- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
I.ზეპირი საუბარი წერილობით
”სად ერეკლეო”, მაგრამ ამ ჩვენ გადარეულ რელიგიურ ყოფაზე ფიქრმა ისევ გადამერთან დამაბრუნა. ხსნა ახსნაშია. ”შევიპყროთ, რაც ჩვენ გვიპყრობს!” - ასე ლაკონურად ჩამოქნა ჰანს გეორგ გადამერის მთელი ჰერმენევტიკული ფილოსოფიის არსი ერთმა ნიჭიერმა თუ ენამოსწრებულმა ინტერპრეტატორმა( Emil Staiger: „Begreifen, was uns ergreift). ჰოდა, რა გვიდგას წინ: შევიპყროთ, რაც გვიპყრობს, გავიგოთ, რა გვჭირს! ჩვენთვის, - და იქნებ საერთოდაც, - ხსნა ახსნაა. ახსნა და ინტერპრეტაცია შეიძლება მრავალგვარი გამოიძებნოს და დადგინდეს, არაერთი ინტერპრეტატორ-ამხსნელიც გამოჩნდეს და უკვე გამოჩნდა კიდეც, რასაც ქვემოთ ვიხილავთ. საბოლოოდ კი ყველა ახსნა და ინტერპრეტაცია ერთმანეთთან უნდა შეჯერდეს და შეჯვარდეს და ამით მაინც არ დამთავრდეს, წესად დამკვიდრდეს ამხნელობა, რელიგიურ პროცესებზე მუდმივი ჰერმენევტიკული მეთვალყურეობა. ყველა ახსნა ერთი ხსნის სამსახურში ჩადგება. ხსნა გარეთ არაა, ჩვენი ხსნა ჩვენივე ამოცანის გადაწყვეტაა და ეს ამოცანა ჩვენშივე თვლემს. მხოლოდ თვალების ახელა ანუ ნების გამოვლინება გვჭირდება, რომ დავინახოთ: ფანატიზმი უნდა გადავლახოთ, დავძლიოთ, მოვათვინიეროთ!
1. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა პრობლემის გაცნობიერება, - ახლა ტავტოლოგია გველის, - პრობლემის დანახვა, კონსტატაცია-დაჭერა, გასიგრძეგანება; და, რაც მთავარია, ერთი სიტყვით და ცოტა უკეთ რომ გამოვხატოთ, დალაგება! - პრობლემის დალაგება.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, გვაქვს უფლება, მოვალენი ვართ ვიცოდეთ, რა არის ეს მოვლენა: რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ფანატიზმი, რელიგიის ინსტრუმენტალიზაცია, ანტიეკუმენისტური ისტერია, რელიგიური ექსტრემიზმი, რადიკალიზმი, ულტრაორთოდოქსია, ბიოლოგიური საქციელი, ბრძოლა იდენტიტეტისათვის თუ უბრალოდ, პოლიტიკანობა - გარე მტრული პოლიტიკის მიერ, შიდა მერკანტილური პოლიტიკის მიერ ინსპირირებული თუ პროვოცირებული... იქნებ ყველაფერი ესაა ცოტ-ცოტა, ასე ვთქვათ, უმსგავსება-ბოროტებათა ”თაიგულია”! ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოდის, როგორც აგრესია, ერთი შეხედვითაც ჩანს, და, ამდენად, თითქოსდა ისე მნიშვნელოვანი აღარც კია, რის ნიადაგზეა აღმოცენებული, რა შინაგანი მოვლენები განაპირობებენ. მთავარი ისაა, მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ეს რელიგიურად მოტივირებული აგრესია უკვე ძალადობაში გადადის და ამ შემთხვევაში თავისი კომპეტენტური და ქმედითი სიტყვა კანონმა, სამართალმა, იურისპრიდენციამ და პოლიციამ უნდა თქვას. - აი ესაა პირველი მნიშვნელოვანი პუნქტი, სადამდეც მივედით.
მაგრამ ამ დეფინიციურ მცდელობას ჯერ მაინც ნუ მოვეშვებით და გეოგრაფიული არეალი გავუფართოვოთ, პარალელური მოვლენები გამოვძებნოთ შესადარებლად ( რას შეგადაროო, ვკითხოთ! :) ქრისტიანული თეოლოგიის პერსპექტივიდან თუ ქრისტიანი თეოლოგის თვითწარმოდგენის თანახმად, ამ უმსგავსობას ქრისტიანობასთან, უფრორე მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან, ქრისტიანულ სულთან და ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს. ”ჭეშმარიტს” აქ აღარ ვამატებთ, აღარ სჭირდება, რადგან საკმარისია უბრალოდ ქრისტიანული ( ”ჭეშმარიტს” უფრო ლეგიტიმურ-სამოციქულო ეკლესიიდან განდგომილი სქიზმატიკოსები ირქმევენ). მაშასადამე, ისღა დაგვრჩენია, შედარებისათვის თანამედროვე ისლამურ სამყაროს მივმართოთ: ალ-ქაიდა, თალიბანი, ჰამასი, ჰესბოლა და ათასგვარი უბედურება, რომელთაც ისლამ-თეოლოგებისა და მკვლევართა აზრით, ჭეშმარიტ ისლამთან ცოტა რამ თუ აქვთ საერთო. ამ წუთას რაც მახსენდება, ესაა შეწუხებული არაბი თეოლოგი და განმაახლებელი იქბალი, რომელმაც თავის დროზე შეიხომანიისა და პირიზმის ანუ ჯამში, მოძღვარომანიის წინააღმდეგ ძლევამოსილად გაილაშქრა, ისლამის ცოცხალ გაგებას წინ ეღობებაო! აქვე მომდგარა ათა-თურქის აჩრდილიც, თავის დროზე რომ იძულებული შეიქნა დერვიშთა ორდენი აეკრძალა, რადგან თურქები იმჟამად არა კანონების, არამედ მოძღვარ-შეიხთა ლოცვა- კურთხევების მიხედვით ცხოვრობდნენ...
ასე, ძალაუნებურად და როგორც მეჩვენება, თვით ლოგიკურადაც კი მივადექით რელიგიური ძალადობის მთავარ მიზეზს, წყაროს და ტექნოლოგიას - ლოცვა-კურთხევას.
2. მიზეზების შესახებ თუ საუბარს გავაგრძელებთ, მაშინ მათი ისტორიის, წინაისტორიას, იერარქიას, წყაროსა და მოქმედების მეთოდიკას უნდა შევავლოთ თვალი. როგორც აღვნიშნეთ, უმთავრესი ნიშანი მოძალადეობისა რელიგიური ინსტრუქციის ქვეშ ყოფნაა! მორჩილებაა! აი, მოუყვებიან მაგ. ერთ ქრისტიანულ ლეგენდას მორჩილების გამაიდეალებელს: მოკვდა ფრიად მორჩილი მოწესე, განამზადეს დასაკრძალავად, ამ დროს მას სულიერი მამა ეუბნება, ადექი შვილო, წყალი მომაწოდეო, მკვდარი დგება და ასრულებს მოძღვრის ლოცვა-კურთხევას. აბა მაშ როგორ არ შეასრულოს ცოცხალმა მრევლმა მოძღვარ-ისაკაძეების შეკვეთა, - სხვაგვარადმოაზროვნეთა და სხვადმადიდებელთა დარბევა-განადგურებისკენ რომ უხმობს მათ?.. აი ასეთია მექანიზმი მოქმედებისა, რასაც ერთი ნაბიჯი და კიდევ რაღაც უკლია, რომ ნამდვილ ტერორად იქცეს, - ეს გაფრთხილებაა, - და ფსიქოტერორში ხომ ისედაც ყავთ ისაკაძეებს მთელი საზოგადოება. - ეს გაზვიადება არაა! რა ვქნათ, ვიყოთ და შევყუროთ, ამ უბედურების ხარჯზეც კი პოლიტიკური ქულების დაგროვება ვცადოთ? სანამ გარეგნულ მიზეზს, ”რუსეთს” მივადგებოდეთ, - ურომლისობაც არაა, - სჯობია შინაგანი მიზეზების დადგენაზე ვიზრუნოთ. საზოგადოდ, მიზეზთა მიზეზი ჩვენი შინაგანი უმწიფარობა და მოუმზადებლობა მგონია რელიგიური ცხოვრებისათვის, გნებავთ, სხვანაირად, თავისუფლების მძიმე უღლის, მოვალეობიანი თავისუფლების არსურვილი. ცნობილი და ამოცნობილი მენტალიტეტია. ამ მენტალიტეტს ჩვენთან ღრმა შინაგანი ფესვები აქვს და არა მხოლოდ ’ჰომო სოვიეტიკუსის’ ბუნებაშია საძიებელი, არამედ ’ჰომო ბიზანტინიკუსის’ და მთელი აღმოსავლური ქრისტიანობის პრობლემაა.
3. მიზეზთა შორის ’ღირსეულ’ ადგილს იკავებს რელიგიის შეუფასებლობა, უფრო სწორად რელიგიის არასათანადოდ შეფასება, როგორც გერმანელები ერთსიტყვად იტყოდნენ Unterschätzung! და არა მხოლოდ ვერშეფასება, ზოგჯერ გადამეტებული ნდობა და შეფასება რელიგიისაც: რელიგიის ესთეტიზაცია, იდეალიზაცია, გაფეტიშება რელიგიური სპეციალისტებისა! ჩვენ ამოვუშვით ბოთლიდან ჯინი, სახელად ”რელიგია”, ის გამოდგა ბოროტი, რადგანაც დოგმითა და აბსოლუტურობის პრეტენზიით დაიწყო თავისი მოღვაწეობა. კანტისეული შეგონებაა, რელიგია მორალით უნდა დავიწყოთ და არა დოგმითაო!
საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ, ვერცერთმა პოლიტიკურმა გუნდმა ვერ შეძლო რელიგიის მიმართ პოლიტიკის გამომუშავება და თუნდაც ელემენტარული შუალედური რგოლის დაფუძნების გზით ამ გაგონჯებული ჯინისგან სახელმწიფო ინტერესების დაცვა. რელიგიის, როგორც რეალური ფენომენის (’და არა ზეციური საქართველოს’), როგორც საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ფაქტორის, - უგულვებელყოფა დღემდე გრძელდება. ლოიალობა, სახელმწიფოსათვის საზიანო ხელგაშლილობა და კუდის ქიცინი თუ ენის ჩლიქინი შარიანი და შარიათიანი საპატრიარქოს მიმართ სულაც არაა რელიგიის მიმართ პოლიტიკა, ესაა რელიგიის საკითხებში არაკომპეტენტურობის, დაბნეულობის თუ კაპიტულაციის გამოვლინება! აქ კი ძალა აღარ მყოფნის ნამდვილად, ამიტომ საშველად მაქს ვებერს უნდა მოვუხმო, დიდ მეცნიერებს ხომ წინასწარმეტყველური ’ბოროტებაც’ ახასიათებთ:
”მთლიანობაში თანამედროვე ადამიანს ახასიათებს, რომ მას თვით საუკეთესო სურვილის შემთხვევაშიც კი არ შეუძლია წარმოიდგინოს იმდენად დიდი თუა რელიგიური ცნობიერების შინაარსთა მნიშვნელობა ცხოვრების წესის, ’კულტურისა’ და ’ ხალხთა ფსიქოლოგიისაათვის’, რამდენად დიდიცაა იგი სინამდვილეში”. – ციტატის დასასრული.
ვშიშობთ, რელიგიის მნიშვნელობის, მისგან მომდინარე საფრთხეების გაუთვალისწინებლობამ ქართულ სახელმწიფოებრივობას არ მოუღოს ბოლო ან არასასურველი გზით არ წაიყვანოს. ჩვენთან რელიგიის ძირითადი პროდუცენტი სმე ბრძანდება, იქნებ გვაქვს უფლება ვიკითხოთ რა პროდუქციაა ეს, რამდენად მართლმადიდებლურ-ქრისტიანულია ეს ლოცვა-კურთხევების ქაღალდში შეფუთული სულიერი ’საგანი’, აშკარა ძალადობით რომ გამოირჩევა და რა მექანიზმები ამუშავებს აგრესიული რელიგიის საწარმოო ხაზს ანუ საპატრიარქოს - რწმენის ამ შესანიშნავ კოლმეურნეობას?!
