკლასტსაც უმასპინძლეს.
დღეს, მეფე ერთობა! პასკალმა თქვა, მეფე, გართობის გარეშე, უბედური კაციაო.
- კარლამ წამიკითხა "რუკა და ტერიტორიის" დასაწყისი - უმხელს პრეზიდენტი კიდევ ერთ "იტალიელ" სტუმარს, ტერეზა გრემისის, "ფლამარიონის" მფლობელს და გასცქერის რისოტოს, რომელიც სპეციალურად მისთვის შეუკვეთა.
პირველი ლედი, მას შემდეგ, რაც მას რაფაელ ეინდჰოვენმა "კუნძულის შესაძლებლობა" აჩვენა, უელბეკითაა გატაცებული. მისი რომანიდან ლექსიც კი იმღერა მესამე ალბომში. კარლამ, ამ საღამოს, ასევე მოიწვია ფრედერიკ მიტერანი და ახალგაზრდა ფლორიან ზელერი, რომელმაც თავის "უარესის ხიბლში", უელბეკის ორეული ათამაშა სცენაზე. იგი მარიან დელტერმის ქმარია, მადამ სარკოზის საუკეთესო მეგობრის.
მაგიდას უსხედან მიშელ უელბეკისთვის სპეციალურად მოწვეული სტუმრები: დავიდ კერსანი, ცისფერთვალება ახალგაზრდა კაცი, ანდროგინული სახით, რომელიც მიშელთან ერთად, "საუბრების" პროექტზე მუშაობს. მას ეკუთვნის ვებ-გამოცემა Ring, რომელიც უელბეკის აზრით, საუკეთესო საინფორმაციო წყაროა. მწერალმა ვრცელი ინტერვიუები მისცა ამ "თანამედროვე ახალგაზრდების ჟურნალს".
და იზაბელ შაზო, 50 წლამდე ასაკის ლამაზი ქალი, ფემინისტური პრესის ცნობილი ავტორი, ლათინური ლინგვისტიკის სპეციალისტი და FHM-ისა და Playboy-ს მთავარი რედაქტორი. იზაბელს, მიშელივით, არ უყვარს ტრადიციული მიმართულება. საინტერესოა, სარკომ თუ იცის, რომ როცა იზაბელი ახალგაზრდა ქალთა ჟურნალს "20 წლის" ხელმძღვანელობდა, რამდენიმე სტატიის გამო, რედაქციის კედლები საღებავებით შეუმკეს. ამ სტატიათაგან ერთ-ერთი უთუოდ იყო "13 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დავწვეთ".
დრო გადის. ყველა ეწევა და სვამს, პრეზიდენტის გარდა.
უელბეკის გაკონტროლება შეუძლებელია. სხვათა შორის, ამ საღამოს, იგი მეტნაკლებად პირქუშია. ეს სტუმრებს არ აწუხებს. ის ხომ მათი ბალზაკია. ან უფრო, ბალზაკი იყო მათი უელბეკი. მის ბოლო რომანს ბეგბედე რენესანსის დიდ ტილოებს ადარებს. უელბეკი რეაქციონერია და ამავდროულად - ყველაზე პროგრესისტი ჟურნალების რეფერანსი. გენიალური პროვოკატორი, ირლანდიაში გადასახლების მიუხედავად, დღეს ფრანგი პრეზიდენტის ტყვეა. თუმცა სარკო ვერც აქ გადაურჩა მიშელის იკონოკლასტობას:
- მე არ ვარ განსაკუთრებით პოლიტიკური ქმედების მომხრე. მე არ ვარ მოქალაქე და არც სურვილი მაქვს, გავხდე. არ არსებობს არანაირი მოვალეობა საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს უნდა გაიგოს ხალხმა: ჩვენ, ყველანი, ვართ ინდივიდები და არა მოქალაქეები ან ქვეშევრდომები. არანაირი ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ არ გვაკისრია. საფრანგეთი სასტუმროა და სხვა არაფერი...
თერთმეტისთვის, პრეზიდენტი სტუმრებს აცილებს. ჟურნალისტები წავიდნენ, დიდი კარიდან გასვლა შეიძლება.
გრეგუარ ლემენაჟე, "ბიბლიობსი", 2010
[1]L'hôtel des Haricots - XIX ს-ის პირველ ნახევარში, პარიზის ნაციონალური გვარდიის საპატიმროს სახელწოდება
[2]Le Grand Véfour - უძველესი პარიზული რესტორანი
[3]Le Bourbon, le Martinique, le Moka
[4]Haricot de mouton - უძველესი ფრანგული ტრადიციული კერძი
[5]Café Véry - პირველი პარიზული რესტორანი ფიქსირებული ფასებით
[6]Le Rocher de Cancale - ხამანწკებში სპეციალიზებული, XIX ს-ის ცნობილი პარიზული რესტორანი
[7]Le Cadran Bleu, Boeuf à la Mode, Cheval Rouge, Veau qui tète - პარიზული რესტორნები