4. ფანატიზმის თეორიული საფუძვლები საძებნია იმ ანტიეკუმენისტურ ლიტერატურაში, 90- იანი წლებისათვის რომ შემოვიდა, ითარგმნა ძირითადად რუსულიდან და აქტიურად გავრცელდა ერსა და ბერში. ეს მთელი იზოლაციონისტური ბოდვა სექტანტური აზროვნების ნაყოფია და იგი უხვადაა შეზავებული ანტიდასავლური, ანტიკულტურული და გამოკვეთილად ანტისემიტური ელემენტებით. სქიზმატიკური რუსულ-სერბული თუ ბერძნული ნააზრევი საღდებოდა როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება და ლამის სახელმწიფოებრივ დონეზე უზრუნველყოფილიყო; ასე, მაგალითად, 1991 წლის ’საქართველოს რესპუბლიკამ’ სპეციალური დამატებაც კი უძღვნა ვინმე მიტროპოლიტ ვიტალის ანტიეკუმენისტურ ’მონოგრაფიას’. არადა, ვერ მიხვდებით, რა ჯურის ეკლესიის მწყემსია ეს ვიტალა, ყოველშემთხვევაში, იგი არც ავტონომიურ, არც ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის მოიხსენიება. რომელიღაც რუსულ-ემიგრანტული სქიზმის პირმშოა, პოლიტიკურ ენაზე რომ ვთქვათ, იგი მართლმადიდებლობის კოკოითია. მერე რა? ამ ”კოკოითმა” იმდენი მოახერხა, რომ საქართველოში თავისი ფილიალი გაიჩინა: ე. წ. ბოსტონური დაჯგუფების სახით.
5. აშკარაა, რომ ანტიეკუმენისტური პროპაგანდა-აგიტაციის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებს მოჰყავდა მოქმედებაში. როგორც ირკვევა, ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვიღაც ჰყავდა დადარაჯებული და ებრძოდა გარდა პოლიტიკურისა, სულიერ ფრონტზეც. იმ პერიოდში, როდესაც შხამიანი კვაზირელიგიური ლიტერატურის გავრცელებამ აპოგეას მიაღწია, საპატრიარქოში უკვე ნამუშევარი, აკადემიაში ვსწავლობდი. ვხედავდი, როგორ ურჭობდნენ ჩემ ქვეყანას შხამიან ისარს და ვერაფერს ვშველოდი. სულ მახსენდებოდა უფრო ადრინდელი მონათხრობი ერთი თანამეინახისა. 80- იან წლებში ნასტუდენტარებისათვის ცნობილია ყამირი და იქ გატარებული ზაფხულის სტუდენტობა. ჩემი თანამეინახის შემზარავი მონათხრობი: ერთ ხევსურ ბიჭს, მოულოდნელად რუსმა სტუდენტმა მუცელში ’შპრიცი’ აძგერა. ვიღაც ქართველისგან სწყენია რაღაც იმ რუსს და სულ ერთი იყო, შურს ვისზე იძიებდა. მომაკვდავი მსხვერპლი ევედრება მეგობარს, მიშველე რამეო, მეგობარი კი ვერაფერს შველის, ”მიშველეო” და ვერაფერს ვშველოდიო!.. ასეთი უმწეობის განცდა მარტო მე არ მქონია; აი რას მოგვითხრობს ქ-ნი თამარ მესხი, მთარგმნელი, მეცნიერი, ავტოკეფალიის მოამაგე და ყველაფერთან ერთად მაშინდელი საპატრიარქოს თარჯიმანიც:
”იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი, ერთ სულთქმად ქცეული, დამოუკიდებლობის ლოზუნგებით გამოდიოდა, თბილისში უკვე ხელიდან ხელში გადადიოდა სტატიები და წერილები მსოფლიო საპატრიარქოს, საბერძნეთის, ანტიოქიის და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების და ეკუმენური მოძრაობის წინააღმდეგ... უფრო მეტად კი რუსული ემიგრანტული ეკლესიის წარმომადგენელთა ორიგინალური ნაშრომები. მოგვიანებით ეს წერილები ქართულადაც ითარგმნა და დაიბეჭდა სხვადასხვა ქართულ გაზეთებსა და ჟურნალებში...
მაშინ მე თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი გახლდით... პოლიტიკურად ჩვენ ვცდილობთ გამოვეყოთ რუსეთს, - შევეცადე ამეხსნა სტუდენტებისათვის, - და სწორედ ახლა ისინი სხვა მხრიდან გვიტევენ. თორემ რატომ ადრე არ ითარგმნებოდა ეს სტატიები? ... საით მიდიხართ? - გვეუბნებიან ისინი, მსოფლიო საპატრიარქოსკენ იღებთ გეზს? ისინი ხომ მართლმადიდებლები აღარ არიან, მართლმადიდებლური ქვეყანა, და თანაც მძლავრი, რუსეთია, ეკლესიურად, რწმენით ხომ ერთნი ვართ, პოლიტიკურადაც ერთნი უნდა ვიყოთო! ...
1990 წლის 4 მარტს მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული.
25 თებერვალი იყო. მე საპატრიარქოდან შინ მივიჩქაროდი, რადგან მეორე დილით ადრე მივემგზავრებოდი ... 4 მარტს მართლმადიდებლობის ზეიმზე საგანგებო ცერემონიალი უნდა ჩატარებულიყო და ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლისათვისათვის ავტოკეფალიის აღიარებისა და საპატრიარქო ტიტულის დამადასტურებელი სიგელები გადაეცათ. კიბესთან ერთი სამღვდელო პირი შემხვდა: ’ძალიან გთხოვ, მომაწოდო პატრიარქ დიმიტრიოსის საწინააღმდეგო ლიტერატურა, დღეს მე ინტერვიუ მივეცი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, კიდევ უფრო მკაცრად ვაპირებ მის მხილებას! ’...
- კი, მაგრამ მამაო... ჩვენი პატრიარქისაგან გაქვთ ლოცვა-კურთხევა?
- ’არა!’ - იყო პასუხი...” - ციტატის დასასრული.
თვით ამ კანტი-კუნტად დამოწმებული ციტატიდანაც კი კარგად ჩანს( ’რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ’ - საყურადღებო წიგნიდან, გამოც. 2002 წ.) ბევრი რამ, მათ შორის: მავნე ლიტერატურის გავრცელების პოლიტიკური მიზანი ქვეყნის სარწმუნოებრივ-პოლიტიკურ იზოლაციას ემსახურება - დღევანდელი კრემლის აშკარა პიარი... ჩანს, რომ ამას სამღვდელონი შეუგნებლად და სარწმუნეობრივი გულუბრყვილობის ნიადაგზე აკეთებდენენ როგორც წესი, და ამ საქმეში პატრიარქს არაფერს ეკითხებოდნენ! საკითხავია, მაშ ვის ეკითხებოდნენ? ვინ იყო კონტრფიგურა ეკლესიაში? ჩვენ ხომ ვიცით, რომ იქ ლოცვა-კურთხევის გარეშე არაფერი ხდება, თვით თავსაც არავინ იფხანს! ... კითხვები, კითხვები...
6. კვლავ შინაურ მიზეზებს დავუბრუნდეთ, მითუფრო ყველა პრობლემის რუსეთისთვის გადაბრალება მოდიდან გადის!.. შინაური მიზეზების შესახებ ბასილ კობახიძის ვრცელი მიმოხილვა გამოქვეყნდა ჯერ კიდევ 2002 წელს. პრინციპში ვერაფერს დავამატებდი, არც იმის საფუძველი მაქვს, რომ გადაჭარბებულობა შევწამო ავტორს... სია რელიგიური ბოროტმოქმედებებისა გაიზარდა და მათი აღნუსხვა საშური საქმეა. ერთ ციტატას კი უსათუოდ შემოგთავაზებთ, რათა რელიგიის საბედისწერო შეუფასებლობა ერთხელაც ცხადიყოს:
”თუკი გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეკლესია, განსაკუთრებით მისი სასულიერო პირები თითქმის მთლიანად მოიცვა რუსულმა შავრაზმულმა რელიგიურ-პოლიტიკურმა იდეოლოგიამ, ცხადი გახდება, რომ ამ იდეოლოგიური მანქანის (ეკლესიის) გავლენა არის მკვეთრად ანტისახელმწიფოებრივი და ძლიერ საშიში.
რატომ მოხდა ეს? როდესაც ასეთი იდეოლოგიური პროპაგანდის მანქანა უპატრონოდ გდია ქუჩაში, ბუნებრივია, რომ გარეშე ძალების სპეცსამსახურები მოვლენ და უმტკივნეულოდ, დიდი სიამოვნებით დაეპატრონებიან მას. ათ წელზე მეტია, რაც ჩვენი საზოგადოება არავითარ ყურადღებას არ აქცევს ამ უზარმაზარ იდეოლოგიურ მანქანას (ეკლესიას), არა აქვს არავითარი ინფორმაცია მისი მუშაობისა და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ, ეს მაშინ, როდესაც პატრიარქი ილია II უკვე მრავალი წელია, ვეღარ მართავს ეკლესიას და გადაიქცა რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მძევლად”.- ციტატის დასასრული.
რა შეიცვალა მას მერე? პრობლემები და ნეგატივები მხოლოდ მოემატა. მახსენდება ნიცშეს გამოთქმა: ” უდაბნო მატულობს”....
ძნელია რამის დამატება, მაგრამ მიზეზთა მიზეზი მე მაინც პირადი შეცდომა მგონია, შესაძლებელია, შეცდომა არც ეთქმოდეს, პირადი ხასიათიდან გამომდინარე ირაციონალური თვალთახედვაა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ’სულიერებამ’ ჩვენი ეკლესია დაანგრია. ვეცდები გასაგები გავხადო ჩემი ეჭვი. რაკიღა საეკლესიო იერარქიის კიბეზე აღმასვლისათვის ადამიანურად არაზომვადი კრიტერიუმი ’სულიერება’ დაწესდა, ამით განათლებული და ლიბერალი, უბრალოდ ალალი ადამიანების დაწინაურება გამოირიცხა. სულიერება რუსული ’დუხოვნოსწის’, როგორც სიტყვისა და როგორც იდეის კალკი უნდა იყოს. იდეაში რასაკვირველია იგი ღმერთშემოსილებას და ღვთისმოსავობას უნდა გულისხმობდეს, მაგრამ ეკლესიურ რეალობაში ეს ფენომენი იქცა საყოფაქცევო ფარისევლურ თამაშად. გაიძვერა და გაეშმაკებულმა კლერიკალობამ კარგად აუღო ალღო პატრიარქის ამ უჩვეულო მოთხოვნას და შეიმუშავა საქციელთა განსაკუთრებული სისტემა, რასაც იგი მხოლოდ თავიანთი წრის შიგნით ანხორციელებენ და თავიანთ კანდიდატურებს გადასცემენ. თავდახრა, დაჩოქება, როდის რა უნდა თქვა მის უწმინდესობასთან და სხვ. - ყოველივე ამის მიღმა პატრიარქი განსაკუთრებულ სულიერ უნარებს ვარაუდობს. ეს კონცეფცია ანუ ადამიანურად ზომვადი კრიტერიუმის ნაცვლად ღვთიურის დაწესება საფუძველშივე დამღუპველია, რადგანაც გაზომვა ღმერთშემოსილებისა მხოლოდ ღმერთის პრეროგატივაა, ოდენ მას ძალუძს, მასვე უნდა მიენდოს! ღვთის განაჩენი კი დროში გვეუწყება. ნაცვლად ’სულიერებისა’ სამღვდელოთა დასაწინაურებლად რომ დაწესებულიყო ადამიანურად ზომვადი კრიტერიუმები, მაგ. განათლება, ბიოგრაფიული მონაცემები და სხვ., ვფიქრობთ ამგვარი კატასტროფული მდგომარეობა აგვცდებოდა, ეკლესია ცივილიზაციას ზურგს არ შეაქცევდა და არაერთი ღია და მომწიფებული გონების ადამიანი აღმოჩნდებოდა საეკლესიო იერარქიაშიც... მაშინ უკვე შეიძლებოდა იმედიანობა და საუბრის დაწყება ეკლესიის გაჯანსაღებაზე... ასე და ამგვარად, სულიერების მსაჯული კათალიკოს-პატრიარქი ნებსით თუ უნებლიეთ, ღმერთის როლში აღმოჩნდა, რაც სადღეისოდ მის 87% - იან რეიტინგშიც აისახა... უშუალოდ ღმერთის კი რამდენ ქართველს სჯერა? ალბათ თითზე ჩამოსათვლელია ასეთი ადამიანები, რადგანაც წარმოუდგენელია კაცს ღმერთი სწამდეს, ხოლო სიმართლეს კი ვერ ან არ ხედავდეს. ვის გაუგონია რწმენა და ღვთისმოსაობა მართლის თქმის გაბედულების გარეშე? აქვე დავძენთ, რომ ადამიანის არჩევას თავისი ’გრამატიკული’ წესი აქვს (ერთი წერითი გამოცდა მაინც ჩაეტარებინათ ამ საეპისკოპოსე კანდიდატებისთვის!) და გრამატიკულ კანონს ღმერთიც კი ”ემორჩილება”, იკვეცება, ზემოთ რომ ვამბობდით, ღმერთისაო, ”ღვთისა” უნდა ყოფილიყო! J)
7. პრობლემის ზოგადმართლმადიდებლური მიზეზების შესახებ საკმარისია არაა მხოლოდ შიდაპერსპექტივიდან ვისაუბროთ; გასათვალისწინებელია ისაც, თუ რას ფიქრობენ ზოგადად მართლმადიდებლობის შესახებ. ამჯერად ადოლფ ჰარნაკის მოსაზრებით დავკმაყოფილდებით:
”მართლმადიდებლები პირველი საუკუნეების ქრისტიანებს ისევე შეებრძოლებოდნენ, როგორც ეს უკანასკნელნი მაგნა მატერისა და ზევს სოტერის კულტს ებრძოდნენ. მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენელი უთვალავი ელემენტისათვის, რომელნიც ისევე წმიდად მიაჩნდათ, როგორც სახარება, ვერანაირ ჩანასახს უძველეს ქრისტიანობაში ვერ იპოვით. ძირითადი ღვთისმსახურების მთელ აღსრულებასა და თვით მრავალფეროვან დოგმატურ სწავლებაში არსებითად წაშლილია სიტყვა “ქრისტე” და დავიწყებულია არსებითი! ეს ეკლესია, როგორც ერთობლივი გარეგნული გამოვლინება მხოლოდ ძველბერძნული რელიგიის გაგრძელებაა, - ქრისტიანობის უცხო გავლენის ქვეშ... შეიძლებოდა ასევე თქმულიყო: ეს ეკლესია როგორც გარეგნული ეკლესია არის პროდუქტი აღმოსავლურად გადაგვარებული (გადაგონჯებული - მთარგმნ.) ქრისტიანობისა და ბერძნული მჭერმეტყველების ურთიერთშედნობისა. ამ აზრით არის ბერძნული კათოლიციზმი(ანუ მართლმადიდებლობა - მთარგმნ.) ბუნებრივი რელიგია: არავითარი პროფეტი, არავითარი რეფორმატორი, არავითარი დიდი გენია... ტრადიციონალიზმი და რიტუალიზმი განსაზღვრავენ მართლმადიდებლობის ხასიათს და აგრეთვე იმას, თუ რამდენად დაშორდა იგი სახარებას... ამ ეკლესიის თავისებურებას განაპირობებს ის ღირებულება, რასაც იგი ორთოდოქსიას, სწორ სწავლებას ანიჭებს. მან ეს სწავლება უზუსტესად ჩამოაყალიბა, დაასურათხატა და სხვათათვის საფრთხობელად გამოიყენა. მხოლოდ მას შეუძლია ნეტარებას მიაღწიოს, ვინც “სწორ სწავლებას” ფლობს, ვინც “სწორ სწავლებას” არ ფლობს, განგდებადია და ყოველნაირად უფლებააყრილი უნდა განერეს... ეს ფანატიზმი არის პროდუქტი სხვადასხვა ფაქტორებისა, რომელნიც საუბედუროდ ერთად შეიყარნენ... ასე წარმოიშვა სახელმწიფოსა ეკლესიის აგრესიული და აბსორპციული(ანუ ყოვლისშთანმთქმელი- მთარგმნ.) ორთოდოქსია!..
არაფერი არაა ისე სამწუხარო საცქერლად, როგორც ქრისტიანობაში სულისა და ჭეშმარიტების ღვთისმსახურებიდან ნიშნების, ფორმულებისა და კერპების მსახურებაზე გადასვლა... რელიგიის ეს სახეობა რომ გაეუქმებინა, სწორედ ამიტომ გაეკვრევინა იესო ჯვარზე.”
იხ. წიგნი “ქრისტიანობის არსი”, გვ.: 208-210; 218-219.
(Adolf von Harnack, Das Wesen des Christentums, Gütersloh,1999).
რა გვეთქმის? მე პირადად არ შემწევს ძალა თეოლოგიურად არგუმენტირებული პასუხი გავცე ლიბერალური თეოლოგიის ამ კორიფეს. ვერც მტერობას დავაბრალებ, იგი მკაცრია აგრეთვე კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების მიმართ, მაგრამ არა ასე და არა ამდენად. რაღაა საფიქრალი ამის მერე? პრობლემა არახალი ყოფილა და მაშ რაღას ვერჩით ამ “ჩვენებს”? მითუფრო საბჭოეთისგან უარესად გადაგონჯებულ-გაკაბეჩნიკებულთ??? არსობრივი ცვლილება და გამოკეთება თუ უშველის საქმეს ანუ სმე - ს. სანუგეშოა, რომ “ბერძნული კათოლიციზმი” ცოტა შეიძრა, 1960 წელს საყოველთაო მართლმადიდებლური შეკრებაც ჩატარდა და მზადებაც დაიწყო დიდი კრებისათვის. ბერძენი თეოლოგები თანამედროვე ქრისტიანული თეოლოგის ყველა მიღწევის ათვისებას ცდილობენ; იქნებ ხსნა და განახლება ისევ გარედან მოვიდეს? მაგრამ რუსეთში მართლმადიდებლობა სახელმწიფო იმპერიალიზმის ნაწილად იქცა და არავითარ მსოფლიო განახლებას რუსეთის ეკლესია არ გაიზიარებს და ბუნებრივია არც მასზე მიჭიპული ქართული ეკლესია...მთელი მართლმადიდებლური სამყაროა ახალ სტილზეა გადასული, ჩვენთან ეს არადოგმატური კორექტივიც კი შეუძლებელი გახდა... ერთი სიტყვით, ლოდინი ხსნა არაა. ალბათ ზოგ რამეში მაინც უნდა დავეთანხმოთ ფონ ჰარნაკს - პრუსიული სახელმწიფოსგან თავადადქმნილს: ორთოდოქსულ ეკლესიას მართლაც სურს ყველაფრის შთანთქმა და მართლაც ცხონების აბსოლუტური თეორია მოუმარჯვია იდეოლოგიურ იარაღად...
8. ზოგადრელიგიური მიზეზების ძიებაც უსათუოდ პროდუქტიული დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემას.
რა არის რელიგია, რა საფუძვლები მოეპოვება მას ადამიანის სულში, რას უნდა მოველოდეთ მიგან, რა კანონზომიერებებით ხასიათდება იგი?
რა არის რელიგიის ფუნქცია? ემილ დურკჰაიმის თანახმად, რელიგიის მიზანი და მოწოდებაა მორწმუნე არა სხვაზე კეთილშობილი, არამედ უფრო წარმატებული გახადოს, ქონება და სიმყუდროვე შესძინოს მას!.. ნიშნეულია! ”რელიგიას სიცოცხლის შუაგულში უდგას ტახტი” – ფრიდრიხ ჰაილერის თანახმად. რელიგიის პრაგმატისტული ბუნებაა ამ გამონათქვამებში ხაზგასმული!
ზემოთ, როდესაც თეოლოგიური პერსპექტივიდან გამომდინარე განვიხილავდით პრობლემას, არაქრისტიანული და არარელიგიური ვუწოდეთ ექსტრემისტების საქციელს. შევხედოთ რელიგიის მეცნიერების კუთხიდანაც( თუკი ასეთი კუთხის ადგილი კიდევ დაგვრჩა ამდენი სალოცავი კუთხეების ხელში): სწორედაც რომ ესაა რელიგია და კერძოდ კი ჩამორჩენილი რელიგიური კონფესიის ყმათა შური, აგრესია და სიავე უკეთესთა და სხვანაირთა წინააღმდეგ! რელიგიის ამბივალენტურობა, რაც მის მეომრულ ორლესულობაშიც ვლინდება, ადრევე შეამჩნიეს: ქ.წ. 90 წელს დაბადებული ეპიკურეელი ფილოსოფოსი ლუკრეციუსი, ნამდვილი ანტიკური ’მარქსი’ ჩივის:
”რამდენი ბოროტება მოიტანა რელიგიამ…
რელიგიამ კრიმინალური და უზნეო ქმედებები წარმოშვა.”
მეტი დამაჯერობლობისათვისაც დედანსაც დავიმოწმებთ:
Tantum religio potuit suadare malorum…
Religio peperit scelerosa atque impia
(De rerum natura, 1.101, 183).
რელიგია ,წმინდა ავადმყოფობაა’. - ძველი ბერძნების ამ შეფასებას შუასაუკუნეობრივი ისტორიაც ადასტურებს, მაგრამ ჩვენ ხომ წარსულისკენ არ მივდივართ? ზიგმუნდ ფროიდის ცნობილ თეორიას თუ გავყვებით, რელიგია ბრუტალური მოვლენაა, ბრუტალური მამისმკვლელობის ნიადაგზე აღმოცენებული და ბრუტალური მოქმედებების გზით თავის დამამკვიდრებელი. უახლესი გამოკვლევებიც რომ იგივეს ღაღადებენ: რელიგია წმინდა ძალადობაა(რენე ჟირარი)! რელიგია დაბრუნდა და სადაც კი სამართლებრივი კონტროლი მოსუსტებული დახვდა, ყველგან ძალადობრივი ქმედებების ავტორიზირება მოახდინა(კიპენბერგი). სამწუხაროდ, თვალნათელი მაგალითიც გვაქვს უკვე: ჩვენს თვალწინ გათამაშებული ბოლოდროინდელი ძალადობრივი ”სპექტაკლები”...
ზეპირ საუბარს აქ დავასრულებდი... რელიგიის თემა ამოუწურავია, და რაც მთავარია დაუძველებელი. ერთი კომენტარიც, რომელიც ზემოთ ნახსენებ ბასილ კობახიძის 2002 წლით დათარიღებულ სტატიას ახლავს:
”მე მგონი არაფერი შეცვლილა. ამ წერილს თარიღი რომ შეუცვალო ვერც მიხვდები, რომ დღეს არ არის დაწერილი :-)”
(სხვათაშორის, ჰეროდოტეს ერთი ისტორიაც მახსენდება უყურო მოგვების შესახებ, ისეთია, დღევანდელი რომ გეგონება!)
ამ მარადიული უცვლელობის ფონზე ( საკრალური სპეციფიურად უცვლელი რამააო - Das Heilige ist spezifisch Unveränderliches, - მაქს ვებერისეული ’რელიგიის წარმოშობა’ კვერს მიკრავს ) მეორე ’წიგნად’ სულ რამოდენიმე თვის წინანდელი წერილიც მინდა შემოგთავაზოთ(მცირეოდენი ცვლილებებით) და ზუსტად 20 წლის წინანდელიც(უცვლელად), მესამე ’წიგნად’, მეორის კვალდაკვალ, რათა ერთი-ორი ნაბიჯი კიდევ გადაიდგას რელიგიის, კვაზირელიგიისა და ჩვენი რელიგიური სიტუაციის შეცნობის გზაზე. ჩვენ ეს შეცნობა უსათუოდ გვჭირდება, რადგანც შესამეცნებია რელიგია - ”ულტიმური კონცერნი”( პაულ თილიხის მიხედვით), ყველას რომ გვეხება და გვეხამუშება. ჩვენი საერთო საშინაო დავალებაა, ამ ჩვენი ულტიმური და ინტიმური ავადმყოფობის ისტორია შევადგინოთ, სწორი დიაგნოზი დავსვათ და სამკურნალო პროგრამა დავსახოთ!
22.V.2010.
II.ოცი წელი ფანატიზმში!-რეფლექსია კრიტიკის ნაცვლად!
(საკუთარი და სხვათა გულისტკივილების კანტატა)
„მტერი რომ დაამარცხო, ჯერ უნდა იცნობდე მას“. ციტატა თითქმის ზუსტი უნდა იყოს. ისაც მახსოვს სად და დაახლოებით როდის დამამახსოვრდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ნახალოვკაზე, სადღაც ოქტომბრის ქუჩაზე ნაქირავებ სარდაფში მარტო ვცხოვრობდი, არც სრულწლოვანი ვიყავ ჯერ და არც ქალთან ნამყოფი. სადღაც სკოლასა და უმაღლესს შუა ვიყავ გაჭედილი, ყავას ვსვამდი უკვე, - მაშინ ქერნარევი „ყავებიც“ იყიდებოდა, - რადგან რომანებში სულ ყავას სვამდნენ და რომანების გმირებზე ვფიქრობდი გამუდმებით. კიდევ? ჰო, ფერიც მახსოვს იმ ტომის, მრუმე ყავისფერი, და სუნიც, შმორის. მგონი შმორიანობა კიდევაც მსიამოვნებდა. არა, არ იყო ასე. დენის „პლიტის“ მწარე სუნში ერეოდა ეს შმორი და ორივე ერთად თავს წარმომადგენინებდა ჯეკ ლონდონის იმ ღარიბ გმირად, ბოლოს რომ წარმატებას აღწევს. გარდა ამისა, მაშინ სულ გავიზეპირე გერმანული უწესო ზმნების ძირითადი ფორმები… არც ვიცი, ეს პასაჟი აქ თუ უხდება, მაგრამ შემთხვევითი არაფერია, ვტოვებ, ცოდოა, იქნებ ბოლოს გამომადგეს!..
ციტატა ჯეკ ლონდონს არ ეკუთვნის. ავტორი ჯერ საიდუმლოდ დარჩეს.
***
გამოხდა 30 წელიწადი. ვსაუბრობ ერთ გერმანელ ისლამოლოგთან; რატომ მოიტანა საუბარმა „ივერიის გაბრწყინება“ და „ლაზარეს აღდგინება“ მაინცდამაინც არ მახსოვს. თემა საუბრისა ფანატიზმია. აი რას ვიგებ: XX ს. 30 - იან წლებში რამდენიმე ცოტა არ იყოს შექანებული არაბი გამოსცემდა ორ კუსტარულ ჟურნალს, სახელწოდებებით: „მისრეთის გაბრწყინვება“ და „ისლამის აღდგინება“. მისრეთი, იცით, არაბეთია. იმ პერიოდში არაბულმა სამყარომ კოლონიალიზმის უღელი გადაიგდო და ახალ ორიენტირების ძებნით იყო დაკავებული. დაახლოებით იმავე დღეში, რაშიც ჩვენი პოსტსაბჭოური პატარა ქვეყანაა. როგორც ბატონმა პროფესორმა ბრძანა, იმ ორიოდე შერყეულმა არაბმა შექმნეს თეორიული საფუძველი თანამედროვეობის იმ მძიმე გამოწვევისა და პრობლემისათვის, რაც რელიგიური აცდენილობის ხაზგასასმელად ისლამიზმად იწოდება. ამ სახელდებით იგულისხმება, რომ ისლამიზმს ისლამთან ცოტა თუ რამ აქვს საერთო; რელიგიის ინსტრუმენტალიზირება და საკუთარი აგრესიული ზრახვების სამსახურში ჩაყენება ტიპიური ისლამიზმია, რაც ფაქტიურ ომს, ტერორს და შიშის ზარს თესავს მთელ ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ განგებ ავარიდეთ თავი „ფუნდამენტალიზმის“ გამოყენებას, რადგან ფუნდამენტალიზმი ყველაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ არა აუცილებლად ომი და ტერორი და ასასინობა ანუ თვითამფეთქებლობა. ფუნდამენტალიზმს სერიოზული თეორიული წანამძღვრები სჭირდება და მინიმალური მეცნიერული რეფლექსია მაინც. ვფიქრობთ, „ფანატიზმი“ ამ მოვლენას ისევე გამოადგება, როგორც მშრომელ გლეხს ადრე ჩვენთან რუსული კალოში ადგებოდა.
მართლმადიდებლურმა ფანატიზმმა ჩვენთან 90- იანი წლებისათვის შიდაინკუბაციის ეკლესიური პერიოდი უკვე გაიარა და ფართო საზოგადოებას მოევლინა ისეთ ჟურნალად როგორიც იყო ‘ლაზარეს აღდგინება’ და ისეთ გაზეთად, როგორიც იყო ‘ივერიის გაბრწყინვება’. ზუსტი დამთხვევა არაბულ ვერსიასთან! დამთხვევა არაშემთხვევითი. ამ კუსტარულ თუ ნახევრფაბრიკატულ გამოცემებში ძირითადად სქიზმატიკოს მოძღვართა და ეკლესიათა ნააზრევი იბეჭდებოდა, მაგრამ საღდებოდა როგორც „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“. ახლა, რა სოციალურ-ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მიზეზები დაერთო თან ამ იდეოლოგიურ არსენალს, ეს ძნელი და სხვათაგან სასაუბროა, საბოლოოდ კი ის მივიღეთ, რაც დღესაა და რაც ყველაზე რბილი გამოთქმით ალბათ პოპოვშჩინად შეიძლება იქნას დიაგნოსტიცირებული. საკმაო საფუძველია ვიფიქროთ აგრეთვე დიქტატურის, ირანიზაციის თუ ათასგვარი უბედურების მიმართულებითაც. და ვფიქრობთ კიდევაც. რასაკვირველია დღეს ბევრს ეს ‘გაბრწყინვება-აღდგინებები’ ალბათ აღარც ახსოვს, რამდენადაც დაახლ. 60 იმგვარივე „ღირსების“ ჟურნალ-გაზეთი გამოდის და მოსახლეობის ფუნდამენტალიზაცია შეიძლება წარმატებით დასრულებულად ჩაითვალოს. მცირე წინააღმდეგობა, რაც ჯერჯერობით შეიმჩნევა თავისუფლად მოაზროვნეთა ერთი ნაწილის მხრიდან, არ უნდა ქმნიდეს სერიოზულ პრობლემას ძალაუფლების ფაქტორად ქცეული საპატრიარქო მმართველობისათვის. აქვე დავძენთ, რომ ეს ფრიად არასახარბიელო მდგომარეობა სათანადოდაა შეფასებული, მხილებული და დასაბუთებული, როგორც კლერიკალიზმი, სადუკევლობა, ეთნო-მოფაშისტო კვაზირელიგია და მსგ., მაგ. ბასილ კობახიძის, ბექა მინდიაშვილის და სხვათა წერილებში. სიმართლისათვის უნდა ითქვას, რომ თვით საპატრიარქოს შიგნიდანაც იყო მცდელობა ნამდვილი მართლმადიდებლური სწავლების განმარტებისა და დაცვისა. ვინაიდან ყველაფერს თვალს ვერ ვადევნებდი, ვიტყვი ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემს: მაშინდელი და ასევე ახლანდელი აკადემიის პროფესორისა და შესაშური თეოლოგიურ-პატრისტიკული კომპეტენციის მქონე სწავლულის - ედიშერ ჭელიძის მხრიდან. მან საუკუნეების გასაყარზე თეთრზე შავით შესანიშნავად დაამტკიცა, რომ ულტრაორთოქსული ლიდერის რაფაელ კარელინის მიერ წამოყენებული მოძღვრება არსებითად ერეტიკული იყო. საქმე ეხებოდა ძირითადად მოუნათლავი ბავშვების ჯოჯოხეთში გაგზავნის თეორიას. ნაცვლად იმისა, რომ კარელინი გაეშვათ ერეტიკული მოძღვრებისათვის მოსანანიებლად, სინოდმა მისი მოთხოვნა შეასრულა და უნათლავი ბავშვები გაუშვა ჯოჯოხეთში. აქედან დასკვნა: ეკლესიის მესვეურებს ფუნდამენტალიზმი(კარგი გაგებით) და ეკლესიური ტრადიციის ერთგულება კი არ გამოუჩენიათ, არამედ შიში განხეთქილების წინაშე. ვასკვნი, რომ ნაცვლად ღვთის შიშისა სინოდში დომინირებს შიში წინაშე ფანატიკოსებისა, რადგანაც ისინი განხეთქილებით იმუქრებიან.
დაახლოებით ამავე პერიოდს მიეკუთვნებოდა ასევე ეკლესიის თანამშრომლის ფილოლოგ ნუგზარ პაპუაშვილის არაერთი პოლემიკური წერილი ახალი სტილის მართებულობაზედ, რელიგიის შესავლის სახელმძღვანელოების და სხვა პრობლემებზეც( ძირითადად არქ. რაფაელ კარელინის, მაშინდელ პროტოპრესვიტერ გივი გამრეკელის მისამართით, რომელთაც მთლიანად ჩაფუშეს სასულიერო სწავლება ე.წ. აკადემიაში და სხვ). მართლმადიდებლურ თუ ფსევდომართლმადიდებლურ უმსგავსობათა მცირე კომპენდიუმად შეიძლება ჩაითვალოს მისეული გოდებაც:
”ეკლესიას, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბების პრეტენზია აქვს, უნდა განთავისიუფლდეს უცნაურობებისა და სექტანტური ტენდენციებისაგან, რაც გამოიხატება ანტიეკუმენურ ისტერიასა და მის კერძო გამოვლინებაში, როგორიცაა სხვა კონფესიების ლანძღვა, ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების უგულვებელყოფა, ნაციზმი(”თუ ქართველი ქართველს მოკლავს”), საერო კულტურასთან კონფრონტაცია(ჩვენი ეთერი სავსეა კლერიკალური მოწოდებებით), მიდრეკილება ბოლშევიზმისა და ფაშიზმისაკენ(”კანონით აიკრძალოს არამართლმადიდებლური ქადაგება, დაწესდეს ცენზურა, საავადმყოფოებსა და ციხეებშიც კი უპირატესობა მიენიჭოთ მართლმადიდებელთ), კულტუროლოგიურ საგანთა სახელმძღვანელოებისა და მათი ავტორების დევნა(დასჯის, მუქარის ტელევიზიით პროპაგანდა), კოცონების დანთება და წიგნების დაწვა(არ ვგულისხმობთ ”გლდანის ეპარქიის” აქციას, ანალოგიურ ქმედებებს კათალიკოსის მორჩილი მღვდლებიც სჩადიან) და ბევრი სხვა”. - ’მაცნე’, 14.IX. 1997.
2001 წელს კავკასიური სახლის მიერ გამოცემულ სპეციალურ ნომერში ‘ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება’ 15 მუხლადაა ჩამოყალიბებული გავეშებული ეკლესიის "საქმენი საგმირონი"! იქ მოთავსებული წერილების ავტორები არ არიან თეა თუთბერიძე ან ბასილ კობახიძე, ან თუნდაც გახმაურებული კითხვარის 235 ხელისმომწერი, არამედ ცნობილი მოღვაწეები და მეცნიერები: ნოდარ ლომოური, ელენე მეტრეველი, შუქია აფრიდონიძე, ზურაბ კიკნაძე და სხვები, რომელნიც გულწრფელ და არგუმენტირებულ შიშს გამოთქვამენ მოსალოდნელი კონკორდატის მისამართით! - ერთობლივი შეშფოთება იკითხება ეკლესიის ყოვლისშთანმთქმელი მადის გამო! სიამოვნებით გადმოვიწერდი მთელ კრებულს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ციტატას დავჯერდები, რომელნიც სულ მცირე კონკორდატის ანუ შეთანხმების სრულ არამიზანშეწონილებას ააშკარავებენ:
ა) ”შეთანხმება საბოლოოდ დააყენებს ეკლესიას არა შინაგანი, სულიერი ზრდის, არამედ ისეთი ძალაუფლების ძიების გზაზე, რომელიც მხოლოდ კეისართა ხვედრია”. - რედაქტორი;
ბ) ”ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ღებულობს დანაშაულებრივი ურთიერთობის ფორმას”. - ლევან პაჭკორია.
გ) ”შეთანხმება’ კიდევ უფრო გააქტიურებს იმ ”გენეტურ მართლმადიდებლებს”, რომელთაც სარწმუნოებრივი უმეცრების გამო მართალი სარწმუნოების დაცვა აგრესიული ქმედებების გარეშე ვერ წარმოუდგენია.” - ზურაბ კიკნაძე.
აღსანიშნავია, რომ ამავე წერილში პროფესორი ზურაბ კიკნაძე ჩვენს ულტრაორთოდოქსიას ”რეაქციული ბიზანტინიზმის” კვალიფიკაციას აძლევს.
მიუხედავად სპონტანურობისა და ზედაპირული აღწერილობისა, რელიგიური სიტუაციის შესაფასებლად არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ბატონების ზაზა შათირიშვილისა და გიორგი მაისურაძის ანალიტიკური ღვაწლი. მიუხედავად დროული დაშორიშორებულობისა, ორივე ავტორი ერთი და იგივე თეორიის მომხრედ გვევლინება, კერძოდ კი, რომ ე.წ. მართლმადიდებლობა სტალინური ეპოქის შემოქმედება და იდეოლოგიური სახეცვლილებაა, პრინციპში საბჭოური მემკვიდრეობაა, რისგანაც განთავისუფლება არ სურთ ეკლესიის მესვეურთ და ა. შ. რელიგია ამჯერად მარქსის ჭკუის გახდა, ერთგვარი ნარკომანიაა და მართლმადიდებლობა სხვა არაფერია თუ არა გასაბრუებელ-ნარკოტიკული საშუალება ანუ სუბოტექსი(იხ. განსაკუთრებულად გ. მაისურაძის ბოლოდროინდელი წერილი).
არაჩვეულობრივი ლაკონურობითა და პროფესიონალი თეოლოგის ხელწერით გამოირჩევა კახაბერ კურტანიძის თანამედროვე დიაგნოზი:
”სახელმწიფოებრივ-ეროვნულ ასპექტში გადატანილი მართლმადიდებლობა დეგრადირდება „პროვოსლოვიე-ორთოდოქსიად“ ანუ დერჟავა-ნაციონალიზმად”(’პასუხისმგებლობა და საკუთარი თავის გახსენება’).
თავს უფლებას მივცემ დავიმოწმო დავით ზურაბიშვილის ერთი ცხელ-ცხელი ფეისბუკური კომენტარიც; ამ მოსაზრების მიხედვით რელიგიური ექსტრემიზმის აღზევება ეკლესია-სახელმწიფოს ალუფხულობისა და სამთავრობო გუნდის არაწინდახედულების პირდაპირი შედეგია:
”კლიშე არის ის, რომ ხელისუფლება ოპოზიციის და ბნელი მასის რეაქციის შიშით ვერ ბედავდა რელიგიური ექსტრემიზმის აღკვეთას.
მაგრამ როდესაც მე ვამბობ, როდის აქეთ იყო ეს ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს ითვალისწინებდა მეთქი (ყოველ შემთხვევაში 2007 წლის ნოემბრამდე მაინც), ცხადია ამაზე ცალსახა პასუხია, რომ არასდროს არ ითვალისწინებდა.
თუმცა, აქედან მაინცდამაინც ის კი არ გამომდინარეობს, რომ ხელისუფლებას აწყობდა რელიგიური ექსტრემიზმის გაღვივება, არამედ სულ სხვა რამ.
კერძოდ (აღარც ვიცი უკვე მერამდენედ ვამბობ ამას), ხელისუფლება იყო ზედმეტად თვითდაჯერებული და ეგონა, რომ შეძლებდა ამ პროცესის მანიპულირებას და საჭიროების შემთხვევაში აღკვეთასაც, თუ საქმე გართულდებოდა.
მანიპულირების მცდელობა გამოიხატებოდა ისეთი სურათის დახატვაში, თითქოს ყველა, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგია, ამა თუ იმ დოზით თანაზიარია ფუნდამენტალისტური განწყობებთან და ამის ერთადერთი ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება.სამიზნე ჯგუფი ამ შემთხვევაში იყო დასავლეთი და საზოგადოების ლიბერალური ნაწილი, რომელიც არც ისე მრავალრიცხოვანია, მაგრამ წიგნიერი და გავლენიანია.
რა მეთოდებს მიმართავდნენ ამისთვის, ეს სხვა თემაა, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ კარგა ხნის მანძილზე ხელისუფლების ეს პიარ–ტაქტიკა იყო საკმაოდ წარმატებული. მით უმეტეს, რომ ზოგი ოპოზიციური ძალა მართლა ასეთი განწყობის იყო (თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობმ, რომ ეს ძალები არასდროს შეადგენდნენ ოპოზიციურ მეინსტრიმს) ზოგი ხაფანგში გაება, ზოგმა კი არ მიაქცია სერიოზული ყურადღება.მაგრამ ამ თამაშ–თამაშში ხელისუფლებამ გააღვიძა მონსტრი, რომელსაც ყველა კარგად ვხედავთ.
და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელისუფლებას გაცილებით ნაკლები ბერკეტი აქვს ამ პროცესების გასაკონტროლებლად, მაინც იგივეს აგრძელებს. ეს არ არის ძნელი შესამჩნევი”. - ციტატის დასასრული.
ვაღიარებ, რომ ერთნაირად მიჭირს დათანხმებაც და უარყოფაც ამ ბოლო მოსაზრებისა. ფაქტი ერთია, რომ ვერც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ შეძლო შევარდნაძის დროს დაქანებული რელიგიური განუკითხაობის ზვავის შეჩერება...
ამით გვინდა, რომ ერთი ნაწილი მიმოხილვისა დავასრულოთ და მოვიბოდიშოთ ამ ერთობ სპორადული ქრონოგრაფიისათვის. ყველა გამოქვეყნებულ წერილში, რაც კი მახსოვს, ძირითადად მაინც შეფასებებია, რომ ეს ცუდია, ვინაიდან ანტიჰუმანური, ანტიქრისტიანული, ანტისახელმწიფოებრივია და ა.შ. არაერთი ავტორი და არაერთი თეორია გამოჩნდა და ფეისბუკზეც, რელიგიის თემა შეიძლება ითქვას, წამყვან თემად იქცა(ზოგიერთმა ეკლესია და მასთან ასოცირებული საპატრიარქო არა თუ მხოლოდ ირანულ იმამატს, არამედ აფრიკულ სოფელს ან სიცილიურ მაფიასაც კი შეადარა თუ გაუტოლა!), მაგრამ სიტუაციის საშველი ჯერჯერობით მაინც არ ჩანს. არათუ არ ჩანს, გვარიანად არც იძებნება. შესაძლებელია იძებნება, მაგრამ მე არ მსმენია ამის თაობაზედ. იყო გზა ხსნისა ქ-ნ ირმა ინაშვილის მიერ გახმაურებული 9-გვერდიანი ინტელექტუალურ-იდუმალი გეგმა, რაზეც უბრალო მოკვდავთ და რელიგიის სპეციალისტებს ხელი არ მიგვიწვდება?! ბედის ირონიაა, რომ სწორედ იმის მცდელობის გამო აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რაც ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია: რელიგიის კონტროლი! მაშინ ყოჩაღ ამ ხელისუფლებას, თუ ამდენს ისიგრძეგანებს, რაც მე პირადად მეეჭვება!
კანონზომიერია, რომ საქართველოში შეინიშნება ანტირელიგიური სულისკვეთების ხელახალი აღმოცენებაც, ჩვენდა სავალალოდ გაისმის აგრეთვე მებრძოლ-ათეისტური მოწოდებებიც, მაგ.: ”სარებზე ჩამოსაცმელი ვირთხებია მღვდლები”, ”სახელმწიფომ სასიკვდილო დარტყმა უნდა აგემოს საპატრიარქოს” და მსგ. ასეთი უკიდურესობები და უკადრისობები ისევ პოსტსაბჭოური პოპოვშჩინის დევნილ-მდევნელ სულს ასაზრდოებს და დროზე უნდა იქნას კანალიზირებული. ერთი რამ უნდა ვთქვა უსათუოდ, როგორც მჯობს მჯობი, ასევე უარესს უარესიც არ დაელევა, ისეთი ხალხიც გამოჩნდა, საპატრიარქოს რომ აკრიტიკებენ და ებრძვიან არა უკეთესის და გახსნილობისათვის, არამედ უარესისა და ვითომ ეკუმენიზმისათვის. გამოუცნობია გზანი უფლისანი! :)
რას ვთავაზობ ახალს მკითხველს და საითკენ მინდა ძალისხმევა წარვმართო?
ვერ ვიტყვი, რო ეს აქამდე არ წარმოებდა ან სხვაზე უკეთ ვხედავ გამოსავალს, პირიქით. საქმე რაშია: უბრალოდ მომწყინდა მხოლოდ ნეგატიურის ცქერა; ვფიქრობ, დრო დადგა პრინციპული შესწავლის, გამოძიების, გამოწვლილვის... მაგ. რა ლიტერატურაა ის, რაც 90-იანი წლებიდან ვრცელდება ჩვენთან, რა გზით შემოდიოდა, როგორ მოხდა, რომ ლეგიტიმურმა ეკლესიამ სახელმძღვანელოდ გაიხადა სქიზმატიკოსთა ნააზრევი? ვინ არიან წამყვანი ანტიეკუმენისტები, კერძოდ კარელინი და მისი ქვემდებარე მღვდელ-ეპისკოპოსები და რამდენად რეალურია ბატონი არქიმანდრიტის კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან? საქმეში უნდა ჩაერთონ არა მარტო კომპეტენტური თეოლოგები, არამედ იურისტებიც და კანონი თანაბრად ამოქმედდეს სამღვდელო დასის წევრებზეც. ძალიან შემზარავი ფაქტია უცოდველი ყრმების ჯოჯოხეთში გაშვება, ნუთუ არ შეიძლება ასეთ ფაშისტურ დადგენილებას რაიმე სამოქალაქო მუხლი დაუპირიპირდეს და საქმე აღიძრას ამ დადგენილების წინააღმდეგ? რატომ არ შეიძლება პასუხისგებაში მიეცნენ მღვდლები, რომლებიც ძალადობრივი ქმედების ორგანიზირებას ეწევიან?
მხოლოდ იმის დაფიქსირება, რომ ექსტრემისტები ურჩხულები არიან, ენის ლესვაა, რომც დავადგინოთ მათი სრული შეკრულობა ეშმაკთან, ვერაფერს მოვუხერხებთ მათ, სანამ არ გვეცოდინება რა ჯურის ’ეშმაკთან’ და კონკრეტულად რა მიზნებით არიან შეკრულები. ეს ’ეშმაკი’ ისე ვთქვი, სიტყვისა და მაგალითისათვის, კუდიანებზე ნადირობას ნამდვილად არ ვაპირებ. მაშასადამე: უკან, საგნებისაკენ! კრიტიკიდან - რეფლექსიისაკენ! ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, ასევე საჭიროა პრობლემის ინტერნაციონალიზაციაც. ეს ნიშნავს, რომ ბერძნულ საპატრიარქოებს მართლმადიდებელი მრევლის ნაწილმა ზომიერი წერილით მივმართოთ და მდგომარეობის ობიექტური და მშვიდი აღწერის ფონზე რჩევა დავეკითხოთ მათ... თანამედროვე ბერძენი თეოლოგებისა და პატრიარქების ნააზრევი ცივილიზაციისა და ეკუმენური დიალოგის, გახსნილობისა და გონივრული, მოზომილი რეფორმების მხარესაა, ჩვენი ეკლესიის იდეოლოგია კი იუსტინ პოპოვიჩების, სქიზმატიკოსი ვიტალის, კრონშტადტელი მონარქისტისა თუ ლამის დუგინის მხარესაა და ადამიანის ცხოვრებასა და აზროვნებაზე შუასაუკუნეობრივი ეკლესიური კონტროლის აღდგენას ცდილობს. ვის დავუჯეროთ, რომელია ამ ორ განსხვავებულ მოძღვრებას შორის მართლმადიდებლობა?..
იქნებ ჩვენი ეკლესიის მესვეურებს სჭირდებათ განმარტება იმისა, რომ ახლა შუასაუკუნეები არაა, რომ ჩვენი ქვეყანა სეკულარიზმის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს, თუკი თანამედროვე სახელმწიფოდ ქცევა გვსურს, რომ ეკლესიის ძალაუფლების იარაღად ქცევა უკუპროპორციულ შედეგს გამოიღებს ისევ ეკლესიის საწინააღმდეგოდ... რომ... რომ...
რასაკვირველია, გეგმა დაწვრილებითაა დასაწერი, ზოგიერთი დეტალის გაცხადებით ვფიქრობ თვალსაჩინო გავხადეთ სულისკვეთება და მცდელობა რელიგიის საკითხების მიმართ კვალიფიციური მიდგომის გამოჩენისა.
ახლა ისევ დასაწყისს დავუბრუნდები, რა არის მარტივად ქრისტიანობის არსი? სიყვარული. და თუ ულტრაორთოდოქსული მიმართულება სიყვარულს იჩენს, მაშინ რას ვერჩით? მათ მხარეზე ყოფილა სიმართლეც. უნდა მოგახსენოთ, რომ 80-90-იან წლებში საპატრიარქოში ვმუშაობდი და ვსწავლობდი(ადრეც მოგახსენეთ, აკადემიის პირველი გამოშვების - 1988-92 წწ. კურსდამთავრებული გახლავართ). ამდენად, მქონდა „ბედნიერება“ ქართული ფანატიზმის დაბადება და ფეხის ადგმა საკუთარი თვალით მეხილა, საკუთარი ყურით მესმინა და საკუთარი გული ამომჯდომოდა ამ საშინელებისაგან შეძრწუნებულს. ჩემი ხედვით ძირითადი მახასიათებელი ამ სენისა იყო უსიყვარულობა, სხვათადმი სიძულვილი, რაც კარგად ჩანდა თუნდაც ზემორეხსენებული ‘ლაზარეს აღდგინების’ მოღვაწეობაში. კონკრეტული პიროვნება მაშინ გახლდათ ბოქსიორი და სტიქაროსანი მერაბი, მაგრამ კონკრეტული პიროვნება ამჟამად არაფერ შუაშია. კონკრეტული პიროვნება დავიწყებულ იქნა თვით ფანატიკოსთა ახალი თაობის მიერ და მუხთალ საწუთროს მიუგდეს სამათხოვროდ, მაგრამ მავნე სული გადარჩა, სული სიძულვილისა ზოგად მახასიათებლად იქცა. სხვათაშორის, იგივე ბედი სწვევიათ იმ შექანებულ არაბებსაც, სიღატაკეში და მათხოვრობაში ამოხდომიათ სული. რასაც ვამბობ, კონკრეტული თვალით ნანახის ფონზეა დადგენილი, გასულ შემოდგომას უფროსი ვაჟის ქორწილი ვიზეიმეთ და ჯვრის მონასტრის მიდამოებსაც ვეწვიეთ, სადაც მათხოვრები ან თითქმის მათხოვრები უხვად არიან. მერაბი გვარიანად შელახულიყო, რაღაც ’მართლმადიდებლურ’ ნივთებს სთავაზობდა გამვლელს. ეტყობა ლაზარე ჯერ არ აღმდგარა, ეტყობა წუთისოფელი ფანატიკოსსაც არ უფასებს ღვაწლს!..
წინამდებარე 20 წლის წინანდელი წერილით მინდა სიყვარულის უფლება წავართვა ფსევდორელიგიას, ტრადიციული სახელით - „მართლმადიდებლობით“ რომ სპეკულირებს. შემდეგში შევეცდები პატრიოტიზმის უფლებაც გამოვტაცო „მართლმადიდებლობას“, კარგად ვიცი და ვხედავდი, რომ ანტიეკუმენურ-ულტრაორთოდოქსული პოპოვშჩინა საუძველშივე ცხადად და გამოკვეთილად ანტიეროვნული იყო. აქვე დავძენ, რომ ეკლესიურ ზემდგომთ არავითარი ფილეტიზმი არ სჭირთ და მათი უბედურება გაცილებით უბრალოა: არაკვალიფიციური პატრიოტიზმი. მაგრამ ამაზე დაწვრილებით და დასაბუთებულად მოგვიანებით. ახლა კი უსიყვარულო მართლმადიდებლობის შესახებ.
თავიდანვე მადლობას მოვახსენებ ქართული ეკლესიის ღირსეულ შვილებს, ამჟამად გერმანიაში მოღვაწე თეოლოგიის დოქტორანტებს მირიან გამრეკელაშვილს, გივი ლომიძეს და ყველა მათ მეგობარს, რომელნიც ჩვენი ეკლესიის იმედად მოიაზრებიან და რომელთაც ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი წერილი ძველ „ახალგაზრდა ივერიელში“ აღმოაჩინეს, გააელექტრონულეს და ისე მომაწოდეს. მაშ ასე, გავეცნოთ, რასთან გვაქვს საქმე, რომ დაამარცხო, ჯერ უნდა იცნობდე მტერს, იცოდე, ადამიანო, თუ წუხხარ, ვისთან და რასთან გაქვს საქმე.- შეჯამებული სახელით - სიძულვილის ფსევდორელიგიურობასთან, უსიყვარულო მტერთან.
21.II.2010.
III.მართლმადიდებლობა!—უსიყვარულოდ?
(ფანატიზმის აღზევების გარიჟრაჯზე გამოქვეყნებული თეოლოგიური მიგება)
ნუ მრავალნი ჰმოძღვრით,
ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, რამეთუ
უდიდესი სასჯელი მოიღოთ
(იაკობის ეპისტოლე, 3,1).
წავიკითხე ამა წლის ახალგაზრდა ივერიელის” 1 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული მერაბ სულაქველიძის წერილი ,,ხე ნაყოფით შეიცნობის”. გავოგნდი, შევძრწუნდი და შემეშინდა: ნუთუ ჩვენი ცოდვები იმით მოგვეკითხება, რომ ახლადფეხადგმული ქრისტიანობა - ჩვენი წმინდა მართლმადიდებლური აღმსარებლობა, ჩვენივე სულიერი თვითმყოფადობის დამრთგუნველ ახალ ბნელ ძალად იქცევა?!
ზემოხსენებული წერილის ავტორისათვის, ეკუმენიზმი, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა ქრისტიანობის უცხოთშემწყნარებლობის თანამედროვე, ცივილიზებული სახესხვაობა (სხვა საქმეა, ვისგან და როგორ მახინჯდება იგი), _ დაახლოებით ისეთივე საფრთხობელაა, როგორც 10-20 - იანი წლების ორთოდოქსი ბოლშევიკისათვის ,,კაპიტალიზმი” ან “იმპერიალიზმი”.
მერაბ სულაქველიძე ქართველ ერს, განსაკუთრებით კი მის ინტელიგენციას, ახალ მწურთვნელად მოვლინებია და პირველი ცოდვა, რომელსაც იგი გვიკიჟინებს (ნეტავ რამდენ ცოდვას გვაპატიებს?), ჩვენი უმოძღვრობაა. ნეტავ ჩვენი ეკლესიის რომელმა მოძღვარმა აკურთხა მერაბი, რომ ამგვარი რამ ეწერა და ექვეყნებინა?! ნუთუ ესაა ქართული ეკლესიის პოზიცია?! ვინც სიონის საკათედრო ტაძარში ერთხელ მაინც დასწრებია ქართული ეკლესიის მწყემსთმთავრის ქადაგებას, დამეთანხმება, რომ _ არა! ჩვენს განუკითხაობას რა ვუთხრა, თორემ წესიერ ქვეყანაში ანტისემიტიზმის, ანტიკათოლიციზმის და შავრაზმული ,,ღვთისმეტყველების” ამგვარი გადმონთხევისათვის კაცს ალბათ სამართალში მისცემდნენ და პასუხს აგებინებდნენ...
წერილის ავ-კარგიანობა დაე ისევ ეკლესიის მესვეურებმა განსაჯონ. ჩვენ არც საამისო მოცალეობა გაგვაჩნია, არც მოწადინება და არც საღვთისმეტყველო კომპეტენცია. ჩვენ მხოლოდ პირადი შთაბეჭდილების გადმოცემის ნება გვაქვს და შეგვიძლია ვიკითხოთ: რატომ მაინცდამაინც ანაფემატიზმები უნდა დავესესხოთ კათოლიკე ეკლესიას, ხოლო რუსეთს - დამსჯელ-პროკურორული ,,პრავოსლავიე”? ხომ არაა ეს ყოველივე სულიერი ჯალათობის და ინკვიზიტორობის დაუძლეველი წყურვილის გამოვლინება? რაც თვით შუა საუკუნეებში არ გვიკეთებია, დღეს ხომ არ უნდა უნდა ავინაზღაუროთ?! განა სათუოა, რომ ,,აზროვნების თავისუფლებით და და რელიგიური ტოლერანტობით აიხსნება ის გარემოება, რომ ე. წ. სინოდიკონიდან, რომელიც ლიტურღიკული მიზნებით იყო თარგმნილი XII საუკუნეში, ამოგდებულ იქნა იოანე იტალოსის წინააღმდეგ მიმართული კურიოზული დებულებანი ანუ ანაფემატიზმები. მწვავე თეოლოგიური პოლემიკა და კრიტიკულ – ოპოზიციური მოძრაობები ეროვნულ წიაღში აქტიურად არა თუ არ განვითარებულა, მისი გაზიარების საჭიროებაც კი, როგორც ჩანს, ოდიოზურად იყო მიჩნეული”(გ.კალანადარიშვილი, ბიბლიის ლიტერატურული ადაპტაცია ქართველ რომანტიკოსთა პოეზიაში, მაცნე №1, 1981).
!!!!!სხვათაშორის აქ მაშინ ვიხალისე, ეს მეცნიერი ქალბატონი წერილის ადრესატის სიდედრი იყო. იყო და კარგა ხანია აღარ არის!!!! ან რა ღმერთი გაუწყრა ისეთი მშვენიერი ცოლის პატრონს რა ეფანატიკოსებოდა? - დღევანდელი შენიშვნა-განცვიფრება!!!!!
გესმით? ო-დი-ო-ზუ-რად! – ამას ქვანიც კი ღაღადებენ!
მერაბ სულაქველიძის წერილმა ერთი ძველი, V საუკუნის ქრისტიანული პოემა - ,, საქმენი კვიპრიანესნი და სინანული მისნი” – გაგვახსენა : წარმართულ მაგიაში ოცწლიანი განსწავლის შემდგომ, კვიპრიანე ბოლოს და ბოლოს, სატანისგან აუდიენციის მოწყობის ღირსი გახდება; პოემაში აღწერილია სატანის პორტრეტი.
იგი ევდოკიას დახატვით (მიიჩნევენ პოემის ავტორად, პოემის ძველი ქართული თარგმანი საღვთისმეტყველო კრებულის 1988 წ. III ნომერში კომენტარებითურთ გამოსცა ედიშერ ჭელიძემ), პირმშვენიერი ჭაბუკია, ოქროვან ტახტზე ზის, ბრწყინავს, ციმციმებს, ლიუციფერობს; სატანა იმითაა ძლიერი, რომ ღმერთს ბაძავს. ხსენებული წერილის ავტორი – მორწმუნე სუბიექტიც ბრწყინავს, ელავს საღმრთო წერილის მარგალიტებით, წმინდა მამათაგან დამოწმებული ციტატებით, მსოფლიო პატრიარქთა ანაფემატიზმებით, რუსული ეკლესიის სიბრძნით და თქვენ წარმოიდგინეთ,- ნუ დავწამებთ კოსმოპოლიტობას, _ რუის- ურბნისის ,,ძეგლის წერითაც”კი. მაგრამ მაინც აშკარად ეტყობა, რომ ეს ამოდენა სამკაულები მხოლოდ ყალბი ბრწყინვალების მომტანია; ზედმეტი არგუმენტები ხომ არგუმენტთა სიყალბეს მოწმობს. წერილი სიძულვილის, უნდობლობის, სისატიკის და რევანშიზმის დაუოკებელი ჟინისაგან გაქვავებულა. ამიტომ გვგონია, რომ წერილის ავტორის სარწმუნოება უსიყვარულო სარწმუნოებაა.
ჩანს, თავის დროზე ბატონ მერაბს თავისი სულიდან განუდევნია ეშმაკი, სწორედაც მოქცეულა, მაგრამ ალბათ შინაგან უქმობას მიეცა, ანუ ,,გარეშე საქმეთა” გამო საკუთარი სრულყოფისათვის ვეღარ მოიცალა. მართლმადიდებლობის მოსარჩლის სტატუსის მაძიებლობაც მოცალეობის ბრალია. უქმ მორწმუნეებზე კი აი რას ამბობს სახარება: “ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ გამოვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, მაშინ თქვის: მივიქცე სახიდ ჩემდა, ვინაიცა გამოვედ; და მორაჲვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანის მის თანა შვიდნი სულნი, უბოროტეს მისა და მოვიდის და დაემკვიდრის მუნ. და იქმნის უკანსკნელი კაცისაჲ მის უძვირეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკეთურსა” (მათე, 12, 43-45).
ჩვენის მხრივ მერაბ სულაქველიძეს ვურჩევდი, რომ რუსულ-სტაროვერულ ღვთისმეტყველებაში გაწაფვის ნაცვლად, ქართული სულიერობის გულმოდგინე გამოძიებას შესდგომოდა და ეს საქმე მან უნდა დაიწყოს ,,ევსტათე მცხეთელის მარტვილობით”, რომელშიც ამგვარ ,,ეკუმენიზმსა” და ,,ტოლერანტობას” წააწყდება :
,, ხოლო გამორჩევაჲ არა შენი არს, არამედ ვითარცა უფალმან გიბრძანოს”...
და როდესაც მ. სულაქველიძე ვაჟა-ფშაველამდე მიაღწევს და წაიკითხავს ,,ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ”-ო... – აი მაშინ კი გულგამთბარი საბოლოოდ შეაქცევს ზურგს მსოფლიო ფანატიკოსთა ხროვას და იესო ტკბილს დაუმეგობრდება.....
შესაძლოა მ. სულაქველიძე მხოლოდ ბრმა იარაღია მათ ხელში, რომელნიც რამდენიმე ეშელონად დგანან მის ზურგსუკან და შავრაზმულ – ბოლშევიკური ,,ქრისტიანობის” რეგენერაციის გზით სურთ ქრისტიანული დასავლეთიდან მომავალი სულიერი არტერია გადაგვიკვნიტონ და ამით აღისრულონ შორსგანზრახული ,,ერთმორწმუნული” მიზნები.
“საჯენ უფალო, მავნებელნი ჩვენნი, და ბრძოდე მბრძოლთა ჩვენთა”... ამინ.…
ვალერიან ქარქუსაშვილი, ’ახალგაზრდა ივერიელი’, 13 ნოემბერი, 1990 წ.
P.S.”ვალერიანად” მოვევლინე გულშეღონებულ ფანატიზმის ურჩხულს! ეს ვალერიან ქარქუსაშვილი ერთი საწყალი კაცი იყო, ნავთლუღის მისალიერში რაღაც თვითნებურ, ყუთის ფიცრებისგან შეკონკილ ეზო-ქოხს ყიდდა და მეც ბედმა მაინცდამაინც მასთან მიმიყვანა ბინის საძებრად. დღემდე ვალერიან ქარქუსაშვილი ჩემთვის ადამიანური ყოფის აბსურდულობის სიმბოლოა... მოდით, ასეთ ადამიანურ, სახალისო ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი განხილვის პირველი ნაკვეთი, რელიგიური ექსტრემიზმის უჩვეულო სიჭრელეს რომ მიეძღვნა...
13.V.2010.
IV."სატანა" და სახელმწიფო კონტროლი
ძალიან საინტერესო ციტატას იმოწმებს ბ-ნი სოზარ სუბელიანი ”ივერიის გაბრწყინვებიდან” თავის ერთ საყურადღებო წერილში (”მართლმადიდებლობა და სამოქალაქო საზოგადოება”, ”კავკასიონი”, 9-15 ივნისი, 1999): ”ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის წინააღმდეგ მთელი მძინვარებით აღსდგა ჯოჯოხეთიდან გამოშვებული სატანა თავისი დემონური იერარქიითა და გადაბირებული კაცობრიობით... მართლმადიდებელთა სისხლი... დაიღვრება”.
პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ვისი აზრია ეს, რადგან იგი ზოგადად ფუნდამენტალისტურ წარმოდგენას ასახავს და მას ყველა დაეთანხმება, ოსამათი დაწყებული (თუ, რასაკვირველია, ”ჭეშმარიტ ქრისტიანობას” ”ჭეშმარიტი ისლამით” შევცვლით) ამერიკელი მართლმადიდებელი ეპისკოპოსით, ვიტალით დამთავრებული; მათ შორის, - როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც აჩვენეს, -ჩვენი სამღვდელოების და მრევლის დიდი ნაწილიც მოჰყვება. ვეთნხმებით ბ-ნ ს. სუბელიანს, რომ ზემორე ნააზრევი სადომაზოხისტურად შეფერილი და მრისხანე ”პროფეტული” სინდრომის გამომხატველი ბოდვაა. მაგრამ არა მხოლოდ ეს და არა უბრალოდ ეს. შეფასებები ”ცუდი” და ”კარგი” , ”ჭეშმარიტება” და ”ბოდვა” ჩვენი საქმე არაა. არც თეოლოგობას, ე.ი. ჭეშმარიტებათა რკვევას და არც საზოგადოებრივ საჭირბოროტო საკითხთა გადაჭრას ვცდილობთ. რელიგიური ესენცია, რომელსაც ზემორე ციტატა აფრქვევს, მთელი ძალით შემოგვღაღადებს: ”გამაკონტროლეთ!” - აი, რამ დაგვაინტერესა.
ზოგადად რელიგიურ აზროვნებას ალოგიკურობა ახასიათებს; და რაც არ უნდა არადემოკრატიული და არაელეგანტური იყოს ზემორე ციტატა, ერთს მასაც ვერ წავართმევთ - რელიგიურ ხასიათს. ანუ, თუ ნეგატიურად შევაფასებთ, ბოდვილიანობას. ვიტყვით ერთსაც, თუ არ გაგვიწყრებიან: მთელი ქრისტიანობა ”ჭეშმარიტი მუსულმანისათვის” მხოლოდ ბოდვა და ბლაზფემიაა. ზოგადად ერთი რელიგია მეორესათვის ბოდვაა; ათეისტისათვის კი ყველა რელიგია ბოდვაა, ერთი რელიგიის ფარგლებშიც კი არის ბოდვათა მრავლობა, მაგ. მართლმადიდებლური ცხონების თეორია დანარჩენი ქრისტიანობისათვის (შეად. ადოლფ ჰარნაკის "ქრისტიანობის არსი") ბოდვა და ცრურწმენაა და ა.შ. და პირიქით. დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ”ბოდვას”, ჩვენი აზრით კი სრული ჭეშმარიტების ირიბად მღაღადებელს.
გავისიგრძეგანოთ ციტატა: ვინ გამოუშვა სატანა? თვით ღმერთმა? რომ იყოს ”აშვებული” და არა ”გამოშვებული”, მაშინ სატანის შეუზღუდავი თვითმპყრობილება უნდა გვეგულისხმა. დემონოლოგიური ჭვრეტები ჩანს. რამდენ ხანს იქნება გამოშვებული ან როგორ მოახერხა სატანამ მთელი კაცობრიობის გადაბირება? ”გამოშვებული” ალბათ ღმერთის ყოვლისშემძლეობას მანიფესტირებს: ღმერთი განა ყოვლისშემძლე არ უნდა იყოს? რატომ ფიგურირებს სისხლი? სატანა თითქოს რაღაც სტიქიონური ძალაა; ეს გამოშვებული სტიქიონი იტაცებს ”ჭეშმარიტ მართლმადიდებელს”, რომელიც სიამოვნებით და სადომაზოხისტურად ნებდება სტიქიას და ეგვემინება, ესისხლიანებინება მას. ”სატანა” აქ სხვა არაფერია თუ არა კონტროლის წყურვილი. ფუნდამენტალისტური ენერგია ღაღადებს: ”გა-მა-კონ-ტრო-ლეთ!” სატანის ზემორე წარმოსახვა შესაძლებელია სრულიად აცდენილი იყოს ეკლესიურ დემონოლოგიას, მაგრამ როგორც რელიგიური ყოფის კომპონენტი, სავსებით რეალურია. ”სატანა” აქ ”ჯაჭვია”, რომელსაც მართლმორწმუნე შიიტები შუბლზე ირტყამენ და თავს ისისხლიანებნ, და რაც მთავრია, თავს იკონტროლებენ. არ შეიძლება რელიგიური მოვლენა, საკუთარი თუ სხვისი, შეფასდეს ცალსახად და გარედან, როგორც ”ცუდი” და ”კარგი” ან ”ბოდვა” და ”ჭეშმარიტება”. შიიტს შეუძლია ნებისმიერ ჩვენთაგანს იგივე უთხრას, რაც აბო თბილელმა თავის მსაჯულს მიუგო: ”შენცა გრწმენინ და მაშინღა ღირს იქმნე ცნობად სიტკბოებისა მისისა”, ე.ი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ჯაჭვის რტყმისა.
რელიგიურ ცხოვრებას სჭირდება კონტროლი, სიმბოლურად ”ჯაჭვი”. რეფორმატორულ ეკლესიაში ეს პირადი სინდისის (”პროტესტანული ეთიკის”) მეოხებით ხორციელდება. ჩვენთან უახლოეს წარსულში რელიგიის კონტროლს ავადსახსენებელი КГБ ახორციელებდა. КГБ, ჯაჭვი, ინკვიზიცია, ცენზურა, რელიგიის სამინისტრო, რწმენის კონგრეგაცია და ა.შ., სულერთია პრორელიგიური თუ ანტირელიგიური, ეკლესიური თუ ანტიეკლესიური, კონტროლის ორგანოებია, რელიგიური ცხოვრებისათვის საჭირონი, თანმდევნი, უკვდავნი. ძველ რომში, ევროპული დემოკრატიის ამ აკვანში, რელიგიაზე ტოტალური სახელმწიფო კონტროლი იყო დაწესებული. ძველი ბერძნები რელიგიას თუმცაღა ”წმინდას”, მაგრამ მაინც ”ავადმყოფობას” ეძახდნენ. ავადმყოფობა თუ არ გააკონტროლე, აცრები არ ჩაიტარე, უდროოდ მოგკლავს. დღეს ჩვენთან კონტროლის ვაკუუმი შეიქმნა, როცა/თუ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება კონტროლის ორგანოებით დაიქსელება, მაშინ ”სატანა” ისევ თავს დაიბამს. რასაკვირველია კონტროლის საუკეთესო ფორმა პირადი სინდისია და დემოკრატიაც + ადამიანობა პრინციპში პირად სინდისს ეფუძნება. მაგრამ დემოკრატია არსად არაა მხოლოდ სინდისის ანაბარა მიტოვებული. დემოკრატიულ ქვეყნებში ყველაფერი კონტროლდება და ურთიერთკონტროლდება. მაგ. გერმანიაში სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა სახელმწიფო გამოცდა თეოლოგიაში. სახელმწიფო გამოცდის გარეშე მღვდლობას ვერ მიაღწევ, ე.ი. გაუნათლებელი ან შეშლილი მღვდელი, რომელიც სახელმწიფოსათვის პოტენციური საფრთხეა, პრაქტიკულად გამორიცხულია. რისი ბრალია ჩვენი დღევანდელი ანტიეკუმენისტური ისტერია და ეკლესიური განხეთქილებანი თუ არა უპ.ყოვლისა შეშლილობა-გაუნათლებლობის? ეს ხომ შესანიშნავად დაამტკიცა თვით ეკლესიისა და ღვთის მსახურმა, დეკანოზმა ბასილ კობახიძემ! რისი ბრალია შეშლილობა-გაუნათლებლობის ეკლესიაში აღზევება? სახელმწიფოს მხრიდან გაუკონტროლებლობის! რას უქადის სახელმწიფოს ეკლესიური შეშლილობა-გაუნათლებლობა? გადაგვარებას, მოსპობას, ფანატიზმის უფსკრულში გადაჩეხვას.
რელიგიის კონტროლის მეორე მაგალითი: გერმანიის უმშვენიერეს ქალაქ კოლნში მოღვაწეობდა ერთი მოლა, სახელად კაპლანი, რომელმაც თურქეთი დაუსწრებლად ღვთიურ ხალიფატად გამოაცხადა, თავი კი რა თქმა უნდა ხალიფად. მომხრეებიც საკმაოდ დაიგროვა. გერმანული პრესა ”კოლნელ ხალიფაზე” მსუბუქი ირონიით ქირქილებდა, სანამ იგი ანტისემიტურ ქადაგებაში არ ჩაიჭირეს. მერე კი პოლიციამ დააპატიმრა, გაასამართლეს და მიაბრძანეს იქ სადაც მის ადგილი იყო - საპყრობილეში. გამოხდა ხანი და ხალიფამ სასჯელი გაასაჩივრა, რითაც ”მიაღწია” იმას, რომ ის თურქ სამხედროებს გადასცეს. ცუდია თუ კარგი, ვერ გეტყვით, - ალბათ არასასურველი იძულებითი ღონისძიებაა, რასაც დასავლეთი გაგებით ეკიდება: თურქეთში რელიგიურ ცხოვრებას სამხედროები აკონტროლებენ. ლაიცისტური თურქეთის მომავალს, რომელიც დასავლეთთან ინტეგრაციაზეა გათვლილი, რელიგიის ”გამოშვება” კარგს არაფერს უქადის. რელიგიური აგრესია, რომელიც სამწუხაროდ მაჰმადიანურ სამღვდელოებასაც ახასიათებს, როგორც ჩანს უკურნებელი სენია; მაგრამ ერთია ფარული აგრესია და მეორე - აშკარა ძალადობა. თუ რელიგიური აგრესორი ვერ ხედავს ძალასა და კონტროლს, რომელიც მას შეაკავებს, მაშინ ის ხელად მოძალადედ და რელიგიურ კრიმინალად იქცევა. ”როდესაც და სადაც სამართალდაცავი სისტემის კონტროლი მოიშლება, რელიგიას ეძლევა გასაქანი დანაშაულებრივი ქმედებების ავტორიზირებისათვის” . - წერს რელიგიის ერთ-ერთი ცნობილი გერმანელი მკვლევარი თავის წიგნში ”კრიმინალური რელიგია”. ”თანამედროვეობის შუაგულში წამოყო თავი რელიგიამ და სახე რომელსაც ის გვჩვენებს სასტიკი და სახიფათოა” (გაზ. die Zeit. 28.05.2003). ერთია რელიგია იდეაში და მეორე - ყოფაში. თუ გინდა მგელი (ანუ თავაშვებული მღვდელი) შენს ფარას შეეშვას, შეგონებას, მგლის თავზე სახარების კითხვას კი არ უნდა გადაჰყვე, არამედ ბონთვერა ნაგაზები უნდა მოიმრავლო.
კრიმინალობისა და შეშლილობა-შეურაცხადობის ფაქტებს ჩვენს რელიგიურ ყოფაში დიდი ძებნა არ სჭირდება. მაინც დავიმოწმებთ რამდენიმე მათგანს:
ა) ”მე იმედი მაქვს რომ პარკინსონით დაავადებული რომის პაპი მალე ჩაბარდება პატრონს”. - ასეთი განცხადება შეშლილობის გამოვლინებაა; ისევე, როგორც მსოფლიო საპატრიარქოსათან ურთიერთობის შეწყვეტის მოთხოვნა ან დაუბადებელი ყრმების ჯოჯოხეთში გაშვება.
ბ) ”ზოგიერთმა სასულიერო პირმა ანტისემიტური განცხადებაც კი გააკეთა... იუდეურ-ებრაულ ამერიკას ჩვენი ხატები არ სჭირდება”- ო (”კავკასიონი” 4-10 აგვისტო, 1999 წ.). ასეთი ”ორიგინალური” განცხადების გაკეთებას რაც მოყვებოდა მაგ. გერმანიაში და ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, ზემოთ უკვე ვნახეთ.
გ) ”ქუთაისის, ბათუმის, გორისა და უდეს კათოლიკურ ტაძრებში მართლმადიდებლები შეიჭრენ და დღემდე ფეხს არ იცვლიან... სხვათა სარწმუნოებრივი სინდისის შეურაცხყოფა და ისტორიული მემკვიდრეობის ხელყოფა უზნეობისა და კრიმინალობის იმ ხარისხს უტოლდება, რასაც პროფანულ და იურიდიულ ენაზე ბანდიტიზმი ეწოდება და უმკაცრესი კანონით ისჯება”. (”რეზონანსი”, 29.06.2002).
რაკიღა ღმერთი სამებითაა, ამ სამიოდე ციტატას დავჯერდებით; ჩვენი რელიგიური ლანდშაფტი უამრავ მსგავს მაგალითს გვთავაზობს: მაგ. წიგნების დაწვა, მეძველსტილეობა, პროტესტანტების ცემა-ტყეპა და სხვა. და ა.შ.
დღეს ჩვენი ეკლესია, რომლის მისიაცაა ზეციური ეკლესია განასახიეროს და არა უძრავ-მოძრავი ქონება დააგროვოს, ყოვლადგაუკონტროლებელია. ამიტომ დაკარგა მან თავის ეკლესიური სახე და მუტირდა ანუ გადაგვარდა ის მაკონტროლებელ- ძალოვან სტრუქტურად. ეკლესია, რომელსაც საკუთარი თავი და სამღვდელოება ვერ გაუკონტროლებია, მთელი ქვეყნის კონტროლს და ყველაფრის მიჩემებას ცდილობს, დაწყებული მიწით და დამთავრებული განათლების სფეროთი.
ერთი სიტყვით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბულობის გარეშე, ოფიცილურად და კანონზომიერად, ჩვენმა სახელმწიფომ, თუ ის სახელმწიფოა ან ასეთად ქცევას მაინც აპირებს, უნდა აღასრულოს თავისი მოვალეობა და დაიწყოს ეკლესიის კონტროლი, - სახელმწიფო ინტერესების, ამ შემთხვევაში დემოკრატიული ინტერესების დაცვის მიზნით. ”რელიგიის რწმუნებულის აპარატი”, რომელიც სსრკ-ს დროს ეკლესიას აკონტროლებდა, თავის, იმ შემთხვევაში ტოტალიტარულ ფუნქციას კარგად ასრულებდა. ის ავადსახსენებელი კონტროლი, ზოგიერთი მიმართებით ეკლესიისათვისაც კი სასარგებლო იყო. მაგ. შეშლილების, კრიმინალების მღვდლებად კურთხევა მაშინ ძალიან ჭირდა. დღეს კი ეკლესია ასეთებით გაივსო. შედეგებიც სახეზეა.
ეკლესია აწესებს აბსურდულ კრიტერიუმს: ”სულიერება” . ვის შეუძლია შეამოწმოს ეს ფენომენი და არ შეცდეს? მხოლოდ ღმერთს. აქედან გამომდინარე, ეკლესია ”ღმერთია”. ღმერთს კი ყველაფრის უფლება აქვს. მიწის ექსპროპრიაცია, რაც ეკლესიას მოესურვა, ღმერთობაა, ღმერთობის მოსურვება. მიწა, საკუთარი დედულ-მამული, შესაძლებელია გლეხს სიცოცხლეზე მეტადაც კი უღირდეს. ეკლესია კი გლეხს ამ სიცოცხლეზე მეტს ართმევს, მოკლედ ყველაფერზე უფლებამოსილია, სიკვდილ-სიცოცხელ მის ხელშია.
სახელმწიფო კონტროლის ორგანო დააწესებს ადამიანურად ზომვად კრიტერიუმებს: ”ჯანმრთელი”, ”განათლებული” და მსგ. სახელმწიფოს არ უნდა ეშინოდეს არაფრის, არც ღმერთის, რომელიც დღევანდელი საქართველოს რელიგიურ ყოფაში, ფაქტიურად ფეტიშურმა ცნებამ ”მართლმადიდებლობამ” ჩაანაცვლა. სახელმწიფომ თავისი ინტერესები ყველაზე და ყევლაფერზე მაღლა უნდა დააყენოს. დროა. ეყოფათ!
ჩვენ გვჯერა, რომ ამ იდეას მხარს დაუჭერს ეკლესიის ჯანსაღი, თუმცაღა უმცირესობაში მყოფი სამღვდელოება, რომელსაც, მისდევს რა ურყევ ქრისტიანულ და ეროვნულ ტრადიციებს, დემოკრატიული სახელმწიფო კონტროლის არ ეშინია.
დღევანდელი ყოვლადგაუკონტროლებელი და ყოველთაგამაკონტროლებელი ეკლესია არა მხოლოდ მცხეთელი გლეხის მიწისა და სიცოცხლისთვისაა დიდი საფრთხე, არამედ სრულიად მცხეთის ანუ საქართველოს მომავლისთვისაც.
20.V.2003.,Tübingen.
რა შეგვიძლია დღეს ამ შვიდწლიან ოპუსს დავამატოთ? ექსტრემიზმის, ძალადობისა და შეუწყნარებლობის არაერთი ფაქტი, ფსიქოტერორის არაერთი გამოვლინება ქადაგებებში. და ეს ყოველივე ”აღევლინება” არა რომლიმე დესტრუქციული კულტის მსახურებისგან, არამედ ლეგიტიმური ეკლესიის სამღვდელოებისაგან! - უდაბნომ მოიმატა. სახეზეა სრული სულიერი გაუდაბურება, ლამისაა ცდუნებამ მძლიოს და სულიერ მოძღვრებს სულიჭამიები შევარქვა...
ამით გავსრულდები. ”ჩემი ოთხთავით”, ძველ-ახალი აზრებითა და განცდებით ახალს არაფერს ვამბობ, მხოლოდ ვმეორდები:
რელიგია რელიგიაა მხოლოდ კანონისა და გონების ფარგლებში, ხოლო უამათოდ კი იგი, როგორც თავად დარწმუნდით, მყისვე იქცევა ხოლმე ბარბაროსობად, ფანატიზმად და მკალავიშვილობად; იზოლაციონიზმად, ობსკურანტიზმად, სპექტაკლებისა და შემოქმედების ამკრძალავად, მეცნიერული სიმპოზიუმების დამრბევად, ყაჩაღობად(ერთხელაც გაიხსენეთ მოძმე კათოლიკე ქართველთათვის წართმეული ტაძრები); მეგალომანიად ანუ სობოროების ამშენებლად, ფეტიშიზმად, ფუნდამენტალიზმად, ანგარებად, ერის გამომათაყვანებელ ოპიუმად, სულის ჩამკვლელად, რუსეთუმეობად და ვინ მოთვლის, კიდევ ათას უბედურებად, მოძალადეობად და უსინდისობად და ბოლოსდაბოლოს კი ახალ, პოსტსაბჭოურ ტოტალიტარიზმად... მგონი საკმარისია... და დროა სამმაგი დასკვნის გაკეთებისა. რელიგიური ფუნდამენტალიზმის დასაძლევად საჭიროა:
1. რელიგია იქცეს სახელმწიფოებრივი კონტროლისა და მეცნიერული შესწავლის ობიექტად;
2. რელიგია იქცეს მეცნიერული შესწავლისა და სახელმწიფოებრივი კონტროლის ობიექტად;
3. რელიგია იქცეს სახელწიფოებრივი კონტროლისა და მეცნიერული შესწავლის ობიექტად.
26.V. 2010, თბილისი.
გაგრძელება და გაუმჯობესება მოსალოდნელია.